პროზა

ნინო მოზესი – ვალი

 

მაშ დასავლეთი. კარგი, იყოს დასავლეთი. ჯიბეში ქაღალდის ფული მოვსინჯე და მატარებლის კიბესთან მდგარ გამცილებელს მივაწოდე. მან ჯერ ფულს დახედა, შემდეგ ამათვალიერა და შეთქმულივით თავი ოდნავ დამიკრა. უბილეთოდ არ შეიძლება, მიბრძანდით, სალარო ქვემოთაა, კიბით ჩახვალთ, მომესმა უკვე ვაგონში ასულს გამცილებლის მკივანა ხმა და დაგვიანებით შეშინებული მგზავრის ბუზღუნი. წინ გავიწიე, ჩვეულებრივი ძველმოდური მატარებელი იყო, ორივე მხარეს ჩადგმული პატარა მაგიდებით და სკამებით. დაბინდული ფანჯრები, სულ ოდნავ რომ იწეოდა და ჰაერის ნაკადს უშვებდა ვაგონში და ცის ნაგლეჯი მოჩანდა მხოლოდ. მარცხენა მხარე ოთხადგილიანი იყო, მარჯვნივ კი თითო სკამი ედგა ციცქნა ჩამოსაწევ მაგიდას. განმარტოებით მდგარ სკამზე ჩამოვჯექი, ჩემს წინ შუა ასაკს გადაცილებული მგზავრი იჯდა, შევერცხლილ თავზე ბერეტს იხდენდა და ამის გარეშეც სიმპათიური იყო ოდნავ კაპრიზული ხაზებით ცხვირის გასწვრივ, რაც სრულებით არ აუშნოებდა, პირიქით, ხასიათს უსვამდა ხაზს. თავი რაღაც ჟურნალში ჩაერგო, რის გამოც სრიალა სათვალეს წარამარა ისწორებდა.

მატარებელი ძალიანაც გამიხარდა. ის ყველაზე ძლიერი კავშირია ჩემს ბავშვობასთან, მისი რიტმული სუნთქვა მოტკბო რკინის რელსებზე ჩემი და ჩემი მეგობრების ერთადერთი იავნანა იყო ძილის წინ. ის ერთადერთი გვიყვებოდა შორეთის ამბებს და ეს შორეთი სამუდამოდ ჩვენი გახდა, მშვენიერი, მიუწვდომელი შორეთი, რომელიც წარმოსახვის ჰორიზონტზე მოჩანდა. სიახლოვეს არაფერი იყო გარდა ლოგინში მოულოდნელად შემოფეთებული შენივე ტოლების სახისა, რომელიც შენსავით დატოვეს მამებმა და გაიყოლეს ართქმული სიყალბეები, რაც ყველა მშობლის პირდაპირი მოვალეობაა და რაც მათ შემდეგ დარჩა იყო იმავე თვალებში ჩაბუდებული ყინული, კოსმოსიდან შემოპარული, და მხოლოდ მატარებლის რიტმული ხმა ალღობდა ყინულს შორეთის თბილი მზით. ჩვენ ასე გვჯეროდა, ჩვენ ამან გადაგვარჩინა და როცა ლოცვა გვინდა, ჩვენ არ დავდივართ რომელიმე უცხო ღმერთის ტაძარში, ათასგვარ ხატებთან, რომ უცხო ღვთაებას თაყვანი ვცეთ, ჩვენ არ ვცნობთ კერპებს, რომლებიც სამ დღეში საფლავებიდან გამოდიან. ჩვენ შორეთის მზეზე ვლოცულობთ და მისი სითბო არ გვეყო კერპების დასანგრევად, რათა ბავშვები გადაგვერჩინა სიკვდილს. ვზივარ ახლა ამ მატარებელში, როგორც ტაძარში და ჩემი ღმერთი ჩემთანაა, არ მტოვებს მისი რკინის სუნთქვა, მოტკბო, როგორც სისხლი. ეს განმეორებადი რიტმულობა, მარტივი, როგორც სიკვდილი, ჯოჯოხეთის საყვარელი იარაღია კერპებისთვის და რაც მათთვის სიკვდილია, ის ჩემთვის სიცოცხლეა.

ჩემ გასწვრივ სამი მამაკაცი იჯდა. ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდათ სათქმელი, მაგრამ თავს იკავებდნენ და ნერვიულად ცქმუტავდნენ ადგილზე. ქალმა ჩამოატარა მგზავრებისთვის წყალი და სხვადასხვა თავშესაქცევი, მოხუცი კაცი ხელების ენერგიული ქნევით მოითხოვდა ჟურნალ- გაზეთების ყიდვას. მცქმუტავმა კაცებმა გულგრილად აუქნიეს ხელი. ასე ორმოციოდე წლის ქალი ამოვიდა, შავ კაბაში ჩაცმული, შეეწიეთ ჩემს ობლებსო, ხელს იშვერდა, მარჩენალი მომიკვდა, ვალებში გაგვყიდესო და ნაადრევად დაბერებული თვალებით მოწყალებას ითხოვდა. ჩემს წინ მჯდომმა ბერეტიანმა ხელი წაიღო ჯიბისკენ და რადგან ფულის მაგივრად ერთჯერადი ცხვირსახოცი ამოჰყვა, ენერგიულად მოიხოცა ცხვირი. მათხოვარმა გვერდი ამიარა, ჩანდა, ვერც შემამჩნია და მიეჭრა იმ სამს. უფალი შეგეწიოს, უთხრა ყველაზე ჩიამ მათ შორის და გვერდზე გაიხედა, მომეშვი ერთი, ჩემი ვალები ვერ გამისტუმრებია, გაბრაზებით ჩაილაპარაკა უფრო შევსებული ტანის პატრონმა და რაღაცნაირად გახედა მის წინ მჯდომ მამაკაცს, რომელსაც მიმიკა არ შეცვლია ამ გამოხედვაზე. ქალმა ჩაიარა და სხვა ვაგონებისკენ წავიდა ბედის საცდელად.

ამ საბრალო მათხოვარმა რომ ვერ შემამჩნია, ესეც ერთი უპირატესობაა ჩემი, თითქმის მისტიკა მათხოვრებით სავსე ქალაქში. ისინი მე ვერ მხედავენ, არ მოდიან და ვერც კი მამჩნევენ. ეს მას მერე შევნიშნე, რაც თავისუფალი გავხდი, რაც დავემშვიდობე ძველ ცხოვრებას და საკუთარი მოვიპოვე. ჰო, ნუ გიკვირთ, თუ არ ხარ თავისუფალი, არც არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს კაცს. ვინ მოგცემს შენსას, თუ სხვისაში არ იყავი ერთგული? არა, არა, ნურავინ მეტყვის, რომ საკუთარი ცხოვრების ავანჩავანი იცოდეს, როცა შეკრულია ვალდებულებებით. ასეთი ხომ მხოლოდ მონაა, გარემოებების, სხვა ადამიანების, მოვალეობების. არავინ არ შეიძლება იცოდეს საკუთარი გზა, როცა დამოკიდებულია რაიმეზე. ასეთებს არაფერი უნახავთ, არაფერი გაუგიათ, არაფერი სმენიათ. არაფერი გააჩნიათ, საკუთარი თავის ჩათვლით. მათი ცხოვრება მოლოდინია, ხვალინდელი დღის მოლოდინი, რომელიც იქნებ რაიმეს მოიტანს, რაიმეს, რაც ქარს თან მოჰყვება, ან იქნებ წვიმამ მოიტანოს, ან შემთხვევით შემოხეტებულმა დაუბრუნოს, რაც მისი აღარაა. ეჰ, ვიცი, განა არ ვიცი, რას გრძნობს ასეთი ადამიანი, განა მე თვითონ არ გამოვიარე ეს ყოველივე, ვიდრე წერტილი არ დავუსვი ამ მოლოდინს და არ დავიბრუნე ჩემი ერთადერთი ცხოვრება, რომელმაც გაასწორა მრუდე და ჩვეულებრივი სასწაულები დამანახა. ნუ დამწამებთ პათეტიკას, უბრალოდ, ვხარობ, ვხარობ, როგორც ყველაზე მდიდარი კაცი, სავსე მარნებით და ბეღლით. აი, თუნდაც მათხოვრები ავიღოთ. ჩვენს ქალაქში ყველა ფეხის ნაბიჯზე არიან და არცერთი არ მოსულა ჩემთან, მე მათთვის არ ვარსებობ, ისინი უბრალოდ ვერც მხედავენ, თუმცა საკმაოდ კარგად მაცვია და ღარიბ კაცს არ ვგავარ. აქვს უპირატესობა ჩემს ყოფას ამ მხრივაც. არც სინდისი მქენჯნის ამის გამო. ან რა სინდისი უნდა ქენჯნიდეს იმას, ვინც არ არსებობს ცხოვრების ორომტრიალისთვის და საკუთარ ბილიკს მიუყვება.

ბერეტიანმა კაცმა საიდანღაც რვეული ამოაძვრინა, მერე დიდხანს ეძება რაღაცა და რომ ვერ იპოვა, კალამი ან ფანქარი ხომ არ გექნებათო, მკითხა. საბედნიეროდ, ფანქარი აღმომაჩნდა და გავუწოდე. მაშინვე თავი დახარა და რაღაცის წერა დაიწყო. ვერ მოვითმინე და ვკითხე:

– მწერალი ხომ არ ხართ, ან პოეტი?

კაცმა ფანქრის კვნეტა დაიწყო და ისე რომ თავიც არ აუწევია რვეულიდან, ამომხედა. ლამაზი თვალები ბრაზს გამოხატავდნენ, თითქოს მნიშვნელოვანი საქმე შეაწყვეტინესო.

– ვინც წერს აუცილებლად მწერალია? – უხეშად შემიბრუნა კითხვა და ისევ რვეულს მიუბრუნდა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა და მხოლოდ მატარებლის რიტმული ხმა ისმოდა. გვერდზე მსხდომებმა ხმადაბლა საუბარი დაიწყეს, თუმცა მაინც გარკვევით ისმოდა მათი ხმა. ჩია მათ შორის ფსკვნილს ათამაშებდა ხელში და საუბარში მონაწილეობას პირჯვრის წერით გამოხატავდა. ეტყობოდა ამ სამს რომ ერთად მგზავრობდნენ. ფანჯარაში გავიხედე და ჩემს ფიქრებს გავყევი. უცებ ბერეტიანის ხმამ დამაბრუნა ვაგონში.

– ცნობისათვის, მძულს მწერლობა და მწერლებიც.

გაკვირვებით შევხედე, როგორ მოებრიცა ლამაზი ნაკვთები, რაღაც მრისხანებასავით ჩაუდგა თვალებში.

– დიახ, მძულს და მიუხედავად იმისა, რომ მე ვწერ, უფრო მეტად მძულს.

– როგორ? თქვენ მწერალი ხართ და გძულთ მწერლობა? მართლაც პირველად შევხვდი ამგვარ კაცს, მატარებელშიც რომ ვერ ითმენს არ წეროს და მაინც სძულდეს საკუთარი საქმე.

– წყევლაა ნამდვილი, ჩურჩულით განაგრძო მოძულემ, ვერც ეშვები და ისიც იცი, რომ ვერასოდეს გახდები მწერალი. დაღუპულები ვართ ჩვენ, დაღუპულები, რაღაც იდუმალი კრთომა ჩააქსოვა თვალებში.

– მართალია შორს ვარ მეკალმეებისგან, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ასეთი ტანჯვაა თქვენი ხელობა, გატყობთ, ძალიან იტანჯებით და ძვირად გიჯდებათ ეს საქმიანობა. – ვეცადე თანაგრძნობა გამომეხატა, მაგრამ ბერეტიანი უფრო გადელდა ჩემს სიტყვებზე.

– მორჩი მაგ სისულელეებს, თუ კაცი ხარ. მხოლოდ ბრბოს სჯერა, რომ ტანჯვაა და ვაება. საქმე სულ სხვაგვარადაა – ჩვენ სიცოცხლე მოგვპარეს, გაგვაბრიყვეს, დაგვიმონეს და თავწახრილებს გვამუშავებენ, როგორც ნამდვილ მონებს და ამის მოთმენა აღარ შემიძლია. ო, ნეტავ ერთხელ ჩამასუნთქა სუფთა ჰაერი, ერთხელ გავიჭრა ველად, – და აქ მან მოულოდნელად ხელები გაშალა და ჰაერი დაიჭირა, -მომაძებნინა ჩემი დაკარგული ცხოვრება. ქურდები, კაცთა სულის ქურდები, ამოიგმინა დასასრულს.

– ვერ გაგიგეთ პატივცემულო, ნუთუ დღესაც ვინმე გაიძულებთ წეროთ ის, რაც არ გინდათ? ეს დრო ხომ ჩაბარდა საბჭოთა კავშირს, ეს ხომ მაშინ იყავით ვალდებულნი, გემღერათ, ხოტბა შეგესხათ ბელადებისთვის და მათი მონაგარი ქვეყნისთვის? განა დღეს არ შეგიძლიათ წეროთ რაც მოგესურვებათ?

ბერეტიანი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ისე გამომხედა, თითქოს სწორედ ამ კითხვას ელოდა ჩემგან. ერთი პირობა თავი იდუმალი ღიმილით აქნია, მერე მკვეთრად გადმოიხარა ჩემკენ და ამოიგმინა.

– აი, ამაშია სწორედ საქმე, აი, ამაში. ო, როგორ ცდებით, ჩემო ბატონო, როგორ ცდებით. მეც დიდხანს ვიყავი დარწმუნებული, რომ ოხერი დროება გვართმევს ჩვენს ნიჭს, ჩვენს შთაგონებას, ჩვენს რაობას და გარდაქმნის მას უსარგებლო ხოტბად. მაგრამ არა, ო, რა სულელი ვიყავი და როგორ გავები ხაფანგში, როგორ დავიჯერე, რომ რამეს შევძლებდი, როგორი მიამიტი აზრია. თქვენ არც იცით რამდენჯერ მიტირია ამის გამო, ვიდრე არ მივხვდი, ვინ მოგვპარა ცხოვრება, გონი, აზრი და მასთან ერთად ცხონებაც. დიახ, ნუ გეღიმებათ ბატონო, იქნებ ახლა ვერც ხვდებით რას ვგულისხმობ, მაგრამ დრო, დრო დაამტკიცებს ჩემს სიმართლეს.

– და მაინც ვინ? ძალიან მაინტერესებს ვინაა ის, ვისაც საერთოდ შეუძლია ამგვარი ძალადობა.

უცნაურმა მოსაუბრემ მანიშნა, მოიწიეო და ყურში ჩამჩურჩულა ერთი მეტად ცნობილი კაცის სახელი, დიდი მწერლისა და საქვეყნოდ ცნობილი ადამიანის. როგორც ჩანს, გაოცება გამომეხატა სახეზე.

– გიკვირთ არა? არადა, სწორედ ისაა ქურდი, ყაჩაღი, ყველაზე დიდი ავაზაკი. მან უკლებლივ ყველა დაგვიმონა და საკუთარ მოვალეებად გვაქცია. სხვები ვერც კი ხვდებიან რა მახეშიც გაებნენ, მეც დიდი განსაცდელი გამოვიარე ამის გასარკვევად, მაგრამ ვამაყობ, რომ სხვებისგან განსხვავებით, მივხვდი, რა უბედურებაც მჭირს. რომ იცოდეთ, რა აღტაცებული გავემართე საკუთარი ფეხით, რა სიმღერებს მიმღერდა ოცნების ქარი, რა თავაწეული მივდიოდი, როგორ მსურდა ჩემი ცხოვრება მექცია სიტყვის მსახურად, მეცხოვრა ისევე, როგორც დავწერდი, მე თვითონ ვყოფილიყავი საკუთარი თავის ხუროთმოძღვარი. და ასეც დავიწყე, დამერწმუნეთ, სწორედ ასეც ვიქცეოდი, პირუთვნელად მივყვებოდი გულის ძახილს და ვწერდი, ვწერდი, ვწერდი, ვცხოვრობდი, როგორც ვწერდი. მჯეროდა, რომ ასე ყველაფერი გამომივიდოდა. თუ ვიქნებოდი მართალი, უდრეკი და ვიცხოვრებდი, როგორც “მან” აღწერა, აუცილებლად გამომივიდოდა, მე შევქმნიდი წიგნს, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ჩემი ცხოვრება და სიტყვა და რეალობა გახდებოდა ერთი. წლები მოვანდომე ამ ახირებას, ვიდრე უბედურება არ დამატყდა თავს, ვიდრე არ დაიქცა ჩემი ცხოვრება და ნამსხვრევებმა არ მომიყოლა. და აი, თქვენ მეკითხებით, მწერალი ვარ თუ არა?

– ცოტა არ იყოს, დამაბნიეთ. განა შესაძლებელია, თუნდაც ყველაზე დიდმა მწერალმა, საუკუნეების წინ გარდაცვლილმა, რაღაც მანქანებით დაიმონოს ადამიანი და თან ისე, რომ ცხოვრება მოაძულოს? რაღაც კარგად ვერ გავიგე, ნუთუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე, განა დიადთან შეხება არ გვაკეთილშობილებს და განა სილამაზე ჩვენც არ გვხდის ოდნავ უკეთესებს? იქნებ მეშლება რაიმე, რადგან ბეჩავი ვარ ლიტერატურაში და ბევრი არაფერი გამეგება.

მწერალმა თავი აქნია ერთი პირობა და ირონია გაკრთა მის თვალებში, მერე თვალები მოწკურა და უფრო ჩაისისინა, ვიდრე ჩაიჩურჩულა:

– ვაი რომ, სწორედ ასეა და ვაი რომ, მე მართალი ვარ. თუმცა ვგრძნობ საკუთარ უპირატესობას სხვა უბედურებთან შედარებით, რადგან მივაგენი ამ უბედურების სათავეს, სხვანი კი ხელის ცეცებით დაიარებიან და ვერაფერს ხვდებიან, საბრალო, საბრალო კალმის მონები, ბრმად შობილნი და ბრმად გარდაცვლილები. ბატონო, გატყობთ, გამჭრიახი კაცი ხართ და მოკლედ მოგიყვებით, რა ხათაბალა გადამხდა, როგორ გავები ვალებში, როგორ მიმუხთლა წუთისოფელმა და როგორ აღმოვჩნდი ხახადაღებულ სიცარიელესთან პირისპირ. არც ისე ახალგაზრდამ ოჯახი შევქმენი, შეიძლება ითქვას, სიყვარულითაც კი. კეთილშობილებით აღვსილმა ობოლი გოგონა შევარჩიე, სასიამოვნო გარეგნობის, და მიუხედავად მშობლების დიდი წინააღმდეგობისა, ვინაიდან ის სულაც არ აკმაყოფილებდა ჩვენში მიღებული სასურველი საცოლის მოთხოვნებს, რადგან ხელმოცარული გახლდათ უკვე სხვასთან (მიმიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ), გადამრჩენელად და მხსნელად მოვევლინე მას. არ გავწირე ავი ენებისთვის, ნამუსი შევუნახე და შემდგომში ამას ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებადაც ვთვლიდი. ოჯახი შევქმენი და წესიერი და პატიოსანი ქალის სახელი აღვუდგინე. ხომ გესმით, როგორც ხდება ხოლმე, როცა აღტაცებული ხარ, რაღაცეებს არ აქცევ ყურადღებას. არც მე ვიწუხებდი დიდად თავს წვრილმანებზე ფიქრით, ყოველდღიურობას მივყვებოდი. ჩემი მეუღლე საკმაოდ ჭკვიანი გამოდგა და მას გადავაბარე მთლიანად ოჯახის ფინანსური საკითხები, ხოლო მე ვემსახურებოდი ჩემს საყვარელ საქმეს, მაშინ ჯერ კიდევ საყვარელს. აქ მწარედ ჩაეცინა ჩემს ახალ ნაცნობს. ჩემი სათაყვანო მწერლის იდეალებს განუხრელად მივსდევდი და არასოდეს მავიწყდებოდა კეთილშობილება; ცოლს მუდამ ამ იდეალებზე ვესაუბრებოდი, გულის სიღრმეში ვამაყობდი, რომ მისი გადამრჩენელი ვიყავი და რაღა დაგიმალოთ, ცოტა წმინდანადაც კი მივიჩნევდი თავს. მოკლედ, ცხოვრებით კმაყოფილი კაცი ვიყავი და სრულიად დარწმუნებული, რომ ჩემი ცოლი სათანადოდ აფასებდა ჩემს ნაბიჯს, ოჯახის ერთგულ და თავდადებულ ქალად ვთვლიდი ამის გამო. თხუთმეტი წელი ვიცხოვრეთ ასე და შვილებიც გავზარდეთ. არასოდეს შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ცოლს ვუყვარდი, დიდად აფასებდა ჩემს სიკეთეს, ამიტომ ვანდობდი ყველაფერს და არ ვერეოდი მის საქმეებში. მან თავისი გამჭრიახობით ბინა იყიდა, ცხადია, მეც შევიტანე წვლილი, ძველი მშობლების სახლი გავყიდე და ერთობლივად შევიძინეთ დიდი და ნათელი ბინა. მოკლედ, ვხარობდი და ვემზადებოდი გადამწყვეტი ნახტომისთვის, შემექმნა ცხოვრების წიგნი, რომელიც თაობებს მოუყვებოდა ცხოვრების ხელოვნებაზე, ასწავლიდა სწორ ფასეულობებს და ყველა სიტყვა განმტკიცებული იქნებოდა ჩემი ცხოვრების მაგალითით. აი რაზე ვოცნებობდი, ბატონო. ო, რა სულელი ვიყავი, როცა მჯეროდა, რომ ბედნიერება და სიმშვიდე შესაძლოა წიგნად აქციო, რა ბრიყვი ვყოფილვარ რომ ისეთი ეფემერული სუბსტანცია, როგორიცაა ადამიანის ბედნიერება, ჩვენს სამყაროში შესაძლოა დაიჯერო და სხვებიც დააჯერო. ახლა მადლობელიც ვარ, რომ ვერ მოვასწარი დაწერა, ვინ დაიჯერებდა და ვინ მოისმენდა კაცის სიხარულს ჩასაფრებულ ცხოვრებაში. დამაჯერებლობას მხოლოდ ტკივილი სძენს მწერალს, მხოლოდ მისი უცილობლად ტანჯვაგამოვლილი გრძნობები თუ დააკმაყოფილებს ამ მასას, მკითხველთა სისხლმოწყურებულ მასას. რა გულუბრყვილობაა, გინდოდეს ვინმეს მოუთხრო მსუბუქ ამბებზე. მასხრად ამიგდებდნენ და სასაცილოდ არ ეყოფოდათ. ო, აქ მე უძლური ვარ, უძლური. იცით, ადამიანები აღმერთებენ ნატანჯს, ტკივილიანს და მე ამას ვერ შევცვლი. ფასს მხოლოდ ტკივილს ადებენ და თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, ღმერთიც ასეთივე ჰყავთ, ნატანჯი და ტკივილებით სავსე, უძლური ვარ – თავი ჩაქინდრა ჩემმა მწერალმა. არ უყვართ ბედნიერი კაცი, უძლური ვარ.

– იქნებ ბედნიერი კაცი არ წერს – შევეცადე რაღაცით გამექარვებინა მისი სევდა. აი, მე ბედნიერი ვარ და არასოდეს მდომებია დამეწერა ამაზე, ბედნიერება უბრალოდ ცხოვრობს და არ ფიქრობს, ტკივილი კი გაიძულებს წერო, ან მუსიკა შექმნა, ან რაიმე, რაც სხვებსაც გაუზიარებს ამ ტკივილს, მე კი, გეთანხმებით, სიხარულის და ბედნიერების გაზიარება ცოტას თუ მოუვა აზრად.

– იქნებ, იქნებ მართლაც ასეა. განა ბედნიერება ეძიებს უკვდავებას, განა მას აინტერესებს მიღმიერი ყოფა, განა ის არაა სავსე და სრული იმდენად, რომ სიკვდილიც კი გულის ჯიბეში უზის და მიჩვეული ჰყავს, გაწვრთნილი და დაამებული? განა ყოველი უბედურება არ გვერეკება უკვდავების მოსაპოვებლად და განა უბედურება არ ეძიებს მარადიულ სიცოცხლეს, რათა სადმე მაინც ჰპოვოს სიმშვიდე? იქნებ თქვენ მართალიც ხართ და იქნებ ესაა მიზეზი, რომ ჩემი კალამი არ ჩქარობდა წერას, არ ჩქარობდა უკვდავყოფას? მაგრამ ჩემო მოულოდნელო მეგობარო, განა ბედნიერება არაა ყველაზე დიდი ილუზია კაცის ცხოვრებაში? განა მხოლოდ ტანჯვა არ გამოხატავს ყველაზე ზუსტად სიცოცხლის არსს? ბედნიერება ტყუილია და ტანჯვა კი ყველაზე მართალი, რაც შეიძლება გადაგვხდეს, და მხოლოდ ტანჯვასთან გაშინაურება და მასთან მეგობრობა არის კიდეც ნამდვილი შეულამაზებელი ცხოვრება. ოჰ, რა ბრმა ვიყავი, როცა მჯეროდა იდილიური ოჯახური სიტკბოების, რა შხამს მიმზადებდა განგება, როგორ დარტყმას, ხანჯლის დარტყმას ზურგში, რადგან ერთ დღეს, მთვრალმა ყოველდღიურობის სიხარულისგან, აღტაცებულმა ოჯახური სითბოსგან, ნებიერად მივდე თავი დასასვენებლად, როცა ჩემმა მეუღლემ, ჩემმა მეორე ნახევარმა, საზარელი სიმართლე მითხრა. ერთ წუთში დასრულდა ყოველივე, ერთ წუთში. მითხრა რომ ასე აღარ სურს ცხოვრება, რომ უნდა დავშორდეთ, რომ სასამართლოში შეაქვს განქორწინებაზე განცხადება. მაგრამ ეს არ იყო საზარელი, ეს მშრალი სიტყვები არაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალები, მისი თვალები გასცემდნენ მის სიხარულს, ეს თვალები იმას ეკუთვნოდა, ვინც დიდხანს იყო ტყვეობაში, ვინც დიდი ხარკი გადაიხადა, რათა თავისუფლება მოეპოვებინა, თითქოს ავაზაკს გაურბოდა, ეს სიხარული მის თვალებში ამას ამბობდა, როგორ მოიხადა ვალი ადამიანმა და ახლახანს დააღწია თავი მონობას, ის, ვისთვისაც მთელი ეს დრო ტანჯვა იყო. გესმით მეგობარო, რა საზარელი სანახავი იყო ეს ჩემთვის? ის, რაც ჩემს ბედნიერებას შეადგენდა, რაც საზრისად იქცა ჩემი არსებობის, მისთვის მხოლოდ ნაბიჯი იყო გადასალახი თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ. მირბოდა, როგორც გაურბიან ავაზაკს, როგორც გარბიან ეგვიპტედან მონები, მთელი თავისი მონაგარით და სინანულის წვეთიც კი არ მიჰყვებათ წარსულიდან. სად მეპოვა ნუგეში? ბედნიერების ხანას მოშინაურებული სიკვდილი გულის ჯიბიდან ამოხტა და საშიშად დააღო პირი, ეს ის სიკვდილი აღარ იყო, რომელიც მოთვინიერებული მყავდა, რომელიც ახლობელივით მესაუბრებოდა, რომლის წინაშეც უშიშარი ვიყავი და ასე განსაჯეთ, სხვების დარწმუნებასაც ვცდილობდი მის უვნებლობაში. ის ახლა ჩემი ცოლის ზურგსუკან იდგა და ხახადაღებული საზარლად მეჭყანებოდა, სრულიად გაუცხოებული და საშიში. როგორ მოხდა, როგორ მოვტყუვდი, რატომ მეძინა ბანგით გაბრუებულს. მე მჯეროდა ჩემი დიდი წინაპრის, მისი სიტყვების, მე მჯეროდა და ყოველივეს პირნათლად ვასრულებდი, მან კი მიმუხთლა, ცარიელი და ვალებით სავსე გამაგდო შუა ზამთარში ქუჩაში და ხელი მკრა. ცოლმა წაიღო ყოველივე, რაც გაგვაჩნდა, შვილიც დაიტოვა და მე საზარელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ძლივს ვიქირავე ერთი ოთახი და დიდ ვალებში ჩავვარდი. მაშ მითხარით, განა არ მაქვს სამდურავი მასთან, ვისი სიტყვისაც უყოყმანოდ მჯეროდა, განა ამ რწმენამ არ დამტოვა ქუჩაში, როგორც ეული და მიუსაფარი? მაგრამ რა არის მიუსაფარობა იმ ტკივილთან შედარებით, როცა საკუთარი თავი მხსნელი გგონია და ავაზაკი კი აღმოჩნდები, რადგან სწორედ ეს დავინახე იმ საბედისწერო ღამეს ჩემი ცოლის თვალებში. ავაზაკი, რომლისგანაც გარბიან გამარჯვებულის ყიჟინით. ასე დავისაჯე რწმენისთვის, ასე დავისაჯე გენიოსის ხელით და დღემდე არ ვიცი რა შეცდომა დავუშვი, რა შევცოდე მის სულს, ან იქნებ ვერ გავიგე რაღაც ფარული აზრი, რაღაც საიდუმლო ვერ ამოვხსენი და ასე იძია მან შური ჩემზე, მასზე, ვინც მტვერივითაა მიწაზე გართხმული და პატარა ბავშვსაც შეუძლია ერთი თითის კვრით მოერიოს? რას ფიქრობთ, იქნებ ვერ ამოვხსენი იდუმალი აზრი და თავიდანვე არასწორად გავიგე ყოველივე?

– რა გითხრათ, ან რით განუგეშოთ, არც ვიცი. თან თქვენი ნაამბობიდან ისე გამოდის, რომ თქვენი სათაყვანებელი მწერალი ირიბად თქვენს ცოლს დაეხმარა და არა თქვენ, თუ მის თვალებში ამოიკითხეთ სიხარული და გამარჯვების ყიჟინა გაიგონეთ, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ იარაღი იყავით და ნაყოფი, ის ნაყოფი, რომელიც თქვენი გეგონათ, მან მოწყვიტა და მაშინ გამოდის, რომ თქვენ უბრალოდ იარაღი იყავით თქვენივე საყვარელი კუმირის ხელში. განა ღმერთიც ასე არ გვექცევა? განა თიხა არ ვართ მის ხელში, რომლისგანაც რასაც უნდა იმას მოზელს – ზოგს საპატიო ჭურჭლად და ზოგს კი ქვენა მოხმარებისთვის? შეხედეთ ამას ფილოსოფიურად, მე გირჩევთ. თუმცა თქვენმა ამბავმა ერთი ნაცნობი გამახსენა. ერთი ფრიად ღვთისმოსავი ქალბატონი, რომელიც ათენ-აღამებდა ეკლესიაში და მუდამ ბიბლიას ჩაჰკირკიტებდა. რაც არ უნდა გეკითხათ მისთვის, ან სარაზე საუბრობდა, ან რებეკაზე, ხან რახელზე და ხანაც ესთერზე; რაც უნდა გაეკეთებინა, მარად მათ ადარებდა თავს. ამ საბრალოს შვილი გარდაეცვალა და როცა ვერ მონახა საკუთარ გმირებში მსგავსი რამ, საერთოდაც განუდგა ეკლესიას და ღმერთს გაუნაწყენდა, როგორც პატარა ბავშვებმა იციან, არადა, რა მარტივია ზოგჯერ თავი ეძებო არა სარაში, არამედ აგარში, არა რუთში, არამედ ძალიან ადამიანურ ორფაში, არა ესთერში, არამედ სამართლიანად აღშფოთებულ ვაშთიში. განა ჩვენ, ქრისტიანები, სწორედ ამდაგვარი გაგდებულების, ზურგშექცეულების, დაცემულების, ურჩებისა და მეტად სუსტი ადამიანურობის ერთობა არ ვართ? არა, არა, უფრო პირიქით, ვინაიდან დავბრუნდით შუა გზიდან, ვინაიდან გაგვაგდეს უდაბნოში, სადაც არც წყალია და მხოლოდ უფლის სული დაფრინავს, რადგან გაგვაშიშვლეს და ისე დაგვიპირეს ხალხის წინაშე გაგდება, რადგან ვერ ავიტანეთ, ვერ შევძელით, ვერ გამოვდექით, აი, ამიტომ გვქვია ქრისტიანთა ერთობა. ნუ იდარდებთ იმას, რომ ადამიანების წინაშე ხართ ვალში, ჩვენ განუზომლად დიდი ვალი გვაქვს ყველას, მოწყალებისა და წყალობის ვალი. მე საიდუმლოდ გეტყვით, თავისუფალი ადამიანი ვარ და არავისი მმართებს რა, მაგრამ სწორედ მოწყალების წინაშე ვარ ვალში და ახლაც, აქ რომ ვზივარ, სწორედ ესაა ამის მიზეზი. თუმცა ადამიანის წინაშე ვალი ამცრობს, მოწყალების წინაშე ვალი კი აღამაღლებს მას. ნუ გაუძალიანდებით ამ ვალს, ის ერთადერთია, რის გასტუმრებაც ჭეშმარიტ ბედნიერებას მოგიტანთ. ახლა გისმენდით და უჩვეულო კითხვა დამებადა, თქვენც ალბათ მთავარ გმირებს მისდევდით არა? ალბათ მათი ფილოსოფიით იცხოვრეთ? ნუ დამიმალავთ, თუ ასეა, მაშინ ჩემთვის ნათელია თქვენი დაცემა, თქვენი პიროვნული მარცხი. ნუ მიწყენთ, მაგრამ ეს ჩვენივე ამპარტავნებაა, ჩვენი თვითდაჯერება და თვითკმარობა, მიზეზი ყველა ადამიანური უბედურების და ისღა დამრჩენია, მხოლოდ გითანაგრძნოთ თქვენი შეცდომით გამოწვეული ტკივილის გამო, ადამიანური, მეტად ადამიანური შეცდომის.

მწერალი თავჩაქინდრული მისმენდა, მერე უსიამოვნოდ შეიშმუშნა, მივხვდი, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მოულოდნელად გვერდით მაგიდასთან მკვეთრად აუწიეს ხმას.

– მე ძმაო, ფული რომ არ მაქვს, ვერც დამყავს ცოლ-შვილი კურორტებზე და სხვისი ფულით კურორტებზე სეირნობას სანამ არ მოიშლი, მანამდე იქნები ამ დღეში. თითქმის ყვირილით მიმართავდა ჩაფსკვნილი კაცი მის წინ მჯდომარე ხმელ კაცს. სახეზე წამოწითლდა და უკიდურესი სიბრაზით აბრიალებდა თვალებს, ჩია თავის ჩართულობას კვლავ პირჯვრისწერით გამოხატავდა, თითქოს ეს მაგიური ქმედება იყო, რომელიც შეაჩერებდა უსიამოვნო საუბარს.

– კარგი, გოგი, ხომ იცი, რომ არსად კურორტებზე არ დავდივარ, ჩავალთ ახლა და გაგისტუმრებ რაც მმართებს, რა მოგივიდა შე კაცო, პატარაზე მოითმინე. – ცდილობდა ხმელი მის დაშოშმინებას.

– ხო, მე რომ არ მიმეყენებინე კუთხეში, კიდევ ასი წელი არ დამიბრუნებდი, ბანკი ხომ არ ვარ ასე ვარიგო ფულები და მერე გელოდოთ თვეები. ან რა მჭირდა ოზურგეთში წასასვლელი და შენი კუდში სადევნი, ქვეყანა საქმე მივყარე და ამხელა კაცი ღმერთმა იცის, სად მოგყვები.

– რავა გეკადრება შე კაცო, რავა არ იცი, ჩემი ნასტიას მოყვრები არიან და ჩემი მართებდათ დიდი ხანია, ახლა ასე რომ დამიდგა საქმე, ქე მოვთხოვე და წევიდნენ, ეიღეს ვალი ბანკიდან და დაგვახვედრებენ, რავა გეკადრება ამფერი საუბარი. შენ მეინდომე წამოსვლა, თვარა იქით მოგიტანდი, არ შეგაწუხებდი.

– უფალო შეგვიწყალე და გადაგვარჩინე, რა დღეში ვართ ქართველობა, ერთი ვალიდან მეორეში ვაბიჯებთ ფეხს, შენ დაიფარე ივერია და დროზე გააბრწყინე, ეგება ამოვისუნთქოთ ამ გაჭირვებულმა ხალხმა. – ჩაილაპარაკა ჩია კაცმა, თითქოს სიტუაციის განმუხტვა უნდოდა.

– ხედავთ მეგობარო? მომიბრუნდა ჩემი თანამგზავრი ჩურჩულით, ხედავთ რა ხდება დუნიაზე? ქვა რომ ააგდო ან მოვალეს დაეცემა ან მევალეს. და სრულიად დარწმუნებული ვარ, ამ ყოველივეს უკან დგანან ავაზაკთა სახელები. ეს ბოლო ფრაზა შეთქმულივით ჩაიჩურჩულა და თვალი ჩამიკრა.

– არა, არა, ნუ ფიქრობთ ასე, შევეცადე შეწინააღმდეგება, არა მგონია იდეალებს იყოს ყველა გადაყოლილი. თქვენს შემთხვევაშიც რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს, ნუ დაემდურებით დიდ გენიოსს. იცით, მე ერთ რამეს გეტყვით, დამეჯერება, რადგან ვიცი რასაც ვამბობ. ქალები ასეთი არსებები არიან. მათ არ შეუძლიათ თავგადასავლების გარეშე ცხოვრება, მალე იწყენენ და ცხოვრების აზრს კარგავენ, ხოლო მათი ყველაზე საყვარელი გასართობია ისეთი სიტუაციების შექმნა, სადაც თავს წარმოიდგენენ ტყვეობაში, რომლისგანაც ვინმემ უნდა იხსნას. სხვანაირად არ შეუძლიათ, ამას მაინცდამაინც გაცნობიერებულად არც აკეთებენ, მაგრამ აი, ჩვეულებრივი ქალი ავიღოთ, რომელიც ოცი წელი ოჯახს ემსახურა, სადილები ამზადა, ალაგა, ბავშვები გაზარდა. ასეთი ქალები დაძინებამდე მხოლოდ ერთზე ოცნებობენ, გამოჩნდეს კაცი, ვინც იხსნის ტყვეობიდან, მოიტაცებს სამზარეულოდან, რომელიც ქაჯეთის ციხედ წარმოუდგენია და ვრცელ და გაშლილ ალაგას წარიტაცებს, შესთავაზებს გულს და გრძნობებს. თუმცა ჩემო მეგობარო, გავა რაღაც დრო და ყველაზე გაშლილი ველიდანაც მოინდომებს ის განთავისუფლებას. რადგან ესაა მდედრი, მას მხსნელი სჭირდება. ესაა მისი ცხოვრების საზრისი და თუ თქვენს შემთხვევაში მან თავი დაიხსნა მარწუხებისგან, რომელიც თავად მისმა ფანტაზიამ შექმნა, აქ არაფერ შუაშია დიდი მწერალი. აბა წამომყევით ჩემს აზრებში და დამეთანხმეთ, რომ ასეცაა. და ამიტომ ხდება, რომ გუშინდელი მხსნელი უეცრად იმ ურჩხულად გადაიქცევა, ვისგანაც დასახსნელია მრავალტანჯული ქალი. თქვენც ეს ბედი გეწიათ ჩემო უცნობო მეგობარო და დიდად ნუ გაგიკვირდებათ.

ჩემი თანამგზავრი თავჩაქინდრული მისმენდა. ჩანდა, რაღაც მოედო მის გულს ჩემი ნათქვამიდან. მაშ არაა საშველი? მაშ არაა ადგილი, სადაც მიდებს კაცი თავს მშვიდად?

– ქალები, მერწმუნეთ, შეთქმულ კავშირში არიან წარმავლობასთან და ნუ იდარდებთ, თუ ოდესღაც მხსნელი ურჩხულად იქეცით. რა არის ამ წუთისოფელში მდგრადი, რომ ეგ იყოს. განა დიდი გენიოსიც მაგას არ გვეუბნება? რა არის ისეთი, რაც არაა წარმავალი, რასაც მოეჭიდები და ხელიდან არ გაგისხლტება? გიხაროდეთ მეგობარო, თქვენ ხომ მარადიულობის ნაწილი გახდით.

– მარადიულობის, ჰმ! არა მგონია, მოვალეთა დიდ არმიას შევუერთდი, თუ გინდათ თქვათ, რომ ისინიც მარადიულობის გამო გახდნენ მოვალენი?

– რატომაც არა, ასეც შეიძლება ითქვას. ყველა, ვინც ამ ორომტრიალშია ჩაბმული, სწორედაც და უცილობლად ხდება მოვალე. მგონი, ეს ზუსტი ნათქვამია.

– და თქვენ ვინ ხართ, რომელ მხარეს დგახართ? მოვალე ხართ თუ მევალე, რომელია თქვენი ადგილი? უკაცრავად, რომ მხოლოდ ახლაღა ვკითხულობ თქვენს სახელს.

– მანგო მქვია, იცით ალბათ ეს ეგზოტიკური ხილი. ტკბილ-მწარე ხილია. საქმე ისაა, რომ მე გავექეცი მარადიულობას, წუთისოფლის წარმავლობას, ჩემი ხვედრი ვიპოვე ამ სამყაროში და არც გავცემ და არც ვიღებ. ასე უფრო მშვიდად ვარ. უბრალოდ გზას მივყვები, ჩემს გზას, სადაც მიმიყვანს, ისაა ჩემი ხვედრი და ვისაც გადამყრის, ისაა ჩემი საგზალი. თავისუფალი ადამიანი ვარ და ვხეტიალობ სამყაროში.

– ჰმ, სხვა დროს ალბათ შემაშინებდა ასეთი ადამიანი, ახლა კი ვგრძნობ, რომ თავად გავხდი ბედისწერის სათამაშო და აღარ მაშინებს მსგავსი ამბები, უნაპირო ამბები, უთავბოლო ამბები, უკიდეგანო ამბები. ვხედავ, რომ გრძნეული ხართ, რახან ასე ოსტატურად შეძელით თავის გარიდება და სათუოდან გამოსვლა. ისღა დამრჩენია, მშურდეს და შეგნატროდეთ, არადა, ცრემლები მახრჩობს, მე ხომ თავად შემნატროდნენ სულ მოკლე ხნის წინ და არცთუ უსაფუძვლოდ.

– არა, არა, საშიში არაფერია, ჩათვალეთ რომ ტაძარში ხართ. ეს არც ისე არარეალურია. ჩემთვის მატარებელი არის კიდეც ტაძარი, ბავშვობაში მან მაზიარა შორეთს და მან წარიტაცა ჩემი გონი და სული, მისი რკინის სხეული სავსებით შეიძლება ტაძრად ჩაითვალოს, ასე ვთქვათ, სიწმინდეა ჩემთვის. აქ სანთლების მაგივრად, ადამიანების გულები ინთება, მოკლე შეხვედრისას თავის ამბებს ყვებიან აღსარებასავით, რათა მერე სამუდამოდ დაშორდნენ და დაიმარხონ საიდუმლოსავით საკუთარი ამბები. ვერცერთი მღვდელი ესე ვერ შეინახავს აღსარების საიდუმლოს, როგორც მატარებელში მოსმენილ ამბებს ინახავენ. ამიტომ საშიში არაფერია.

მატარებელი გორში გაჩერდა, გამცილებელმა ნახევარი საათი ვიდგებითო. ჩემს თანამგზავრს შევთავაზე ცოტა დავლიოთ-მეთქი და მატარებლიდან ჩავედი. ბაქანზე ჩამწკრივებულ ერთ მაღაზიაში შევედი და ორი ბოთლი წითელი ღვინო ვიყიდე, მისაყოლებელი ბევრი არაფერი ჰქონდათ და ამიტომ მადისაღმძვრელ ცხელ შოთებზე შევჩერდი, ორი შოთიც ავიღე და უკან დავბრუნდი. გამცილებელს ჭიქები ვთხოვე და დავასხი მუქი, ბლანტი სითხე.

– მოდით, დალიეთ მეგობარო და დაივიწყეთ თქვენი გასაჭირი, განა ამისთვის არ მოგვეცა ეს ღვთიური სითხე, რომ გავატანოთ მას ყოველი სიმძიმე. აიღეთ, გასინჯეთ, დალიეთ, ესაა ვაზის სისხლი, დაღვრილი ტკივილის შესამსუბუქებლად. ჭიქა პირთან მივუტანე და მანაც თვინიერად მოწრუპა. ეზიარეთ ამ ღვთაებრივ სითხეს, ამბობენ, მასში ჭეშმარიტება იმალებაო. მწერალმა პური მოიტეხა და მიაყოლა.

– დალიეთ მეგობარო, დალიეთ, მოდით, ჭიქა მომიჭახუნეთ და დაე, არასოდეს გვეფიქროს ვინმეს გადარჩენა, ვინმეს ხსნა, ვინმეს ამოყვანა ჭაობიდან, რადგან არაა ეს ადამიანის დანიშნულება და არაა ის ამისთვის მოწოდებული; არამედ გვეცხოვროს უბრალოებაში, გვეცხოვროს ლაღად და მოგვეცეს იმის ცოდნა, რომ ყველანი დახსნილები ვართ და გადარჩენილები. აი, სადღეგრძელოც გამოცხვა. ჩემმა თანამგზავრმა ჭიქა ჩაცალა და გვერდით მსხდომებს გადააწოდა, მოდით, დაგვილიეთ ერთი ჭიქა, დავილოცოთ ძმებო. ჩია კაცმა პირჯვარი გადაიწერა და ჭიქა გამოართვა. უფალმა დაგლოცოთ, ჩაიბურტყუნა და მოსვა. მერე ჩაფსკვნილს გადააწოდა, იმანაც გამოართვა, ქართველებს გაგვიმარჯოსო და დალია.

– საით ძმებო, – იკითხა ხმელმა და ჭიქა ჩამოართვა ჩაფსკვნილს.

ბათუმში მივდივარ, რაღაც წვრილმანი საქმეები მაქვს, – თქვა მწერალმა.

– მე დასავლეთში მივდივარ, მეც საქმეები მაქვს, ეგაა, რომ არ ვიცი, იქ სად გავჩერდები, – ვთქვი მე.

– შენი სახელი ძმაო? – იკითხა ხმელმა.

– მანგო ჰქვია, ეგზოტიკური ხილივით, ჩემს მაგივრად უპასუხა ჩემმა თანამგზავრმა.

ჩიამ ჩემი სახელის გაგონებაზე ყოველი შემთხვევისთვის პირჯვარი გადაიწერა და ფანჯარას გახედა ცარიელი მზერით. ღვინოს და პურს ვეზიარეთ ყველა და ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა.

მატარებელი კვლავ დაიძრა, ფანჯრებს მაწანწალა ბავშვები მოაწყდნენ, ხელით გვანიშნებდნენ, საჭმელი გადმოგვიგდეთო, სირბილით მოგვყვებოდნენ ერთხანს და მერე ჩამორჩნენ. ჩემს ფიქრებს გავყევი, შემიყოლა ფიქრის ლაბირინთმა.

აკი გითხარით, მას შემდეგ, რაც გავეცალე ყველაფერს და საკუთარ გზას დავადექი, სამყარომ ერთგვარ თამაშში ჩამითრია, მინიშნებებს მაძლევს და მე მივყვები მათ. მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, დამეთმო ცხოვრების ორომტრიალი, ბუნდოვნად წარმომედგინა რას გავაკეთებდი, როგორ ვიცხოვრებდი და რა იქნებოდა. სამსახურს დავეთხოვე, ძველი ჩვევები მივაგდე და ერთბაშად სიცარიელეში აღმოვჩნდი. მხოლოდ იმას ვნატრობდი, მქონოდა ველი, თუნდაც მცირე, მაგრამ სამოქმედო, სადაც გავახარებდი ჩემს არსებობას, სადაც ნოყიერი ნიადაგი იქნებოდა ჩემი შიმშილის დასაკმაყოფილებლად. სამყარომ ყური მიგდო და ასე დაიწყო ჩემი თავგადასავლები. აი, დღესაც ეს უცნაური ადამიანი გავიცანი და საქმე იქამდე მივიდა, ვაზიარე კიდეც. ჯერ კიდევ არც ისე შორეულ წარსულში, როცა ტაძარში დავდიოდი, მე თავად ვეზიარებოდი, აღსარებას ვაბარებდი მღვდელს, ასე ვთქვათ, მრევლის რიგებში ვიყავი და აი, დღეს თავად ვეზიარე და სხვაც ვაზიარე. ვინ იფიქრებდა, რომ დასავლეთის მატარებელში გადამხდებოდა ეს უცნაური ამბავი და მღვდლობას შევითავსებდი, თუმცა რაღაც დროიდან აღარაფერი მიკვირს, მე ხომ სამყაროს თამაშს დავთანხმდი .ის კი უცნაურ მოსახვევებს მთავაზობდა და მაოცებდა გზების სიჭრელით. ახლა მგონია, რომ მორწმუნე არც არასოდეს ვიყავი, დავდიოდი ტაძარში როგორც ყველა, აღსარებას ვაბარებდი როგორც ყველა და ვეზიარებოდი სხვების მსგავსად. განა მაშინ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი? არა მგონია, ეხლა უკვე აღარ, დღეს ამ მატარებელში მივხვდი მხოლოდ რომ არა. ასე რომ არ იყოს, ხომ მშვენივრად მეცოდინებოდა, რომ არანაირი ქრისტიანი მე არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ, იმასაც მივხვდებოდი რომ არც სხვები იყვნენ ქრისტიანები. ჩვენი ქრისტე ხომ ეკლესიიდან გამოსვლისთანავე სრულდებოდა. არაფერი, რასაც ვამბობდით ან ვაკეთებდით, არ იყო ქრისტიანული, მაშინაც, თუ სიკეთეს ვჩადიოდით და ზნეობრივად გამართულად ვსაუბრობდით. ქალები არასოდეს ყოფილან ქრისტიანები ჩვენში, არასოდეს ჩაუთვლიათ, რომ ქრისტემ პირადად მათთვის გასწირა თავი, სულიერი გმირობის უმაღლესი საქმე ჩაიდინა მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთისგან მათი ხელის თხოვნა შეძლებოდა ჯილდოდ, განა ოდესმე ჩაუთვლიათ თავი პატარძლად, რომელიც ქრისტესთან მიყავთ ნიშნობაზე? თუმცა კი უამრავი ქალი სწორედ ამაზე ოცნებობს, ერთია, ზეციურ საქმროს იმედად მონაზვნებიც აღარ რჩებიან მონასტერში და სრულიად რეალურ და ხორცშესხმულ ქრისტეს მსახურებს უზიარებენ სარეცელს და გულს. იმას ვამბობდი, არასოდეს ვყოფილვართ ქრისტიანები, რადგან სიკეთის კეთება ან ზნეობრივად გამართული საუბარი არ ყოფილა ქრისტიანობა, ისევე როგორც სიავე და უზნეობა არ ყოფილა ანტიქრისტეობა. ადამიანი მხოლოდ თავის გულისწადილს მიჰყვება და ხან ასეა და ხან ისე, ჩვენ კი ყოველივე კარგს ქრისტიანობას ვარქმევთ. მაშინ რომ გეთქვათ ჩემთვის არ ხარ მორწმუნეო, გავბრაზდებოდი და დუჟმორეული ვეცდებოდი თქვენს გადარწმუნებას, დღეს კი, როცა სამყარომ თავად მიბოძა მღვდლის როლი, სადაც აღსარებაც ჩავიბარე და ვაზიარე, დღეს აღარ ვფიქრობ, რომ ის ადამიანი, ვინც ტაძრის კარს ტკეპნიდა, მორწმუნე იყო. მხოლოდ დღეს გავიგე, რომ ცოდნა და მხოლოდ ცოდნა გვაქცევს ქრისტეს მოწმეებად, ისიც მაშინ, როცა ეს ცოდნა მოდის თავად, თხოვნის გარეშე, როგორც გამოცხადება. და ეს ყოველივე თამაშის გამოისობით მოხდა, მხოლოდ თამაშში გახდა სიმართლე ნათელი და მხოლოდ თამაშით გამეორებულმა დამანახა, რაოდენ ბეცი ვიყავი. ახლა მგონია, რომ ვიდრე არ დატოვებ ეკლესიას და არ მიატოვებ მის კედლებს, ვერც ვერასოდეს გახდები ქრისტიანი და ვერც ირწმუნებ ვერაფერს, თუნდაც დედა ტერეზა იყო ცხოვრების წესით. ესაა საიდუმლო, რომელსაც სამყარო გიხსნის და რომელიც შესაძლოა მხოლოდ განიცადო. იქნებ რისი გათამაშებაც არ შეიძლება, იმის გაგება არც გვიწერია და რასაც ვერ ითამაშებ, იქ ფანატიზმიც ახლოა. ფანატიზმი, რომელიც ყველაზე კარგად სწორედ ჩვენს უცოდინრობას და ურწმუნოებას მალავს. განა ცოდნა არაა ის მალამო, რომელიც წინააღმდეგობებისგან გვკურნავს, ერთგვაროვან ბუნებას გვაძლევს და სიმშვიდე მოაქვს. განა ვნებებით დაღლილი ადამიანი შეძლებს თქვას რომ ღმერთთან ახლოსაა? დიდად ვაფასებ ახლა ამ თამაშს, რომელიც სამყაროს საჩუქარია, თამაშზე გადის ადამიანური ცოდნის გზა და თამაშით ცხადდება საიდუმლო. ერთხელ გვეძლევა ყოველივე, როგორც რეალობა, რომელსაც თავად ქმნის ადამიანი და მეორედ გვეძლევა როგორც თამაში, სადაც გაცხადდება ცოდნა იმისა, რაც დაფარული იყო თვალთაგან. ასე ასატანი ხდება ადამიანური სისუსტეების გაგება, მათი ტკივილის გაზიარება და თანაგრძნობა, ასე ხელი თავად მიიწევს ღვინისკენ, განსჯის გარეშე აზიარებს ჭეშმარიტებას და თავადაც ეზიარება. მღვდლობის საიდუმლოც ესაა, გამოცხადება სამყაროსგან, ფაქტის წინაშე დაყენება, გარდუვალობა. როცა სიკეთის ქმნა არ გვიბიძგებს მეორე ხელით სიავე ვქმნათ, როცა ღვთისმოსავი სიტყვების წარმოთქმისას შინაგანი ცინიზმი დადუმებულია და იქედნურად არ შემოგვცინის სახეში. ქრისტიანობის ცოდნა მხოლოდ გამოცხადებით გვეძლევა, მანამდე არ გვეთქმის, რომ რწმენა გვაქვს. გამოცხადებას კი სამყარო გვთავაზობს. იქნებ ამიტომაც დადუმებულან ისინი, ვისაც უგრძნია და ვისაც გამოცხადება ჰქონია მათ წინაშე, ვინც უსასრულო რიტუალებში ეძიებს რწმენას და ქვის ტაძრებით საზღვრავს უფალს. ნუ გაგიკვირდებათ, როცა ვმგზავრობ, განწყობილი ვარ განსჯისკენ, ვცდილობ ამოვხსნა იდუმალი აზრი, როცა მგზავრი ვარ ყველაზე ახლოს მაშინ ვარ სამყაროსთან. როცა მგზავრი ვარ, არც კი ვიცი დასრულდება თუ არა ეს მგზავრობა, სევდამოცული თავს ღმერთად წარმოიდგენ, რომელმაც ეს-ესაა ყოველივე შექმნა და ჩამოჯდა დასასვენებლად. მგზავრი მეფეა საკუთარი თავის და მესმის, ძველად რატომ არ ევალებოდა მგზავრს მარხვა, თუ ის გზაში მოუსწრებდა, ან დღესასწაულების აღნიშვნა. გზაში ბევრად მეტს იგებ, მოწყვეტილი ყველაფერ ჩვეულს, თითქოს ნაბიჯი გადადგი უსასრულობაში. ჩემს თანამგზავრს შევხედე, ფანჯრიდან მთებს გაჰყურებდა და ღრმად ჩაფიქრებულიყო. რა შეიძინა მან ამ მგზავრობით და რა სევდას მოუცავს მისი გული, ვფიქრობდი ჩემთვის, მასაც აეხილა ჩემსავით თვალი და დაინახა რაიმე, რაც აქამდე არ იცოდა? მანაც გამოიჭირა საკუთარი თავი და ახლა ამაზე დარდობს? მეზობელ მაგიდასთან ჩურჩულით საუბრობდნენ, ჩია კაცს კი ჩასძინებოდა.

– იცით, ჩემი ცოლი არ იყო სილამაზით გამორჩეული ქალი და მე არასოდეს მითქვამს მისთვის რომ ლამაზია, არასოდეს შემისხამს ხოტბა მისთვის, არც შემიქია, თუმცა ის ამას ათასგზის იმსახურებდა. რა უცნაურია, მხოლოდ ახლა მაოცებს ის, რომ მწერალმა კაცმა არასოდეს დავუშვი, რომ სატრფო მყოლოდა და ცოლის სილამაზე დამენახა. იქნებ ეს სწყინდა კიდეც მას, იქნებ სწორედ ამიტომ დაუსვა ყველაფერს წერტილი, რადგან უნიათო გამოვდექი? იქნებ ყველაფერი სწორედ ასეა და არა სხვანაირად. – ჩემი თანამგზავრი ამას თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა, კვლავ ფანჯარაში იყურებოდა და ასე საუბრობდა.

– ყურადღება, გაუთვალისწინებელი ტექნიკური მიზეზების გამო, მატარებელი ვერ განაგრძობს გზას, შევჩერდებით ოზურგეთში დილამდე, ვიდრე არ ჩატარდება აუცილებელი სამუშაოები. ყველას გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას! – გამცილებელი ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდებოდა და მონოტონურად იმეორებდა ტექსტს. ყველა შეფხიზლდა, ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა, მოგუდულად ისმოდა აღშფოთებული ხმები.

ახლა რა ვქნა, რა გზას დავადგე, გავიფიქრე ჩემთვის და თვალი მოვავლე დაბნეულ სახეებს. ჩანს მათაც ვერ გაერკვიათ რა სჯობდა.

– რას აპირებთ? – მკითხა მწერალმა და ისე რომ პასუხსაც არ დალოდებია, გააგრძელა. – ჩავალ და იქნებ სამარშრუტო ტაქსს გავყვე, ეჰ, ასე რომ მცოდნოდა, თავიდანვე სამარშრუტოს გამოვყვებოდი. ახლა ორმაგი დამიჯდება ბათუმში ჩასვლა.

ჩემს წინ კაცები აიშალნენ, ოზურგეთში მიმავალი სხვა მგზავრებივით.

– წამოდით, წამოდით, თუ მოიფიქრებთ, ჩემს ნათესავს დიდი სახლი აქვს და ოთახებსაც აქირავებს. – შემომთავაზა ხმელმა კაცმა. ამაღამ დარჩით და დილით გააგრძელებთ გზას.

რომელი გზაა კარგი და რომელი ცუდი? რა იცის ადამიანმა სად რა ელოდება და როგორ განსაზღვროს მართებულია თუ არა გაუყვე რომელიმეს? ან კი ბოლომდე გზის გამვლელმა იცის კი რა მისცა გზამ, რა მოუტანა, ან რა წაართვა? ბრმად მივყვებით ჩვენ ამ ბილიკებს და შეფასებაც არ შეგვიძლია. როგორც არ შეგვიძლია შევაფასოთ რაღაც გენიალური, ძალზე დიდი, ასე არ შეგვიძლია ვიცოდეთ, გზა დიადია თუ არა. რა მიდის ჩემი? გამოგვყევიო მთხოვეს ერთ გზაზე და მეც ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი.

ასე აღმოვჩნდი ციტრუსებში ჩაფლულ ეზოში, სადაც მართლაც დიდი ზომის სახლი იდგა. დიასახლისი პატარა, სავსე ტანის და მხიარული გამომეტყველების ქალი გამოგვეგება ჭიშკართან და შინ შეგიპატიჟა. ჩანდა, მისთვის ჩვეული ამბავი იყო სტუმრების მიღება. ქალი რაღაცას ამბობდა, მე კი თვალი გავუშტერე მის წითლად შეღებილ თმას და ამ წითელ ფონზე ფიქრებმა უკან, მატარებლის ბაქანზე წამიღო, სადაც ჩემს მწერალს გამოვემშვიდობე. ერთხანს ჩუმად ვიდექით, მერე მითხრა, წავალ აბა მეო და ჯიბეებში ხელჩაწყობილი გაუყვა ბაქანს. მე მის ზურგს ვუყურებდი. ერთხელ შემოტრიალდა, ხელი ამიწია და ისევ განაგრძო გზა. ცოტა ავღელდი, უკვე რაღაცნაირად ახლობელიც იყო ჩემთვის და ასე გაუჩინარდა. ალბათ ვეღარც შევხვდებოდი. სევდა მომეძალა. ქალის ხმამ გამომაფხიზლა.

– წამობრძანდით, თქვენს ოთახს გიჩვენებთ, – მიღიმოდა თავწითელა, – ახლა სეზონი არ არის და არც სტუმრები არიან, მაგრამ ოთახი მზადაა, მხოლოდ თეთრეულს გამოგიცვლით, – მიხსნიდა ქალი. მორჩილად გავყევი, დერეფნული სისტემის სახლი იყო, უფრო დაწესებულებას ჰგავდა, ვიდრე სახლს. დერეფნის ბოლო ოთახში შემიძღვა, რომელშიც ორი საწოლი იდგა და ერთი მაგიდა სკამით, კედელთან თაროები მიედგათ, როგორც ჩანს, ტანსაცმლისთვის. ფანჯარა შიდა ეზოში გადიოდა, ციტრუსების ბაღში. სასიამოვნო გარემო იყო და ძალიანაც მომეწონა. – სადილი შედის ამ თანხაში, – ამიხსნა დიასახლისმა, – ახლა სუფრას გავშლი და ჩამობრძანდით პირველ სართულზე. სიხარულით დავთანხმდი, რადგან დილიდან ლუკმა არ ჩამედო პირში და გვარიანადაც მშიოდა. ჩემი ზურგჩანთა სკამზე ჩამოვდე, ამ ზურჩანთით მხოლოდ აუცილებელი ნივთები დამქონდა – ერთი ხელი ტანსაცმელი, ასევე პატარა ბლოკნოტი, რომელშიც დროდადრო ჩანაწერებს ვაკეთებდი. შხაპი მივიღე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და დერეფანში გამოვედი. დერეფანი არც ისე განათებული იყო, იატაკზე გრძელი ხალიჩა ეფინა და ნაბიჯების ხმა არ ისმოდა. შეიძლება ამიტომაც ვერ დამინახა ჩვენმა თანამგზავრმა, რომელიც ზურგით იდგა და ძველებური ღუმლის ღრიჭოში რაღაცას უჩხიკინებდა. ყურადღება არ მივაქციე და ქვემოთ ჩავედი. სუფრა უკვე გაშლილი იყო, მაგიდაზე ორი თევზი და ხუთი პური იდო. ჩანდა, სხვები არ აპირებდენენ ჭამას, იქვე ბუხართან დივანზე ისხდნენ და გაცხოველებულად საუბრობდნენ. მაგიდასთან დიასახლისმა მიმიპატიჟა. ამასობაში ჩაფსკვნილიც ჩამოვიდა და შეუერთდა მათ.

– დამეფიცება რომ ბანკიდან ისე ავიღე ფული, საუკეთესო მეგობარი ჩავაგდე გასაჭირში, – წაიტირა დიასახლისმა, რომელსაც ნანული რქმევია. – მისი მიწა ჩავდეთ, ჩვენ ჩასადებიც არაფერი გვქონდა, ვერაფრით გადავიხდით ახლა მაგ პროცენტს ჩვენ და დაკარგულია, მაგრამ პატიოსანი ხალხი ვართ და რო გვითხრა კოლიამ მჭირდებაო, კი დაგახვედრეთ.

ჩაფსკვნილი უსიამოვნოდ შეიშმუშნა, თითქოს არ მოეწონა ნანულის ნათქვამი და აროხროხდა.

– კაცი თუ პატიოსნებას დაივიწყებ, კაპიკია შენი ფასი. ვალს გასტუმრება უნდა, ღირსეულ ხალხთან და ნამდვილ ვაჟკაცებთან არ უნდა შეირცხვინო პირი, ესაა ჩვენი ქართველობა, მეტი რაა. სულ არ მიკვირს ეგ მე. აგერ მე თვითონ რომ დამჭირდა ჩემი შვილის ქორწილისთვის ფული, ვალი არც ამიღია, ჩემი სართულის ქვეშ ნახევრადსარდაფი მქონდა, ებრაელი ოჯახი ცხოვრობდა, დედა, მამა და შვილი. ერთი ჩია, გაწუწნული კაცი იყო ის ებრაელი, ფოტოგრაფი, ცოლიც თავისი სწორფერი ჰყავდა, ჰოდა, ისრაელში მიდიოდნენ სამუდამოდ, ისე მოვაკვარახჭინე საქმე, 3000 დოლარში გავისტუმრე და მერე გავყიდე 20 000 დოლარად და მეფური ქორწილი, “პაეზდკა” საფრანგეთში, ყველაფერი კაცურად გავაკეთე. იმათთვის ისიც ბევრი იყო, „ატსტუპნოი“ ხო იცით, აი, ეგრე ჰქონდათ ეგ ბინა და მეც ვივაჟკაცე. კაცმა არ უნდა შეირცხვინო თავი. უმაღლესი ქორწილი იყო, მთელი თბილისი იმაზე ლაპარაკობდა, გოგიმ შვილი ისე დააოჯახა, ინგლისის დედოფალს შეშურდებოდაო. ასეა ძმაო, თუ გინდა კაცი გერქვას, უნდა შეიწუხო თავი, აბა როგორ გინდა.

– გაიხარე გოგი, კაცური კაცი ხარ და გეკუთვნის ყველაფერი კაი, აგერ ნანული გეტყვის, როგორ ვნერვიულობდი შენს ვალზე და ქე მოკვარახჭინდა ამფერად ეს საქმე.

– ჩვენ მართლმადიდებლები, რჩეული ხალხი ვართ, ქართველებს ღმერთი გადმოგვხედავს და გაგვამარჯვებინებს. – პირჯვარი გადაიწერა ჩიამ და იდუმალი მზერა მოავლო მსმენელებს.

მე ნელა ვჭამდი და ვუსმენდი მათ საუბარს, სახეებს, მიმიკას ვაკვირდებოდი და ისევ ვიგრძენი, რა შორს წავსულვარ ადამიანების ყოველდღიურობისგან, როგორ მეუცხოვა ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობდნენ. ცოტა მომბეზრდა კიდეც გახსენება რა სამყაროდან მოვდიოდი და ავუჩქარე ჭამას, რათა დროზე ავსულიყავი ჩემს ოთახში და დამესვენა. ღამე ახლოვდებოდა და გამოძინებაზეც არ ვიტყოდი უარს, რაც არ უნდა იყოს, დღეს საკმარისზე მეტად დამღალა ემოციებმა, უნდა დამელაგებინა დღის ბოლოს თავში ამდენი სიახლე. მადლობა გადავუხადე ნაჩქარევად დიასახლისს და ოთახში ავედი. ლოგინზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე, მინდოდა დღევანდელი დღე გამერბინა კვლავ ფიქრებით. თუმცა ისეთი დაღლილი ვიყავი, მაშინვე თავი მომტაცა ჰიპნოსმა. ზმანება მეწვია ძილში. დიდ დარბაზში ვიყავით მე, ჩემი ნაცნობი მწერალი, ჩემი თანამგზავრები და ნანული. დარბაზი სავსე იყო ხალხით, დარბაზის ცენტრში მდგარ როიალზე ლამაზი ქალი უკრავდა, ყველა მას ვუსმენდით. იღვრებოდა ულამაზესი ჰანგები, მაგრამ რატომღაც ყველა უსიამოვნო სახით იყურებოდა. მწერალი მომიბრუნდა და მეუბნება, ეს ჩემი ცოლია, ნახეთ რა საშინლად უკრავს, მეშინია ხალხმა არ იხუვლოს და არ გადაჯეგონ. ძლიერ გამიკვირდა მისი სიტყვები, რადგან მე ჩამესმოდა ღვთაებრივი მუსიკა, რომელიც სულს მიფორიაქებდა. ჩანს, დამსწრეები სულაც არ ფიქრობდნენ ასე. უცებ ნანულიმ დაჰკივლა, ჩვენებური დაუკარი რამე, ჩვენებური, რას აბრახუნებ, არ იცი რამე ქართული, დალოცვილიო. მას სხვები აჰყვნენ. ჩაფსკვნილი ყვიროდა, რისთვის მოგვიყვანეთ აქ, ამხელა კაცს სხვა საქმე არ მქონდა გგონიათ, ამის ბრახუნისთვის რომ არ მოგეცდინეთ? ჩია პირჯვარს სწერდა ქალს და შეშინებული სახით იმეორებდა, ფუი ეშმაკს, უფალო გვიხსენი განსაცდელისგანო, მერე მოტრიალდა და დარბაზს მიმართა ხელაპყრობილმა, რა ხდება ქართველებო, რას მოვესწარით ჩვენს წილხვედრ მიწაზე, ამის დაშვება არ შეიძლებაო. მას მხარს უბამდნენ სხვები და დარბაზი ივსებოდა უკმაყოფილო გუგუნით – ესაა ჩვენი მამაპაპის შეურაცხყოფა, ჩვენი წმინდა საგალობლებისა და მრავალხმიანობის გაბიაბურება, არ დავუშვათ ქართლის აბუჩად აგდება და წინაპრების გმობაო. ქალი კი უკრავდა, სულ უფრო გატაცებით, მეტი ვნებით და მუსიკა ავსებდა ყველაფერს. მეშინოდა, რომ იხუვლებდნენ და ქალს გადაუვლიდნენ, მაგრამ ადგილიდან არავინ იძვროდა, მხოლოდ გუგუნი ისმოდა მუსიკის ფონზე. შეშინებული წამოვხტი, ოთახის კარზე ვიღაც გამეტებით აბრახუნებდა. უცბად ჩავიცვი და გასაღები გადავატრიალე. ჩემს წინ ორი პოლიციელი იდგა და გაკვირვებით მიყურებდნენ. აქ რას აკეთებთ მოქალაქე? ცოტა დავიბენი, მე მეძინა, რაშია საქმე? სადაა ქალბატონი ნანული, თქვენ არაფერი გაგიგიათ, შემეკითხა ერთ-ერთი. რა უნდა გამეგო, კიდევ უფრო დავიბენი. ქალბატონი ნანული და მისი სტუმრები ნახევარი საათის წინ გამოასალმეს ბანდიტებმა სიცოცხლეს. როგორ გამოასალმეს, სულ უფრო გაკვირვებულმა ვიკითხე, სად, როდის, მე არაფერი ვიცი, მეძინა. ჩამობრძანდით ქვემოთ, თქვენთან კითხვები გვაქვს, შემომთავაზა ერთმა მათგანმა. რა თქმა უნდა, ახლავე. საათს დავხედე, ჯერ მხოლოდ ღამის პირველი იყო. გონებაში ვერ ვალაგებდი პოლიციელის ნათქვამს. სულ რამდენიმე საათის წინ ისინი გაცხარებულ საუბარში დავტოვე პირველ სართულზე, ავ ხუმრობად მომეჩვენა პოლიციელის ნათქვამი. ამის მიუხედავად ჩავიცვი ფეხზე და ჩავედი ქვემოთ. იმ ოთახში არ შემიშვეს, სადაც გუშინ ვივახშმე, პოლიციელებს ლენტით ჰქონდათ გადაკეტილი, მხოლოდ ანაზდად მოვკარი თვალი ბრეზენტგადაფარებულ საგნებს იატაკზე, სავარაუდოდ, გვამებს. ნუთუ ეს შესაძლებელია, გავიფიქრე, ნუთუ ასე ღრმად მეძინა, რომ არაფერი გამიგია. მერე უცებ მივხვდი, რა შემთხვევით გადავურჩი იმავე ხვედრს და გამაჟრიალა. უკვე ნაცნობმა პოლიციელმა გვერდით ოთახში გამიხმო და დაწვრილებით მომაყოლა როგორ და რა ვითარებაში აღმოვჩნდი აქ, კიდევ ბევრი კითხვა დამისვა იმ ადამიანებზე, ვისაც არც კი ვიცნობდი ხეირიანად. ის გულდასმით იწერდა ყველაფერს. მეორე პოლიციელმა საიდანღაც მაგარი ყავა მოგვიტანა, ეს არ იყო ურიგო, რადგან შოკიდან გამოსვლაში დამეხმარა. პოლიციელის სიტყვებიდან გავიგე ის, რაც მეზობლების ჩვენებიდან გაუგიათ, ბოროტმოქმედებმა სავარაუდოდ იცოდნენ, რომ ქალს სახლში დიდი თანხა უნდა ჰქონოდა, რომ პირველი სართული მთლიანად ანგრეული იყო, თავდამსხმელები აშკარად ფულს ეძებდნენ, მაგრამ სირენის მოახლოებულ ხმაზე გაიქცნენ. დილის ხუთი საათისთვის უკვე სრულიად ფხიზელი და დამშვიდებული შევიქენი. იღბალს ვმადლობდი გადარჩენისთვის და იმას ვფიქრობდი, როგორ გავცლოდი აქაურობას რაც შეიძლება მალე, დილის ათზე მატარებელი კვლავ გავიდოდა. შევეცადე პოლიციელისთვის ამეხსნა ჩემი ვითარება. მან მისამართი ჩაიწერა და მითხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისევ გამომიძახებდნენ.

კვლავ ჩემს ოთახში ავედი, საწოლზე ჩამოვჯექი და ვცდილობდი თავს გადამხდარი ამბები დამელაგებინა. ისეთი ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები, გააზრებაც ვერ მოვასწარი. უცებ რაღაც გამახსენდა, წამოვხტი და დერეფანში გავედი. ძველ ღუმელთან მივედი და მის ღრიჭოში ხელის ფათური დავიწყე. რაღაც იყო იქ. ფეხის წვერებზე ავიწიე და შემრჩა პარკში გახვეული ნივთი. წვალებით გამოვაძვრინე და კვლავ ოთახში დავბრუნდი. პარკი გავხსენი და ხელში ფულის დასტა შემრჩა. საკმაოდ მოზრდილი დასტა ჩანდა, კვლავ პარკში ჩავდე, როგორც იყო, და ზურგჩანთაში ჩავიდე. მერე ავკრიფე ჩემი ნივთები და ქვემოთ ჩამოვედი, პოლიციელებს დავემშვიდობე, მათ თავის მხრივ შემახსენეს რომ გამომიძახებდნენ თუ დასჭირდებოდათ და ჩემს გზაზე მშვიდობით გამიშვეს. სადგურს ერთ საათში მივაღწიე, ვინაიდან ფეხით გავლა მოვინდომე. ჩემი მატარებელი კვლავ ლიანდაგზე იდგა და მგზავრებს ელოდებოდა. რამდენიმე საათი კიდევ მქონდა და გადავწყვიტე სადმე მესაუზმა. ქალაქის ცენტრისკენ წავედი, გზად ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. შეძრწუნებული ვიყავი მომხდარით და ჩემი ნაცნობი მწერლის სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში: “ჩვენ ყველა ვალში ვართ დიდ მწერალთან, მან დაგვიმონა და ის წყვეტს, ვის რა ბედი გვაქვს”. იქნებ მართალია, იქნებ მართლაც დიადი ხალხი საზღვრავს ადამიანის ცხოვრებას, მათი შექმნილი ნააზრევი ხომ არ იკარგება უკვალოდ. მერე რა, თუ თითქმის არავინ კითხულობს ამ სქელტანიან ნაწარმოებს, ხმა, რომელიც გაისმა, არასოდეს იკარგება უკვალოდ, მას სამყარო ინახავს და ამ ნააზრევით გვასამართლებს. სიტყვა პირუთვნელი მოსამართლეა, ზოგს წყალობად ევლინება, ზოგს ჯალათად, ზოგს კი წვრთნის. მისტიკაა თითქმის, მაგრამ წუხანდელი ამბის შემდეგ, მზად ვარ ყოველივე დავიჯერო. ცენტრში კაფე ვიპოვე და შევედი გემრიელი საუზმის იმედით. მენიუ მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და სასურველი შეკვეთა მივეცი ლოყებღაჟღაჟა მიმტანს. ზურგჩანთიდან პარკი ამოვაძვრინე და ფულის გადათვლას შევუდექი, რვა ათასი ამერიკული დოლარი იდო. გავიფიქრე, ეს ალბათ სწორედ ის ვალია, რომელიც ჩემს თანამგზავრს გაუსტუმრეს, და ალბათ მანვე დამალა ღუმელის ღრიჭოში-მეთქი. სათუთად გადავთვალე მეათედი და რვაასი დოლარი ქურთუკის ჯიბეში ჩავიდე, დანარჩენი ისევ გადავახვიე პარკში და ზურგჩანთას დავუბრუნე. ეს ჩემი წილია, წილი, რომელიც ჩემმა მოგზაურობამ მომიტანა. კარგად დანაყრებული გამოვედი კაფედან და გზას დავადექი. პატარ-პატარა მაღაზიების რიგს მივუყვებოდი და კვლავ იმაზე ვფიქრობდი, რა დიდი ცდუნებაა, ეძიო საზრისი ყველა მოვლენაში. არავინაა თანახმა უსაზრისო იყოს მისი ცხოვრება და მოვლენები, არავის სურს ბრმა შემთხვევითობა განაგებდეს მას და მის ბედს. საზრისით ბევრად ღირსეულად გამოიყურება სიცოცხლეცა და სიკვდილიც და ჩვენ მზად ვართ, საზრისის ძიებაში ხავსსაც მოვეჭიდოთ. საინტერესოა, რა მანაღვლებს მე იმ ხალხის სიკვდილში, რატომ ვეძიებ საზრისს მათ ტრაგიკულ ბედში. ამას ალბათ კაცობრიობის სახელით ჩავდივარ. უნებურად გამეღიმა. ქუჩის ბოლოში პატარა წიგნების მაღაზია დავლანდე. მაღაზიის წინ პატარა მაგიდა გამოეტანათ, მაგიდაზე მცირე ზომის ყუთი იდგა, რომელსაც წარწერა ამშვენებდა, “ახალგაზრდა ლიტერატორთა ფონდი”. შესაწირი ყუთი იყო. გოგონა ღიმილით გვიხმობდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა. ნაბიჯს მოვუმატე და მაგიდას გავუსწორდი, მერე ზურგჩანთიდან სათუთად გახვეული პარკი ამოვიღე და ყუთში ჩავაგდე. გოგონამ ღიმილით მადლობა გადამიხადა და ერთი წიგნი აიღო, ეს თქვენ საჩუქრადო, შემომცინა. წიგნს დავხედე, ბედის ირონიაა ალბათ, ხელში შემრჩა ჩვენი გენიოსის ნაწარმოები. გულიანად გამეცინა, ისე რომ პატარა გოგონა დაიბნა. არ ელოდა, თუ ასე გამიხარდებოდა მისი საჩუქარი. დიდი მწერალია, ვუთხარი დაბნეულობის განსაქარვებლად და დავემშვიდობე. რას იტყოდა ნეტავ ახლა აქ რომ იყოს ჩემი მწერალი, რა აზრს ჩააქსოვდა ამ შემთხვევითობას? გზას გავუყევი, ნახევარ საათში დასავლეთის მატარებელი გადიოდა, უნდა მეჩქარა. ამისთვის კი პატარა სკვერი უნდა გადამეკვეთა. სადგურზე უკვე აქოშინებულმა მივირბინე, ის იყო მატარებელში ასვლა დავაპირე, რომ ათიოდე წლის გოგონა მგზავრებთან მოვიდა და სიმღერით წამოიწყო, ბიძიებო, დეიდებო, დამეხმარეეეეთ. გოგონას წიგნი მივაწოდე, გამომართვი, გამოგადგება, თითქმის ვუყვირე და მატარებელში ავედი. ბავშვი გაოცებული იდგა ბაქანზე და გულმოდგინეთ ცხვირს იჩიჩქნიდა, თან წიგნს დაჰყურებდა ისე, თითქოს პირველად ენახოს მსგავსი საგანი.

მატარებელი ორ წუთში დასვლეთისკენ დაიძრებოდა.

© არილი

Facebook Comments Box