ინტერვიუ

ოთარ ჭილაძე – “მხოლოდ სძინავს…”

ინტერვიუ გაზეთ “თბილისისთვის”
1. 1989 წელს თქვენ წერდით: «ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, აღმა მივდივართ თუ დაღმა, ვიღვიძებთ თუ გვესიზმრება გამოღვიძებაო» – როგორ ფიქრობთ, თუ შეიცვალა რამე ამ სამი წლის განმავლობაში?
ამ სამი წლის განმავლობაში, რასაკვირველია, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ხალხის «გამოღვიძება» იმდენად რთული პროცესია, ასე უცებ ვერ მოთავდებოდა. ადამიანისგან განსხვავებით, ხალხი გაცილებით ძნელად იღვიძებს, რადგან მისი ძილიც განსაკუთრებულია და სრულებითაც არ განეკუთვნება ფიზიოლოგიურ მოვლენათა რიგს. ხალხის გამოღვიძება, უპირველეს ყოვლისა, ხალხის განათლებას, ხალხის გაკეთილშობილებას ნიშნავს და, არა მგონია, წინასწარ განსაზღვროს ვინმემ, რამდენი ასტრონომიული საათია საამისოდ საჭირო. სამაგიეროდ, ძალიან იოლად და ძალიან მოკლე დროში კარგავს ხალხი საუკუნეობით შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას. გაცილებით ძნელია ერთი ადამიანის გაადამიანება, ვიდრე მთელი ხალხის გაპირუტყვება. ასე რომ, არც სამი წლის წინ დაწყებულა ჩვენი გამოღვიძება და არც სამი წლის შემდეგ დამთავრდება. მთავარია, მართლა ვიღვიძებდეთ, ესე იგი, ჯერ კიდევ გვქონდეს შერჩენილი გამოღვიძების სურვილიცა და უნარიც, რაც თავისთავად სიცოცხლის გარანტიაა, იმის დადასტურებაა, ჯერ კიდევ რომ არ ამოწურულა, არ დაშრეტილა ის აზრი და მიზანი, რაც თავიდანვე ჩაუდია ჩვენში განგებასა თუ ბუნებას. თუმცა ამის შეტყობა უფრო იოლი გზითაც შეიძლება. უფრო სწორად, თეორიული მსჯელობების გარეშეც შეგვიძლია ამის შეტყობა – თუკი ყველა ჩვენგანი უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდება საკუთარ თავს და თუკი ერთ მშვენიერ დღეს ამაყი მღელვარებით იტყვის გუნებაში: ვხედავ, ვგრძნობ, მესმის და, რაც მთავარია, ვიცი რატომ ხდება, რაც ხდებაო – ჩათვალოს რომ, არამარტო მას, მასთან ერთად მთელ ქართველ ხალხსაც გაუღვიძია.
2. რატომ მოჰყვა ჩვენში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებას ესოდენ გამძაფრებული სისასტიკე?
ეროვნული მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სასტიკი, როცა სისასტი-კის გამოჩენა მის მიმართ თითქმის კანონზომიერი მოვლენაა. ამავე დროს, ნებისმიერი სისასტიკე, ეროვნული მოძრაობის მიმართ გამოჩენილი, მხოლოდ და მხოლოდ აღვივებს, კიდევ უფრო გარდუვალს ხდის მას, როცა შინააშლილობა და ძმათა დაპირისპირება საერთოდ უკარგავს აზრსა და მნიშვნელობას. გარდაქმნის დასაწყისში მეც სხვებივით მჯეროდა, ჩვენს ბრძოლასაც, გნებავთ, ჩვენს მისწრაფებასაც ჩვენი საერთო სახის უკეთ წარმოჩენის სურვილი წარმართავდა, რაც ერთ-ერთი უპირველესი ნიშანია ეროვნული მოძრაობისა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ბოლოს გამოირკვა, საკუთარი გამორჩეულობისა თუ განსაკუთრებულობის დამტკიცების ჟინით ვყოფილვართ უფრო მეტად შეპყრობილნი, რასაც არაფერი აქვს საერთო ეროვნულ მოძრაობასთან. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას კი არ მოჰყვა ჩვენში «ესოდენ გამძაფრებული სისასტიკე», არამედ, ჩვენდა უნებურად, უფრო სწორად კი, ჩვენი მტრის ამოუწურავი ვერაგობის წყალობით, ეროვნული მოძრაობა თვალსა და ხელს შუა პარტიულ ბრძოლაში გადაგვეზარდა. პარტიული ბრძოლა კი ერთ-ერთი სახეობაა არსებობისათვის ბრძოლისა და, ამდენად, სისასტიკე მისი გამოსარჩევი ნიშანიცაა. პარტიულ ბრძოლასაც მოპოვებისა და დაკარგვის პრინციპი უდევს საფუძვლად და ძალიანაც რომ მოინდომოს, მაინც ვერ მოიცლის ხალხის გასანათლებლად და გასაკეთილშობილებლად, როცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უაღრესად თვალნათელი გამოხატულებაა, მაგალითად, «წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების» შექმნა რუსთაველის სამშობლოში. სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთი საწყისი ეტაპია გამოღვიძებისა, რომელიც აქამდე გრძელდება…
3. რატომ გადაიქცა ომი ჩვენი ხალხის უმცირესი ნაწილის ზნეობრივ მოვალეობად საქართველოში?
ომი კი არ გადაიქცა «უმცირესი ნაწილის ზნეობრივ მოვალეობად», როგორც თქვენ მიგაჩნიათ, არამედ თავიდანვე ვერ აღვიქვით საერთო, საყოველთაო, გნებავთ, სახალხო მოვლენად. ამის მიზეზი კი ბევრია. მაგრამ უმთავრესი და გადამწყვეტი მიზეზი მაინც ისაა, რაზედაც უკვე ვილაპარაკეთ ზემოთ: ჯერ გვძინავს, ჯერ მხოლოდ ვიღვიძებთ… მძინარე კაცს კი ბევრი არ მოეკითხება. კაცმა რომ თქვას, ჩემი არაკომპეტენტურობის გამო, არც მე უნდა ვაძ-ლევდე თავს ესოდენ სერიოზულ საკითხზე საქვეყნოდ საუბრის ნებას, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ჩვენი დღევანდელი აპათია უფრო პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ვიდრე ფსიქოლოგიურით. თუმცა ისტორიულად, სხვათა ომებში უფრო გამოგვიჩენია თავი, ვიდრე საკუთარში – ბოლო ასი წლის მანძილზე ორჯერ წყდებოდა ჩვენი ბედი კრწანისში და ვერც ერთხელ ვერ მოვუყარეთ საჭირო ჯარს თავი, როცა რუსეთის «სამამულო ომებში», პრო-ცენტულად, ლამის თავად რუსებზეც მეტი ხალხი გამოგვიყვანია. მაგრამ როგორც არ უნდა გადავგვარდეთ, მაინც ძნელი დასაჯერებელია, საერთოდ დაგვჩლუნგებოდეს სამშობლოს დაცვის გრძნობა. ის «უმცირესი ნაწილიც», თქვენ რომ წეღან ახსენეთ, სწორედ ამის დადასტურებაა. ხოლო უმრავლესობამ ჯერჯერობით ვერ გაიგო, როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ომში. ხელისუფლებამ არ მოუხმო, ან ვერ მოუხმო, როგორც უკვე ვთქვით, პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. ის კი არა, ჩვენი პრესა, რადიო და ტელევიზია ყოველდღე ტურისტულ მოგზაურობებში გვეპატიჟება, რაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სრულებითაც ვერ შეგვიქმნის საომარ განწყობილებას. მართალია, ომში ჩაგვითრიეს, მაგრამ ომამდეც ყველა პირობა არსებობდა საიმისოდ, უფრო ფხიზლად რომ ვყოფილიყავით, უფრო მომზადებულნი დავხვედროდით გარდუვალ უბედურებას, თუნდაც იდეოლოგიური თვალსაზრისით. სამაგიეროდ, ჩვენი მოწინააღმდეგე დიდი ხნით ადრე შეუდგაომისთვის სამზადისს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: ევროპის ჯერ კიდევ ბევრ მოწინავე ქვეყანაში მართლა იმპერიალისტები და კოლონიზატორები ვგონივართ დღემდე, ჩვენი მტრის მიერ სწორად წარმართული იდეოლოგიური ომის წყალობით, როცა ჩვენს მეცნიერებას საშინაო დავალების დონეზეც ვერ შეუქმნია აქამდე ჩვენი სიმართლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამიტომაც იძულებულნი ვართ, ყველა ხატზე ვიფიცოთ და ყველა გამვლელსა და გამომვლელს გულმხურვალედ ვევედროთ – უდანაშაულონი ვართო. და ეს იმდენად ევროპის პოლიტიკური სიბეცის ბრალი არ არის, რამდენადაც ჩვენივე უნიათობისა. სხვა რაღა უნდა ვთქვათ, როცა ჩვენს სამშობლოში პარტიზანულ ომს დამპყრობელი აწარმოებს. უფრო მეტიც, მტრისთვის სახელი ვერ დაგვირქმევია. და მაინც, რაკი გავკადნიერდი და ამდენი ვილაპარაკე ამ საკითხზე, ბარემ ჩემს რწმენასაც გამოვთქვამ: მართალია, ქართველებს ერთმანეთთან ანგარიშის სწორება ყველაფერს გვირჩევნია, მაგრამ თუნდაც თავდაცვის ინსტინქტი გვაიძულებს ხოლმე, გადამწყვეტ მომენტში ერთხელ კიდევ გავახილოთ თვალი და მაშინ მტერიც იძულებული ხდება, ერთხელ კიდევ დაიხიოს უკან. ჩვენ დიდი აკაკის ხალხი ვართ და, ეტყობა, სიკვდილი არ გვიწერია. უფრო სწორად, ძილი იგივე სიკვდილია ჩვენთვის, ოღონდ, საბედნიეროდ – დროებითი…
4. რას გრძნობს 60 წლის ოთარ ჭილაძე, როგორც მოქალაქე და როგორც მწერალი?
მოქალაქეც და მწერალიც ყველაზე მძაფრად ახლა ვგრძნობ იმ ადამიანების სიდიადეს, რომლებმაც თავიანთი წილი სიცოცხლე იმყოფინეს მიზნის მისაღწევად.
1993
Facebook Comments Box