რომელია? წესით უკვე უნდა გავდიოდე. თმას ვიშრობ. საერთოდ შესაჭრელი მაქვს, უაზროდ წამოიზარდა და ვეღარ ვიმორჩილებ, არ ვიცი რა ვუყო. ტყნ. ახლა საბა აქ რო იყოს, აუცილებლად აღნიშნავდა, რა გამოუსწორებელი ნარცისი ვარ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ აღნიშნავს, რადგან ალბათ უკვე გალერეასთან დგას ნინუსთან და დეასთან ერთად. ნინუ საბას გოგოა, დეა ნინუს დაქალი, რომელიც მე მომწონს. დღეს პირველად ვხვდები ესეთ მოპაემნო ამბავში. ცვილის ფიგურების გამოფენაა და მერე სადმე დავჯდებით. თმა რაღაცას დავამსგავსე. აბა რა ჩავიცვა? ეს დასაუთოვებელია.. ეს მომბეზრდა.. მოიცა, ჯერ შარვალი.. ჯინსი.. დახეული? არა, დახეული გალერეას არ მოუხდება. ეს შავი? ცხელა. ტყნ. მობილური რეკავს. ორი აზრი არ არსებობს, საბაა. უნდა მითხრას, რა გამოუსწორებელი ნარცისი ვარ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მეტყვის, რადგან კარადას არც კი ვშორდები, მობილურის მხიარული ზარის თანხლებით ვაგრძელებ ტანსაცმლის შერჩევას. გამიხურა ამ ნარცისობით, თუ დღეში ორჯერ ვბანაობ, ნარცისი ვარ, თუ ტანსაცმელს ხშირად ვყიდულობ, ნარცისი ვარ, თუ კვირაში რამდენიმე საათს სატრენაჟორო დარბაზში ვატარებ, ნარცისი ვარ! რატო ვარ ნარცისი, რა გასაკვირია, რო მინდა წესიერად გამოვიყურებოდე?! მინდა და თან ჩემთვის ხო არ მინდა? მთელი საღამოს სარკესთან გატარებას და საკუთარი თავით ტკბობას ხო არ ვაპირებ.. აი, დღეს, მაგალითად, დეასთვის მინდა! რა არი ამაში განსაკუთრებული და გასაოცარი? თუ აუცილებლად ყველა ქართველ კაცს ღიპი, გაუპარსავი წვერი და ხინკლის სუნი უნდა ჰქონდეს? მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ღიპიანი?! ჰააა?!! Take Off My Socks, Woman! ტყნ. ჩაცმული ვარ. რა დარჩა? ლინზები. ხო, პატარა მინუსი მაქვს და სათვალეს არ ვხმარობ. რა ჯანდაბად მინდა ორი შუშა სახეზე, როცა ესეთი სიფრიფანა და უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ლინზუკებია გამოგონილი. ფეხსაცმელიც მზად არი. აბა Last check – Mirror, mirror, am I ready to rock this fuckin’ town? – ვეკითხები სარკეს და სახეს გულდასმით ვითვალიერებ. ჩემს გარეგნობაში ყველაზე მეტად პროფილი მიშლის ნერვებს. უფრო ზუსტად – მარჯვენა პროფილი. მარცხენა მესიმპათიურება, ეს კიდე არა! რაღაც სხვანაირია.. უშნოა! ტყნ. მაგრამ რაც არი, ეს არი… პატარა სისტემა მაქვს შემუშავებული. ყოველთვის, როცა გოგოსთან ერთად ვარ, ვცდილობ მისგან მარჯვენა მხარეს აღმოვჩნდე, ანუ სეირნობისას, კინოში, კაფეში თუ მეგობართან სახლში, ისე ვიდგე ან ვიჯდე, რომ თუ ჩემსკენ გამოიხედავს, მარცხენა პროფილს ხედავდეს. ამ ამბავს საბას არ ვუმხელ, რადგან დარწმუნებული ვარ, გაიგებს თუ არა, მაშინვე ნარცისების მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მომანიჭებს და აღარც ჩამომაცილებს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. მე მგონი მზად ვარ. სიგარეტი, სანთებელა, საათი, საფულე, მობილური, გასაღები… გავდივარ. კარს ვკეტავ და საბას ვურეკავ.
– სად ხართ?
– ჩვენ სად ვართ?! – ღრიალებს საბა.
– ვერ მხედავ? ხელს გიქნევ, – ვეხუმრები სადისტურად, თან ლიფტში შევდივარ.
– ვერ გხედავ!
– რატო?
– იმიტო რო გამოუსწორებელი ნარცისი ხარ და გვალოდინებ!
– წუთ-ნახევარში მანდ ვარ, – ვპირდები საბას, ვუთიშავ და ამ დროს მახსენდება, რომ სუნამოს დასხმა დამავიწყდა. უნდა ავბრუნდე.
* * *
არა, დიდი ხანია დეასნაირი სასიამოვნო არსება არ შემხვედრია. ჯერ ერთი ნამდვილი ზაფხულის გოგოა თავისი ცისფერი კაბით, გამხდარი ფეხებით და ჰაეროვანი ნაკვთებით, მეორეც – 45 წუთიან დაგვიანებაზე ხმა არ ამოუღია, მარტო გაიღიმა რამდენჯერმე, სანამ საბა ტრაგიკულ ლექციას კითხულობდა ჩემი დაღუპულობა-უწესობა-უსაქციელობის შესახებ.
გამოფენა საინტერესო აღმოჩნდა. სამი განყოფილებაა – ცნობილი ადამიანები, ანომალიები და პერსონაჟები ფილმებიდან. ანომალიებით ვიწყებთ. ოვალურ დარბაზში 40-მდე ცვილის ფიგურაა. პოკერის მაგიდის გარშემო ციკლოპი, სამთვალა და ოთხთვალა მამაკაცები სხედან. აქვე არიან მხრებით, მუცლებით და თავებით გადაბმული სიამის ტყუპები, ბიჭი რომელსაც უზარმაზარი პირი აქვს (ვიდეოკასეტა აქვს გაჩრილი პირში), სპილოსყურებიანი მოხუცი, სავარძელში მოკალათებული ქალი, რომელსაც ფეხის თითებით ფუნჯი უჭირავს და ხატავს. თან ყველა ფიგურის გვერდით გაკრული აბრები იუწყებიან, რომ ეს ადამიანები მართლა არსებობდნენ. ტყნ. ჩემი ტაქტიკისამებრ ვცდილობ დეა მარცხნივ მედგას, მაგრამ მაინცდამაინც კარგად არ გამომდის, რადგან ბევრს მოძრაობს და საბოლოოდ მე თვითონ ვექცევი მის მარცხნივ. სამძუძუიანი გოგოს ფიგურის წინ ვჩერდებით.
– რა საშინელებაა, – ამბობს დეა და წარბებაწეული აკვირდება მესამე ძუძუს.
– რას ერჩი, ბევრი ინატრებდა, – არ ვეთანხმები.
– ბევრი ქალი თუ ბევრი კაცი? – მეკითხება ირონიულად და 65 სანტიმეტრიანი ენის პატრონი ზანგისკენ მიდის.
თვითონ შესანიშნავი მკერდი აქვს, ნამდვილად არ ჭირდება მესამე. საბა და ნინუ გვიახლოვდებიან. მათ ჩვენი საპირისპირო მხრიდან დაიწყეს თვალიერება.
– სიამოვნებით ვითამაშებდი პოკერს იმათთან ერთად. ერთი თვალი მათხოვე ცოტა ხნით, თუ არ შეწუხდები, – ჩემსკენ იშვერს თითს საბა.
– დღეს ვერა, გოგოსთან ერთად ვარ, – დეას ვუღიმი.
– ოჰ, რა თქმა უნდა, რა სისულელეს გეკითხები, სად შეუძლია ასეთი მსხვერპლის გაღება მეგობრისთვის თქვენს უნარცისესობას!
ფილმების პერსონაჟების დარბაზი არანაკლებ საინტერესოა. ბრედ პიტი საპნით ხელში, კახპასავით გამოწყობილი ჯულია რობერტსი, შავქუდიანი ნიკოლსონი გიჟის თვალებით, უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა ცეკვავენ, ნახევრად გადაპარსულ დენიროს ორი იარაღი აქვს მომარჯვებული და ჩვენსკენ იშვერს, კევინ სპეისი შხაპს იღებს, სარკოფაგიდან ბინტებშემოხეული მუმია მოძვრება, დემი მური გამჭვირვალე პატრიკ სვეიზს კოცნის, მიკი რურკი რძეს ასხამს კიმ ბესინჯერს, ვიღაც გაბურძგნული კენტავრი შუბს ისვრის, ბრმა ალ პაჩინო ტროსტს ეყრდნობა, ტომ ჰენქსი პიანინოზე უკრავს ფეხებით. საბა ჯულიას უახლოვდება და ცდილოს ათ ლარიანი ჩაუკუჭოს ხელში. ამის საპასუხოდ ნინუ ბრედ პიტს ეფერება დაკუნთულ მუცელზე.
– ვაფიქსირებ ღალატის ფაქტებს! – სურათებს ვუღებ ორივეს.
მერე ისინი გვიღებენ მე და დეას – ტრავოლტა-თურმანის ტვისტს ვუერთდებით.
მოწევა მინდა, მაგრამ აქ არ შეიძლება. ტყნ. პროფილტაქტიკის განხორციელება ისევ არ გამომდის, ვერაფრით მოვიხელთე! მესამე განყოფილებაში გადავდივართ. ცნობილი ადამიანები. საბა, პირველ ყოვლისა, შექსპირს ამჩნევს.
– აი შენი ძმაკაცი, რა სონეტი მოგიძღვნა! – 62-ეს გულისხმობს, რაღა თქმა უნდა, – როგორ არი? “ცოდვა დამედო, შემიყვარდა ჩემივე თავი! ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება”..
– დაჯექი, ორიანი, – ვაჩუმებ და დეას ბინ ლადენისკენ მივუთითებ, რომელსაც ხელში ორი თვითმფრინავი უჭირავს. დეა ჯექსონს უყურებს.
– ეს მუმიას მივუწვინოთ სარკოფაგში.
– მშვენიერი აზრია!
ბარაკ ობამა ისე იღიმის, ყველა კბილი უჩანს, კრისტიანო რონალდოს რეალის მაისური აცვია, მანჩესტერის კი მხარზე აქვს გადაკიდებული, ტომ იორკს თავზე აკვარიუმი ადევს, ელვისი თვალს გვიკრავს, პაბლო ესკობარს სქელი სიგარა გაურჭია პირში.
– მოიცა, ამისთვის შეიძლება მოწევა და ჩემთვის არა?
* * *
პატარა, მყუდრო კაფე ვიპოვეთ. როგორც იქნა ვახერხებ და დეას მარჯვნივ ვუჯდები. ფრის, ქათმის სალათს და ოთხ ლუდს ვუკვეთავთ. Black Or White არის ჩართული და ისევ ჯექსონზე ვიწყებთ საუბარს.
– ყოველთვის ესეთი იდიოტიზმი რატო უნდა ხდებოდეს, მოკვდება ვიღაც და უცებ ირკვევა, რო სრულიად საქართველო მისი თავგადაკლული ფანი ყოფილა! – ვოხრავ მე.
– ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, ბევრი უსმენდა, – საბას ხო არ შეუძლია არ შემეწინააღმდეგოს.
– რაც თავი მახსოვს, არავისგან არ გამიგია ჯექსონზე იყოს შემჯდარი ან რამე ეგეთი, ეხლა რო სანთლებს ანთებენ ქუჩებში, ტირიან და თავს იკლავენ..
– ალბათ სახლში უსმენდნენ ხოლმე ღამ-ღამობით, ჩუმად, – მხარს მიბამს დეა.
– მაინც მეფე იყო რა! – არ გვნებდება საბა.
– მეფე იყო დავით აღმაშენებელი! ისე ლაპარაკობ თითქოს შენც უსმენდი.
– არ ვუსმენდი, მაგრამ ვაფასებდი.
– არა, იქნებ უსმენდი შენც ისე, ჩუმ-ჩუმად.
– მიდი რა.
– ისე, კარგ ფილმს გადაიღებდა კაცი მაგის ბიოგრაფიის მიხედვით, – ამბობს ნინუ, – სათაურად მოუხდებოდა – შავიდან თეთრამდე.
– ცხვირიდან უცხვირობამდე ჯობია! – ბოროტად ვიცინი.
– ვაიმე, ესე გადავლაც არ შეიძლება, მოკვდა კაცი..
– შენთვის მოკვდა, მაგრამ აი საბას გულში მუდამ იცოცხლებს! არა, საბ? მაპატიეთ, 2 წუთით უნდა დაგტოვოთ.
– ხო, ხო, მიდი, სარკე იპოვე და შეძვერი, თმა აგეჩეჩა, – ვალში არ მრჩება. შუა თითს ვაჩვენებ და ტუალეტისკენ მივდივარ. ის ანეკდოტი მახსენდება – ჯექსონი ინკასატორია და მრიცხველის შესამოწმებლად მიდის ვიღაცასთან. კარს ოჯახის უფროსი აღებს, ჯექსონი კი უკმაყოფილო სახით შესცქერის და ეკითხება – უმცროსები არ არიან სახლში? ტყნ. იმათთან არ მოვყვები, მეზარება. ვიბან ხელებს, ვისველებ მართლაც ცოტათი აჩეჩილ თმას, ვბრუნდები და რას ვხედავ! დეა ჩემს სკამზე გადამჯდარა! თან საფუძვლიანად გადაბარგებულა – თავის ჩანთიან, ჭიქიან-თეფშიან ყველაფრიანად! საბამ ხო არ მოუყვა რამე პროფილზე და ხო არ მეკაიფებიან? არა, საბამ არ იცის და როგორ უნდა მოეყოლა. ტყნ.
– რა გჭირს? – პირველი ნინუ ამჩნევს, რომ ჩაფიქრებული, გაოცებული თვალებით დავცქერი მაგიდას.
– არაფერი, – სხვა რა გზა მაქვს, ვჯდები.
საუბარი ცხონებული მაიკლიდან ბეგბედერის ახალ რომანზე გადაუტანიათ. დეა ამბობს, ერთი სული მაქვს როდის ჩამივარდება ხელში, ჩემი დაქალია წასული მარსელში, დავაბარე და რო არ ჩამომიტანოს, არ ვიცი რას ვუზამო. ხოლო საბას აინტერესებს, “99 ფრანკი” წაიკითხოს, თუ ფილმი რო აქვს ნანახი, საკმარისია. სხვა დროს, ალბათ, მეც ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც ჩემს თავს ხდება. რა გახდა! ვაღიარებ – ვერ ვიტან, როცა რამე ისე არ გამოდის, როგორც მინდა! სასტიკად ვღიზიანდები! განსაკუთრებით როცა ამ პროფილს ეხება საქმე!
– რატომ გამიცვალე ადგილი? – ვეკითხები დეას საკმაოდ უხეშად.
– გეწყინა? – იბნევა.
– არა, უბრალოდ მაინტერესებს.
– რავიცი..
– რავიცი პასუხი არ არი.
საბა და ნინუ ჩუმდებიან და გაკვირვებულები გვიყურებენ.
– მგონი ძალიან მარტივი და გასაგები შეკითხვა დაგისვი – რატომ გამიცვალე ადგილი? მიპასუხე.
– ისე..
– ისე არაფერი არ ხდება! – ხმას ვუწევ. დეას გამომეტყველებით ვხვდები, რომ ნამდვილ გიჟს ვგავარ.
– რამე დალიე გასული რო იყავი თუ რა მოგივიდა? – უხერხულობის განმუხტვას ცდილობს საბა.
– დავლიე არა ის!
– აბა რაზე იძაბები?
– არ არი შენი საქმე! ვეკითხები ადამიანს და მიპასუხოს.
– მე წავალ, – დეა სწრაფად დგება და ჩანთას იღებს.
– სად მიდიხარ? – უყვირის ნინუ, მაგრამ ის უკანმოუხედავად უჩინარდება კარს მიღმა.
– ეე, ვერა ხარ რა, – საბა საჩვენებლ თითს იტრიალებს საფეთქელზე, – წავედით.
ანგარიშს ვითხოვ და ვიხდი, მიუხედავად იმისა, რომ ფრი და სალათი ჯერ კიდევ არ მოუტანიათ.
* * *
მოსაღამოვებული ქალაქის ქუჩებს მანქანების ხმაური ავსებს. ალბათ უკვე ნახევარი საათია, რაც უხმოდ მოვაბიჯებთ. გრილა. დეა იბუზება და გადაჭდობილი ხელები ტანზე აქვს მიკრული. რამე ჟაკეტი მაინც წამომეღო, მოვაცმევდი. ძლივს მივუსწარი, ტაქსში ჯდებოდა. ბოდიში მოვუხადე და გასეირნებაზე დავითანხმე. საბამ ნინუ გააცილა. რამე უნდა ვთქვა, თორე ეს არ არის ხმის ამომღები.
– არ მინდა პათოლოგი გეგონო..
– არ მეგონები, თუ ამიხსნი რა მოხდა..
– არ ვიცი.. – სიმართლე რო ვუთხრა უფრო დიდ პათოლოგად ჩამთვლის.
– არ ვიცი, პასუხი არ არი.
– ხო, მაგრამ მართლა არ ვიცი.
– იცი!
– უცებ მომიარა რაღაცამ..
– ისე?
– ხო.
– ისე არაფერი არ ხდება!
მგონი ჯობდა ულაპარაკოდ მიმეცილებინა სახლამდე! ტყნ.
– ჩემი ახირებულობის ბრალია..
– რას გულისხმობ?
– ანუ, როგორ გითხრა.. ერთი უცნაური რამე მჭირს..
საშინელი მომენტია! უნდა გამოვტყდე, საბა არც თუ ისე უმიზეზოდ მიხურებს.. რა სიამოვნებით მომახლიდა ახლა, რო ნამდვილად ყოვლად გამოუსწორებელი ნარცისი ვარ, მაგრამ კიდევ კარგი, ვერაფერსაც ვერ მომახლის, რადგან ალბათ ნინუსთან კოცნაობს სადარბაზოში…
– შენ გამოუსწორებელი ნარცისი ხარ! – მეუბნება უეცრად თვალებგაბრწყინებული დეა.
ყბა მივარდება.
– რა?..
– პროფილი ხო?
– რაა?!
– პროფილი!
– რა პროფილი?!!?
– პრო-ფი-ლი! შენ შენი მარცხენა პროფილი მოგწონს, მარჯვენას კი ვერ იტან! ამის გამო ხარ დაკომპლექსებული და ამიტომაც ატეხე ამხელა ამბავი!
პირს ვაღებ, ვხურავ და მერე ისევ ვაღებ მაშინვე.
– შენ საიდან იცი?… – ამის მეტს ვერაფერს ვპოულობ სათქმელად.
– მე ვიცი, თუ ვიცი!
– საიდან?
– რა გგონია, რატო ვიკლავ თავს მთელი დღეა, რო შენგან მარჯვნივ ვიყო?
– რატო?
– იმიტო რო ჩემსკენ როცა იხედები, მინდა მარცხენა პროფილს ხედავდე!..
– მეხუმრები?..
კისკისებს.
– კი ვიფიქრე, ესეც ჩემნაირი ხო არ არის-მეთქი, როცა შეგატყვე რო ჩემსავით ცდილობდი რაღაცას, მაგრამ ბოლომდე არ მეგონა.. ეხლა მივხვდი. ეგრეა ხო?
– ეგრეა…
– რა სულელი ხარ!
მთელი ძალით მეხუტება. სახეზე ვეფერები და კარგად ვათვალიერებ. ბოლოს ვკოცნი.
* * *
სახლამდე მივაცილე. შევთანხმდით, რომ ხვალ დილიდან შევეხმიანები. გზაში მომიყვა, როგორ ეზიზღება ბავშვობიდან თავისი მარჯვენა პროფილი და სულ როგორ ცდილობს დამალოს. თან დამცინოდა, ხო გაჯობე, შენზე უკეთესი ტაქტიკა მაქვსო. მეკამათა იმაზე, თუ ვინ საით იდგება ხოლმე ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში. ორივეს მოგვიწევს დათმობა, მაგრამ უფრო ხშირად მაინც შენ, იმიტომ რომ მე გოგო ვარო! დამთხვევა არ გინდაო? მე მგონი ესეთი დამთხვევები ხშირად არ ხდებაო..
მაგრამ უცნაური იცით რა არის? შემიძლია დავიფიცო, ყველაფერი დავიფიცო, რომ ორივე პროფილი ზუსტად ერთნაირად ლამაზი აქვს! ტყნ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“