კრიტიკა

ნინო ტეფნაძე – მჭადიანი ბიჭის ამბავი

რა ვქნა, აკაკიზე რამეს რომ ამბობენ, მე არც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მახსენდება და არც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პირველ რიგში ,,ცხელმჭადიანი ბიჭი” ტივტივდება გონებაში ,,ჩემი თავგადასავალიდან”, მერე _ შეძახილი: ბაში-აჩუკი! და ბოლოს _ ძეგლი პირველი გიმნაზიის წინ (თუ გახსოვთ, ხელჯოხი რომელს უჭირავს, ილიას თუ აკაკის?). თუმცა, საქმე არც ეგრეა მთლად. მამაჩემისთვის აკაკი სულ სხვა ადამიანია: კაცური კაცი, მექალთანე, ხანდახან უხამსადაც რომ ხუმრობს და ბანქოს თამაშიც რომ უყვარს.. ვიღაცებისთვის _ იგი ,,სულიკოს” ავტორია, ვიღაცებისთვის _ ილიას დამატება..
ამას წინათ აკაკის მიერ დაწერილ ,,ინტერნაციონალს” გადავაწყდი ინტერნეტში და გამეღიმა, რა კარგად ახერხებენ ხოლმე ქართულის მასწავლებლები ყველაზე არსებითის დამალვას. ყველა, ვის ლექსებსა და მოთხრობებსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, იმდენად სპეტაკი, ურყევი პრინციპების მქონე და კეთილშობილი მეგონა, რომ უნებურად ვკომპლექსდებოდი ხოლმე. ვფიქრობდი, რომ ვინც შეცდომებს უშვებს, ვერასდროს გახდება ხალხისათვის მისაბაძი. მაგრამ ეგრეც არ ყოფილა. ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ აკაკის დაწერილი აქვს ლექსი, რომელიც იწყება ასე;
,,აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!”
და შეიცავს სიტყვებს:
,,სხვა სუყველა ტყუილია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება –
ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..”
როცა ადამიანს წმინდანად რაცხავენ, მის მიმართ ხალხის დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება. რატომღაც ეს ფაქტი (წმინდანობისა) იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მასთან შედარებით ყველაზე დიდი გმირობაც კი აზრს კარგავს. კარგად მახსოვს, როცა მეექვსე-მეშვიდე კლასში ილიას შესახებ რაღაც ჯგუფურ სამუშაოს ვაკეთებდით, განზრახ ვთქვი უარი, პროექტისათვის ,,ილია მართალი” დამერქმია. მინდოდა, პროექტი მის სასულიერო ცხოვრებაზე კი არა, საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე ყოფილიყო. ხოდა, ძალიანაც მივქარე. მაინც იმ ნამუშევარმა გაიმარჯვა, რომელსაც ,,ილია მართალი” ერქვა და რატომღაც მის პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეხებოდა. აკაკის შემთხვევაშიც ეგრე მოხდება, თუ წმინდანად შერაცხავენ, უმნიშვნელო გახდება მისი ხუმრობებიცა და საზოგადოებრივი მოღვაწეობაც. აკაკის ლექსების შესწავლისას ყველგან რელიგიურ სიმბოლიკას დაუწყებენ ძებნას. ჩვენ კი მასზე ცოტაოდენი კრძალვით მოგვიწევს საუბარი, გადაკრული სიტყვების გარეშე. რიდითა და მოწიწებით უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მასა და უბრალო ხალხს შორის ზღვარი წაშლილიყო. და რა თქმა უნდა, აღარავითარი ,,დერვიშები” და ,,სულიკოს” რემიქსები. ასეთ გამოხტომებს აუცილებლად უპასუხებენ მავანნი სიტყვებით: ეს ხომ წმიდა (!) აკაკია!
ნუთუ ქართველობა და მართლმადიდებლობა, ეროვნულობა და რელიგიურობა იმდენად გვერევა ერთმანეთში, რომ შეგვიძლია ყველა შევრაცხოთ წმინდანად, ვისაც კი ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში მცირე წვლილი მაინც შეუტანია? ხომ არ შეგვერაცხა წმინდანად ფიროსმანი (ხო, რაღა მაინცდამაინც მწერლები) ან კიდევ ფარნავაზი, მერე რა, რომ წარმართი იყო.. საკითხავი ისაა, ვის რაში სჭირდება ასეთი წამოწყებები? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ:
1. ეკლესიას ძალიან სურს ,,არამართლმადიდებელი” მსოფლიოსათვის იმის ჩვენება, რომ ჩვენს წმინდანთა დასს კვლავ ემატებიან წმინდანები.
2. იმავე ეკლესიას ძალიან უნდა რამის ,,მოხდენა”, რათა მუდმივად აქტუალური იყოს _ ზუსტად ისევე, როგორც პოლიტიკოსები აწყობენ ხოლმე მიტინგებს ხალხისთვის თავის შესახსენებლად.
ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივება სახიფათოა _ანუ სახიფათო ტენდენციას უყრის საფუძველს. გამოდის, საჭიროებამ რომ მოითხოვოს, ქართველები არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ არამართლმადიდებელს სახალხო გმირად, თუნდაც იგი ჩვენი სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში სახელმწიფო და რელიგიური ინტერესები იდენტური ცნებები გახდება, ქართველი და მართლმადიდებელი კი _ სინონიმები. შედეგად კი მივიღებთ ირანის ტიპის სახელმწიფოს, სადაც ყველა ეროვნული მოღვაწე ავტომატურად რელიგიურ მოღვაწედაც ჩაითვლება.
მოკლედ, აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვაზე საუბრის დაწყება ჩემთვის უსიამოვნო პრეცენდენტია.. თუმცა, ჯერ კიდევ დროა გადაწყვეტილების მიღებამდე. კანონიზაციის პრაქტიკა ასეთია: ადამიანის კანონიზაციამდე მისი საფლავი უნდა გაითხაროს და შემოწმდეს სხეულის გაუხრწნელობისა თუ მისი კეთილსურნელების დადგენის მიზნით. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა დაადგინოს გვამის კეთილსურნელება, იქნებ ამისთვის ცალკე შტატი არსებობს ჩვენს სამღვდელოებაში? კარგი იქნებოდა, თუ უბრალოდ ადამიანები (ე.წ.მრევლი) შეთანხმდებოდნენ კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც წარიმართებოდა კანონიზაცია, თორემ ისე გამოდის, რომ ოდესმე ყველა ცოცხალი მწერალი მიიღებს ,,საბას”, გარდაცვლილები კი _ შარავანდედს. იქნებ სჯობდეს, ჩვენი საზოგადო მოღვაწეებისათვის პატივის მიგების სხვა ფორმა მოგვეძებნა. დასაწყისისთვის კი, მათ შესახებ სიმართლე გვეღიარებინა და გაიდეალების ნაცვლად, მიგვეღო ისინი ისეთები, როგორებიც იყვნენ: ადამიანურები, მექალთანეები, ,,კარტოჟნიკები”…
პ.ს. ხელჯოხი კი, პირველი გიმნაზიის წინ ნამდვილად აკაკის უჭირავს.

© azrebi.ge

Facebook Comments Box