ახალი ამბები

მწერლები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ

აუდიოწიგნების მოსმენისას უკვე ჩაგვესმის ხელოვნური ინტელექტის ხმა, ვხედავთ წიგნებს, რომელთა ყდაც ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ვკითხულობთ ტექსტებს, რომელთა ავტორიც ხელოვნური ინტელექტია. ჩვენი სიტყვები, სტილი, ხმა – ყველაფერი ხელმისაწვდომია მისთვის. მის მიერ შექმნილი პროდუქტები, შესაძლოა, ამჟამად არც ისე მაღალი ხარისხისაა, მაგრამ საკმარისად კარგია იმისათვის, რომ ზოგიერთ სიტუაციასა და მოთხოვნას დამაკმაყოფილებლად მოერგოს, თანაც, სულ უფრო და უფრო უმჯობესდება.

OpenAI, Alphabet, Meta, Stability AI, IBM, Microsoft – სწორედ ამ კომპანიების შემქმნელებს მიმართეს ღია წერილით მწერლებმა რამდენიმე დღის წინ. ადრესანტების 120 გვერდიანი სია ბევრ ნაცნობ, მკითხველისთვის საყვარელ სახელს მოიცავს. მარგარეტ ეტვუდი, დენ ბრაუნი, ჯენიფერ იგანი, ფილიპ პულმანი, ჯონათან ფრენზენი და სხვა მწერლები ხელს აწერენ პეტიციას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ მწერლების ტექსტების უნებართვო გამოყენების წინააღმდეგ დაიწერა. ავტორები მოითხოვენ, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შემქმნელმა კომპანიებმა შეწყვიტონ მათი ნამუშევრების ნებართვისა და შესაბამისი ანაზღაურების გარეშე გამოყენება.

პეტიციას აქვეყნებს ამერიკის უდიდესი პროფესიული ორგანიზაცია მწერლებისთვის – ავტორების გილდია. მისი პრეზიდენტის, მაია ლანგის თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი ყოველთვის იმიტაციური იქნება, რადგან ის მხოლოდ გადაამუშავებს იმას, რასაც მიაწოდებ. ხოლო ის, რაც მას მიეწოდება, მისი „საკვები“ – ადამიანების ნამუშევრებია. ამიტომაც აუცილებელია, რომ ამ ადამიანებმა შესაბამისი კომპენსაცია მიიღონ, რადგან სწორედ ისინი კვებავენ ხელოვნურ ინტელექტს.

მწერალი ჯონათან ფრენზენი წერილის შესახებ ინტერვიუში ამბობს: „ავტორების გილდიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ყველა იმ ამერიკელის უფლებების დასაცავად, ვისი მონაცემები, სიტყვები და სურათები ექსპლუატირებულია ნებართვის გარეშე, უზარმაზარი სარგებლის მისაღებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ეხება ექვსი წლის ზევით თითქმის ყველა ამერიკელს.“

წერილის ხელმომწერების აზრით, „როცა მწერლებს თავიანთ პროფესიაზე უწევთ უარის თქმა, ეს არა მარტო მათთვის არის დიდი პრობლემა, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ბევრად უფრო ნაკლები კარგი წიგნი დაიწერება და გამოქვეყნდება. თავისუფალი, დემოკრატიული კულტურა კი დამოკიდებულია ჯანსაღ, მრავალფეროვან ეკოსისტემაზე, რომელშიც ყველა შეხედულება და ხმა არის გაჟღერებული და იდეების გაცვლა მიმდინარეობს.“

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პეტიცია არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა მწერლები ღიად დაუპირისპირდნენ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს. ცოტა ხნის წინ ორმა ამერიკელმა მწერალმა სასამართლო პროცესიც კი წამოიწყო OpenAI-ის წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზაციამ საავტორო უფლებების კანონი დაარღვია.

გილდიის წერილს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, ავტორების საზოგადოება, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ „სრულიად უჭერს მხარს“ წერილს.  ნებართვა, აღიარება და ანაზღაურება მნიშვნელოვანი საფუძველია მათი ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მწერლებმა პროფესიული საქმიანობა გააგრძელონ.

ავტორების საზოგადოებამ ივნისში გამოაქვეყნა გზამკვლევი ავტორებისთვის, სადაც განმარტებულია, როგორ შეუძლიათ ავტორებს, დაიცვან თავიანთი ტექსტები ხელოვნური ინტელექტის მიერ მათი უნებართვოდ გამოყენებისა და გავრცელებისგან.

რაც შეეხება ახლახან გამოქვეყნებულ წერილს, რომელსაც უამრავმა მწერალმა და მათმა მხარდამჭერმა მოაწერა ხელი – იგი ხაზს უსვამს, რომ ეს ტექნოლოგიები დიდწილად ეყრდნობა ავტორების ენას, ამბებს, სტილსა და იდეებს. ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის ფუნდამენტს ქმნის მილიონობით წიგნი, სტატია, ესეი თუ პოეტური ტექსტი, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, ავტორები არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ. მათი ნაწერები აძლიერებს სხვადასხვა პროგრამას, მაგრამ AI კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ მათი მანქანები უბრალოდ „კითხულობს ტექსტს და ეს მათი „წვრთნის“ ნაწილია“.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ თუ მწერლები სამართლიან ანაზღაურებას არ მიიღებენ, ვერ შეძლებენ, მუშაობა განაგრძონ. თუ მწერლებს წერაში არ გადაუხდიან, ფინანსურად შეუძლებელი იქნება წერა.

„ადამიანები ქმნიან და წერენ ამბებს და ადამიანები კითხულობენ. ჩვენ არ ვართ რობოტები, რომლებიც შეიძლება დააპროგრამონ, ხელოვნური ინტელექტი ვერ შექმნის ადამიანურ ამბებს, თუკი არ აიღებს იმ ადამიანურ ამბებს, რომლებიც უკვე დაწერილია,“ – ამბობენ ისინი.
მანქანების მიერ დაწერილი წიგნების, ამბებისა თუ ჟურნალისტური სტატიების მომრავლება, მათი აზრით, ემუქრება მწერლობას, როგორც პროფესიას. სტატისტიკის მიხედვით, გასული ათწლეულის განმავლობაში ავტორების შემოსავალი 40%-ით შემცირდა. ხელოვნური ინტელექტის არსებობა კი მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. შემოსავლის მიღება წერისგან ნელ-ნელა კიდევ უფრო გართულდება.

ავტორების გილდიას რამდენიმე მოთხოვნა აქვს. ისინი ითხოვენ, რომ სანამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მათ მასალებს გამოიყენებს, ჯერ მათი ნებართვა მოიპოვონ. ასევე, მოითხოვენ, რომ სამართლიანი კომპენსაცია გადაუხადონ ავტორებს, როცა მათ ძველ თუ ახალ ტექსტებს გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის „წვრთნის“ პროცესში. კომპენსაცია უნდა გადაუხადონ იმ შემთხვევაშიც, როცა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტექსტებში გამოიყენებენ მწერლების ნამუშევრებს, მაშინაც კი, თუ ეს კანონით არ იქნება რეგულირებული.

ის, რასაც მწერლები ქმნიან და ის, რაც უკვე შეიქმნა, ასეთი სისტემებისთვის „საკვებია“, რომლის გადამუშავების შედეგად ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლების მოთხოვნებს ასრულებს, მათ შეკითხვებს პასუხობს და ვითარდება. მილიარდობით დოლარი იხარჯება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, მაგრამ არავინ ზრუნავს იმაზე, რომ მწერლებს გადაუხადონ. ესე იგი, იმ ადამიანებს, რომელთა გარეშეც ხელოვნური ინტელექტი ბანალური და ძალიან შეზღუდული იქნებოდა.

საჯარო წერილში ვკითხულობთ იმასაც, რომ ასეთი დამოკიდებულება მთელ სფეროს უქმნის საფრთხეს, რადგან ბაზარი ივსება საშუალო ხარისხის, მანქანების მიერ დაწერილი წიგნებით, რომლებიც, სინამდვილეში, სხვა ავტორების ნაწერების მიხედვითაა შექმნილი. თან ისე, რომ ამ პროცესის შემდეგ ეს ავტორები არანაირ სარგებელს არ იღებენ.

© არილი

Facebook Comments Box