ესე

ნოდარ კაკაბაძე – ბიბლიოფილის ჩანაწერები

ბიბლიოფილის ჩანაწერები
ნოდარ კაკაბაძე
“Habent sua fata libelli” ანუ ერთი წიგნის თავგადასავალი

1993 წლის შემოდგომაზე მივლინებაში ვიმყოფებოდი შუასაუკუნეობრივი ლამაზი პატარა გერმანული ქალაქის – ბამბერგის (ბავარია-ზემო ფრანკონია) უნივერსიტეტში. 15 გიორგობისთვეს უნივერსიტეტში ყოფნისას მითხრეს, ვისაც მოხუცებული კაცი გკითხულობსო; ადგილობრივი გაზეთის მეშვეობით შეეტყო, რომ ამჟამად ბამბერგში უნივერსიტეტის სტუმარი ყოფილა ვიღაც ქართველი. უცნობი 83 წლის ვერნერ პეტრატი აღმოჩნდა, რომელმაც მაჩუქა გრიგოლ რობაქიძის რომანის – “გველის პერანგის” გერმანული თარგმანი, 30-იან წლებში ბერლინის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში რომ შეუძენია. ჩემთვის ეს თავისთავად უკვე საინტერესო იყო, მაგრამ ინტერესს ზრდიდა დამატებითი გარემოება: ეს წიგნი ბერლინში 1931 წლის 24 ივნისს წარწერით უჩუქებია თვითონ გრიგოლ რობაქიძეს ერთ დროს საკმაოდ ცნობილი გერმანულენოვანი ებრაული ჩამომავლობის ავსტრიელი მწერლისათვის – ვილი ჰააზისათვის: “ბატონ ვილი ჰააზს გულითადად გრიგოლ რობაქიძე”. ისიც საინტერესოა, რომ, ამის გარდა, გრიგოლ რობაქიძეს იმავე გვერდზე რატომღაც ქართულად წაუწერია ნაწყვეტი თავისივე ლექსიდან “დოგის სიკვდილი”. რა კავშირი აქვს ამ ლექსს ვილი ჰააზთან, ჩემთვის გაუგებარია. აი, ეს ნაწყვეტიც:
თუჯურ ახვეწილ და გაშვეტილ ასპიდის ტანზე
მზე დინგიანი გილოკავდა ჭრელთვალა ხალებს,
გავარდებოდი არქენილი ტორებით განზე:
ცხელი კუნთებით არეკილით თასმავდი ალებს:
შენი თვალები, – გადაჰკრავდა სხვაფერი თვითოს:
ჟღალი და ლუში დამუქული ეგვიპტის ქვები –
შენი თვალები გახელებით იჭერდნენ ხვითოს:
გველი რომ ესვრის ყვითელ ალმურს ჯავარი რქებით.
(ლექსიდან “დოგის სიკვდილი”)
გრიგოლ რობაქიძე
ბერლინი
24.7.1931.

ახლა ორიოდ სიტყვით: ვინ იყო ვილი ჰააზი?
ვილი ჰააზი (ფსევდონიმი კალიბანი) დაიბადა 1891 წლის 7 ივნისს პრაღაში (გარდაიცვალა 1973 წლის 4 სექტემბერს ჰამბურგში).
იგი მიეკუთვნებოდა პრაღელ ლიტერატორთა წრეს, რომელშიც შედიოდნენ განთქმული და მნიშვნელოვანი მწერლები: ფრანც ვერფელი (ექსპრესიონისტი მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი); XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედი. სხვათა შორის, მას ეკუთვნის რომანი “მუსა დალის ორმოცი დღე” I მსოფლიო ომის დროს თურქთა მიერ სომხების გენოციდზე; საინტერესოა ვერფელის რომანი “ვერდი”, რომელშიც იტალიელ კომპოზიტორს უპირისპირდება მისი ანტიპოდი რიჰარდ ვაგნერი. ალბათ, ვერფელის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანი – “დაუბადებელთა ვარსკვლავი”. ქართულ სცენაზე 1925 წელს წარმოადგინეს ვერფელის პიესა “შპიგელმენშ” (“კაცი სარკიდან”); შემდეგ: ფრანც კაფკა; მაქს ბროდი (ეს ის მწერალი ბროდია, რომელსაც კაფკამ ანდერძად დაუტოვა ყველა გამოუქვეყნებელი კაფკასეული ნაწარმოების განადგურება, მაგრამ ბროდმა კაცობრიობისდა საბედნიეროდ არ შეუსრულა მეგობარს თხოვნა და მსოფლიოს გადაურჩინა გენიალური პროზაიკოსი!). ამავე წრეში შედიოდა პაულ კორნფელდი, ამ მწერალთა შორის შედარებით უცნობი (ყოველ შემთხვევაში ჩვენში) ექსპრესიონისტი ლიტერატორი. იგი 1941 წელს ლოძში ნაცისტებმა მოკლეს საკონცენტრაციო ბანაკში.
აღსანიშნავია, რომ ესენი ყველანი ებრაული ჩამომავლობის გერმანულენოვანი პრაღელი მწერლები იყვნენ.
ვილი ჰააზი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძემ 1931 წელს აჩუქა თავისი “გველის პერანგი”, ცნობილი იყო, როგორც მკვლევრები და მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ფენომენალური ნაკითხობით, ლიტერატურული განათლებისა და ბასრი კრიტიკული ალღოთი; როლფ იტალია ანდერმა, ჰოლანდიურ-გერმანული ჩამომავლობის მწერალმა, კულტურის ისტორიკოსმა, გერმანისტმა, ესეისტმა ვილი ჰააზს უწოდა “თავისი დროის მთელი ლიტერატურული სამყაროს მწყემსთმთავარი”.
და რაც მთავარია, და მე ვფიქრობ, ამითაა ვილი ჰააზი უპირატესად გერმანული ლიტერატურის მოყვარულთათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი: 1939 წელს მილენა იესენსკამ – ფრანც კაფკას ერთ-ერთმა შეყვარებულმა, ვილი ჰააზს მთლიანად აჩუქა კაფკას ამ ქალისადმი გაგზავნილი ყველა წერილი და ეს წერილები ჰააზმა ცალკე წიგნად გამოაქვეყნა. ამ ეპისტოლარული ბარათების კრებულის გარეშე კაფკას ბიოგრაფიაში საგრძნობი ხარვეზი დარჩებოდა შეუვსებელი: ჩვენ არ გვექნებოდა ძვირფასი წყარო კაფკას ბიოგრაფიისა; ფრანც კაფკა “წერილები მილენასადმი”…
… 1933 წელს, ე.ი. 2 წლის შემდეგ რობაქიძის წიგნის გაცნობიდან, ვილი ჰააზი იძულებული გახდა ანტიფაშისტურ ემიგრაციაში გაქცეულიყო – იმ გაწამაწიასა და არეულობაში, როგორც ჩანს, თავისი ბიბლიოთეკა მიმოებნა. თუ როგორ აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძის მიერ ნაჩუქარი “გველის პერანგი” ბერლინის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში, უცნობია, სადაც ეს წიგნი 30-იან წლებში შეუძენია საბოლოოდ ბამბერგში დასახლებულ ვერნერ პეტრატს. ამ წიგნის თავგადასავლის “ფინალი” ჩემი წერილის დასაწყისში აღვწერე. ახლა ეს წიგნი ჩემს პირად ბიბლიოთეკაშია.
მართლაც, წიგნებსაც აქვთ თავიანთი ბედი: Habent sua fata libelli! არის კი ეს ამ წიგნის თავგადასავლის ბოლო! იქნებ, ჩემ მერე იგი სულ სხვაგან აღმოჩნდეს, რადგან ჩემს სიახლოვეს მე ვერ ვგრძნობ მისით ძლიერ დაინტერესებას.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box