ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ
„საფეხბურთო ციებ-ცხელების“ ავტორი ნიკ ჰორნბი აღწერს, როგორ შეიცვალა ის, ფეხბურთი და საზოგადოება ბოლო ოცი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც მისი პოპულარული ავტობიოგრაფიული წიგნი პირველად გამოიცა.
2011 წლის თებერვალში, უფრო ზუსტად კი, 27 თებერვალს, დაახლოებით 17:50-ზე, ჩემმა გუნდმა, „არსენალმა“ „უემბლიზე“ თასის ფინალში „ბირმინგემ სიტისგან“ ბოლო წუთზე გაუშვა გოლი და შედეგად, თამაში დათმო. ჩემს თვალწინ სტადიონის საპირისპირო მხარეს ბირმინგემის გულშემატკივრებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს, ვერ იჯერებდნენ, რაც მოხდა და ეს მათ სიხარულს უფრო აძლიერებდა: „ბირმინგემი“ პრემიერ-ლიგიდან გავარდნის ზღვარზე იმყოფებოდა და ყველა „არსენალის“ იოლ გამარჯვებას ელოდა.
მე და „არსენალის“ გარკვეული ასაკის სხვა გულშემატკივრებს მსგავსი რამ უკვე განგვეცადა: მინახავს ჩემი გუნდის მარცხი მესამედივიზიონელ „სუინდონ თაუნთან“ და პატარა „ლუთონთან“, და მეორედივიზიონელ „უესტ ჰემთან“ – ეს მატჩები ჩემს წიგნში, „საფეხბურთო ციებ-ცხელებაში“ აღვწერე. ამგვარად, იმ დღეს სტადიონზე ჩემს ახალგაზრდა „მეს“ არც მოვლენათა ტრაგიკული განვითარება გააკვირვებდა და არც ჩემი სასოწარკვეთილება. იმედგაცრუებული კი დარჩებოდა ალბათ, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი რამის აღსაკვეთად ჯერაც არაფერი გამოუგონებიათ ან რაიმე კანონი არ დაუწესებიათ.
თუმცა თერთმეტი წლის ბიჭს, რომელიც „არსენალის“ „სუინდონთან“ მარცხს შეესწრო, „ბირმინგემის“ თამაშის მრავალი ასპექტი დააბნევდა; ხოლო 34 წლის ნიკ ჰორნბის, რომელმაც „საფეხბურთო ციებ-ცხელება“ დაწერა, მცირეოდენი ახსნა-განმარტება დასჭირდებოდა. მაგალითად: მატჩში ანგარიში თავური დარტყმით „ბირმინგემ სიტის“ მოთამაშემ, ბუმბერაზმა სერბმა გახსნა, ხოლო „არსენალმა“ ჰოლანდიელი მოთამაშის გოლით გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი რუსული კლუბიდან ნათხოვარმა ნიგერიელმა გაიტანა, მან ფრანგი და პოლონელი მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით და მათი სულელური შეცდომით ისარგებლა. ვინ იყო ეს ხალხი? „უემბლის“ სტადიონზე, ინგლისის საშინაო ტურნირზე რატომ თამაშობდნენ? თითქმის 90 გირვანქა სტერლინგი მათ საყურებლად რატომ გადავიხადე?
„საფეხბურთო ციებ-ცხელება“ 1992 წელს გამოიცა და მას შემდეგ ინგლისური ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. სიმართლე ითქვას, ბოლო 20 წელიწადში უფრო მეტი რამ მოხდა, ვიდრე წინა 70 ან 80 წელიწადში. თამაში აჩქარდა და გაუმჯობესდა, ფეხბურთელებიც მეტად მომზადებულები და დაოსტატებულები არიან. ჩვენი სტადიონების უმეტესობა უსაფრთხოა, მაგრამ ბილეთები კატასტროფულად გაძვირდა და იოლად ვერ იშოვნი, მაყურებლები უფრო ჩუმები გახდნენ, რადგან მათი საშუალო ასაკი მატულობს. თითქმის ყოველი მოთამაშე, ვისაც კი ბოლო ათწლეულში ინგლისის პრემიერ-ლიგაში უთამაშია, მულტიმილიონერია, არადა, გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ყველაზე ნიჭიერი ინგლისელი მოთამაშე პოლ გასკოინი იტალიის უფრო მდიდარ და მომხიბვლელ საფეხბურთო ლიგაში თამაშობდა. დღეს არც ლირა არსებობს და აღარც მისი ხიბლი. თუ საკაბელო არხებს ჩაირთავთ, დღეში ორი-სამი მატჩის ყურებას შეძლებთ; საფეხბურთო ტრანსლაციებს ევროპის ნებისმიერი წერტილიდან გადმოსცემენ; ტელევიზიით ნიუ-იორკში ან კანარის კუნძულებზე უფრო ადვილად ნახავთ პრემიერ-ლიგის მატჩებს, ვიდრე ლონდონში; მსოფლიოს ნებისმიერ ბარში იპოვით თანამოსაუბრეს, სატრანსფერო ბაზარზე არსენ ვენგერის სიჯიუტის გასაკრიტიკებლად. უწინ პირქუში და არც ისე მიმზიდველი გუნდი, ჩემი „არსენალი“, უეცრად ესთეტიკური სრულყოფილების სიმბოლოდ იქცა და არსებობის მანძილზე ყველაზე წარმატებული ხანა დაუდგა; 1997-2006 წლებში ყოველ შაბათს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ცქერით ვტკბებოდი.
ამ ცვლილებათა უმეტესობას სათავე „ჰილსბოროს ტრაგედიამ“ და რუპერტ მერდოკმა დაუდო. „ჰილსბოროს“ შემდეგ ყველა შეთანხმდა, რომ აუცილებლად რაღაც უნდა გაკეთებულიყო, რომ ვეებერთელა, დაბზარული ბეტონის იარუსები საშიში იყო და ნაშუადღევს სტადიონზე გასართობად და მატჩის საყურებლად მისულ გულშემატკივარს დაშავების ან სიკვდილის შიში არ უნდა ჰქონოდა. ხოლო გამჭრიახმა მერდოკმა წინასწარ განჭვრიტა, რომ მისი ტელევიზია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის შეუცვლელი გახდებოდა, თუ მსოფლიოში უპოპულარულესი სპორტის სახეობის ტრანსლირების უფლებას შეიძენდა. მან ფეხბურთი ფულში ჩაძირა, ინგლისის ჩემპიონატში ვეტერანი უცხოელი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, ხოლო კლუბებმა სეზონური აბონემენტების ფასები გაზარდეს, რათა მოთამაშეებისთვის ძალიან გაზრდილი, მანამდე გაუგონარი ხელფასები გადაეხადათ.
წამიკითხავს, თანაც არაერთხელ, იმდროინდელი მოსაზრებები, რომ ფეხბურთის გარდაქმნაში „საფეხბურთო ციებ-ცხელებასაც“ მიუძღვის წვლილი. ამ თეორიის მიხედვით, ჩემმა წიგნმა მოსახლეობის საშუალო ფენა ფეხბურთით დააინტერესა და თანდათან საშუალო ფენა იქცა იმ ერთადერთ მაყურებლად, ვისაც ბილეთის ყიდვის საშუალება გააჩნია. სიამოვნებით დავიბრალებდი, რომ მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული ცვლილებების შემოქმედი ვარ, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, არ შემიძლია. ზედმეტ თავმდაბლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ საერთაშორისო მედიაიმპერიის მფლობელმა უფრო დიდი გავლენა მოახდინა ბრიტანულ სპორტზე, ვიდრე ჩემმა პირველმა წიგნმა. არსებობს ერთგვარი ეჭვი, ვარაუდი, თითქოს „საფეხბურთო ციებ-ცხელების“ წარმატება მხოლოდ და მხოლოდ საშუალო ფენის მკითხველთა დამსახურებაა, რადგან მუშათა კლასის წარმომადგენლები წიგნებს არ კითხულობენ. თუმცა მე პირიქით მგონია. ჩემი აზრით, „საფეხბურთო ციებ-ცხელება“ წაიკითხა ხალხმა, რომელიც რეგულარულად ყიდულობს წიგნებს და იმათაც, ვინც არ ყიდულობს; ჩემი წიგნი წაიკითხეს ოქსბრიჯის კურსამთავრებულებმაც და უმაღლესი განათლების არმქონეებმაც. მკითხველთან ჩემი საუბრებიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ ჩემი განათლება (საშუალო მოსწრების მოსწავლე და სტუდენტი ვიყავი საჯარო სკოლასა და კემბრიჯის უნივერსიტეტში) სრულიად უმნიშვნელოა იმ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან შედარებით, 1969 წლის ინგლისის ლიგის თასის ფინალში დონ როჯერსის გატანილმა გოლმა რომ მომაყენა.
„საფეხბურთო ციებ-ცხელება“ დრამატული ნაწარმოები არ არის – დაწერა არ გამძნელებია და გამომცემელიც შედარებით ადვილად ვიპოვე. თავიდან რამდენიმე გამომცემელმა უარი მითხრა, აქაოდა, საფეხბურთო წიგნები ცუდად იყიდებაო. მომეჩვენა, რომ მათი ეს შეხედულებაც ზემოთ აღნიშნულის მსგავს არადემოკრატიულ, მცდარ წარმოდგენებს ეფუძნებოდა. გამომცემლები აშკარად შემდეგს გულისხმობდნენ: „ფეხბურთის გულშემატკივრები იდიოტები არიან, მაგრამ ეს იდიოტები იმ უხარისხო, გოუსთრაიტერების[1] მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიებსაც არ კითხულობენ, დიდ-დიდი ტირაჟით რომ გამოვცემთ. შენს პოსტმოდერნისტული ელემენტებითა და ჯეინ ოსტინის ციტატებით სავსე წიგნს საერთოდ არა აქვს შანსი!“ რატომღაც იმას არ ფიქრობდნენ, რომ უხარისხო და გოუსთრაიტერის მიერ დაწერილი წიგნები იმიტომაც არ იყიდებოდა, რომ უხარისხო და გოუსთრაიტერის მიერ იყო დაწერილი. შეიძლება „საფეხბურთო ციებ-ცხელებას“ ფეხბურთის გულშემატკივართა სოციალური შემადგენლობა არ შეუცვლია, მაგრამ იმედი მაქვს, გამომცემლები განსხვავებული სახის სპორტული ლიტერატურის კომერციულ პოტენციალში მაინც დაარწმუნა. გადაჭარბებული პრეტენზიების წამოყენებას არ ვაპირებ და ჩემს წიგნს ლიტერატურულ მიღწევად ვერ ჩავთვლი, მაგრამ როცა მასზე ვმუშაობდი, ზუსტად ვიცოდი, რომ წიგნს ფეხბურთის გულშემატკივრები გონების ზედმეტი დაძაბვის გარეშე წაიკითხავდნენ. ჩემი შთაგონების წყარო ორი ამერიკული წიგნი იყო: ტობიას ვულფის „ამ ბიჭის ცხოვრება“ და ფრედრიკ ექსლის გამოსვლისას ნაკლებად დაფასებული, მაგრამ დღეს უკვე კლასიკად ქცეული „ფანის ჩანაწერები“ (მისგანვე ვისესხე „საფეხბურთო ციებ-ცხელების“ ქვესათაური: „ფანის ცხოვრება“). სავარაუდოდ, მიზეზი ისაა, რომ პოპკულტურა ამერიკის მშვენებაა, ამერიკაში არავის აკვირვებს ის ფაქტი, რომ ავტორები ბეისბოლის ანგარიშებშიც ისევე კარგად ერკვევიან, როგორც თანამედროვე პოეზიაში. აი, დიდ ბრიტანეთში კი მსგავსი ტიპის კულტურულ განათლებას ჯერ ისევ ეჭვის თვალით უყურებენ. თუ ფეხბურთის გულშემატკივარს კითხვა უყვარს, ის უთუოდ პრეტენზიული და არისტოკრატიული უნდა იყოს, ხოლო პოეტი, რომელსაც სეზონური აბონემენტი აქვს, სიღარიბეში უნდა ცხოვრობდეს.
მე ისიც ვიცოდი, რომ ფეხბურთის გავლენა მოსახლეობაზე „საფეხბურთო ციებ-ცხელების“ გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე გაიზარდა. ძალიან ბევრი იმათგან, ვინც საფეხბურთო მოედანზე თამაშობდა, ან ვისაც მე ვეთამაშებოდი, ჩემსავით პირველი თაობის საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ჩვენ ომის შემდგომი სოციალური მობილობით ვისარგებლეთ. მშობლებისგან განსხვავებით, ჩვენ უნივერსიტეტებში ვისწავლეთ და უმეტეს შემთხვევაში, ფეხბურთიც მამებისა და პაპების ხათრით შევიყვარეთ. თანაც, როცა 1966 წელს ინგლისმა მსოფლიოს თასი მოიპოვა და ჯორჯ ბესტი „ბითლზის“ მეხუთე წევრად იქცა, ფეხბურთმა ძველმოდური ნიუანსები მოიშორა და მისი შეყვარება პოპმუსიკის შეყვარებასავით იოლი გახდა. 1980-იან წლებში, როცა ფეხბურთი დაავადდა, უამრავმა ბავშვმა შეწყვიტა სტადიონზე სიარული, მაგრამ 1990-იან წლებში, როცა ფეხბურთი გამოკეთდა, უამრავმა მათგანმა კვლავ გაანხლა მატჩებზე დასწრება (ალბათ მეც უნდა მიმეტოვებინა ფეხბურთი, მაგრამ ვერ შევძელი და, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ჩემმა შეუპოვრობამ დამაწერინა ეს წიგნი). როცა ახალგაზრდები ერთმანეთისთვის მუშტების ბრაგუნს გადაეჩვივნენ – ან, უფრო ზუსტად, პოლიციამ მათი დაშოშმინება ისწავლა – მრავალი გულშემატკივარი დაუბრუნდა ფეხბურთს. განსაკუთრებული სოციოლოგიური სირთულე არ წარმოქმნილა. როცა „საფეხბურთო ციებ-ცხელება“ იწერებოდა, ჩვენს სტადიონებზე სიტუაცია ჯანსაღდებოდა, გულშემატკივრების რაოდენობა მატულობდა, ოჯახების და ქალების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება ყალიბდებოდა, და წიგნმაც დაუმსახურებელი წარმატება მოიპოვა; თუმცა ხანდახან უსაფუძვლოდაც აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით შევიტყვე, ჩემს წიგნს სხვა ქვეყნებშიც მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც, ცნობილ მიზეზთა გამო „საფეხბურთო ციებ-ცხელება“ დიდწილად უყურადღებოდ დარჩა. როგორც ჩანს, პროფესიული სპორტი ყველგან საშუალო ფენის მოხმარების საგნად იქცა. კომპანიების მენეჯერებს თავიანთი კლიენტები გასართობად თეატრში და ოპერაში აღარ მიჰყავთ. დღეს საშუალო ფენის ხალხი ყველგან განსხვავებულია, ყველას განსხვავებული წარსული და გემოვნება აქვს. როცა „ბირმინგემ სიტიმ“ 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და „არსენალი“ დამარცხდა, ისევ ჩვეული წყენა ვიგრძენი, ისევ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ასეთი საშინელების ხელახლა განცდა აღარ მინდა; თუმცა ეს ყოველივე იმას როდი ნიშნავს, რომ ბოლო ოცწლეულში ფეხბურთი არ შეცვლილა. მეც ბევრი რამ შემემთხვა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „საფეხბურთო ციებ-ცხელება“ მოგონებებია, იმ დღეს სტადიონზე, მე ამ წიგნის გარდაქმნილი პერსონაჟი ვიყავი. მოედანზე მორბენალ იდუმალ ფეხბურთელებს რომ თავი დავანებოთ, ვინ იდგა იმ დღეს ჩემს გვერდით ტრიბუნაზე? როცა ეს წიგნი დავწერე, უცოლშვილო ვიყავი; 2011 წელს „უემბლიზე“ ჩემი მეორე ცოლი და ორი უმცროსი ვაჟი მახლდა. ერთი ბიჭი რვა წლისა იყო, მეორე – შვიდისა, ორივენი „ჰაიბერისა“ და „ემირეტსის“ სიახლოვეს გაიზარდნენ. „უემბლიზე“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში მოთამაშე თავიანთ გუნდს პირველად უყურებდნენ. უმცროს ბიჭს ცრემლები წასკდა, უფროსმა დედას ხელი მოჰკიდა და გასასვლელისკენ წაიყვანა. „არსენალის“ კარში გასულმა გოლმა გული კი დამწყვიტა (ახლა წუწუნს რაღა აზრი აქვს, მაგრამ კოშიელნის ის ბურთი ტრიბუნებისკენ უნდა მოეგერიებინა), მაგრამ ჩემი შვილები უფრო შემეცოდნენ და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რადგან უჩემოდ, „არსენალთან“ ჩემი კავშირი (რომელსაც ამ წიგნში აღვწერ) რომ არა, იმ დღეს სტადიონზე არ იქნებოდნენ.
ერთი შეხედვით, ეს კავშირი არასდროს გამწყდარა, ბოლო ოცწლეულში მხოლოდ 20 საშინაო მატჩი თუ მექნება გაცდენილი და „არსენალის“ მიერ ცუდად ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჩემს სახლში ყოველთვის სევდა ისადგურებს ხოლმე. ახლა, როცა ჩემ გარდა შინ ფეხბურთის სხვა ფანებიც ცხოვრობენ, მოწყენილობა უფრო თვალშისაცემია. თუმცა თამაში შეიცვალა, სტადიონიც შეიცვალა და ბავშვობის და ახალგაზრდობის სირთულეებიც გადავლახე – დაწყებული მძიმე საქმე ბოლომდე მივიყვანე (რაშიც „საფეხბურთო ციებ-ცხელება“ დამეხმარა) და მიუხედავად სიძნელეებისა, მრავალფეროვანი ოჯახური ცხოვრებით ვცხოვრობ.
იმავე წიგნს აღარ და ვეღარ დავწერდი, ოღონდ ამით „საფეხბურთო ციებ-ცხელების“ ღირსებებს როდი ვაკნინებ, რადგან ეს ჩემი უუნარობა ერთი მხრივ, რაღაცის დაკარგვისა და მეორე მხრივ, ზრდის შედეგია. მენატრება ის ადამიანი, ვისაც სიშმაგისა და მოუსვენრობისთვის საკმარისი დრო და ენერგია ჰქონდა; დღეს რომ მიწევდეს მასზე წერა, ალბათ თავზე ხელს გადავუსვამდი და ვეტყოდი, რომ დროთა განმავლობაში ასაკი მოემატება და დაჭკვიანდება, რომ მთელი წიგნი აზრს დაკარგავს. მე ეს ვიგრძენი და ჩემთან ერთად მილიონობით ადამიანმაც იგრძნო. ამ მილიონობით ადამიანმა შესაძლოა ვეღარ იცნოს წიგნში აღწერილი თამაში და სტადიონები, რომელზეც ის იმართებოდა, მაგრამ ჩემი ვაჟები და მილიონობით გოგო-ბიჭი მთელ მსოფლიოში სწორედ ახლა იწყებს მოგზაურობას, რომელიც მათ უდიდეს ტკივილს და ხანდახან – უსაზღვრო სიხარულს მოჰგვრის. არა მგონია, ეს მოგზაურობა ოდესმე დასრულდეს.
სტატია აღებულია ნიკ ჰორნბის „საფეხბურთო ციებ-ცხელების“ საიუბილეო გამოცემის ბოლოსიტყვაობიდან. 2012 წ.
© “არილი”
[1] ghostwriter – ვინც, სხვას უწერს მემუარებს, მოხსენებას და ა. შ. ფაქტობრივი ავტორი. სიტყვასიტყვით: “მწერალი-აჩრდილი”.