ესე

ნინო ფირცხალავა – ფრედერიკ ბეგბედერისეულ franglais-ში ჩაკარგული ერთი ქართული აფორიზმი

კულტურული სივრცე  franglais-სა და Denglisch-ს შორის

მიყვარს „franglais“, ანუ „ფრანგლისურიო“, წერს 2003 წელს ფრედერიკ ბეგბედერი. მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციაში, რომელსაც ამჟამად გვთავაზობს მეცნიერება, ჯერჯერობით ოფიციალურად არარსებული ენის, „ფრანგლისურისადმი“ სიყვარული გაცხადებულია რომანში, სადაც ავტორი ცდილობს წუთობრივი სიზუსტით გადმოსცეს ის საშინელება, რაც „მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს, 8:30-დან 10:29 საათამდე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენის 107-ე სართულზე“. მწერალი, ვინც თავის ტექსტს, მკითხველის დასაბნევად ან სულაც მისი პროვოცირების მიზნით ინგლისური სათაური, Windows on the World, შეურჩია, ცდილობს ეს ტრაგედია გაიაზროს ევროპის, კერძოდ კი, საფრანგეთისა და ამერიკის წინააღმდეგობრივ ურთიერთობათა ისტორიის ჭრილში. ამ ფონზე ევროპული და ამერიკული კულტურების ურთიერთჭიდილის მეტად საინტერესო ჩახლართულ, მრავალშრიან სურათს ვიღებთ, რომლის აღწერაც სავსეა ხან ფრანგულ-ევროპული კულტურული სნობიზმისთვის დამახასიათებელი ქედმაღლობითა და ელეგანტურობით, ხან გესლშეპარული ირონიით, ხან კი ულმობელი თვითირონიით. ამ ურთიერთდაპირისპირების არსი „ამერიკული იმპერიალიზმის“ განსაკუთრებული სახის „შემოქმედებითი შოვინიზმით“, „კულტურული იზოლაციონიზმით და დანარჩენი მსოფლიოს შემოქმედებითი მიღწევების მიმართ სრული იგნორირებით“, ერთი სტყვით, მისი „კულტურული ქსენოფობიით“ (xénophobie culturelle) გამოიხატება; შესაბამისად, ევროპელთა კულტურულ ამპარტავნებას ამერიკელების მხრიდან უახლეს ეპოქაში დაუპირისპირდა მანამდე უჩვეულო, გამომწვევად თვითკმარი და თვითკმაყოფილი პოზა, რაც ძირეულად ცვლის ევროპა-ამერიკის ურთიერთობის ტრადიციულ კულტურულ სტერეოტიპულ მოდელს, საუკუნეების მანძილზე რომ მკვიდრდებოდა და შედეგად, ევროპული კულტურის მიმართ მოწიწებით მომზირალი ამერიკელების „არასრულფასოვნების კომპლექსის“ (leur complexe d‘infériorité) საფუძველს ჰქმნიდა; ოღონდ ეს, ჯერ კიდევ უახლოესი წარსულის, „არასრულფასოვნების კომპლექსი (გუშინ შექმნილი ნუვორიშების სახელმწიფო, ორიგინალური ისტორიისა და კულტურის გარეშე) ძალიან მალე შეიცვალა უპირატესობის შეგრძნებით“. ნიშანდობლივია, რომ ორიგინალში „უპირატესობის შეგრძნება“ კიდევ უფრო მძაფრი გამონათქვამით, „უპირატესობის კომპლექსითაა“= complexe de supériorité, გამოხატული, რაც მშვენივრად აღწერს ერთი კატეგორიის კომპლექსების მეორე, საპირისპირო კომპლექსებით ჩანაცვლებას. ამის საპირწონედ, ბეგბედერის თქმით, ევროპის დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატებისადმი „დღესდღეობით ისეთივეა, როგორც საფრანგეთის პროვინციისა – პარიზის მიმართ; ეს არის ნაზავი აღფრთოვანებისა და გაუცხოების, მისდამი ლტოლვისა და იმავდროულად მისგან დისტანცირების სურვილის“. უკიდურეს თვითგანდიდებასა და თვითდაკნინებას, სიმპათიასა და ანტიპათიას შორის უმძაფრესი ინტენსივობით მერყევი ურთიერთგამომრიცხავ გრძნობათა ეს გადახლართულობა, იმ მძიმე ფონს ჰქმნის, რის გამოც არ ცხრება „ანტიამერიკელებისა“ და „ფრანკოფობების“ ერთმანეთზე გააფთრებული იერიშები და რის გამოც, „ატლანტის ოკეანის ორივე მხრიდან ხალხი ტელევიზიების საშუალებით ერთმანეთს ლაფს ასხამს“ .

საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ამ გამოცხადებულ თუ არგამოცხადებულ კულტურათა ომში მთავარ მამოძრავებელ იდეას „ანტიამერიკანიზაცია“ წარმოადგენს, რომლითაც, ავტორის თქმით, მისი „ერია შეპყრობილი“. რომანის დედანში საუბარია იმაზე, რასაც ბეგბედერი „l’antiaméricanisme hexagonal“-ს (ჰექსაგონალური ანტიამერიკანიზმი) უწოდებს. ჰექსაგონალური კი, გეოგრაფიულ რუკაზე საფრანგეთის ექვსკუთხა ფორმის გამოსახულების გამო, ფრანგულის სინონიმად გამოიყენება. სწორედ ამგვარი ფრანგულ-ჰექსაგონალური ანტიამერიკანიზმით გაბეზრებულმა ავტორმა წამოიწყო რომანის წერა, რათა საკუთარი პასუხი გაეცა ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კულტურულ-პოლიტიკურ გამოწვევაზე. ამ მიზნით დაადგა ის შორეულ გზას და შეეცადა იმ ტრადიციის გაგრძელებას, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ შატობრიანმა და ტოკვილმა ჩაუყარეს, რადგანაც „ამერიკაში მოგზაურობა ძველი ფრანგული ტრადიციაა“. საქმე ისაა, რომ ფრანგებს უყვართ „ამერიკული გიგანტიზმის ცინიკური აღფრთოვანებით ყურება“.

ფრანგულ-ამერიკული არცთუ მარტივი ურთიერთობები ბეგბედერისთვის „ძველი, ჩავლილი ისტორიაა“, რომლის ფარგლებში ფუნქციები ოდითგანვე მკაფიოდაა გადანაწილებული. ამიტომაც: „საფრანგეთი ამერიკის დედა ვერ იქნება (დედა ინგლისია), მაგრამ ნათლიობაზე შეუძლია“ პრეტენზია განაცხადოს.

რომანისათვის ინგლისური სათაურის შერჩევის დასაბუთება ორი უკიდურესი პოლუსის ფარგლებშია მოქცეული. ერთ კიდეზე ნიმუშად უოლტ უიტმენის ლექსი, „Salut au monde!“ აღმოჩნდება, რომლის სახელწოდება, ამერიკული პოეზიის რეფორმატორის ცნობილი კრებულის, „ბალახის ფოთლები“ (Leaves of Grass), დედნის ტექსტშიც ფრანგულადაა მოცემული; ვინაიდან, როგორც ბეგბედერი იტყოდა დანანებით: „მოგეხსენებათ, მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკელი პოეტები ფრანგულად ლაპარაკობდნენ“-ო. სინანულის მომგვრელიც სწორედ ისაა, რომ ფრანგული ენის გარდასული სიდიადის დრო კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. ამიტომაც მოექცევა მეორე საპირისპირო კიდეზე ფრანგულენოვანი მომღერლის, პატრიკ ჟუვეს, ჰიტპარადების სიაში არაერთხელ მოხვედრილი, „I love America“, რომლის სათაური ორიგინალშიც ინგლისურადაა. ოდესღაც (გასული საუკუნის 70-იანების მიწურულს) მეტად პოპულარული, მოგვიანებით წარუმატებლობით გაწბილებული, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიაში ჩაძირული მუსიკოსის, ვისი პოპულარობაც ამჟამად საფრანგეთის პროვინციული ტურნეების მასშტაბს ვეღარ სცილდება, „საყვარელ ფრანგ მოაზროვნედ“ გამოცხადება, ბეგბედერისეული თვითირონიის ნიმუშს წარმოადგენს. ამავდროულად, ესაა ნაღვლიანი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს XIX საუკუნეში უიტმენის რანგის ამერიკელი მწერალი ფრანგულს თავისი შედევრის სახელდებისთვის, მაშინ როდესაც, XX საუკუნის საფრანგეთი ამ მოვლენას პატრიკ ჟუვეს დონის მომღერლის „I love America“-ს უპირისპირებს.

ამ სევდანარევი, თან ღიმილის მომგვრელი ისტორიის გაგრძელებას უახლეს ეპოქაში კიდევ უფრო ტრაგიკომიკური ელფერი დაჰკრავს და იმ ფრანგულ-ინგლისურ ნაზავშია ხორცშესხმული, რომლის თანახმად მაგალითად, „მიწის თხილის ჭამა it’s a really strong feeling“ (Manger des cacahuètes, it’s a really strong feeling) ანდა „მე არ ვარ Body-დან ძალიან free. Yes, – ვეუბნები life-ს, kiff-ობ night-ზე, feeling-ებში ვცურავ“. სწორედ „ფრანგლისური“ წარმოადგენს ამ ტრაგიკომიზმის ჟღერადობის აღსაქმელად საუკეთესო ენობრივ გარემოს, რომელიც ბეგბედერთან ირონიანარევი ჰიპერტროფირებული ენთუზიაზმით „მომავლის ენად“ და „ახალი ბაბილონის ენა“-დ ცხადდება.

„ფრანგლისურის“, ამ სამერმისოდ შესაქმნელი „მსოფლიო ენის“ რთული ნაერთის არსი იმ უჩვეულო ლინგვისტურ მოვლენაში იჩენს თავს, რასაც შედეგად „SMS-ები (A12C4), „სმაილიკები“, ორთოგრაფიული შეცდომები, სიტყვების დამახინჯება და შემოტრიალება“ მოსდევს. საბოლოოდ კი „ეს ყველფერი ახალი ათასწლეულის სამეტყველო ენას შექმნის, anyway, whatever“ . ფრანგულისა და ინგლისურის შერწყმის შედეგად მიღებული მომავლისთვის გამიზნული ახალი მსოფლიო ენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ბაბილონის ენად ქცეული, „ღმერთის ნებას არ დაემორჩილება“. ამავდროულად ერთ ენაზე ამეტყველებული მსოფლიოს ხატი, მომავალში მოსახდენი წარსულის იმ მეხსიერების გაცოცხლებასაც მოასწავებს, როცა უხსოვარ დროს, ღვთის მიერ სასჯელად მოვლენილ ენების აღრევამდე, ყველა ხალხი ერთ ენაზე ლაპარაკობდა. შესაბამისად, „ფრანგლისური“ მომავალში წარსული ერთენოვანების მეხსიერების აღდგენის ტოლფასი ხდება. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ „ახალი ბაბილონის ენაში“, ფრანგლისურში, აღმოჩნდება ჩაკარგული ნებისმიერი ქართველისთვის სკოლის მერხიდან ასე კარგად ნაცნობი აფორიზმი „ბოროტსა სძლია კეთილმან“. ბეგბედერთან ეს აფორიზმი მოქცეულია მის ინგლისურ Good Defeats Evil და ფრანგულ Le Bien triomphe du Mal ვერსიებს შორის.

„Good Defeats Evil“ – ამ ინგლისურ წარწერას ბეგბედერი „ამერიკული გიგანტიზმით“ ტკბობისას გაეროს ეზოში გადააწყდება. აქ განლაგებულ ქანდაკებებს შორის ფრანგი მწერლის ყურადღებას წმინდა გიორგის გამოსახულება იპყრობს, რომელიც ურჩხულს განგმირავს. მწერალი რომანის ტექსტში ამ სკულპტურის ფოტოსაც გვთავაზობს მისი სახელწოდების ფრანგულ-ინგლისურ ვერსიებთან ერთად.

ბეგბედერის თქმით: „ეს მასიური ძეგლი, სახელწოდებით Good Defeats Evil, გაეროს 1990 წელს საბჭოთა კავშირმა აჩუქა. ის რუსული და ამერიკული კოსმოსური რაკეტების ნარჩენებისგანაა შექმნილი“. ამრიგად, „ამერიკულ გიგანტიზმს“ რუსულიც ზედ ერთვის და ევროპელი მწერალი ერთდროულად ორი, რუსულ-ამერიკული, გიგანტური ძალის პირისპირ აღმოჩნდება. ოღონდ ურიგო არ იქნებოდა იმის გახსენება, რომ 1990 წელს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძეა, ვინც სულ მალე საქართველოს მეორე პრეზიდენტი გახდება. სკულპტურის ავტორი კი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია, ვის სახელსაც არც ერთხელ არ ახსენებს ბეგბედერი. ეს მით უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ ბეგბედერისეული რომანი უბრალოდ მხატვრულ ნაწარმოებს კი არ წარმოადგენს, არამედ ეპოქის დოკუმენტურ ხატს ჰქმნის. ამიტომაც არაა შემთხვევითი, რომ ამ ტექსტმა 2003 წელს le prix Interallié-ს ლიტერატურული პრემია მოიპოვა. ეს ჟურნალისტების მიერ დაფუძნებული ყოველწლიური პრესტიჟული პრემია 1930 წლიდან მოყოლებული, უპირატესად სწორედ ჟურნალისტის მიერ დაწერილ რომანს ენიჭება. ნიშანდობლივია, რომ ბოროტისა და კეთილის მარადიულ ბრძოლაზე მსჯელობის ბეგბედერისეულ ფრანგლისურ ნაზავში უკიდურესად გაძნელებულია ქართული კვალის მიგნება: „Good Defeats Evil“: ce combat a lieu en chacun de nous toute la Journée, et en ce moment dans le monde“ – პალიტრა L-ის მიერ გამოცემულ ია ბერსენიძისეულ ქართულ თარგმანში კი ეს პასაჟი ასე იკითხება: „Good Defeats Evil – ეს ბრძოლა მთელ მსოფლიოში და თითოეულ ჩვენგანში მუდმივად მიმდინარეობს“. ფრანგულ დედანში ქანდაკების ქართველი ავტორის ვინაობის ნებსით თუ უნებლიეთ მიჩუმათება უდავოდ განაპირობებს იმას, რომ რუსთაველის აფორიზმი პირწმინიდადაა გამქრალი ბეგბედერის რომანის ქართულ თარგმანშიც. აქ მისი ნიშანწყალიც კი აღარაა შემორჩენილი. ეს გარემოება კიდევ უფრო მძაფრად საგრძნობი ხდება, როცა ფრანგულ დედანში სკულპტურის ინგლისურ-ფრანგული სახელწოდება Good defeats evil = Le Bien triomphe du Mal მთარგმნელისეულ კომენტარში საერთაშორისო ორგანიზაციის შესაფერის, სრულიად საქმიან, მშრალ საუწყებო ენაზეა გადმოტანილი, როგორც „სიკეთე ამარცხებს ბოროტებას“. ენობრივად ეს მართლაც ზუსტი და ადეკვატური თარგმანია, ოღონდ როგორც საზოგადოდ ერთი რომელიმე ცალკე აღებული ფრაზის და არა როგორც კონკრეტული სკულპტურული ნამუშევრის დასახელების. უნდა ითქვას, რომ მთარგმნელმა ბეგბედერის ტექსტის ქართულ ენაზე გადმოტანისას მნიშვნელოვანი შრომა გასწია და დედანში უხვად მოხსენიებულ ისტორიულ და რეალურ მოვლენებსა თუ პიროვნებებს მრავალრიცხოვანი კომენტარები მიუძღვნა. თუმცა მას აშკარად გამორჩა ქართველი სკულპტორის ვინაობა და ამასთან ერთად გამოეპარა მისი ნაშრომის ავთენტიკური სახელწოდებაც. შედეგად კი, თვალსა და ხელს შუა გაქრა რუსთაველის აფორიზმიც და ის საერთაშორისო უწყების მკაცრად საქმიან საკანცელარიო ენაში ჩაიკარგა; ხოლო მთარგმნელის მიერ ფრანგულ-ინგლისურ ნაზავში გამოტარებული და ბოლოს მშობლიურ ქართულ ენაში დაბრუნებული, ის მკვდრადნაშობი აღმოჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ ზურაბ წერეთლის ხსენებული ქანდაკების სახელწოდების მოძიება ინტერნეტ-რესურსების მეშვეობით თითქმის ყველა ენაზეა შესაძლებელი. მარტო ვიკიპედია რომ ავიღოთ, აქ სკულპტურის სხვადასხვა ენაზე დასახელების უამრავი ვერსიაა შემოთავაზებული – Wikipedia : Good Defeats Evil’; Le Bien vainc le Mal; Gut besiegt Böse; Добро побеждает Зло; El bien derrota al mal. ოღონდ, სამწუხაროდ, ვიკიპედიის ზურაბ წერეთლის ბიოგრაფიის სწორედ ქართულენოვან ტექსტში არ იძებნება მისი შემოქმედებისთვის ასე მნიშვნელოვანი ამ ნაწარმოების ქართული სახელწოდება. არც სხვა ინტერნეტ-რესურსების მხრივ არის უკეთესი მდგომარეობა. გამონაკლისს ალბათ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოადგენს, სადაც გაეროს ეზოში განთავსებული ქართველი მოქანდაკის სკულპტურის დედნის შესაბამისი ავთენტიკური დასახელებაა მოცემული – “ბოროტსა სძლია კეთილმან” (აშშ, 1990) .

ამგვარად, სკულპტურის ქართველი ავტორის სახელთან ერთად აღმოჩნდება დაკარგული ბოროტისა და კეთილის მარადიული ორთაბრძოლის ქართული ფორმულაც: “ბოროტსა სძლია კეთილმან” ბეგბედერის მიერ მომავლის ენად გამოცხადებულ „ფრანგლისურში“, რომლის გენეზისი მეტად საინტერესო კუტურულ-ისტორიულ პროცესებთანაა დაკავშირებული.

ამ კონტექსტში ალბათ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ფრანგულ-ინგლისურ თარგზე მოჭრილ ახლებური მსოფლიო ენის, „ბაბილონის უნიკალური ენის“, ფრანგლისურის გვერდით, დღევანდელი დასავლეთის კულტურა სხვა ენობრივ ფენომენსაც იცნობს, რომელსაც ასევე აქვს პრეტენზია მთელ თანამედროვე სამყაროს თუ არა, სულ ცოტა, ევროპას მაინც ექცეს ახალი ყაიდის ბაბილონის ენად. ესაა Denglisch-ად წოდებული გერმანულ-ინგლისურის ნაზავი, რომლითაც გერმანულში ანგლიციზმების ზღვარგადასული მოძალება აღინიშნება.

იმისათვის, რომ შემოისაზღვროს სივრცე franglais-სა და Denglisch-ს შორის, ალბათ გასათვალისწინებელია ის, რომ აქ უბრალოდ გარკვეული ტერიტორიების მომცველ სივრცით-გეოგრაფიულ ფენომენთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ დროის სულისკვეთებით (Zeitgeist) გაჯერებულ იმ კულტურულ სივრცესთან, რომელიც მუდმივად ცვალებადი სულიერი კლიმატის წყალობით ერთთავად განახლებადი პარადიგმების მონაცვლეობას განიცდის. Denglisch და franglais წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ portmanteau words / les mots-valises / Kofferwörter / Слова-бумажники, რასაც ქართულად სავარაუდოდ, „სიტყვა-ჩემოდანი“ შეგვიძლია ვუწოდოთ.

ამრიგად, franglais ( français + anglais) = ფრანგლისური (ფრანგული+ინგლისური) ან Denglisch (Deutsch + Englisch), რაც ფრანგლისურის ანალოგიით ალბათ შეგვიძლია გინგლისურად = (ერმანული+ინგლისური) მოვიხსენიოთ, უბრალოდ ანგლიციზმებით გადავსებულ ფრანგულსა თუ გერმანულს კი არ აღნიშნავს, არამედ გეოპოლიტიკურ და სოციოკულტურულ ფენომენს. ის ასახავს ერთი ენის მეორესთან ურთიერთქმედების დღევანდელ სურათს; სადაც აირეკლება ლინგვისტური თვალსაზრისით მორჩილი ან სულაც აგრესიულად შეურიგებელი დამოკიდებულება ანგლიციზმების მოძალებული შემოსევის მიმართ გერმანულენოვან თუ ფრანგულენოვან სააზროვნო სივრცეში. ანგლიციზმების შემოჭრას კი ფრანგულ-ინგლისურ და გერმანულ-ინგლისურ ენათა ინტერფერენცია მოსდევს, რაც ენობრივი ტალღების გაძლიერებას ანდა შესუსტებას ნიშნავს ერთმანეთზე დამთხვევის დროს.

ეს ტალღისებური რხევის სახით გამოვლენილი დროით-ისტორიული და სივრცით-გეოგრაფიული კოჰერენტულობა, ანუ “კავშირში მყოფობა”, გულისხმობს, რომ ერთი მოძალებული ენის აზვირთებული ტალღა სძლევს, განდევნის და ჩაანაცვლებს მეორეს. თანაც ტალღის სიმძლავრე განაპირობებს ამა თუ იმ ენის ჰეგემონიის ფაზათა განსხვავებულ ხანგრძლივობას ან მათი ურთიერთდაპირისპირებულობის სიმძაფრეს, და რაც მთავარია, მათ არაერთგვაროვან ისტორიულ ღირებულებას კონკრეტულ სივრცით გარემოსა და კონკრეტულ დროით მონაკვეთში. შედეგად კი, ხან ფრანგული ენის ტალღა მოედება ცივილიზებულ სამყაროს, ხან კი საყოველთაოდ გაბატონებული ინგლისურის.

შესაბამისად, დროის ცვალებადობასთან ერთად სივრცობრივად უცვლელ გეოგრაფიულ გარემოში ენობრივი სიტუაციის შეცვლა გულისხმობდა მაგალითად, საფრანგეთში ინგლისური ენის მნიშვნელობის მანამდე არნახულ გაძლიერებას, ხოლო გერმანულენოვან სააზროვნო სივრცეში კი ფრანგული ენის ბატონობის დასრულებას, რასაც ინგლისურის მიერ შეუზღუდავი ძალაუფლების მოპოვება მოჰყვა. ეს არის დღესდღეობით ასე კარგად ნაცნობი ენობრივი ურთიერთმიმართებების გამოკვეთილად იერარქიული სურათი. ოღონდ უთუოდ გასათვალისწინებელია ის, რომ ევროპამ სადღეისოდ ამგვარ მწყობრად ჩამოყალიბებულ ენობრივ წესრიგამდე ნაბიჯ-ნაბიჯ იარა და ხანგრძლივი დროის მანძილზე დიდი გზა გამოიარა.

ამ ევოლუციის ისტორიული კონტექსტი, რაც გერმანულენოვანი სივრცის კულტურულ ცხოვრებაში გერმანული ენის მნიშვნელობის შესუსტების პარალელურად ამ სივრცეში ფრანგული ენის შეუზღუდავ გაბატონებას მოასწავებდა, პირდაპირ უკავშირდება ფრანგული ლიტერატურისა და კულტურის მგზნებარე თაყვანისმცემლის, პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის სახელს; ვინც საკუთარ ნაშრომებს, ლექსებს და პირად ჩანაწერებსაც კი, მხოლოდ და მხოლოდ ფრანგულად წერდა; ვინც მშობლიურ ენას (მდაბიო პლატდოიჩისა=Plattdeutsch და ლიტერატურული ჰოხდოიჩის=Hochdeutsch ნაზავი) მარტო ადმინისტრაციული მიზნით ან სამხედრო სამსახურში იყენებდა, ხოლო ახლობლებთან სასაუბროდ და წერა-კითხვისას უპირატესობას ფრანგულს ანიჭებდა. ამ ეპოქის ევროპული ელიტა „გალომანიის“ ტყვეობაშია. ერთმანეთისთვის თავის მოწონების, ერთმანეთის მოხიბვლის ხელოვნება მთლიანად ფრანგული ენის კეთილხმოვანებაზეა დაფუძნებული.

კულტურული თვალსაზრისით უკიდურესად ფრანკოფილი პრუსიის მეფე მკვეთრად უარყოფითდაა განწყობილი გერმანული ლიტერატურისა და ენის მიმართ, რომელიც მისთვის ისეთივე „ბარბაროსულია, როგორც გოთები და ჰუნები“. ამიტომაც მოუწოდებდა თავის თანამემამულე ავტორებს, მათთვის მისაბაძ ნიმუშად ფრანგული ლიტერატურა გაეხადათ. მის ცნობილ წიგნში, „გერმანული ლიტერატურის შესახებ“ (De la littérature allemande), რომელიც ცხადია, ფრანგულად დაიწერა, გერმანულ ენასთან ერთად მიწასთანაა გასწორებული გერმანული მწერლობაც და თეატრიც.

მოგვიანებით ინტელექტუალი მეფის ტონი იცვლება და უფრო შემრიგებლური ხდება. ის წარმოთქვამს სიტყვებს, რომელთაც აქტუალობა თანამედროვე ეპოქაშიც არ დაუკარგავს: „მე არ ვადანაშაულებ ერს. მას არც გონი აკლია და არც გენიალობა, მაგრამ ის დაგვიანებული აღმოჩნდა (elle a été retardée) რიგი მიზეზების გამო, რომელთაც შეუშალეს ხელი მეზობლებთან მის ერთდროულ აღმასვლას“. საგულისხმოა, რომ „დაგვიანებულ ერად“ წარმოჩენილი გერმანელების ფრიდრიხისეული კონცეფცია დღემდე ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. შემთხვევითი არაა, რომ ამ ორი სიტყვის შეხამება – „la nation …retardée“ (დაგვიანებული ერი) – ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ჰელმუტ პლესნერის, უმთავრესი ნაშრომის სათაურად – Die verspätete Nation– იქნა გამოყენებული გასულ საუკუნეში. აქვე ალბათ არც იმის შეხსენება იქნებოდა ზედმეტი, რომ ფრიდრიხს არა მარტო მიმდევარი, არამედ წინამორბედიც ჰყავს ამ თვალსაზრისით. ეს პათოსი მშვენივრად ეხმიანება ლუთერისეულ იდეას „გერმანიის საწყალი ახალგაზრდა ხალხის“ შესახებ, ვისაც მეზობლებზე ბევრად გვიან მოევლინა ღვთის წყალობა და აუვსო ქვეყანა ჯერ არნახული სულიერი სიმდიდრით და ბარაქით – „ხელოვნებით, განსწავლული ხალხითა და წიგნებით“, რაც ამ დაგვიანებულ ერს აძლევს შანსს ჩამოიცილოს „ბესტიებისა და აწყვეტილი მხეცების“ სამარცხვინო სახელი, ადრემომწიფებულ ერთა სამეზობლოში რომ მოუპოვებია.[1]

„დაგვიანებული ერისთვის“ ფრიდრიხისეული რჩევა ფრანგული კლასიციზმის ესთეტიკური კანონის ათვისებასა და მისი ნორმებისადმი სრული მორჩილების გაცხადებას გულისხმობს. ამ ვითარებაში ინგლისურისთვის ნამდვილად აღარ რჩება ადგილი გერმანულ კულტურაში. უფრო მეტიც, ფრიდრიხი სრულიად აგდებულად ეკიდება ამ ენას და მის თაობაზე გესლიანად ოხუნჯობასაც არ ერიდება. დასმულ კითხვაზე, თუ რომელ ენაზე შეაცდინა გველმა ევა, „ჩვენი პირველი დედა“, მეფის დაუფარავი აღფრთოვანება ერთი ენაკვიმატი ერუდიტის მოსწრებულმა პასუხმა გამოიწვია, რომ ეს მოხდა: „ინგლისურად, … ვინაიდან გველი სისინებს“ (En anglais, répondit un érudit, car le serpent siffle). ინგლისურ ენასთან ერთად დაცინვის საგნად ინგლისური ლიტერატურაც გადაიქცევა, რომელიც მეფის აზრით, სცოდავს არისტოტელესეული პოეტიკის კანონების წინაშე. ფრანგული კლასიციზმის კარგი მანერების (bienséance) კულტზე აღზრდილ გალომანიით შეპყრობილ მეფეს დიდად არც შექსპირისთვის ასე დამახასიათებელი პრინცებთან და დედოფლებთან ავაზაკებისა და მესაფლავეების შეუფერებელი გაშინაურება მოსწონს.

გერმანიაში გამეფებული მდარე გემოვნების უკიდურეს გამოვლინებად კი ფრიდრიხს გერმანულად თარგმნილი „შექსპირის ამაზრზენი პიესების“ (les abominables pièces de Shakspeare) თეატრალური წარმოდგენები მიაჩნია, სადაც მთელი აუდიტორია აღფრთოვანებულ-აღტკინებულია ამ, „კანადის ველურების შესაფერი“, უგვანი სანახაობით. ფრიდრიხის კიდევ უფრო დიდი რისხვა დაატყდება თავს ხელოვანს, ვის სახელს ის არც კი ახსენებს. მიწასთან არის გასწორებული „Götz von Berlichingen“ (გეც ფონ ბერლიხინგენი), როგორც „უხეირო ინგლისური პიესების ზიზღის მომგვრელი იმიტაცია“, ასეთი აღტაცებით რომ უკრავს ტაშს მაყურებელი. „Götz von Berlichingen“-ის დაუსახელებელი ავტორი კი, ფრანკოფილი მეფის წყრომა რომ მოიწია, არც მეტი არც ნაკლები, თავად გოეთეა; ვინც შექსპირს თავისი ცნობილი საპროგრამო ესე – „შექსპირი და უსასრულობა“ (Shakespeare und kein Ende) – მიუძღვნა. სწორედ გოეთემ მისი წინამორბედის, ლესინგის, მსგავსად გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და გააკეთა მთელი ევროპის კულტურული მომავლისათვის განმსაზღვრელი არჩევანი ორ მარად ურთიერთმოქიშპე კულტურას – ფრანგულსა და ინგლისურს – შორის, ინგლისურის სასარგებლოდ და ფრიდრიხის სათაყვანებელი ფრანგულის საწინააღმდეგოდ. ამ ორი კულტურის მარადიული მეტოქეობის ფრიდრიხისეული ანალიზის თანახმად, ინგლისი მუდამ ეჭვიანობდა საფრანგეთზე და ერთთავად იმას ესწრაფოდა, ეშვა საკუთარი ავტორები. ამ მიზნით კი, თავისი ენის სრულყოფას შეუდგა და საქმე რომ დაეჩქარებინა, ხან ლათინურს წაეპოტინა, ხან ფრანგულს, ხანაც იტალიურს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც სათავისოდ სასარგებლოდ მიიჩნია და მოიხელთა. ამ კულტურას მართალია, ჰყავს გამოჩენილი მწერლები, მაგრამ ფრიდრიხის აზრით, მათ ვერ მოახერხეს „საკუთარი ენის მჭახე ბგერათა შერბილება, ასე რომ სჭრის უცხოელს ყურს“. ამითაა განპირობებული პრუსიის მეფისთვის ის გარემოება, რომ თარგმანი ნებისმიერი ენისთვის წამგებიანია და მხოლოდ ინგლისური რჩება მოგებული, ვინაიდან თარგმანში ამ ენის სიმახინჯე იმალება და იფუთება. ალბათ როგორი შოკის მომგვრელი იქნებოდა ანგლოფობი მეფისთვის ამჟამინდელი ვითარება, დღეს ასე ტოტალურად ინგლისურად ამღერებულ-ამეტყველებულ მსოფლიოს რომ მოსწრებოდა.

ფრიდრიხი, ფრანგული ენის მთელ ევროპულ არეალზე გავრცელების, (რაც ჯერ კიდევ ლუი XIV-ს ხანიდან იღებს დასაბამს), მეტად საინტერესო კულტურულ-გეოგრაფიულ რუკას ადგენს, რომელიც ენობრივი მოზაიკის სივრცითი განფენილობის ადეკვატურ სურათს იძლევა. მისი მტკიცებით, უნივერსალურ გასაღებად, პასპარტუდ (passe-partout) ქცეული ფრანგული, მოგზაურს ნებისმიერი ქალაქის, ნებისმიერი სახლის დაკეტილი კარის კლიტეს იოლად უღებს ლისაბონიდან პეტერბურგამდე ან სტოკჰოლმიდან ნეაპოლამდე გადაადგილებისას, ვინაიდან ისაა ერთადერთი ენა, რომელიც ევროპის ყველა კუთხეშია გასაგები და მასზე საუბრისას ადამიანს სხვა ენების ცოდნა დიდად აღარც მოეთხოვება. ესაა ასწლეულების მანძილზე ფრანგული ენის მსოფლიო მასშტაბის ზეგავლენის გავრცელების რეალური სურათი, რომელიც თითქმის მეორე მსოფლიო ომამდე ინარჩუნებდა ცივილიზებულ სამყაროზე შეუზღუდავ ბატონობას. ფრანგულია თომას მანის „ჯადოსნურ მთაში“, ყველა ჯურის და წარმომავლობის ხალხთა „ჭრელი ბრობოს“ გამაერთიანებელი საურთიერთო ენა. გასული საუკუნის დასაწყისში, პირველ მსოფლიო ომამდე, დავოსის პრესტიჟულ ინტერნაციონალურ კურორტზე, სადაც: „თეთრკბილა ინგლისელები ფრანგულად ესაუბრებოდნენ სურნელნაპკურებ მანდილოსნებს“, ამ ენაზე ლაპარაკობენ „ელეგანტურად ჩაცმული რუსებიც, მდიდარ ბარბაროსებს“ რომ ჰგავდნენ და, „მალაიური ტიპის ჰოლანდიელებიც გერმანელებსა და შვეიცარიელებს შორის“ რომ ისხდნენ. და რაც მთავარია, „ბრბოში კიდევ უამრავი ფრანგულად მოლაპარაკე, მაგრამ რომელიღაც უცხო ტომის ხალხი, ბალკანელები თუ ლევანტიელები ერივნენ“. დღეისათვის ამ გაურკვეველი წარმომავლობის უცხოტომელთა „ჭრელი ბრობოს“ შემაკავშირებელი ფრანკოფონიის ანგლოფონიით ჩანაცვლება იქნებოდა საკმარისი, ვინაიდან გასული საუკუნის დასაწყისის ფრანგულად მომუსაიფე ჭრელა-ჭრულა „ბრბო“ დღეს ხომ უდავოდ ინგლისურენოვანია. ამგვარად, უზომოდ ფრანკოფილი პრუსიის მეფის ზღვარგადასული ანგლოფობია ძნელად შეეწყობოდა დღევანდელობის ტოტალურად შეცვლილ „ცაიტგაისტს“.

მსგავსი ენობრივი ევოლუცია, რომელიც გასულ საუკუნეში ორ მსოფლიო ომს შორის აღმოჩნდა მოქცეული, ალბათ არსად ისე გამოკვეთილად არ გამოვლენილა, როგორც თომას მანის შემოქმედებაში. „ჯადოსნური მთა“ და „დოქტორი ფაუსტუსი“ ქმნიან ერთგვარ დროით ჩარჩოს, რომლის ფარგლებში ნათლად მჟღავნდება ინტელექტუალურ რომანში უცხო ენის გამოყენების საგანგებო დანიშნულება და ფუნქცია.

ამის საილუსტრაციოდ საკმარისია თუნდაც იმ ეპიზოდის გახსენება, როცა „ჯადოსნური მთის“ დასაწყისში ჰანს კასტორპი, „ეს ერთი უბრალო ყმაწვილი კაცი“, ახალგაზრდა გერმანელი ინჟინერი ჰამბურგიდან, ტოვებს მშობლიურ ზღვისპირა ქალაქს და შვეიცარიის მთებისკენ, დავოსის მიმართულებით მიემგზავრება. მატარებელში, მას გვერდით საზღვაო ხომალდებზე ინგლისურად დაწერილი წიგნი, „Ocean steamships“, ედო, რომელშიც თავიდან „ხანდახან მაინც ჩაჰკრავდა ხოლმე თვალს“ ყასიდად, მოგვიანებით კი „წიგნი უყურადღებოდ მიეგდო“. საქმე ის არის, რომ თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობის, ანუ მისი ინტელექტუალური და სულიერი განვითარების საწყის ეტაპზე, ხომალდების შესახებ ინგლისურ ენაზე დაწერილი წიგნი ზუსტად რომ ზედგამოჭრილია ამ საშუალო დონის ახალგაზრდა ინჟინრის მარტივი ბუნებისათვის და ზედმიწევნით შესაფერისია მისი გაუწაფავი არსისთვის. მოგვიანებით კი, მაგიურ სივრცეში, მაგიური შვიდწლიანი ვადით გამომწყვდეული, ის იმგვარ პირობებში აღმოჩნდება, რომ მისი „მარტივი სუბსტანცია“ გასაოცარ ალქიმიურ ტრანსფორმაციას, ანუ „ტრანსმუტაციას“ განიცდის და მას მანამდე მიუწვდომელი ცოდნის თანაზიარს ხდის, რომელიც ბევრად ღრმა, რთული და იდუმალია, ვიდრე კასტორპს ხომალდების შესახებ ინგლისურენოვან წიგნში შეეძლო ამოეკითხა. სწორედ ამ მაგიურ გარემოში ირჩევს ის ფრანგულ ენას, რათა სიყვარულზე ელაპარაკოს რუს ქალს. ორივე ხომ ჯერ კიდევ იმ ეპოქის შვილია, როცა ერთმანეთისთვის თავის მოსაწონებლად უყოყმანოდ ფრანგულს მიმართავენ კურტუაზიული კანონების სრული დაცვით.

ფრიდრიხისეული დიადი ოცნება, რომ მოფრანგულე ევროპული სამეზობლო ოდესმე გერმანულად ალაპარაკდება ცხადია, ბოლომდე აუხდენელი რჩება. ერთი შეხედვით, გერმანულობის მოძულე, უკიდურესად ფრანკოფილი სუვერენის ეს თითქოსდა პარადოქსალური სურვილი გაგრძელებას პოულობს იმ ოცნებაში, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ჩვენც გვეყოლება ჩვენი კლასიკოსები … ჩვენი მეზობლები დაიწყებენ გერმანულის შესწავლას“. ერთი სიტყვით, ესაა ფრიდრიხისეული ნატვრა, რომ ოდესმე გერმანული მსოფლიო ენად გადაიქცევა და ეს ენა დახვეწისა და გაშალაშინების შემთხვევაში დაბადებს საუკეთესო მწერლებს, რომელთა დიდება კიდით-კიდე მოედება ევროპას. „ჩვენი ლიტერატურის ნანატრი დღეები ჯერ მართალია, არ დამდგარა, მაგრამ ისინი ახლოვდება“-ო, იმედიანად აცხადებს ფრიდრიხი, თუმცა იმასაც აცნობიერებსს, რომ ხანდაზმული ასაკი არ მისცემს საშუალებას ამ ბედნიერ დღეს შეესწროს. ამიტომაც ადარებს საკუთარ თავს წინასწარმეტყველ მოსეს, ვინც შეძლო აღთქმული მიწა ეხილა შორიდან, ოღონდ მასზე ფეხის დადგმა არ ეწერა. ისტორიამ დაადასტურა, რომ ფრიდრიხის სიტყვები მართლია, მხოლოდ სანახევროდ ახდენილი, მაგრამ მაინც წინასწარმეტყველური გამოდგა. საქმე ისაა, რომ ევროპის კულტურულ სივრცეში გერმანული ლიტერატურის ტრიუმფალური აღმასვლა დაიწყო არა ფრიდრიხის სათაყვანებელი ფრანგული ლიტერატურის მიბაძვის, არამედ ლესინგის, გოეთეს თუ შილერის შემოქმედებაში, მის მიერ მიწასთან გასწორებული შექსპირის რეცეფციის წყალობით.

თომას მანის ტექსტებში „ევროპის სულიერ ბრძოლის ველად“ (geistiges Schlachtfeld Europas) გამოცხადებული გერმანია, მისი სპეციფიკური, შებრუნებული, პარადოქსალური კონსერვატიზმის, ანუ უცხოსადმი იშვიათი გახსნილობის, ასათვისებლად და მისაბაძად მუდამ შეუპოვრად მზადყოფნის წყალობით იქცევა იმ კულტურულ სივრცედ, სადაც კეთდება გადამწყვეტი არჩევანი ყველაფერ ფრანგულსა და ინგლისურს შორის; სადაც საბოლოოდ ანგლომანიამ ჩაანაცვლა გალომანია. ეს კი თავისთავად ოქციდენტალურ კულტურაზე გამარჯვების მოპოვებას უდრიდა; რადგან შპენგლერის თანახმად, „მოწიფული დასავლური კულტურა მთლიანად ფრანგული იყო“, ის ესპანური კულტურიდან აღმოცენდა და ლუი XIV-ის მეფობის ხანიდან მოყოლებული, მთელ ევროპაზე ავრცელებდა თავის გავლენას; მაგრამ უკვე ამ პერიოდში თვით პარიზში ამარცხებდა ინგლისური ბაღი ფრანგულ პარკს, მგრძნობიარობა (sentimentalisme) გონიერებას (esprit), ვერსალის ჩაცმულობასა და საზოგადოებრივი ქცევის ფორმებს სჯაბნიდა ლონდონური; ჰოგარტი იმარჯვებდა თანდათან ვატოზე, ჩიპენდელის ავეჯი და ვეჯვუდის ფაიფური კი ბულსა და სევრზე.

მოგვიანებით ნაპოლეონი ხდება ევროპისთვის „თავად ბედისწერა“, ვისი ცხოვრების ტრაგიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინგლისურ გონთან მისმა დაუსრულებელმა ბრძოლამ ამ გონს საბოლოოდ გამარჯვება მოუტანა და მთელ კონტინენტზე გაამეფა, ბოლოს კი „გათავისუფლებული ხალხების“ სახით მოევლინა და წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლა. შპენგლერისთვის ნაპოლეონი აღმოჩნდა იმ იდეათა ტყვე, რომელთაც კრომველის გარემომცველმა პურიტანიზმმა ბრიტანული კოლონიალური იმპერიის სახით შეასხა ხორცი. ნაპოლეონის იმპერია მართალია, „ფრანგული სისხლის“, მაგრამ „ინგლისური სტილის“ ქმნილება იყო. სწორედ პარლამენტარიზმის, საქმოსნური მორალისა და ჟურნალიზმის სამშობლოს, ინგლისის, სახელით ჩაღდებოდა ბრძოლა ვალმისთან თუ მარენგოსთან, იენასთან, ლაიპციგთან თუ სმოლენსკთან. „ინგლისურმა სულმა“ კი ყველა ამ ბრძოლაში „დაამარცხა დასავლეთის ფრანგული კულტურა“.

გერმანია, რომელსაც ყოფითი სფერო ხელოვნების კუთვნილებად თითქმის არასდროს გადაუქცევია, ამ სფეროში დიადი სტილისტების სახელებითაც ნაკლებად დაიკვეხნის. შესაბამისად, ლუთერის ზომიერებისა და ხელმომჭირნეობის კულტის ერთგული მიმდევრობის წყალობით მას არც ავეჯის, არც სამკაულის, არც ტანსაცმლის და რაღა თქმა უნდა, არც საკუთარი, გერმანული პარკის მკაცრად განსაზღვრული და გამოკვეთილი სტილი არ გააჩნია. ამ ქვეყანაში უკვე მეთვრამეტე საუკუნეში შეიქმნა იმგვარი სიტუაცია, როცა არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ფრანგული პარკის ან ინგლისური ბაღის ესთეტიკის სასარგებლოდ, რაც ფაქტიურად საკუთარი ნატურფილოსოფიური და ესთეტიკური პოზიციის განსაზღვრის ტოლფასი იყო. საბოლოოდ ეს სულიერი ძიება და შინაგანი ბორგვა ფრანგულ კლასიციზმთან ჭიდილში შექსპირისა და ინგლისური ბაღის სრული ტრიუმფით დაგვირგვინდა. ამიტომაც არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ სწორედ გერმანიაშია, „მიუნხენის ინგლისური ბაღის“ სახელით ცნობილი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარკი, სიდიდით თვით ლონდონის ცნობილ ჰაიდ-პარკსაც კი რომ სჯაბნის. საგულისხმოა, რომ გერმანიაში ევროპისათვის ამ გადამწყვეტ არჩევანს უკიდურესად ფრანკოფილი ფრიდრიხის ეპოქაშივე აკეთებენ.

იმის გასააზრებლად, თუ რამდენად თამამად, უფრო მეტიც, კადნიერად თავზე ხელაღებულად გამოიყურება ფრიდრიხისეული ოცნებანარევი იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს გერმანული მსოფლიო ენად შეიძლება გადაიქცეს, იმის გაცნობიერებაც საკმარისია, რომ ბერლინი, ფრიდრიხ II-ის დაბადების ადგილი, ერთი პატარა პროვინციული სახელმწიფოს, პრუსიის დედაქალაქი, მისი მმართველობის დასაწყისში ევროპის ყოვლად მიყრუებული კუნჭულია, ხოლო იმ ეპოქის ფრანგების უმეტესობას წარმოდგენაც კი არა აქვს, თუ სად მდებარეობს ბერლინი. ერთი სიტყვით, ესაა პერიოდი, როცა ეს უაღრესად შეზღუდული გეოგრაფიული სივრცე გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია და აცდენილიც კია უკიდეგანო ამბიციით ფრთაშესხმულ სულიერ და ენობრივ პატივმოყვარეობასთან, რაც თავის მხრივ, ენისა და ტერიტორიის, სახელმწიფოებრივი და ენობრივი ტრადიციის უჩვეულო ურთიერთმიმართებათა განუმეორებელ მოდელს წარმოადგენს.

მართალია, გერმანული, როგორც მსოფლიო ენა ვერ შედგა – ფრიდრიხის ოცნებებში ნალოლიავები მისი სოციოლინგვისტური ტრიუმფი, აუხდენელ ოცნებადვე დარჩა და დღემდე განუხორციელებელი უტოპიურ-სპეკულაციური ზმანების ფარგლებს არ გასცდენია, მაგრამ, სამაგიეროდ, ფრანგულის მიმართ ინტელექტუალი მეფის დამოკიდებულება უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო ამ ენის მსოფლიო მასშტაბის წარმატებისთვის უკიდეგანო სივრცის ფარგლებში: ბერლინიდან, სტოკჰოლმიდან, ვენიდან თუ ლისაბონიდან მოყოლებული, ვიდრე პეტერბურგამდე. ამ კონტექსტში არც ის არის უმნიშვნელო, რომ სწორედ ამ პერიოდში პეტერბურგში მეფობს ფრიდრიხის თანამემამულე, გერმანული წარმოშობის ეკატერინე II, ვინც ვიდრე Екатерина Алексеевна და შემდეგ Екатерина II Великая გახდებოდა, ქალიშვილობაში Sophie Auguste Friederike von Anhalt-Zerbst-ად იწოდებოდა და ვინც, ფრანგი ჰუგენოტი გუვერნანტი ქალის, ბაბეტ კლოდელის, წყალობით ახალგაზრდობაშივე შეისწავლა სრულყოფილად ფრანგული ენა და ეზიარა ფრანგულ ლიტერატურასა და კულტურას. ის უდავოდ იმ იშვიათ ქალთა რიცხვს განეკუთვნებოდა, ვის მიმართაც თავისი ყბადაღებული მიზოგინიით სახელგანთქმული ფრიდრიხი მუდამ კეთილგანწყობილი იყო და ყოველთვის უღრმეს პატივისცემას გამოხატავდა. ეს აღფრთოვანება ნამდვილად გამაოგნებელია იმ აგდებული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ფონზე, რასაც ქალთმოძულე მეფე მისი ეპოქის „ევროპის სამი პირველი კახპის“ (die drei ersten Huren Europas) მიმართ ავლენდა. ეს სამი „არქიკახპა“ (Erzhuren) – ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზია, რუსეთის მონარქი, ელისაბედ I, ანუ ელიზავეტა პეტროვნა და საფრანგეთის მეფის, ლუი XV-ის საყვარელი, მარკიზა დე პომპადური – ევროპის ის სამი ძლევამოსილი ქალია, ვინც შვიდწლიანი ომის პერიოდში (1756-1763) სერიოზული სირთულეები შეუქმნა ფრიდრიხს. ტყუილად როდი ერჩია ავსტრიის დედოფალს, მარია ტერეზიას, ვისთვისაც ქალთმოძულე ფრიდრიხი, „ბარბაროსი“, „ჩრდილოეთის ურჩხული“, „პლანეტის შხამიანი სოკო“ და, უბრალოდ, „ბოროტი კაცი“ იყო, „ბავარიელთათვის უმალ მთელი პროვინციის, ვიდრე პრუსიელთათვის თუნდაც ერთი სოფლის დათმობ“. ამ „ბოროტი კაცის“ მიმართ ქალურმა სიძულვილმა კი იმგვარი სასწაული მოახდინა, რაც ლამის ცეცხლისა და წყლის დაძმობილებას ჰგავდა. სიძულვილის ძალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მარადიულ მოქიშპეთა, ბურბონთა და ჰაბსბურგთა გაერთიანება მოახერხა, ამ გუშინწინ აღზევებული „პოტსდამელი ეგზერცირმაისტერების“ მოდგმის საზიანოდ.

მართლაც, ევროპის ამ სამი ყველაზე გავლენიანი ქალის მიმართ ხაზგასმული უპატივცემულობის ფონზე, აშკარად თვალშისაცემია ის მოწიწება, რასაც ფრიდრიხი ეკატერინე დიდის მიმართ თუნდაც მისდამი მიძღვნილ ლექსებში ავლენს. ეს ლექსები არსებითად განსხვავებულია იმ დამაკნინებელი ეპიტაფიის ტექსტისგან, რომლის სტრიქონები ფრიდრიხმა ეკატერინეს დედამთილს, მისი ქმრის დეიდას, ელისაბედ I-ს მიუძღვნა, სადაც ელისაბედი გაიგივებულია «meretrix Augusta» (სამეფო კახპა), მესალინასთან: «Hier Wanderer, liegt Messaline, / Des Russen, des Kosaken Concubine» (აქ განისვენებს, გამვლელო, მესალინა, / რუსი კაზაკის ხარჭა). თანაც აქ საგულისხმო ისიცაა, რომ რუსი კაზაკის ხასა იმის ღირსიც კი არ არის, რომ ლექსი ნატიფ ფრანგულ ენაზე მიუძღვნან. რუსების მესალინას ფრიდრიხი აბუჩად მდაბიოთათვის განკუთვნილ გერმანულ ენაზე იგდებს.

თვალში საცემია ისიც, რომ ეკატერინე იმ თითზე ჩამოსათვლელ ქალთა წრეს ეკუთვნის, ვისთანაც მეფეს ინტენსიური მიწერ-მოწერა აქვს. სისხლით და მოდგმით გერმანული წარმომავლობის ეს ორი სუვერენი ერთმანეთისადმი მიმართვისას მუდამ ამ ფორმულას იყენებს: «Monsieur mon frère, de Votre Majesté la bonne sœur, amie et alliée, Catherine 2.» (ჩემო ბატონო ძმაო, თქვენი უდიდებულესობის კეთილი და, მეგობარი და მოკავშირე, ეკატერინე მეორე.) ანდა «Madame ma soeur, de Votre Majesté Impériale le bon frère et allié, Fédéric.» (ჩემო ქალბატონო დაო, თქვენი საიმპერატორო უდიდებულესობის კეთილი ძმა და მოკავშირე, ფედერიკი). თავისთავად ცხადია, ამ მიმოწერისას წარმოუდგენელია ფრანგულის გარდა სხვა რომელიმე ენის გამოყენება, რამდენადაც ერთმანეთის მიმართ „უღრმესი პატივისცემის“ გამოხატვა და ერთმანეთზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა ხომ მხოლოდ ფრანგულის დახმარებითაა შესაძლებელი. არადა, ორივე მართლაც როგორი მოწადინებულია, რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს ძვირფას ადრესატზე.

1767 წლის 17 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ეკატერინე ფრიდრიხს აუწყებს, რომ მან საგანგებოდ მეფისთვის გასაგზავნად რუსულიდან გერმანულად ათარგმნინა მის მიერ შედგენილი რუსეთის საკანონმდებლო რეფორმების დოკუმენტი, რომელიც დედოფლის თქმით, მთლიანად მონტესკიესეულ „კანონთა გონზეა“ დაფუძნებული და შესაბამისად, ამ საქმეში მისი წვლილი ძალიან მცირეა. ამ შემთხვევაში არსებითია, არა დედოფლის კეკლუცად მოკრძალებული თავმდაბლობა საკუთარი ღვაწლის შეფასებისას, არამედ ის, თუ როგორი თავგამოდებით ებოდიშება ერთი გერმანელი გვირგვინოსანი მეორეს, თავის თანამემამულესა და თანამოენეს დედაენაზე, ანუ გერმანულად თარგმნილი ტექსტის გაგზავნა რომ აკადრა: „თქვენს უდიდებულესობას ალბათ უცნაურად მოეჩვენება, რომ მას გერმანულ თარგმანს ვუგზავნი, მაშინ, როცა ფრანგული ბევრად უფრო ბუნებრივად გამოჩნდებოდა“-ო (tandis que la française paraîtrait plus naturelle ); იმისათვის, რომ მდარე გემოვნების მსგავს გამოვლინებას ლეგიტიმაცია მოეძებნოს, ამ მდაბიო, თითქმის ვულგარული გერმანულის, ანუ საერთო დედაენის, გამოყენების აუცილებლობა უნდა დასაბუთდეს და ეკატერინეც ბეჯითად ცდილობს, რაც შეიძლება დამაჯერებელი არგუმენტები მოიშველიოს. თან იქვე პირობას დებს, რომ ეს დოკუმენტი ფრანგულადაც სულ მალე ითარგმნება.

პასუხად კი, სამეფო რეზიდენციად ქცეული, ერთი ციცქნა პოტსდამიდან, (დღეისათვისაც კი 150000 მცხოვრებს ძლივს რომ ითვლის), ფრიდრიხი სალამს უთვლის რუსეთის „უკიდეგანო სახელმწიფოს“ მმართველ ეკატერინეს, თანაც გადაპრანჭული ფრანგულით ენამზეობს. ესაა ორი თანამემამულე, ერთი მშობლიური ენის მატარებელი სუვერენის უცხო ენაზე გასაოცარი მიწერ-მოწერის იშვიათი დოკუმენტი, რომელიც მკითხველს იპყრობს მეტაფორების განუმეორებელი სიუხვითა და ენამჭევრობით. ორივე მათგანი ინტელექტუალია, ცნობილი, თავისი განსწავლულობით ისტორიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის სფეროში. ორივე მათგანს საერთო სათაყვანებელი მენტორი, საერთო მისაბაძი იდეალი ჰყავს. საუბარია, ვოლტერზე, ვინც იმ ფარული იდეითაა შეპყრობილი, რომ რამენაირად მოხერხდეს განმანათლებლობის პოზიციაზე ხელმწიფეთა გადაბირება, თან მათთვის იმის ჩაგონება, რომ აუცილებელია, სამართლიანად და რიგიანად მართვა ისწავლონ. ერთი სიტყვით, მონარქის ახლებური ჯიშის გამოყვანა, ანუ განათლებული აბსოლუტიზმის ცოცხალი, ხორცშესხმული ნიმუშის შექმნა წარმოადგენს ვოლტერის განზრახვას. ეს უიმედო წამოწყება კი იმთავითვე წარუმატებლობისთვისაა განწირული და ვოლტერი მართლაც ყველგან დამარცხდა. ფილოსოფოსის ეს უიღბლო ჩანაფიქრი გერმანიაშიც ისევე ჩაფლავდა, როგორც რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული წარმომავლობის ორივე სუვერენი უდავოდ ფრანგი მენტორის უნიჭიერეს და ცოდნას მოწყურებულ შეგირდთა რიცხვს განეკუთვნებოდა.

თავის მხრივ, ვოლტერი საფრანგეთში ეკატერინეს თავგამოდებით დამცველია. იმ ინტერესიდან გამომდინარე, რასაც დედოფალი ფილოსოფოსთა ნააზრევის მიმართ იჩენდა, ვოლტერმა განათლებული მონარქის მისეული იდეალის პროეცირება მთლიანად რუსთა იმპერატრიცაზე მოახდინა; მაშინ როცა, ეკატერინეს შესაძლებლობის ზღვარი განათლებული დესპოტიის ფარგლებს ვერაგზით ვერ გასცდებოდა; ხოლო რაც შეეხება ფრიდრიხს, ვისაც ვოლტერთან მთელი 42 წლის მანძილზე მიწერ-მოწერა არ შეუწყვეტია (თუნდაც შიგადაშიგ მათ შორის გამწვავებული კონფლიქტების ფონზე), საკუთარი თავის დაჟინებით ერთთავად „ფილოსფოს მეფედ“ თვითწარდგინების მიუხედავად, მისი განმანათლებლობის ტიპიურ ფილოსოფოსად განხილვა მეტად სათუოა. საქმე ისაა, რომ სამეფო ტახტზე წამომჯდარი მოფილოსოფოსე ხელმწიფე ნამდვილად არ არის და, ვერც იქნება ვერანაირად განმანათლებელი ფილოსოფოსი, ამ ცნების ჭეშმარიტი გაგებით.

გერმანული მოდგმის ორივე ხელმწიფის, ფრიდრიხისა და ეკატერინეს, სამეფო კარზე უსაზღვროდ ეთაყვანებოდნენ ფრანგი განმანათლებლების, მეტადრე კი ვოლტერისეულ იდეებს, რასაც მათი მასწავლებელი მშობლიურ საფრანგეთში ვერსალის კარზე ნამდვილად ძნელად ეღირსებოდა. ორივე სუვერენი აშკარად შეპყრობილია იდეით, რომ „განათლებული მონარქის“ მაღალი წოდების ღირსად იქნენ მიჩნეული. თუმცა განმანათლებლობის იდეალებისა და საერთო მასწავლებლის მოძღვრების ერთგულ შეგირდებად საკუთარი თავის თვითრეპრეზენტაციისას, ორივენი მეტ-ნაკლები წარმატებით, უმალ განმანათლებლობანას თამაშობენ და განმანათლებლურ იდეალებს ეკეკლუცებიან მაღლათქმული სტილის ფრანგულით.

ფრიდრიხის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე, 1788 წელს, გამოიცა აბატი კარლო დენინას მნიშვნელოვანი წიგნი, რომელშიც მეფის ბიოგრაფიაა ასახული («Essai sur la vie de Frédéric II»). ეკატერინემ ამ ნაშრომის კითხვისას მეტად საგულისხმო კომენტარები გააკეთა წიგნის კიდეებზე.

დენინასეულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ფრიდრიხი დალაპარაკების ღირსადაც კი არ თვლიდა მათ, ვისაც ფრანგული არ ეხერხებოდა, რუსეთის მმართველი იმ ახსნას უძებნის, რომ „მეფემ ფრანგული შეიყვარა“ საკუთარი მამის ჯინაზე, რომელსაც ეჯავრებოდა ეს ენა. აქ ეკატერინე მამა-შვილის საქვეყნოდ ცნობილ დაძაბულ ურთიერთობაზე მიანიშნებს.

ამრიგად, მშობლიური გერმანული ენის მიმართ სიყრმიდანვე გამოყოლილ სიძულვილში იჩინა თავი ფრიდრიხისეულმა ანტაგონიზმმა და რესენტიმენტებმა საკუთარი ფრანკოფობი მამის მიმართ. ასე, დედა ენის ათვალწუნებით იყარა ჯავრი ფრიდრიხმა მამაზე, პრუსიანიზმის განსახიერებაზე, ვისი სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა ადრეული ასაკიდანვე თრგუნავდა და ავსებდა მას ბოღმით. ფრანგული ენა და ლიტერატურა იქცია მან იმ მხსნელ თავშესაფრად, სადაც მამისეული პრუსიული სიხისტისა და სიტლანქისაგან შეეძლებოდა თავის დაღწევა. ნიშანდობლივია ისიც, რომ თუკი მამამ, ფრიდრიხ ვილჰელმმა, ვაჟს უბრალოდ გერმანული კნინობითი ფორმა, ფრიც=Fritz, შეურჩია, თავად უფლისწული ფრიდრიხი, საკუთარი სახელის ფრანგულ ვერსიას Frédéric-ს ან მისი აზრით, კიდევ უფრო ელეგანტურ ფორმას, Fédéric-ს, ამჯობინებდა. მართლაც თვალში საცემია, თუ რამდენად ურთიერთაცდენილი აღმოჩნდება პორტრეტისა და ავტოპორტრეტის სახელდების წესი, ანუ როცა მამა ერთ სახელს არქმევს, შვილი კი სულ სხვა სახელს ირქმევს. თუმცა აქ ხაზგასასმელია კიდევ ერთი გარემოება, რომ საბოლოოდ სახელის მამისეულმა ვერსიამ იმარჯვა და ხალხში სწორედ ეს ფორმა შემორჩა. ფრიდრიხი ხომ ახლაც მეტსახელად „ბებერ ფრიცად“ (der „Alte Fritz“) მოიხსენიება და მთელი მისი ყბადაღებული „გალომანიის“ მიუხედავად, დღემდე გერმანულ-პრუსიული იდეის ხორცშესხმულ განსახიერებად მიიჩნევა.

მისი გამოკვეთილი პრუსიანიზმი და ტოლერანტობა განსაზღვრავს ამ მონარქის განუმეორებელ პარადოქსულ არსს. ფრიდრიხის სახელგანთქმული ფრაზა – „დაე, თითოეული თავის წეს-ადათზე ცხონდესო“ – (Jeder soll nach seiner Façon selig werden) კი სრულიად უპრეცედენტო და პროგრესული მისი ეპოქისთვის, გზას უხსნის ევროპაში იმ ინტელექტუალურ, სულიერ ტენდენციას, რასაც საუკუნეების შემდეგ ჰაბერმასმა ასე მოსწრებულად „ებრაელი ფილოსოფოსების გერმანული იდეალიზმი“ უწოდა. ფრიდრიხის ყველაზე სახელოვანი ებრაელი ქვეშევრდომით, მოსეს მენდელსონით იწყება ის ტრადიცია, რაც გერმანულენოვანი ებრაელების მიერ გერმანული კულტურისა და ენის გამდიდრებას გულისხმობს ასწლეულობის განმავლობაში, ვიდრე ამ უწყვეტ პროცესს ნაცისტურმა დიქტატურამ და მეორე მსოფლიო ომმა არ მოუღო ბოლო უკიდურესი სისატიკით და სრულიად ტრაგიკული ფორმით.

მეტწილად ამერიკულ ემიგრაციაში აღმოჩენილი გოეთეს, კანტის, ნიცშეს თუ მარქსის ნაწერებზე გამოწრთობილი გერმანულენოვანი ინტელექტუალი ებრაელობა დამთრგუნველი ენობრივი ვაკუუმის პირისპირ აღმოჩნდა, რადგან ძველი ყაიდის გერმანულ კულტურულ ტრადიციაზე აღზრდილთათვის ფრანგული, და არა ინგლისური, იყო პირველი უცხო ენა. სწორედ პარიზს მიაშურეს მათ თავდაპირველად გადარჩენის მიზნით. ოღონდ მოგვიანებით ევროპული სივრცე უკვე ნამდვილად ვეღარ იქნებოდა უსაფრთხო თავშესაფარი და ამიტომაც, ხიზანთა უმრავლესობას ამერიკაში გადაბარგება მოუწია, სადაც ახალი ტიპის სირთულეები ელოდათ ფიზიკურად გადარჩენილებს. ინგლისურის არასაკმარისმა ცოდნამ ანგლოსაქსურ კულტურულ სივრცეში, მეტადრე ამერიკაში, გადაულახავი დაბრკოლებები შეუქმნა თვით ისეთ მოაზროვნეებსაც კი, როგორიც ერნსტ ბლოხი იყო. 1939 წელს ბლოხმა მეუღლესთან ერთად შეაფარა თავი შეერთებულ შტატებს. მრავალი გერმანულენოვანი ემიგრანტის მსგავსად მასაც სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ინგლისურის უცოდინრობის გამო და, რადგან ის ამ ენაზე ვერ ლაპარაკობდა, მის არქიტექტორ ცოლს დააწვა ოჯახის რჩენის მთელი სიმძიმე. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ბლოხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი „Zerstörte Sprache – Zerstörte Kultur“ (განადგურებული ენა – განადგურებული კულტურა), სადაც ის ცდილობს მოძებნოს გამოსავალი ენობრივი უცხოობის ურთულესი სიტუაციიდან. მას თავად მოუწია იმ დილემასთან უშუალო კონფრონტაცია, როცა გერმანულენოვან ინტელექტუალთა ერთი ჯგუფი ცდილობდა საკუთარი კულტურულ-ენობრივი წარმომავლობის დავიწყებას, „თავიდან მოშორებას“ და მთლიანად ინგლისურში გათქვეფას, ხოლო მეორე ჯგუფი ესწრაფოდა მასპინძელ ქვეყანაში ადაპტაციისას საკუთარი წარმომავლობის ქვეყნის კულტურისა და ენის შენარჩუნებას. ამ დილემიდან ბლოხისეული გამოსავლის გზა საკმაოდ გაბედულად გამოიყურება იქ და იმ დროს. ამერიკაში სამადლოდ თავშეფარებული, სამშობლო დაკარგული ხიზანი, ამერიკის ფარგლებში ერთადერთ ადამიანურად გამართლებულ გამოსავლად „თვითმყოფად დისტანციას“ (originale Distanz) ირჩევს, რაც მისთვის თვითმიზანი კი არა, არამედ „პატიოსანი დისტანციის“ (ehrliche Distanz) ტოლფასია. საქმე ისაა, რომ გერმანიიდან გადახვეწილი ინტელექტუალების თანდაყოლილი, „თვითმყოფადი დისტანციის“ საფუძველი მისთვის იმ „უპირატესობაში“ (Vorsprung), ანუ „სრულქმნილ ენასა“ და „ძველისძველ კულტურაშია“ საძიებელი, რომელიც თან გამოიყოლეს ახალ სამყაროში ამ ენისა და კულტურის მატარებელმა ლტოლვილებმა და რომლის ერთგულებასაც ისინი ამგვარი „რიგიანი“ დისტანციის წყალობით ინარჩუნებენ. ეს კი მათ მასხარა „კომედიანტებად“ გადაქცევის საფრთხისგან იცავს.

გერმანიიდან „ახალ მსოფლიოში“ გაქცეულ, ბოლომდე მშობლიურ ენას მიჯაჭვულ ებრაელ ავტორთა უმრავლესობის მიერ სწორედ ენობრივი ფაქტორი იყო ამერიკიდან გერმანიაში რეპატრიაციის მთავარ არგუმენტად გაცხადებული; რადგან მათთვისაც ჰორკჰაიმერისა და ადორნოს მსგავსად, საკუთარი ფილოსოფია და გერმანული ენა განუყოფელი რჩებოდა.

ენობრივი გარემოს იძულებითი შეცვლის მთელი სიმძიმე არც ჰანა არენდტისთვისაა უცხო, ვისაც ნაცისტური რეჟიმის წყალობით სხვა ებრაელებთან ერთად მოუწია გერმანიის დატოვება და შეერთებულ შტატებში გადასახლება. ტოტალიტარიზმის საწყისების შესახებ – „The Origins of Totalitarianism“ – ნიუ- იორკ/ლონდონში გამოცემული მისი ფუნდამენტური ნაშრომი თავდაპირველად ინგლისურად დაიწერა. მოგვიანებით კი, არენდტმა საკუთარი წიგნი თავადვე თარგმნა მშობლიურ ენაზე და ამით საავტორო თარგმანის შესანიშნავი ნიმუში შექმნა. აქვე საგანგებოდ აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული ტექსტი მოცულობით საგრძნობლად აღემატება ინგლისურს.

არენდტის მიერ საკუთარი ნაშრომის მშობლიურ გერმანულ ენაზე თარგმნა, იმ ერთი შეხედვით, გადაულახავი სირთულეების ტრიუმფალური დაძლევის უტყუარ საბუთს წარმოადგენს, რომლებიც ენის იძულებითი შეცვლით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ არენდტი ორივე ენაზე თითქმის თანაბარი ოსტატობით წერს, მაინც ეჭვგარეშეა ის, რომ გერმანული ვერსია ინგლისურ დედანთან შედარებით ავტორის მიერ აშკარად უფრო დასრულებული და განვრცობილია, რადგან ამ შემთხვევაში ის საკუთარ ენობრივ სტიქიაშია დაბრუნებული და ამის წყალობით შეუბოჭავად გალაღებული. მისმა მდგომარებამ ძნელია არ გაგახსენოს უცხო კულტურასა და ენაში შეხიზნული ადამიანის ის სურათი, რაც საოცარი მახვილგონიერებითაა აღწერილი მეთვრამეტე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, კანტის თანამემამულისა და ოდინდელი მეგობრის, გეორგ ჰამანის, მიერ, ვისაც ენის, როგორც „ყოფიერების სახლის“ ხატის შემოქმედი, ჰაიდეგერი, თავის უშუალო წინამორბედად მოიაზრებდა. „ჩრდილოეთის მაგად“ (Magus des Nordens) წოდებულ ჰამანს ეკუთვნის ერთი მეტად მოხდენილი მეტაფორა, რომლის თანახმად, ადამიანი ენაში, როგორც უბრალოდ სახლში კი არ ცხოვრობს, არამედ აქ მისი ცხოვრების წესი ორგვარია. ჰამანთან ხდება საკუთარი და უცხო სახლის გამიჯვნა. შესაბამისად, ის, ვინც „დედაენაზე წერს“, მას ოჯახის მამის, კანონიერი მეუღლის „სახლის პატრონის უფლებები“ აქვს, ხოლო ის, ვისაც უცხო ენაზე უწევს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, მუდმივ იმის შიშშია, რომ წაასწრებენ და, ამიტომაც იძულებულია, „თავისი აზროვნების წესი“ ოჯახში ქურდულად შეპარული „საყვარელივით“ მოარგოს უცხო სახლს.

ამ თვალსაზრისით მშვენიერ ლიტერატულ მაგალითად გამოდგებოდა, დედის მხრიდან პოლონურ-ებრაული წარმომავლობის ამერიკელი მწერლის, ჯონათან საფრან ფოერის (Jonathan Safran Foer), 2005 წელს გამოქვეყნებული რომანი, Extremely Loud and Incredibly Close (უკიდურესად ხმამაღლა და დაუჯერებლად ახლოს), სადაც მეტყველების უნარს თანდათანობით კარგავს „მდგმურად“ (the renter) წოდებული ამერიკას შეკედლებული გერმანელი ემიგრანტი, ვიდრე საბოლოოდ დამუნჯებული, ორივე ხელზე ამოტვიფრული ტატუს, «YES» და «No»-ს, ამარა არ დარჩება. ის ვეღარც გერმანულად მეტყველებს, ვეღარც ინგლისურად და ვერც Denglisch-ზე, განსხვავებით მისი უგზო-უკვლოდ მოტიტინე ცოლისგან, ვინც დაუსრულებლად ლაქლაქებს გაზეთების ინტენსიური კითხვით დაზუთხულ ხელოვნურ, იდიომატური გამოთქმებით უხეიროდ გადაძეძგილ, სტერილიზებულ ინგლისურ ენაზე, რითაც ამერიკულ კულტურაში სათუო ინტეგრაციის ყალბ ილუზიას იქმნის.

არენდტი ალბათ იმ მცირერიცხოვან გერმანულენოვან მოაზროვნეთა შორისაა, ვისაც გაუმართლა, რადგან გადაურჩა იმ უმძიმეს ენობრივ კრიზისს, ასე მოსწრებულად რომ აღწერა მისმა პირველმა ქმარმა, ასევე ებრაული წარმოშობის ცნობილმა გერმანელმა მოაზროვნემ, გუნთერ ანდერს / შტერნმა, ვისი თქმით, ენის იძულებითი ცვლილების გამო ემიგრანტებს საფრთხე ემუქრებათ იქცნენ „დაკნინებული ენის მსხვერპლად“. არენდტის ყოფილი მეუღლის სიტყვები ენის ტოტალური დაკარგვის ეგზისტენციალური გამოცდილების გამოძახილია: „რაწამს ემიგრაციაში უვნებლად გამოვაღწიეთ სამშვიდობოს, მაშინვე ახალ ხიფათში ჩავცვივდით: მეტყველების მდარე დონეზე დაშვებისა და ენაბრგვნილობის ხიფათში. და მრავალი ჩვენგანი მართლაც შეიქნა ენაბრგვნილი (Stammler), თანაც ენაბრგვნილი ორივე ენაში; ვინაიდან მაშინ, როცა ფრანგული, ინგლისური ან ესპანური ჯერაც არ გვქონდა ხეირიანად შესწავლილი, მაგ დროისათვის უკვე დაიწყო ჩვენმა გერმანულმა ნამცეც-ნამცეც ჩამოფშვნა“ (begann unser Deutsch bereits Stück für Stück abzubröckeln).

„ტოტალიტარიზმის“ გერმანული გამოცემის წინასიტყვაობაში კარლ იასპერსი ენის არჩევანთან დაკავშირებით წერს, რომ საინტერესოა, ჰანა არენდტის ტექსტის ინგლისური და გერმანული ვერსიების ურთიერთშეპირისპირება. შემდეგ კი ასკვნის: „ბუნებრივია, მე გერმანულს ვანიჭებ უპირატესობას“-ო. მისი თქმით, ინგლისური ტექსტი იდეის არსის აშკარად შემოკლებულ და გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს. „ამ წიგნის აზროვნების წესი (Denkungsart) კი გერმანული და უნივერსალური წარმომავლობისაა; გამოწრთობილი კანტის, ჰეგელის, მარქსის და გერმანულ ჰუმანიტარულ მოძღვრებაში, შემდგომ დიდწილად მონტესკიესა და ტოკვილის“ იდეებით გამოკვებილი. იასპერსის თქმით: „აზროვნების ეს წესი ისეთ საუცხოო სიალალეს (herrliche Offenheit) ავლენს, როგორიც დროდადრო გერმანულ გონს გამოუსხლტება ხოლმე. ამიტომაც პოულობს ის თავის შესაფერ გამოხატულებას გერმანულ ენაში. მისი რწმენით, სწორედ ამის გამო ჰპოვებს არენდტის წიგნი „უფრო დიდ გამოძახილს“ გერმანულენოვან სივრცეში, „ვიდრე ეს მას ამ დრომდე ანგლოსაქსურ ქვეყნებში ხვდა წილად“.

იასპერსის ეს სიტყვები 1955 წლის სექტემბერში ბაზელში დაიწერა. მსგავსი სკეპტიკიციზმი ანგლოსაქსურ კულტურულ სივრცეში არენდტის იდეების მართებულად გააზრების უნარის თაობაზე უფრო მოგვიანებითაც, 1966 წელს, კიდევ უფრო მძაფრი ფორმით იჩენს თავს ჰაბერმასისეულ სტატიაში – „ორი რევოლუციის ისტორია“ – სადაც ჰაბერმასი დასცინის არენდტის ნაშრომზე „On Revolution“ (რევოლუციის შესახებ), Times Literary Supplementში გამოქვეყნებული რეცენზიის ავტორის „წმინდა წყლის ანგლოსაქსურ შეცბუნებას“ (schiere angelsächsische Ratlosigkeit) ასეთი „ჭკვიანი ავტორი ქალის წიგნის“ წინაშე; ვისაც მისი აზრით, წიგნისა ვერც თავი გაუგია და ვერც ბოლო.

ესეც კიდევ ერთი გამოხატულება იმ „დისტანციისა“, ბლოხმა „თვითმყოფადი“ რომ უწოდა და, ამით, ამერიკულთან შედარებით, საკუთარი გერმანულ-ევროპული კულტურული უპირატესობის განცდა იგულისხმა. თავის მხრივ, არაერთი უკიდურესად გაღიზიანებული ამერიკელი ინტელექტუალი საყვედურობდა ჰანა არენდტს ამერიკის მიმართ ამპარტავან და მედიდურ დამოკიდებულებას და მას, როგორც „ევროპიდან მოსულ უცხოს“, ისე აღიქვამდა. ამერიკელი მეგობრები კი იმას უსვამენ ხაზს, თუ რა დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებდა არენდტი წონასწორობის შენარჩუნებას საკუთარ აზროვნებასა და ანგლო-ამერიკულ ენობრივ კულტურასა თუ აზროვნების წესს შორის. არენდტს, ვინც ინგლისურად ცხოვრების ბოლომდე მკვეთრი გერმანული აქცენტით ლაპარაკობდა, მუდმივად ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ორ ჯგუფს შორის უწევდა ლავირება. მას სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ევროპელებთან ურთიერთობა, ვინაიდან ის მათი კულტურის ენაზე აზროვნებდა. ეს იყო მისთვის ერთადერთი შესაძლებლობა აღექვა სამყარო ორმაგი, ერთდროულად ამერიკული და ევროპული პერსპექტივიდან. ის ევროპელია და ბოლომდე ევროპელად რჩება, თანაც გერმანულენოვანი ებრაული წარმომავლობის ევროპელად, ოღონდ ამავე დროს ის ამერიკელი ხდება, თანაც განსაკუთრებული ჯურის ამერიკელი, ვინც მოწადინებულია, ევროპულ აზროვნებაში პრობლემების გააზრების ამერიკული წესი და თვალთახედვა შემოიტანოს. თუნდაც ამაშია უზარმაზარი განსხვავება მასსა და მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პიროვნებას, მარტინ ჰაიდეგერს, შორის; ვინც საბედისწერო ტექნოლოგიური ხანის დადგომა „ოდენ ტექნიკურ დღედ გადაკეთებული სამყაროს ღამის“ (die zum bloß technischen Tag umgefertigte Weltnacht) და ტექნიკის მარადიული „ზამთრის“ მეტაფორის მეშვეობით აუწყა მსოფლიოს.

„მეტაფიზიკის შესავალში“ (გამოიცა 1953 წელს) „ძვირფასეულის“ (Kleinod) ტოლფასი პატარა ევროპული რეგიონი აღმოჩნდება ორი გიგანტური პრინციპის პირისპირ და მათ მარწუხებში (Zange), ანუ „რუსეთსა და ამერიკას შორის“ მოქცეული, რომლებიც თავისი არსით „იგივეობრივნი არიან“. ორივე მხრიდან შემოიჭრება ევროპაში სამყაროს დაბნელება, ღმერთების გაქცევა, ადამიანის მასის ნაწილად ქცევა და სიძულვილი, უნდობლობა ყოველგვარი შემოქმედებითისა და თავისუფალის მიმართ. ამ კატასტროფული ნგრევის ხიფათი კი ჰაიდეგერის აზრით, ყველაზე მეტად ევროპის „შუაგულში“ მოქცეულ გერმანიას და მის „მეტაფიზიკურ ერს“ ემუქრება.

რუსეთ-ამერიკის, ამ ორი გიგანტური ძალის ურთიერთჭიდილის აუტანელ წნეხს შეეწირა ევროპის არაერთი ინტელექტუალი. მათ შორის თომას მანის უფროსი ვაჟი, კლაუს მანი. სულიერმა კრიზისმა განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო უკიდურესად მძაფრი ხასიათი და კლაუს მანის უკანასკნელ, ინგლისურად დაწერილ სტატიაში, „ევროპელ ინტელექტუალთა განსაცდელი“ (The ordeal of the European intellectuals = Die Heimsuchung des europäischen Geistes), ამ ორ ურჩხულს, ორ „ანტისულიერ გიგანტურ ძალას“ (the struggle between two great anti-spiritual powers), ევროპის ტრაგიკულ ხვედრს რომ განსაზღვრავს, სახელიც მოეძებნა: „ამერიკული ფული და რუსული ფანატიზმი“ (American money and Russian fanatism).

თვითმკვლელობამდე (1949 წლის მაისი) დაახლოებით ცხრა წლით ადრე კლაუს მანი, შესანიშნავი გერმანელი მწერალი და მთარგმნელი, აკეთებს ჩანაწერს თავის დღიურში: „სხვათა შორის, ერთადერთი, ეს მცირე შენიშვნებიღა შემორჩა, რასაც ჯერ კიდევ ჩემს ენაზე ვწერ – თითო-ოროლა წერილის გარდა“. სულ მალე, 1942 წლის 19 მარტიდან მოყოლებული, ის ამ პირად ჩანაწერებსაც კი მხოლოდ ინგლისურად აკეთებს.

კლაუს მანი დღეისათვის xx საუკუნის, მეტადრე კი ემიგრაციის პერიოდის, გერმანულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწერლად ითვლება; ოღონდ უთუოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იგი ემიგრაციის ტალღის ახალგაზრდა თაობას განეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მამამისის თაობის საპირისპიროდ, არანაირი ენობრივი სირთულეები აღარ უჩნდება ინგლისურთან დაკავშირებით. სწორედაც რომ პირიქითაა საქმე -მაგალითად ამ ენის სრულყოფილი ფლობა აძლევს მას  შესაძლებლობას, 1942 წელს ნიუ- იორკში გამოსცეს საკუთარი ავტობიოგრაფია – The Turning Point – ინგლისურად. მაშინ, როდესაც მამამისი შეერთებულ შტატებში საავტორო ტურნეების დროს მოხსენებების წაკითხვისას, ერთთავად დამოკიდებულია თავის „ქალიშვილ-ადიუტანტზე“ (Tochter –Adjutantin), ერიკაზე, რომელიც ძმის მსგავსად ასევე ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურს და მამას უწევს თარჯიმნობას აუდიტორიასთან გამართული დისკუსიის დროს, როცა თომას მანი დიდი გაჭირვებით გამალებული დაეძებს ზუსტ ფორმულირებებს თუ მოსწრებულ სიტყვებს თავისი არგუმენტების ადეკვატურად ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ერიკა დგას ერთმანეთის მიმართ გაუცხოებულ ძმასა და მამას შორის. ის რჩება კლაუსის სიცოცხლის ბოლომდე ძმის ყველაზე ახლობელ ადამიანად, ის თარგმნის ინგლისურად და უკეთებს რედაქტირებას მამისეულ ტექსტებს.

კლაუს მანი იმ კაცის შვილია, ვინც გასული საუკუნის პირველი ნახევრის გერმანული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სიმბოლური ფიგურაა და ვინც 1938 წელს ნიუ-იორკ თაიმსის (New York Times) ჟურნალისტებს განუცხადა: „სადაც მე ვარ, გერმანიაც იქ არის. მე ჩემს გერმანულ კულტურას ჩემში დავატარებ“-ო (Where I am, there is Germany. I carry my German culture in me. = Wo ich bin, ist Deutschland. Ich trage meine deutsche Kultur in mir). თომას მანის ეს ისტორიული სიტყვები იქცა ერთგვარ დევიზად და ლამის მაგიურ შელოცვად ნოსტალგიით, კულტურული თუ ენობრვი იზოლაციით გატანჯული გერმანული ემიგრაციის მთელი თაობებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ თუკი თომას მანისთვის სრულიად უცხოა დედა ენისადმი უნდობლობა, ვისთვისაც საკუთარი გერმანული სიტყვის ყოვლისშემძლეობაში დარწმუნებულობა ლამის რელიგიური რწმენის რანგშია აყვანილი, კლაუსი 1938 წელს შეერთებულ შტატებში დასახლების შემდეგ სრულიად გაუცხოებულია მისი მტკიცებით, ნაცისტების მიერ გადაგვარებული, პატივაყრილი გერმანულის მიმართ. ამიტომაც იღებს გადაწყვეტილებას, უარი თქვას მშობლიურ ენაზე და იწყებს ინგლისურად წერას.

დედაენასთან გააფთრებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მამისადმი გაორებული ურთიერთობებით დათრგუნული კიდევ ერთი გერმანელი ვაჟის ტკივილით სავსე შინაგანი განცდების გამოძახილია. მამის სიცივით და მიუკარებლობით დაზაფრულ შვილს უცხო ენაში უპირობო, სრული გათქვეფა ესახება ხსნის გზად. ოღონდ პრუსიის მეფის, ფრიდრიხისაგან, განსხვავებით, ვისთვისაც ფრანგული გახდა მამის ჯინაზე საფარველი, კლაუს მანი დროის შეცვლილი სულისკვეთების ფონზე თავშესაფრს ფრანგულის ნაცვლად ინგლისურში ეძებს. ამრიგად, ჩაუდგე საკუთარ მამას კრიჭაში, ნიშნავს, რომ განუდგე დედა ენას. ამისათვის კი სხვა ენაში გადაბარგებაა ერთადერთი, თანაც ძალიან გერმანული გამოსავალი.

თუმცა მამასაც აქვს თავის მხრივ ამაზე საკუთარი პასუხი. აშკარად უფროსი ვაჟის, კლაუსის, ესკიზია მოხაზული 1943-1947 წლების შუალედში შექმნილი რომანის, „დოქტორი ფაუსტუსის“, ერთი მეტად საინტერესო და სახასიათო პერსონაჟის, ლაიპციგელი ინგლისურიდან „მთარგმნელის“, რიუდიგერ შილდკნაპის, პორტრეტში, ვინც „სევდანარევი ხუმრობით“ ჰყვება ისტორიებს მამის, ხელმოცარული „კულტურული კაცის“, დახვეწილ „სოციალურ სიანჩხლეზე“, რაც მას „სულიერ ტრავმად“ გამოჰყვა „მშობლების სახლიდან“. ეს „სოციალური არასრულფასოვნების შეგრძნება“ მას მოგვიანებით ეროვნულ არასრულფასოვნების შეგრძნებად ექცა. თავგამოდებულმა ანგლომანმა, შილდკნაპმა, მამისეულ სახლს ზურგი რომ აქცია, ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მაგრამ პოეტური ტალანტის ნაკლებობის გამო დედაენის სიტყვით ვერაფერი გამორჩეული და გრანდიოზული რომ ვერ გამოთქვა, სვიფტისა და რიჩარდსონის მძლავრ ზურგს ამოეფარა და „ლიტერატურული შუამავალი“, ანუ მთარგმნელი გახდა „თავისი საყვარელი ენიდან, ინგლისურიდან“. ინგლისური იქცა იმ იდეალურ გარემოდ, რაც ასე ზუსტად შეესაბამებოდა ამ ლაიპციგელი, ანუ საქსონიელი ახალგაზრდა კაცის „წმინდა წყლის ანგლოსაქსურ იუმორს“, მის ხასიათს, ინგლისელები „boyish“-ს რომ უწოდებენ და მის ალბიონის ძეთა ყაიდაზე „მიდებულ-მოდებულ აბდაუბდა ლაზღანდარობას“ (talking nonsense).

რიუდიგერ შილდკნაპის, სიუჟეტური თვალსაზრისით რომანის თითქმის მეორეხარისხოვანმა ლიტერატურულმა ფიგურამ, ლამის ფუტუროლოგიური განზომილება შეიძინა. საქმე ისაა, რომ ამ პერსონაჟთან მიმართებაში მომავალის ენობრივ და კულტურულ პროგნოსტიკაზე იმდენადაა გამართლებული საუბარი, რამდენადაც მის უსაზღვრო ანგლომანიაში ირეკლება იმ ახალი კულტურულ-ენობრივი ტენდენციის მომასწავებელი სიმპტომატური ნიშნები, რაც თომას მანმა ადრეულ ეტაპზევე დალანდა შორეულ ჰორიზონტზე. გასული საუკუნის ორმოციან წლებში შექმნილ მხატვრულ სახეში უკვე საკმაოდ ნათლად იკვეთება იმ მოვლენის კონტურები, რამაც განსაკუთრებული სიძლიერით სამოციანი წლებიდან იჩინა თავი და რასაც ევროპის ამერიკანიზაციას უწოდებენ. ამას კი გერმანულენოვანი სააზროვნო სივრცის «Denglisch »-ზე ამეტყველება მოჰყვა.

Denglisch-ის არსის ტრაგიკომიკურ და იშვიათად მოხდენილ ლიტერატურულ ილუსტრაციას წარმოადგენს გალიციაში, ებრაულ ოჯახში დაბადებული, 1938 წელს ნიუ-იორკში გახიზნული გერმანულენოვანი პოეტის, მაშა კალეკოს, პარადოქსული მხიარული მელანქოლიით სავსე ლექსი მცირე განსხვავება (Der kleine Unterschied ):

Es sprach zum Mister Goodwill

ein deutscher Emigrant:
“Gewiß, es bleibt dasselbe,
sag ich nun land statt Land,
sag ich für Heimat homeland
und poem für Gedicht.
Gewiß, ich bin sehr happy:

Doch glücklich bin ich nicht.”
(ამას ეტყოდა მისტერ გუდვილს გერმანელი ემიგრანტი:
„ცხადია, არაფერი იცვლება, land-ს ვიტყვი თუ Land-ს,

Heimat-ს თუ homeland-ს და poem-ს ნაცვლად Gedicht-ს.

ცხადია, ვარ ძალიან happy, ოღონდ არ ვარ ბედნიერი = glücklich)

ალბათ მართლაც არ უნდა იყოს ადვილი, როცა გოლდა მალკა აუფენად დაიბადე ავსტრო-უნგრეთის ხრჟანოვში (Chrzanów) და ახალი საგნობრიობის (Neue Sachlichkeit) ლიტერატურული მიმართულების ერთადერთი ცნობილი ქალი ავტორი ხარ, ხშირად „მდედრ კესტნერად“ (einen weiblichen Kästner) მოხსენიებული, ვისაც თვით ჰაიდეგერი შენს ლექსებზე 1959 წელს დაგიწერს, რომ იცი „ყველაფერი, რისი ცოდნაც მოკვდავთ უწერია“, აუხსნა შენი ირონიულ-მელანქოლიური სილბოთი ვინმე მისტერ გუდვილს, რომ happy კი ხარ, მაგრამ არ ხარ ბედნიერი = glücklich.

თომას მანის ვაჟისგან განსხვავებით, აქ მშობლიური ენისგან თავის დაღწევის შეუძლებლობაა ნაღვლიანი მხიარულებით გამოგლოვილი. გერმანულის მიმართ გაუცხოებულ კლაუს მანს მხოლოდ ინგებორგ ბახმანის პერსონაჟები თუ გაუწევენ ღირსეულ მეტოქებას. ბახმანის ერთი მოთხრობის (სამი გზა ტბისკენ) გმირს მიაჩნია, რომ სისულელე იყო გერმანელების დასასჯელად ომის შემდეგ მათთვის ქვეყნის გაყოფა. ბევრად უფრო მარტივი და შედეგიანი იქნებოდა მათთვის „გერმანულად ლაპარაკი „აეკრძალათ“ და ამით მთელი პრობლემაც მოგვარდებოდა“. გერმანული ენა ხდის ერთნაირად პასუხისმგებელს გერმანელსაც და „ოპერეტების ქვეყნის“, „ამპუტირებული სახელმწიფოს“ მოქალაქეს – ავსტრიელსაც, ყველაფრისთვის, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა. ემიგრაციაში მოხვედრილ ავსტრიელს, რომელმაც დედაენაზე ლაპარაკის უნარი დაკარგა, მშობლიური ენისადმი გაუცხოება იმდენად გაუმძაფრდა, რომ წლების მანძილზე გერმანელ ქალს ვეღარ ეკარებოდა „იმის შიშით“, რომ სინაზის წუთებში მას „პირის გაღება“ და გერმანულად ალაპარაკება შეეძლო.  „გერმანული უცხოობიდან“ მომავალი დედაენისადმი მორალური შურისძიების სურვილით ანთებული მეორე პერსონაჟისთვის (მოთხრობაში „სიმულტანური“) კი, სასურველი, რეალობად აღიქმება და მისი თქმით, ბედისწერად ქცეული გერმანული „ხომ გაქრობის პირასაა, … ყოველ შემთხვევაში, ჩვენ (ანუ ავსტრიელებს. ნ.ფ.),  ეს ასე გვესახება, ოღონდ ნეტავ სხვებმაც თუ დაიწყეს ამის შემჩნევა“-ო.

„გაქრობას“ გადარჩენილი გერმანული კი ფრანგულის მსგავსად ინგლისურ ენასთან ნაზავში ცდილობს იპოვოს „World-ის words-ები“ (Les words du world), რაც მას იმ პლურალისტური დასავლური კულტურის ნაწილად აქცევს, რომლის წიაღშიც ევროპა და ამერიკა ერთმანეთს ეურთიერთებიან. გინგლისურ თუ ფრანგლისურ ნარევში დაიძლევა როგორც „დისტანციის პათოსით“ გაჟღენთილი საკუთარი უპირატესობის მედიდური განცდა, ისე, მარიო ვარგას ლიოსას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, პლანეტის ამერიკანიზაციის შიშით გამოწვეული „იდეოლოგიური პარანოიაც“.

კულტურული სივრცე franglais-სა და Denglisch-ს შორის მოიცავს ევროპულ ლანდშაფტს, რასაც გლობალური კულტურის სცენარისთვის სავალდებულო თითქმის ყველა რეკვიზიტი და აქსესუარი ამშვენებს მაკდონალდსიდან დაწყებული, კოკა-კოლას ბილბორდებით დამთავრებული. შესაბამისად, ევროპის მცირე დარბაზში წარმოდგენილი ისტორიული სპექტაკლი იმ აუცილებელი დეკორაციებითაა გაფორმებული, რაც ადეკვატურ ფონს უქმნის სრულიად განუმეორებელ ფერადოვან სანახაობას, ხოლო დასავლური კულტურა თავის მხრივ, სწორედ გინგლისურ-ფრანგლისურ უჩვეულო ენობრივ ნაზავში პოულობს თვითგამოხატვის უნიკალურ საშუალებას.

[1] ოღონდ ეს წყალობა „წარმავალ კოკისპირულ წვიმას“ წააგავს, რომელიც საცა ერთხელ მოვა, აღარ განმეორდება. „ის უკვე იყო ერთხელ ებრაელებთან, მაგრამ გაქრა, წავიდა, მათ აღარაფერი შერჩათ. პავლემ იგი საბერძნეთში ჩაიტანა, იქაც გაქრა და წავიდა, ახლა მათ თურქებიღა შერჩათ. რომსა და ლათინურ ქვეყნებსაც ჰქონდათ იგი, მაგრამ გაქრა, წავიდა, ახლა მათ პაპიღა შერჩათ. და თქვენ, გერმანელებო, არ უნდა იფიქროთ, რომ ის მარად გექნებათ … ამიტომაც ჩაავლეთ ხელი და მაგრად ჩაებღაუჭეთ მას“-ო, რჩევას იძლევა ლუთერი.

Facebook Comments Box