ესე,  კრიტიკა,  პორტრეტი

ნანა კობაიძე – ზაზა ჭილაძე – ერთგულება და სხვა უნარები

zaza-KIZI

მთარგმნელობაზე არ უოცნებია, მით უფრო – ბავშვობაში. ბავშვებს მფრინავობა იტაცებთ, მსახიობობა, პოლიციელობაც კი, მთარგმნელობა – თითქმის არასოდეს. რაც თავი ახსოვს, წიგნებით და მწერლებით იყო გარშემორტყმული, თუმცა არც მწერლობა სდომებია. წერის და სხვებისთვის გულის გადაშლის სურვილი არ აწუხებდა. არც სათქმელი დაგროვებია, თორემ კალმის ხელში აღებას წინ რა ედგა?! კლასიკოსი მამის ჩრდილი თუ აჩრდილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში გახლდათ.

გადაწყვეტილება მოგვიანებით, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიღო. ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ძირითად ასპარეზად იმ პერიოდში (და დღესაც) სამეცნიერო მოღვაწეობა ან პედაგოგობა ითვლებოდა. არც ერთი პერსპექტივა არ ხიბლავდა. ყველაზე მეტად თარგმნა იზიდავდა და ამ საქმეს მოჰკიდა ხელი.

მძიმე დასაწყისი

პირველი ნაბიჯები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადადგა – თინა ყაუხჩიშვილი სტუდენტებს ძველი ბერძნული ტექსტებიდან ნაწყვეტებს ათარგმნინებდა. ძველბერძნული გამოცდილებიდან დღეს მხოლოდ კითხვის უნარი შემორჩა, თუმცა იმ წლებმა ბევრი რამ მისცა. შემდგომში ამ მიმართულებით საქმიანობა აღარ გაუგრძელებია – ინგლისურენოვან ავტორებზე გადაერთო.

შერვუდ ანდერსონის ერთ-ერთი მოთხრობის თარგმანს მამის მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. უკან არ დაუხევია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჟურნალ „ხელოვნებაში“ პიტერ ბრუკის „ცარიელი სივრცე“ გამოაქვეყნა. ურიგო ნამუშევარი არ გახლდათ, თუმცა ამ გადასახედიდან უმწიფრად მიიჩნევს (დღეს სხვანაირად თარგმნიდა).

იმ დროს უკვე მუშაობდა მხატვრული თარგმანის კოლეგიაში. უამრავი საინტერესო ადამიანის გარემოცვას და მათთან შემოქმედებით ურთიერთობას უკვალოდ არ ჩაუვლია. მარტო ბაჩანა ბრეგვაძესთან ერთ სივრცეში ყოფნა და საუბარი რად ღირდა! შედეგი: 1983 წელს „მნათობში“ მის მიერ თარგმნილი ფოლკნერის მოთხრობა დაიბეჭდა. ლიტერატურულმა კრიტიკამ „მოზვრიკუდას სურნელი“ კარგად მიიღო.

მერე რომანების ჯერი დადგა. „აგვისტოს ნათელს“ უნდა გაერკვია, იყო ეს მისი საქმე თუ არა. ორი წელი იმუშავა და 1988-ში დაასრულა, თუმცა ტექსტი კიდევ ორ წელიწადს „ისვენებდა“: „საუნჯეში“ რიგმა არ მოუწია (ასეთი დროც იყო), „მნათობში“ სიდიდის გამო ვერ მოხვდა. საბოლოოდ 1990 წელს ისევ „საუნჯეში“ გამოქვეყნდა, მაგრამ ქვეყანა ირეოდა და თარგმანისთვის აღარავის ეცალა. იმავე პერიოდში ჩაუჯდა ფოლკნერის „სარტორისს“ („დროშები მტვერში“). დიდმა ცვლილებებმა ისიც კარგა ხნით დააგვიანა.

მთარგმნელობითი დუეტი

„აგვისტოს ნათელს“ ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა. ამან თავდაჯერებულობა შემატა და ახალი ტექსტების სათარგმნად განაწყო, თუმცა ბევრის მსგავსად, მისი გეგმებიც მაშინდელმა რეალობამ შეიწირა. პურისა და ნავთის რიგებში ღამენათევ ადამიანებს არც კითხვის დრო ჰქონდათ, არც სურვილი. ირგვლივ დამწვარი საბურავების, ცეცხლისა და კვამლის სუნი ტრიალებდა. მთარგმნელობითი კოლეგია დაიშალა, სტამბები დაიხურა, გამომცემლობებიც აქა-იქ ფეთქავდა.

ლიტერატურა – ლიტერატურად და ყოფაც თავისას ითხოვდა. იმ დროს საქართველოში უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები შემოდიოდა. ერთ-ერთის დაკვეთით ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ნაშრომი – „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ გადმოაქართულა. იმავე პერიოდში მოჰკიდა ხელი კენ კიზისაც („გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“). თარგმანით „დიოგენე“ დაინტერესდა. გამომცემლობასთან თანამშრომლობდა გია ჭუმბურიძე, რომელსაც ჯერ კიდევ მთარგმნელობითი კოლეგიიდან იცნობდა. სწორედ მან შესთავაზა სახელმძღვანელოების თარგმნა ერთ-ერთი უნივერსიტეტისთვის. ტანდემში მუშაობის გამოცდილება მოგვიანებით ლიტერატურულ თარგმანშიც გადაიტანეს. ასე შეიქმნა „მთარგმნელობით დუეტი,“ რომელმაც არაერთი საინტერესო ტექსტი გაგვაცნო.

ფოლკნერის ეფექტი

არჩევანის შემთხვევაში ზოგ წიგნს მეტი სიამოვნებით მოჰკიდებდა ხელს, მაგრამ მსახიობის მსგავსად, ეს პროფესიაც სხვაზეა დამოკიდებული (თუმცა პროფესიონალიზმი ნებისმიერ შემთხვევაში მოეთხოვება). საბოლოო ჯამში, მთავარი ის კი არ არის, დონ კიხოტის როლზე მეოცნებეს ხელიდან წასული ავაზაკის თამაში რომ გიწევს, მთავარი გამორჩეული სახის შექმნაა. დასტინ ჰოფმანის გმირის არ იყოს, პომიდვრის როლს რომ ასრულებს: სამაგიეროდ, როგორი პომიდორი ვიყავიო! ასეა თარგმანშიც – მთავარია დასამახსოვრებელი ნამუშევარი.

მის მიერ თარგმნილი ფოლკნერის კითხვისას გრძნობ, როგორ იღვრება მუსიკა ტექსტში. ზოგჯერ იმდენად, რომ მხოლოდ ბგერწერას უსმენ და შინაარსი გვერდზე გრჩება. რა არის ეს – მთარგმნელის ოსტატობა თუ ფოლკნერის ეფექტი? თავად ფოლკნერს „აბრალებს“ – შედარებაც არ შეიძლება, იმდენად მელოდიურია ორიგინალიო. ფოლკნერის ინგლისურად კითხვის სიამოვნებაზე არავინ დავობს, თუმცა ის, რომ ტექსტის სილამაზე თარგმანშიც ასე გხიბლავს, მთარგმნელის ოსტატობაზე მეტყველებს.

გრძელი და დახუნძლული წინადადებების, ბევრს რომ აფრთხობს, არ ეშინია. მთავარია, უხვსიტყვაობა ფუჭსიტყვაობაში არ გადაიზარდოს. ამ მხრივ ფოლკნერთან ყველაფერი რიგზეა – არაფერი ზედმეტი, თითოეულ სიტყვას თავისი დატვირთვა აქვს. „საშიშროება“ მოკლე ფრაზებში იმალება, მათში ჩამარხული ემოციის ადეკვატურ გადმოცემაში.

ფოლკნერის თარგმნის მთავარი სირთულე მისი გამორჩეულობის შენარჩუნებაა. თუ კითხვისას ამ ავტორს თომას ვულფისგან ვერ ანსხვავებ, თარგმანი არ ვარგა. საერთოდაც, უცნაური მწერალია. ერთი შეხედვით, თავის თავში ჩაკეტილი თუ ჩაღრმავებული, შინაგან დიალოგებსა და განცდებზე აწყობილი, ამავდროულად – საოცრად მასშტაბური: რა დიაპაზონის ტილოებს ქმნის, რამდენი ადამიანის ამბავს გიყვება. მარტო თხრობის მდინარება რად ღირს! თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების ფონზე, სადაც წინა პლანზე საკუთარი თავის, საკუთარი ნევროზების კვლევა დგას, ფოლკნერის თხრობის სტილი და ამბების სიუხვე განსაკუთრებით მნიშველოვანია.

სტილი – თავისთავად, მაგრამ მწერლობის მამოძრავებელი მაინც ამბავია. ამბავი ახალი სამყაროს აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ასეთი ლიტერატურა სათარგმნადაც უფრო საინტერესოა. არადა, ბოლო დროს მეტწილად სიუჟეტისგან დაცლილ, ინტროვენტულ ტექსტებს აწყდება, სადაც ყურადღება ავტორის შინაგან განცდებზეა გამახვილებული. ასეთი ლიტერატურა მცირე დოზით ცუდი არ არის. არ მოსწონს, როცა ტენდენციად მკვიდრდება. ზოგადად, ჭუჭრუტანიდან დანახული სამყარო ნაკლებად იზიდავს – ფართოდ გახელილი თვალებით ყურება ურჩევნია. ამ მხრივ ფოლკნერი შეუდარებელია – ისტორიებისა და პერსონაჟების ამოუწურავი მარაგით. ერთი შეხედვით, განსაკუთრებულს არაფერს ყვება – მსგავსს ნებისმიერ ქვეყანაში, სოფელსა თუ ქალაქში გადააწყდები. სწორედ მწერლის ოსტატობა ხდის მათ გამორჩეულს. მკითხველთან სიახლოვეც მწერლის დამსახურებაა.

შესრულების ტექნიკა

თარგმანს ინტერპრეტაციის ხელოვნებას უწოდებენ, თუმცა მხოლოდ ინტერპრეტაცია არ კმარა. მთარგმნელმა ზუსტად უნდა გაისიგრძეგანოს პროფესიის არსი. დღემდე საკამათოა, როგორი უნდა იყოს კარგი თარგმანი – ჩარჩოებისგან თავისუფალი თუ ტექსტთან მაქსიმალურად მიახლოებული. კარგი თარგმანი, პირველ რიგში, ორიგინალის მნიშვნელობას ინარჩუნებს: ის, რომ წიგნი ჩინურ ენაზე ღირებულია, ნებისმიერ თარგმანში უნდა იგრძნობოდეს. როდესაც „ჰამლეტის“ კითხვისას ინგლისურის არმცოდნე ხვდება, რომ მის წინაშე გენიალური ნაწარმოებია, მთარგმნელის მისია შესრულებულია. ვინ როგორ მიაღწევს ამას, დიდად არ აღელვებს.

ტექსტის ერთგულება მნიშვნელოვანია, ოღონდ არა – მონური. ზოგადად, თეორიების ნაკლებად სწამს: არ არსებობს თეორია, რაღაც მომენტში პრაქტიკა კისერს არ უგრეხდეს. წყალში შესვლისას ცურვის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ კრიტიკულ ვითარებაში სხვა უნარებიც გვჭირდება. სწორედ ეს უნარები განაპირობებს მთარგმნელის წარმატებას.

მთარგმნელის წილი პასუხისმგებლობა

ხშირად მთარგმნელი თარგმანს შეგნებულად თუ შეუგნებლად ალამაზებს – ორიგინალის „ხარვეზს“ ნიღბავს ან ცდილობს, მწერლის სათქმელს უკეთ ჩაწვდეს. ცალკეულ შემთხვევებში ეს გასაგებია – როგორ გინდა, ჯოისის „ფინეგანის ქელეხი“ თარგმნო. გაიგო, რა უტრიალებს თავში ავტორს? აქ ვერც ენის ცოდნა გიშველის, ვერც ზოგადი განათლება, თუმცა დედნის გაკეთილშობილება, მიზეზის მიუხედავად, არასწორია. სხვა საკითხია შემოქმედებითი სითამამე, რაც მთარგმნელის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. როდესაც მარკ ტვენი ყვება, როგორ შეიპარნენ ტომ სოიერი და ბეკი თეტჩერი გამოქვაბულში, შენც უნდა შეჰყვე გმირებს, მათ ტყავში ჩაძვრე და ამბავი ისე აღწერო – ავტორისადმი ერთგულებას ასე უფრო შეინარჩუნებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელთ ხუთოსნის ჩაწიკწიკებული თარგმანი შეგვრჩება, სადაც მოსადავებელი არაფერია, მაგრამ არ იგრძნობა ყველაზე მთავარი – ნაწარმოების სული.

თარგმნის დაწყებამდე ზოგჯერ შიში იპყრობს, თუმცა ეს განცდა მალევე ქრება. შუა გზაზე წიგნის მიტოვება არ სჩვევია. სხვა საქმეა შედეგი, თუმცა გამოცდილი მთარგმნელი წინასწარ გრძნობს, რა ძალისხმევას მოითხოვს მისგან ტექსტი. გაუთვალისწინებელი სირთულეებისგან არავინაა დაზღვეული – ხანდახან შეიძლება ერთმა ფრაზამ გაგჭედოს. ყველაზე ძნელი მაინც სწორ ადგილას სწორი სიტყვის მოძებნაა. ეს მხოლოდ მთარგმნელს არ ეხება. იგივე შეიძლება ითქვას მწერალზე, მხატვარზე – ზუსტად ის ლურჯი უნდა იპოვოს და ზუსტად ის ყვითელი. სწორად შერჩეული სიტყვების გარეშე „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ერთი სევდიანი ამბავია. ვაჟას გენიალობა იმაშია, რომ ეს ტექსტი ჩვენი სულის ნაწილად აქცია. იგივე შეიძლება ითქვას შექსპირზე, გალაკტიონზე, რომლებიც სიტყვებს თავის ნებაზე ათამაშებენ – ანგრევენ და აშენებენ, თუმცა საოცარი სიზუსტით.

არანაკლებ რთულია მივიწყებული სიტყვების გაცოცხლება. აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო: მათი მოძებნა და ზედაპირზე ამოტანა მთარგმნელის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ შესაძლოა, მკითხველმა არ მიიღოს. ასეთ სიტყვებს ზოგჯერ რედაქტორებიც აპროტესტებენ, თუმცა თუ ორიგინალის კონტექსტი „მეთულუხჩეს“ მოითხოვს, არქაული ჟღერადობის გამო მისი „წყლის გამყიდველით“ ჩანაცვლება არასწორია. აქ უკვე გადაწყვეტილებას პროფესიული ალღო და მთარგმნელის ოსტატობა განაპირობებს.

ბარნსი, ბეკეტი, აპდაიკი

ჯულიან ბარნსი ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია, რომელიც ქართულ სივრცეში მისი თარგმანებით შემოვიდა. საინტერესო და განსხვავებულ მთხრობელად მიიჩნევს, მაგრამ არც იმას მალავს, რომ მომეტებული ინტროვერტულობის გამო საყვარელი ავტორების სიაში ვერ მოხვდა. ამ ტიპის მწერლებს ეცნობა, მაგრამ გადაკითხვის სურვილი ნაკლებად აქვს. არასოდეს მოუნდება „ინგლისი, ინგლისი“ თაროდან ხელახლა გადმოიღოს, იმის მიუხედავად, რომ უინტერესო რომანი არ არის. იდეაც ორიგინალურია, თუმცა ჩანაფიქრი უკეთესი იყო. იგრძნობა, რომ ავტორს გაცილებით მასშტაბური ტილოს შექმნა სურდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე კალამი გაექცა. ბარნსის ნაწერებიდან ყველაზე მეტად „დროის ხმაური“ მოსწონს – ბიოგრაფიული რომანი დიმიტრი შოსტაკოვიჩის ცხოვრებაზე. საბჭოთაკავშირგამოვლილთათვის ახალი აქაც არაფერია, თუმცა ზუსტად არის შერჩეული რაკურსი და ინტონაცია, რომლითაც კომპოზიტორის ტრაგიკულ ხვედრზე გვიამბობს.

აპდაიკის „ბრაზილია,“ ბარნსის რომანების მსგავსად, „დიოგენემ“ შესთავაზა. წიგნის წაკითხვის შემდეგ გაოცებული დარჩა, რადგან ამ მწერალს სხვა კუთხით იცნობდა. „ბრაზილიაში“ აპდაიკი არ ჰგავს „კენტავრის“ ავტორს, რომლითაც წლების წინ გახდა პოპულარული. თვისობრივად და სტილისტურად სრულიად განსხვავებული ტექსტია – ცოტა გაუგებარი კოლაჟი პიკანტური სცენებითა და ზღაპრული ელემენტებით. ამ რომანით მწერალმა თითქოს თანამედროვე გემოვნებას გადაუხადა ხარკი. თარგმნა არ გასჭირვებია, თუმცა იყო სირთულეებიც – ძირითადად ინტიმური ეპიზოდების სახით, რომლებიც ასეთი სიუხვით და პირდაპირობით მანამდე არ შეხვედრია. ბეწვის ხიდზე მოუწია გავლა: არც მწერალზე თამამი უნდა ყოფილიყო, არც მასზე მოკრძალებული. მიუხედავად იმისა, რომ მკითხველს წიგნი მოეწონა, ასეთი აპდაიკი ვერ გაითავისა. მისთვის ის მაინც „კენტავრის“ ავტორად რჩება, როგორც დიუმა – „სამი მუშკეტერის“ მამად.

ბეკეტზე გია ჭუმბურიძესთან ერთად იმუშავა. „მოლოიმ“ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საბოლოოდ ყველაფერს განწყობის თეორია განსაზღვრავს: მწერლის თაყვანისმცემლებს მისი ნებისმიერი ტექსტი მოეწონებათ, მათ შორის, „მოლოი“; ვისაც ბეკეტი არ უყვარს, რომანი, შესაძლოა, შეშლილის ბოდვად მოეჩვენოს; მასავით ნეიტრალური მკითხველი კი იტყვის, რომ ბეკეტი კარგი მანიპულატორია და სალვადორ დალის ან მალევიჩის მსგავსად, ამ წიგნში თავს ეპატაჟის უფლებას აძლევს. თარგმნას რაც შეეხება, ავტორის „სპირალურ სიტყვათმრუშობასთან“ (კარგი გაგებით) გამკლავება არ გასჭირვებიათ. ძველ ფირსაკრავში ჩადებული უნაკაწრო ფირფიტასავით, ერთხელ რომ ჩააგდეს ნემსი, ბოლომდე ბზრიალ-ბზრიალით გაიტანა, თუმცა თარგმნა ისე დაასრულეს, ვერ გაიგეს, ვინ იყო ეს მოლოი, სად მიდიოდა ან კენჭებს რატომ ლოღნიდა. ყველაფრის მიუხედავად, ავტორთან კითხვის ნიშნები არ გასჩენია – ბეკეტი იმდენად კარგი მწერალია, ამ ტიპის ტექსტზე მუშაობაც კი საინტერესო აღმოჩნდა. სხვა საქმეა, როგორ მიიღო მკითხველმა და ვინ რა დაინახა.

დაძველებული თარგმანები

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თარგმანი ძველდება. მის ბავშვობაში ასე საყვარელი „სამი მუშკეტერის“ წაკითხვა დღევანდელ მოზარდებს უჭირთ. ძველდება ტექსტებიც – დრო ადამიანთა მსოფლმხედველობას და სამყაროს აღქმას ცვლის. ახალ თაობას თანამედროვე მწერლების მიერ მოთხრობილი ამბავი ურჩევნია. XXI საუკუნის მკითხველს სწრაფი მოხმარების ლიტერატურა იზიდავს – ნაკლები თავის ტკივილით და სააზროვნო სივრცით, თუმცა არსებობს მარადიული წიგნები, რომელთაც წლები ვერაფერს აკლებს. მისთვის ასეთებად დღემდე რჩება „დონ კიხოტი,“ „გულივერის მოგზაურობა“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“.

ბუხრის წინ განმარტოებისა და დიკენსის საათობით კითხვის პერიოდი წარსულს ჩაბარდა, თუმცა კარგი ლიტერატურის მკითხველი მაინც მრავლადაა. ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ეს ამბავი, ცოტა არ იყოს, უკვირს. უკვირს, რომ ვიღაცას მხატვრულ ტექსტში ძრომიალის განწყობა და სურვილი შერჩა. განვითარების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ იმ ემოციის გაქრობა, რაც ნაბეჭდი წიგნის კითხვას ახლავს, გულს დასწყვეტდა – ადამიანის სახეობა ამით ბევრს დაკარგავს. ისიც აშკარაა, რომ პროცესის ხელოვნურად გაკონტროლება შეუძლებელია: რა გადარჩება და რა არა, ყველაზე მკაცრი მსაჯული – დრო განსაზღვრავს.

© არილი

Facebook Comments Box