პოეზია

ნანა აბულაძის ფანჯრიდან

მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.

ამიტომაც დაიწყო არილმა ახალი რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.

მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.

ღმერთი ვაშლის ხეა,

დახუნძლული შენი ბავშვობით

და შენი სიყმაწვილით გაფოთლილი,

სარკმელთან რომ დგას,

იზრდება და იტოტება

და საცაა, ხელი უნდა გაიწვდინო

და წაატანო,

რომ გამოდის კაცი,

შენი მეზობელი,

და ტოტებს ასხეპს

ელექტროხერხით.

უცხო ზუზუნი აცახცახებს ჰაერს

 და ათრთოლებულ მიწაზე ცვივა

ღმერთის თითები.

ასე მოდის წყლის თვე

და წყალი დგება ახალაშენებულ კორპუსში,

რომელსაც არავინ გასხლავს ზედმეტი სართულებისგან,

არამედ მის გვერდით,

წინ და უკან

გადგამენ ახალი კორპუსების საძირკვლებს,

ხოლო მის კედლებს, კვერცხივით დადებულს,

ყინვა დახეთქავს.

მაგრამ ღმერთი ჯიუტია –

მის გაკვეთილ ტოტებზე

მალე კვლავ აიქოჩრება სიმწვანე.

© არილი

Facebook Comments Box