ემანუელეს ფეხები დასიებოდა, მაგრამ ფეხსაცმელს ვერ იხდიდა.
დედამისი, ქალბატონი ფლამინია მონტელეონე, ამას ვერ აიტანდა. – ან ახლავე ჩაიცვი ეგ ფეხსაცმელი, ან სამზარეულოში მიბრძანდი, მოსამსახურეებთან და იქ მიირთვი! ბაზარში კი არ ხარ! – აუცილებლად ეტყოდა, წინდებით რომ დაენახა სასადილო მაგიდასთან.
ასე, ბროკატოს დივანზე დედიკოსთან ერთად წამოსკუპული ილუკმებოდა მოხარშულ ბოსტნეულს, თან ახალ ამბებს უყურებდა.
თავის ოთახში გასვლა, საწოლზე დაგდება და სიკვდილი უნდოდა.
ფუ ამის, რა დღეა… გაიფიქრა.
სულ ლალას და მაგის ლიფ-ტრუსიკების ბრალია.
მაგისი ტანგების, კოლგოტკების, თიკნის ტყავის ხელთათმანების, კრემ-ლოსიონების! სამიდან რვა საათამდე აწანწალა საყიდლებზე სტეფანელში, ბენეტონში, ფენდიში. წიგნი არც გადაუშლია. სავაჭრო სამართლის გამოცდამდე სამი დღე რჩებოდა.
ტკივილმა დაუსერა მუცელი.
იმ ჯანსაღი კერძის კიდევ ერთი ლუკმა გადაიკვეხა საყლაპავში. დედიკოს კუჭის წყლულს უხდებოდა მოხარშული ბოსტნეული.
– კორი, მეორე კერძი რა გვაქვს?
ფილიპინელი მოახლე სამზარეულოდან შემოეჟღურტულა: – მოხარშული ბარდა.
ემანუელემ ტელევიზორს აუწია.
– ჩაუწიე, ემანუელე! საშინლად მტკივა თავი, – ქალბატონ მონტელეონეს გათანგული იერი ჰქონდა.
ვეღარ იტანდა. მუდამდღე იმ თავისი დედააფეთქებული თავის ტკივილით, ზიზღიანი სიფათით. გეგონებოდა, აყროლებული შიგანი შეჭამაო. ალისფერ სამოსში, პირში სიგარეტით და მუქი სათვალით იჯდა გაუთავებლად, ჩამომხმარი, ოხრახუშივით მწვანე, და იმ თავისი დამპალი წყლულის გამო მოხარშული ქათმით კვებას აიძულებდა ოჯახის წევრებს.
– კარგი, მე წავედი, დავწვები.
ქალბატონი მონტელეონე არ გატოკებულა.
ემანუელე წამოდგა და თავისი ოთახისკენ წალასლასდა, რისთვისაც აბსტრაქტული ნახატებითა და ქილიმის ხალიჩებით მოფენილი სამოცმეტრიანი დარბაზის გადაკვეთა მოუხდა.
ლამის ბოლოში გასული ოთახის კართან მიალურსმეს. – ემანუელე, ხომ გახსოვს, ხვალ დილით ქორწილში რომ მივდივართ? კორის ვთხოვე, შვიდის ნახევარზე გაგაღვიძოს, ლურჯი, კარაჩენის კოსტუმი ჩაიცვი…
ემანუელემ უხმოდ განაგრძო გზა.
ფუ ამის! ქორწილი! ამის დედაც, ხვალ სახლში გამოკეტვას და მეცადინეობას ვაპირებდი!
აღარ ახსოვდა.
ქორწილი სიენაში. სადღაც, სოფლის მივარდნილ მამულში, ციხესიმაგრეში.
აუცილებელია, გულიელმომ სიენაში შეირთოს ცოლი?
საერთოდ რას ირთავს ცოლს?
გასაგებია, რატომაც, ნათესავებს რომ გაუტრაკოს საქმე, აბა სხვა რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს?
ფუ ამის! წამოეთრიე ახლა ფეხზე შვიდის ნახევარზე და ძვირფასიდედიკუნას მუმიასთან ერთად იმგზავრე, გაუთავებლად რომ ჩაგძახის: – ნელა იარე, ემანუელე! ნელა! რაღაცას შევასკდებით!
ესმოდა მამამისის. ის უბედური ბელგიაში გადაიხვეწა, ოღონდ ამასთან არ ეცხოვრა. მერე წარმოიდგინა გამოპრანჭული ტიპები, ჭიქებმომარჯვებული ნათესავები და თავისი ბიძაშვილი გულიელმო, ცენტრალური იტალიის უდიდესი სირი, გაფოფრილ-გაბღენძილი, ვერმონტელ ქერა ცხენქალასთან – დონასთან ჩაპადრუჩკებული.
თავზარდაცემული გაუყვა მოხატულ დერეფანს. სიკვდილმისჯილს ჰგავდა, ელექტროსკამისკენ მიმავალს. ის ის იყო, თავის ბუნაგში აპირებდა შეძრომას, რომ ვიდეოდამაფონზე დარეკეს.
უპასუხა.
პატარა ეკრანზე ალდო დრებიანის დაკენკილი სიფათი გამოჩნდა.
მხიარული ღიმილი. ჟელეთი გატყლიპნილი გაქუცული თმა. პატარა, ცქვიტი თვალები. გრძელი ცხვირი.
– გავიაროთ, ბიჭუნი? – გააღრჭიალა დამაფონი.
– ვა, ალდო, რას აკეთებ, ამოხვალ?
– არა, შენ ჩამოდი, გავიაროთ.
– …. დაძინებას ვაპირებდი.
– რატო?
– მთელი დღე ლალასთან ერთად ვიბოდიალე, ხვალ დილაუთენია სიენაში მივდივარ.
– კაი ბატონო, შევკვეცოთ პროგრამა, თითო მოვწიოთ.
– არა… – მაგრამ მერე გადაიფიქრა. – კარგი, ჩამოვალ, თან სიგარეტზე გამიყვანე.
– ეგრე!
ყურმილი დაკიდა და ტყავის ქურთუკი აიღო.
გავიაროთ!
ეს მათ ენაზე უგოგოებოდ წანწალს, პლანით გახეთქვას, გამთენიისას ტანსაცმელჩამოფხოწილი, განგრეულ-გამოთაყვანებული სახლში მიჩანჩალებას ნიშნავდა.
ბოლო დროს ემანუელეს აღარ ეპიტნავებოდა ეს გასეირნებები.
გვირაბში რომ შერჭობ თავს, ისეა. პლანით ითხლიშები გამოქლიავდები ვეღარ მეცადინეობ ყველაფერი ხელიდან გისხლტება გამძიმებს შენი დამპალი ოთახი დედიკოს კამპანია ვახშმები სიენური ქორწილები. ფუ ამის, აღარ მინდა.
ალდო მამამისის ბეემვეში ჩაძნეყვებულიყო, გათბობა ბოლომდე აეწია. თავისი აქლემის ბეწვის პალტო ეცვა, ცისფერი პერანგი თვალებთან და ჯიხვის ტყავის ხელთათმანებთან შეეხამებინა ფერში.
შუბლზე თეთრი პლასტირი დაეკრა, პეპელასავით ეჯდა.
ემანუელე ჩაჯდა და პლასტირს მიაჩერდა: – რა გჭირს შუბლზე?
– კარი დაკეტე, დროზე, სიცივე შემოდის! – ალდომ მანქანა აწყვიტა. – აბა საით? – დაიღრიალა პინო დანიელეს ხმის გადასაფარად.
– სიგარეტზე. შუბლზე რა გჭირს-მეთქი?
ვია არქიმედეზე ეშვებოდნენ, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ჰაერი ნესტიანი იყო, ლამპიონების მბჟუტავი შუქი მკრთალად ანათებდა გზის პირას დაყენებული მანქანების რიგს.
– მოიცა, გეტყვი.
ევკლიდეს მოედანზე ორი წითელი შუქნიშანი დაიკიდა.
– წუხელ. “პაკიანას” ინაუგურაცია იყო ფრეჯენეში. დიჯეი იყო ეგეთი მაქს თრიფ თვენთიფაივ. მაგარი დომხალი იყო. ჰოდა ვინ გაეძრო ამ დომხალში?
– ვინ?
– მე და რიკარდო.
– ვინ რიკარდო?
– ქირურგი.
– მერე?
– მერე არაფერი. ვცეკვავდით. მაგრა ცხელოდა. ეთილური დონე – მოგეხსენება – უმაღლესი. ქირურგი ნესვის არაყს აწვებოდა. მერე ცუდად გახდა, ჩამომეკიდა, სახლში მინდაო. მაგან ხო გაჩერება არ იცის, ღორივით სვამს. მე უთხარი არ არსებობს-მეთქი, მე ხოშიანად ვარ, წადი და არწყიე-მეთქი. ჰოდა წავიდა, მაგრამ შეშლია და გოგოების ტუალეტი მოუთხლაშია. ჰო, ჯერ ის უნდა მეთქვა, რო პაკიანამდე მე და ქირურგი “ბოლონიელთან” ვიყავით, პამიდორში ჩაბუჟბუჟებული კანელონებით გავსკდით. მოკლედ არ იცი, რა დამართა იმ ტუალეტს! ჰოდა ის გოგო, ამან რო მაკიაჟის ჩანთაზე გადაუნთხია ის ნახევრადმონელებული მაკარონი, შეშლილა, გნიასი აუტეხია. იასნია, დაურხიეს. ჯერ იმ გოგომ, მერე დაცვამ. მე ჩემთვის ვიყავი აქეთ, არხეინად. არ მეკიდა? ჰოდა მიდგომია ეს ოთხი ბეხლეწი და გამოუძნეყვებიათ გარეთ. იმ გამოსირებულს კიდე წიხლები არ დაუშენია კარებზე? შემიშვითო, ვიპის საშვი მაქვსო! გაუღეს, აქედან მოწყდი თორე პოლიციას დავუძახებთო და მიუჯახუნეს კარები. იცი “პაკიანას” კარი?
ემანულემ თავი გააქნია, არაო.
– სეიფია რა, აზრზე მოდი. უჟანგავი ფოლადი. ტყვიაგაუმტარი. ამ ქლიავს ხელი ჩარჩა კარებში.
– ფუ ამის!
– სამი თითი წააწყვიტა! ჰოდა, ის თითები რო დავინაზე ძირს ახვანცალებული, ავდექი და დავაჯახე პირველივეს, დაცვას რა, ახლოს რომელიც იყო. მოკლედ, ბევრი რო აღარ გავატრაკო, ყველანი სასწრაფოში აღმოვჩნდით. რიკარდო, ეს ბეხლეწები და მე რიკარდოს თითებით ჯიბეში. მოიცა…. – ალდომ ჯიბე მოიქექა. – მგონი ხრტილითურაღაცა ჯიბეში ჩამრჩა… ჰოდა იმას ვამბობდი, ეგ უბედური ხო ქირურგობას აპირებდა. დაენძრა! ახლა რაღას იზამს? მაქსიმუმ ფსიქიატრი გამოვიდეს. ამის დედაც, კაცი ტვინს იქლიბავდე ორდინატურაში და ვიღაცა ჩათლახები სამი თითის ამპუტაციას რო ჩაგიტარებენ… აზრზე ხარ ახლა რაა ფსიქიატრიის ნულიდან დაწყება?
– ვერა ხარ, რა…
– ფუ ამის, ნახე… – ალდომ სისხლით მოთხვრილი ჯიბე ამოიტრიალა. – ქიმწმენდაში უნდა წავიღო…
– ფუ ამის დედაც, ეს რა მომიყევი! – ამოიგმინა ემანუელემ. – კაი ჰო, მოიტა მოსაწევი.
– არა მაქვს.
– როგორ, არა გაქვს?
– არა, არა მაქვს, მე მეგონა შენ გქონდა.
ალდომ ბარის წინ დაამუხრუჭა.
– კაი, არა უშავს. სიგარეტს ვიყიდი, – ემანუელე მანქანიდან გადმოვიდა.
ოლ ნაით ლონგი საძაგელი ადგილი იყო, თვალისმომჭრელი ვარდისფერი აბრით. შიგნით კაციშვილი არ იყო, ნორჩი ბარმენის და ჩასუქებული მოლარე დედაკაცის გარდა, ფრჩხილებზე რომ ლაქს ისვამდა. ემანუელემ ორი კოლოფი მარლბორო იყიდა და კოჭლობით გამოვიდა.
სასწრაფოდ სახლში უნდა წასულიყო, ის დამპალი ფეხსაცმელი გაეძრო.
როგორც კი მივალ ფეხებს ჩავალბობ სოდიან წყალში საათნახევრით. გულზე მოეშვა.
მანქანაში ჩაჯდა:
– ძალიან ცივა! მოსაწევიც არა გვაქვს. მე სახლში წავ…
დაინახა, რომ ალდომ პალტოდან გამჭვირვალე, თეთრი ფხვნილით სავსე შუშა ამოიღო.
ღმერთოჩემო…
– სიურპრიზი! კოკა! ახლა იწყება გასეირნება, ვერსია დელუქსი! – გაიკრიჭა ალდო.
– არააააა! არა რა! კოკა არა. მეძინება. ხვალ დილას ბიძაშვილის ქორწილში მივდივარ…
– გადაირიე?!? ესაა მსოფლიოში უმაგრესი კოკა. არ გჯერა? გასინჯე!
– მჯერა, მჯერა, მაგრამ არ შემიძლია. ხვალ ქორწილში უნდა წავიდე.
– არა, არა, არ გჯერა. რანაირად იტყვი, კაია თუ არა, თუ არ გასინჯავ. მიდი, მიდი, ერთი ხაზი, ჰა!
– არა, არ მინდა, მართლა.
ალდოს ორი ხაზი უკვე გაეშანშალებინა, ცხვირით ექაჩებოდა, თითით ღრძილებს იზელდა.
– მიდი ჰა, ერთი, – არ ეშვებოდა. და არც მოეშვებოდა.
– რა გაატრაკე! კარგი, ერთი და მერე სახლში წამიყვან!
ემანუელემ უხალისოდ შეისუნთქა თავისი წილი. ალდომ ადგილიდან აწყვიტა მანქანა.
ტიბრის გასწვრივ მიქროდნენ. პინო დანიელე “ო’ სკატაფონე”-ს გაჰკიოდა.
– ვა, მართლა მაგარია ეს კოკა! – გაიოცა ემანუელემ. – სად დაითრიე?
– წუხელ, – ჩათლახურად ჩაიღიმა ალდომ.
– პაკიანაში?
– არა, “მადლი ვქმნათ ძმანო”-ში.
– საავადმყოფოში?!
– ჰო. ის ბეხლეწი, სიფათში რო დავაჯახე, იმ მოასფალტებულ ცხვირში კოკას იტენიდა, ასე ამბობდა, აყუჩებსო, ჰოდა ცოტა ვთხოვე. ერთი იქვე ვსინჯე, რო ვნახე, რა ბომბა იყო, ავდექი და როლექსი გავუცვალე ოც გრამში! მაგარი საქმე გავაკ…. – მობილური აწკრიალდა. ალდომ ტელეკომის ოპერატორის ტონით უპასუხა: – ჩაო… როგორ ხარ? ჰოოო? ჰო. კარგი. კარგი… დამშვიდდი…. მოვდივარ!
მანქანა დაატრიალა, ბარიერზე გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებით გააჭრა.
– რას შვები? ვინ იყო? – შეშფოთდა ემანუელე.
– მელანია. ახლა მივაკითხავთ.
– სად?
– ტორპინიატარაში.
– არ არსებობს!!! აზრზე ხარ სადაა ტორპინიატარა? არ არსებობს. სახლში წამიყვანე! – გაცოფდა ემანუელე.
– ერთი შენი თავი დაგანახა! რა ჩემი ფეხები გინდა სახლში? რუმბას იცეკვებ საწოლში? წამო მელანია წამოვიყვანოთ და მაქსიმუმ ნახევარ საათში სახლუკაში მიგაცუნცულებ. კაი რა, მეზარება მარტო სიარული.
– ოღონდ ეს პინო დანიელე მოაშორე, აღარ შემიძლია, – ემანუელემ დისკი ამოიღო და დაამატა: – მელანია ვიღაა?
მელანია მანქანის საბარგულზე გადაწოლილიყო, ბნელში, ეწეოდა.
გზის გასწვრივ დაბალი, შეულესავი, ცემენტის ფილებგამოჩრილი შენობები ჩარიგებულიყო. ჩაჟანგული ჭიშკრები, ცოფიანი ძაღლები, გაუგებარი მშენებლობები. მოშორებით, ავტობუსის გაჩერებაზე ოთხი ტრაკმიყინული სომალელი აწურულიყო.
უბანძესი ადგილი.
– ეგერაა! – დაიძახა ალდომ და მელანიას დანახვაზე შენელების მაგივრად გაზს მოუმატა.
მელანიამაც დაინახა ბეემვეს ფარები, მანქანიდან ჩამოხტა და თმა და მინიკაბა გაისწორა.
ალდომ ხელის მუხრუჭი ამოქაჩა და პროფესიონალურად მიუჭედა მანქანა ფეხებთან.
– გამოქლიავდი?!? გინდა მომკლა? – გაიცინა მელანიამ და ხელებით დაეყრდნო ბეემვეს ადუღებულ კაპოტს.
ქუსლების კაკუნით შემოუარა მანქანას, უკანა კარი გამოაღო და ჩაჯდა.
მანქანაში სუპერმარკეტში ნაყიდი სუნამოს სუნი დადგა.
ფუ ამის! რა ასხია? ტარაკნების წამალი? გაიფიქრა ემანუელემ.
ისე, ქალი კი იყო, მელანია.
მრგვალი სახე, დიდი, მწვანე თვალები და გრძელი წამწამები ჰქონდა. შავი, ხუჭუჭა თმა თეძოებამდე სწვდებოდა. მსხვილი, ხორციანი ტუჩები პომადაში ჩაფლობოდა, ყურებზე თუთიყუშის ჩამოსაჯდომივით ვეებერთელა ოქროს რგოლები ეკიდა.
– უჰჰ! როგორ თბილა! გარეთ ტაკუნები მომეყინა! – გადაიკისკისა.
ცხვირში ლაპარაკობდა, წუწუნა ხმა და სამხრეთული აქცენტი ჰქონდა.
– როგორ ხარ, ალდო? – და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, ხელი გაუწოდა ემანუელეს. – მე მელანია კროჩეტი ვარ. სასიამოვნოა.
– ემანუელე, – მშრალად მოუჭრა იმან, და ხელი ჩამოართვა.
მელანიამ უზარმაზარი ქურთუკი გაიძრო. ზამშის ჟილეტი ძლივს უფარავდა მაქმანიან ლიფში გამოკვეხებულ ვეებერთელა ძუძუებს.
ემანუელემ გონებით შეადარა მელანიას ბარაქიანი მკერდი ლალას ციცქნა სარძევე ჯირკვლებს.
რატომ აქვთ წესიერ გოგოებს პატარა ძუძუები?
ალდომ ისევ ჩააგდო პინო დანიელეს დისკი და კოკაინიანი შუშა ამოიღო. ცხვირით შეისრუტა და ემანუელეს გადააწოდა.
– არა, გმადლობ, მეყოფა.
მელანია უკნიდან აწიკვინდა: – მე არ მთავაზობ? ალდო, რა გლეხი ხარ!
– აჰა! შე ნარკომანო! – უთხრა ალდომ.
ისე მიაწოდა შუშა, არც მიტრიალებულა.
ემანუელეს ყელში ამოსდიოდა ყველაფერი. ის ადგილი არ მოსწონდა. ის გამოსირებული სომალელებიც ცუდად უყურებდნენ მანქანას.
– აღარ წავალთ ამ სანაგვიდან?
დაიძრნენ. ალდო ასსამოცით მიქროდა კაზალინაზე, ცენტრისკენ. გზაზე ყვითელი შუქნიშნები ციმციმებდა. მელანია კოკაინს ეჩალიჩებოდა, ცხვირი თეთრად მოეთხუპნა.
– ნარკუშა არ გეგონო შენი ძმაკაცივით, ემანუელე. უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ ამ ცხოვრებისგან. უარს არ ვამბობ…. – განაცხადა ცხოვრებანანახი ქალივით.
ალდო გიჟივით ახარხარდა.
ემანუელეს უხერხულობისგან სისხლი გაეყინა ვენებში.
– ეს სადღა იპოვე? – ჩუმად ჰკითხა მეგობარს.
– ბებიაჩემის ექთანია.
– ბებიაშენის ექთანი? აჰ, ჰო, აბა რა!
ალდოს ოთხმოცდაცამეტი წლის ბებიას გაჭენებული სკლეროზი ჰქონდა, ქვეშ ისვრიდა და მომვლელი სჭირდებოდა, რომ ეჭმია და ტრაკი დაებანა: ეს საქმე ლამაზ მელანიას ევალა. ჰოდა ალდოც, ბებიკუნას შოკოლადებს რომ მიუტანდა, მომვლელსაც ზრუნვით მოიკითხავდა ხოლმე.
– აბა აბა, სად მიგყავართ, ბიჭებო? – მელანია წინ გადმოიწია, მოლოდინით აღსავსე ღიმილით.
– ემანუელეს მივიყვანთ სახლში, – უპასუხა ალდომ.
– რა?!? უკვე სახლში მიდიხარ?
– ჰო, ხვალ სიენაში ვარ… ჩემი ბიძაშვილის ქორწილში. ადრე უნდა ავდგე.
ემანუელე ვერ იტანდა თავის მართლებას, ახლა ამისთვის უნდა მოეყოლა თავისი გეგმები? ვინ ხარ, ვის დაკარგვიხარ?
– ატრაკებ რა. არ გკიდია ძმისშვილის ქორწილი? ჩვენთან წამოდი – არ ეშვებოდა მელანია.
– ძმისშვილი კი არა, ბიძაშვილია. და არ შემიძლია. მართლა. უკვე პირველი საათია. გვიანია. – გაღიზიანდა ემანუელე.
– შეეშვი ერთი ამ ზომბის. სახლში უნდა? წავიყვანოთ სახლში. – საქმეში ჩაერთო ალდო.
– გმადლობ. – ცივად მოჭრა ემანუელემ.
ვერ იტანდა ასეთ სიტუაციებს. ვერ იტანდა, რომ აწვებოდნენ. ვერ იტანდა თავის მართლებას. და საშინლად სტკიოდა ფეხები.
არ ჰკიდიათ ამათ, დავრჩები თუ დავიძინებ? ერთი დავბოლდები-მეთქი, ხუთი წუთით გამოვედი და აჰა, თქვენი დედაც, – ფიქრობდა გაცოფებული.
მგონი გადავრჩი, იფიქრა. ალდროვანდის ქუჩაზე იყვნენ. ერთ ნაბიჯი იყო მის სახლამდე. საწოლში ჩაეგდებოდა და დაივიწყებდა ალდოსაც, მელანიასაც და მთელ იმ დამპალ საღამოს.
– აუ როგორ მიყვარს პინო დანიელე! ბიჭებო, მოსაწევი მაქ. თითო არ მოვწიოთ უცებ? – გამოაცხადა მელანიამ. ღიმილი თითქოს აწებებოდა სახეზე.
– გაიგე? მოსაწევი ქონია. გაგიმართლა. – მიუბრუნდა ალდო.
ვერაფერს გააწყობდა. ერთიც უნდა მოეთმინა. ვალდებულად გრძნობდა თავს. ვალდებულად, კიდევ ერთხელ არ ეთქვა უარი.
– ოკეი, თითო გავაბოლოთ, გამოსამშვიდობებელი…
– აჰ, შე ძველო ბინძურო ღორო, ეგა ხარ აბა რა, გაბრუებული გინდა შეგორდე ლოგინში არა?!? – ალდო არ ეშვებოდა, ბეჭზე ხელს უბათქუნებდა, იდაყვით უჯიკებდა.
– შემეშვი ერთი, რას ირტყმევინები, – ემანუელემ თავის დახსნა სცადა.
ხეივნიან გამზირზე, კედელთან გაჩერდნენ. კანტი-კუნტად მიმოდიოდნენ მანქანები.
მელანიამ სწრაფად, ოსტატურად შეახვია. ემანუელეს მოაკიდებინა.
ჩუმად გადასცემდნენ ერთმანეთს მოსაწევს, კვამლს ფილტვებში იკავებდნენ. მერე ალდომ ბარდაჩოკიდან ვისკის ბოთლი გამოაძრო. ისიც ჩუმად გადადიოდა ხელიდან ხელში. ერთი ნაფაზი, ერთი ყლუპი, ერთი ნაფაზი, ერთი ყლუპი.
პინო დანიელე გაჰკიოდა: “ფატტე პიცცა კ’ა პუმმაროლა ‘ნკოპპ”.
ემანუელემ ვეებერთელა მთვარეს გახედა კედლის იქით. დაღლილი იყო. დაღლილი იყო დროის კარგვით. დაღლილი ვერმეცადიენობით. დაღლილი ნებისყოფის ვეღარ მოკრეფით. უცებ შუშის, მოტრიალე ბორბალში შეგდებული ციყვივით წარმოიდგინა თავი, სამუდამოდ ასე, ერთ ადგილზე სარბენად რომაა განწირული.
ხალხს ჰგონია, ციყვი ერთობა. არაფერიც. მოტყუებით შეყავთ იქ და უამრავი დრო სჭირდება იმის მისახვედრად, რომ სანამ სირბილს არ შეწყვეტს, ბორბალი არ გაჩერდება და ვერ ჩამოვა.
ემანუელეს უნდოდა, თვალები დაეხუჭა და დაეძინა, ხვალამდე, ზეგამდე, იქამდე, სანამ გამოცდის დღე არ ჩაივლიდა, ან სულაც ზაფხულამდე, სანამ დედამისი არჯენტარიოში არ წავიდოდა.
– ფეხზე ვეღარ ვდგევარ, წავიდეთ, – თქვა და ბოლო ნაფაზი დაარტყა. მერე ფანჯარა ჩამოსწია და ნამწვი გადააგდო.
მანქანაში შემოჭრილ ცივი ჰაერის ნაკადს ცხოველის განავლის სუნი შემოყვა.
– ფუ რა შმორი დგას! რა ჯანდაბაა? – მელანია უკანა სავარძელზე გადაწვა.
– ზოოპარკი, – უთხრა ალდომ და მანქანა დაქოქა.
– ზოოპარკთან ვართ?!? აუ რა მაგარია! არ ვყოფილვარ ზოოპარკში!
– თუ ჭკუით იქნები ალდო ბიძია წაგიყვანს, არა? – გამოსცრა ემანუელემ და თავად გაუკვირდა საკუთარი მჟავე ტონი.
– როდის? როდის წამიყვან ზოოპარკში?
– ახლა. – ალდომ მოტორი გამორთო.
– დაკეტილია, შე სირო. – დაიბოღმა ემანუელე.
– მერე რა? გადავძვრეთ.
– ჰო! მოდი! გადავძვრეთ! – მელანია აღეგზნო.
მელანიას ახლა ფოსტის რიგში დგომაც აღაგზნებდა.
– თქვენ გადაძვერით. მე ფეხით წავალ სახლში. კარგად იყავით. – უხალისოდ ამოღერღა ემანუელემ და წარმოიდგინა, რა გასეირნებაც ელოდა. მაგრამ მზად იყო, ფეხითაც წასულიყო, ოღონდ ახლა აქედან დაეღწია თავი. ქურთუკის საყელო წამოიწია, კარი გამოაღო და დაუმშვიდობებლად, ჯიბეში ხელებჩაწყობილი გაუყვა ჩაბნელებულ ქუჩას.
ელოდა, რომ ალდო რამეს იზამდა. გაეკიდებოდა, სახლში წაიყვანდა, მოკლედ რამეს გააკეთებდა. მიდიოდა, მარტო, აღმართში, ფეხსაცმელიც უჭერდა.
შენც არ მომიკვდე. ეს მართლა ჩათლახი ყოფილა.
სცადა, აღარ ეფიქრა ამაზე. ნაბიჯს უმატა.
მელანიას ხმა მოესმა. უკან მოსდევდა, ეძახდა. შემობრუნდა და გაჩერდა.
გრძელი ფეხები ჰქონდა მელანიას. ემანუელე გაუნძრევლად დაელოდა, ნაბიჯიც არ გადაუდგამს მისკენ.
გოგო ქოშინით დაეწია. ლოყები დაწითლებოდა სიცივისგან. – მართალი თქვი, ემანუელე, არ გევასები ხო?
ლამაზი იქნებოდა იმ მაკიაჟის გარეშე.
– რას ამბობ!
– აბა რატო მიდიხარ?
– ხო გითხარი, დაღლილი ვარ და ხვალ ადრე უნდა ავდგე. მართლა. არ გეწყინოს.
– კარგი რა, გთხოვ, ერთი გავიაროთ ზოოპარკში, ჩემი ხათრით.
ემანუელემ ფეხსაცმელებზე დაიხედა. ხმას ვერ იღებდა.
– წამო….
ისევ ვერ თქვა უარი. ისედაც მთელი საღამო უბღვერდა გოგოს. თან ახლა იმ თვალებით მისჩერებოდა…
– კარგი. გავისეირნოთ ზოოპარკში.
ალდო კედელს მიყუდებოდა და კოკაინში ჩაერგო სიფათი. ელოდებოდა.
ემანუელემ ალდოს სახეზე კიდევ ერთხელ ამოიკითხა ის ნაბოზარი გამომეტყველება, კარგად გიცნობო, რომ ეუბნებოდა.
– აბა წავედით, – თქვა ალდომ. ადგილზე ხტოდა, ცდილობდა, კედლის იქით გადაეხედა. ყველა ახტომაზე ის თავისი აქლემის ბეწვის პალტო უფრიალებდა. ცირკის ჯუჯას ჰგავდა. მერე მობრუნდა და არე-მარე დაზვერა.
– აქ შეიძლება. – დაასკვნა ბოლოს.
ემანუელე არ ერეოდა. თუმცა, სულაც არ მოსდიოდა ჭკუაში ის ადგილი გადასაძრომად.
– ჯერ მე ავიდე? – მელანია მხრებზე შეადგა ალდოს და კედლის კიდეს ჩაეჭიდა.
– ვაი! შუშებია, ჯანდაბა! გავიჭერი, ჩამომსვი!
ალდომ ჩამოსვა. მელანიას ხელისგულები სისხლში ჰქონდა მოთხვრილი, სლუკუნებდა: – იესო ქრისტესავით არა ვარ, ლურსმანჩარჭობილივით?
– ოკკეი! ტაქტიკა უნდა შევცვალოთ. – ალდო ისე ელაპარაკებოდა მელანიას, თითქოს ბავშვს არიგებსო:
– პირდაპირ ფეხებით შედექი კედელზე, ისე რომ ხელები არ შეახო, გაიგე?
ისევ ასწია, მაგრამ ძალიან დაბალი იყო, მარტო ვერ იზამდა.
– რა ჩემ ფეხებს აკეთებ მანდ, ემანუელე? გამოქლიავდი? არ მოგვეხმარები?
ემანუელემ საჯდომქვეშ ამოსდო ხელები მელანიას და უბიძგა.
– ტრაკზე ხელი გამიშვი, ღორო! – კეკლუცად გადაიკისკისა მელანიამ.
– აბა როგორ გიბიძგო, ხელი თუ არ მოგკიდე?
– ჰო, მაგრამ კი ნუ ისარგებლებ!
– საქმეს მიხედო, ის ჯობია.
– ესეც ასე! – მელანია კედელზე წამოიმართა.
ალდო სწრაფად მოქმედებდა, ემანუელეს შეახტა მხრებზე და წამში მოექცა კედელზე. მაიმუნივით.
– ხელები მოიტა, მე ამოგწევ. – ჩამოსძახა ემანუელეს.
ემანუელემ ხელები ჩასჭიდა.
ამ დროს ლურჯმა შუქმა მიანათა.
პოლიციის პატრული უახლოვდებოდათ. ნელა მოდიოდა.
– ფუ ამის! გამიშვი! ხელი გამიშვი!
მანქანა ახლოვდებოდა. მალე დაინახავდნენ კიდეც. ალდომ ხელი გაუშვა, ამ დროს ჯიბიდან რაღაც მძიმე, ლითონის საგანი გადმოუვარდა და გზაზე გადახტა.
პისტოლეტი!
პატრული ორმოცდაათ მეტრზე იქნებოდა. ემანუელე გზის პირას ხეს ამოეფარა.
– აიღე! – დაბალ ხმაზე უყვიროდა ალდო – დაინახავენ!
– გამოსირდი შეჩემა?!? რა ფეხებად გინდა იარაღი? – გასძახა ემანუელემ.
– აიღე!
ემანუელემ შეიცადა.
– აიღე-მეთქი, შენი!
ემანუელემ ისკუპა, პისტოლეტი ჯიბეში ჩაიდო და ისევ ხეს ამოეფარა გულგახეთქილი.
პატრულმა ჩაიარა.
ემანუელემ კედელს ახედა. ალდო აღარ ჩანდა.
– ალდო!
არავინ უპასუხა.
– ალდოოოო!
არავინ უპასუხა.
– შენი დედაც, ალდო! – დაიძახა კიდევ და სახლისკენ გაუყვა.
დამადო. აიღო და დამადო. რა ჩემი ფეხები ვუყო ახლა ამ პისტოლეტს? რომ გამაჩერონ და გამჩხრიკონ? პირდაპირ ციხეში მიკრავენ თავს. ციხეში დამალპობენ იმ სირის გამო, გაცოფებული იმეორებდა გულში და მიაბიჯებდა.
ნაგვის ბიდონი დაინახა.
გადავაგდებ!
ჯიბეში ჩააცურა ხელი, ცივი ლითონს შეეხო.
გადავაგდებ!
ხელი მოუჭირა.
არა. ვერ გადააგდებდა. იუველირის პისტოლეტი იყო. ალდოს მამის. ის ლითონის ნაჭერი რომ ედო ჯიბეში, ალდოს თავი მაგარი ბიჭი ეგონა. საგზაო ნიშნებს ესროდა ხოლმე. ჩაციკლული იყო იმ იარაღზე.
რომ გადავაგდო, შეგვიდებენ, იუველირი – ალდოს, ალდო – მე. მანქანასთან დაველოდები… არა, ვინ იცის, როდის დაბრუნდება, ჯობია შევიდე, მივცე და მოვრჩე ამ მაიმუნობას. ხო, ასე ვიზამ.
კედელთან მუხა იდგა, განიერი ტოტები კედელს სცილდებოდა. ემანუელე ხის წინ დაყენებული ტიპოს სახურავზე ავიდა, ახტა და ტოტს ჩამოეკონწიალა. მერე გაცოცდა, კედელს გასცდა და ჰაერში დაეკიდა. ლამპიონების შუქი შიგნით ვერ აღწევდა. ერთხანს ასე დარჩა, გაყურსული.
რამსიმაღლე იქნებოდა? ღმერთო, იმედია ძაან მაღალი არაა.
ღრმად ჩაისუნთქა და ტოტს ხელი გაუშვა.
რაღაც რბილზე დაეცა, იგრძნო, როგორ ჩაიზნიქა ზედაპირი მისი სხეულის სიმძიმისგან.
წაბორძიკდა და ხელები გაშალა, რომ წონასწორობა არ დაეკარგა.
გადავრჩი!
საშინელი სუნი იდგა. მძორის, ნეხვის, აქოთებული ოფლის, ნაგვის. ვერაფერს ხედავდა…
ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ იგრძნო, ცალი ფეხი დაბმული ჰქონდა. გამოხსნა სცადა. ვერ შეძლო, გაურკვეველ, მკვრივ მასაში ჩაფლულიყო, რაღაც ნოტიო, ლორწოვანი ეკვროდა კოჭზე და არ უშვებდა. წინდები გაჟღენთოდა.
დაიხარა. ხელი მოაფათურა.
ქურქი.
ქურქი???
ცხოველი.
გულმკერდის ღრუ შეენგრია ფეხით და ახლა მისი ტერფი ამ ვიღაცის თუ რაღაცის შიგნეულობაში ფართხალებდა.
დავბრიდე. ამის დედაც. სული გავაცხებინე.
ჯიბეები მოიქექა სანთებელას მოსაძებნად.
იპოვა. აანთო.
იქაურობა მოათვალიერა.
ხორცშემოცლილი თავი, ცარიელი თვალის ღრუები. თავის ქალას პირის ღრუდან ვეებერთელა, გაბიჟვინებული, სლიკინა ენა გამოსჩროდა. ათასობით ბუზი და მატლი ეხვეოდა ყურებზე, თვალებზე, პირზე. ემანუელემ იგრძნო, როგორ წამოუვიდა ყელისკენ ვისკით ნაზავი მოხარშული ბოსტნეული და საყლაპავის კედლები აუწვა. უკან ჩააბრუნა ყველაფერი. ახლა რწყევის დრო არ იყო. ახლა ერთადერთი რამ უნდოდა: ფეხი დაეხსნა ამ ლეშიდან.
ფუ ამის! ღმერთოოოოო!
კოჭზე ფილტვების ღრუბლისებრ ფაქტურას გრძნობდა. ეპილეფსიანივით ახვანცალდა ტერფის გასათავისუფლებლად. მასთან ერთად მძორიც აფართხალდა, თითქოს გაცოცხლდაო.
ძლიერი ბიძგით გამოგლიჯა ფეხი. ლეშს ავბედითი დანებივით ამოეჩარა ნეკნები ნახევრადგახრწნილი გულმკერდიდან. ემანუელე უკან გადაქანდა და აყროლებულ თივაზე დაეცა ზურგით. სწრაფად წამოდგა და გაიქცა.
გალია ღია იყო, ერთ წამში ზოოპარკის მოხრეშილ ბილიკზე აღმოჩნდა.
ზამთრის სუსხი სისხლით გაჟღენთილ შარვალს ფეხებზე აყინავდა. ფილტვების დახეთქვამდე ირბინა, მერე გაჩერდა. ორად მოკეცილი, დიდ ყლუპებად ისუნთქავდა ჰაერს.
მერხზე ჩამოჯდა.
გული უბაგუნებდა. გარშემო დატუსაღებული ჯუნგლების ყრუ ხმაური ისმოდა.
ევკალიპტების ტოტებში მთვარის სხივები აღწევდა და ყვითელი, ჭუჭყიანი შუქით ანათებდა იქაურობას. წინ, შადრევნიანი მოედნის მეორე მხარეს, აქლემებს ეძინათ გალიაში. უძრავად. მუხლი მოეყარათ, ბებერი მლოცველებივით.
კმარა! აღარ შემიძლია. სახლში მინდა!
თავის ოთახში წარმოიდგინა თავი, საწოლში, ფეხშიშველა, სუფთა, ფუმფულა საბნის ქვეშ, ტელევიზორის პულტით.
ბოლო უნდა მოეღო ამ ამბისთვის.
ისინი სადღა დაიკარგნენ?
მაიმუნების გალიას ჩაუარა. ცარიელი იყო. მგლებმა ჯოჯოხეთური ღრენა აუტეხეს.
ეს ნაბიჭვრები იმდენს იზამენ, ვინმე დამიჭერს.
გაფაციცდა, მიმოიხედა. მერე გატკეპნილ გვერდით ბილიკს გაუყვა და უცებ წყლის ხმა და სიცილი შემოესმა.
ეგერ არიან!
ალდო და მელანია აუზის მოაჯირზე გადაყუდებულიყვნენ. სამმეტრიანი ცემენტის აისბერგები დაყუდებოდათ თავზე.
ქვევიდან ვეებერთელა ზღვის ლომს წაეგრძელებინა პრიალა კისერი. მელანია ჯეკ დენიელსს ასხამდა ხახაში. ფარფლოსანი გემრიელად იყლურწებოდა და იცინოდა.
– აააა, შე დამპალო ლოთო! – ჯღაოდა ალდო და ცდილობდა, შეხებოდა ცხოველს.
ემანუელე უხმოდ მიადგა უკნიდან. ერთი სული ჰქონდა, ხელი ეკრა და წყალში გადაეყუდებინა.
– ჰა, წავედით? – მშვიდად იკითხა.
შეხტნენ. მოტრიალდნენ. ბავშვებს ჰგავდნენ, მურაბის ქილაში ხელჩაყოფილებს უფროსი რომ წაადგებათ თავზე.
– სად იყავი? ვერა ხარ ხო იცი! მოდი ერთი ამას უყურე, მელანია ზღვის ლომს ათრობს!
– ნახე, ემანუელე! გიჟდება ვისკიზე, – ჭიკჭიკებდა მელანია.
– მოიცა ერთი. საშინელება დამემართა. მძორში ვტოპე ფეხი. ნახე, – ალდოს გასისხლული ფეხსაცმელი აჩვენა.
თვალების ადგილას ორი მუქი, უძირო ხვრელი ჰქონდა ალდოს. ნელა დაიხარა. დააკვირდა. მერე ახარხარდა, ცხვირში იცინოდა, გეგონებოდა, ამაზე გასართობი ცხოვრებაში არაფერი ენახა. შუბლზე მიკრული თეთრი პლასტირის ქვეშ არტერია ებერებოდა, ლამის ამომსკდარიყო.
– გასართობს ვერაფერს ვხედავ… – ჩაილაპარაკა ემანუელემ. მერე მიტრიალდა და წავიდა.
– მოიცა! გაჩერდი! სად მიდიხარ? – გამოენთო ალდო. – შენი დედაც, გაჩერდი ერთი წამი. რაღაც უნდა გითხრა.
ემანუელე გზას განაგრძობდა.
– კაი რა, ყველაფერზე ნუ ბრაზდები. მოიცა ერთი წუთი, კაი რამე გითხრა!
ემანუელე არ გაჩერებულა.
– კარგი კი არა, გადასარევი. ამის დედაც, აღარ გაჩერდები? გავითიშე, სირბილი არ შემიძლია… – მოქოშინებდა უკან.
ემანუელე შეჩერდა. მიტრიალდა. მკაცრი მზერა მიაჭედა ალდოს.
– მისმინე ალდო, სიგარეტზე გამოვედი, გითხარი, ხვალ ჩემი ბიძაშვილის ქორწილში მივდივარ-მეთქი. შენ დაიკიდე. ჯერ კოკაინიო, მერე ეს კრეტინი ნაშაო, ახლა ეს დამპალი ზოოპარკი. მორჩა. გავიყინე, მძორში ჩავყავი-მეთქი ფეხი, ფეხსაცმელი მიჭერს. სახლში მივდივარ.
– კარგი ჰო. წადი, სადაც გინდა იქ წადი. რაღაც უნდა მეთქვა.
– რა?
– მელანიამ რაღაც მითხრა შენზე.
– რა გითხრა?
– მითხრა, კაი ტიპიაო, მაგრა მომწონსო.
ემანუელეს წამით ენა გაუშრა. მერე მხრები აიჩეჩა: – არ მკიდია?
– აბა მართალი ვყოფილვარ, რომ გეუბნები სირი ხარ მეთქი! ქალი ფეხებგაშლილი გელოდება და შენ კიდე სახლში მიდიხარ.
– ჰო, სახლში მივდივარ. სულ სირზე მკიდია. დიახაც სირი ვარ.
ალდომ მკლავში წაავლო ხელი.
– ვერ გავიგე, რამე რომ გაქვს სათქმელი, აუცილებლად უნდა შემეხო?
ალდომ ხელი გაუშვა.
– ოკკეი, მოდი ვიაზროვნოთ. როგორია? მაგარია?
– კი…
ალდო თავად კი არ ჩანდა მთლად დარწმუნებული, მაგრამ ემანუელე მართლა ასე ფიქრობდა. მელანია სასწაული ნაშა იყო.
– ნახე რა ძუძუები აქვს?
– ჰო.
– გიჟიმავია მაგასთან?
– რას მეკითხები შეჩემა?? არა!
– მე კი. ჰოდა მეტს არაფერს გეტყვი. მიდი, შენია.
– აქ? შენ ვერა ხარ, ხო იცი!
– აქ. აბა სად.
– ჯერ ერთი, არ მომცემს. და მერე, არც მინდა.
– ჰოდა ეგრე თქვი, რო არ გინდა, იმას კი ნუ ამბობ, არ მომცემსო. წამში მოაყომარებ.
– მოკლედ არ იშლი?
– მიდი რა! – ალდო უჯიკებდა. თან იცინოდა.
ემანუელემაც სიცილი დაიწყო. იდიოტებივით იცინოდნენ.
– მივიდე? დარწმუნებული ხარ?
– მიდი ჰო. მე აქ დაგელოდები, სკამზე, აქლემებს ვუყურებ. დანგრეული ვარ. ეგება დავანძრიო კიდეც, – დაამატა ალდომ, და უცებ დასერიოზულდა.
ემანუელე მელანიას მიუახლოვდა. გოგო კენგურუების გალიასთან იჯდა და ბოთლში ჩარჩენილ სასმელს წრუპავდა.
გვერდით მიუჯდა.
– უი! აქა ხარ? სად იყავით? სადაა ალდო? – მელანიას კბილები უკაწკაწებდა სიცივისგან და ხელებს იფშვნეტდა.
– გველების სანახავად წავიდა.
– ფუ რა საძაგლობაა, მეზიზღება გველები. ხვლიკებიც.
– გცივა?
– მაგრად.
ემანუელე მოეხვია. ისევ ეცა სუპერმარკეტის სუნი.
გოგომ მხარზე თავი ჩამოადო.
მოეფერა. მაგრამ იგრძნო, რომ დიდად აღარ უნდოდა. წეღანდელი აგზნება წამში ჩაფლავებოდა, ტორტი რომ ჩავარდება, ისე.
მელანია კისერზე ჰკოცნიდა.
მართალი იყო ალდო, მიმცემი იყო.
ლალა გაახსენდა. რამდენი ხანია ერთად იყვნენ?
შვიდი წელი. მთელი ცხოვრება.
მელანიამ პერანგში შეუცურა ხელი. ემანუელემ ვისკი მოსვა.
რომელი საათი იქნება? ძალიან გვიანია. გამოცდამდე სამი დღე დარჩა.
მერე?
მწივანა, საძაგელი ხმა აუსისინდა ყურში.
ისევ ჩაიჭრები. ჰოდა დედაშენი ახლა კი ნაღდად შეგიდებს.
მაგრამ ეშმაკი არ ჩუმდებოდა.
შენც არ უთხრა. არავის არ უთხრა, არც ლალას.
მელანიას შეხედა.
შარვლის შესაკრავზე ეჩალიჩებოდა.
იცი, რასაც გეტყვის შენი საცოლე:
“უხერხემლო ხარ, უამბიციო…”
როგორ უნდა ათქმევინო ასეთები?
მელანიამ შარვალი გაუხსნა და ხელი მოჰკიდა. გალაქული ფრჩხილებით ეფერებოდა, მსუბუქად ბრჭყალავდა. ემანუელემ გვერდით გაიხედა, შავი ზღვის ლომები დაბალ წყალში დასრიალებდნენ.
კუჭი ეკუმშებოდა, შიში ავთვისებიანი სიმსივნესავით აწვებოდა ტრაქეას. თვალები დახუჭა.
ყველაფერს მივაგდებ. წავალ. შორს წავალ. ავსტრალიაში. ხელახლა უნდა დავიწყო, მეცადინეობა უნდა დავიწყო. პლანი უნდა გადავაგდო. ამ სირობებს შევეშვა… თავიდან დავიწყო…
წამში გაათავა, მერხის ფიცრებზე ხელმოჭერილმა.
თვალები გაახილა. მელანია უღიმოდა, ხელმოთხუპნული.
– რაზე გავიწმინდო? – გაუცინა.
– არ ვიცი, – ემანუელემ მიმოიხედა.
ალდო შორიდან უყურებდა, ლამპიონს მიყუდებული, თან ეწეოდა. ემანუელემ ჭადრის ფოთოლი აიღო და მელანიას მიაწოდა.
– ამით გაიწმინდე.
ალდომ სელაპების აუზში მოისროლა ნამწვი და იქაურობას გაშორდა.
– კი მაგრამ, მოგწონვარ? – მელანიამ თავი დაადო მუხლებზე.
– კი…, რა თქმა უნდა, მომწონხარ.
– რა მოგწონს ჩემი ყველაზე უფრო?
რა სირობებს მეკითხები?
– თვალები.
– გმადლობ! იცი, პირველი ხარ, ვინც თვალები მითხრა. ყოველთვის ძუძუებს ამბობენ ხოლმე. იცი რა… მე ხომ გასიამოვნე რომ… მოკლედ… ხომ მიხვდი.
– კი, ძალიან საყვარელი ხარ.
– შენც გამიკეთებ, ერთი რამე რომ გთხოვო?
– რა გინდა? – ემანუელე სერიოზულად ნერვიულდებოდა.
ახლა რაღა ჩემი ფეხი უნდა? მიყვარხარ და ამისთანობა?
– მინდა… – მელანია წამით შეყოვნდა: – კენგურუ… ის, პატარა, – მარჯვნივ, გალიაზე მიუთითა.
დაჟანგულ, გრძელ, ვიწრო გალიაში ორი კენგურუ იჯდა. დიდი და პატარა. ცემენტზე ჩაცუცქულიყვნენ.
– რა??
– შეგიძლია პატარა კენგურუ დამიჭირო? მინდა, მოვეფერო.
– ხუმრობ?
– კარგი რა! გეხვეწები. მე რო დაგინძ….
ემანუელე დამდუღრულივით წამოვარდა.
– რას მიედ-მოედები? ეგ რა ლაპარაკია? ვინც დამინძრევს, ყველას კენგურუ უნდა დავუჭირო? მინეტისთვის აბა რაღას მომთხოვდი? თეთრ დათვს? რას ნიშნავს??
– რა აგრესიული ხარ! ერთი რამე გთხოვე. – გაიბუტა მელანია.
– რა მთხოვე, შენ ვერა ხარ! იცი რას გეტყვი, მე შენი არაფერი მმართებს, თუ დამინძრიე, თავად გინდოდა და იმიტომ, გასაგებია? – ვეფხვივით ბრდღვინავდა ემანუელე და მერხის გარშემო დარბოდა გაცოფებული. უნდოდა, ეცემა, მაგრამ ძალიან ერეოდა გული.
ალდო მიუახლოვდა. პალტო გაეხადა, წელზე შემოეხვია და მიწაზე მოსთრევდა. ასე კიდევ უფრო ჯუჯა მოჩანდა.
– რა ხდება? რა ამბავია? დაცვა გინდათ გააღვიძოთ? – მელანიას მიუჯდა გვერდით და ვისკის ბოთლი აიღო. ცარიელი იყო. ზღვის ლომებს გადაუგდო.
– არაფერი… არაფერი… – ემანუელე მიწას დაჰყურებდა.
– რა და გლეხია ეს შენი ძმაკაცი! ერთი რამე ვთხოვე და შეურაცხყოფა მომაყენა, – გაბუსულმა მოახსენა მელანიამ.
– ამან ზედმეტი დალია! – ემანუელე ნაძლადევი სიცილით მიუბრუნდა ალდოს. – დამინძრია, გესმის, ჰოდა ახლა კენგურუს მთხოვს.
– იცი რა, არაა საჭირო უზრდელობა. მე არაფერიც არ გამიკეთებია. – ჩაიბურტყუნა მელანიამ.
– შენ დაწყნარდი. – საქმეში ჩაერთო ალდო. – შენ კიდე აქეთ გამოდი. – ხელკავი გამოსდო ემანუელეს და იქაურობას მოაშორა.
– ჰა, მოხდა?
– გითხარი, ვერაა-მეთქი! კენგურუ უნდა. – ემანუელეს ბრაზისგან ენა ებმოდა, სახეზე ალმური გადასდიოდა.
– რად უნდა კენგურუ?
– უნდა მოეფეროს. – მელანიას ხმას გამოაჯავრა ემანუელემ.
– შენც მიდი და მოუყვანე. – მხრები აიჩეჩა ალდომ.
– ვერ გაიგე, ალდო, პატარა კენგურუ გამომიყვანეო, მთხოვს, ეგერ, გალიაში რომ სძინავს დედასთან ერთად.
– გავიგე, გავიგე. უნდა? შენც ადექი და გამოუყვანე! რო გასიამოვნა, კაი იყო? ხო მართლა, როგორი იყო?
– ძალიან კარგად დაინახე. იქ არ იყავი!
ალდოს არაფერი უთქვამს.
უხმოდ გაუყვნენ ბილიკს ტურების გალიისკენ.
– კაი რა, მე თუ მკითხავ, უნდა გამოუყვანო. რას კარგავ? გადაძვრები, წამში დაიჭერ და მერე მე დავაბრუნებ უკან. ჰოდა დამთავრდება ყველაფერი, იმან პატივი გცა, შენ კენგურუ დაუჭირე.
ემანუელე ადგილს მოწყდა და კენგურუების გალიისგენ წავიდა.
– სად მიდიხარ? – მიაძახა ალდომ.
– წადი შენი! გამიტრაკეთ საქმე! ორივემ! თუ ამით დამთავრდება, დავუჭერ ბატონო! ვეღარ ვიტან ამ ამბავს. მაგარი დრო მატარებინე, ალდო. დიდი მადლობა.
ნებისმიერ რამეზე მზად იყო იმ წუთას, აღარ შეეძლო.
ეს დამპალი დღე ხომ უნდა დამთავრდეს! გაიფიქრა და გაცოფებული ჩააფრინდა გალიას. მკლავებით აზიდა სხეული და წამში მოექცა დაჟანგული ჭიშკრის წვეტებზე, ირწეოდა, თავბრუ ეხვეოდა, ალკოჰოლი ახრჩობდა. მიზიდულობის კანონი, სიმთვრალე. თავბრუსხვევა, ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. თვალები დახუჭა და გადახტა. ყრუდ დაეცა. გული დიდი დოზებით უტუმბავდა ადრენალინს არტერიებში. პირი გაშრობოდა.
მუხლებამდე აჩაჩული შარვალი გაისწორა.
ფუ ამის! რა საზიზღრობაა!
აკეცილ შარვალზე სისხლის და გახრწნილი ორგანოების ნარჩენები შეხმობოდა.
ალდო გარედან აქეზებდა. ანფეტამინით გამოტენილ ორანგუტანგს ჰგავდა. – გაინძერი!
განავლის, შარდის, ველური ცხოველის სიმყრალით ქოთდა იქაურობა.
კენგურუები გაუნძრევლად იწვნენ ცემენტზე.
– გაინძერი!
– ნუ გამიტრაკე! – გამოუღრინა ემანუელემ.
ჩანთოსნები, ავსტრალიის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ოცდარვა გრადუს სითბოში, ოცდაათიათასი კვადრატული კილომეტრის მინდვრებზე ნავარდის ნაცვლად რომში, გალიაში გამომწყვდეულები, ტრაკმოყინულები ეყარნენ საკუთარ განავალში.
არ ინძრეოდნენ.
ნახე, თუ ესენიც მკვდრები არ იყონ! რა ხდება, ყველაფერი ამოწყდა ამ ზოოპარკში?
საშინელმა ეჭვმა შეიპყრო.
გამოკეტეს და წავიდნენ. საკუთარ გალიებში ამოსახოცად დაყარეს ცხოველები.
უცებ დაინახა, რომ პატარა კენგურუ უკანა ფეხებს ამოძრავებდა, ძაღლები რომ შვებიან ხოლმე სიზმარში, ისე.
წინ წაიწია.
დედა უზარმაზარი იყო.
ოთხმოცდაათკილოიანი ცხოველი. გრძელი, კუნთიანი კუდი, ბალნით დაფარულ წყლის მილს რომ მიუგავდა, მოკლე, ვირთხისბრჭყალება წინა თათებს შორის მოექცია. უკანა ფეხები უპროპორციოდ, უსაშველოდ დიდი და ძლიერი ჰქონდა. სახე ბემბის უგავდა. ვეებერთელა, ნაცრისფერი, დეფორმირებული ბემბი.
ემანუელე პირველად ხედავდა ასე ახლოდან კენგურუს.
ვერ ხვდებოდა, რამდენად საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო. დოკუმენტურ ფილმებში ჰყავდა მხოლოდ ნანახი. აგრესიული იყო? შეეშინდებოდა?
ემანუელეს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ყველაფერზე.
დაასკვნა, რომ ჯობდა, არ გაეღვიძებინა ცხოველი. ფრთხილი მოძრაობით დასტაცა ხელი პატარა კენგურუს, მოუჭირა, რომ ვერ განძრეულიყო. ჩინელივით, შანგაის რომ თამაშობს. პატარა კენგურუ პრიალა იყო. მსუბუქი.
მორჩა!
ნელ-ნელა დაიძრა უკან. კენგურუ ხელებში აუხვანცალდა, ტლინკებს ისროდა გაგიჟებული. ემანუელემ უფრო მოუჭირა ხელი და თვალებში ჩახედა. ეს არ უნდა ექნა.
იმ კუპრივით შავ, ბურთულა გუგებში მთელი სამყაროს შიში დაინახა. მცენარისმჭამელი მსხვერპლის ძრწოლა მტაცებლის წინაშე.
გამოშტერებული ჩასცქეროდა ერთ ხანს თვალებში. მერე ხელი გაუშვა.
სხვა სამყაროდან ალდოს ხმა მოესმა: – რა ქენი?!? ხელში გეჭირა და გაუშვი!? – რაღაც შორეული, გალიის რკინებს მიღმა დარჩენილი სამყაროდან, რომელსაც არასოდეს სჭერია ხელში პატარა კენგურუ და არ იცის, როგორი თბილია და რბილი. სამყარო, რომელსაც ქვეყანაზე არაფერი გაეგება.
უყოყმანოდ გასწია ჭიშკრისკენ.
უკეთ გრძნობდა თავს. ბევრად უკეთ. წამში ჩამოეფერთხა ალდოც, მელანიაც და საკუთარი თავიც. ხომ შევიდა, იმ დედააფეთქებულ გალიაში. კარგი გამოცდა გაიარა. და ახლა გაუსვრელი გამოდიოდა იქიდან, არ აყოლოდა ერთი ბოზანდარა გოგოს დამპალ ხუშტურებს.
და საბოლოოდ მიუბრუნდა პატარა კენგურუს, გალიის სიღრმეში, სიბნელეში რომ მიყუჟულიყო. ხელი აუწია, უნდოდა, დამშვიდობებოდა.
მაგრამ ხელი აღარ დაემორჩილა, აუკანკალდა, ისე, როგორც პატარა კენგურუ ცახცახებდა მის ხელებში რამდენიმე წუთის წინ.
დედა კენგურუს ეღვიძა.
უძრავად იდგა გალიის ცენტრში. უზარმაზარი. მისჩერებოდა, უძირო, უკუნი თვალებით.
– ფუ ამის! – ემანუელე გაშეშდა. გალიაში გამომწყვდეული მტრედივით უფრთხიალებდა მკერდში გული.
– რა ჩემი ფეხები უნდა? რას მიყურებს? – გასძახა გარეთ მდგომებს.
– მე რა ვიცი…. გაიქეცი!
ერთი სიტყვა. ჭიშკრამდე სამი მეტრი იქნებოდა. მასა და კენგურუს შორის – ორი. ხუთმეტრიანი ნახტომი კენგურუსთვის ჩვეულებრივი ამბავია. უცნაური ანგარიში დაიწყო გონებით. თითქოს თავის გადარჩენა კი არა, რაღაც ქეციანი არითმეტიკის ამოცანა ჰქონოდა თავსატეხად.
ნაღდი გლადიატორების ისტორია იყო. ქრისტიანთა და ლომთა ჭიდილი.
– ოკკეი. დაწყნარდი. მე გამოგიყვან მაქედან. ნელა იმოძრავე, გესმის? – ალდო ნელა, დამარცვლით ლაპარაკობდა, – ხელები ასწიე.
ემანუელე დაემორჩილა. იმ მომენტში ალდოს რომ ებრძანა, კენგურუს თითი გაურჭე უკანალში და დააწყნარებო, ალბათ ამასაც გააკეთებდა.
ცხოველი უძრავად იდგა, შტერი ძროხის გამომეტყველებით მისჩერებოდა.
– კარგია. ახლა შემობრუნდი და ჭიშკრისკენ წამოდი. მაგრამ არ გამოიქცე, იცოდე!
ემანუელე მიბრუნდა და დაიძრა. ისე მიდიოდა, როგორც კოსმონავტი მთვარის ზედაპირზე. ფრთხილად აბიჯებდა ფეხებს. როგორც ალდომ უთხრა. ერთი ნაბიჯი. მეორე. მესამე.
გიგანტი კენგურუ არ ინძრეოდა. გადარჩა.
ემანუელემ გაიღიმა. გადავრჩი! გისოსებს ჩაებღაუჭა.
ზურგსუკან გაუგებარი ხმაური მოესმა, გაყინული ნიაღვარი, სიცარიელე, ამონასუნთქი ჰაერის ტალღისებრი დარტყმა. ვეღარც მიტრიალება მოასწრო, ვეღარც ვერაფრის დანახვა, ვეღარც გისოსზე აძრომა, ვეღარც ზღარბივით მოკუნტვა თავდასაცავად, ვეღარაფერი.
გასაშტერებელმა ძალამ გისოსზე მიაჭყლიტა. თითქოს ზარბაზნის ნასროლი მოხვედროდა ბეჭებსშუა. რაც კი სხეულში ჰაერი ჰქონდა, ერთად გადმოაღებინა და უმწეოდ, ნელა, ძალაგამოცლილი ჩასრიალდა მიწაზე. შენელებული კადრივით.
დარტყმული და განადგურებული.
მიწაზე გართხმული ცდილობდა, ესუნთქა, მაგრამ სასიკვდილოდ დაჭრილი დელფინივით მშრალი ხროტინი ამოსდიოდა. ცემენტზე დათხლეშილს, პირდაბჩენილს.
– ადექი! ად….
მელანიას ხმა იცნო. შორიდან. ტალღებად უფეთქავდა ყურებში. გულაღმა ამობრუნდა. ვარსკვლავები. ცაზე ვარსკვლავები კიაფობდა. უცნაურად კაშკაშებდა ცის თაღი.
ვაკუუმით შეფუთული ყავის პაკეტივით დახშოდა ფილტვები.
რძისფერი გალაქტიკა, მის ქვევით – ოზონის შრე და კიდევ ქვევით – ღრუბლები, ყველაფერი თვალწინ უქრებოდა ემანუელეს და ამაოდ ცდილობდა, პირით შეესრუტა ეს ყოველივე. ესუნთქა.
– ისუნთქე, ემანუელე. ისუნთქე!
სცადა, სპაზმს მორეოდა, ჰაერი ჩაეყლაპა. კვლავ მოევლინა ცის თაღი.
სადა ვარ?
დედალი კენგურუ ხტუნვით უვლიდა გარს, მოკრივესავით. ელოდა, როდის წამოდგებოდა მეტოქე რინგიდან, რომ გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა.
ემანუელე ჭიშკრისკენ გაფორთხდა, თან პირს აბჩენდა.
ხელებით გისოსებს ჩაეჭიდა. იმ ნაბიჭვარ ცხოველს კუთხეში მიემწყვდია.
წამით იმედმა გაუციატა, ეგება მსაჯი გამოხტეს საიდანმე და K.O. დაიძახოსო.
– ადექი! ადექი! თორემ….
(გაგათავებს!)
– … ისევ დახტომას გიპირებს! – გიჟივით ღრიალებდა ალდო.
კენგურუს გალიაში კვდები, შეატყობინა საკუთარმა ტვინმა. არც ინფარქტით, არც კიბოთი, არც ავტობანზე ასსამოცით აწყვეტილი. არაფერიც. ეს დედააფეთქებული კენგურუ გიღებს ბოლოს. იმიტომ, რომ კენგურუ ქვეყნად ყველაზე დამპალი ცხოველია და არ გეგონოთ, მხოლოდ დისქავერიზე ეძრობოდეს.
მაგრამ ის, რაც მის წინაშე აღმართულიყო, კენგურუ აღარ იყო. ქილერი ედგა წინ. ჩანთოსანი, კუდიანი მაიკ ტაისონი.
– გეხვეწებით, გამომიყვანეთ, გააღეთ! – ემანუელე ფეხზე წამომდგარიყო, გისოსებში გაეყო მკლავები და ალდოს ხელებს ჩაფრენოდა.
– გამომიყვანე, ალდო, გვეყოფა ახლა, გამოსვლა მინდა.
მელანია მუხლმოყრილი ღნაოდა.
– ემანუელე, უნდა გადმოძვრე, გესმის? გალია დაკეტილია, შენი დედაც, გადმოძვერი ამ დამპალ ჭიშკარზე! – აჯანჯღარებდა ალდო, თითქოს ცდილობდა, თავიდან გამოებერტყა მისთვის ის უაზრო, აბსურდული სურვილი.
გამიღეთ, გემუდარებით.
კენგურუ უძრავად ელოდა.
ემანუელემ ხელი გაუშვა ალდოს, ისევ გულისრევა მოაწვა ყელში. ვინ იცის, იქნება კენგურუ დაყაბულებოდა კიდეც კუჭით მირთმეულ ძღვენს, დედიკოს მოხარშულ ბოსტნეულს მისძალებოდა და მისთვის თავი დაენებებინა.
– სად მიდიხარ? უნდა გამოხვიდე! – ალდო აკავებდა, მაგრამ ემანუელე დაუსხლტა და გისოსებზე ბეჭებით აკრული გალიის კუთხეში მიიყუჟა.
– წადი, დაცვას დაუძახე. თუ ჩუმად ვიქნები, თუ არ გავინძრევი არ….
…. დამახტება.
კენგურუ ახტა. კუდზე წამოიწია და ფეხებით წინ წამოვიდა, დასაწიხლად.
– ღმერთოჩემო!
ხელი თავისით წაუვიდა ჯიბისკენ, სადაც პისტოლეტი ედო. იუველირის პისტოლეტი. ვერაფერს ხვდებოდა, ვერაფერს ფიქრობდა, დნმ-ში ჩაწერილი ინსტინქტი, სიკვდილის შიში თავისით მოქმედებდა. იმიტომ რომ კვდებოდა, უფრო სწორად კლავდნენ, ის ჩათლახი კენგურუ კლავდა და ახლა მარტო იმ ტყვიას ჰქონდა აზრი ქვეყნად, დაუმიზნებლად, შიგ თავში რომ მოხვდა ნაბიჭვარ ჩანთოსანს, რომელსაც არაფერი ესაქმებოდა ემანუელეს ცხოვრებასთან, ტვინი რომ აუფეთქა და გისოსებს გადაათხლაშა მისი წითელი რბილობი.
მეტი აღარაფერი იყო გასაკეთებლი.
კენგურუს სხეული მძიმედ დაენარხცა ემანუელეს ფეხებზე.
ის კი ისევ ებღაუჭებოდა სისხლით და ტვინით გაგლესილ გისოსებს, სანამ ცხოველი ფეთქავდა და სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანწყალს აფურთხდებდა.
პატარა კენგურუ, აქამდე რომ გალიის კუთხეში მოკუნტულიყო, ხტუნვა-ხტუნვით მიუახლოვდა დედის გვამს. უტრიალებდა, ყნოსავდა, დრუნჩს უხახუნებდა სხეულზე. მერე, რის ვაი-ვაგლახით, ჩანთაში შეუძვრა, ერთადერთ უსაფრთხო საბუდარს შეაფარა თავი, რაც კი ქვეყნად ეგულებოდა.
ემენუელემ თვალები დახუჭა და პირი დააღო.
ოლიმპიკაზე მიქროდნენ.
– ხო გავაკეთეთ, ამის დედაც! ტვინი გაასახმევინე! ა, შე დამპალო ქილერო! ერთი კი ვიფიქრე, ჩაიჯვა-მეთქი, მაგრამ ამ დროს შენ ბუუუმ! ჰაერში არ გააშეშე ის დამპალი! – დუჟმოდენილი ბღაოდა ალდო. – მიდი ერთი გამიმზადე, ემანუელე, აუ, აკრეფილი მაქ, მაგის დედაც!..
ემანუელე მატარაბელგადავლილივით იყო.
ზოოპარკიდან რომ გამოვიდნენ, მელანიამ პირველი ზიარებაც კი ამოარწყია და ახლა გათიშული ეგდო უკანა სკამზე. მთვრალი იყო, თუ შეშინებული, თუ ორივე ერთად. პირდაბჩენილი სუნთქავდა და ვისკის და ნარწყევის ქოთი ამოსდიოდა.
– აზრზე მოდი, ვილა გლორიზე რომ გავაძრობ! ის პიტბულიანი და ავჩარკებიანი ნაბოზრები რო დაეთრევიან და მე კენგურუთი რო გავეძრობი! აზრზე მოდი რა იქნება! აშეინიკით რო გავჩითავ და რო დამესევიან: “რა ჯიშია?” აუ ჩემი, რა იქნება! – ალდო ისე ხტოდა სავარძელზე, თითქოს ბუასილი ეწვისო.
ემანუელეს კომპაქტ დისკზე წამოეყარა კოკა.
დაცლილი იყო, არაქათგალეული, ამოტრიალებული წინდასავით. თოჯინა, რომელსაც ძალა აღარ შესწევდა, იმ საღამოს მომხდარს გამკლავებოდა.
პატარა კენგურუ ედგა თვალწინ, მკვდარი დედის ჩანთაში რომ ცდილობდა შეძრომას.
ცოცხალი, ვეგეტური ნაყოფი გვამის საშოში.
– სად მივდივართ? – ჰკითხა ალდოს და დისკი გადააწოდა.
– აზრზე მოდი, ქირურგი რომ ნახავს! როგორ გგონია, მოეწონება ქირურგს? მე მგონი კი. იცი რა, ხვალ საავადმყოფოში მივუყვან.
პატარა კენგურუ შეიშალა, საბარგულში რომ ტენიდნენ, მაგრამ ალდო არ მოეშვა, სახლში უნდოდა წაეყვანა, გიჟდებოდა, ისე მოსწონდა. კენგურუ ბრაგუნობდა, ტლინკებს ისროდა საბარგულში, ალდომ მუსიკას აუწია.
აღარ ისმოდა მისი ხმა. პინო დანიელემ და ალდომ გადაფარეს.
ქალაქის განათებისგან ღრუბლები ჭუჭყიანი წყლით გაჟღენთილი ჩვრებივით ეკიდა ცაში.
ემანუელემ საათს დახედა.
ოთხის თხუთმეტი წუთი იყო.
სამ საათში გავდივარ.
– სად მივდივართ? – გაიმეორა უიმედოდ.
– მელანიას მივაცილებთ სახლში. აუ ნახე ტრანსვესტიტები!!!
ალდო სათამაშო ავტომატის ბურთივით ხტოდა ადგილზე გაგიჟებული, აქეთ-იქით რომ ეხეთქება შუშის კედლებს.
ემანუელემ შეხედა. ერთბაშად მიხვდა ყველაფერს.
მთლიანობაში ალდო თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ თუ დაანაწევრებდი, მისი ყოველი ჟესტი, აზრი, ქმედება საზიზღარი, ბილწი, არაჯანსაღი იყო.
ერთბაშად დაინახა ისეთად, როგორიც იყო – უამრავი ამაზრზენი ნაწილის სინთეზი, საბოლოოდ – ერთი გულისამრევი ტიპი.
მაგრამ ალდო თავისას აწვებოდა. თუ ფული არ ჰქონდა, მამას პარავდა, თუ ქალი არ ჰყავდა, ბებიამისის ექთანს ხმარობდა, თუ ძაღლი არ ჰყავდა, კენგურუს დაითრევდა, თუ ამფსონს ვერ იპოვიდა, ემანუელეს ურეკავდა, თუ რომელიმე ბიძაშვილის ქორწილს გააცდენდა, მთელი ნათესაობა შვებით ამოისუნთქავდა ხოლმე.
შენ რა გინდა აქ თორე…
ბოზების გამო შეანელეს. მანქანების რიგს ბოლო არ უჩანდა.
– ფუ თქვენი დედაც! ტრაკი გაანძრიეთ! დამპალო ღორებო! – ალდო მორტალ კომბატის ჯოისტიკივით ეჯაჯგურებოდა სიგნალს. – დედათქვენები გაჟიმეთ! – ფანჯარაში გამოჩრილი ღრიალებდა და ხარხარებდა.
ზანგები ბრაზილიელები პუერტორიკელები, აჟურულ კალგოტკებში, გათოშილები, იღიმებოდნენ და საქონელს ამზეურებდნენ. წითელპარიკიანი ლაქისჩექმებიანი მულატი ყმაწვილკაცი ლორიან ბუტერბროდს მიირთმევდა ცეცხლთან.
ემანუელე უინტერესოდ შესცქეროდა ამ ცირკს მანქანის ფანჯრის მიღმა.
ალდო თან საჭეს მართავდა, თან ლაპარაკობდა, ხელ-ფეხის და ყბის ქნევით ღეჭავდა რეზინს. – იცი რა წავიკითხე? ყველაზე მაღალი რისკის კატეგორია ყოფილან სოფლელი დიასახლისები იმიტო რო თურმე იმათი ნაბოზარი ქმრები ტრანსვესტიტებს ჟიმავენ უპრეზერვატივოდ, მერე სახლებში მიეთრევიან და ცოლებსაც ეგრევე ჟიმავენ. ბუზებივით იხოცებიან თურმე სოფლელი ქალები. იცოდი ეს ამბავი? ფროზინონეს საავადმყოფო სავსე ყოფილა შიდსიანი დედაკაცებით. აზრზე მოდი! შენ იცოდი ეს სოფლის ქალების ამბავი?
– არა, არ ვიცოდი, – ემანუელეს ლაპარაკის ქანცი აღარ შერჩენოდა.
– ფუ თქვენი, ახლა მართლა გამიტრაკეთ საქმე! – ალდომ მკვეთრად აიღო საჭე და მარცხენა, შემხვედრ ზოლში გადახტა. ძლივს ააცილა ვოლვოს სთეიშენ ვეგონს. მერე მოტორის ბღუილით გაასწრო მანქანების რიგს და ასსამოცით შემოხტა უკან თავის მწკრივში. გზა თავისუფალი იყო, მოციმციმე შუქნიშნები ერთიან, უწყვეტ ყვითელ ზოლს ტოვებდა გზაზე.
ემანუელეს მამასაც უყვარდა სწრაფად სიარული. სანამ ავარიაში მოხვდებოდა. ორი დღე კომაში იყო. ემანუელე და დედამისი საავადმყოფოში არ მისულან. დიდხანს არ იცოდა, რატომ, მერე გაიგო, რომ მამამისი მანქანაში საყვარელთან ერთად ყოფილა. ეს ყველაფერი ერთი წლით ადრე იყო, სანამ მამა ბელგიაში წავიდოდა.
– აუ იმას შეხედე!!! – დაიღრიალა ალდომ და ისე დაამუხრუჭა, ბეემვეს საჯდომი წამოებზიკა. ემანუელე წინ გავარდა და პარპრიზს მიახეთქა თავი.
მელანიას გაეღვიძა. – რა ხდება?
– დაიძინე, დაიძინე, არაფერი, – უთხრა ალდომ.
მელანია ისევ მიეგდო.
– რას აკეთებ?!? გამოქლიავდი? – გაცოფდა ემანუელე.
– ვერ დაინახე?
– რა?
– აუ არ იცი რა დაკარგე! ახლა განახებ. – ისე გავარდა უკანსვლით, ლამის ძრავი გაფხრიწა.
– არააა!! ხო გითხარი, სახლში მინდა-მეთქი! თერთმეტის ნახევარი იყო რომ გითხარი და მიპასუხე, კარგი ნუ ბრაზდებიო. ახლა ოთხის ნახევარია და ისევ გარეთ ვგდივარ შენთარ ერთად! ალდო. გეყოფა. თამაში რომ გათავდება, ხო უნდა მიხვდე! ღმერთო!
ალდომ მანქანა გადააყენა.
გზის გაგანიერებულ ნაწილზე შარმის ჰალსტუხების სარეკლამო ბილბორდის იქით ცეცხლი ბჟუტავდა. მიწაზე ლუდის ქილები და ქაღალდის ჭუჭყიანი ხელსახოცები ეყარა.
– ბოდიში, რამდენია? – ალდო ფანჯრიდან გადაემხო, ემანუელეს ფეხებზე დაყრდნობილი.
– ორმოცდაათი მინეტი და ასი დანარჩენი.
სიბნელიდან ფიგურა გამოვიდა.
რა იყო? ქალი. არა. ბებრუხუნა. არა, ქალად გადაცმული კაცი.
გაჩხიკინებული იყო, მუცელგამობერილი, ცუდად გაპარსული, ახლომხედველის სათვალეებს მიღმა ქინძისთავებივით დაწვრილებოდა თვალები. განიერი, ყავისფერი, მუხლამდე ქვედაკაბა ეცვა. ფეხზე ლურჯი ბოტები. მხარზე ღია ფერის ლაქის ჩანთა მოეგდო. გასათბობად ნეაპოლის საფეხბურთო გუნდის შარფი მოეხურა. ქერა, გაპოხილი, აწეწილი პარიკი ჩამოემხო თავზე. მაკიაჟის, არც ძუძუს, ნასახიÓარ ჰქონდა.
– ხელიდან გასაშვები არაა! – დასჭექა ალდომ ემანუელეს. ÓÓÓÓ
– იცი რა, ეს თქვენ დაგიკელით თორე… – უპასუხა იმან უმბრიული აქცენტით.
– რა გქვია?ÝÅÅÁÁÁáÝÝÝÝÅÅÅÅÅÅÅÅÅÅÅ
– ნუნცია, – დაიკნავლა ტრანსმა. ÅÝÅ
– ნუნცია, ჩემ ძმაკაცს მაგრა მოსწონხარ, წეღან მითხრა, ასე თქვა, აუ გააჩერე ნახე რა ნაშააო! არა ემანუელე? ხო მოგწონს?
– კაი რა თუ ღმერთი გწამს, აღარ წავიდეთ?- ჩაიბურტყუნა ემანუელემ, ისე, რომ არც მიუხედავს.
მაგრამ ტრანსვესტიტმა თავი შემოყო მანქანაში.
– ჰა, ბიჭებო, აბა რა ვქნათ? ვა, ნაშაც გყოლიათ, ერთად ხო არ ვიგიჟოთ? ოღონდ ორგია სამოცდაათი ღირს.
ნივრით, ისპანახით და კბილის პასტით უყარდა პირი. ემანუელემ თავი დახარა და სუნთქვა შეიკავა.
– ზასაობაში რას იღებ?
– არავითარი კოცნა.
– რატო, პირი რო გიქოთს, იმიტო?
– რაო?
– რაო და ისეთი ოხშივარი ამოგდის, ჯარს წააწვენს. – ჩაიქირქილა ალდომ.
– სულ არ მეხუმრება, იცი. – ნუნცია განაწყენებული გაშორდა მანქანას.
– კაი ერთი, რა არ გეხუმრება? მოდი ერთი წუთი.
მაგრამ ნუნცია ტრაკის ქნევით დაუბრუნდა თავის ადგილს.
– კაი, ბოდიში მეთქი, მართლა, არ მინდოდა წყენა. მოდი ერთი წუთი, დავილაპარაკოთ.
ტრანსი თავის კერას მიფიცხებოდა, სპანიას სიმღერას ღიღინებდა და ვითომ არ ესმოდა.
– ბოდიში-მეთქი!
– წადი შენი, მამიკოს ბიჭო, წადი დაიძინე, გვიანია. – და ნუნციამ შუა თითი დაანახა ალდოს.
– აქ მოდი მეთქი, შე ბოზო!!! – ალდო ბღაოდა, ემანუელეს მუხლებზე გადაზნექილი, თავი ფანჯარაში გაეყო და ყელზე მელნისფრად ებერებოდა ვენები.
გაცოფებულ ღორს ჰგავდა.
– შენთვის ჯობია ახლავე მოეთრიო, თორე მე თუ მოვედი შუაზე გაგხეთქავ!
როგორც სკოლაში, რაგბის რომ თამაშობდნენ ხოლმე. ზევიდან იცოდა ხოლმე დახტომა, საჩეხად, სატკენად, ძვლების სამტვრევად.
– თავი დაანებე რა, წავედით, – ხმა ამოიღო საზურგეზე მიჭყლეტილმა ემანუელემ, – რას გაცოფდი?
– მოიცა ერთი წუთი… – ალდო მანქანიდან გადმოხტა. – ეს მეტრაკე როგორ ბედავს მამიკოს ბიჭი დამიძახოს…. – ნუნციასკენ მირბოდა ღრიალით და პირდაპირ თითებით იტენიდა ცხვირში კოკაინს.
თავზე დაადგა.
– ვის უთხარი მამიკოს ბიჭოო? ნაბოზარო!
ეცა.
ლამპიონის ქვეშ იდგნენ, გარშემო ბნელოდა. მსახიობებს ჰგავდნენ სცენაზე. ემანუელე კი მაყურებელი იყო, მანქანაში გამოკეტილი.
არ არსებობს, ღამის ოთხი საათია და ეს გამოსირებული ტრანსებს უტრაკებს. მაგის დედაც, რით ვერ გაიგო რომ სახლში მინდა, ცუდად ვარ….
მიტრიალდა და მელანიას დაეძგერა. – გაიღვიძე! გაიღვიძე-მეთქი! მიდი და უთხარი, მოათაოს. სახლში უნდა დავბრუნდე! ახლავე!
მელანიამ მხარი იცვალა და ძილში ჩაიბურტყუნა: – ვეუბნებოდი, ნაპის დავურეკოთ მეთქი….
– ფუ ამის, ფუ ამის დედაც… – ემანუელე მოიკუნტა და პირი დააბჩინა. ჰაერი არ ჰყოფნიდა, ცივი ოფლი ასხამდა, ყარდა, მომჩვარული გული მკერდში ჩაფლაშოდა.
გარეთ პანტომიმა გრძელდებოდა. ემანუელემ რაღაცას დაუწყო ძებნა მანქანაში, თავადაც არ იცოდა, რას ეძებდა. პანიკაში იყო. გასაღები, სიგარეტი, სანთებელა… თავადაც ვერ გაეგო, რა უნდოდა.
მობილური.
ლალას დავურეკავ. ვეტყვი, მოვიდეს და აქედან წამიყვანოს. ნულიექვსირვანულირვაექვსიხუთიორიცხრა.
აკრიფა.
სად ვართ? რა ვუთხრა?
მერე ფანჯარაში გაიხედა.
ტელეფონი გაუვარდა.
ალდო ფეხებგაჩაჩხული, ხელებდაჭიმული იდგა, ნუნციასთვის იარაღი დაებჯინა შუბლზე. გარშემო ყველაფერი დუმდა. ბნელოდა. ემანუელეს ყურები უბაგუნებდა.
გული! მატარებელივით მიშლიგინებდა სადღაც.
გადაირია?!?
ემანუელე მანქანიდან გადმოხტა.
ნუნცია იდიოტური ქანდაკებასავით გაშეშებულიყო. პატარა, ელამი თვალებით, მოღრეცილი პარიკით.
– აბა? მიპასუხე!!! – დაჯღაოდა ალდო.
ემანუელემ ენა ვეღარ მოატრიალა, რომ ეთქვა
მოაშორე ეგ იარაღი!
ხმა ვერ ამოიღო. მონუსხულივით მიშტერებოდა ალდოს იღლიებქვეშ ოფლის ლაქებს. უნდოდა, რამე ეთქვა, უნდოდა, ჩარეულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად ალდოს პერანგის იღლიებში იმ დამპალ ლაქებს მისჩერებოდა.
– მგონი ქაირო, – ამოიკნავლა ნუნციამ.
– ოკეი ოკეი, გავაგრძელოთ. ალდო ფეხიდან ფეხზე გადადიოდა და იარაღს მაგრად აჭერდა ტრანსვესტიტს შუბლზე.
ემანუელე გაიღვიძე, შენი დედაც!
მკლავში სწვდა ალდოს, ის წაბარბაცდა.
– ეი! ფრთხილად! კინაღამ გამოვკარი.
– ფრთხილად შენ იყავი გესმის შე ჩათლახო? სად გგონია თავი, ვესტერნში? ფლამინიაზე ხარ, გესმის!?
ალდო პოზიციას დაუბრუნდა ფეხებგაჩაჩხული და უფრო მიაჭირა ნუნციას შუბლზე იარაღი. ნუნცია ჩუმად ტიროდა.
– მართალია, კოვბოურ ამბავში არა ვართ, მაგრამ ეს არც ფლამინიაა, ბიჭიკო. ესაა ვის უნდა მილიონი!… – მიდი ერთი ქინძობას მოეშვი და წამიცეკვე, აკომპანიმენტის პონტში. – ახითხითდა ნერვიულად.
მოიცა, რბილად სცადე.
– ალდო, მისმინე, საშიშია, ვინმემ რომ გამოიაროს…
– აბა გავაგრძელოთ… მოდი ახლა გეოგრაფია ვცადოთ… რომელია… რომელია… ირლანდიის დედაქალაქი?
ვერაფერს გახდებოდა.
ნუნცია ასლუკუნდა, თავს აკანტურებდა საცოდავად: – კარგი რა, გამიშვი… რა დაგიშავე…
– ათი წამი გაქ, დაგბრიდე იცოდე. ტიკ ტაკ, ტიკ ტაკ…
ემანუელე დარწმუნებული იყო, რომ რვა წამში, შვიდში, ექვსში… ალდო ტყვიას ჩააჭედებდა თავის ქალაში იმ უბედურს.
რამე უნდა ეღონა.
რა?
– მოიცა, ეგ რა შეკითხვაა? რომელი ირლანდიის? ჩრდილოეთ ირლანდიის თუ სამხრეთ ირლანდიის? უნდა დააზუსტო ალდო, ეგრე არ გამოვა.
ორი წამზე ალდომ თვლა შეწყვიტა და შეყოვნდა, მერე დაამატა. – მსაჯი მართალია. ეს კითხვა არ ითვლება.
ნუნცია, რომელიც იქამდე სუნთქვას იკავებდა კობრივით, ხარბად დაეწაფა ჰაერს.
– გაერთე? გეყო? წავიდეთ ახლა? – ემანუელე ისე ელაპარაკებოდა ალდოს, როგორც მამა, კარუსელებზე რომ აქანავებს მცირეწლოვან შვილს.
ალდომ ისევ შეიტენა ცხვირში კოკაინი და გაწუწული ძაღლივით დაიბერტყა თავი. ისევ მიაჭირა იარაღი ნუნციას. უბედურს შუბლზე პატარა თეთრ წრედ აჩნდა პისტოლეტის ლულის კვალი.
– აბა მითხარი… – განაგრძო თეთრად ცხვირმოთხუპნულმა. ლაპარაკისას ღრძილებს აჩენდა, აღრენილი მგელივით. – იცი, რომელია შეერთებული შტატების დედაქალაქი?
ნუნცია კანკალებდა. გაშტერებული მისჩერებოდა ალდოს მუცელს, თვალწინ რომ აუდი-ჩაუდიოდა. ტვინს იჭყლეტდა, ცდილობდა, მცირეოდენი გეოგრაფია მაინც გამოეწურა საიდანმე (იმ დღეს, მასწავლებელი ამერიკას რომ ხსნიდა, გოგოებთან ერთად დასანძრევად რომ არ გაპარულიყო და გაკვეთილი არ გაეცდინა…).
– ნიუ იორკი, – გადაწყვიტა ბოლოს. – ამერიკის დედაქალაქი ნიუ იორკია.
ალდომ ყიჟინა დასცა და ადგილზე დაიწყო ხტუნვა.
– ვიცოდი! ვიცოდი, რომ არ იცოდა! ფუ შენი დებილი დედაც!
ემანუელეს ხელებში ჩაერგო თავი.
არაააა… არ არსებობს… ცუდადაა საქმე. ესვრის.
ესროდა.
მიხვდა, რომ ალდოს მოკლე ჩართვა ჰქონდა ტვინში. რაღაცა ჩადნობ-ჩადუღებოდა, რაღაცა აღარ უმუშავებდა.
გაერეკა. ცხადი იყო. გონებით გადაირბინა მთელი იმდღევანდელი საღამო და მიხვდა, რომ ალდო ერთი ნაბიჭვარი ფსიქოპატი იყო და მეტი არაფერი.
– შეცდომაა!. უნდა გაგასაღო, – უცებ დამშვიდდა ალდო.
ნუნცია ტიროდა, ცახცახებდა, თავის თავშალს დაჰყურებდა და ლოცვას ჩურჩულებდა. – წმინდაო ღვთისმოშობელო, უმანკოდ ჩამსახველო….
ალდომ დაუმიზნა. ნუნციამ თვალები დახუჭა.
– მოიცა! – იყვირა ემანუელემ. – მოიცა ერთი წუთი!
– რა იყო?
– სამი შანსი მაინც უნდა მისცე.
– აუ რა გაატრაკე! კარგი, მსაჯი ითხოვს სამი შანსი მოგცე, – მოთმინებით მიუბრუნდა ნუნციას, რომელსაც სიცოცხლის იმედი დაეკარგა და ახლა საიქიოსთან ცდილობდა დაკავშირებას.
– ჰა აბა! რომელია-მეთქი შტატების დედაქალაქი? – ალდოს შარიშური მოესმა ზურგსუკან, მიბრუნდა და დაინახა, ემანუელე რაღაცას ანიშნებდა იმ უბედურს.
– მოიცა! ნუ კარნახობ! ეგ რა მსაჯობაა, თუ უკარნახე?
– ალდო, აზრზე მოდი, ამ ჩემისამ არაფერი არ იცის, რა აზრი აქვს ამის მოკვლას? დააცა რა, გაიხაროს თავისთვის…
– ათი წამი გაქვს, – მშრალად მოჭრა ალდომ. – ცხრა, რვა…
– მგონი… ლოს ანჟელესი, – დაიკნავლა ნუნციამ.
ალდომ კისერი წაიგრძელა და ყურთან მიიტანა ხელი, თითქოს ვერ გაიგოო. – მგონი ლოს ანჟელესი მომესმა, – მიუბრუნდა ემანუელეს. – აზრზე ხარ? აზრზე ხარ კაცი ლოს ანჟელესს რომ იტყვის?
– მორჩი, ალდო. მესამე შანსიც ხომ აქვს.
ალდომ მორჩილად დაუქნია თავი. კარგი, პატიოსანი თამაში იყოსო.
ნუნციამ ემანუელე მოძებნა თვალებით.
– შემეშალა? არაა ლოს ანჟელესი?
ემანუელე დუმდა. დუმდა ალდოც. ისე დაჰყურებდნენ, როგორც მასწავლებელი – შტერ მოსწავლეს. ემანუელე გარშემო უვლიდა დაჩოქილ ნუნციას და მის შუბლზე იარაღდაბჯენილ ალდოს – ამ მითოლოგიურ ცხოველს. ნახევარი მსხვერპლი, ნახევარი მტარვალი.
არ ესვრის. მე მაშინებს. ყველაფერს იმიტომ აკეთებს რომ მე ჩამაჯმევინოს. მერე სხვებს რომ მოუყვეს.
მერე ყველაფერი წამში მოხდა.
– დალასი…
ალდომ ფეხში ესროლა.
ნუნცია წკმუტუნით გაგორდა მიწაზე.
სისხლში და ხორცის რბილობში აზელილი პენოპლასტი: ეს ამოსდიოდა ბოტიდან. ბოტის შუაში ვეებერთელა, ბრმა, სისხლმდინარე თვალი გასჩენოდა. დაბჩენილი პირი, რომელიც გატარებულ ხორცს არწყევდა.
გასროლას მომაკვდინებელი სიჩუმე მოყვა.
ალდო და ემანუელე ზევიდან დაჰყურებდნენ, ნუნცია მიწაზე კოტრიალობდა, ტკივილით დამანჭული, კბილებს აღრჭიალებდა სიმწრით.
ალდომ ჩუმად ჩაილაპარაკა: – ჰა, წავედით?
– წავედითო?! ნახე რა გააკეთე?! შენ ვერა ხარ ალდო, ავადმყოფი ხარ. მაგრა ვერა ხარ!
ალდო მანქანისკენ წავიდა.
ემანუელე ნუნციასკენ დაიხარა.
– გეხვეწები მიშველე! სისხლისგან ვიცლები! არ დამტოვო, გეხვეწები, არ წახვიდე… – ემუდარებოდა ტრანსი. მერე აკანკალებული ხელით მკლავზე ჩააფრინდა და იმ პატარა თვალებით თვალებში ჩახედა. – არ წახვიდე…
– ოკეი, აქა ვარ, დაწყნარდი. არ წავალ, დაგეხმარები. – ემანუელე ცდილობდა, თავადაც დამშვიდებულიყო, ისიც დაემშვიდებინა. მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. უბედური წყალში დამხრჩვალივით ებღაუჭებოდა კისერზე. – გეხვეწები, არ მინდა სიკვდილი.
– ხო გითხარი, არ წავალ-მეთქი, ნუ გეშინია. – ემანუელე თავის დახსნას ცდილობდა. – კარგი, გეყოფა, არსად არ მივდივარ.
მაგრამ ნუნცია არ უშვებდა, ტანსაცმელზე, კისერზე ებღოტიალებოდა, იჭერდა. – არ დამტოვო ქუჩაში სასიკვდილოდ…
– კარგი! გეყოფა! – ემანუელემ გაიბრძოლა და საცეცებიდან გაუსხლტა. – გითხარი, დაგეხმარები-მეთქი!
ალდოს მანქანა მოეტრიალებინა და უსიგნალებდა. ფანჯარა ჩამოსწია და გამოსძახა: – რას აკეთებ, რჩები თუ მოდიხარ?
ტრანსი დამუნჯდა. მზერით ცდილობდა ემანუელეს შეჩერებას, გალახული ქუჩის ძაღლის თვალებით შეჰყურებდა: – მტოვებ?
– სასწრაფოს მოვიყვან. დამშვიდდი.
ნუნციამ გაუღიმა, მადლობას უხდიდა წყლიანი თვალებით. ემანუელემაც ღიმილით უპასუხა.
– გმადლობ.
ემანუელემ თავი დაუქნია. ქამარი გამოიძრო და წვივზე შემოუჭირა ნუნციას.
– მაგრად მოუჭირე.
და მანქანაში ჩაჯდა.
დაიძრნენ.
მანქანის საათი ხუთს აჩვენებდა. ზამთრის ცის კობალტისფერი განთიადს შეემღვრია. გზა ცარიელი იყო. ბოზები სახლებში წასულიყვნენ. გზისპირას მინავლებული კოცონები ბოლავდა, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, მარტო ნაგვის მანქანა მოჩანდა წინ, ხორთუმებივით გაეშვირა მკლავები, მიდიოდა და მყრალ ღრუბელს ტოვებდა კვალად.
ოლიმპიკაზე გადაუხვიეს.
ემანუელე დაბალ ნისლში გახვეულ რაგბის მოედნებს გაჰყურებდა. უამრავი დრო ჰქონდა იქ გატარებული ალდოსთან ერთად.
უცებ საშინლად მოენატრა სკოლის მშვიდი წლები. რა კარგი იქნებოდა უკან დაბრუნება… შვიდი წლით. შვიდი წელი! შვიდი წელი გასულიყო ატესტატიდან. ორი, მაქსიმუმ სამი ეგონა.
ჩემი ფეხები შეიცვალა ამ შვიდ წელიწადში.
იგივე ნაშა, ისევ ალდო, ისევ დედიკოსთან ცხოვრება, ვითომ სწავლა, ყველაფერი იგივე.
რაღაც უზარმაზარი პოლიპი შემოეგრაგნა კისერზე.
როდის შეიცვლება?
ალდომ უცებ სვლას უკლო და მანქანა მარჯვნივ გადააყენა. ემანუელემ უხმოდ გახედა. ალდო სწრაფად გადავიდა, მანქანას შემოუარა, საბარგული გააღო, კენგურუ გადმოსვა და მსუბუქად უთაქა საჯდომზე.
მერე სწრაფად ჩაჯდა და მანქანა დაძრა.
– ახალი ხალიჩაა ჩაგებული, დამიჯვამდა, – ალდომ სიგარეტს მოუკიდა.
– ჰო… – ჩაილაპარაკა ემანუელემ.
ოლიმპიკადან საფრანგეთის გამზირზე გადაუხვიეს.
– ეი! – გამოეღვიძა მელანიას. – რა ვქენი? მეძინა? აუ, რა იყო ეს ბიჭებო, როგორ გავითიშე… აბა ახლა საით?
ნამძინარევი, მაგრამ ხალისიანი ხმა ჰქონდა. – მოიცა! გავჩერდეთ რა! მშია… შოკოლადიანი ფუნთუშა მინდა. – წინ გადმოიზნიქა, ცდილობდა, სარკეში შეეთვალიერებინა თავი. – ვაიმე, რას მიგავს თმა, მაკიაჟიც ამედღაბნა! ალქაჯს ვგავარ! ჰა, არ გავჩერდეთ ბართან?
მაგრამ უკვე არქიმედეზე იყვნენ. სახლთან.
ალდომ ემანუელეს სადარბაზოსთან გააჩერა. – რას იზამ? დამირეკავ, ქორწილიდან რომ დაბრუნდები?
ემანუელემ თავი დაუქნია და კარი გამოაღო.
– მე არ მემშვიდობები? – მელანია გადმოიზნიქა და ტუჩებზე აკოცა. – ჩემი ნომერი არ გინდა?
– იყოს, ალდოს გამოვართმევ, ახლა პასტა არ მაქვს…
მანქანიდან გადმოვიდა.
ცა მოწმენდილიყო. კარგი დღე თენდებოდა. ცივი, კრიალა.
ბეემვე დაიძრა.
ემანუელემ საათს დახედა. ექვსის ოცი წუთი იყო.
ზუსტად ეყოფოდა დრო დასაბანად, გასაპარსად, ფეხსაცმლის გამოსაცვლელად.
კენგურუ ერთ ხანს უძრავად გაყურსულიყო გზის პირას, სადაც ჩამოსვეს. მერე ხტუნვით მივიდა დამცავ ბარიერთან. გადახტომას აპირებდა, მაგრამ შეჩერდა: ოლიმპიკას მეორე მხრიდან რაგბის მოედნების ხასხასა სიმწვანემ მოსტაცა მზერა. ნელა დაიძრა, რომ გზის მეორე მხარეს გადასულიყო.
ფორდ ფიესტამ მილიმეტრზე ააცილა, მის უკან მომავალმა სიტროენმა კი მკვეთრად დაამუხრუჭა, გვერდით გახტა და კუდზე გადაუარა. კენგურუმ კიდევ სამიოდე მეტრზე გაათრია გადატეხილი კუდი. მერე რძის ფურგონმა გადაუარა.