პროზა

ნინო გუგეშაშვილი – ორი კენჭი ანუ აქ იყო ჩაკ ბერი

 

ჩაკ ბერიმდე აქ იყო ღვინო, კომპოტები და მამის სახელოსნო.

როგორც კი ფარნამ უცხოელ ტურისტებში სირბილი დაიწყო, მამამ აალაგა ბოთლები, კუთხეში მიაწყო მოლბერტი და საღებავები და ფარნას უთხრა:

– აქ შეიკრიბეთ ხოლმე.

მასწავლებლები ამბობდნენ, რომ მამა უწყობს ხელს, არც დედა უშლის მაინცდამაინც, და წავიდა კარგი მოსწავლე ხელიდან – თმას აღარ იჭრის, კომკავშირში არ შედის, ზღვაზე ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს საეჭვოდ უახლოვდება და გაუგებარ ენებზე ექაქანება.

სამაგიეროდ ერთ დღეს ერთი გერმანული ჟურნალი მოიტანა, საიდანაც სარდაფის კედელზე უნდა გადმოეხატა თავის ცნობილ ნახევრად ჩოქმბჯენში გაჯირითებული გიტარიანი ჩაკ ბერი და ორ დღეში უნდა დაებრუნებინა პატრონისთვის ჟურნალი.

ფარნამ ის ორი ღამე გაათენა – კედელს ხატავდა მამამისის დატოვებული საღებავებით და, სადამდისაც შეწვდა მაქსიმალური გაჭიმვით, კი გამოუვიდა ეს ჩოქმბჯენიანი ჩაკ ბერი თავის სიმაღლე. მესამე დღეს ჟურნალი რომ მიურბენინა პატრონს ზუსტად დათქმულ დროს, ისეთი უძილო და ბედნიერი იყო, რომ იმ გერმანელმა ჰოლგერმა ჟურნალი საერთოდ აღარ გამოართვა…

აქ იყო სანტანა. ეს სანტანა დიმკამ გადახატა ფარნას სარდაფის კედელზე. კარგად არ იცოდნენ ჯერ, რა ტიპი იყო სანტანა და რას უკრავდა, მაგრამ ფოტოზე ეტყობოდა, რომ კაი ტიპი უნდა ყოფილიყო და აშკარად უკრავდა. ფარნამ ჯერ „ოაზისი” დაარქვა თავის სარდაფს, მერე, როცა ჟურნალის რამდენიმე გვერდი ლექსიკონებში ქექვით გადათარგმნა, ჩამოხსნა „ოაზისი” და დაკიდა „სერჟანტ პეპერის კლუბი”.

შემდეგ ზაფხულს ჰოლგერმა პოსტერების მთელი დასტა ჩამოუტანა…

აქ იყო ჯიმ მორისონი. ეს მორისონი ოთომ დახატა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ხატავდა, რომელი ვარსკვლავის პოსტერსაც ვერ იშოვიდნენ, იმას ხელით ხატავდნენ. მერე რა, რომ ოთოს დახატული წვერებიანი ჯიმ მორისონი ზოგჯერ გაბრიელ დაფანჩულს ჰგავდა და დიმკას დახატული ცილინდრიანი სანტანა – დიმკას ბიძას, რომელიც თვითონ დიმკასთვის მხატვარი იყო, დანარჩენი ქალაქისთვის კი – „მალიარი არტუშა”. მერე რა, რომ გიტარიანი ჰენდრიქსის ფოტო ჯერ არ ჰქონდათ და, როცა დახატეს, გიტარა მარჯვნივ დააჭერინეს, სამაგიეროდ ქვეშ და ოდნავ მარცხნივ დატოვებული წარწერა მოწმობდა, რომ ნამდვილად ის იყო და ნამდვილად „აქ იყო ჯიმი ჰენდრიქსი”.

– არ ვიცი, სწორად ვიქცევით? – ფარნას დედა სარდაფიდან გამოდევნილ კომპოტებს და მურაბებს სამზარეულოს კედლის კარადაში უთავისუფლებდა ადგილს.

– რა გინდა, სხედან თავისთვის, ხატავენ, უკრავენ. არ დარბიან სადღაც ღამეში დანებით და შპრიცებით.

– შპრიცები თუ უნდათ, აქაც შეუძლიათ.

– ეგ არ გამომეპარება. შანსი არაა, – მამა სკამზე იდგა და ანტრესოლიდან ძველი საღებავების დიდ ქილებს ალაგებდა, – ესენიც დაჭირდებათ, იმხელა მიკ ჯაგერებს ხატავენ მამაძაღლები.

– უთხარი, ცოტა პატარები დახატონ, ან რა საღებავი ეყოფათ, ან რა კედლები?

– ახლა მთელ „პეპერის ორკესტრს” ხატავს ფარნა, მგონი ორასი კაცია, ყველა თუ ნატურალურ ზომაში დახატა, კი ამოვლენ ზალაში.

– რა გინდა, ფეხბურთის დროს მარტო აღარ იღრიალებ.

– ააჭყვიტინებენ საყვირებს. ტრა-ტა-ტა-ტა-ტააა. – მამამ „სერჟანტ პეპერის” საყვირების პარტია წაუმღერა. – ვუდსტოკის ხატვას რო დაიწყებენ, მერე ვართ ცოდვა.

აქ იყო ჯენის ჯოპლინი. ეს ჯოპლინი იამ დახატა. თექვსმეტი წლის იყო ფარნა, როცა ოთომ თოთხმეტი წლის ია მოიყვანა პირველად – პიანინოზე უკრავს მაგრად და ამ პონტებზე გიჟდებაო, მოყვანამდე გააცნო. იამ სარდაფში გოგოები მოისაკლისა, ჯოპლინი დახატა და ბიჭებს დაავალა, თითო გოგო ყველას დაეხატა. ოთომ ენი ლენოქსი გადმოხატა, დიმკამ – შინეიდ ო’კონორი, რომელიც ახლა ქუდმოხდილ და თავგადაპარსულ ძია არტუშას დაამსგავსა, ფარნამ – სულ ნორჩი დოლორეს ო’რიორდანი, რომელიც ჯერ მოსმენილიც არ ჰქონდა, ფოტოდან შეუყვარდა. გიომ ვიღაც გოგო დახატა, ვისი სახელიც არავინ იცოდა, კუსტარული თხელი ფირფიტიდან გადმოიხატა და მიაწერა: „აქ იყო შიზგარე”.

ისეთი ლამაზი იყო იას დახატული ჯოპლინი, დიდი იისფერი თვალებით, ყვავილების გირლანდებით გაწყობილი ჭრელი კაბით, მძივებით და თავსაკრავით, რომ ოთომ თქვა, ასეთი ლამაზი რომ ყოფილიყო ჯოპლინი, აღარც იმღერებდაო. ამაზე ია ცოტა ხანს გაიბუტა, მაგრამ პლანტის ხატვა რომ დაიწყო, გაბუტულობა გადაავიწყდა, თუ რამ სილამაზე ჯოპლინს დააკლო, პლანტს დაახარჯა და ისიც ისეთივე იისფერთალება და საოცნებოდ გასხივოსნებული გამოუვიდა. ოთოს და ფარნას საბოლოო დასკვნა ასეთი იყო: ია სულ თავის თავს ხატავს, დიმკა – ბიძამის არტუშას.

კიდევ ერთი სტატიის გადათარგმნის შემდეგ ფარნამ თავის სარდაფს „პეპერლენდი” დაარქვა და გამოაცხადა, რომ მორჩა, კლუბის სახელი აღარ შეიცვლება იმიტომ, რომ ეს ზედგამოჭრილი სახელია. როცა კლუბის წევრებს მოუყვა, რომ „პეპერლენდი” – ეს არის ზუსტად ასეთი ფერადი მუსიკალური ქვეყანა, როგორიც მათი სარდაფია, მაგრამ მერე მოდიან ბოროტი ლურჯი „მავნიები” (ეს სიტყვა თვითონ მოიგონა, რადგან ლექსიკონში შესატყვისი ვერ ნახა) და ყველაფერს ყინავენ, აქვავებენ და აფუჭებენ, ოთომ გააპროტესტა:

– სხვა სახელი დავარქვათ, ეგ თარსი სახელი ყოფილა. ეს რომ ვინმემ გაგვიფუჭოს, მართლა დავაქვავებ ადგილზე.

– გავუხეთქავ თავს, – ფუნჯით ხელში შემობრუნდა დიმკა.

– სამაგიეროდ, ერთადერთი იარაღი, რაც ამარცხებს მავნიებს, მუსიკაა. მოკლედ, დაუკრავ და ცეკვას იწყებს მავნია, ხდება თბილი და კეთილი.

ოთო დაწყნარდა და დიმკამაც თავისი მესამე, დრედებიანი და იამაიკის დროშის ფერებიანი არტუშას ხატვა განაგრძო – „აქ იყო ბობ მარლი”.

– ადვილი ყოფილა მავნიების დამარცხება.

– ვინც იცის მუსიკა, იმისთვის – კი.

– ვინც არ იცის, იმას დაერხა?

– უეჭველი. იქნიე ხმალი, აკაკანე კალაშნიკოვი – მაინც გაგყინავენ.

ფარნას ისე მოუმრავლდა უცხოური ჟურნალები და ფირფიტები, იმდენ დროს ატარებდა უკვე თავის „პეპერლენდში” და იმდენი მეგობარი ჩაითრია სარდაფში, რომ კლასის ხელმძღვანელი უბრალოდ ვალდებული იყო მის დახასიათებაში შესწორებები შეეტანა: „არის ერუდირებული, აქტიური ახალგაზრდა, მეგობრებს შორის სარგებლობს გადაჭარბებული ავტორიტეტით, სკოლის სახელმძღვანელოებზე მეტად ეტანება კლასგარეშე ლიტერატურას, მომეტებულ ინტერესს იჩენს ბურჟუაზიული იდეოლოგიისადმი და მისი იდეურ-პოლიტიკური მდგრადობის დონე დაკვირვებას საჭიროებს”.

ფარნას სულ ბოლო ნახატი და წარწერა – „აქ იყო კურტ კობეინი. 29. 09. 92”.

სად არის ახლა კურტ კობეინი? თუ გაუმართლა, სამუდამო ნირვანაშია. თუ არა და… ამაზე ფიქრიც არ უნდა ოთოს – ეშმაკიც შევა კობეინის მდგომარეობაში და ღმერთიც.

და თვითონ ოთო სად არის? – ოთო წელამდე ბალახში მიაბიჯებს, დიდ ჯაყვას შლის და ცდილობს სახლის ძირში მოსული ეკალი და ჭინჭარი მოჭრას, შამბს სქელლანჩიანი ფეხსაცმლით ჯეგავს – აქ სადღაც კიბე უნდა ჩადიოდეს, სულ ოთხი საფეხური, მერე დაბალი კარი უნდა იყოს, რომელშიც მაღალკლასელები უკვე ოდნავ მოხრილები შედიოდნენ ამ ოციოდე წლის წინ. კარზე “Pepperland” უნდა ეწეროს. გასაღები მარტო ოთოს და ფარნას ჰქონდათ, ვინ გამოცვლიდა საკეტს? ერთი ფეხის დარტყმა და კარი იღება – ოთო ეხვევა სიბნელესა და გიგანტურ აბლაბუდაში. ასეთი აბლაბუდა, აქაური სახლების გარდა, მარტო ფილმ-ზღაპრებში უნახავს. მობილურის ფარანს ანთებს. აქ იყო ჩაკ ბერი. ჩაკ ბერისგან მარტო ჩოქმბჯენი დარჩენილა. აქ იყო… აქ ვინ იყო, აღარ ახსოვს, ჩამონგრეულია ბათქაში, ობითაა დაფარული. საოცარია, იას დახატული დიდი თვალები მოთეთრო ობიდან ისევ ლურჯად იყურებიან, კედლის თვალებივით – სამი კედლიდან სამი წყვილი თვალი იყურება. ალბათ საღებავი იყო ისეთი, ობი არ ეკარებოდა. სანახევროდ ჩამოშლილი კედლები იას თვალებით იყურებიან – ომს შაბიამნისფერი თვალები ჰქონიაო, ოთომ გაიფიქრა. მარტო თვალები გადარჩა და შიგ ჩახატული დიდი გაოცება.

როცა დაიწყო ის, რაც ზოგისთვის ეროვნული თვითგამორკვევა იყო, ზოგისთვის სისულელე და ზოგისთვის სამგლე გოჭივით ატეხილი ქვეყანა, „პეპრლენდის” კედლებს შეუმჩნევლად მოაწვა გარედან მთელი ეს ქაოსი, აგრესიული ჭკუისკოლოფობა და შეგონებები – „რა დროს გიტარაა, ბიჭო! ახლა ავტომატი უნდა გეჭიროს!”. ისევ უკრავდნენ, არ იმჩნევდნენ ბზარებს, მაგრამ ემჩნეოდათ. დაეტყო დაუმთავრებელ ნახატებს და გამოტოვებულ დღეებს, ნაძალადევ სიცილებს და სხვა მხრიდან, სხვა წრიდან მოყოლილი გავლენებით მონაბერ წამოცდენებს. დიმკა სოვდაგრიშვილი უეცრად დიმიტრი სოვდაგაროვი გახდა, ვიღაც ზაბელიანის, ტოპოლიანის და ბაგრამიანის ხსენებას უმატა და ერთხელ, რატომღაც, ბიძამისი არტუშა ერნესტო ჩე გევარას ქუდით და დალალებით გამოსახა „პეპერლენდის” კედელზე. ცოტა ხანში ოთომ თქვა, შტიკ-ნოჟი ვითრიე და შეიძლება კალაშნიკოვიც მალე ვითრიოო. საიდანო? გამოცოცხლდა დიმკა, რომელიც უკვე უნდილად აჩხაკუნებდა თავის ორი წლის წინანდელ სიამაყეს და ბედნიერებას, ადლერიდან ჩამოტანილ ბასგიტარას, ვიღაც მთვრალ რუს სარესტორნო მუსიკოსს რომ დარჩა მამამისის ფოტოატელიეში.

რა „შტიკ-ნოჟი“, თქვენ ხო არ გარეკეთო, ფარნამ, მაგრამ ბიჭები უკვე იარაღზე უფრო დიდი გატაცებით ლაპარაკობდნენ, ვიდრე ახალ აკორდებზე. მარტო ია უჯდა ერთგულად პიანინოს და „Riders On The Storm”-ის შესავალ პარტიას აწკრიალებდა კლავიშებზე, და გიო რიგრიგობით იქნევდა ხან ნამდვილ მარაკასებს, ხან თვითნაკეთ შეიკერებს – საახალწლო ნაძვის ხის მოსართავ ორი სხვადასხვა ზომის ბურთს, რომლებშიც ზღვის წვრილი ქვიშა თვითონ ჩაყარა. არ ბეზრდებოდა გიოს შეიკერების და მარაკასების ჩხარუნი – ოღონდ ვინმეს რამე დაეკრა, უცებ ააყოლებდა. დრამის ნაკრებიდან ჯერ მხოლოდ ჯოხები ჰქონდა ნაშოვნი და იმ მუშა დოლზე ოცნებობდა, კულტურის სახლში რომ ჰქონიათ ძველი დრამიდან შემორჩენილი, „ბარახოლშიკს” დაველაპარაკებიო, ტარანა დაჰპირდა, შეიძლება „რაბოჩი” ვითრიოთო, „რაბოჩი” თუ ითრიეს, მერე ბასი, თეფში და უკვე დაკვრაც შეიძლება – ამას იხილავდნენ გიო, ფარნა და ია, ვიდრე ოთო და დიმკა „შტიკ-ნოჟზე” და კალაშნიკოვზე ლაპარაკობდნენ, და ეს სიტყვები – „შტიკ-ნოჟი”, „ბას-ბოჩკა”, „კალაშნიკოვი” და „რაბოჩი” ისეთი შეუთავსებელი ჟღარუნით ეხლებოდნენ ერთმანეთს ამ სარდაფში, თითქოს „პეპერლენდის” კედლები შეუთავსებლობის ატომის სიანჩხლით სკდებოდა და იბზარებოდა, ბზარებიდან კი გარეთ მოჩანდა ასევე შეუთავსებლობის სიანჩხლით დამუხტული ხალხი – ზოგი ზღვაზე მიდიოდა საბანაოდ ან კაფეში ყავის დასალევად, ზოგი ყალყზე შემდგარი გაჰყვიროდა ლოზუნგებს და ვიღაცასთან საომრად ემზადებოდა, ზოგი სარდაფის ბზარებში იჭვრიტებოდა რუპორივით მყვირალა მზერით – „რა დროს გიტარა და დოლია, ავტომატი უნდა გეჭიროთ ხელში!”

აქ იყო რინგო. ეს რინგო გიომ დახატა. სად არის ახლა გიო? გიო ერთადერთი იყო, რომელსაც გვარის შეცვლის ულტიმატუმი არ წაუყენეს, იმიტომ, რომ ვერ მოასწრეს, რადგან გიო ერთადერთი იყო, ვინც ფარნას გაჰყვა პარკში დასაკრავად. ჩაყარა გადასაკიდებელ ჩანთაში თავისი ყველა მარაკასი და შეიკერი და წაყვა უსიტყვოდ, თუმცა არა მორჩილად, არამედ ისევე ჯიუტად და პრინციპულად, როგორც თვითონ ფარნა წავიდა… სად არის ახლა გიო? თუ გაუმართლა, ალბათ, კობეინივით, ისიც მარადიულ ნირვანაშია, თუ არა და… სხვა გზა არ არსებობს, გიოს სხვაგან რა უნდა? – ჩვიდმეტი წლისაც არ იყო ჯერ, იჯდა, მშვიდობიანად იქნევდა თავის ზღვის ქვიშიან შეიკერებს, დრამზე ოცნებობდა და მუსიკით მავნიების დაფრთხობის და გაადამიანურების სწამდა…

ხანდახან ბიჭები თბილისში ჩადიოდნენ იქაურ ბიჭებთან ერთად დასაკრავად, ხან ზუგდიდში, სადაც ფარნას ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. ყველგან ერთი და იგივე ისმოდა: რა დროს გიტარა და დოლია, რა დროს კიკინები და შორტებია! ახლა ვაჟკაცი ავტომატით უნდა იბრძოდეს.

– ავტომატით, ვის წინააღმდეგ?

– ქართველების წინააღმდეგ.

– როგორ? მე თვითონ ვარ ქართველი. მე – ჩემ წინააღმდეგ?

– შენ აფხაზი ხარ.

– მერე ეგ ერთი და იგივე არ არის?!

დიმკამ და ოთომაც კი აღარ დაუჭირეს მხარი, ბოლო-ბოლო, უნდა აირჩიო ვისკენ ხარო. ფარნა მუსიკისკენ იყო. ეგრე არ არისო. არჩევანი უნდა გააკეთო და იარაღი აიღოო. ფარნამ აიღო იარაღი – როცა ქალაქში ყველა ისროდა, აიკიდა გიტარა და ქალაქის პარკში წავიდა დასაკრავად. გიომ წამოკრიფა თავისი „ყუმბარები” – მარაკასები და შეიკერები – და გაჰყვა. მათ ეცვათ თეთრი მაისურები ფერადი წარწერით „Pepperlend” და ეგონათ, რომ ამ წარწერის დანახვაზე მავნიები იარაღს დაყრიდნენ და აცეკვდებოდნენ. წარწერის ყველა ასო იამ გამოჭრა სხვადასხვა ფერის ნაჭრებისგან და დააკერა მათ მაისურებს. ჰყავდათ სულ ოთხი მსმენელი – დიმკას ბიძა არტუშა, რომელსაც კვარტლის გეგმით პარკში სკამების გადაღებვა უწევდა ამ დროს, მისი ძაღლი „ტარტაროზა”, იას მამიდაშვილი გოგონა, რომელსაც ფარნაზეც ჭკუა ეკეტებოდა და გიოზეც და სახლიდან გამოიპარა მათ მოსასმენად, და ლოთი მატვეი, სულ პარკის სკამებზე რომ ეძინა დაზამთრებამდე. პირველი კომპოზიციის შემდეგ ოთხ მსმენელთაგან სამმა ტაში და „ტარტაროზამ” კუდის ქიცინი არ დაინანეს, გიო ძალიან ბედნიერი იყო – ეს იყო მისთვის პირველი ოფიციალური აპლოდისმენტები. მეორე კომპოზიციის დაწყებისთანავე სადღაც ახლოს, ხეების მიღმა გასკდა მეხი ან რაღაც მეხისმაგვარი და გიოს ფეხებთანვე დაცვივდა გიოს მარაკასები. ბიჭების თეთრ მაისურებს და ფერად წარწერებს სისხლის შხეფების და ბილიკების პრინტი წითელღეროიანი მიხაკებივით მიეხატა და შემზარავად მოუხდა. გიო საავადმყოფოში მიყვანამდე დაიცალა სისხლისგან. ფარნა თვენახევარი გადადიოდა და გადმოდიოდა საიქიოს საზღვარზე და ბოლოს, როგორც თვითონ ფარნამ თქვა, „იქით” უფრო პრინციპულები აღმოჩნდნენ – არ მიიღეს. გონზე სოჭის საავადმყოფოში მოვიდა, სადაც ბიძამისი მუშაობდა, ოთოს მამა…

ამბობდნენ, რომ ოთო და დიმკა სადღაც იქვე ტრიალებდნენ, ხეებიდან უთვალთვალებდნენ, უნდოდათ დაკვრა, მაგრამ ვერ ბედავდნენ – მათი იარაღიანი და „ბუშლატიანი” წვეროსანი უფროსი ძმები დასცინებდნენ ან სულაც პასუხს მოსთხოვდნენ სისუსტისთვის. ოთო და დიმკა პირველები მოცვივდნენ სროლის შემდეგ.

კიდევ ამბობდნენ, რომ ხასანას „სასტავიდან” ესროლეს ბიჭებს, რომ ამის შემდეგ ჯერ არტუშა ეჩხუბა დიმკას, სად დაეთრევი, სახლში დაეგდეო, მერე დიმკა ეჩხუბა ხასანას „სასტავს” და იმათ გაასხმევინეს ტვინი დიმკას და მერე არტუშამ გაასხმევინა ტვინი ხასანას. მაგრამ ფარნა არ დაინტერესებულა, ერთხელაც არ უცდია იმის გაგება, ვინ ესროლა, – ქართველმა, აფხაზმა თუ ბრმა იარაღმა – რა აზრი ჰქონდა რომელიმესთან ლაპარაკს? ბრმა ტყვიის გარდა მაინც არცერთ ვერსიას არ მიიღებდა.

ფარნამ არ აღიარა ომი, არ ცნო, არც მაშინ და არც მერე.

ისევე, როგორც მანამდე არ ცნო ეროვნული მოძრაობა, არც ქართული, არც აფხაზური, და კიდევ უფრო ადრე არ ცნო კომკავშირი და კომპარტია. არ ცნო მთელი ეს ეგზალტირებული და ყალყზე შემდგარი სიგიჟე, გამოჯანმრთელების შემდეგ გერმანიაში წავიდა მშობლებთან ერთად, მუსიკას არცერთი დღე არ დაშორებია. ევროპაში ჩასულს დახვდა „ნირვანას” ხანა და სწორედ იმ მოკლეთმიანი გოგოს ხანა, რომელიც მან ფოტოდან გადახატა გაგრაში „პეპერლენდის” კედელზე ისე, რომ გოგოს სახელიც არ იცოდა. და როცა მთელი სტადიონი და მთელი ევროპა „Zombie”-ს მღეროდა თავდავიწყებით, ფარნას საქართველო აქედან კიდევ უფრო გულსაკლავად გზააბნეული, გაწეწილი და ამღვრეული ეჩვენა, მაგრამ მარცხზე ფიქრი არ უნდოდა და დამთავრებულად არც არაფერს თვლიდა. დარწმუნებული იყო, რომ უბრალოდ, დრო სჭირდებოდა გზის მონახვას და ამღვრეულის დაწმენდას. ამ დროს დაიცდიდა, ამ დროს აძლევდა ყველას, ოთოსაც კი არ უკავშირდებოდა, არც იას…

ია სად არის ახლა? თბილისში ცხოვრობს, წერს, ხანდახან უკრავს. სამი თვით ზუგდიდშია წასული – დევნილთა ხელახალი აღრიცხვის დროებითი კომისიის წევრია, კომისიას ბევრად უფრო გრძელი სახელი აქვს, მაგრამ ია არ იმახსოვრებს სრულ სახელს, შემოკლებით „ბენდს” ეძახის და საღამოობით ზუგდიდის ქუჩებში დაბორიალობს, ეცნობა ქალაქს, რომელიც რაღაც ძალიან მშობლიურთან აახლოებს. დილიდან ისევ მოდიან დევნილები, როგორც ოფიციალურად უწოდებენ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რიგში დგებიან, კითხვებზე პასუხობენ, იღებენ სურათებს და გადიან.

რიგში ისე დგანან, თითქოს რაღაც განსაკუთრებული იციან, რიგში დგომის ოცწლიანი გამოცდილება აქვთ. ასე სხვა ვერ დადგება რიგში. მათი ცხოვრება რიგში დგომა და მოლოდინია – მატარებლის მოლოდინი, გემის მოლოდინი, დაბინავების, აღწერის, დაბრუნების მოლოდინი…

იას წინ ასაკოვანი კაცი ჯდება.

– ვლადიმერ ბაღიშვილი ბიქტორის ძე, ოთხმოცდაორი წლის, – იწყებს თვითონვე, სანამ ია მის ანკეტას ეძებს. – სოხუმის რაიონი, სოფელი აჩადარა. ფილმი ხომ გაქვთ ნანახი, „ჩიორა”, იმაში ვთამაშობ, ჩვენთან გადაიღეს.

– მართლა? „ჩიორაში” ვის როლს ასრულებთ?

– იალაღიძე! – ასე გაერთიანებული სახელით და გვარით მიმართავს ხოლმე იას კომისიის თავმჯდომარე, მისი ბავშვობის მეგობარი, – შენ აქ შენი მწერლური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ჩამოხვედი თუ საქმის საკეთებლად?

– ანაბერიძე, – იმავე სტილში პასუხობს ია, – სასარგებლოს ვუთავსებ სასიამოვნოს და უსიამოვნოს.

– „ჩიორაში” კარში ვდგავარ, ბალნიცაში, – თავისას აგრძელებს იძულებით გადაადგილებული ბაღიშვილი – იმ გოგოს ვეუბნები, კარში რომ შემეპარება, „სად მიდიხარ? არ შეიძლება”. იქ ჩემი მეუღლეცაა, სხვისი ბავშვი უჭირავს, მომსვლელია ვითომ.

გაიცინა, ძალიან ცოცხლად ლაპარაკობს, არ ჩუმდება. უცებ შუბლში იტკიცა ხელი:

– შვილი მომიკვდა, მეუღლე მომიკვდა, რა მაცინებს! – და დადუმდა. ლურჯი თვალები აქვს, ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში, იქ მაღაზიის შენობა დაუთმეს.

– დამიკანონებენ? – ეკითხება იას და პასუხს არც ელოდება, – აქაურ ოქროს იქაური ნახშირი მირჩევნია…

შესვენების შემდეგ მომსვლელი თანდათან კლებულობს, საღამოსკენ სულ უფრო იშვიათდება.

– ზოგს რა უცნაური სახელი აქვს, არა? – ამბობს ნონა, – ახლა მამანტი გეგეჭკორი მყავდა.

– მე რაბი ლამანძია გავატარე.

– მე კაპიტოც მყავდა და კაპიტონიც.

კომისიის წევრები ანკეტებს ათვალიერებენ და ცდილობენ ყველაზე უცნაური სახელი მოძებნონ. „ბენდის” წევრების უმრავლესობა ახალგზარდაა, ზოგი – სტუდენტია სტაჟირებაზე.

ამ დროს იას წინ ლამაზსახიანი ასაკოვანი ქალი ჯდება – ნატრული ბებია. ნატრული სახელია, ბებია – გვარი.

შეხედავ, მართლა სანატრელი ბებიაა, რომ ინატრებ, ახლა ბებიას ჩამახუტაო, ისეთი ბებიაა. არადა, სინამდვილეში მამიდაა. არ გათხოვდა, თავისი დაობლებული ძმისშვილები გაზარდა, ახლა იმათ შვილებს ზრდის.

ამალასავით დაჰყვებიან ამ პატარა ქალს თავისი გაზრდილი მაღალი ძმისშვილები და ძმისშვილიშვილები – შვიდნი მოვიდნენ ერთად: ნატრული ბებია, ორი ძმისშვილი და კიდევ მათი ოთხი შვილი – სუყველა ბებიები. ჯერ ნატრული ბებია, ანუ მამიდა დასვეს იასთან, დანარჩენები სხვა ოპერატორებთან ჩამორიგდნენ.

ნატრული ბებია კი არა, ნატრული მამიდა ყოფილხართო, ირაკლი ეუბნება.

ბებიების წასვლის შემდეგ მოდიან ხვინგიები, ყველა წყვეტეს ძეები და ასულები არიან, და იზორია მაკატერინე ვაგნერის ასული. ია ცოტა ხანს თავისუფლდება და ეზოში გასვლას აპირებს, მაგრამ ეზოში მანქანა ჩერდება – კიდევ ვიღაც მოდის რეგისტრაციაზე. ია ადგილზე ჯდება.

– ვა, რა საინტერესო ტიპი მოდის, – ამბობს სალო.

ირაკლი შემოსასვლელში საბუთს უმოწმებს ახალ მომსვლელს და ხმამაღლა კითხულობს მის სახელს, ამით თან თავის ოფიციალურ მოვალეობას ასრულებს, თან კომისიის დანარჩენ წევრებს უგებს უცნაური გვარ-სახელების აღმოჩენის ჩემპიონატში:

– ფარაონ რამზესის ძე ქეცბაია. მიბრძანდით მეოთხე ოპერატორთან.

ფარაონ რამზესის ძე იას უახლოვდება, საბუთს მაგიდაზე უდებს და ჯდება.

– ია, – ამბობს ისე, თითქოს არ იცის, დარჩეს თუ წავიდეს, – შენა ხარ?

– ოცი წელია გიცნობ და ფარაონი თუ იყავი, არ ვიცოდი, – იღიმის ია და ხელს უწვდის.

კომისიის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს. ნონამ და სალომ ეშმაკურად ჩააპაჭუნეს თვალები რაღაცის ნიშნად, თუმცა რის ნიშნად – თვითონაც ვერ იტყოდნენ.

იასთან გასაუბრების შემდეგ ფარაონ რამზესის ძემ კომისიის თავმჯდომარესთან გაიარა დამოწმების პროცედურა, ანკეტა აიღო, ზოგადად დააქნია თავი გაუგებარი დამშვიდობების ნიშნად და გავიდა.

მისი გასვლაც იყო და კომისიის წევრები, რომლებსაც ამ დროისათვის ყველა მომსვლელი გაეშვათ, ერთბაშად ახმაურდნენ:

– აუ, რა მაგარი ტიპი იყო! – ყელი გამოიწია სალომ.

– იცნობ, ია?

– ბავშვობაში ვიცნობდი.

– რა ტატუ ქონდააა, მეც მინდა ეგეთი ტატუ!

– თმებიც რა მაგრად ქონდა შეკრული.

– თან როგორი სპორტულია, რაღაცნაირი.

– მანქანაც უცნაური ყავს, ერთ მხარეს კონდორი თუ შევარდენი ახატია, მეორე მხარეს კუ, – თქვა ირაკლიმ.

– ვაიმე, კუსი მეშინია, მაგრამ ამას ყველაფერი უხდება, – აღტაცებას კუს შიშიც ვერ უნელებს სალის.

– კუსი რატომ გეშინია? – იკითხა სიდინჯით და აუღელვებლობით გამორჩეულმა ტატომ.

– რა ვიცი, ძალიან მეშინია. კუ რომ მომიახლოვდეს, გავიქცევი, არ შემიძლია.

– თან თუ გამოგეკიდა, ხომ ვერსად წაუხვალ!

ამ ჟრიამულში ირაკლი შემოსასვლელი კარის მინებიდან ისევ ფარაონ რამზესის ძეს უთვალთვალებდა. ფარაონი ცოტა ხანს იდგა ეზოში, თითქოს ბოლო მომსვლელის წასვლას ელოდა, მერე მანქანის კარი მიხურა და ჩქარი ნაბიჯით ისევ ოფისისკენ წამოვიდა.

– მოდის, მოდის!

კომისიის წევრები მაგიდებს დაუბრუნდნენ და საქმიანი თავები კომპიუტერებში შერგეს. ფარაონი შემოვიდა, პირდაპირ იას მიადგა და იკითხა:

– რომელ საათზე თავისუფლდები? – კედლის საათს ახედა.

– ზოგადად, რვაზე. ზოგჯერ მერეც გვაქვს საქმე.

– დავსხდეთ სადმე, ვილაპარაკოთ.

სალიმ ტაში შემოჰკრა:

– სულ ორი ნორმალური რესტორანია აქ, „მენძელი” და „დიარონი”. ორივე კარგია.

– შენ სად მოასწარი აქაური რესტორნების შესწავლა? – სათვალის ზემოდან გადმოუყეფა კომისიის თავმჯდომარემ. სალიმ პირზე ხელი აიფარა, მაგრამ მწვანე თვალები გაააქტიურა.

– მომეცი შენი ტელეფონი, ია, დაგირეკავ და შევხვდეთ.

– მე ხომ მაქვს შენი ანკეტა, მე დაგირეკავ, როცა გავთავისუფლდები.

– რომ არ დამირეკო?

– დაგირეკავ.

კომისიის თავმჯდომარემ სიცილი ვეღარ შეიკავა:

– ძალიან ხომ არ ჩქარობთ, ბატონო ფარაონ?

ფარაონ რამზესის ძემ თავმჯდომარეს გახედა:

– ქალბატონო… თქვენი სახელი?

– ანა.

– ისედაც ბევრი დრო დავკარგე, ქალბატონო ანა. იმედია, დღეს მალე გამოუშვებთ.

– სადაც ამდენი იცადეთ, რვამდეც დაგველოდეთ.

– კარგი, რვამდე დაგიტოვებთ, – გაუღიმა რამზესის ძემ, – თუ არ დამირეკავს, ხვალაც მოვალ.

მისი გასვლის შემდეგ, სალიმ ყელი გამოუწია იას:

– არ დაურეკო რა, ხვალაც მოვიდეს.

– არასოდეს არ დაურეკო, ყოველდღე მოვიდეს.

– რას ამბობთ, მომიცდინა კომისია, – ბღვერას ცდილობს კომისიის თავმჯდომარე და ბაინდერებს აბერტყებს ერთმანეთზე, – ახლა რო დავითვლით ანკეტებს და არ დაჯდება ბალანსი, ფარაონები მიშველიან მერე, ხო.

– რესტორნის კაბა წამოღებული გაქვს, ია?

– რესტორნის კაბა არა, კვახი და ბროლის ქოში. ჯინსების და მაიკების მეტი არაფერი მაქვს.

– გათხოვებ, მე მაქვს კაბები.

– ნუ მაცინებ.

– ასეთი კარგი ტიტულოვანი სახელი რატომ ქვია? – წარბშეკვრით და ღიმილშეპარვით იკითხა ტატომ, ვერ გაიგებდი, ხუმრობდა, მართლა აინტერესებდა თუ საკუთარი იუმორით ტკბებოდა.

– რა ვიცი, მთელი ცხოვრება ფარნად ვიცნობ და… მამამის რამზესს კიდე რამაზი ერქვა.

– ოჰ, გიკვირთ თქვენ, მეგრელებს, კარგი ტიტულოვანი სახელები!

– ბაბუა ეყოლებოდა ხეოფსი, ის დაარქმევდა.

– არა, რავა საჯაროდ დაუნიშნა პაემანი, მთელი კომისიის თვალწინ, კაი თავხედი ჩანს. – ვერ წყნარდებოდა კომისიის თავმჯდომარე.

– შევადგინოთ აქტი და მოვაწეროთ ხელი.

– სულ ასეთი იყო, – თქვა იამ.

– როგორი? როგორი? – სალი იას მაგიდასთან მიიჭრა.

– სალო გავუშვათ იას მაგივრად. კაბაც ქონია და უფრო მოტივირებულიც ჩანს. ია აქ უფრო გვჭირდება. – ტატოს, ასაკის და ჰაბიტუსის გარდა, თავმჯდომარის მოადგილის სტატუსიც ავალდებულებდა რაციონალურად ეაზროვნა.

– როგორი იყო? როგორი? – უკვე მაჯაზე უჭერდა სალი იას.

 

* * *

აქ იყო ფარნა ქეცბაია. ისეთი, როგორიც მარტო თვითონ იყო.

როცა დიმკა სოვდაგრიშვილი უეცრად დიმიტრი სოვდაგაროვი გახდა, ხოლო ოთო ქეცბაია – ოტარ ქეცბა, ტარანა კი სულაც ესტონელი მამისერთა ოტო ტარანდი აღმოჩნდა და მამამისმა სასწრაფოდ გაგზავნა ტარტუში, ფარნა დარჩა ფარნად და გიო დარჩა გიოდ.

პირველად ხასანა ჩამოადგათ სარდაფში წვერმოშვებული და საქმიანი სახით. ხასანა 4-5 წლით უფროსი იყო, გაურკვეველ ავტორიტეტად ითვლებოდა, ახალი თაობის მუსიკოსთა მარაქაში გარეული მოშავო-მოკარგბიჭო-მოინტელიგენტო-მოკარიერისტო სტუდენტი, გაურკვეველფულიანი მამიკოს შვილი, ჯიბეში ყველაფერი რომ აღმოაჩნდებოდა ადგილზე: ფულიც, მოსაწევიც, ჰალსტუხიც, კულტურის სახლის გასაღებიც, სადისერტაციო ნაშრომიც, „სტეჩკინიც”, კანფეტი და სათამაშო „საქმიან” საუბარში შემოსწრებული ბავშვისთვის, და კასეტაც, სადაც „ქაშმირი”, „ბუტირკა” და „მთვარის სონატა” ერთად იყო ჩაწერილი. ხასანა წყვეტდა, ვის უნდა დაეკრა კულტურის სახლის აპარატურაზე და ვის – არა. კარგად თუ დაუკვირდებოდი, უფრო იმას აკონტროლებდა, ვის არ უნდა დაეკრა, ოსტატურად უნდა აეჩეჩა მხრები, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არაა, ამას სხვები წყვეტენ, და ასევე ოსტატურად უნდა დაეცვა იმ „სხვების” მიუწვდომლობა და გასაიდუმლოების მარადიულობა. ფარნა ხასანას „ხასან-ბეგ თავდგირიძეს” ეძახდა და აქედან შერჩა „ხასანა”, მაგრამ ხასანას ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. უფრო პირიქით – კი სჭირდებოდა ერთი ბუნდოვნად ავტორიტეტული ზედმეტსახელი.

ასე გიტარააკიდებული სიარული ახლა აღარ გამოგადგებათო, სხვა დროაო, ამ თქვენი სტუდიიდან მუსიკის ხმა ისმის და ქალაქში დაძაბულობაა, ხალხი ნერვებზეაო – „პეპერლენდში” ჩამოვიდა და რაღაც გაუგებარ ბოდვას მოჰყვა ხასანა ზედა ტუჩის კვნეტით და ულვაშის წვალებით.

– მომისმინე, ხასან-ბეგ, შენ საერთოდ ჭკუას რა პონტში არიგებ? რაც გაქვს, ის დაარიგე. – უთხრა ფარნამ.

– რა მაქვს?

– ფული გაქვს, ფული დაარიგე.

ხასანამ ჯიბეში ჩაიყო ხელი და იქ კარგახანს იჩხრიკებოდა სანამ გადაწყვეტდა, რა ამოეღო. ბოლოს გასაღებების ასხმულა ამოიღო და თითზე დაატრიალა:

– ფარნავაზ, ცოტა ზრდილობა ხომ არ გაკლია? ჯერ ერთი, ჯიბიდან ხელი ამოიღე, როცა უფროსი გელაპარაკება.

ფარნამ მეორე ხელიც ჯიბეში ჩაიყო:

– თუ დაგიჯდეს ჭკუაში…

– რომელიც არ მაქვს…

– ჰო, თუ დაგიჯდეს ჭკუაში, რომელიც არ გაქვს, მაშინ გახსოვდეს, დრამი გვჭირდება ძალიან.

– შენც თუ დაგიჯდეს ჭკუაში, მაშინ გახსოვდეს: ავტომატი გჭირდება ძალიან. – მუქარით გამოცრა უადგილო წვერ-ულვაშში ხასანამ და წავიდა.

– გადაგვეკიდება, – მაშინვე თქვა დამფრთხალი ზაზუნას თვალებიანმა დიმკამ.

– ია არ იყოს აქ, ვიტყოდი, სად გადაეკიდოს.

ხასანას შემდეგ სხვა ტიპები მოდიოდნენ ვითომ მუსიკის მოსასმენად, ცოტა ხანს ისმენდნენ და მერე მეტ-ნაკლები ოსტატობით გადადიოდნენ ბიჭების პოლიტიკური ორიენტაციის გასარკვევ შეკითხვებზე. ზოგის ოსტატობა იქამდე მიდიოდა, რომ ფრენკ ზაპას ან დინ რიდის პოლიტიკურ ორიენტაციაზე საუბრით იწყებდა. ფარნას ყველასთან ერთი საპასუხო შეკითხვა ჰქონდა:

– ავტომატი? ვის წინააღმდეგ?

– ქართველების წინააღმდეგ.

– ანუ, ჩემ წინააღმდეგ?

– შენ აფხაზი ხარ, ქეცბა.

– მე ქართველი ვარ, ქეცბაია.

– მაშინ აფხაზების წინააღმდეგ.

– თან აფხაზი რომ ვარ თურმე? თავში ვირეხვო?

– აბა, რამე ხო უნდა ქნა.

– აუცილებლად უნდა ავიღო ავტომატი? რო არ მინდა?

– უნდა ჩამოყალიბდე, რა გინდა. გამოაკელი შენს გვარს ეგ „-ია”.

– ესე იგი, იას წინააღმდეგ ავიღო ავტომატი?

– აი, ოთო ქეცბამ გამოაკლო და ჩამოყალიბდა.

– ამიტომ ოთო ჩემი ბიძაშვილი აღარ არის? ვესროლო?

დაუსრულებლად ტრიალებდა უაზრო პასუხების კარუსელი და არავის ჰქონდა ერთი სწორი პასუხი. ოთოსაც არ ჰქონდა, მაგრამ თავის გვარს „-ია” მაინც გამოაკლო. მერე, როცა გიო საავადმყოფოსკენ გზაზე დაიცალა სისხლისგან და ფარნას საიქიოს საბაჟოზე ალოდინებდნენ, ოთო თანდათან გამოუთქმელი ბოღმით დამძიმდა და ნანობდა, რომ ავტორიტეტული წვეროსანი ბიჭების გულის მოსაგებად ისე მამლაყინწობდა, სარდაფის გასაღებიც კი ჩაუგდო მათ ხელში. წვეროსნებმა დაიკავეს სარდაფი და ჩაკ ბერიზე ავტომატები მიაყუდეს. პიანინოზე კონსერვის ქილები დაალაგეს, პიანინოს ქვედა კორპუსში „მოსაწევი” ჩამალეს, ჰენდრიქსს ლურსმნები ჩააჭედეს და ზედ „ბუშლატები” ჩამოკიდეს. ოთო ამას არ ელოდა, ჩუმად ივსებოდა ბოღმით, მაგრამ ვერაფერს უბედავდა უფროს „ძმებს – პატრიოტებს”, შეკითხვასაც ვერ უსვამდა – ალბათ ასე უნდა პატრიოტობა და მას არ ესმის, თავს ხომ არ შეირცხვენს. ვერც მაშინ გაუბედა ვერაფერი, როცა ხასანამ იას ფუნჯი თეთრ საღებავში ჩააწო და ყველაზე გამოსაჩენ ადგილას პიანინოს თავზე წააწერა: „აქ იყო ხასანა”. შემდეგ დანარჩენებს უბრძანა, თქვენ-თქვენი გვარსახელები ჩამოწერეთ, რომ აქ იყავითო. ოთოს გარდა ყველამ დაწერა, რომ აქ იყო. ბოლოს ხასანამ, ოთოს გაუქნია თავი:

– მიდი შენც.

ოთო მივიდა. თეთრი საღებავით დაწერა კედელზე: „აქ იყო ოთო ქეცბა”, შემდეგ საღებავების კოლოფები გადაარჩია, ლურჯ კოლოფში ფუნჯი ამოავლო და თავის გვარს დიდი ლურჯი ია მიუხატა გვერდით.

– შენ რა ყვავილებს ხატავ, ბიჭო? – ხასანა სკამზე გადაწოლილიყო, მაგიდაზე შემოეწყო ბათინკებიანი ფეხები და ოთოს სიგარეტს ეწეოდა.

– მიყვარს იების ხატვა. თუ გინდა, შენც მიგიხატავ.

– არ მინდა.

– ბაიას ხატვაც ვიცი, ყვითელი საღებავიც გვაქვს. თუ რამე, არ მოგერიდოს. „აქ იყო ხასანა აქიშ…” და დიდი ყვითელი ბაია. – ყვრიმალებზე უკვე ძარღვები უთამაშებდა ოთოს.

ხასანამ არაფერი უპასუხა.

მოკლედ, „პეპერლენდს” ლურჯი მავნიები დაეპატრონენ, და ოთო არა თუ თავს ვერ უხეთქავდა, თვითონვე ჩააბარა „პეპერლენდის” გასაღები მავნიებს, რომლებიც მათი აკორდების ჩასაწერი რვეულის ფურცლებზე ქონიან ხელებს და „ტუშონკიან” ულვაშებს იწმენდდნენ, მათ მაგიდაზე ღვრიდნენ რუსულ „ვოდკას” და ჭიქებს უჭახუნებდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი ასეთი მიჭახუნებისას ოთოს ხელში ჭიქა გაუშეშდა და იყვირა:

– რას აკეთებ, ე!

წვეროსანმა ბიჭებმა მიიხედეს – გადამთვრალი ხასანა იქვე მიმდგარიყო კუთხეში და პიანინოს აშარდავდა. იმ პიანინოს, რომელიც იასთვის ჩამოიტანეს ფარნას ზალიდან, იმ პიანინოს, რომელიც…

ხასანამ მოხედა და ჩაიხითხითა:

– რა იყო, შეჩემა, მოფსმა არ გინახავს?

– გაეთრიე, ეზოში მოფსი, შე… – ოთომ ისე სწრაფად აიტაცა ავტომატი და დაუშვა ხასანას ფეხებში, რომ განძრევა ვერავინ მოასწრო.

ხასანა შარდვა-შარდვით გავარდა სარდაფიდან.

ბიჭებიდან ვიღაცამ გაიცინა.

– გაეთრიეთ სუყველა! – იღრიალა ოთომ და ახლა მათ დაუმიზნა.

ბიჭებმა უხმოდ დადგეს ჭიქები, ჩამოხსნეს „ბუშლატები” და სათითაოდ გალაგდნენ „პეპერლენდიდან”. ვერ ხვდებოდნენ, რა ძალა ჰქონდა ასეთი პიანინოს ან მასზე მოშარდვას, რომ ოთარ ქეცბა მათ თვალწინ თავიდან დაიბადა. პიანინოს გაგება მათთვის ძნელი იყო. პიანინო ან იცი, ან უხერხულად ხარ მასთან…

 

* * *

„მენძელში” წყნარი კუთხე მოძებნეს.

ქართულ რესტორნებში ღრიანცელიაო, იამ თქვა.

თუ აქაც დაიწყო, სადმე წყნარ კაფეში გადავიდეთო, ფარნამ.

ჯერ არ იყო ღრიანცელი. ისხდნენ წყნარად, იცოდნენ, რომ ახლა ყველაფერის მოყოლას, რაც თავს გადახდათ, არც აზრი ჰქონდა, ვერც მოასწრებდნენ. ამიტომ ისხდნენ როგორც ოცი წლის წინ სანაპიროზე, გაგრაში, ბოლო საღამოს, როცა ფარნამ აარჩია წითელი კენჭი, იამ კი – მწვანე და გიომ ერთ-ერთი კენჭი ამოიღო თვალდახუჭულმა. ია ამბობდა, რომ ომი არ იქნება, ფარნა ამბობდა, რომ – იქნება. ჩაყარეს იას ქუდში ორი კენჭი: წითელი იყო ომი, მწვანე – მშვიდობა. გიომ თვალები დახუჭა და ამოიღო მწვანე კენჭი.

მეორე დღეს ია არდადეგებზე წამოვიდა იმერეთში, ეგონა, რომ ორ კვირაში დაბრუნდებოდა. თან მწვანე კენჭიც, წითელთან ერთად, ჯიბეში ედო…

– იცი, ცოტა ხნის წინ ოთომ დამირეკა, ლამის ტიროდა. – ამბობს ფარნა და „მენძელის” მიმტანს თავს უქნევს მადლობის ნიშნად.

– რაო?

– „პეპერლენდში” მისულა. ძლივს იპოვა კარი. მე თვითონ შემოვიყვანე აქ მავნიები, მაგრამ მე თვითონვე გავრეკეო.

– ესე იგი, ნამდვილი „პეპერლენდი” გამოდგა.

– მართალი იყავიო, ომი სისულელეაო, მუსიკის გარდა არაფერს აზრი არა აქვსო. კიდევ მითხრა, რომ „პეპერლენდს” აღადგენს და ახალგაზრდებისთვის კლუბს გააკეთებს, ვისაც დაკვრა უნდა ჩვენსავით და არ აქვს შანსი, ყველას ასწავლის და დააკვრევინებს.

– ჩვენი ოთო… რა ვთქვა, არ ვიცი. – ჩურჩული გამოუვიდა იას. – რა უთხარი?

– მინდოდა მეთქვა, შენნაირი კრეტინები რომ არა, ეგ ომი არ იქნებოდა-მეთქი, მაგრამ თვითონ დამასწრო. ყველაფერი თვითონ მითხრა, რაც მე უნდა მეთქვა.

კიდევ ისიც უთხრა ოთომ, რომ როცა ფარნა დაბრუნდება, სკოლა-სტუდიის დირექტორობას მაშინვე გადაულოცავს. იამ და ფარნამ არ იცოდნენ, რომ ახლაც, როცა ისინი ზუგდიდის „მენძელში” ისხდნენ, ოთო გრძელტარიანი ჯაგრისით ხელში სარდაფში დაბორიალებდა და ჭერიდან და კედლებიდან აბლაბუდებს ხსნიდა. მისასვლელი გზა უკვე გაასუფთავა და ნათურების ანთებამდე სანთლების შუქზე მუშაობდა.

– შენ მე გერმანიაში მგონიხარ, – თქვა იამ.

– აღწერისთვის ჩამოვედი.

– კი მაგრამ, ომს არ აღიარებ, ყველაფერს სისულელეს ეძახი და მარტო აღწერას აღიარებ?

– კი. გაგრაში რუსთაველის ქუჩაზე უნდა ვიყო დაფიქსირებული. ეს საჭიროა… – მერე გაიცინა და დაამატა – …მსოფლიო წესრიგისთვის. ბოლო-ბოლო, ქრისტე ჩავიდა აღწერაზე…

– ქრისტე არ ჩასულა, მარიამი და იოსები ჩავიდნენ.

– თუ კარგად დავუკვირდებით, ქრისტე ჩავიდა.

ისევ ისე იცინოდნენ, ლაღად და ადვილად.

– სისულელეა, აბა რა არის, – დასერიოზულდა უცებ ფარნა, ზუსტად ისე, როგორც თექვსმეტი წლისამ იცოდა უეცარი წარბების შეყრა, – იქაური ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, აქ ენგურის ხიდზე დადგნენ ჩვენები, პირით ჭუბურხინჯისკენ, და იტირეს. აქაური ბაბუა რომ გარდაიცვალა, მერე იქაურები დადგნენ ხიდთან, პირით აქეთ, და იტირეს. და მამაჩემი რომ გარდაიცვალა გერმანიაში, ესენი ხიდის ორივე მხარეს დადგნენ და ტიროდნენ, გაგრაში ძმაკაცები გავიდნენ სასაფლაოზე, არტუშა, ოთო და მამაჩემის კლასელები, დედაჩემი გერმანიაში ტიროდა ყველაფერს ერთად… სადაც დედაჩემი ცხოვრობს, კონსტანცში, იმ ქუჩის ბოლოს შვეიცარია იწყება, გადადის ხალხი, გადმოდის. დედაჩემი ხანდახან სახლის ჩუსტებით გადადის შვეიცარიაში, არავინ ეკითხება, აფხაზია თუ შვეიცარიელი. მაგრამ აქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა, თავის სამშობლოში ვერ შედის. მთელი მსოფლიო იხსნება და ამ დროს, ამ მტკაველ მიწაზე – „შენ აფხაზი ხარ”, „შენ ქართველი ხარ”, „ამ ხიდზე არ გადმოხვიდე”, „იმ ბუჩქს არ გადმოცდე” – ჩვენ თვითონ ვიკეტებით, თვითონ ვიქცევთ თავს იზოლაციაში და რეგრესში, მეტი სისულელე შეიძლება?

ალაპარაკდნენ თანდათან, იასაც დედა გაახსენდა.

– გახსოვს, ზღვაზე რომ ვუყარეთ კენჭი ომს და მშვიდობას? მწვანე და წითელი კენჭებით.

ფარნამ თავი დაუქნია.

– მეორე დღეს წამოვედით არდადეგებზე მე და დედა. ორ კვირაში უნდა დავბრუნებულიყავით, და უცებ გზაზე დაგვხვდა პიკეტი, ქართველებმა გაიარეთ მარტოო. დედაჩემმა მიაჭრა და ეუბნება: „დედა მყავდა ინალიფა, მამა – ღლონტი, მაგრამ ეს ღლონტი დედის გვარზე იყო, მამა ყავდა აჩბა. და იმ აჩბებს და ღლონტებს კიდე ვინ ყავდათ, არ მომაყოლო ახლა აბაკელიებზე, ეზუგბაიებზე და იაშვილებზე. შვილი მყავს ლაღიძე. რა ვქნა ახლა მე? გავიარო თუ დავრჩე?” ისე აუბნიათ თავგზა, ყველა გამოგვატარეს. – ალაპარაკდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა კლიენტებსაც ამ დროისთვის გაეხსნათ ენის ბოქლომები, რესტორანში ნელ-ნელა ხმაურმა იმატა და ფარნამ და იამ წასვლა გადაწყვიტეს.

კიბეზე დაშვებისას იამ უთხრა:

– იცი, ის ორი კენჭი შენახული მაქვს, პიანინოს თავზე მიდევს თბილისში.

ფარნამ თავი დაუქნია, მაგრამ ია ვერ მიხვდა, მოძლიერებულ ხმაურში გააგონა თუ ვერა კენჭების ამბავი…

როცა ფარნამ იმ სახლთან გააჩერა მანქანა, სადაც იას „ბენდი” ანუ დროებითი კომისია დროებით ცხოვრობდა, უკვე შუაღამე იყო. დამშვიდობებამდე ცოტა ხანს უხმოდ ისხდნენ.

– მთელი ცხოვრება მინდოდა შეგხვედროდი და ბოდიში მომეხადა. – დაიწყო იამ ჩუმად.

– რისთვის?

– იქ რომ არ ვიყავი, როცა თქვენ დასაკრავად წახვედით. აუცილებლად თქვენთან ვიქნებოდი.

– შენ არ წაგიყვანდი.

– მაინც წამოვიდოდი.

– გიოც არ მიმყავდა, მაგრამ ჩემზე წინ გაიქცა და დაჯდა პარკში.

– მეც ეგრე მოვიქცეოდი. მადლობა და ნახვამდის. – ხელი გაუწოდა იამ.

ფარნამ გამოხედა ზუსტად ისე, როგორც გამოხედავდა ხოლმე წლების წინ, როცა იას ეგონა, რომ ახლა ფარნას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა.

– ხვალ კომისიაში ნუღარ მომიყვან, პირდაპირ დამირეკე რვაზე.

– ჩვენს გოგოებს ისე მოეწონე, იმათი ხათრით მაინც მოვიდოდი. – გაიცინა იამ. – იცი, როცა ასე გამომხედავდი ხოლმე, ყოველთვის მეგონა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გეთქვა.

– მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი გითხარი.

– უფრო მნიშვნელოვანს ველოდი.

იცინოდნენ გულიანად.

– გინდა გითხრა უფრო მნიშვნელოვანი?

– მიდი, აბა.

გამსახურდიას ქუჩაზე იდგნენ, პალმების გრძელ თითებს და მათ ვეება ჩრდილებს აქანავებდა ნიავი – ზუგდიდში ქროდა რაღაც მშობლიური და მსგავსი იმ შორეული პალმების და ხმების, იმ გაბურდული სიმწვანის და დამათრობელი სურნელის, თითქოს ახლა ზღვაც აშრიალდებოდა სადმე.

– მომეცი ერთი კენჭი, – თქვა ფარნამ და ისეთი ხათრით შეხედა, თითქოს სიცოცხლის ნახევარს სთხოვდა, – მე კენჭიც აღარ დამრჩა.

იას წარსულიდან მარტო ფარნა გადარჩა ისეთი, ვისაც იმ ერთ კენჭს დაუთმობს.

– მწვანე გინდა თუ წითელი?

იას უნდოდა ისიც ეთქვა, რომ როცა პიანინოს მიუჯდება და უკრავს, ის ორი კენჭი პიუპიტრზე უდევს.

კიდევ უნდოდა ეთქვა, რომ როცა დევნილებს არეგისტრირებს, შუალედებში თავის რვეულში კედლებს ხატავს და ზედ აწერს: „აქ იყო ორდენ ბერაია სალდათის ძე”, „აქ იყო მზიური კვატანია ჟან-ჟაკის ასული”, „აქ იყო ჩაკ ბერი ჰენრის ძე”, „აქ იყო ჰენრიეტა ფანთია ედისონის ასული”, „აქ იყო დევიდ გილმორი დუგლასის ძე”, „აქ იყო ფარაონ ქეცბაია რამზესის ძე”, „აქ იყო ჩემი თვალები, რომლებიც იქ დამრჩა კედლებზე”…

მაგრამ არ უთქვამს, სხვა დროს ეტყვის.

ამდენი მნიშვნელოვანი ერთ ღამეში – მეტისმეტია.

© არილი

Facebook Comments Box