ღამე, მთვარეები, მგელი
ყელში მომებჯინნენ და თვალებში ამომივიდნენ –
სავსე მთვარეებივით.
შიგნიდან შევყმუი – ტკბილ სისხლს ვილოკავ –
ისევ ნადირობას მაძალებენ.
არადა, თოვლით ავსება მქონდა გადაწყვეტილი, ზამთარში ძილი.
ეს ლექსი აღარ უნდა დამეწერა.
ეს ლექსები აღარ უნდა მოსულიყვნენ –
ვიდექი და ვაფრთხობდი, თავდაჯერებული –
ჩემი მხიარული სახე მქონდა იმედად,
ვიდექი და ვაფრთხობდი ათასი მოგონილი სიცოცხლით.
ვიდექი და ვიგერიებდი ათასი მოგონილი ამბით.
მაგრამ მოვიდნენ ისევ და კარზე მომაწყდნენ,
როგორც ოთახში შემოცვენილი ჩიტები –
და ვისაც ჩემი ძილისთვის უნდა ედარაჯა, მან ძილი დამირღვია,
ძილი დამირღვია და გაჩუმდა,
მიტრიალდა და ჯიბეში ხელები ჩაიწყო –
სულერთია, არაფერს ვეტყვი, პირი სიჩუმით ამოვიკერე.
ნოემბერი დუმილივითაა – ქარში კივილივით,
თავსხმა წვიმაში დგომასავით – სადაცაა, უცებ, მოკვდები.
და ვერავინ გაიგებს, რომ მოკვდი.
და შენ მაინც უცებ მოკვდები.
მეგობრებიც აქ იყვნენ და ყველა ჯიბე ამომიტრიალეს –
აღარაფერი მაქვს თავის გადასარჩენი,
აღარაფერი მაქვს სალაპარაკო,
მოვიდნენ და თავისი შიშები დამაბრალეს,
მოვიდნენ და თავისი ეჭვები გადამდეს,
მოვიდნენ და თავისი გაძვალტყავებული სიყვარული მომახვიეს –
მოვიდნენ და ავად ვარ, ავად ვარ, ავად ვარ.
გესმის, როგორი ამბავია, როცა ასე ავად ხარ?
იცი, რა საშიშები არიან ოთახში შემოფრთხიალებული ჩიტები?
იცი, სახლებში როგორ გუბდება ჰაერი და
გაღწევაც უკვე შეუძლებელია.
მათ კი ჩარაზეს ფანჯრები და წავიდნენ.
არ გესმის, როგორ ვაწყდები კედლებს?
ხედავ, როგორ მომაწვა ყელიდან თვალებში
ორი სავსე მთვარე და შევღმუი –
ამაღამ ვინადირებ,
ამაღამ გამოვჭამ ყელს ყველა უსიყვარულობას,
ამაღამ ეს ლექსი დაიწერება.
* * *
არ დაარღვიო დილა,
არ იპოვო ლოგიკის ძაფი,
თორემ, გამოხსნი და ყველაფერი დამთავრდება.
არ შეხვიდე ზუსტი აზრებით,
არ ააჩქარო სადღეისო გეგმებით,
ნახე, რა ბლანტია, რა ზანტად იზმორება ფანჯრიდან.
როგორ არაფერს ამბობს,
როგორ ეღიმება ყველაფერზე,
როგორ გრძნობს შენი გულისცემას,
როგორ აღარ უნდა, წახვიდე,
როგორ გეჭიდება შენს სხეულში.
ზღვარი არც არსებულა.
თავშეკავება სიბრმავეა.
შენი სამუდამო დილა შენს ხელთაა,
არ გაინძრე,
არაფერი გაიფიქრო,
არც შეხედო –
თვალდახუჭულმა მოუყევი
შენი ღამის თვალუწვდენელ სიზმრებზე,
რომლებიც არასდროს დაგსიზმრებია.
* * *
როცა თოვს და თოვა იმდენად მნიშვნელოვანია,
ხელს უშვებ ყველა შესაძლო გადარჩენას და მიჰყვები, –
სადამდეც დადებს, სადამდეც გაყინავს, სადამდეც მოთოვს,
რომ მერე თავისუფლად ამოთქვა – გარეთ ისევ არ გაისვლება,
რადგან თოვლი აღარაა იისფერი!
გესმით, თოვლი აღარაა იისფერი!
და მე მივდივარ იმ ლექსისკენ,
სადაც „სული მევსება თოვლით“
და გამოსავალი აღარც ერთ სიტყვაშია.
მხოლოდ გოგონა, სახელად მაშა,
ჯერ კიდევ ცოცხალი ზღაპრიდან,
მომანათებს თავის უზარმაზარ ცისფერ თვალებს და
ცრემლმორეული მსაყვედურობს:
იცი, ვიღაც იწვა ჩემს ლოგინში!
ვიღაცამ აწეწა ჩემი ლოგინი!
აქ ვიღაც იყო.
და შენ გადადიხარ თოვლში ფანჯრიდან,
პირს ივსებ თოვლით,
რომ არავისთან წამოგცდეს მაშას ცისფერი თვალები.
ბედნიერება
რამდენჯერ მივედი ძალიან ახლოს,
მისი ფეთქვა მესმოდა, დატყვევებულის ფრთხიალი,
რამდენჯერ მივედი თვალდახუჭული,
იმის იმედით, რომ ავახელდი და სინათლისგან დავბრმავდებოდი.
რამდენჯერ ვიყავი ფეხაკრეფით,
ხანაც უტიფრად მივეჭერი და ღონივრად ჩავავლე სველი ხელები.
ის კი – დამფრთხალი და უშნო,
შემთხვევით ოთახში შემოფრენილი ფრინველივით,
არაფრისმთქმელი თვალებით,
მოკაუჭებული ცხვირით და შელახული ფრთებით,
კედლებს აწყდებოდა თავბრუდახვეული და
გაფრენას ცდილობდა.
ყველა ჯერზე ფანჯარა გამოვუღე –
ის უნდა იყოს შორს და ცაში,
მოქნეული, გაშლილი ფრთებით,
იმ სიმაღლეზე, საიდანაც ვერ დავინახავ მის მახინჯ სახეს.
და, ოცნებადქცეული, თვალს გავაყოლებ
მწვერვალებთან მქროლავ ბედნიერებას.
* * *
მასწავლე, როგორ მოგიყვე ამბავი,
რომელიც ჩვენზეა,
და, ლამისაა, უფრო ადრე მოხდეს,
ვიდრე მოხდება,
და, ლამისაა, ფეხქვეშ გამომეცალოს – მიწასავით,
და, ლამისაა, დამაყრუოს, ისე მეძახის.
მომიყევი, როგორ მოგიყვე ამბავი,
რომელიც გაჩნდა და ტირის,
და არავინ ყავს პატრონი, რომ გაზარდოს,
და არავინ ყავს მტერი, რომ მოკლას.
გაჩნდა და იცდის – აბღავლებული,
როდის ავიყვანთ ხელში და ვაჭმევთ.
შეძელი გამაგებინო, როგორ მოგიყვე ამბავი,
ან შეძელი და მოკალი.
რადგან,
ის დასჯილია – გაჩნდა და ცოცხლობს.
* * *
მინდა, გითხრა, როგორ არ მიყვარხარ.
ერთი შეხედვით – წარმოუდგენელი ამბავია,
ერთი წაკითხვით – არც დაიჯერებ,
ერთხელ ხმამაღლა, თავშეუკავებლადაც გაგეცინება.
თუმცა, მე ვეცდები, აგიხსნა,
და მე იმდენად კარგად შევეცდები ახსნას,
უფრო გაგიჭირდება დაჯერება –
ამდენ სიტყვას რატომ ვიმეტებ კაცისთვის, რომელიც არ მიყვარს.
თუმცა ჩემი ცარიელი ვნებები დამაჯერებელია,
ჩემი მშვიდი სიტყვები კი უშეღავათოდ კლავენ.
რა უცნაურია, რა უცნაურია ეს არსიყვარული –
როცა შემიძლია ასე შეგიკავო, ასე მოგითმინო,
ასეთი მშვიდად ვიფიქრო შენზე,
და არ მოგიშორო, და არ მოგიკვეთო
და არ შემძულდე.
ისიც კი შემიძლია, მოგეყრდნო და არ მიყვარდე,
ისიც კი შემიძლია, ქარი ამოვარდეს და არ დაგიძახო,
ისიც კი შემიძლია, წვიმდეს და არ მინდოდე,
ისიც კი შემიძლია, მიდიოდე და არ მტკიოდე,
ისიც კი შემიძლია, რჩებოდე და გულზე ხელები დავიკრიფო.
ისიც კი შემიძლია, რჩებოდე და გულზე ხელები დაგიკრიფო.
და ისეც შემიძლია, რომ არ მოგკლა,
არ მოგკლა, როცა არ გეყვარები,
როცა მიხვდები, რომ ჩემი არსიყვარული
ყველაზე ნამდვილი არსიყვარულია
და ყველა სიყვარულზე მეტია.
და თქვან ღმერთებმა:
აქ, რაღაც, ძაღლის თავია დამარხული, –
და მხრები უმწეოდ აიჩეჩონ.
და თქვა შენ:
ღმერთო, რა შესანიშნავია, –
ამ ქალს ყველაზე მეტად
არ ვუყვარვარ.
* * *
არაფერ შუაშია ბარბარობა,
მითუმეტეს, არაფერ შუაშია ხე, რომელიც მოვრთე,
არც დილიდან წამოსული ნისლი, ხეებში რომ ვერ შემოეტია,
არც თოვლი, ღმერთო ჩემო, არც თოვლი!
საერთოდ არაფერ შუაშია სიტყვა, რომელიც დარდს ნიშნავს,
და არც არაფერი აქვს საერთო სიტყვასთან – მარტოობა,
როდესაც უთენია წამოგაგდებს სიზმარი – აქა ხარ,
და ძლივს ვიწვდი დამძიმებულ მკლავებს – შეგეხო,
და აქ არაფერ შუაშია – მინდიხარ,
და მითუმეტეს არაფერ შუაშია – მიყვარხარ,
და უკვე გარკვეულია – დამავიწყდი,
და უკვე შეუძლებელია ერთად ყოფნა,
მხოლოდ ხორხი მტკივა – ვერ ვყვირი,
მხოლოდ გული მტკივა – ვეღარ გიხსენებ,
მხოლოდ გული მწყდება – ვერ აგიხსენი –
ჩემი ცისფერი, გამჭვირვალე სიზმრები.
და აღარ მყოფნი – მოსაძებნად, სატირლად,
სასიკვდილოდ.
სასიცოცხლოდ კი – რახანია გიზოგებ,
ნაწილ-ნაწილ გჭრი, განაქუცებ,
ხან მხოლოდ ენას აგისვამ,
ხან მხეცივით დამშეული მოგვარდები.
და რა ვიღონო, როცა გათავდება ხსოვნა და
ჰაერში შიმშილის სუნი დატრიალდება?
აქ არაფერ შუაშია ბარბარობა.
მითუმეტეს, აქ არაფერ შუაშია დეკემბერი.
© არილი