გზა – მოგზაურის ანგელოზები
შეიძლება მოხდეს ასე –
გადაიდოს ფრენა,
გაუქმდეს ყველა ჯავშანი.
ქალაქი,
რომელიც თითქმის დაიმორჩილე,
სადაც წინასწარ მონიშნე ყველაფერი,
რაც უნდა გენახა და შეხებოდი,
დარჩა სურვილად,
რომელიც გაიზმორა და
შემოკედლებულ კატასავით
ფეხებთან შემოგიწვა.
ეს არ იყო უდარდელი გდება,
როგორც სჩვევიათ კატებს,
როცა ფარულ სურვილებს ნიღბავენ.
* * *
ჩვენ უნდა გვეფრინა ღამით,
როცა ცა მიწას ემსგავსება
და ვარსკვლავები უძინართა ფანჯრებია.
უნდა გვეფრინა ღამით –
როცა სიზმრებს გვართმევს სიფხიზლე
და კიდევ ერთი თვალღია მგზავრობით
შევსებულიყო ჩვენი ცხოვრების გზა – CurriculumVitae.
უნდა გვეფრინა ღამით –
გვეფიქრა იმ სიახლოვის დათმობაზე,
მიწიდან 13 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე,
აფრენიდან დაფრენამდე
თანამგზავრებს შორის რომ ჩნდება.
უნდა გვეფრინა ღამით –
გვენახა აეროპორტში მომლოდინეთა ვნებით სავსე
მოსაცდელი დარბაზები.
მიტოვებული ჩანთების გაურკვევლობა.
დაღლილი სადგურები,
რომლებიც ვერ გადაეჩვივნენ
წინა მგზავრების სუნის შენახვას.
* * *
თვალთმაქცია ყველა ქალაქი –
თითქოს შენთვის აღებენ კარს.
არადა, მხოლოდ იმას გაჩვენებენ,
რასაც სახელი დაერქვა,
რისი დამახსოვრებაც შეგიძლია.
თვალთმაქცები არიან ქალაქები –
იციან, როგორ დამალონ მთავარი,
გადაინახონ კედლის ბზარებში,
ხიდებსა თუ საათებში
და
როცა ლამპიონი
მხოლოდ თავის თავს ანათებს,
როცა ქუჩები ცარიელდება,
ყოველი ახალი მოსახვევი
თავგადასავლისთვის გამზადებს.
* * *
ჩვენ ვნახავთ ქალაქს,
გაუჩინარებული ამბებით,
ღამით რომ გვეგონა, დასაწერად უკვე მზად იყო,
დილით კი ვეღარ ვიხსენებთ.
დავსხდებით კაფეში,
ვისაუბრებთ ხვალინდელ დღეზე,
ჩამქრალ ვულკანს ჩაეღიმება,
რადგან იცის –
ის წარსული დროის ქალაქია,
მიწაში ჩატანილი ამბების ქალაქი,
წაუკითხავი წერილების ქალაქი,
სამუდამოდ ერთად დარჩენილთა სევდით.
„BigLove“
სტამბოლი, აეროპორტი, კაფე „biglove“.
მეღიმება სიყვარულის მოცულობაზე.
ღმერთს უყვარს ირონია.
ჩვენში მოფუსფუსე
უამრავი კითხვიდან
მაინცდამაინც იმ ერთს გამოარჩევს:
რა გააკეთე სიყვარულისთვის?
ხოლო დაქუცმაცებული ტკივილები
ფეხის წვერებზე აიწევიან
და
თავმომწონედ ეტყვიან:
როგორც კი ერთი სიყვარული მთავრდება,
ახლის საპოვნელად ვეშურებით და
ასე ვიჯერებთ მის მარადიულობას.
შენთვის
დავიღალე, მითხრა მან.
რამდენჯერმე გაიმეორა
და მეტი დამაჯერებლობისთვის
დაურთო: ძალიან.
მონიტორზე ზედიზედ ხტებოდა
ერთი და იგივე სიტყვა:
დავიღალე. დავიღალე. დავიღალე.
რა გავაკეთო შენთვის? – ვკითხე.
აღარ წაგაკითხებ ჩემს ლექსებს,
რომლებსაც ადრე თვითონ გიკითხავდი.
აღარ მოგიყვები ჩემს დაღლილ დღეებსა და ღამეებზე
და
თუ ვინმეს არ აშინებს ბედნიერება,
გაუღიმე და უთხარი,
თუ
შიშმა შექმნა სიყვარული.
თვითონვე შეჭამს.
დავიწყება
უბრალო სიტყვაა,
ადვილად სათქმელი:
დაივიწყე.
ჰკითხეთ თვალებს:
შეუძლიათ, უკანვე ჩაიბრუნონ,
რაც დაინახეს?
ნუ დაიჯერებთ,
რომ დრო მკურნალია.
ტანსაცმელი ასე იშორებს ლაქებს –
რეცხვიდან რეცხვამდე იცრიცება
თითქოს ქრება.
მეხსიერება უფრო ვერაგია –
რასაც ივიწყებს, იმასაც ინახავს.
გაქცევა ვერ გიშველის
თუკი გზაც მდინარეა –
ჩრდილების და აჩრდილების.
დუმილიც მკვლელია,
სიცოცხლის ხმები მიაქვს
და
მარტოობაც მატყუარა,
თუკი ცდილობს დაგაჯეროს,
რომ გადარჩა.
დრო. მინაწერი.
დრო,
რომელიც აღარ გვექნება ერთმანეთისთვის,
როცა ჩვენი ტანსაცმლის კარადა
სხეულისგან დაცლილ ტანსაცმელს
გამოირიდებს.
როცა ჩვენ შორის
სიტყვებისგან თავისუფალი სივრცე ჩადგება
და
თვალები დახუჭავს
ქუთუთოს შიგნითა და ქუთუთოს გარეთა ამბებს.
როცა სიტყვა დაიბრალებს, რომ საშლელია
და წაშლის ყველა ამბავს,
რომლებსაც ვეღარ ვყვებით.
როცა ღიმილი
ქუჩაში შემთხვევით შეხების უხერხულობას გადაფარავს.
როცა აღარ ვიდარდებთ,
რომ მონათხრობი არ ემთხვევა სინამდვილეს
და
ვაპატიებთ სიტყვებს უზუსტობას.
როცა აღიარებ, რომ შენს შუბლს და კეფას,
რომლებსაც არასდროს უნახავთ ერთმანეთი –
საერთო ამბავი აქვთ.
და კეფას ხშირად უგრძნია ისიც,
რაც შუბლს გამოეპარა.
როცა დაიჯერებ, რომ
შენი წიგნის მერვე გვერდზე დაბეჭდილმა ლექსმა
არაფერი იცის მეცამეტე გვერდზე დაბეჭდილი შენივე ლექსის
და
შენც აღარ მოიხედავ უკან,
იქნები მშვიდი,
როგორც მზე ჩასვლისას,
რადგან იცის –
ისევ გათენდება.
© არილი