პორტრეტი,  რეპორტაჟი

ნობელიანტი მწერალი ქალები – „მეზღაპრე, მეოცნებე, მითების შემქმნელი – ეს ისაა, რაც ჩვენში საუკეთესოა“

2022 წლის ოქტომბერში ანი ერნო გახდა მეჩვიდმეტე ქალი, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ასევე, ისაა პირველი ფრანგი ქალი, მეთექვსმეტე საფრანგეთის მოქალაქე, 96-ე ევროპელი და 119-ე ავტორი, რომელიც ხსენებული პრემიით დაჯილდოვდა. ერნოს ეკუთვნის სიტყვები: „ნობელის პრემიის მიღება ჩემთვის პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო ლაპარაკი ჩემი, ქალის პერსპექტივიდან“ და „ნობელის პრემიას ინდივიდუალურ გამარჯვებად არ მივიჩნევ, კოლექტიური გამარჯვება მგონია. ეს არც სიამაყის და არც თავმდაბლობის გამო არაა ასე“.

აღსანიშნავია, რომ ამ მკვეთრად ინდივიდუალიზებული პრიზის ფლობის კოლექტივიზაციის მცდელობა ერნოს სხვა ლაურეატ ქალებს ამსგავსებს. გარდა ამისა, ერნო საუბრისას ხაზს უსვამს ნობელის ჯილდოს პატრიარქალურ სისტემას და ქალების ადგილს ამ სისტემაში.

ანი ერნო

როცა 2013 წლის ლაურეატს, ელის მანროს ჰკითხეს, ელოდა თუ არა ამ ჯილდოს, მან ასე უპასუხა: „ოჰ, არა და არა! მე ხომ ქალი ვიყავი! ვაფასებ ამ პატივს, მიყვარს, მაგრამ ნამდვილად არ მიფიქრია“.

ელის მანრო

როცა საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა და ჟურნალისტები დახვდნენ, 87 წლის დორის ლესინგი ძალიან დაიბნა: „დიდი ხნის წინ მითხრეს, რომ მათ მე არ მოვწონდი და ვერასოდეს მივიღებდი“. მერე კი, კამერებით გარშემორტყმულმა, დასძინა: „გპირდებით, ახლა კიბეებზე ავალ და ვიპოვი შესაფერის წინადადებებს, რომლებსაც ამის შემდეგ გამოვიყენებ“.

დორის ლესინგი

ნობელის პრემიის მფლობელ ქალებს აერთიანებთ სქესი, მიღწევები, მაგრამ ეროვნების, ჟანრის, სტილისა და გამოცდილებების კუთხით ცოტა რამ თუ აქვთ საერთო.

საერთოდ, რას ნიშნავს ნობელის პრემიის მიღება, როცა ხარ ქალი კონკრეტულ დროსა და ადგილას, რა ხდება ასეთი აღიარების შემდეგ?

მწერლები, რომლებიც ნობელის პრემიას იღებენ ლიტერატურის დარგში, უნდა ქმნიდნენ ყველაზე ამაღელვებელ ნაწარმოებს, ასეთია კრიტერიუმი, რომელიც ალფრედ ნობელს ეკუთვნის; შვედს, რომელმაც, შესაძლოა, შეცვლა მსოფლიო დინამიტის გამოგონებით. მიუხედავად იმისა, რომ მისი სფერო დესტრუქცია იყო, უნდოდა, რომ ჯილდო გადაეცა ადამიანებისთვის, რომლებმაც ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანეს კაცობრიობას. ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა გამარჯვებულებისთვის.

ქალები, რომლებსაც ეს ჯილდო მიუღიათ, წარმოადგენდნენ სპეციფიკურ ერებს, იდეოლოგიებს, თაობებს, მაგრამ, ამავე დროს, წარმოგვაჩენდნენ ჩვენ, ყველას (განსაკუთრებით კი ქალებს). ისინი თავიანთი სიტყვებით, კონკრეტულისა და სპეციფიკურის მეშვეობით, აშუქებდნენ უნივერსალურსა და საერთოს.

გამარჯვებულებს არჩევს კომიტეტი, რომელიც შვედეთის აკადემიის წევრი 18 პროფესიონალი ლიტერატორისგან შედგება. აკადემია 1786 წელს დააარსა მეფე გუსტავ მესამემ. კომიტეტმა პირველი ქალი ლაურეატი ჯილდოს არსებობის მერვე წელს შეარჩია და იგი სელმა ლაგერლოფი გახლდათ.

სელმა ლაგერლოფი

ალფრედ ნობელმა შვედეთის აკადემიას მიანდო განსასჯელად ლიტერატურის დარგი. ლაურეატების შერჩევისას მისი ერთადერთი ინსტრუქცია კომიტეტის წევრებისთვის ის გახლდათ, რომ არ გაეთვალისწინებინათ ეროვნება ჯილდოს მინიჭებისას და პრიზი გადაეცათ ყველაზე ღირებული ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, სკანდინავიელი იქნებოდნენ ისინი თუ არა.

რა თქმა უნდა, ნობელის პრემია საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოგრაფიას მაინც ვერ უვლის გვერდს და არც ლიტერატურის დარგია გამონაკლისი. კომიტეტის გადაწყვეტილებებს ყოველწლიურად აკრიტიკებენ სხვადასხვა მიზეზით. უფრო ხშირად ადამიანები გამარჯვებულების ეროვნებასა და ბიოგრაფიაზე მსჯელობენ და არა მათ ნაწარმოებებზე.

მას შემდეგ, რაც 1909 წელს სელმა ლაგერლოფმა მიიღო ჯილდო, ძირითადად, გამარჯვებულები ევროპელი ქალები ხდებიან. პირველი ლათინო-ამერიკელი ავტორი, რომელმაც 1945 წელს ნობელის პრემია მიიღო, ჩილელი პოეტი გაბრიელა მისტრალია. დღემდე ის ერთადერთ ლათინო-ამერიკელ ქალად რჩება მათ შორის, ვისაც ოდესმე მიუღია ეს პრიზი. ამერიკელი მწერალი ტონი მორისონი კი ერთადერთი შავკანიანი ქალი ლაურეატია ჯილდოს ისტორიაში. გამარჯვებულთა უმრავლესობა თეთრკანიანია, სამაგიეროდ, მრავალფეროვანია მათი ცხოვრებისეული გამოცდილებები და მოიცავს შიმშილობას, ომებს, ემიგრაციას, უკანონო ურთიერთობებს, დედობას, ჩაგვრას და არაერთ სხვა რამეს.

გაბრიელა მისტრალი
ტონი მორისონი

და მაინც, რას ნიშნავს ნობელის პრემია ლიტერატურაში? რა გავლენა აქვს მას ქალი ავტორების შემოქმედებასა და ცხოვრებაზე? ზოგიერთი მათგანისთვის, მაგალითად, ბელარუსი სვეტლანა ალექსიევიჩისა და ავსტრიელი პოეტისა და მწერლის, ჰერტა მიულერისთვის, ეს ნიშნავს მოულოდნელ ხილვადობას: ახალი თარგმანები, ხელახალი გამოცემები, ჟურნალ-გაზეთები, პუბლიკაციები. სხვებისთვის (ლესინგი, მორისონი, სამხრეთ აფრიკელი მწერალი ნადინ გორდიმერი) ესაა საძირკველი მათი მონუმენტური კარიერისა, რომელსაც დიდი ხნის წინ უწინასწარმეტყველებდნენ.

სვეტლანა ალექსიევიჩი
ჰერტა მიულერი

ყველა შემთხვევაში, ჯილდო გულისხმობს დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს და სულ მცირე დროებით მაინც გაყიდვების ტემპის მკვეთრ ზრდას. თუმცა პერსონალურად გამარჯვება მათთვის განსხვავებული გამოცდილებაა.

ვისლავა შიმბორსკას მეგობრები მის გამარჯვებას „ნობელის ტრაგედიას“ უწოდებდნენ, რადგან განმარტოებული პოლონელი პოეტი ვეღარ ახერხებდა წერას გადაჭარბებული და შემაწუხებელი ყურადღების გამო. სამაგიეროდ, მორისონმა შეკრიბა მეგობრები სტოკჰოლმში, ჯილდოს აღსანიშნავად – „მომწონს ნობელის პრემია, რადგან იციან, როგორ უნდა მოაწყონ წვეულება“ – ამბობდა მორისონი.

ვისლავა შიმბორსკა

2015 წელს ნობელის პრემიის მიღებამ ვერ დაიცვა ალექსიევიჩი, რომელიც 2020 წელს მეორედ გააძევეს ქვეყნიდან. მას გაქცევა მოუხდა და იძულებული იყო, სახლში დაეტევებინა თავისი ხელნაწერების ნაწილი.

მიუხედავად იმისა, თუ რას ნიშნავს მათთვის ეს აღიარება პერსონალურად, მათი სახელების გვერდით ყოველთვის წერია „ნობელის პრემიის ლაურეატი“. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პერსპექტივით უყურებენ მკითხველები ნობელის ისტორიას, პროცესს, სტატისტიკას, ეს წოდება მაინც ეუბნება ყველა მათგანს, რომ ამ მწერლების ნაწარმოებებს რაღაც გამოარჩევს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, საიდანაა მწერალი, რაზე და ვისზე წერს, პრიზის მიღებისას მას მნიშვნელოვანი დავალება აქვს: უნდა იპოვოს „შესაბამისი სიტყვები“ ლექციისთვის.

გამარჯვებული მწერლების სანობელე ლექციებში განსხვავებული იდეებია გაჟღერებული ლიტერატურისა და მწერლის როლის შესახებ. განსხვავებულია თემებიც, რომლებზეც ლაპარაკობენ – ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურ თემებზე კონცენტრირდება, ზოგიერთს უფრო პერსონალური ამბები აინტერესებს. არიან ისინიც, ვინც უნივერსალურ გამოცდილებებსა და პრობლემებზე ამჯობინებენ საუბარს. თუმცა ყველა მათგანის სიტყვები შეიცავს კომპლექსურ და საინტერესო დაკვირვებებს.

მაგალითად, მცირე პროზის ოსტატი მანრო ამბობდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ კანადის პატარა ქალაქის ცხოვრებაზე უნდა დამეწერა, რადგან ნებისმიერი ცხოვრება შეიძლება იყოს საინტერესოო.

მორისონი, რომლის რომანებიც იკვლევს შავკანიანი ამერიკელების ცხოვრებას და გამორჩეულია პოეტური ენით, სანობელე ლექციაში ზოგადად ენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ლესინგის (ხშირად ცინიკურად რომ წერს რომანებში პოლიტიკის, კოლონიალიზმისა თუ ადამიანური ურთიერთობების შესახებ) სიტყვები დამაიმედებელია: ჩვენი ამბები და მეზღაპრე თავიდან შეგვქმნიან, როცა შუაზე გავიხლიჩებით, ტკივილები გამოგვხრავენ ან სულაც გავნადგურდებით. მეზღაპრე, მეოცნებე, მითების შემქმნელი – ეს ისაა, რაც ჩვენში საუკეთესოა, ამ დროს ყველაზე მეტად შემოქმედებითები ვართ“.

მიულერის შემოქმედება რუმინეთში ჩაუშესკუს დიქტატურისას ცხოვრების იმპრესიონისტულ, ემოციურ სურათებს ქმნის. „ყველაფრის შემდეგ, რაც უფრო მეტ სიტყვას დავიჯერებთ, მით უფრო თავისუფლები გავხდებით“ – ამბობს ის.

„პოეზიის ენაში, სადაც ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია, არაფერია უჩვეულო ან ნორმალური… არაფრის და არავის არსებობა…“ – ეს კი ვისლავა შიმბორსკას სიტყვებია.

თითოეული მწერლის სანობელე ლექცია შეიცავს რაღაცას, რაც მათ ინდივიდუალურ შრომას აერთიანებს საერთო ტერმინის, ,„კაცობრიობისთვის სასარგებლოს“ ქვეშ. ყველა მათგანს თავისებურად (დროის, ადგილის, პოლიტიკის არეკვლით) შეუძლია, ახსნას ვრცელი, საერთო ამბის რაღაც ნაწილი. მაგრამ თუ მათ ლექციებში სლოგანის მოძებნას გადავწყვეტთ, ეს ალექსიევიჩის სიტყვები უნდა იყოს – მან მკითხველებსა და მწერლებს ერთდროულად შეახსენა:

„ამ სცენაზე მარტო არ ვდგავარ. ჩემ გარშემო ხმებია, უამრავი ხმა“.

© არილი

Facebook Comments Box