პირველი ქართული წიგნიბუსი _ ქოხი ბორბლებზე
თუ დღეს თბილისის ქუჩებში წიგნის პლაკატებით გაფორმებულ ყვითელ ავტობუსს დაინახავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. და თუ საპატიო მიზეზის გამო ჯერ კიდევ არ წასულხართ წიგნის ბაზრობაზე (რომელიც 26 მაისს გაიხსნა და 29 მაისამდე გასტანს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”), შეგიძლიათ წიგნიბუსში შეხვიდეთ და შეიძინოთ ან დაათვალიეროთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა. წიგნიბუსი – ასე დაარქვა ამ იდეის ავტორმა, მწერალმა და რეჟისორმა მიხეილ ანთაძემ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ბიბლიობუსის ქართველ ნათესავს, რომელიც თბილისის მეშვიდე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის დღეებში მოემსახურება თბილისელებს. ამის შემდეგ მისი მარშრუტი ლაგოდეხში გადაინაცვლებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ვისთვის როგორ), ჯერჯერობით მხოლოდ ამ რაიონის მკითხველები ისარგებლებენ ბორბლებზე შემდგარი მოძრავი ბიბლიოთეკით. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე ასეთი წიგნის ქოხები, როგორც მას ბატონმა მიხეილმა უწოდა, მთელს საქართველოში ივლის და ყველაზე მიყრუებულ სოფლებში რაღაც საოცრებით გადარჩენილ მკითხველებს გაახარებს.
– პირველი ბიბლიობუსი თბილისში ორიოდე წლის წინათ გამოჩნდა. საფრანგეთის საელჩომ და დიუმას ცენტრმა თბილისის ფრანგულენოვანი სკოლებისთვის სპეციალური ავტობუსი გამოყვეს, სადაც მხოლოდ ფრანგული ლიტერატურა განათავსეს. რამდენადაც ვიცი, თქვენი ბუსი ცოტა განსხვავებულია. გვიამბეთ, როგორ გაჩნდა პირველი ქართული ბიბლიობუსი?
– ეს იდეა მე არ გამომიგონია – მოძრავი ბიბლიოთეკა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ინტერნეტში უამრავ სხვადასხვა ზომის, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ბიბლიობუსს ნახავთ. ევროპასა და ამერიკაში ასეთ ბუსებს სპეციალურად ამზადებენ ცნობილი საავტომობილო ფირმები. განვითარებულ ქვეყნებში ეს კულტურა არსებობს, ჩვენთან, სამწუხაროდ, დღეს იდგამს ფეხს. შარშან ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” გამოაცხადა რეგიონული მიმართულების კონკურსი რაიონული ბიბლიოთეკებისთვის. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, გამეკეთებინა მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელიც რეგიონებში ივლიდა. კინემატოგრაფისტი ვარ და “ლიხტვაგენისა” და “კამერვაგენის” ანალოგიით თავიდან “ვაგენბუსი” დავარქვი, მერე გავიგე, რომ მთელს მსოფლიოში მას “ბიბლიობუსი” ჰქვია. თუმცა, მე ქართული შესატყვისი ვამჯობინე და საბოლოოდ “წიგნიბუსი” ვუწოდე. ვფიქრობ, რომ მრავალფუნქციური ნივთი შევქმენი, რომლის ძირითადი დანიშნულება წიგნის პროპაგანდაა. კონკრეტულად ამ პროექტის ფარგლებში იგი ლაგოდეხის რაიონის სოფლებს მოემსახურება და სოფლის ბიბლიოთეკების ფუნქციას შეითავსებს. მოგეხსენებათ, დღეს რეგიონებში ბიბილიოთეკების სისტემა ისე აღარ ფუნქციონირებს, როგორც ადრე. კომუნისტების დროს ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზია თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ეს ყველაფერი მოიშალა. რამდენადაც ვიცი, მთელს საქართველოში წიგნის მაღაზიები მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია, ქუთაისშიც კი არ არის. არადა, მოსახლეობა დანატრებულია წიგნს. ჩვენში ესმოდათ წიგნის ფასი. საქართველოში ყველაზე ღარიბ ოჯახშიც რომ შესულიყავით, წიგნისთვის განკუთვნილ პატარა კუთხეს მაინც ნახავდით. ახლაც კი მახსოვს ამ წიგნების სპეციფიური სუნი. დღეს ადამიანები წიგნს ვეღარ ყიდულობენ და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ გაწყდეს მკითხველის კავშირი წიგნთან, ლიტერატურასთან. ამ შემთხვევაში წიგნიბუსს საკმაოდ დიდი როლი ეკისრება: ჩაალაგებ სპეციალურ ვაგონში 1000-დან 1500-მდე წიგნს და ნებისმიერ, ყველაზე მიყრუებულ სოფელსაც კი მიაკითხავ. მას თავისი ბიბლიოთეკარი ეყოლება, რომელიც იქვე ჩაწერს მსურველებ, გაატანს წიგნებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მიაკითხავს და ჩაიბარებს.
– წიგნიბუსის მრავალფუნქციონალურობა ახსენეთ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა ფორმებით შეიძლება მისი გამოყენება?
– წიგნიბუსი არის მისაბმელი ვაგონი, რომელშიც დამონტაჟებულია თაროები და განათება. დანარჩენი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს მოარული წიგნის მაღაზია და სხვათა შორის, ლაგოდეხში წასვლამდე სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს. მოგეხსენებათ, 26 მაისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” ტერიტორიაზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იხსნება. იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებენ იქ მისვლას, სწორედ ჩვენი წიგნიბუსი დაეხმარება. იგი თბილისის სხვადასხვა უბანში ივლის და მოსახლეობას ადგილზე მისცემს სასურველი გამოცემის შეძენის საშუალებას. მოკლედ, ეს იქნება წიგნის ბაზრობის მოძრავი ფილიალი. ერთი სიტყვით, გაჩნდა წიგნის პატარა სახლი თუ ქოხი – ბორბლებზე. ეს ქოხი მწერლებისთვის რეგიონებთან ურთიერთობის მშვენიერი საშუალებაა. შეუძლიათ თავიანთი ახალგამოცემული წიგნების პრეზენტაცია არა მხოლოდ თბილისში, რაიონებსა და სოფლებშიც გამართონ. მერწმუნეთ, მოსახლეობაში არის ამის მოთხოვნილება. ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოში არსებობს წიგნის კულტურა, თუმცა მისი მატარებელი ძირითადად უფროსი თაობაა. ასეთი აქციები ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო იქნება და ხელს შუწყობს იმას, რომ მკითხველ თაობებს შორის ძაფი არ გაწყდეს.
– თქვენი საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვან მხარეს მინდა შევეხო. წლების წინათ თქვენ ზღაპრის თეატრი შექმენით, აკეთებდით საბავშვო ჩანართს “დილის გაზეთში,” როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესოა და ხარისხიანი დღევანდელ წიგნის ბაზარზე არსებული საბავშვო ლიტერატურა?
– სხვათა შორის, წიგნიბუსის და ზღაპრის თეატრის პრინციპი მსგავსია. ორივე მოარული ტიპისაა. 10 წლის წინათ, როდესაც საქართველოში ზღაპარი არავის აინტერესებდა და თოფების გრიალშო ცხოვრობდნენ, ჩვენი მსახიობები ჩანთაში ალაგებდნენ რეკვიზიტებს და სკოლებს და საბავშვო ბაღებს სტუმრობდნენ. პატარა ადამიანებისთვის ხომ ასე მნიშვნელოვანია ზღაპარი. ამ 10 წელიწადში იმდენი ლიტერატურული მასალა დამიგროვდა, რომ ძალიან გამიხარდა, როდესაც “დილის გაზეთმა” მისი გამოქვეყნების საშუალება მომცა. ჩვენი მასალა გაზეთის 19 ნომერს ეყო. შემდეგ პატარა ავტორებიც გამოჩნდნენ. სულ ზღაპრის გაზეთის 85 ნომერი გამოვიდა და “დილის გაზეთი” რომ არ დახურულიყო, ისიც განაგრძობდა არსებობას.
– რა მოვლენაა თანამედროვე ზღაპარი და დარჩა თუ არა მისთვის ადგილი ჩვენს ტექნოლოგიურ საუკუნეში?
– გლობალურ-მსოფლმხედველობრივად რომ გიპასუხოთ, ზღაპარი კაცობრიობის მომავალია. გიგი თევზაძეს აქვს ძალზე საინტერესო წიგნი “ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა,” სადაც ფილოსოფიურად არის ჩამოყალიბებული თქვენი შეკითხვის პასუხი. იგი წერს, რომ ჩვენი ცივილიზაცია თავისი აზროვნებით ტექნოლოგიურია, ანუ სასრულია. ამ აზროვნების ფარგლებში კაცობრიობამ იცის, რომ სამყარო რაღაც წერტილიდან დაიწყო და სადღაც უნდა დასრულდეს. ხსნა, გამოსავალი სწორედ ზღაპარია. რაც შეეხება იმას, აუცილებელია თუ არა ბავშვისთვის ზღაპარი, ცნობილი ვორონეჟელი მანიაკის შემთხვევა მახსენდება. ეს კაცი ადამიანებს კლავდა და ხარშავდა. როგორც შემდეგ გაირკვა, დედამისი სასამართლოში მუშაობდა და პატარაობისას ზღაპრების ნაცვლად სასამართლოს საქმეებს უყვებოდა. ეს არის რეალური ფაქტი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ზღაპრის იგნორირებამ. სწორედ ზღაპარი ხდის ადამიანს ადამიანად.
– თანამედროვე ზღაპარზე რას იტყვით?
– ზღაპარი ყოველთვის იწერება. გასულ საუკუნესაც ჰყავდა თავისი დიდი მეზღაპრეები. საკმარისია ასტრიდ ლინდგრენი და მეთიუ ბარი გავიხსენოთ. ბოლო დროს ქართულ ლიტერატურაშიც კეთდება რაღაც-რაღაცეები, თუმცა, სასურველია ჩვენმა მწერლებმა უფრო მეტი წერონ ბავშვებისთვის.
– თავად მწერლები აღიარებენ, რომ ბავშვებისთვის წერა ყველზე რთულია.
– რასაკვირველია, თუმცა, ამის მიუხედავად ქართველი გამომცემლები მშვენიერ საბავშვო წიგნებს აკეთებენ, რაც ძალზე სასიხარულოა. მართალია, ფასები მთლად ხელმისაწვდომი არ არის – ეს საერთო ბაზრის კონიუნქტურაა, მაგრამ მშობელი, რომელსაც ესმის ზღაპრის და ფერადი ილუსტრაციის მნიშვნელობა, ყველაფერს მოიკლებს საბავშვო წიგნის შესაძენად.
– თანამედროვე ქართულ მწერლობაზე ვისაუბროთ. თქვენი, როგორც მკითხველის და შემფასებლის აზრი – სად არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები?
– შესაძლოა მიკერძოებად ჩამეთვალოს, რადგან თავადაც აქტიურად ვმონაწილეობ ამ პროცესებში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი მწერლობა აქტიურია და ამ სფეროში ძირითადად პოზიტიური ამბები ხდება. მშვენიერი სტიმულატორია ისიც, რომ საგამომცემლო საქმე ამოქმედდა, წიგნის ბიზნესი დადგა ფეხზე, წიგნის ფესტივალი იმართება. სამივე თაობაში (პირობითად სამ თაობად დავყოფდი თანამედროვე მწერლობას – ჩვენი მამების, რომელნიც დღესაც წერენ და უკვე კლასიკოსებად მოიხსენიებიან, მათ შორის გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე, რეზო ჭეიშვილი, ჩვენი და ჩვენი შვილების, რომელიც საკმაოდ სერიოზული თაობაა) ერთიანი პროცესი მიმდინარეობს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საინფორმაციო არხები გაიხსნა. იაპონურად ან ესპანურად დაწერილი კარგი ნაწარმოები ძალიან მალე აღწევს ჩვენამდე. საგრძნობლად გაიზარდა ინფორმაციის სისწრაფე. საბჭოთა პერიოდთან შედარებით ისეთი ნახტომია, როგორიც “პენტიუმ-1”-სა და “პენტიუმ-5”-შ შორის. მსოფლიო ლიტერატურის პულსაცია საქართველოშიც იგრძნობა და ბევრი რამით გამოიხატება. მაგალითად, გაჩნდა მიდრეკილება მეტი თავისუფლებისკენ, ფანტაზიისკენ.
– “ფენტეზის” ჟანრს გულისხმობთ?
– არა მხოლოდ ჟანრს, არამედ მასში არსებულ მსოფლმხედველობას. არის კიდევ გარკვეული ნიუანსები. არ ვიცი, ლიტერატურათმცოდნეები რას ეძახიან, მე “პენ-კლუბიზაციას” დავარქმევ. ეს გულისხმობს, რომ პენ-კლუბის მიერ დეკლარირებული პრინციპები მწერლებისთვის საყოველთაო და სავალდებულო ხდება. იგივე, პირობითად ვუწოდოთ “ტარანტინოზაცია,” ანუ ტარანტინოს ხედვა, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კინემატოგრაფისტებზე, არამედ მწერლებზე და ყველაზე მეტად, ახალგაზრდობაზე. ამავე დროს, მთელს მსოფლიოში ანტიკოსმოპოლიტური ტენდენცია იკვეთება, განსაკუთრებით ლიტერატურაში. ხაზი ესმება იმას, რომ ლიტერატურა არ შეიძლება იყოს უეროვნებო. იგი მიბმულია კონკრეტულ ენასთან, ამიტომ თითოეული ენის ღირებულება, იმის მიუხედავად, რამდენი კაცი ლაპარაკობს ამ ენაზე, ძალიან დიდია. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ მსოფლიოში აღარ არსებობს კოსმოპოლიტი მწერალი. ვფიქრობ, ამ პროცესში ქართული ლიტერატურა კარგად მონაწილეობს. თვალს ვადევნებ თითქმის ყველაფერს, რაც დღეს იწერება და უმეტესობა მომწონს. არ მომწონს გარკვეული სნობიზმი, რაც ამას ახლავს. ვგულისხმობ მწერლების თავმომწონეობას ამ ყველაფრით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ლიტერატორები გარკვეულ პიარ-ჯგუფებს ქმნიან. ჩემთვის თავად მწერლის პრომოუშენის ფაქტი უკვე გამაღიზიანებელია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავად მწერალი ამისთვის თითქოს არაფერს აკეთებს, მაგრამ განუწყვეტლივ ყვითელი პრესის ფურცლებზე და ტელეეკრანზეა. ვფიქრობ, თავად მასმედიაც სცოდავს, როდესაც მწერალს უკეთებს რეკლამას. ეს შეიძლება ესტრადის მომღერალს წაადგეს, მაგრამ მწერლის შემთხვევაში გამაღიზიანებელია. არ შეიძლება მწერალი გახდეს ტელეარხის სახე.
– რამდენადაც ვიცი, ამ დღეებში თქვენი ახალი წიგნი გამოდის.
– ახალი არ არის. ესაა მცირე რომანი “ცოფი,” რომელსაც ბაკურ სულაკაური გამოსცემს “ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის” სერიით. სულ ეს სერია 18 ტომად არის ჩაფიქრებული, ხუთი უკვე გამოიცა. “ცოფი” პირველად 1989 წელს გამოქვეყნდა “მნათობში”. მერე “მერანმა” გამოსცა 1996-ში. უკვე ის პერიოდი იყო, წიგნებისთვის რომ აღარავის ეცალა და მცირე ტირაჟით, 200 ეგზემპლარი გამოვიდა. ახლაც, პირველ ჯერზე 250 ცალი გამოდის, ვნახოთ, როგორ მიიღებს მკითხველი.
© “წიგნები _ 24 საათი”