გამომცემლობა, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ, სხვებისგან ბევრი რამით განსხვავდება. პირველ რიგში, დღეს მომრავლებული კერძო გამომცემლობების ფონზე ეს არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგან, რომელიც არაკომერციულ პროექტებს ახორციელებს. გარდა ამისა, აქ ძირითადად ხელოვანი ადამიანები მუშაობენ, რომელთათვისაც ლიტერატურა, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერია. ლაპარაკია გამომცემლობა “კავკასიურ სახლზე,” რომელიც საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიური სახლის” განუყოფელი ნაწილია. ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნაირა გელაშვილსა და გამომცემლობის რედაქტორს, პოეტ შოთა იათაშვილს შობა დღეს სმირნოვების ყოფილ სახლში ვეწვიეთ.
სმირნოვების სახლი, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან საქართველოში კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი იყო, ძველი რუსული არისტოკრატიული გვარის უკანასკნელმა მემკვიდრემ, მიხეილმა საგვარეულო მუზეუმთან ერთად სიცოცხლეშივე უანდერძა “მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიას,” რომლის უფლებამონაცვლედაც გვევლინება “კავკასიური სახლი.” ამ სახლის ხელმძღვანელის, ნაირა გელაშვილის თქმით, ლიტერატურული ურთიერთობების ოფისი აქ 1974 წლიდან ფუნქციონირებს, მხატვრული თარგმანის “განყოფილება” კი დადიანის 2-ში მდებარეობდა.
წლების მანძილზე ეს კოლეგია ძალზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ და მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა, თუმცა, ქალბატონ ნაირას თქმით, ყველა მათ ერჩოდა. პირველი, რაც ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ დაშალა ეს ორგანიზაცია. ამის შემდეგ (1989-90 წლებში) ლიტერატურულ ურთიერთობათა სახლი აქტიურად ჩაერთო ეკოლოგიურ და მწვანეთა მოძრაობაში. სწორედ მაშინ წამოიწყეს მოძრაობა “კავკასია ჩვენი საერთო სახლია,” რომლის მიზანი კავკასიაში მიმდინარე ნგრევის პროცესების მშვიდობიანი გზით მოგვარება იყო. 1993 წელს ამ დაწესებულებას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი “კავკასიური სახლი”. “ჩვენთვის მშვიდობის საფუძველი არის განათლება და ვცდილობთ, კავკასიის ხალხებს მივაწოდოთ სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა ერთმანეთისა და ევროპის შესახებ,” – გვითხრა ნაირა გელაშვილმა. მისივე თქმით, გამომცემლობის გახსნის იდეას ცენტრის დაარსებასთან ერთად თავიდანვე ითვალისწინებდნენ. ფაქტობრივად, ეს იყო იმ საქმიანობის გაგრძელება, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდა მთარგმნელობითი კოლეგია. ეს იყო ძალზე სოლიდური ორგანიზაცია ასეთივე სოლიდური ბიუჯეტით. ჰყავდათ 100-ზე მეტი თანამშრომელი და ჰქონდათ ერთი სამინისტროსხელა დაფინანსება. კომუნისტური წყობის მებაირახტრე არ გეგონოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭკვიანი ადამიანები იმ პერიოდშიც იყვნენ. რაც უნდა ბევრი ვლანძღოთ, ფაქტია, რომ მთარგმნელობით საქმიანობას საქართველოში სწორედ ამ კოლეგიის დროს მიეცა ყველაზე დიდი გასაქანი. ნაირა გელაშვილი იხსენებს იმ პირობებს, რასაც მწერლებსა და მთარგმნელებს უქმნიდნენ – სახელმწიფოს ხარჯზე ისინი თვეობით ცხოვრობდნენ ბიჭვინთისა და გაგრის პრესტიჟულ პანსიონატებში და მშვიდად, ყოველგვარ ყოფით პრობლემებზე ფიქრის გარეშე აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არც მაშინ ყოფილა “სუფთად,” შესაძლოა, საგზური მთლად შესაფერის კანდიდატურას არ ჩავარდნოდა ხელში, თუმცა, საქმეც კეთდებოდა. დღეს არც ეს გვაქვს, არც ის.
ნაირა გელაშვილის აზრით, სახელმწიფოს სურვილი და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ასეთი კოლეგია უნდა ააღორძინოს. “ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, რომ თარგმანი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა ავიდეს. ევროპული ორიენტაცია არ ნიშნავს მხოლოდ ნავთობსადენის გაყვანას და ევროპიდან პორნოგრაფიის შემოტანას. ევროპული ორიენტაცია მის ღირებულებებთან ზიარებაა. ყველაზე მეტად ამას თარგმანი უწყობს ხელს, რადგან არაფერი აახლოებს ორ ხალხს ისე, როგორც ერთმანეთის ლიტერატურის ცოდნა.”
რამდენიმე უცხოური ფონდის დაფინანსების წყალობით ეს “კავკასიური სახლის” გამომცემლობა დღესდღეობით ძალზე სერიოზულ პროექტებს ახორციელებს. მათგან განსაკუთრებულად აღსანიშნავია კავკასიის ხალხების ფოლკლორი. სხვათა შორის, პირველი წიგნები, რომელიც გამომცემლობა “კავკასიურმა სახლმა” გამოსცა, იყო “გერმანული მხატვრობა საქართველოში” და “ადიღრი ფოლკლორი.” ნაირა გელაშვილი იხსენებს, რომ ეს წიგნი ძალიან მალე გათავდა და ხელახლა გამოსცეს. მისი თქმით, ასევე სწრაფად იყიდება ფოლკლორთან დაკავშირებული ყველა გამოცემა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რადგან საქართველოში ნამდვილად არ არის ისეთი ვითარება, რომ გამომცემელი ფოლკლორული გამოცემების განმეორებით ტირაჟებს ბეჭდავდნენ. “ქართველებს არ უყიდიათ” – “დამამშვიდა” ქალბატონმა ნაირამ. მისი თქმით, კავკასიურ ფოლკლორზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა უცხოელებში. ეს წიგნები ორ ენაზე – რუსულად და ქართულად იბეჭდება, ამიტომ უცხოელი კავკასიოლოგები მათ “გაციებას” არ აცდიან. “ქართველებს არაფერი აინტერესებთ, კუდი ყავარზე აქვთ გადებული და სწორება აქვთ უცხოელებისკენ, რომლებიც, ძალზე სამართლიანად, მათხოვრებად გვთვლიან” – გვითხრა ქალბატონმა ნაირამ. გამომცემლობის რედაქტორმა, შოთა იათაშვილმა ერთი სახასიათო დეტალი გაიხსენა, როდესაც წიგნის ბაზრობაზე მისულმა იაპონელმა მეცნიერმა “კავკასიური სახლის” ყველა ფოლკლორული გამოცემა შეიძინა. ნაირა გელაშვილს ეს ფაქტი არ უკვირს, რადგან საზღვარგარეთ ასეთი გამოცემები მაღალი რანგის მეცნიერულ ნაშრომებად განიხილება და ძალიან ძვირი ღირს, იმის გამო, რომ მათზე მუშაობა ძალზე რთულია. ამ გამოცემების მეცნიერული რედაქტორია თურქოლოგი პროფესორი ლია ჩლაიძე. თუმცა სამეცნიერო მასალები გუშინ და დღეს არ შეგროვილა. ისინი სწორედ კოლეგიის მუშაობის პერიოდში შეიკრიბა ჩრდილოკავკასიელი მეცნიერების დახმარებით. ახლა ვინ რას შეაგროვებს, რაც არის, იმასაც ანადგურებენო – წუხდა ქალბატონი ნაირა. მისი თქმით, დაიწვა მნიშვნელოვანი არქივი სოხუმში, გროზნოში. საბედნიეროდ, “კავკასიურ სახლში” დარჩა გარკვეული მასალები, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულყოფილად მათ ვერ მივიჩნევთ.
რა სამომავლო გეგმები აქვს გამომცემლობა “კავკასიურ სახლს”?
ნაირა გელაშვილი: “გვინდა, გამოვცეთ “აფრის” ბიბლიოთეკა, ანუ ცალკე შევკრიბოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჟურნალში დაიბეჭდა. გარდა ამისა, დავიწყეთ ახალგაზრდა პოეტთა ლექსების პატარა წიგნების გამოცემა, შეძლებისდაგვარად ვუვლით გივი მარგველაშვილის შემოქმედებას. სულ ახლახან დავბეჭდეთ მისი პიესების კრებული “მოწმენი სარკეში.” გამოვეცით მისი ფილოსოფიურ თხზულებათა ხუთტომეული – აკადემიური გამოცემა, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც არ გამოსულა. ფილოსოფოსმა ბადრი შარვაძემ გასწია გმირული შრომა და მოიძია გივი მარგველაშვილის ის ნაშრომები, რასაც იგი 20 წლის განმავლობაში ფილოსოფიის ინსტიტუტში წარადგენდა. ეს ყველაფერი დაკარგულ-დაფანტული იყო, რაც ამ ინსტიტუტს არ ეპატიება. დავეხმარეთ ხელნაწერთა ინსტიტუტს და ძალზე მაღალ დონეზე გამოვეცით არაბული ხელნაწერები დაღესტნიდან. თუმცა, ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, უბრალოდ, ყველაფერს, რაც “კავკასიურმა სახლმა” გამოსცა, ვერ ჩამოთვლი. აქვს თუ არა ამ გამომცემლობას პრიორიტეტები? თუ რაიმე პრიორიტეტზე შეიძლება საუბარი, პირველ რიგში, ეს არის კავკასიელ ხალხთა ფოლკლორი და მასთან ერთად სამეცნიერო გამოცემებიც კავკასიის თითოეულ ხალხზე. ჯერჯერობით გამოცემულია “ვაინახები” და “დაღესტანი”, გამზადებულია “აფხაზები”, გამოდის “საქართველო”. გამომცემელი აღნიშნავს, რომ ვაინახებზე გამოცემული წიგნი პირველია და სხვათა შორის, ძალზე ობიექტურად დაწერილი გიორგი ანჩაბაძის მიერ. რა თქმა უნდა, ჩეჩნებისთვის ეს ძალზე დიდი საჩუქარია. გარდა ამისა, ჩეჩენი ბავშვებისთვის სამ ენაზე გამოიცა ჩეჩნური ფოლკლორის ნიმუშები. მასში, გარდა იმისა, რომ ჩეჩნური ფოლკლორია თარგმნილი ქართულად, ქართული და რუსული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები ჩეჩნურად შეგიძლიათ წაიკითხოთ. “ეს სიმბოლურია – სამი ენა ერთ წიგნში იმას ნიშნავს, რომ სამმა ხალხმა, უნდა თუ არა, მომავალში მაინც ერთად უნდა იცხოვროს” – გვითხრა ქალბატონმა ნაირამ.
გამომცემლებთან საუბარში იმდენი საინტერესო წიგნი დასახელდა, მართალი გითხრათ, არ ველოდი. როგორც ჩანს, საზოგადოება არ არის ინფორმირებული “კავკასიური სახლის” გამოცემათა შესახებ. ანუ, მოისუსტებს მათი სარეკლამო სამსახური. ამაზე ორივე დამეთანხმა. ჩვენთან იმდენი საქმე კეთდება და ისე სკრუპულოზურად, რომ წიგნის ყდის გაფორმებისა და რეკლამისთვის ენერგია აღარ გვყოფნისო – თქვა შოთა იათაშვილმა. ნაირა გელაშვილი კი გამოგვიტყდა, რომ ამაში მას უცხოელი კოლეგებიც საყვედურობენ, თუმცა, ისიც დასძინა – ჩვენ არაკომერციული გამომცემლობა ვართ, ამიტომ ნაკლებად გვაინტერესებს მომგებიანი პროექტები და აქცენტი სულიერებაზე გვაქვსო.
კომერციული გამომცემლობებისგან მათ კიდევ ერთი “დეტალი” განასხვავებს. შეკითხვაზე, როგორ იგეგმებოდა მათი სამუშაო გრაფიკი, ქალბატონ ნაირას გაეცინა – აქ პოეტები ვმუშაობთ და ამიტომ ყველაფერს იმპულსურად ვწყვეტთო. ასე იმპულსურად გადაწყვიტეს მან და შოთა იათაშვილმა სერია “ახალი ქართული პოეზია” ზურაბ რთველიაშვილის ლექსებით დაეწყოთ. სამომავლოდ ამ სერიით ზაზა თვარაძის კრებულს გვპირდებიან. შოთას აზრით, დანაშაულიც კი არის, რომ ზაზას პოეზიის კრებული დღემდე არ გამოცემულა.
ერთი სიტყვით, როგორც კი მცირეოდენი თანხა ჩაუვარდებათ, გამომცემლები მაშინვე მაღალ მატერიებზე ფიქრობენ.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც საუბარში შევეხეთ, ქართველ გამომცემლებს ეხებოდა. დამაინტერესა, თუ როგორ აფასებენ ისინი ქართველი გამომცემლების ლიტერატურულ გემოვნებას. “ვფიქრობ, რომ მათი გემოვნება საეჭვოა – თქვა ნაირა გელაშვილმა – ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ სასაცილოა, რომ დღეს გამომცემლები, რომელთაც საერთოდ არ მიუღიათ ლიტერატურული განათლება, ამჟღავნებენ გაბედულებას და ლიტერატურის კანონმდებლებად გვევლინებიან. ეს მაშინ, როცა საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ლიტერატურის პროფესიონალი მცოდნეები, რომ არაფერი ვთქვათ კრიტიკოსებზე.”
“შესაძლოა, ზოგიერთს ჰყავს კიდეც არალეგალური მრჩეველი, მაგრამ ოფიციალურად უნდა ჰყავდეთ ლიტერატურის მცოდნეები, რომელთაც ჭკუას დაეკითხებიან. შესაძლოა, კომერციული თვალსაზრისით საბოლოოდ მაინც თავად გადაწყვიტონ ყველაფერი, მაგრამ რჩევა მაინც მათ უნდა ჰკითხონ” – მიიჩნევს შოთა იათაშვილი და დასძენს, “თავისთავად, რაც გამომცემელთა ასოციაციამ წამოიწყო, ამის დაუფასებლობა არ შეიძლება – წიგნის ბაზრობები, საკუთარი პროდუქციის რეკლამა – ეს სფერო ხომ საერთოდ ჩავარდნილი იყო, უბრალოდ, გვინდა, ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწოს. ამიტომ გამოვთქვამთ ასეთ შენიშვნებს”. რა თქმა უნდა, ამ სფეროში მდგომარეობის კიდევ უფრო დახვეწა ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს უნდა, რადგან დღესდღეობით თუ რამე გვიშველის, მხოლოდ წიგნი. ნაირა გელაშვილი კიდევ ერთ რეცეპტს გვთავაზობს, რომელიც უფრო იმათ უნდა გაითვალისწინონ, ვისაც ჯიბეში რამე უჩხრიალებს: “ამ სფეროში ერთადერთი გამოსავალი არსებობს – ფული პრაქტიკოსის ხელშია, ამიტომ პრაქტიკოსი და ჰუმანიტარი ადამიანები, ანუ ფული და სული ერთმანეთს უნდა დაუახლოვდნენ – სხვა გზა არსებობს”.
© “წიგნები – 24 საათი”