ამ წერილის ბედი ცოტა უცნაურად აეწყო. მანანა ღარიბაშვილთან ინტერვიუ 2019 წლის მიწურულს დავგეგმეთ. თარიღზეც შევთანხმდით – ნაახალწლევს უნდა ვწვეოდი და გვესაუბრა, თუმცა მისი ცხოვრების თანამგზავრის – დიდი პოეტისა და მთარგმნელის, დავით წერედიანის გარდაცვალებამ კარგა ხნით გადადო ჩვენი შეხვედრა. მოგვიანებით, როცა გაზაფხულის ერთ მზიან დილას შინ ვესტუმრე, უეცარი ელდის ტალღა თითქოს ჩავლილი იყო, თუმცა ბევრ რამეში იგრძნობოდა მონატრება.
პირველი, რაც მასთან მისულს თვალში გხვდება, წიგნებით სავსე თაროებია – სხვადასხვა ნაცნობ თუ უცნობ ენაზე უამრავი კარგი გამოცემით და იქვე შემოწყობილი პრემია „საბას“ ოთხი სკულპტურა. ერთ-ერთი ოდნავ განსხვავდება დანარჩენებისგან. ეს ყველაზე ძველია. სხვათა შორის, დათოზე ადრე მივიღეო- ეღიმება. ჯილდო კატულუსმა მოუტანა, რომაელთა გამორჩეულმა პოეტმა, რომელსაც სრულად მიაწერს თავის წარმატებას, თუმცა ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია ანტიკურ ტექსტებთან, კარგად იცის, ეს ყველაფერი რამხელა შრომას უკავშირდება. ძველი ბერძნული და ლათინური პოეზიის შემთხვევაში, სადაც რითმის კლასიკური ფორმები უგულებელყოფილია, სურათი კიდევ უფრო რთულდება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: მაშ, რად იგდებენ მთარგმნელები თავს ამ „განსაცდელში,“ რა აიძულებთ ან უბიძგებთ, თავიანთ ენაზე გააცოცხლონ ლექსი, რომელსაც ძალიან ცოტა მკითხველი ჰყავს?
სხვა სიყვარული
„რაც შეეხება კლასიკურ შედევრებს, სწორედ იმიტომ მოითხოვენ თარგმნას, რომ მკვდარი ენის სიცოცხლის ერთადერთ თავშესაფარს, ერთადერთ საცავს წარმოადგენენ და მხოლოდ თავად არიან პასუხისმგებელნი ამ ენათა უმომავლო მომავალზე. ისინი მხოლოდ მაშინ ცოცხლობენ, როცა ითარგმნებიან; უფრო მეტიც, მშობლიური ენის წიაღში ეს ნაწარმოებები ისე ცხოვრობენ, თითქოს განუწყვეტლივ თარგმნიან და ახანგრძლივებენ თავიანთ ყველაზე მთავარ თავისებურებას – დასაბამიერ უცხოობას“ (მორის ბლანშო „თარგმანის შესახებ,“ თარგმნა მალხაზ ხარბედიამ).
პირადად ჩემთვის მორის ბლანშოს ეს სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს მისი საქმიანობის არსს და მეტ-ნაკლებად ხსნის, რა შეიძლება ამოძრავებდეს თანამედროვე ადამიანს, რომელსაც ცხოვრების მიზნად საუკუნეების წინანდელ პოეტთა ნააზრევის გაცოცხლება და მათი „მკვდარი ენების“ ბრჭყალებიდან გამოხსნა დაუსახავს – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თუმცა არსებობს უფრო მარტივი პასუხი: სიყვარული. „როდესაც ბაჩანა ბრეგვაძე ფსევდო-ლონგინეს თარგმნიდა, არ ფიქრობდა, ამ ტექსტს ვინ წაიკითხავდა. ეს სულ სხვა ვნებაა, სხვა სიყვარული, რომელიც იმ მომენტში გამოძრავებს.“ სწორედ ამ ვნებამ განსაზღვრა მისი ცხოვრება.
ტექნოლოგიების ეპოქამ, ერთი მხრივ, ადამიანთა ყოფა გააიოლა, მეორე მხრივ, სულიერების აღქმა გაართულა. „სწრაფი მოხმარების“ ობიექტად ქცეული საზოგადოება, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ცდილობს სიამოვნების მიღებას, მომხმარებლის თვალით უყურებს ყველაფერს, მათ შორის, ლიტერატურას. გასაკვირი არ არის, რომ სულ უფრო მცირდება მკითხველთა რიცხვი, ვისთვისაც ძველი ბერძენი ან რომაელი ავტორების ტექსტებთან ურთიერთობა სულიერთან ერთად, ესთეტიკური სიამოვნებაცაა. თუ ვინმეს შეიძლება „ლიტერატურული გურმანები“ ვუწოდოთ, უპირველესად, ალბათ მათ. კიდევ უფრო ცოტანი არიან ისინი, ვისაც ამ ავტორთა პოეზიის თარგმნა შეუძლია. ის ერთ-ერთია მცირედთაგან, ვინც წლების წინ შეუდგა ძველ რომაელთა ლირიკული ოპუსების „გაქართულებას“ და ამას ჰქონდა თავისი წინაპირობა.
მე ვწერდი ლექსებს
„მე ვწერდი ლექსებს. იმ პერიოდში ლიტერატურით გატაცებული ბევრი მოზარდის მსგავსად, პიონერთა სასახლეში დავდიოდი. ჩემთან ერთად იყვნენ მამუკა სალუქვაძე, ლაშა თაბუკაშვილი, რამაზ საყვარელიძე, ნინო ხოფერია… ძალიან კარგი წრე გვქონდა. ლექსებს ვკითხულობდით, ვმსჯელობდით, თავი მოგვწონდა… მერე თარგმნა დავიწყე. ვთარგმნიდი მაიაკოვსკის, ცვეტაევას. მაინტერესებდა, როგორ გამომივიდოდა. რაღაც ეტაპზე ლექსის თხზვა შევწყვიტე, თუმცა ჩემში არსებული ენერგია არსად გამქრალა და როდესაც უნივერსიტეტში, კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, გადავწყვიტე, მეთარგმნა კლასიკური პოეზია“.
ჯგუფში მის გარდა პოეზიას კიდევ ორნი თარგმნიდნენ: ლევან ბერძენიშვილი და გიორგი ხომერიკი. ბოლო კურსზე რისმაგ გორდეზიანმა ოვიდიუსის Amores შესთავაზა. დიდხანს, გულდასმით მუშაობდა. საბოლოოდ „ტრფობანი“ ვრცელი შესავლითა და კომენტარებით 1987 წელს დაიბეჭდა. მოგვიანებით ამ თემაზე დისერტაციაც დაიცვა. მერე სხვა პოეტებით დაინტერესდა.
პროზასაც თარგმნიდა, მაგრამ რაღაც მომენტში ინტერესი გაუქრა. პოეზია ერჩია – ლირიკა, რა თქმა უნდა. „რომაული ლირიკის მწვერვალებში,“ რომელიც 2016 წელს გამოიცა, ძველ რომაელთა თითქმის ყველა ცნობილი პოეტი გაერთიანდა. რასაკვირველია, თითოეულის ოსტატობა განსხვავდება და იმდროინდელ ლირიკასაც ნაკლები აქვს საერთო ამ ჟანრის თანამედროვე ხედვასთან, თუმცა არის ერთი გამორჩეული ავტორი, რომელსაც კითხულობ და გრძნობ, რომ დღესაც, ამდენი საუკუნის შემდეგ, ახერხებს პოეზიის მოყვარულთა აფორიაქებას. ეს ავტორი კატულუსია.
Habent sua fata libelli
ვინც კატულუსის ხელნაწერის ამბავს იცნობს, დაგვეთანხმება, გამოთქმა – Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) ყველაზე მეტად მისი ლექსების თავგადასავალს შეეფერება. ვინც არა, მოკლედ მოვუთხრობთ ამ ისტორიას: საქმე ისაა, რომ X საუკუნეში, როდესაც ლათინური მხოლოდ ეკლესიისა და მეცნიერების ენად იყო ქცეული, ვერონის ერთ-ერთ მონასტერში ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ძველი რომაული ეპოქის ლექსების ხელნაწერი იპოვა, რომლითაც ძალზე მოიხიბლა, ავტორის წარმართობის მიუხედავად. ეს იყო გაიუს ვალერიუს კატულუსის ლექსების ერთადერთი კრებული, რომელიც მის მშობლიურ ქალაქს შემთხვევით შემორჩა. მოგვიანებით ხელნაწერი ისევ გაქრა, თუმცა XIV საუკუნეში კვლავ იპოვეს და რამდენჯერმე გადაწერეს. შემდეგ კი ყველა ევროპულ ენაზე ითარგმნა. იმ ფონზე, რომ ანტიკური პერიოდის ტექსტებმა, ძირითადად, ფრაგმენტებად მოაღწია, ბევრი რამ დაიკარგა, კატულუსის სრულად შემორჩენილი 113 ლექსი პოეზიის ისტორიისთვის ნამდვილი გამართლებაა. მათში ორ სრულიად საპირისპირო ავტორს ვხედავთ: ლირიკულს, ალერსიანს – როცა საქმე მის საყვარელ ლესბიას ეხება და დაუნდობელს, მწვავეს, გესლიანს – როდესაც ეპიგრამებში იულიუს კეისარს ან რომელიმე მტერ-მოყვარეს უპირისპირდება. ორივეგან ძალზე ცოცხალი და თანამედროვეა, იმდენად, რომ გგონია, ახლო წარსულიდან გესაუბრება. მისი ნაწერების წარმატება, ალბათ, ამანაც განაპირობა.
Pro captu lectoris habent sua fata libelli – ასე ჟღერს მთლიანობაში ზემოხსენებული ფრაზა, რომელსაც, ძირითადად, მეორე ნაწილით ვიცნობთ და რომლის ავტორი გვიანანტიკური ხანის გრამატიკოსი და პოეტი, ტერენციანუსია. ის ამბობს, რომ წიგნებს თავისი ბედი აქვთ იმის შესაბამისად, თუ როგორ მიიღებს მკითხველი მათ. უფრო ლაკონიურად თუ ვიტყვით, წიგნების ბედს მკითხველი განსაზღვრავს. საბედნიეროდ, პოეზიის მოყვარულებმა ზუსტად აღიქვეს კატულუსის გზავნილები. მათ შორის, საქართველოშიც.
„კატულუსი ყველასგან გამორჩეულია: ენერგიით სავსე, ცეცხლოვანი; პირველი შეგრძნება, რაც მისი კითხვისას გიჩნდება – არის განცდა, რომ შენი თანამედროვეა. რა იწვევს ამ გრძნობას? რა ბადებს ამ ემოციას? პოეტის განსაკუთრებული თვისება – უშუალო აღქმებითა და განცდით დამუხტოს ლექსი, აერიდოს ტრაფარეტებს, შექმნას ინტიმური გარემო, ცოცხალი ინტონაციით გაათბოს სტრიქონი. მის ლექსს, აგრეთვე, განსაკუთრებულ ცხოველმყოფელობას ანიჭებს ირონია, მაგრამ არა მხოლოდ ბასრი, გამქირდავი, სარკასტულობაში გადასული ირონია (ასეთს მრავლად შეხვდებით მის სატირულ ოპუსებში), არამედ, ასე ვთქვათ, სუფთა ლირიზმთან გადაწნული. შესაძლოა ეს უფრო თვითირონიაც იყოს, მაგრამ ასე გამოკვეთილად არც მხოლოდ თვითირონია ეთქმის. მისი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ლექსი, სადაც სატრფოს მკვდარ ბეღურას დასტირის (1,3), ამგვარი „ლირიკული ირონიის“ კლასიკური ნიმუშია. ვისკენ არის ეს ირონია მიმართული? ლესბიასკენ? საკუთარი თავისკენ? ღმერთებისკენ, რომელთაც ახსენებს? ჰოც და არაც. ლექსის მომხიბვლელობას შესაძლოა, სულაც ეს ტონალობა, ეს ირონიული ღიმილი განაპირობებს. რასაკვირველია, თარგმანზე ბევრი ვიმუშავე და მეჩვენება, რომ შევძელი „ირონიული ღიმილის“ გადმოტანა, მაგრამ ის, რომ კატულუსის პოეზია უაღრესად თანამედროვედ იკითხება და 21-ე საუკუნის მკითხველს აფორიაქებს, დიდწილად მაინც ავტორის დამსახურებაა. სხვა რომაელი პოეტები მასთან შედარებით ნაკლებ თანამედროვედ გამოიყურებიან; ვთქვათ, ვერგილიუსი, რომლის სტრიქონს მეტი დახვეწილობა აქვს. მის ბუკოლიკურ პოეზიაში (რომელიც ცოტა ხნის წინ ვთარგმნე) საოცარი ლირიკული პასაჟები გვხვდება, მაგრამ ძალზე ნატიფი ლიტერატურული გემოვნება უნდა გქონდეს, ღრმად გესმოდეს ანტიკური პოეზია, რომ სრულად იგრძნო ვერგილიუსის, რომის პირველი პოეტის მწყემსური (როგორც ევროპაში უწოდებენ – პასტორალური) სიმღერების ხიბლი და ძალა. კატულუსი უფრო იოლად აღიქმება, თუმცა გარკვეული „მომზადება“ მასაც სჭირდება.“
ვერგილიუსის ძალა
„რომაული ლირიკის მწვერვალებში“ ოქროს ხანის ყველა მნიშვნელოვანი რომაელი ლირიკოსის ლექსები შევიდა (ტიბულუსის, პროპერციუსის, ჰორაციუსის, ვერგილიუსის, ოვიდიუსის); რასაკვირველია, კატულუსი უფრო ვრცლადაა წარმოდგენილი, ვიდრე სხვა კორიფეები – ჰორაციუსი, ოვიდიუსი და ვერგილიუსი; თუმცა სწორედ ამ კრებულისთვის გაბედა და ხელი მოჰკიდა ვერგილიუსის სამ ეკლოგას. მერე დანარჩენი შვიდიც თარგმნა. 2019 წელს ვერგილიუსის „ბუკოლიკური პოეზია“ ცალკე წიგნად გამოიცა. ევროპული ენებისგან განსხვავებით, რომლებზეც ამ ტექსტის არაერთი კარგი თარგმანი არსებობს, ეს მისი ქართულ ენაზე გადმოტანის პირველი მცდელობაა, რაც დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, უამრავ სირთულეს უკავშირდება. მათ შორის, სალექსო სისტემებსაც.
„ცნობილია, რომ ანტიკური პოეზია მეტრული ლექსთწყობაა, ანუ მარცვალთა სიგრძე-სიმოკლეზეა აგებული; ქართული ლექსთწყობა კი სილაბურ-ტონურია, ან, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით (გიორგი წერეთელი) – სილაბური. ყოველ შემთხვევაში, ეს სისტემები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბერძნულ (და, შესაბამისად, რომაულ) საზომებთან ახლოს მდგომი ვერსია ქართულში არ მოგვეპოვება; „ბუკოლიკებში“ ვერგილიუსი დაქტილურ ჰეგზამეტრს იყენებს. პირობითად, ქართულში ჰეგზამეტრი ხშირად გადმოაქვთ ე.წ. 14 მარცვლიანი ბესიკურით, რომელიც ძალიან გაცვდა: თითქმის ყველაფერი ამ საზომით ითარგმნება, მათ შორის, შექსპირის ტრაგედიებიც და ინტონაციურად სრულიად შეუსაბამოა – სხვა ჟანრული ინერცია ახლავს. ამიტომაც გადავწყვიტე, სულ სხვა საზომს მივდგომოდი – 17 მარცვლიანს, რომელიც უფრო მიახლოებულია ბერძნულ ჰეგზამეტრთან (აუცილებელი ქორეთი ბოლოვდება, კადანსების რიცხვიც უმეტესად იგივეა და რაც მთავარია, ნიშანდობლივ სხვა ჟანრებს არ გვახსენებს).“
არჩევანმა გაამართლა – ჩვიდმეტმარცვლიანი საზომი ქართულ ტექსტში ბუნებრივად ჩაჯდა, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ დედანს სულ ოდნავ მიუახლოვდა. ეს არც არის გასაკვირი: ნებისმიერ ენაზე რთულია სწორუპოვარი ვერგილიუსის თარგმნა. როგორც მთარგმნელი წიგნის შესავალში აღნიშნავს, „ვერგილიუსის ღირსებათა დიდი ნაწილი, რაც ენობრივ ძალასა და სილამაზეშია გამოხატული, თარგმანს უსხლტება და მისსავე ლათინურში რჩება. ვერგილიუსი, პირველ ყოვლისა, ენობრივ სილამაზეზეა ორიენტირებული, რისი გადმოცემაც სხვა ენაზე ბევრად რთულია (გავიხსენოთ გალაკტიონი), ვიდრე ისეთი პოეტებისა, რომელთა მთავარი ხიბლი („ეშხი“) კატულუსის მსგავსად, განცდათა სიმძაფრე, „ლირიკული ირონია“ და ნახევარტონებია და არა საკუთრივ ენობრივი სილამაზით შექმნილი პოეზია.“
მეოთხე ეკლოგა
პუბლიუს ვერგილიუს მარონის „ბუკოლიკები,“ რომლებიც პოეტის ყველაზე ადრეული ქმნილებებია, პასტორალურ, მწყემსურ ყოფას გვიხატავს. ასევე, პოეტურ შეჯიბრებს, სასიყვარულო ურთიერთობას. წიგნი ათი ეკლოგისგან შედგება (ეკლოგა „რჩეულს“ ნიშნავს), სადაც ავტორი შეფარულად საკუთარ თავზეც გვიყვება, ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს გვიზიარებს თავისი ცხოვრებიდან. მათ ერთი განწყობა აერთიანებს, თუმცა რამდენიმე ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან. მათ შორისაა ცნობილი მეოთხე ეკლოგა, რომელსაც დიდი მღელვარება მოჰყვა.
„ამ ტექსტმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ პოეტური თვალსაზრისით (ამ კუთხით ზოგიერთი სხვა ეკლოგა შეიძლება სჯობს კიდეც), არამედ, სულ სხვა მიზეზით: რის გამოც შუა საუკუნეებში ვერგლიუსს „მაგს“ და „ჯადოქარს“ უწოდებდნენ; დანტემ „ღვთაებრივ კომედიაში“ თავისი მეგზურობა სწორედ მას დააკისრა; ქრისტიანები დიდ პატივს სცემენ. ეს არის ეკლოგა, რომელშიც, მკვლევართა ნაწილის აზრით, ნაწინასწარმეტყველებია ქრისტეს მოვლინება. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მაგრამ მყარი კონტრარგუმენტები ვერავინ დაუპირისპირა.“
მართლაც, საკმარისია წაიკითხოთ, როგორი დარწმუნებით ლაპარაკობს დიდი რომაელი პოეტი ყრმის დაბადებაზე, რომელიც სრულიად შეცვლის კაცობრიობას (სიკეთე დაისადგურებს და ბოროტება დაითრგუნება); როგორი აღტაცებით საუბრობს მასზე და შესთხოვს ღმერთს, ცოტა ხანს აცოცხლოს, რათა იხილოს ეს ყრმა, სხვადასხვა ვარაუდს შორის – რა იმალება ამ უცნაური ტექსტის მიღმა, უპირატესი რჩება ქრისტეს მოლოდინის თემა.
საიდან და რატომ იცის ყველაფერი, ვერაფერს ვიტყვით. ფაქტია, რომ ვერგილიუსი მხოლოდ „ენეიდათი“ კი არ გახდა სახელგანთქმული, რის გამოც „მეორე ჰომეროსს“ უწოდებდნენ, არამედ მეოთხე ეკლოგითაც, რომლის გამოძახილი საუკუნეებს გადასწვდა. ამითაცაა ეს კრებული მნიშვნელოვანი.
„ქვის მკოდავთა“ სექტა
90-იანების დასაწყისში მთარგმნელობით სფეროში შექმნილი კრიზისი ძველბერძნული და ლათინური ენებიდან მთარგმნელებს დიდად არ შეხებია. კლასიკური ფილოლოგიის მთარგმნელობითი სკოლა თითქოს ცალკე იდგა, სადაც წყვეტა არ ყოფილა და ხარისხიც მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. თუმცა, ის, რასაც მაღალმხატვრული, ცოცხალი თარგმანი ჰქვია, დღესაც ცოტაა.
„ბევრი სირთულის მიუხედავად, საოცრად მიყვარს ჩემი დარგი. რამდენიმე არაჩვეულებრივი მთარგმნელიც გვყავს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კლასიკურ ენებზე ცოცხალი თარგმანები ნაკლებადაა. ძველბერძნულიდან და რომაულიდან თარგმნილი ავტორები ხშირად მხოლოდ ლიტერატურის ისტორიის კუთვნილებაა და, ძირითადად, სპეციალისტები თუ კითხულობენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვა: როდესაც გეუბნებიან, რომ ჰორაციუსი, ვერგილიუსი ან საპფო მაგარი პოეტები არიან, თარგმანში ეს ოდნავ მაინც უნდა იგრძნობოდეს. რიგ შემთხვევაში იგრძნობა კიდეც (მაგალითად, ნანა ტონიასა და ზოგიერთ სხვასთან), მაგრამ ხშირად მკრთალი აჩრდილებია, ავტორთა უღონო ორეულები. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყოს, რომ ანტიკური ლიტერატურის ნიმუშებმა ჩვენამდე ფრაგმენტულად მოაღწია, მაგრამ ვფიქრობ, მთარგმნელის ოსტატობა მაინც ბევრ რამეს განსაზღვრავს.“
შეკითხვამ: რა არის თარგმანი – ხელობა თუ ხელოვნება, კარგა ხანია, აქტუალობა დაკარგა. კარგი თარგმანი ხელოვნებაა, თუმცა, წმინდა ტექნიკურ დონეზე თავის თავში „ხელობის“ ცოდნასაც მოიცავს. სხვაგვარად – ამ საქმეში დახელოვნებას.
„თარგმანი ჩემთვის, პირველ რიგში, ნიშნავს, გადმოსცე ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც ავტორს სურს, არ დაკარგო დედნისეული ინტონაცია; როცა უკვე აზრი მოტანილია და ფრაზა გამართული, იწყებ ფიქრს მხატვრულობაზე. ამას თავისებური ალღო სჭირდება, როგორც რომაელები იტყოდნენ, „ინგენიუმი“. ერთ ტექსტში მეტაფორებია მთავარი, მეორეში – მხატვრულობა სისადავით მიიღწევა. უნდა მიხვდე, რომელია კონკრეტულ შემთხვევაში წარმმართველი და მიჰყვე იმ ხაზს.
ერთი ცნობილი ფრანგი ლიტერატორის აზრით, თარგმანი ბეწვის ხიდზე გავლაა. ისე უნდა გაიარო, არც თავი დაიზიანო, არც – სხვა. ანუ ქართულადაც ბუნებრივად ჟღერდეს, სათარგმნი ავტორის ხარჯზე ენის სინტაქსი არ შეილახოს და არც თავად ავტორი დაიჩაგროს, რაც ადვილი არაა. უნდა შეძლო და სრულად გადმოიტანო დედნის სტილი, ინტონაცია. ამას გარდა, ისიც მნიშვნელოვანია, პროზას თარგმნი თუ პოეზიას, მით უმეტეს, ლირიკას. როგორც დავით წერედიანი წერს, პროზისგან განსხვავებით, ლექსი მომენტალურ ეფექტზეა გათვლილი. თუ ამ ეფექტის გადმოცემა მოხერხდა, ცალკეული სიტყვები და სტრიქონებიც კი, არც ისე მნიშვნელოვანია; ლირიკულ ლექსში უნდა ითარგმნოს ნიუანსები, შეგრძნებები, ინტონაცია, სიტყვის, ასე ვთქვათ, „ეთერული სხეული“. ეს უკვე სულ სხვა თამასაა, სხვა დონე, რომელიც, წერედიანისვე თქმით, მკითხველს ნერვზე ურტყამს“.
დღესდღეობით კლასიკური ენებიდან მთარგმნელებს სხვებთან შედარებით, მეტი პრობლემა აქვთ. ერთი, რომ მკითხველს ძველი ტექსტები ნაკლებად აინტერესებს, თანამედროვე ავტორები – ბორხესი, ეკო, ლიოსა იზიდავს. გარდა ამისა, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, უანგაროდ უთმობენ ძველ ბერძნებსა და რომაელებს საკუთარ დროს და ენერგიას. ამიტომაც შეიძლება მივიჩნიოთ ეს ადამიანები კარგი გაგებით, ერთგვარ სექტად, „ქვის მკოდავთა“ სექტად, როგორც აკაკი ურუშაძე უწოდებდა მათ. ამ სივრცეში პოეზიის მთარგმნელებს ცალკე „ლოჟა“ აქვთ.
პოეზიის მთარგმნელები
პოეზიის თარგმნა ყველა დროსა და ეპოქაში განსაკუთრებულ უნარს მოითხოვდა. ეს არ არის საქმე, რომელიც ნებისმიერ მსურველს გამოუვა. პოეზიის თარგმნას ენის უზადო ცოდნასა და შეგრძნებასთან ერთად, პოეტური ნიჭიც სჭირდება. აქედან მომდინარეობს გავრცელებული მოსაზრება პოეტის მიერ პოეზიის თარგმნის უპირატესობაზე, თუმცა ამ თვალსაზრისს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. აი, რას წერს თავის ერთ-ერთ ესეში ოქტავიო პასი: „თეორიას თუ დავუჯერებთ, ლექსი მხოლოდ პოეტმა უნდა თარგმნოს, არადა, სინამდვილეში არცთუ ბევრია ისეთი პოეტი, რომელიც ამავე დროს კარგი მთარგმნელიცაა. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ სხვის მიერ დაწერილი ლექსი პოეტისათვის არის ამოსავალი წერტილი საკუთარი ლექსის დასაწერად, მაშინ, როდესაც კარგი მთარგმნელი სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს – მისი საბოლოო მიზანი იმ ლექსის მსგავსი ლექსის შექმნაა, რომელიც დედანშია მოცემული. იგი ორიგინალს მხოლოდ იმიტომ სცილდება, რომ უფრო ახლოს მივიდეს მასთან“ („თარგმანი – სიტყვიერება და სიზუსტე,“ თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა).ჭეშმარიტად ღირებული თვალსაზრისია რაციონალიზმის მსუყე მარცვლებით, თუმცა ამ საკითხში ყველას თავისი სიმართლე აქვს.
„ერთი ცნობილი მთარგმნელი ამბობდა, რომ პროზის თარგმნა თავისუფლად შეუძლია ქართულის კარგად მცოდნე, საშუალო ნიჭის ადამიანს. რასაკვირველია, მუზილის, პრუსტისა და ფოლკნერის ტექსტები არ იგულისხმება – ეს სხვა დონეა და გამორჩეული ტალანტი სჭირდება. საკამათოა, მაგრამ, გარკვეულწილად, ვეთანხმები ამ მოსაზრებას. რაც შეეხება პოეზიას, სრულიად განსხვავებული ვითარებაა. თარგმანში ლექსის გაცოცხლება, მისთვის ორიგინალის სულის შთაბერვა, თავიდან დაბადება – ძალიან რთული პროცესია, პროზის თარგმნაზე უფრო რთული. ლაპარაკია „მაღალი სინჯის“ პოეზიაზე, რომელიც ემოციურად ზემოქმედებს მკითხველზე და რაღაც თვალსაზრისით, ცვლის კიდეც მას.“
თანამედროვე ეპოქაში ლექსი სხვა კრიტერიუმებით ფასდება, განსხვავებული მიდგომაა და სხვა მოთხოვნა. როგორი იყო პოეზია კაცობრიობის კულტურულ გარიჟრაჟზე, რა განაწყობდათ იმდროინდელ პოეტებს ლექსის საწერად; რა იყო მათთვის მთავარი, რა აღელვებდათ და უხაროდათ?
„რომაულ ლიტერატურას და, მათ შორის, პოეზიას, ძველბერძნულის დიდი გავლენა აქვს, თუმცა მოგვიანებით შეძლო ამ გავლენისთვის თავის დაღწევა. სხვადასხვა პერიოდისა და გაბატონებული ტენდენციის გათვალისწინებით, პრიორიტეტებიც იცვლებოდა. ასე მაგალითად: პროპერციუსთან, ტიბულუსთან, ოვიდიუსთან – სატრფიალო ელეგიები დომინირებდა; ჰორაციუსთან უპირატესი იყო Aurea mediocritas (ოქროს შუალედი) მიჯნის დადგენა: აქ მთავარია იპოვო ის, რაც დაგეხმარება მარადიული ფასეულობების, ბედნიერი ცხოვრების, სიხარულისა და სიმშვიდის ძიებაში; ვერგილიუსთან უკვე სულ სხვა ტენდენციები იკვეთება. ამ ყველაფრის არსი კი ის არის, რომ რომაელებმა შექმნეს თავიანთი დამოუკიდებელი ლიტერატურა, თვითმყოფადი და თავისთავადი, რაც პოეზიის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.“
შიშების დაძლევა
ზოგჯერ მთარგმნელები თავიანთ შიშებზე საუბრობენ. თუ არ საუბრობენ – განიცდიან. ზოგისთვის ეს შიში სათარგმნი ტექსტის წაკითხვასთან ერთად ჩნდება და საკუთარ ძალებში დაეჭვებას უკავშირდება, ზოგისთვის თარგმანის დასრულებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერების შემდეგ იწყება. ცალკე ამბავია მუშაობის პროცესში გაჩენილი შიშები, რომლებიც „მძიმე“ მონაკვეთების პარალელურად იზრდება. კლასიკური ტექსტების შემთხვევაში ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სულ სხვა ეპოქის ნააზრევთან უწევთ შეხება – ლეგენდარულ ავტორებთან, რომელთა თანამედროვე ენაზე გადმოტანა არაერთ სირთულეს უკავშირდება. მთარგმნელისთვის დიდი გამოწვევაა ამ შიშების დაძლევა.
„იმან, რომ საუკუნეების წინანდელ ნაწერებს ეხები, არ უნდა დაგაფრთხოს. მნიშვნელოვანია, დაივიწყო ეს ყველაფერი და ჩვეულებრივად მიხვიდე ტექსტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიზანს ასცდები და მთელი შრომა წყალში ჩაგეყრება. მთავარია, კარგად გაიაზრო, ავტორი რას გეუბნება. ხანდახან ერთ ფრაზაზე სამი დღე მიფიქრია, ყველა თარგმანი წამიკითხავს და მერე ჩემი მითქვამს. ესეც მნიშვნელოვანია – გავლენის შიშის გამო საკუთარი მიმართება არ დაკარგო ნაწარმოებთან. რაღაც მომენტში თავიც უნდა დაივიწყო, თუმცა ისე არა, რომ სულ გაქრე. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, „ოქროს შუალედი“ დაიცვა.“
ოქროს შუალედია საჭირო ძველი ტექსტების გათანამედროვების დროსაც. ერთნი ამაში დღევანდელი მკითხველისთვის გასაგებ ენაზე გადმოთარგმნას გულისხმობენ, მეორენი – სტილისტური ხერხებით მიზნის მიღწევას. მისთვის ეს თვითმიზანი არ არის, არც თანამედროვე ლექსიკით ზედმეტ გატაცებას ემხრობა. რასაკვირველია, ისე უნდა ითარგმნოს, რომ გასაგები იყოს. მთავარი მაინც დედნის განწყობის, ინტონაციის შენარჩუნებაა.
„დავით წერედიანმა თარგმნა „ილიადას“ პირველი სიმღერა. შეეცადა, ჰეგზამეტრი ქართულად გადმოეტანა. არაჩვეულებრივი თარგმანია, მიუხედავად იმისა, რომ არ გაათანამედროვა. კითხულობ და ხვდები, რომ ჰომეროსია. საუკუნეთა მიღმიერი სუნთქვა იგრძნობა. ეს არის ნიმუში, როგორ უნდა მიხვიდე კლასიკურ ტექსტთან: შეუნარჩუნო სიძველე ისე, რომ ბუნებრივი იყოს და არ ჩანდეს დამაბნევლად. ვფიქრობ, ამას სხვა მასშტაბის ნიჭი სჭირდება“.
რენესანსული ხელოვანი
წლების მანძილზე ამ მასშტაბთან შეხებამ მის პროფესიულ თვითშეფასებაზეც იმოქმედა. სხვანაირად შეუძლებელიცაა: როცა დავით წერედიანის მუშაობის სიღრმეს უმზერ, ხედავ, როგორ ჩაჰკირკიტებს თითოეულ სიტყვას, როგორ კითხულობს იდეალური ტონალობის მისაღწევად ტექსტს ხმამაღლა, საკუთარი თავისა და სხვათა მიმართაც განსხვავებული მოთხოვნები გიჩნდება.
„ფაუსტს“ რომ თარგმნიდა, ოთახიდან გერმანული სიტყვების კასკადი იფრქვეოდა. იგივე ხდებოდა ლორკაზე მუშაობის დროსაც. ოთხი ვარიანტი გააკეთა, ვიდრე „მწვანე მომნატრდები მწვანე“-მდე მივიდოდა. ფორმა „მომნატრდები“ არის ლექსის „ეთერულ სხეულთან“ მაქსიმალურად მიახლოება. კიდევ აპირებდა გაგრძელებას, მაგრამ, ვფიქრობ, უკეთესი აღარ შეიძლებოდა. დათოს ჰქონდა პოეზიის გასაოცარი შეგრძნება და უნარი, ფრაზა წარმოუდგენელ მიჯნამდე დაეხვეწა. სულ სხვა სიმაღლეს მიაღწია, რომელიც რამდენიმე ჟანრში თანაბარი ძალით გამოვლინდა. ვფიქრობ, ამიტომაც არის დავით წერედიანი უნივერსალური, რენესანსული ტიპის ხელოვანი, რომლის მსგავსი იშვიათობაა.“
სწორედ ამ რენესანსულობისა და ზეპროფესიონალიზმის გამო, არც საკუთარ თავს, არც მისთვის ძვირფას ადამიანებს არ ინდობდა. განსაკუთრებით, როცა საქმე თარგმანს ეხებოდა. მუშაობისას ტექსტს რამდენჯერმე „ასვენებდა“ და ხელახლა ამუშავებდა. სხვისგანაც იმავეს მოითხოვდა. სხვაგვარად ვერ წარმოედგინა. ამის გამო მას რჩევას იშვიათად ეკითხებოდა: ხვდებოდა, რომ დაუსრულებელი შენიშვნების ფონზე წიგნის გამოცემა გაუჭირდებოდა.
დროებითი დასასრული
ახლა შედარებით რთული პერიოდი აქვს. ადვილი არ არის ამხელა დანაკარგის შემდეგ ცხოვრების ძველებურად გაგრძელება, თუმცა სჯერა, ეს დროებითი დასასრულია და ყველაფრის მიუხედავად, ცდილობს, საკუთარ თავში გამოძებნოს მუშაობის ვნება.
„რაც ყველაზე მეტად მინდოდა – ლირიკა, ვთარგმნე. არც რომაელებთან, არც ძველ ბერძნებთან ამ თვალსაზრისით დიდად განებივრებულნი არ ვართ. პროზა, ეპოსი, რიტორიკული და შემეცნებითი ტექსტები შედარებით უხვადაა, წმინდა ლირიკა – ნაკლებად. ჯერჯერობით, ვფიქრობ, საით წავიდე. ვემზადები. უნდა მოვძებნო ის, რასაც სიყვარულით გავაკეთებ, რადგან მხოლოდ თარგმანისთვის თარგმნა არ შემიძლია. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ბევრს არა აქვს ბედნიერება, აკეთოს ის, რაც უნდა. მე მქონდა ამის ფუფუნება. ყოველთვის იმას ვთარგმნიდი, რაც მაინტერესებდა და ემოციური თვალსაზრისითაც მსურდა. მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს ოვიდიუსის „ტრისტიები“ ანუ „ნაღვლიანი ელეგიები“ იქნება.“
© არილი