Uncategorized,  ესე,  რეცენზია

მალხაზ ხარბედია – ნიკო ლორთქიფანიძე, “მრისხანე ბატონი”, (1911)

წიგნიდან: “პირადი ბიბლიოთეკა”, თბ. “არეტე”, 2003. წერილი პირველად დაიბეჭდა გაზეთ “24 საათში”

 

ნიკო ლორთქიფანიძე გასული საუკუნის ათიან წლებში ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გერმანულს ასწავლიდა. სხვათა შორის, იგი სიმონ ჩიქოვანის მასწავლებელიც იყო და სწორედ მის მიერ დახატული პორტრეტით მინდა დავიწყო სვეტის წერა. ფოტოზე ყველასა გვყავს ნანახი ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ პოეტისა და მოსწავლის მეხსიერებაში დარჩენილი სახება, შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს იფარავდეს.
აი როგორ აღწერს სიმონ ჩიქოვანი თავის მასწავლებელს: “კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი “მწარე” ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა.”
ეს ბოლო შენიშვნა, თავისებური და შეუცნობელი გარეგნობის შესახებ, ყველაზე საინტერესოა და უნდა ითქვას, რომ დღემდე ნიკო ლორთქიფანიძის მარტო გარეგნობა კი არა, შემოქმედებაც ასეთივე შეუცნობელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ლამის ყველა ქართველი კალმოსანი მოვალეობად მიიჩნევს, რაღაც მაინც დაწეროს ამ უცნაური მწერლის შესახებ.
ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში (ძველსა თუ ახალში) ხშირად შეხვდებით სტატიებს ასეთი სათაურებით: “სიტყვა ნიკო ლორთქიფანიძეზე”, “ნიკო ლორთქიფანიძე – ახალი სიო ქართულ პროზაში”, “ნიკო ლორთქიფანიძის სიტყვის მაგია”, “ნიკო ლორთქიფანიძე – იმპრესიონისტი”, “კლოდ მონე და ნიკო ლორთქიფანიძე” (!).
განსაკუთრებით იმპრესიონიზმზე წერდნენ ბევრს, დაუღალავად. კითხულობდნენ ლექციებს, და ეს ლექციები დაახლოებით ასე იწყებოდა: “საქმე იმაში გახლავთ, რომ 1874 წელს, გამოფენილ იქნა კლოდ მონეს ნახატი “შთაბეჭდილება” (შემდეგ ლექტორი აუცილებლად მოჰყვებოდა მონესა და სხვა იმპრესიონისტების ბიოგრაფიებს) და აი, მას შემდეგ გავა ოცდაათი წელი და ნიკო ლორთქიფანიძე დაწერს…”
ის, თუ რა ნაწარმოებები დაწერა ნიკო ლორთქიფანიძემ, თითქოს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რატომღაც, სულ ერთიდაიგივე მოთხრობებს სწირავდნენ ხოლმე მსხვერპლად ლიტერატურის ქურუმები და ჩვენც, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ყურები გვქონდა გამოჭედილი: წაიკითხეთ “თავსაფრიანი დედაკაცი”, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიოთი”. ეგ კი არა და, ერთხელ გავოგნდი, როცა ოთხ სხვადასხვა ავტორთან, ნიკო ლორთქიფანიძის გენიალობის დასტურად ერთიდაიგივე ციტატა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, ოთხმა სახელოვანმა მწერალმა ვერაფერი ნახა ნიკო ლორთქიფანიძის ოთხტომეულში, გარდა ამ ერთი წინადადებისა: “ყეფდა ძაღლი, სახურავიდან ამოდიოდა კვამლი და იყო პატარა ოჯახი”.
ახლა კი საქმეს მივხედოთ. ამ მოთხრობაში ნამდვილად არ დაგხვდებათ ძაღლის ყეფითა და მშვიდად ამომავალი კვამლით შეკაზმული იდილია, “მრისხანე ბატონი” “ძლიერი” ტექსტია და იგი ჩვენგან პირველ რიგში, ყურადღებას მოითხოვს და არა სამშვენისებით ტკბობას. თუმცა, ამის მიუხედავად, თავიდან მაინც აღწერები იპყრობს მკითხველის ყურადღებას. ავტორს თავადიშვილი ლევანის ვერცხლის სურა “უპყრია ხელთ” და ლამის ჰომეროსივით (აქილევსის ფარს რომ აღწერდა) აზუსტებს შნოთი და ლაზათით ამოჭრილ გამოსახულებებს. პირველ სურათზე ქალი პირის დასაბანად სურით წყალს უსხამს ყმაწვილს, მეორეზე ცხენოსნები და მეურმეები მოჩანან, მესამეზე მონადიმეები და ა.შ.
ეს მოჩვენებითი იდილია მალე ირღვევა და მკითხველი პირველ სიმართლესაც გაიგებს. ჩვენ პირველი “მრისხანების” მოწმენი ვხდებით. ერთ-ერთი ნადირობისას, ბატონი აღმოაჩენს, რომ ირემი დაუკლავთ ყმებს, კოჭლი და ბრუტიანი, უკვე დაძაბუნებული ირემი. ლევანი ექიმბაშს მოუხმობს და დამნაშავეზე ეტყვის, “ამას ცოტა თვალი სტკივა და მოურჩინე”-ო. ექიმბაში მიუახლოვდება ყმაწვილს, “საკვირველი ღიმილით” დააკვირდება, მარცხენა თვალის უპეს ჩამოუწევს და “ხარის ოდენა შავი თვალი თეთრად გადმოტრიალდება”. შემდეგ ლევანი შეახსენებს, “ირემი კოჭლიც იყო ექიმბაშოო” და “თეთრ თოვლზე ჩქეფით დაიწყებს დენას სისხლი”.
თავადი ერჩის ყველა შიკრიკს, ვისგანაც რაიმე უსიამოვნო ამბავს შეიტყობს, საშინელი წამებით აკვლევინებს ძმისწულისგან, ვახტანგისგან გამოგზავნილი ბარათის მომტანს (მას წყალში ჩაკლავენ მდევრები, ბატონს კი ნაბადსა და ცხენს მიართმევენ ნიშნად) და ასევე შიკრიკს, ვინც მისი ძმისშვილიშვილის, კანონიერი მემკვიდრის, რევაზის სახელს დაიფიცებს. ძმისწულის წერილიდან ვიგებთ, რომ ბატონს თავისი ძმის მკვლელობის ცოდვაც ამძიმებს, და რომ მას სურდა სრულიად ამოეწყვიტა “გველივით სამძულვარი ძმისწულის” ოჯახი და მემკვიდრე რევაზი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლევანს შთამომავალი არა ჰყავს, ესაა მისი ერთად-ერთი სადარდებელი, მაგრამ ბატონი ჯერ ისევ ჯანზეა და კვლავაც ეიმედება “შთამოების”, მემკვიდრის დატოვება.
ასეთ იმედს ლევანი თავის საყვარელს, 18 წლის ციცინოს უკავშირებს, თავისსავე აზნაურის ქვრივს, ვის საყვარლებსაც ოხუნჯები ჯგუფებად ჰყოფდნენ: “პირველი იყო “ვინც უყვარს”, მეორე – “ვისაც უყვარს”, მესამე – “ვისზედაც სიყვარულის ჟინს იკლავს”, მეოთხე – “ვინც სიყვარულის ალს მასში აქრობს”, “ვინც ყიდულობს ციცინოს” და “ვისაც ციცინო ყიდულობს””. ამ ქალს ლევანი ცოლად მოიყვანს, დიდ ბატონს სიგიჟემდე უყვარს ციცინო, ქალის ფეხებსაც ცოცხლად, ცალკე ადამიანებივით ხედავს, ასე ჰგონია, მისი ფეხები ლურჯად მოწმენდილ ცასა და ჩამავალ მზეს გაჰყურებენ, საყვედურსაც ამბობენ და ილოცებიან კიდეც “ეს მეტყველი გზის მაჩვენებლები”. მართალია ლევანი ეჭვიანობდა თავის ცოლზე, მაგრამ ორიოდე სიტყვა, გაღიმება თუ ვნებით გაზმორება ქალისა საკმარისი იყო, და “ლევანი გრძელ ულვაშებს უერთებდა შავს, ტიტველ მკერდზე დაყრილ კავებს”. ციცინოს გამო მრისხანე სასახლე განცხრომის წალკოტად გადაიქცევა: ირმების, შვლების, ჯიხვების, კატებისა და ფინიების, თეთრი მტრედებისა და ფარშევანგების, ოფოფებისა და გედების, ბულბულებისა და იადონების სამოთხედ. ლამის ყოველ დღე მართავდნენ ჯირითს, შერკინებებს – ციცინო მწვავე სიამოვნებას გრძნობს, როცა მხედარი ტვინს მიასხავს ხეზე, უყვარს დათვისა და ტახის ორთაბრძოლაც. ბნელ პალატში კი უკვე თვეზე მეტია ცალკ-ცალკე ასუქებენ ორ ხუთ-ხუთი წლის მოზვერს, რომლებზეც ამბობდნენ, “ისეთი გაველურები არიან, თავისი კუდისაც ეშინიათო”.
მალე ეს მოზვრები “არენაზე” გამოვლენ, მზის სინათლეს იხილავს მესხის მიერ გამოგზავნილი ორი კენტავრი.
მანამდე კი თავისი ძმისშვილი, ვახტანგი უნდა დაატყვევოს “მრისხანე ბატონმა”, შემდეგ სენაკში, დატყვევებულთან, არშიყი უნდა გააბას ციცინომ და ბოლოს დამნაშავეები სწორედ იმ ორ მოზვერზე დაკრულები, ორი კენტავრივით უნდა გამოიყვანონ ქართულ კორიდაზე. სიყვარულის, რისხვისა და სიკვდილის არენაზე. აქამდე ციცინო სეირობდა შეჯიბრებებზე, ახლა კი თავად მონაწილეობს მასში. ციცინოს ფიქალი ძუძუ ხარის ერთ რქაზე შერჩება, მეორის რქა ვახტანგის მუცელს ფატრავს. დევს სულისმღაფავი ყელი ციცინოსი, ხრიალებს ვახტანგი: “ლეკები ერთმანეთს განცვიფრებული უყურებდნენ, რა ხალხში ჩავარდითო”.
ნაწარმოების ბოლოს, დიდი ქალბატონი, “მრისხანე ბატონის” დედა, დესპინე გამოდის ოთახიდან. ქალი, რომელიც მთელი მოთხრობა არ ჩანდა, ვინც წლების მანძილზე ოთახიდან არ გამოსულა. დიდი ქალბატონი სახლიდან მიდის, მიდის შორს, “სადაც არ უნდა იყოს”, ლევანი კი ბოლოს მოწამეთას პირდაპირ, გამოქვაბულში დაეყუდება.
მოთხრობაში ერთი სცენაა, სადაც საყვარელი ციცინოს დურბინდს ჩუქნის, უცხო საგანს. ეუბნება, “უშორესს დაგიახლოვებსო, მთელს ქვეყანას დაინახავ, მთელი ბუნება ჩაიხედავს შენს თვალებშიო”. ნიკო ლორთქიფანიძის პროზაც ასეთივე უცხო და უცნაურია, რომელიც უშერესსა და გამოგონილს, “არაისტორიულ ამბებს” გვაახლოვებს და იქიდან ჩვენს თვალებსა და გულებში, ბუნებასთან ერთად, ადამიანებიც იხედებიან: “მრისხანე ბატონები” და “ტლუ ბიჭები”, “თავსაფრიანი დედაკაცები” და “ქედუხრელნი”.

© არილი

Facebook Comments Box