Uncategorized

ნენსი იუსტონი – რომენ გარი: უკანასკნელი სამსჯავროს კითხვარი

gary0

ფრანგულდან თარგმნა მანანა ბოსტოღანაშვილმა

ნენსი იუსტონი, 1953 წ. 16 სექტემბერს კანადაში დაბადებული ცნობილი ნოველისტი და ესეისტი, ჯერ ფრანგულად წერს, მერე კი საკუთარ თხზულებებს თვითონვე თარგმნის ინგლისურად. ამჟამად ცხოვრობს პარიზში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. გამოცემული აქვს 15 რომანი, 2 პიესა, მიმოწერის 2 კრებული, 3 საბავშვო წიგნი, ესეების 12 კრებული.  

ნენსი იუსტონის ესეების კრებულში “სულები და სხეულები” 1981-2003 წწ. შექმნილი რჩეული ტექსტები შევიდა. გთავაზობთ მის წარმოსახვით ინტერვიუს XX ს.-ს II ნახევრის ერთ-ერთ უნიჭიერეს ფრანგ მწერალთან, რომენ გარისთან (1914-1980 წწ.).

ესეში ძალიან საინტერესოდ და ძალდაუტანებლად, გარის რომანების სტილით არის ასახული რეალური ფაქტები მწერლის ცხოვრებიდან, გულშიჩამწვდომადაა გადმოცემული სიღრმისეული მიზეზები იმ მოვლენებისა,  რომლებმაც სრულიად შეცვალეს მწერალი; მისი ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც უდიდესი გავლენა მოახდინეს ცხოვრების მისეულ აღქმაზე.

 

ვინაობა

ყოველთვის მძულდა ეს შეკითხვა. არასდროს ვიცოდი, ვინ ვიყავი. ეს არავინ იცის, მაგრამ მე თავიდანვე ვიცოდი, რომ არ ვიცოდი. არ გამაჩნია არანაირი ვინაობა რომელშიც თავს ჩავრგავდი, როგორც ბუმბულის ლოგინში. მუდამ, მთელი სიცოცხლის მანძილზე, შიშისგან გადმოკარკლული თვალებით ვიმზირებოდი.

 

     სახელი

ნაბიჭვარი ვიყავი.

სხეული სახელის გარეშე.

უსახელო და ამაზრზენი.

 

      მშობლები

დედა მეორეხარისხოვანი მსახიობი იყო მოსკოვში. პროფესიონალი თვალთმაქცობაში. ჩემს დაბადებამდე ცოლად გაჰყვა ერთ ტიპს, გვარად კასევს, ასე რომ გვარად კასევი გავხდი; მერე განქორწინდა. თავი მოვიკატუნოთ, რომ… რატომ? ვისთვის?

Man’s but a poor player…[2]

ამგვარად, დედიკო – ერთი საცოდავი მსახიობი… მამიკო, ჩემი აზრით, არა უვარგისი კასევი, არამედ… იქნებ ივან მოსიუკინი, რუსი მსახიობებიდან უდიდესი?.. მდიდარი მსახიობი? იქნებ სწორედ ის? ხანდახან, წლების განმავლობაში, ნინას შეეწეოდა ხოლმე და უგზავნიდა თამასუქებს, როდესაც უკიდურესად გვიჭირდა?

 

ბავშვობა

დავიბადე 1914-ში, და რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიცხოვრე: დიდი ომი, რევოლუცია რუსეთში, გაქცევა, გადახვეწა, ა.შ. და ა.შ.

ჩემი პირველი მოგონებები თარიღდება იმ წლებით, რომლებიც ვილნიუსსა და ვარშავაში გავატარეთ: სიღატაკეში.

ღატაკებზე უარესები ვიყავით.

ებრაელები ვიყავით.

გიკრძალავთ ჩემს შებრალებას.

დედაჩემი კერავდა შლაპებს და კაბებს ვილნიუსში მცხოვრები შეძლებული ქალბატონებისთვის, თან ხმამაღლა ოცნებობდა ჩემს, როგორც საფრანგეთის ელჩის, სახელოვან მომავალზე. მთელ თავის თეატრალურ ნიჭს აქსოვდა ჩემთვის წარმოსახვითი სამშობლოს შექმნასა და მის სინამდვილედ ქცევაში: საფრანგეთი! საფრანგეთი! შენ მწერალი იქნები, დიდი და ცნობილი, აი, ნახავ! შენ გახდები ვიქტორ ჰიუგო! ლამარტინი! ჟან-ჟაკ რუსო!

დედობრივი სიყვარული.

 

ძმები და დები

დედისერთა ვიყავი. მაგრამ ოკეანე იქცა ჩემს ძმად იმავე წამს, როდესაც პირველად შევავლე თვალი ხმელთაშუა ზღვას ნიცაში ჩასვლისას. “ძმაო ოკეანევ”, – ვეძახოდი მას. არასდროს – “ზღვას”, რაც პირდაპირ “დედამდე” მიმიყვანდა[3] (მოგვიანებით, კალიფორნიაში: წყნარი ოკეანე. ასევე, ძმებივით და დებივით მყავდნენ სექვოიები და წითელი ხეები. რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავ ძაღლსა და კატაზე. ქვებიც კი, ზოგჯერ.).

 

მოწოდების აღმოჩენა

ნიცაში დამკვიდრებიდან ცოტა ხანში მივხვდი, რომ დედაჩემი ბერდებოდა და დიაბეტი სჭირდა. ბუნების კანონები გამიმჟღავნდა მთელი მათი სასტიკი დიდებულებით:

1)       ადამიანი იბადება.

2)      struts and frets his hour upon the stage (მედიდურად დადის და იტანჯება ცხოვრების სცენაზე. უ.შექსპირი, მაკბეტი, აქტი 5, სცენა 5.).

3)      უძლურდება.

4)      დრო მას ცოცხლად ატყავებს, პაწია სელაპივით.

5)      იგი გარდაიცვლება, and then is heard no more (“და მერე მისგან აღარაფერი ისმის”, უ.შექსპირი, მაკბეტი, აქტი 5, სცენა 5.).

 

რა ოხრობაა: მომაშორეთ ეს ყველაფერი.

აუცილებლად საზღაური უნდა მიმეგო დედაჩემისთვის, მეჩვენებინა, რომ მის ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია. სახელი უნდა მომეხვეჭა. მაგრამ რომელი სახელი? ანდრე მალრო… შატობრიანი… ვიქტორ ჰიუგო… ბრწყინვალე სახელებია. სამწუხაროდ, ისინი უკვე დაკავებული იყო.

რა არის in a name (სახელში)? არაფერი. ყველაფერი.

 

სამხედრო სამსახური

ომი ამაზრზენია.

მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მეორე მსოფლიო ომმა კაცად მაქცია.

ჩემი ერთადერთი ჭეშმარიტი ოჯახი: რამდენიმე გადარჩენილი ჯარისკაცი, ვისთან ერთადაც გერმანელების მიერ ოკუპირებულ ევროპას ვბომბავდი ომის ბოლო წლებში.

პირველი რომანი იმავე პერიოდში დავწერე, ჯერ აფრიკაში, მერე კი ინგლისში. მუდმივად ვიღებდი წერილებს დედაჩემისგან – გამაგრდი, რომენ, გაუძელი, იყავი ძლიერი, ბოლოს გავიმარჯვებთ. რომანი ინგლისში გამოქვეყნდა საფრანგეთის გათავისუფლებისთანავე. ნიცისკენ გავეშურე, მივისწრაფოდი, რათა ჩემი დიდება მის ფერხთით დამეფინა. თვით დე გოლის მიერ დაჯილდოებული ომის გმირი ორდენით “გათავისუფლების თანამებრძოლი”, აღიარებული პირველი რომანის ავტორი – და ეს ყველაფერი ერთდროულად. ნიცაში ჩასვლისას შევიტყვე, რომ ორი წლის წინ გარდაცვლილიყო. მეგობარი ქალისთვის ჩაუბარებია ჩემთან დროდადრო გამოსაგზავნი წერილები, ათეულობით წერილი, რომლებიც წინასწარ დაეწერა. სათქმელი სულ ერთი და იგივე იყო – გამაგრდი – იყავი ძლიერი – უკვე თითქმის მივაღწიეთ… ასე მიყვარს ამ ამბის მოყოლა.

 

იდეოლოგია

რწმენები, მრწამსი, წევრობა და მიმდევრობა, ყოველნაირი ხალისიანი ჯოგურობა: წმინდა წყლის სისულელედ მიმაჩნდა.

ათეიზმიც, ანტიკომუნიზმიც კი აუტანლად მეჩვენებოდა.

 

მოქალაქეობა

მოქალაქე ვიყავი, ოღონდ არა ომის შემდეგდროინდელი საფრანგეთისა, არამედ XIX საუკუნის საფრანგეთის მითისა, რომელიც დედაჩემმა გადმოიღო და შეითვისა რომანტიკული და იმედგაცრუებული რუსული არისტოკრატიისგან, მერე კი ჩამჩურჩულებდა მიმნდობ ყურებში, ყოველღამ, როდესაც სიცივისა და შიმშილისგან სული გვძვრებოდა ვარშავაში.

 

რელიგია

დედაჩემი ებრაელი იყო, როგორც გითხარით. მაგრამ ხშირად შედიოდა კათოლიკურ ან მართლმადიდებლურ ტაძრებში, მათ მოძღვრებთან და მღვდლებთან ნუგეშისცემის ძიებაში. მე თვითონ კათოლიკედ მომნათლეს, და იესო ერთ-ერთი არსებაა, ვინც სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს.

ის და ვიქტორ ჰიუგო. ორივე მათგანი სუსტების, საბრალოების მხარეს იყვნენ (დედაჩემის მხარეს).

თუმცა ებრაელი ვიყავი.

საკმაოდ ებრაელი მსოფლიოში ყველასთვის, გარდა ებრაელებისა, ვინც უარი განაცხადეს ჩემს ჩაწერაზე თავიანთ ცნობარში “Who’s who in World Jewry” (“ვინ ვინ არის ებრაულ სამყაროში”.).

 

გარეგნობა

ცისფერი თვალები, ბოშური სახის ფერი, კაზაკური ყვრიმალები. ვიზრდებოდი და ვიზრდებოდი, მერე შევწყვიტე ზრდა.

ომის მერე ავიატორის უნიფორმა დიპლომატის სამნაწილიან კოსტიუმში გავცვალე. რაც დრო გადიოდა, ჩემი სამოსი უფრო და უფრო ექსცენტრიკული ხდებოდა: პონჩოები, შლაპები, ჭრელი პერანგები. ბევრს სასაცილოდ მივაჩნდი.

თავმომწონედ და გატაცებით ვეწეოდი სიგარას. ჰავანურს. დავიდოვს. მონტე-კარლოს.

პირველ ხანებში წარმოსადეგი, წაბლისფერთმიანი, სიმპათიური ვიყავი. შემდეგ ძლიერი აღნაგობის, თმაშევერცხლილი, ნაოჭებიანი გავხდი. სპილოსავით.

 

საყვარელი ცხოველები

სპილოები. ერთი მოვკალი ერთხელ, გასართობად. ეს მოხდა 1940 წელს, რომენ გარი-კასევი მერქვა და როგორც პილოტი, საშინლად მოწყენილი ვიყავი ცენტრალურ აფრიკაში, უმოქმედობა მაგიჟებდა. ერთ დღესაც, ამხანაგთან ერთად ცაში უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების გამოყვანისას, ქვემოთ სპილო დავინახეთ და გადავწყვიტეთ, მას დავჯახებოდით. ცხოველი მაშინვე მოკვდა. ჩემი ამხანაგიც. მე ნაკაწრის გარეშე გამოვძვერი ნამტვრევებიდან.

ათი წლის შემდეგ სქელტანიანი და სპილოსავით მოუხეშავი რომანი დავწერე, “ცის ფესვები”. ერთი კაცის ამბავია, რომელიც ხელს უშლის თეთრკანიანებს სპილოს ძვლის, შავკანიანებს კი – ხორცის მოსაპოვებლად აფრიკული სპილოების მოკვლაში. წიგნმა გონკურის პრემია მომიტანა.

მათი აღფრთოვანების დასტურად უამრავმა მკითხველმა გამომიგზავნა სპილოების ლამაზი სტატუეტები… სპილოს ძვლისგან დამზადებული.

 

ნივთებთან ურთიერთობა

არასდროს ვიცოდი, რა მექნა ნივთებისთვის. თექვსმეტი წლისა რადიატორს ვესიყვარულე. ოცდათხუთმეტი წლისამ საკუთარი ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები შევჭამე. სამოცდაოთხი წლისა სანაგვეში ჩავხტი.

რა საჭიროა ნივთები?

მხოლოდ და მხოლოდ ორი რამ მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას:

  1. დიდი რუსული დაკონსერვებული კიტრები.
  2. კარგი სიგარები.

ფროიდს ჯანდაბამდეც გზა ჰქონია.

 

პროფესია

სინამდვილეში დედაჩემმა რომანი დამარქვა (მოგვიანებით ესეც შეიცვალა), ასე რომ, არჩევანი არ მქონია. ოცდაათამდე რომანი გამოვაქვეყნე ოცდათექვსმეტ წელიწადში. გარდა ჩემი საწყისი ფსევდონიმისა “გარი” (რაც რუსულად ნიშნავს “იგიზგიზე!”), ექვსი რომანი შევქმენი სამი სხვა ფსევდონიმით. დავწერე აგრეთვე ექვსი რომანი ინგლისურად, ჩემს მეოთხე ენაზე რუსულის, პოლონურის და ფრანგულის მერე. რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე ასეულ სტატიაზე ამერიკულ გაზეთებში, ოცამდე სცენარზე ჰოლივუდისთვის… არ ვიკვეხნი. არასოდეს არაფერია სატრაბახო.

 

პოლიტიკა”

პირველად, როდესაც შარლ დე გოლმა დამინახა, აფრიკის მიყრუებულ ადგილას, ქალივით ვიყავი ჩაცმული და “ფრენჩ კანკანს” ვცეკვავდი სკეტჩში, რომელიც მე დავდგი ავიატორთა სამხედრო ნაწილისთვის, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. გენერალი გაშეშებული იჯდა მთელი სპექტაკლის განმავლობაში.

მაგრამ მე ვიცოდი, რომ იგი, ისევე, როგორც ჟანა დ’არკი, დედაჩემის დიდებულ და უძლევ საფრანგეთს განასახიერებდა.ùùùù

ასე და ამგვარად, სამუდამოდ გოლისტი დავრჩი ბოლომდე.

საფრანგეთს წარმოვადგენდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიუ-იორკში სამი წლის მანძილზე. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ სამუდამოდ განვკურნებულიყავი პოლიტიკური იმედებისგან.

ჩემი მრწამსი მარტივად გამოიხატებოდა: თავს ვაიგივებდი ყველასთან, ვინც იტანჯებოდა.

გარდა ქათმებისა. მიჭირდა ჩემი წარმოდგენა ქათმად.

 

      მადა

რეგულარულად ვსანსლავდი მთლიან ქათამს სადილზე.

ანდა ცხვრის ნახევარ ბარკალს. ამასთან ერთ კილო სატაცურს. მერე კი შვიდ იოგურტს: ყლუპ, ყლუპ, ყლუპ.

რაოდენობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ხარისხზე.

ეს სიმართლეს შეეფერებოდა ჩემს ნაწერებთან დაკავშირებითაც.

კაციჭამიას გაუმაძღრობა, უკმარისობის შიში.

ახლობელ არსებებსაც ვსანსლავდი, ვშთანთქავდი მათ სიცოცხლეს და ურცხვად გარდავქმნიდი ლიტერატურად – რაც ცუდ განწყობაზე საზიზღრობად მიმაჩნდა. “გაფრთხილდი, პოლ, – ყოფილმა ცოლმა ჯინ სებერგმა უთხრა ჩემს ძმისშვილს პოლ პავლოვიჩს, – რომენი კანიბალია, ძალიან არ მიუახლოვდე”.

ჰო, მე ვიღებდი. მაგრამ გავცემდი კიდეც: წიგნებს ერთიმეორის მიყოლებით, ათასობით გვერდს ვჩუქნიდი სამყაროს – აიღეთ, მოუსმინეთ, იოცნებეთ, იცინეთ, იტირეთ, იფიქრეთ – მომეცით საშუალება, უფრო მეტი გიბოძოთ! – სიტყვებს უფასო კანფეტებივით ვისროდი ჰაერში, რათა ადამიანები გამებედნიერებინა (კარგ განწყობაზე ყოფნისას ლიტერატურას – ისე როგორც ცირკს, კინოს, ილუზიისა და მოხიბლვის ყველა ფორმას – ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ არასდროს მჯეროდა, რომ ის ტანჯვას გამოისყიდდა).

 

სქესი

მამრობითი.

თუ მართალია, რომ მაჩოს ყველა გარეგნულ ნიშანს წარმოვაჩენდი, ჩემი ჭეშმარიტი ღირსებები (გააკეთე ის, რასაც ვამბობ, და არა ის, რასაც ვაკეთებ) ქალურობისკენ იხრებოდა. მგრძნობიარობა, თავაზიანობა, გულმოწყალება, სულგრძელობა. სამყარო ფსევდო-მამაკაცურობისგან სულს ღაფავს. პოლიტიკური ძალაუფლების, თანამედროვე ომის, ატომური იარაღის, კაპიტალისტური შეჯიბრის თამაშები: ეს ყველაფერი ხელოვნური ფალოსებია იმათთვის, ვისაც საკუთარ მამაკაცობაში ეჭვი ეპარება.

მე კი the real thing (აქ: ნამდვილი სასქესო ორგანო) მქონდა.

მერე კი დავკარგე (იხ. ბუნების კანონი №3).

 

ლიტერატურული სიუჟეტები

ფრანები. სექსუალური უძლურობა ხანშიშესულ კაცებში. სპილოების დახოცვა. არაბი ბიჭი ბელვილში. გარდაცვლილი ებრაელი მსახიობი კაცი, ვინც აფორიაქებს და სტანჯავს ყოფილ ნაცისტს, ჰოლოკოსტიდან ათეულობით წლების შემდეგ. “შავი ავაზები”. პოლონელი წინააღმდეგობის მონაწილეები. Ski ბუმს… (ადამიანები, ვინც მთელ დროს თხილამურებზე სრიალში ატარებენ.)

 

საპატიო ტიტულები

მიყვარდა ჩამოთვლა, როგორც კრიალოსანზე, მრავალი მშვენიერი საუნჯისა, რაც ცხოვრებამ მიბოძა: გათავისუფლების თანამებრძოლი, საპატიო ლეგიონის კომანდორი, გონკურის პრემია, საფრანგეთის პირველი კონსული და ა.შ.

“როგორც კრიალოსანზე”: დაზეპირებული და აზრგამოცლილი მარცვლებივით. მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

რატომ უბრალოდ კონსული და არა ელჩი? რატომ მხოლოდ გონკურისა და არა ნობელის პრემია? რატომ მხოლოდ ერთი ადამიანი და არა ასი?

 

სამოქალაქო მდგომარეობა

ორჯერ ვიყავი დაქორწინებული: ჯერ ცნობილ ბრიტანელ მწერალზე, მერე კი ცნობილ ამერიკელ მსახიობ ქალზე. ორივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

ამაზე ვერ გავიხუმრებ.

 

ქორწინებისგარეშე თავგადასავლები

ყველა ასაკის, ფერის, ეროვნების ქალთან მქონია ურთიერთობა.Mმათი მოხიბვლა, ისევე, როგორც წერა, მუდამ უზომოდ მაფრთხობდა. მაგრამ არასდროს ამირევია ისინი ერთმანეთში: ეროტიკული ლიტერატურა ურთიერთსაპირისპირო სიტყვების წყვილად მიმაჩნია. ჩემი წიგნები ლაღად საუბრობენ ქალის ძუძუებსა და პენისზე, უძლურებასა და ფრიგიდულობაზე, ათასგვარ სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, სადამდეც კი სექსს შეუძლია წაგვიყვანოს; მაგრამ არასდროს ცდილობენ ჩვენზე მოახდინონ ის ეფექტი, რასაც ახდენს სექსი.

მნიშვნელოვანი ქალები ჩემს ცხოვრებაში: ნინა, ილონა, ლესლი, ჯინ, ლეილა.

მნიშვნელოვანი ქალები ჩემს თხზულებებში: ზოსია, ლილი, ლილა, მინა, ლოლა, ლორა, ადრიანა, ალინ, ალიეტ.

დასკვნები თავად გამოიტანეთ.

 

ფული

ბევრი მივიღე და ბევრიც გავეცი; მუდამ ვშიშობდი, არ დამკლებოდა.

 

სიყვარული

ბევრი მივიღე და ბევრიც გავეცი; მუდამ ვშიშობდი, არ დამკლებოდა.

ჩემი ძაღლი სენდი მიყვარდა.

ერთადერთი ქალი, ვინც მართლა მიყვარდა, ფაქტების ჩემი ვერსიის მიხედვით, არის ილონა. მაგრამ ომმა დაგვაშორა და, როდესაც ოცი წლის მერე მომწერა – მას შემდეგ, რაც წაიკითხა ჩემი ავტობიოგრაფია, რომელშიც ჩვენს სიყვარულს მთრთოლვარე, რიდნარევი მოკრძალებით ვიხსენებდი – მაცნობა, რომ აღთქმა დადო და განმარტოებით ცხოვრობდა მონასტერში. მოვძებნე: სინამდვილეში ეს მონასტერი იყო ფსიქიატრიული საავადმყოფო და ილონა ფსიქიკურად დაავადებული იყო. თუ შიზოფრენია სჭირდა. რაღაც ამგვარი.

მიყვარს ოცნება იმ ცხოვრებაზე, რომელიც შესაძლოა, ერთად გაგვეტარებინა.

 

საცხოვრებელი ადგილები

დედამიწა. მრავალი წელი გამიტარებია საფრანგეთის გარეთ – ბულგარეთში, ბოლივიაში, შვეიცარიაში, აშშ-ში – მაგრამ სადაც არ უნდა მეცხოვრა, რეგულარულად გავრბოდი შორს, თითქმის ყოველთვის მარტო. ინდონეზია, მექსიკა, კამბოჯა, ინდოეთი, აფრიკა, იაპონია… ერთ ადგილას არ მედგომებოდა, რა.

 

პირადი რეჟიმი

მეძინა ცხრა საათი ღამეში, საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე. ვწერდი შვიდი საათი დღეში, რა პროფესიული მოვალეობებიც არ უნდა მქონოდა. ცხენივით ვნთქავდი საკვებს და ვირივით ვჟიმაობდი. გაბრაზებისას ვვარჯიშობდი, კალორიების დასაწვავად (სხვათა შორის, საკმაოდ კარგად ვჟონგლიორობდი.). არც ალკოჰოლს მივკარებივარ არასდროს, არც ნარკოტიკებს, რადგან ისინი სხვა ადამიანად გარდამქმნიდნენ და წამიერად გამათავისუფლებდნენ საკუთარი თავის უკიდურესად ძლიერი ზეგავლენისგან. როგორც ნაცემი ქალი ვერ შორდება ქმარს, ისე ჯიუტად ვებღაუჭებოდი ჩემს საკუთარ საძაგელ ინდივიდუალობას.

 

ნაკლოვანებები

ვგიჟდებოდი საკუთარი თავის გაკილვაზე, მანკის ხაზგასმაზე ხმამაღალი ხარხარით: ასე სხვა ვეღარავინ მეტყოდა, ყოველ შემთხვევაში სერიოზულად, რა ზადიც გამაჩნდა; ყველას ვასწრებდი.

 

ღირსებები

გრძნობა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ჰარაკირის იუმორი. ჩემი გამორჩეულად საყვარელი ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიმეორებდი – ვიცი, ვმეორდები – იყო რაღაც ამგვარი: ის სრულიად განსხვავდებოდა ჩემგან, ამიტომ შეიძლებოდა, ერთმანეთისთვის გაგვეგო.

თავშესაქცევ წინადადებებს ერთმანეთის მიყოლებით ვაგზავნიდი, გაიჭრებოდნენ, მერე უეცრად საკუთარ თავს უბრუნდებოდნენ, თავიანთ მუცელში დანას დაიცემდნენ და ძირს უგრძნობლად ეცემოდნენ.

ვერავინ შეამჩნია ეს სუიციდური სინტაქსი, სანამ ძალიან არ დაგვიანდა.

 

ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა

რამდენიმე შემთხვევის გარდა, როდესაც სიკვდილს თვალებში ჩავხედე – ერთი დუელი პისტოლეტებით ლონდონში, 2-3 უბედური შემთხვევა თვითმფრინავით ფრენისას, ტიფის ციებ-ცხელება – ბრწყინვალე ჯანმრთელობა მქონდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მუდმივად ველოდი და მეშინოდა დაავადებისა. განსაკუთრებით, სიფილისისა. მაგრამ სიფილისი მეტაფორა იყო. სიკვდილის.

 

დროსტარება

აუტანელი სიტყვაა. ჩემთვის აუცილებელი იყო მოძრაობა. სწორედ ამიტომ მიყვარდა კინო და ვერ ვიტანდი მუზეუმებს, მიყვარდა მოგზაურობა და მეჯავრებოდა ისტორიული ძეგლები, მიყვარდა მოხიბვლა და მძულდა მონოგამია.

ხან გადარეული გზნება მიპყრობდა, ხან უცნაური გამოთაყვანება. არასდროს მიტაცებდა ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვდა სინელეს, მოთმინებას და გამეორებას, და რაც დროის გასვლას მაგრძნობინებდა: მებაღეობა, სამზარეულოში ტრიალი, ალპინიზმი, რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა.

ჩემი წარმოდგენა ჯოჯოხეთზე: უქმე დღეების გატარება სოფელში.

აი, სათაურები ჩემი სამი წიგნისა: “დაპირება განთიადზე”, “დღის ფერები”, “ღამე იქნება მშვიდი”.

რა თქმა უნდა, მაკლია ბინდი. “შფოთი შებინდებისას”. ყოველ ნაშუადღევს, როდესაც დღე იკლებდა, შიშით შეპყრობილი საწოლზე დავეგდებოდი. ზოგჯერ ისეთი დაუოკებელი თრთოლვა ამიტანდა, რომ იძულებული ვხდებოდი, დამამშვიდებელი ნემსი გამეკეთებინდა. ერთხელ კიბეზეც კი ჩავიქროლე და ეზო სირბილით გავიარე და თავით ნაგვის ურნაში ჩავხტი. ვმეორდები, ვიცი, ვიცი, ვმეორდები.

 

ლიტერატურული გავლენები

სარტრიც ჩემსავით მუშაობაზე გადაგებული და მექალთანე იყო; ჩემსავით ისიც ერთგვარად ვულგარულობისკენ იყო მიდრეკილი. ამას გარდა, თავის ცხოვრებასა და თხზულებებში განახორციელა ყველაფერი, რაც მძულს: ყბედობა, სერიოზულობა, დოგმატურობა, ფარისევლობა. სამწუხაროდ, ომის შემდეგ სწორედ ეს სჭირდებოდათ ფრანგებს.

მათ აგრეთვე განსაკუთრებულად უყვართ აბსურდი. აღფრთოვანდნენ, მაგალითად, როდესაც იონესკომ განუმარტა მათ, რომ ადამიანები იყვნენ მარტორქები, მე კი ვცდილობდი, მათთვის ამეხსნა, რომ სპილოები არიან ადამიანები.

ჩემი პირველი რომანის გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის მერე ვინმე სემ ბეკეტმა შექმნა რაღაც სახელად “ამაზრზენი”. მასAარაფერი ჰქონდა საერთო ჩემს უგვარობასთან. კაფკა, ბეკეტი, სელინი: ეს ნიჰილისტები არ ყოფილან ჩემი ძმები. მე ვიქტორ ჰიუგო ვიყავი, მკვდრეთით აღმდგარი გაზის კამერებისა და ატომური ბომბების, მასმედიისა და შიმშილობების პერიოდში. მე ცოცხალი ანაქრონიზმი ვიყავი: ომის შემდგომი პერიოდის ერთადერთი “ფრანგი რომანტიკოსი”, ბოლშევიზმისა და ნაბიჭვრობის ულმობელ სუსხში გაზრდილი.

არც თეორიას ვწყალობდი, არც თეორეტიკოსებს, მაგრამ იმ აზრების შემდეგ, რაც მოვისმინე ერთი ტიპისგან, სახელად მიშელ ფუკო, ვიზიარებდი მის ზიზღს ვინაობისადმი. ვერცერთი ვერ ვიტანდით ამად თუ იმად (განსაზღვრულად) ყოფნას.

არცერთი თქვენგანი არ მიცნობდა.

ზოგი იცნობდა გმირ პილოტს, ვინც წვლილი შეიტანა საფრანგეთის გათავისუფლებაში, ბევრი – საყვარელს, ზოგიერთი – დიპლომატს სოფიაში, ლოს-ანჯელესში, ლა პაზში, ბევრი – მეგობარს და ბევრიც – მეცენატს, სხვები – სცენარისტს, კინორეჟისორს ან მასხარას, სულ ცოტაოდენი – მწერალს, ერთადერთი – მამას, ორი – მეუღლეს, და ერთი – უძლურ, დაზაფრულ და უძღებ შვილს… ვერავინ შეძლებს ერთიანად შეიცნოს ჩემი ყველა “მე”.

ჩემი წიგნების უკანა ყდაზე წერდნენ სიამოვნებით, თითქოსდა ათეული სხვადასხვა ცხოვრებით ვიცხოვრე. მაგრამ სინამდვილეში მე არ ვარსებობდი. უბრალოდ, ხუმრობა ვიყავი. მისტიფიკაცია. ერთხანობა გაცდუნეთ, თვალი მოგჭერით, მერე კი ფარდა დაეშვა.

 

ბავშვები

საკუთარი თავის გარდა, “საკუთარი თხზულებების შვილისა”, ათასი პერსონაჟი ვშობე: კლოუნები და ჟონგლიორები, კომიკოსები და დიპლომატები, საქმიანი ადამიანები და ხანშიშესული ქალბატონები, ბავშვები და ფანატიკოსი პოლიტიკოსები, მექანიკური თოჯინების შემქმნელები და ფრანები – უზარმაზარი, ხელების ქნევით მოლაყბე ბრბო, რომელიც შედგება ადამიანებისგან მთელი პლანეტიდან – და ისინი ლაპარაკობენ, ჟიმაობენ, იცინიან, ტირიან ოთხი ათწლეულის მანძილზე… ეჰ, ბოლოს მაინც მოგაგებ საზღაურს, დედა!

მიუხედავად ჩემს გმირობათა შთამბეჭდავი ნუსხისა, ორმოც წელს მიღწეულმა აღმოვაჩინე, რომ ეს არ კმაროდა, დამაჯერებელი არ იყო. უარესი, ვფიქრობდი, რომ ეს თვითმარქვიობას ჰგავდა. მე კი მისტიფიკატორი ვიყავი, შარლატანი, ვისაც ოდესმე ნიღაბს ჩამოხსნიდნენ, ამხილებდნენ იმისთვის, რაც ის სინამდვილეში იყო: არარაობა.

Dაბა, ბიოლოგიური მამობა? იქნებ ამას გაეჩინა ჭეშმარიტი ფესვები და დავეშოშმინებინე…

ჰო, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებული იყო, ძალიან დაგვიანებული. როდესაც ჯინ სებერგმა ჩვენი ბიჭუნა დიეგო გააჩინა, 1963 წელს, უკვე ორმოცდაათს ვუკაკუნებდი.

ვერასდროს შევძლებ ჩემს ვაჟთან საუბარს, – ვწუწუნებდი მე, – ბედისწერა ჩვენს წინააღმდეგ არის. როდესაც ისე წამოიზრდება, რომ მესაუბროს, მე უკვე გარდაცვლილი ვიქნები.

 

უდროო სიკვდილის მიზეზი (თუ მეტი ადგილი გჭირდებათ, თანდართული სუფთა ფურცლები გამოიყენეთ)

 

მე და ჯინი 1969 წელს დავქორწინდით. ჩემზე ოცდახუთი წლით უმცროსი, იდეალისტი იყო. მგზნებარედ იცავდა “შავი ავაზების”[4] მოძრაობას, მას მთელ თავის დროსა და ფულს სწირავდა; არ მინდოდა, ჩემი ხანშიშესულობით და ცინიზმით გამესრისა.

განქორწინების მერე კვლავ დაორსულდა. ჩემსავით ბავშვი ჩაესახა: უცნობი მამისგან.

FBI-მ საჯაროდ განაცხადა “ნიუსვიკში”, რომ იგი “შავმა ავაზამ” დააფეხმძიმა. ღრმად შეურაცხყოფილ ჯინას წესიერად აღარ სძინებია ორსულობის დანარჩენ პერიოდში. თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ დაიბადა პაწია გოგონა, რომელიც ხუთი დღის მერე გარდაიცვალა. მას დაარქვა ნინა, დედაჩემის სახელი. და აიოვაში წაიყვანა დასაკრძალად.

ამის მერე რაღა უნდა მექნა?

1972 წელს ჩემი რომანის “გრძნეულები” გამოქვეყნების მერე, ანდრე მალრომ ბარათი გამომიგზავნა, რომელშიც მწერდა, რომ “მას არ ეგონა, თუ ასეთ წიგნს კიდევ შექმნიდა ვინმე”.

რომენ გარი იყო სიქაგაცლილი, გამოფიტული, დაუძლურებული.

და მაშინ ნაბიჭვარმა ახალი ავტორი წარმოშვა.

ახალგაზრდა, მხნე, ნიჭიერი. ჩემი საკუთარი ბუნებრივი შვილი.

მას ემილ აჟარი დავარქვი. კიდევ ერთი რუსული სიტყვა.

გარი: დაიწვი!

აჟარ: აგიზგიზდი.

ემილ აჟარი დაიბადა, როდესაც ორმოცდაცხრამეტი წლისა ვიყავი, იმ ასაკისა, დედაჩემი რომ გარდაიცვალა. მაგრამ სწრაფადვე დამჭირდა ვინმე, ვინც მას განასახიერებდა (მე უსახელო სხეული ვიყავი, ის კი სახელი სხეულის გარეშე.). პოლ პავლოვიჩი ამოვირჩიე, ჩემი ბიძაშვილი დინას ვაჟიშვილი, რომელსაც “დისშვილს” ვეძახდი. სამი წლის განმავლობაში პავლოვიჩი თავაზიანად თამაშობდა აჟარის როლს აღფრთოვანებული პრესისა და საზოგადოების წინაშე.

აჟარის პირველ წიგნს ერქვა “დიდი და ალერსიანი”: ეს იყო ამბავი კაცისა, ვისი საუკეთესო მეგობარიც იყო პითონი. Aმან უეცრად მოიპოვა წარმატება. პავლოვიჩს ვთხოვე, მალროსთვის გაეგზავნა წიგნი წარწერით: “რომანი არ მომკვდარა!”

ეს, რა თქმა უნდა, იდუმალად მე მეხებოდა. რომანი – მე – არ ვიყავი მკვდარი.

ჯერ არა.

თამაშის უკეთ შესანიღბად, განვაგრძე აჟარის ბესტსელერების წერა, ჩემს “მდარე” რომანებს კი წელიწადში ერთს ან ორს ვქმნიდი. ყველა ეს წიგნი, “აჟარისაც” და “ჩემებიც”, განიხილავდა ერთსა და იმავე თემებს: დაბერების ტრაგედიას და სიყვარულის ნაკლებობას.

1975 წელს ემილ აჟარმა გონკურის პრემია მიიღო რომანისთვის “ცხოვრება წინაა”. თითქმის მაშინვე გამომჟღავნდა მისი “ჭეშმარიტი” ვინაობა: აჟარი “სინამდვილეში” პოლ პავლოვიჩი ყოფილა! ჩვენი ნათესაობის გამო, ბევრი ეჭვობდა, რომ მე დავეხმარე პავლოვიჩს “ცხოვრება წინაას” დაწერაში, ანდა სულაც მე თვითონ დავწერე. ამან განმარისხა. გულისწყრომით უარვყავი ამ თხზულების მამობა.

პოლი კვლავ თავდაჯერებით თამაშობდა აჟარის როლს, ამიერიდან მთელი დატვირთვით. მაგრამ სხვა ადამიანის განსახიერებისას მისი პიროვნება ნადგურდებოდა და მახინჯებოდა. საკუთარი ცხოვრება აღარ ჰქონდა. “გაფრთხილდი, – უთხრა ჯინ სებერგმა – რომენი კანიბალია, ძალიან არ მიუახლოვდე.” ვიცი, ვმეორდები.

ვინაობების ბადე ჩვენ გარშემო იკვრებოდა.

აჟარი იყო ჰიბრიდი, ფრანკენშტეინის ურჩხული დედის გარეშე, ვისაც სხვა არჩევანი არ გააჩნდა გარდა იმისა, რომ თავისი შემქმნელისკენ მიბრუნებულიყო და გაენადგურებინა.

რაკი გამომცემლებს და ჟურნალისტებს თანდათან უფრო მეტი ეჭვები უჩნდებოდათ, ემილ აჟარის სახელით დავწერე “ფსევდო”, რომელშიც “მე” – პოლ პავლოვიჩი – განვმარტავდი, რატომ გამოვიყენე ლიტერატურული ფსევდონიმი. სხვათა შორის, გიჟის ამ აღსარებაში, “მე”, ანუ ფიქტიური პოლ პავლოვიჩი, უმოწყალოდ ვუტევდი რომენ გარის, ვისაც ამ შემთხვევაში “ტონტონ მაკუტს” ვუწოდებდი.

ბუნებრივია, ერთადერთი ადამიანი, ვინც შეიძლებოდა საიდუმლოს ზიარებოდა, თვით პავლოვიჩი იყო; სწორედ მან დაბეჭდა “ფსევდოს” ხელნაწერი, მთელი მომდევნო ვერსიებით. ათასობით გვერდი, ერთმანეთთან უთავბოლოდ დაკავშირებული, სამი თვის განმავლობაში ვუკარნახე, მან დაბეჭდა, შემდეგ შევასწორე და მან ისევ დაბეჭდა. პოლი ვეღარ უძლებდა დაძაბულობას. მეც მის დღეში ვიყავი.

მაგრამ – the show must go on! (სანახაობა უნდა გაგრძელდეს!) – შუა ფსიქოდრამაში, რომელიც ჩემს კონტროლს უსხლტებოდა, კიდევ ერთი რომანი დავწერე რომენ გარის სახელით – “ფრანები”, რომელსაც, ჩვეულებრივ, ყველაზე ნათელ, მშვენიერ, სათუთ და თავშესაქცევ თხზულებად მიიჩნევენ.

იქნებ წინათგრძნობა მქონდა, რომ ის უკანასკნელი იქნებოდა.

ქალიშვილის გარდაცვალებიდან ცხრა წლის მერე, თითქმის იმავე დღეს, ჯინ სებერგმა თავი მოიკლა.

ამასობაში დიეგოს ძიძა კიბოთი გარდაიცვალა.

აშკარად ვჭირდებოდი ჩემს შვილს.

მაგრამ მას ვერასდროს ვესაუბრები, – ვწუწუნებდი მე. – ბედისწერა ჩვენ წინააღმდეგ არის.

როდესაც ისე წამოიზრდება, რომ მესაუბროს, მე უკვე გარდაცვლილი ვიქნები. ვმეორდები, ვიცი, ვიცი, ვმეორდები.

რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ტყუილში არ გამომიჭერდნენ, დიეგო ხელოვნურად გავზარდე მოზრდილობის ასაკამდე – სრულწლოვანება მივანიჭე და გავათავისუფლე ჩვიდმეტი წლის და არა თვრამეტი წლის ასაკში (სწორედ ასე მიყვარს ამ ამბის მოყოლა) – და დედამიწის ზედაპირიდან გავქრი.

სამოცდაექვსი. ქრისტეს ასაკზე ორჯერ მეტი. სამყაროს ცოდვები და ტანჯვა ჩემს მხრებზე ვიტვირთე, მაგრამ არავინ მიპირებდა ჯვარზე გაკვრას. რომენ გარი სამოცდაათი, ოთხმოცი, ოთხმოცდააათი წლისა? სასაცილოა. წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ბრწყინვალე ჯანმრთელობა მქონდა.

1980 წლის 2 დეკემბერს პარიზში წვიმდა. “რეკამიეში” ვისადილე ძველ მეგობართან და გამომცემელთან, კლოდ გალიმართან ერთად და სიგარა მოვწიე პირველად ბოლო სამი თვის განმავლობაში. მერე ნელი ნაბიჯებით გავეშურე სენ-ჟერმენ-დე-პრეს ავენიუდან ბაკის ქუჩამდე, გზაზე შევჩერდი და შევიძინე წითელი აბრეშუმის პენუარი, – თავზე შემოვიხვიე, როდესაც ლოგინზე დავწექი; მხოლოდ ტრუსი მეცვა, ისიც წითელი, რათა ლეილა საჭიროზე მეტად არ ამეფორიაქებინა.

ხომ გესმით, არ მსურდა, რომ უშნოდ გამოსულიყო.

მაგრამ თურმე სისხლის ერთი წვეთიც არ დაღვრილა.

გარი: დაიწვი!

აჟარი: აგიზგიზდი.

Out, out, brief candle (გარეთ, გარეთ, სანთელი! – უ.შექსპირი, მაკბეტი, აქტი 5, სცენა 5.)!

ტვინი უნდა დაიწვას.

ტყვია ყელში შეიჭრა.

რომანი არ მომკვდარა.

1994

P.S. 2002

ერთგვარად, თვით ის ფაქტი, რომ არსებობს დიდი ფრანგი მწერალი სახელად “რომენ გარი”, ამართლებს ნინას; ეს გამომსახველად ამტკიცებს იმას, თუ როგორ მოქმედებს ოცნებები რეალობაზე. მაგრამ გარდაცვალების მერე და რაც დრო გადის, თანდათან უფრო მეტად, გარი აღწევს მიზანს, რომელიც საკუთარ თავს დაუსახა – ამჯერად, თვითონ, და არა ნინამ, – სახელდობრ: იცოცხლოს, განაგრძოს ცხოვრება რაც შეიძლება მეტხანს, არა საუნივერსიტეტო კოლოკვიუმებსა და დისერტაციებში, არა მაღალი წრის დიალოგებში, ლიტერატურულ გადაცემებში, ჟურნალებში, ენციკლოპედიებში – არამედ ადამიანთა გულებში, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისა – როგორც მეგობარმა, ახლობელმა, ვინმემ, ვისთანაც შეიძლება განსაკუთრებული წუთები გაატარო, ვისაც შეგიძლია გაუზიარო დარდი, და ვინც უსაზღვრო მოთმინებითა და კეთილგანწყობით მოგისმენს.

© “არილი

 


[1] კრებულიდან “სულები და სხეულები” – რჩეული ტექსტები 1981-2003 წწ. პირველად გამოქვეყნდა საერთაშორისო ლიტერატურულ ბიულეტენში, N1, 1994.

[2] ადამიანი უბრალოდ ცუდი მოთამაშეა; პერიფრაზი: “ცხოვრება უბრალოდ ცუდი მოთამაშეა” უ.შექსპირი, მაკბეტი, აქტი 5, სცენა 5.

[3] ფრანგულად ერთნაირად ჟღერს სიტყვები “დედა” (la mère) და “ზღვა” (la mer).

[4] “შავი ავაზების” პარტია, ანუ BPP (ორიგინალურად “შავი ავაზების თავდაცვის პარტია”) იყო შავკანიანთა რევოლუციური სოციალისტური ორგანიზაცია აშშ-ში, აქტიური 1966-1982 წლებში. “შავი ავაზების პარტიამ” მოიპოვა ეროვნული და საერთაშორისო აღიარება “შავი ძალაუფლების” მოძრაობაში და 1960-იან და 1970-იან წლებში აშშ-ის პოლიტიკაში ჩართვით.

Facebook Comments Box