ესე,  კრიტიკა,  პორტრეტი

ნუგზარ ზაზანაშვილი – თამაში და მელანქოლია

2011 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ყოველწლიურ გამოცემაში “კრიტიკა” (6) გამოქვეყნდა ჩემი წერილი “წინადღეს”, რომელიც ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეძღვნება. ამ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენში “პერიოდებიანი” პოეტი (თუ იძულებითი სოცრეალიზმის პერიოდს გამოვრიცხავთ) ძალიან ცოტაა და ერთი მათგანი სწორედ ვახტანგ ჯავახაძეა: “ეგზისტენციური” პერიოდის შემდეგ ის პოსტმოდერნიზმის გზას გაუყვა.

ეს ჩემამდეც ჰქონდათ შემჩნეული მწერლებს – აი, რას ამბობს დავით წერედიანი: ვახტანგ ჯავახაძის პირველი პერიოდის ლექსი – “ერთ მოულოდნელ პოეტურ იდეაზე ასხმული ფაქიზი, ცოცხალი, ლირიკული ხვეული, რთული და ამავე დროს გამჭვირვალედ სადა” – თითქოსდა ასევე უნდა გაგრძელებულიყო, “მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს პოეტმა ეს გზა დასრულებულად ჩათვალა, (…) თავის ძირითად სათქმელად კი აქცია ლექსი-თამაში”. ამის გამო ცოტათი გული დამწყდა, მაგრამ როდესაც ახალი ლექსები წიგნად შეკრული ვნახე, სულ სხვა სურათი წარმომიდგაო: “ხალისიან, თითქმის უდარდელ ტონს მიღმა, სიტყვებისა და სტრიქონების თითქმის ჯამბაზურ ილეთებს მიღმა, როგორ მკაფიოდ ასახულიყო ჩვენი ყოფის აბსურდულობა, უმწეობა, ტრაგიზმი, თანაც ერთი ლირიკული წამოკვნესების გარეშე!” (ერთტომეული “ვახტანგური”, გამომც. საარი, 2012).

ახლა, მოდით, პოეტის მეორე – “ლექსი-თამაშის”, იმავე პოსტმოდერნისტულ  პერიოდზე გავამახვილოთ ყურადღება. ზოგადად პოსტმოდერნიზმზე ტარიელ ჭანტურიას პოეზიისადმი მიძღვნილ წერილში ვისაუბრე (“არილი” 8, 2018) და ამას აღარ გავიმეორებ და არც ვახტანგ ჯავახაძის მეორე პერიოდის პოსტმოდერნულობის დასაბუთებას დავუთმობ საჟურნალო სივრცეს – ეს ჩემამდე გააკეთეს ჩვენმა ლიტერატურათმცოდნეებმა; აი, მაგალითად, რას წერს ლევან ბრეგაძე ნარკვევში “პოსტსაბჭოური კულტურის სივრცე და ლიტერატურული პროცესი” (კრიტიკა 1, 2005): “გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან პოსტმოდერნისტულ პოეტურ ტექსტებს (კოლაჟებს, დეკონსტრუქციებს და სხვ.) უხვად ქმნის ვახტანგ ჯავახაძე. მის გამომგონებლობას ამ სფეროში არა აქვს საზღვარი, უამრავ ნაცად თუ ორიგინალურ პოსტმოდერნისტულ ხერხს ვხვდებით მის ლექსებში.” ლევან ბრეგაძეს უფრო ადრეც აქვს ეს აზრი სხვა წერილში სხვა სიტყვებით გამოთქმული. მე მხოლოდ ერთ კომენტარს დავურთავდი ამას. ჟურნალ “არილში” გამოქვეყნებულ ზემოთ ნახსენებ წერილში ნათქვამია, რომ ჭანტურია თავიდანვე პოსტმოდერნისტი იყო, ოღონდ ეს ალბათ თვითონაც არ ჰქონდა გაცნობიერებული. ჯავახაძეც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის სულერთია, როგორ “აკლასიფიცირებენ” მკვლევარები მის პოეზიას: პოეტი, ფაქტობრივად, ინტუიციურად გაჰყვა ამ ახალ გზას…

ჩემი განცდით, აი, რა მოხდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პოეტურ პროცესში. კიდევ ერთი ციტატა ლევან ბრეგაძიდან: “სამოცდაათიანი წლების შუა ხანებში პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში ერთ მძლავრ სტილურ ნაკადად ჩამოყალიბდა” (“სჯანი” 1, 2000). და ალბათ სწორედ სამოცდაათიანი წლები უნდა მივიჩნიოთ გარდატეხის პერიოდად პოეტურ პროცესშიც. ამ დროს (ან ცოტათი უფრო ადრე) რამდენიმე გამორჩეულმა პოეტმა გუმანით იგრძნო, რომ გვიანდელი მოდერნიზმის ხანა საქართველოშიც დასასრულს მიუახლოვდა – მან, ერთი მხრივ, მიაღწია თავის მწვერვალს, მაგალითად, ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში (ამ მხრივ, ჩემი აზრით, ერთგვარი ნიშანსვეტია ლექსების წიგნი “გულის მეორე მხარე”, 1974); ხოლო მეორე მხრივ, გვიანდელი მოდერნიზმი არასაკმარისად პროტესტულია, ზედმეტად ესთეტიკური თუ აკადემიურია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულების მშფოთვარე მსოფლიოსა და ლპობადი საბჭოეთის კონტექსტისათვის; საჭიროა რაღაც ახალი გზების მონახვა და სწორედ ამ ინტუიციურ, სპონტანურ ძიებაში იკვეთება პოეტი-ნოვატორების – და უპირველესად ჯავახაძისა და ჭანტურიას – ახლებული ესთეტიკური იდეოლოგია და შესაბამისი პოეტიკა.

წინათ მათ ხშირად აწყვილებდნენ და ქართულ პოეზიაში ეგრეთ წოდებული ირონიულ-პაროდიული ნაკადის (არსებითად, პოსტმოდერნის) დამაარსებლებად მიიჩნევდნენ და ეს ასეცაა.თუკი მათ “პოეტიკებს” შევადარებთ ერთმანეთს, ბევრ მსგავსებას ვიპოვით, თუმცა განსხვავებაც ბევრია და, ჩემი შეხედულებით, ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება ისაა, რომ ჭანტურია თავიდანვე რადიკალური თუ ექსტრემალურია; ჯავახაძე კი “ეგზისტენციური” პერიოდიდან პოსტმოდერნზე თანდათან გადადის და მის ლექსებში პირველი პერიოდის ოდნავ მელანქოლიური კვალი ბოლომდე მაინც არ ქრება… და შესაძლოა, ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყოს, უკანასკნელ დროს შექმნილი, ქართული პოეზიის შედევრი “ელეგია: ყელსაბამი”, თავისი ანაქრონული ელემენტით – რეფრენით: “გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ”… ჯავახაძის პოეზიის ამ ზოგად მახასიათებელზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

ვახტანგ ჯავახაძე ადრევე დაოსტატდა (ესეც შეამჩნიეს მკვლევარებმა), რაც –ცნობილია, რომ გამორჩეული ნიჭის ერთ-ერთი გამოხატულებაა: და პოეტი ზედმიწევნით ზუსტად გრძნობს თავისი ლექსის ნიუანსებს, მათ შორის თამაშისა და მელანქოლიურობის, მაჟორის და მინორის შერწყმასაც და იმასაც, რომ დროა, ესთეტიზმი ცოტათი გვერდზე გადგეს და“სიცილსაც” დაუთმოს ადგილი: ამ თვალსაზრისით 1987 წელს შექმნილი ეს ლექსი (“ირონიულ-პაროდიული”) “საპროგრამოდაც” შეიძლება ჩაითვალოს –

უკვდავების გარანტია:

მაჟორს მოსდევს მინორი!

პაროდია პარადია,

ირონია – მირონი.

დაუდგებათ დრო და დრონი

ნიღბებიან განჯინებს,

ატომმა და ნეიტრონმა

თუ ვერ გადაგვარჩინეს,

და სიცილი გადაარჩენს

ჩვენს ცოდვიან გვარ-ჯილაგს,

თუკი სილამაზემაც

ვეღარ გადაგვარჩინა.

* * *

ზემოთ ნახსენებ 480-გვერდიან “ვახტანგურს” “წინასიტყვაობის მაგიერ” წამძღვარებული აქვს ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნეებისა და პოეტების “მინი-რეცენზიები”, რომელთაგან ერთ-ერთი ზემოთ უკვე ვახსენეთ. მათ შორისაა ტარიელ ჭანტურიას მოკლე ჩანაწერიც, რომელიც ასე მთავრდება – “რაც შეეხება საკუთრივ ირონიულ-პაროდიულ ნაკადს, ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო და ჯეროვნად შეუფასებელი პოეტი ერთია ჩვენში ამჟამად: ვახტანგ ჯავახაძე.” ძნელი სათქმელია, ზუსტად რას გულისხმობს ტარიელ ჭანტურია, მაგრამ თუკი ლიტერატურულ შეფასებაზეა საუბარი, თავს უფლებას მივცემ, ნაწილობრივ არ დავეთანხმო ბატონ ტარიელს: შესაძლოა, მართლაც აკლდა ჯავახაძის პოეზიას კვლევა, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ის ლიტერატურულმა კრიტიკამ მთლად უყურადღებოდ დატოვა: მას არაერთი წერილი მიეძღვნა და არა მხოლოდ 21-ე საუკუნეში, არამედ ადრეც, საბჭოთა პერიოდშიც (2019 წელს კი ჯავახაძის პოეზიაზე სამაგისტრო ნაშრომიც შეიქმნა: ავტორი – ელენე ღვინეფაძე, ხელმძღვანელი – თამარ პაიჭაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ლიტერატურათმცოდნეებმა თავიდანვე შეამჩნიეს ვახტანგ ჯავახაძის “თამაშისადმი მიდრეკილება” და შესაბამისი პოეტიკური ფორმების სიუხვე. თუმცა, ამ გარემოებასაც მცირე დაზუსტება ესაჭიროება: მოგეხსენებათ, რომ იოხან ჰიოიზინგა თამაშს საერთოდ ადამიანის არსის განმსაზღვრელ თვისებად მიიჩნევდა – მისი აზრით, ადამიანი არის “მოთამაშე ადამიანი” (Homo ludens) და თამაში კულტურის ნაყოფი კი არ არის, არამედ მისი საფუძველია. კულტურის სხვა არაერთი მკვლევარი თუ ფილოსოფოსი ხელოვნებასთან მიმართებით იგივეს ამბობს. ამიტომ იმის კონსტატაცია, რომ ვახტანგ ჯავახაძის თუ სხვა პოეტის შემოქმედებაში თამაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს – ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, ჯავახაძის პოეზიასთან მიმართებით სხვანაირად უნდა ითქვას: თამაში მისი ლექსის პოეტიკური საფუძველია, ვახტანგ ჯავახაძის მთელი მეორე პერიოდი თამაშზე დგას – ირონიასთან, სატირასთან და გროტესკთან შერწყმულ თამაშზე და ეს ჰიოიზინგას იმ განსაზღვრებასთან შეიძლება დავაკავშიროთ, სადაც ფილოსოფოსი თამაშზე, როგორც თავისუფალ ქმედებაზე საუბრობს.

ჯავახაძის პოეტიკური ფორმებიც გაანალიზებულია ჩვენი მკვლევარების მიერ: მის “სათამაშოების ყუთშია”ისეთი ფორმები, როგორიცაა – გამოცანა, ბავშვური გათვლა, ენის გასატეხი, ზღაპარი, ანდაზა, ხალხური თქმა, ზოგადად იდიომატიკა და სხვ. და ასეთი ლექსები ხშირად აწყობილია – ჯავახაძის პოეზიისათვის ასევე ზოგადად დამახასიათებელ – სიტყვებით თამაშზე, ახლებურ (თუ აღორძინებულ ძველებურ) რითმებზე, ალიტერაციებსა და სხვა მსგავს ელემენტებზე – მაგალითად, წავიკითხოთ ბოლო დროინდელი “მაჯამა – მარაო”:“მსურს მკათათვის მარაო / მოვიწარამარაო, / მწიფობისთვის ნიავი / ვიდრე მეტყვის: კმარაო!” (2019); უფრო ადრინდელი (“სოფელი გამახსენდა”):“მახსოვს ჩიტების ჩაჭიკჭიკება, / მახსოვს ტაჭკების ჩაჩიქჩიქება, / მახსოვს სეფა და შუმი ღვინო და / ჩაის ჭიქების ჩაჭიქჭიქება.”(2008); ძველი ლექსებიდან – “აჟღურტულდა, აჟღურტულდა ბეღურა, / წამოიწყო ძველი ხასანბეგურა. / გაიხსენა ძველი ხასანბეგურა, / დაივიწყა ვალები და ბეგარა. / დაივიწყა ვალები და ბეგარა, / დაივიწყა ბაწარი და ბაგირი (…)”; ისევ ძველები – სარითმო მოლოდინის გაცრუებაზე და “უკუღმა-ანდაზებზე” თუ უკუღმა-ხალხურ იდიომებზეაწყობილი: “რაც უნდა იჩალიჩო, / რაც უნდა იბობოქრო, / მაინც იელვებს თმაში / თითო-ოროლა ვერცხლი (…)”; ან:“ყველაფერი შეიცვალა, შენ ხარ ჩემი ბატონი, / კოკამ წყალი მოიტანა, ძაღლმა იცნო პატრონი.” პოეტი საკუთარ ასაკსაც კი “ეთამაშება” (ლექსიდან “დღეს შემისრულდა ოთხმოცდასამი…”): მსაჯულმა შემომიტია (მე ვისმენდი და ვითმენდი): / რისი ოთხმოცდასამიო: ასს გამოვაკლოთ ჩვიდმეტი! / (…) / ხვალ ანას წიგნი დამიცავს, ხვალზეგ – მურმანის წიგნები, / გაისად ასს გამოვაკლოთ თექვსმეტი წლისა ვიქნები.

სიტყვებით თამაში უკიდურესობამდეა მიყვანილი 2006 წელს შექმნილ 12-მონაკვეთიან ციკლში “დანაღმული რითმები”. აქ თვითონ ამ თამაშზე არანაკლებ საინტერესოა ციკლის ეპიგრაფი: “მესამე ლექსი კარგია”… შ ო თ ა   რ უ ს თ ა ვ ე ლ ი; გასაგებია, რომ საუბარია “სალაღობო, ამხანაგთა სათრეველ” ლექსზე… და მე მგონია, რომ ესეც ჯავახაძის პოეტურ კრედოზე მიანიშნებს – ლექსმა კიდეც უნდა გაართოს მკითხველი, გასართობ ლექსში ცუდი არაფერია… მხოლოდ ერთს დავამატებდი ამას: თუკი ასეთი ლექსი ნიჭიერი და დაოსტატებული პოეტის ხელიდანაა გამოსული.

თვითირონიული ინტონაცია მსჭვალავს ჯავახაძის მთელ შემოქმედებას და ამსუბუქებს მას: “თუ მომატყუეს თვალმა და ყურმა, / კვლავ უნდა ჩავრგო წიგნებში ცხვირი, / მე კარგად ვიცი, რა არის ხურმა, / მაშასადამე არა ვარ ვირი.”

ის ქმნის უჩვეულო, ახლებურ რიტმებს, მაგალითად, ერთსა და იმავე ლექსში კავშირების ხშირი ფუნქციური გამოყენებით – “ატმებთან და / ნუშებთან და / წყაროსთან და / ნაკადულთან / გათენდა და / გაბრწყინდა და / გამწვანდა და / გაზაფხულდა.”

ვახტანგ ჯავახაძემ, ასევე “თამაშ-თამაშ”, ააღორძინა ქართულ პოეზიაში გრაფიკული ლექსი, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, აპოლინერის გამოგონება თუ არა, მის მიერაა თავის დროს მოდერნისტულ-ავანგარდისტულ პოეზიაში შემოტანილი, რითაც ჩვენში ფუტურისტები და ფუტურისტულ პოეტიკაზე მდგარი ადრეული ალიო მირცხულავა “სცოდავდნენ”. ჯავახაძის გრაფიკული პოეზიიდან შეიძლება დავასახელოთ, მაგალითად (კრებულიდან “მეშვიდე”, გამომც. მერანი, 1974) – “გზადაგზა”, “პირამიდა”, “კიბე”, “აღმართი და დაღმართი”, “ქარწვიმა”; გავიხსენოთ, ასევე, “ავტოპორტრეტი”, შუა დატოვებული, ვახტანგ ჯავახაძის სახის ოვალს მიმსგავსებული, ცარიელი სივრცით – რომლითაც იხსნება ერთ-ერთი სხვა კრებული (“მარტი აპრილი მაისი”, გამომც. მერანი, 1977) და სხვ. ამავე რიგს ეკუთვნის ძალიან საინტერესო სერია “აცაბაცა” (ნახატი პალინდრომები).

ტარიელ ჭანტურიასადმი მიძღვნილ წერილში იმასაც ვწერდი, რომ “პაროდიული” მთლად ზუსტი განსაზღვრება არ არის და ეს ვახტანგ ჯავახაძის ლექსსაც ეხება: მათთან მიმართებით პაროდიაზე, პაროდიულობაზე, პაროდირებაზე მხოლოდ იმავე ირონიულობის (ფართო გაგებით) “ქოლგის ქვეშ” შეიძლება ვისაუბროთ, მაგალითად, რომელსამე ძველი ტექსტისადმი თუ “პერსონაჟისადმი” ირონიულ დამოკიდებულებაზე, მის პაროდირებაზე თუ პოეტურ დეკონსტრუქციაზე; ხოლო რასაც საბჭოთა კრიტიკა და ფართო მკითხველი გულისხმობდა და გულისხმობს – ეს უფრო სატირაა, ხშირად გროტესკამდე, კარიკატურულობამდე მიყვანილი სატირა. ჯავახაძეს, სოციალურ-პოლიტიკური დისკურსით, ბევრი ასეთი დასამახსოვრებელი ლექსი აქვს შექმნილი და ამ თვალსაზრისით ის, ჩემი განცდით, ილიას და აკაკის უშუალო მემკვიდრეა (ამ კონტექსტში შეიძლება გავიხსენოთ საინტერესო და ნიშნეული ლექსი “აკაკი”, სადაც აკაკი მხოლოდ სათაურშია ნახსენები, ლექსი კი მისი სახელის მოლოდინზეა აწყობილი – “ილია და…”):“არ დაელია ლუარსაბების /ქვეყანას პურის ჭამის საბაბი. / უცხოვრია თუ უარსებია – / ყველა ქართველი ლუარსაბია.”; პოეტი ადრეც მაინცდამაინც არ ერიდებოდა და არც ახლა ერიდება ძლიერთ ამა ქვეყნისა, სკამის და ფულის მოყვარულებს: “ესე პარლამენტარი ქუჩაშიაც ნაგლია, / და ქუჩაში არა მარტო მიკროფონი აკლია. / უცებ – უმიკროფონო! – შიშველია! შიშველი! – / არაფერი ეშველება, ისემც ღმერთი გვიშველის!”

ამ ყაიდის ლექსებში ლექსიკაც შესაფერისია: პოეტი ხშირად იყენებს სლენგს და ხანდახან არც უწმაწურ სიტყვებს თუ მინიშნებებს უფრთხის.

ზემოთ გაკვრით აღინიშნა, რომ პოეტი ქმნის ახლებურ რითმებს; თუ დავაზუსტებთ – ჯავახაძე რითმიანი ლექსის ერთგული და დიდი ოსტატია: “ნეტავ რამდენს აიწონის წყვილი ასეთნაირი: / ათი ტონა ვერლიბრი და ათი ტონა შაირი? / შედარება დავაწყვილე შეჯიბრებისნაირი: / ასი ტონა ვერლიბრი თუ ასი ტონა შაირი? / აბაზი და შაური და იორი და შაორი: / ვერლიბრი და ვერლიბრი თუ შაირი და შაირი? / უნებლიეთ გამახსენდა ხელაშვილი მიხა და / მე შაირი არ მინდოდა, მე შაირი მიყვარდა.”

თუკი პოეტურ “ხატწერაზეც” ვიტყვით ორიოდ სიტყვას – ჯავახაძის პოეზიისათვის არ არის დამახასიათებელი ტროპების თუ ტრადიციული გაგებით მეტაფორების სიუხვე (და ესეც პოსტმოდერნულობის ნიშანია). მისი ლექსისთვის მეტად დამახასიათებელია “შენიღბული”, არა თვალშისაცემი პოეტური სახე, ისეთი, როგორსაც ეს ძველი რამდენიმე სტრიქონი ქმნის (“მეზობლები”):

 

რწყავენ პალმებს და კაქტუსებს,

მშვიდად ცხოვრობენ ასე:

ზოგი –

მეშვიდე სართულზე,

ზოგი –

მეშვიდე ცაზე.

* * *

პოეტიკური ფორმები, ხერხები, ელემენტები, რაც წინა მონაკვეთში მოკლედ მიმოვიხილეთ,  კარგადაა ცნობილი, ხოლო ის, რაც ნაწილობრივ თავში მივანიშნეთ და რასაც ახლა განვიხილავთ – შედარებით ნაკლებადაა გაშუქებული.

ვახტანგ ჯავახაძე თავის ლექსებში სხვა ჩვენს პოეტებზე გაცილებით ხშირად, შეიძლება ითქვას – რეგულარულად, იყენებს რიცხვებს თუ ციფრებს (რაც ზემოთ ციტირებულ ლექსებშიც იგრძნობა): “მერვე კვარტლის მეცხრე კორპუსს / მეცხრამეტე ბინა / მეოცეზე ორჯერ მეტად / გაენათებინა”; “გზის ნაპირას, კაკლის ჩრდილში, / იდგა ოთხი სკამი / (არასოდეს არ ყოფილა / ორჯერ ორი – სამი). / ჩრდილში მგზავრმა შეისვენა / მხოლოდ ოთხი წუთით / (არასოდეს არ ყოფილა / ორჯერ ორი – ხუთი)”; “მეორემ უთხრა მესამეს, – / შენ გჯობიაო მეშვიდე” და სხვა მრავალი. იმდენად ხშირად გვხვდება ჯავახაძის ლექსებში რიცხვები/ციფრები, რომ კაცი შეიძლება, დაეჭვდეს – რამე ხომ არ არის აქ კოდირებული, რიცხვების მაგიაზე ხომ არ მიგვანიშნებს პოეტიო? ერთ-ერთ შესანიშნავ ლექსში კიდეც ვხვდებით ამ სინტაგმას – “მაგიური რიცხვები”. ამის მიუხედავად, მგონია, რომ არაფერ საკრალურს პოეტი არ გულისხმობს – ვახტანგ ჯავახაძისათვის ზოგადად უცხოა “მაგია”, ენიგმატურობა, განსაკუთრებული სიმბოლიკა თუ ქვეტექსტები და, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ასეა: როგორც ჩანს, ესეც უკავშირდება ისევ და ისევ თამაშის, ბავშვური გათვლების მომენტს – ჯავახაძე რიცხვებითაც თამაშობს, რაც კულმინაციურად ასეთი “დაშიფრული” ლექსით გამოიხატა, რომელიც დიდი ხნის წინ კი დაიწერა, მაგრამ მსგავსი გამომსახველობა – სიტყვის ან სიტყვის ნაწილის რიცხვებით თუ ციფრებით წარმოდგენა – სწორედ დღესაა პოპულარული, განსაკუთრებით – დასავლეთში (“მ7 ღმ1”):“და9 ღმ1, გ100ნჯა შარბ10 და თ100, / მ20ქულებს უსუ8 ბრძ0 ხ100-10, / და100ა პარნ100ს იშვი10 დ100, / და100ზმრა სამ4ის შ2 10ნ10” (…).

ასე, თამაშ-თამაშ, უსწრებს ხოლმე დროს ვახტანგ ჯავახაძე და აი, ამის კიდევ ერთი მაგალითი: პოეტი უკვე 1977 წელს გრძნობს ციფრების და ნომრების მოძალებას (რასაც დღეს კიდევ პაროლები და პასვორდები დაემატა): “ითვლის და ითვლის გონება / სწრაფი და დაუცხრომელი, – / რომელი დავიმახსოვრო, / რომელი ერთი ნომერი? / სახლის თუ ბინის ნომერი, / რომელი, მაინც რომელი – / ფოსტის, პასპორტის, მანქანის, / მანქანის ფერის ნომერი? / (…) / მესამე ათასწლეული / გვიახლოვდება ღიღინით / და თავისქალა მძიმდება / ტელეფონების წიგნივით.”

ახლა ცოტათი სხვა რაკურსით შევხედოთ ამ ლექსს: ყველაფერი თითქოს ნათქვამია, ყველაფერი თითქოს ნათელია, მაგრამ მკითხველი მაინც აღიქვამს რაღაც სხვასაც, ანუ ლექსის ზემოქმედების ველი მაინც სცდება უშუალოდ ნათქვამს. ამ შემთხვევაში ეს ველი მკითხველში შეიძლება წარმოშობდეს ერთგვარ “გაუცნობიერებელ განცდას”: პოეტი პირველ პირში კი საუბრობს, მაგრამ მკითხველი გრძნობს, რომ ლექსი მასზეცაა, რომ პოეტს ეცოდება ნამდვილი ცხოვრებისაგან გაუცხოებული, “ციფრებში გამომწყვდეული” ადამიანი, პოეტი თანაუგრძნობს მას.

და ასეთი ინტერპრეტირების გზით მივდივართ ჯავახაძის პოეტური სამყაროს, ჩემი აღქმით, ერთ-ერთ უმთავრეს, სასაფუძვლო მახასიათებელთან: იმ, ერთი შეხედვით ძნელად შესამჩნევ ველთან, იმ ენერგიასთან, იმ გამოსხივებასთან, რაც “მოთამაშე” სიტყვებსა თუ ტექსტს თან ახლავს და თან მათზე გაცილებით მეტია. მოდით, ცოტათი კიდევ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს.

“რა არის ფილოსოფიური პოეზია დღემდე ვერ გავიგე. ფილოსოფიური ლირიკა ხომ მით უმეტეს. (…) გაცვეთილ-გადაღეჭილი თემატიკა, ყოვლად ტრივიალური მედიტაციები. ყველანი ერთ თარგზე ჭრიან, ხალხური ანონიმებიცა და მსოფლიო კორიფეებიც, – რომ ცას ვერავინ გამოვეკერებით და რომ თვალის ერთი დახამხამებაა ეს ოხერი… შემთხვევა არ მაგონდება, შიგ ფილოსოფიასთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული რამე ამომეკითხოს. თუ დროდადრო კარგი ლექსი გამოერევა, გასაგებია, – ყოვლად ტრივიალურ თემაზეც შეიძლება შედევრი დაიწეროს” – ამბობს დავით წერედიანი. ის ამ აზრს სხვაგან კიდევ უფრო აზუსტებს – პოეზია თვითკმარიაო, ფილოსოფია ხელოვნების სხვა დარგია და ლექსში ფილოსოფიური ციტატები, ლექსის ღირსება კი არა, ნაკლიაო (დავით წერედიანი. “თემა და ვარიაციები”, გამომც. ინტელექტი, 2018)…

და ზუსტად ასეთი პოეტია ვახტანგ ჯავახაძე – “არაფილოსოფიური”, რომელსაც ხელეწიფება, “ყოვლად ტრივიალურ თემაზეც შედევრი დაწეროს” (და აქაც შეიძლება ჩვენი, ზემოთ უკვე ნახსენები, კლასიკოსები გაგვახსენდეს). შედევრია თუ არა ქვემოთ მოყვანილი ძველი ლექსი, არ ვიცი, მაგრამ ჭეშმარიტი პოეზია რომ არის – ეჭვი არ მეპარება. ლექსი პოპულარული იყო თავის დროს და, მე მგონი, მას დღესაც ჰყავს მკითხველი: შედის პოეტი უგამყიდველო მაღაზიაში (იყო ასეთები საბჭოეთში), ხედავს – ბლომად, ერთმანეთზე დახორაგებულ პომიდორს (თუ პამიდორს – ხალხურად), ვედროებიანი მშიერი საბჭოთა ადამიანების რიგს და… ირთვება პოეტური ასოციაციური წარმოსახვა: პამიდორების წითელი გროვა – ხანძარი, ხალხი ცეცხლის რიგში, ვედრო – ცეცხლის საქრობი პრიმიტიული საშუალება და – წავიდა! –

უგამყიდველო მაღაზიაში

პამიდორების ხანძარი ენთო

და ცეცხლის რიგში უსიტყვოდ იდგა

ორასზე მეტი მშიერი ვედრო.

ისე იღვროდა მუქი ალმური

ვერ გაარჩევდი ვისმე და რასმე,

არ ისვენებდა ოთხასი ხელი –

თავგანწირული სახანძრო რაზმი.

უხმოდ გაჟონა ალმა სისხლივით,

უცებ მოედო ვეება კვარტალს,

ათასზე მეტი კოცონი ენთო

ყველა კიბესთან და ყველა კართან.

ყველამ ჩაცეცხლა თავისი წილი

და როცა გაქრა შიში და ზაფრა,

უგამყიდველო მაღაზიაში

პამიდორების ხანძარი ჩაქრა.

რის შესახებაა ეს ლექსი? ზუსტად იმის შესახებ, რაც ლექსში წერია – არავითარი განსაკუთრებული ქვეტექსტი ლექსს არ გააჩნია; და თუ რამ ქვეტექსტზე საუბარი მაინც შეიძლება, უფრო სწორედ, ქვეტექსტზე კი არა, ლექსის სუგესტიურ ზემოქმედებაზე, უხილავ გამოსხივებაზე, მაშინ ეს “ქვეტექსტი” – ის, რაც ლექსის გამოსხივებას თავისი წყაროდან ჩვენამდე მოაქვს – არის ადამიანის, უბრალო ადამიანის სიყვარული, მის მიმართ გამოხატული გულწრფელი თანაგრძნობა, თანაგანცდა… და ამას ვერც მსუბუქად ირონიული ტროპები და ინტონაცია ნიღბავენ; მე მგონი – პირიქით, უფრო ააშკარავებენ კიდეც: ლექსი ერთიანი პოეტური სახეა, რომელიც უბრალო ადამიანების ჩვეულებრივ, ყოფით სიტუციაში დაიბადა და იქვე დარჩა – არსად გასულა… (და ამ კონტექსტში გამახსენდა ჯავახაძის ერთ-ერთი ლექსის ბოლო ტაეპი: “ჩაგა-ჩარლი-ჩაპლინებს”, რაც ნიშნეული “წამოცდენა” მგონია)…

და შესაძლოა, ასეთი “ქვეტექსტი” ყველაზე ღრმაც იყოს… “წინადღე”-ში აღვნიშნე: “(…) ბოლო ნახევარი საუკუნის ქართული პოეზიის ნაკადში ვახტანგ ჯავახაძის ლექსი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად “ადამიანურია”, თანამგრძნობელია, გულწრფელია, გახსნილია: კითხულობ და აშკარად გრძნობ –პოეტს უყვარს ადამიანი, უყვარს ყველა მისი სისუსტით, შეცდომით (…)”; სხვა სიტყვებით: ეს მკაფიოდ გამოხატული “ადამიანური ვექტორი” მსჭვალავს ვახტანგ ჯავახაძის მთელ შემოქმედებას – ადრეულ პერიოდსაც და მომდევნოსაც (სამ პერიოდზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს საჟურნალო ფორმატს შორს გასცდება).

და ჩემი აღქმით, სწორედ ესაა ვახტანგ ჯავახაძის პოეტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ზოგადი მხარე: პოეტური ტექსტის “არაფილოსოფიურობა”, არაქვეტექსტურობა, თვითკმარობა და იმავდროულად ძნელად მისაკვლევი, მაგრამ ადვილად აღსაქმელი, ძლიერი სუგესტიურობა (ზოგიერთი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ პოსტმოდერნიზმი და სუგესტიურობა ერთმანეთთან შეუთავსებელია: მე ასე არ მიმაჩნია – სუგესტიურობა ამა თუ იმ ხარისხით ყველა ნამდვილი ლექსისთვისაა დამახასიათებელი, გინდაც მოდერნისტული იყოს ის,  გინდაც პოსტმოდერნისტული და გინდაც სხვა ესთეტიკური იდეოლოგიის ფარგლებში მოაზრებადი).

* * *

ჩემი აღქმით, ამ გამოსხივების წყაროს კიდევ ერთი, უფრო ხელშესახები, განზომილებაც აქვს – ესაა ირონიული თამაშისა და ერთგვარი მელანქოლიურობის (ჯავახაძისთვის) ბუნებრივი შერწყმა (რაც თავშიც მივანიშნეთ). ბოლო დროს ყველაზე მკაფიოდ და დრამატულად ეს “ელეგია: ყელსაბამში” გამომჟღავნდა: უახლობლესი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულმა უმძაფრესმა განცდამ პოეტს შედევრი შეაქმნევინა და მეტად თვალსაჩინო გახადა ის, რასაც ადრე ცოტა ვინმე თუ ამჩნევდა. შოთა იათაშვილი წერს: “ბევრისგან გავიგონე ფრაზა, რომ ეს “ვახტანგ ჯავახაძის სხვანაირი ლექსია” (თუ პოემაა). სხვანაირობის განცდას (…), შესაძლოა, მისი ჟანრი, თემატიკა იწვევდეს, რაც ირონიულ-პაროდიულ ლექსთან, რომელიც ამ ავტორთან ასოცირდება, შესაბამისობაში ვერ მოდის. მაგრამ ეს, ალბათ, ტექსტის ზედაპირული ხედვაა. ჩემი დაკვირვებით, ვახტანგ ჯავახაძე სწორედაც რომ ერთგული რჩება საკუთარი პოეტური მეთოდების და მათი მეშვეობით ცდილობს თავისი მძაფრი განცდებისა და ტრაგიკულობის გამოხატვას. ეს კი გაორებულ განწყობილებას აჩენს ტექსტის კითხვისას: ერთი მხრივ, მკითხველი ერთვება ამ თანაგანცდაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს თანაგანცდა არაა უწყვეტი. სევდა, რომელიც გარკვეულ სტრიქონებს მოაქვს, ქრება, მერე ისევ ბრუნდება და ა.შ., ბოლომდე. (…) წერის პროცესი, რომელიც დიდხანს გრძელდება, მას ითრევს, სიტყვა ჩვეულ სტიქიაში აგდებს და ისიც უკვე ძველებურად ეთამაშება მას, რაღაცნაირად ადრინდელივით მხიარულად რითმავს, პოულობს კალამბურებს, ამიტომ ლექსის ინტონაციაც ხშირად მსუბუქდება.” (“ვახტანგ ჯავახაძის დაობლებული საგნები”, რადიო თავისუფლება, 10 თებერვალი 2017).

ამას ვამბობ – ეს შერწყმა არახალია: ჩემი განცდით, ვახტანგ ჯავახაძე ასე შეჰყურებდა და შეჰყურებს სამყაროს – თამაშის “თვალითაც” და მელანქოლიურადაც. თუ დავუკვირდებით, მის შემოქმედებაში ბევრ ასეთ ნაწარმოებს მივაკვლევთ; მაგალითად – ლექსიდან “ერთხელ მაინც”: ვისაც მოუსმენია ერთხელ მაინც თოვლისთვის, / მეც მომისმენს, გამიგებს, დამიცდის და მომიცდის. / (…) / ვის გზაზედაც – მთები და მთებზე – მონასტრებია, / ვისაც ერთხელ ბიჭვინთის ღამე მონატრებია. / (…) / ვინც გაურბის სერობას, როცა სხვები რჩებიან, / ვისაც სასიყვარულო დაუმესიჯებია; / ვისაც ანგელოზისთვის თვალი, ყურიც მოუკრავს, / ვისაც თავი ერთხელ მაინც მოუკლავს. ასეთივე დისკურსითაა შესრულებული: “ისევ დედას”, “იქვე წყვილი კიპარისი იდგა როგორც და-ძმა”,  “დაგიბერდა ბაბუა, მარიკუნა-მარიამ”,  “ქება სიბერკაცისა”,  “გალაკტიონის მოტივებზე (I)”, “გალაკტიონის მოტივებზე (II)”,  “შემომაბერდნენ ლექსები” და სხვ.; ან ასეთი არ არის – თუნდაც ცნობილი – “ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა”? ან კიდევ ასეთი არაა ვახტანგ ჯავახაძის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი, ძველი, ნახევარი საუკუნის წინ დაწერილი ლექსი, ჩემი აზრით, ასევე შედევრი – “ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი”? – არ არის მასში თამაშიც, ირონიაც და მელანქოლიაც ერთდროულად? ან, გნებავთ, ასევე ცნობილი “ბერიკაცი” გავიხსენოთ: “(…) მერე უცებ გაიბუტა ბერიკაცი ღრენია / და ოჯახში ორი ღერი სიტყვაც არ დასცდენია. / მიატოვა სამი შვილი და ოთხივე ბადიში, / ორღობეში გაეხირა, როგორც თევზი ბადეში. / ხუთი ვერსი გაიარა, გზაზე გიჟად მონათლეს, / ექვსი ოქრო უწყალობა გაუქმებულ მონასტერს. / მეშვიდე დღეს გამოვიდა მყუდრო სალოცავიდან, / რვა სანთელი წაიღო და / ცხრა მთას იქით წავიდა.”

აქვე აღვნიშნავ ამასაც: “ბერიკაციც”, “კარუსელიც”, “ზარი ნესტან-დარეჯანისაც” და ბევრი სხვაც (“როიალი დაბერდა”, “ნოტარიუსის კარებთან”, “ყოველ დღე სამის ნახევარზე, გარდა კვირისა”, “პირიქით” და სხვ.), გალექსილი “მინი-ნოველებია”, ფაქტობრივად, ბალადის ფორმითაა შექმნილი – ვახტანგ ჯავახაძემ ააღორძინა ეს ფორმაც, პოეტი ლექსში ხშირად თითქოსდა ჰყვება ამბავს და ესეც ბუნებრივად ეხამება ზოგიერთ ზემოთ დასახელებულ სტრუქტურას, რასაც ჯავახაძე თავის პოეტურ სამყაროში მუდმივად იყენებს (ზღაპარი, ხალხური თქმა და მისთ.).

* * *

ვახტანგ ჯავახაძე თავის ადრეულ ლექსებში წერდა, რომ დიდი მორწმუნე არ გახლავართო, მაგრამ ასეთი მსოფლაღქმისა თუ  მსოფლგანცდის პოეტი შეუძლებელია სიღრმისეულად რელიგიური არ ყოფილიყო მაშინაც (რაც კიდეც მჟღავნდებოდა აქა-იქ); შემდგომ კი ამას ჯავახაძე აღარ მალავს, მისთვის ჩვეული უშუალობით გადმოგვცემს (ჩემი აღქმით, ესეც შედევრია):

ფანჯარასთან ამიშენეს კოკროჭინა ეკლესია,

ჩემი ალავერდია და გრემია და ნეკრესია.

რეკავს! – მაგის მოლოდინმა ადრე გამაჭაღარავა,

“ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე” და მე მარტო აღარა ვარ.

დარდიანს რომ დამინახავს, შემარცხვენს და შემომიტევს,

თავის ფეხით მეახლა და “ლამის სახლში შემოვიდეს”.

ვენაცვალე მაგის ზარებს! – ცოდვილებს და საცოდავებს –

ანახევრებს და ნახევრის ნახევარსაც აცოტავებს.

რეკავს! – ექო მიბრუნდება მოდარაჯე გალავანთა,

რეკავს! რეკავს! მაინც მესმის, სახლში ვარ თუ არა ვარ და

როცა ნაუ-ნაუ-ნაუ მოაქვს სიჩუმეში ნიავს,

სახლში მარტო დარჩენისა უკვე აღარ მეშინია!

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ერთი რამ კიდევ უნდა ვთქვა. ჭანტურიასთან მიმართებით აღვნიშნე, რომ ეს “ნაციონალისტური პოსტმოდერნიზმია”. ჯავახაძე ნამდვილი ინტერნაციონალისტია  (გავიხსენოთ თუნდაც მისი ადრეული პერიოდის ძალიან საინტერესო, არსებითად ანტისაბჭოთა, ნაწარმოები, ლირიკული პოემა “ღია ქალაქი”) და იმავდროულად ისიც ნამდვილი “ნაციონალისტია”, ნამდვილი პატრიოტია, ამ სიტყვის ყველაზე ტრადიციული გაგებით – ასე იყო თავიდანვე (გავიხსენოთ კიდევ ერთი შედევრი “ქეთევან წამებული”) და ასეა ახლაც – 88 წლის პოეტი წერს კორონავირუსობის ჟამს:“მინდა მუდამ ვიქართველო და არასდროს ვირუსო, / რას გვერჩოდი, ჩინეთიდან მოგზავნილო ვირუსო (…)”; ან ცოტა უფრო ადრე: “ქარებს მიაქვთ საქართველო, / წვიმებს მიაქვთ საქართველო, / სეტყვებს მიაქვთ საქართველო, / მეწყრებს მიაქვთ საქართველო, / რუსებს მიაქვთ საქართველო, / შენ სადა ხარ, სა, ქართველო?”

* * *

გადავხედე წერილს და შევამჩნიე – ხშირად გამომიყენებია “შედევრი”, მაგრამ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ; ზუსტად ასეთი სათაურის მქონე ლექსში ვახტანგ ჯავახაძე ამბობს – “სარკით მეთამაშება, თითქოს ათინათია / ერთხელ ვერ მოვიხელთე: ვიდრე დავწერ, ნაღდია.” მე კი მგონია – არაერთხელ მოიხელთა და არა მხოლოდ ბოლო დროს, არამედ დიდი ხნის წინაც: ასეთი პოეტია ვახტანგ ჯავახაძე, ჭეშმარიტი პოეტია, ძალიან მნიშვნელოვანი პოეტი; და აი, ამის კიდევ ერთი დასტური ია ანთაძესთან ინტერვიუდან: “მე ლექსს რომ დავწერ, გავა დრო და აღარაფერს ვწერ. ასე მგონია, ლექსი არასდროს დამიწერია და კიდევ დავწერ თუ არა, არც ეგ ვიცი. ვიღაც გკარნახობს და ან გიკარნახებს, ან – არა.” – ამგვარი განცდა მხოლოდ ჭეშმარიტ პოეტს შეიძლება დაეუფლოს…

ცნობილია, რომ ჩვენში ვისაც მართლა ეკუთვნის, მათი დაფასება მაინცდამაინც არ არის “მიღებული” – ვინც მონად დაუდგება და თან თავს გადასჭამს ხელისუფლებას, ვინც მეტს ხმაურობს და “აბრახუნებს” ტელევიზიიდან თუ სხვა ეგეთებიდან, “გამარჯვებულიც” ის არის… ჰოდა, სადა აქვს ჭეშმარიტ პოეტს ამის თავი?..

არადა (ახლა სულ მთლად მარტივად ვიტყვი), ჩემი განცდით, ვახტანგ ჯავახაძე იცით როგორი პოეტია, როგორი შემოქმედია? – თვითონ რომ ამბობს სხვაზე, აი, ასეთი:

უსიკვდილოდ, უეჭველად, უსათუოდ, უთუოდ,

კართან უნდა უდარაჯოთ, ღამე უნდა უთიოთ.

 

უხმაუროდ, უსიმღეროდ, უხმოდ, უსაზანდაროდ,

სულში უნდა ჩაიძვრინოთ, ხელის გულზე ატაროთ. (…)

პოეტი ისევ მხნედაა და ისევ “შემოქმედებით ფორმაშია”: მკითხველი ელის მისგან ახალ-ახალ ნაწარმოებებს.

Facebook Comments Box