ოლგა ტოკარჩუკის სიტყვა წარმოთქმული ლიტერატურაში ნობელის პრემიის მიღებისას
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
1.
პირველი ფოტო, რომელიც ბავშვური გონებით აღვიქვი, დედაჩემის ფოტოა. ის ჩემს დაბადებამდეა გადაღებული და შავ-თეთრია, რის გამოც მისი ბევრი დეტალი, სამწუხაროდ, ჩამუქებული და გაფერმკრთალებულია. ფოტოზე რბილი სინათლე ჩანს. ეს ალბათ, გაზაფხულის წვიმიანი დღის შუქია, რომელიც სარკმლიდან შემოდის და ოთახს მკრთალ ნათებაში ხვევს. დედა ძველ რადიომიმღებთან ზის – აი, ისეთთან, მწვანე თვალი და ორი გადამრთველი რომ ჰქონდა, ერთი ხმის დასარეგულირებლად, მეორე კი არხების მოსაძებნად – რომელიც შემდგომ, მთელი ბავშვობა, ჩემს ერთგულ თანამგზავრად იქცა და რომელმაც კოსმოსის არსებობის შესახებ მამცნო. ვატრიალებდით ებონიტის ამ მრგვალ გადამრთველს და ანტენის მგრძნობიარე საცეცებით ერთი რადიოსადგურიდან მეორეზე გადავდიოდით, ერთმანეთს ენაცვლებოდა ვარშავა, ლონდონი, ლუქსემბურგი, პარიზი. ხანდახან ხმა გაწყდებოდა, გეგონება პრაღასა და ნიუ-იორკს, მოსკოვსა და მადრიდს შორის ანტენების საცეცები შავ ხვრელს გადააწყდნენო. ამ დროს მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა, რადგან ასე მეგონა, ჩვენი რადიომიმღებიდან სულ სხვა მზის სისტემები და გალაქტიკები მეხმიანებოდნენ და იმ უცნაურ ტკაცატკუცსა და შიშინს შორის მიგზავნიდნენ ინფორმაციას, რომლის გაშიფვრაც მე არ შემეძლო.
როცა ერთი ციდა გოგო ამ სურათს დავცქეროდი, მჯეროდა, რომ რადიომიმღების გადამრთველის ტრიალით დედა მე დამეძებდა, მგრძნობიარე რადარივით ის კოსმოსის უსასრულო სივრცეებში დაიარებოდა იმის გასაგებად, როდის და საიდან მივიდოდი მასთან. მისი ვარცხნილობისა და ბლუზის მიხედვით (ნავისებური ფორმის ღრმა დეკოლტეთი) ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ეს ფოტო გასული საუკუნის სამოციან წლებშია გადაღებული. მხრებში ოდნავ მოხრილი ქალი კადრს მიღმა რაღაც ისეთს უყურებს, რასაც ფოტოს მაცქერალი ვერასოდეს დაინახავს. ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ის დროს უმზერდა. ფოტოზე, სადაც ფიქრში წასული სევდიანი ქალის სახეა აღბეჭდილი, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს მდგომარეობის ამსახველი ფოტოა და არა მოქმედებისა.
ამ სევდიანი განწყობის შესახებ მე დედაჩემს ხშირად ვეკითხებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან რაც შეიძლება მეტჯერ მომესმინა მუდამ ერთი და იგივე პასუხი: ის სევდიანი იმიტომ იყო, რომ მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი, მას კი უკვე ვენატრებოდი და ჩემთან ყოფნა უნდოდა.
– დაბადებული თუ არ ვიყავი, როგორ გენატრებოდი? – ვეკითხებოდი. უკვე ვიცოდი, რომ მონატრებას დაკარგვა იწვევს, და ენატრებათ ის, ვისაც კარგავენ.
– იქნებ პირიქითაც ხდება, – მპასუხობდა დედა. – თუ ვინმე გენატრება, ე.ი. ის უკვე არსებობს.
სადღაც პოლონეთის დასავლეთ პროვინციაში მეოცე საუკუნის სამოციან წლებში გამართულმა ამ მოკლე დიალოგმა დედაჩემსა და იმ პატარა გოგონას, ანუ ჩემს შორის, რომელიც სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში, მთელი ცხოვრების სამყოფი სიძლიერე მომცა. მან ჩემი არსებობა სამყაროს ჩვეულებრივი მატერიალურობისა და შემთხვევითობის, მიზეზ-შედეგობრივისა და ალბათობის კანონთა ფარგლებს გარეთ გაიტანა და დროის მიღმა, მარადისობის ტკბილ სიახლოვეში დაავანა. ჩემი ბავშვური გონებით მე მაშინ მივხვდი, რომ იმაზე ბევრად მეტი ვიყავი, ვიდრე მეგონა, და რომც ვთქვა, რომ „არა ვარ“, პირველი სიტყვა მაინც „ვარ“ იქნება – ამ ქვეყანაზე ყველაზე მთავარი და ყველაზე უცნაური სიტყვა.
აი, ასე მომცა ახალგაზრდა დედაჩემმა, რომელიც არასდროს ყოფილა მორწმუნე, ის რაღაც, რასაც ადრე სულიერებას ვეძახდით – ანუ მან ამქვეყნად ყველაზე მგრძნობიარე და საუკეთესო მთხრობელი – სულიერება მისახსოვრა.
2.
ჩვენი გარემომცველი სამყარო ის ფარდაგია, რომელსაც გამუდმებით ვქსოვთ ინფორმაციის, დისკუსიების, ფილმების, წიგნების, ჭორებისა და ანეკდოტების დაზგებზე. ინტერნეტის საშუალებით ამ საქსოვ დაზგებთან წვდომა დღეს შეზღუდული არავისთვის არის. თითქმის ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა „ქსოვის“ პროცესში პასუხისმგებლობის შეგრძნებით თუ უპასუხისმგებლოდ, სიყვარულით თუ სიძულვილით, სიკეთის საკეთებლად თუ ბოროტების ჩასადენად, სიცოცხლისათვის თუ სიკვდილისთვის. როდესაც იცვლება მოსაყოლი ამბავი, იცვლება გარემომცველი სამყაროც. თუ ამ ხაზს მივყვებით, მაშინ იმის თქმაც შეიძლება, რომ სამყარო სიტყვებისგან შედგება.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ჩვენ სამყაროზე ვფიქრობთ, და, რაც კიდევ უფრო მთავარია, რასაც მასზე ვყვებით. ის, რაც ხდება და რის შესახებაც არავინ ჰყვება, არსებობას წყვეტს და კვდება. ეს კარგად იციან ისტორიკოსებმა, პირველ რიგში კი სხვადასხვა ჯურის პოლიტიკოსებმა და ტირანებმა. ვისაც რაიმე აქვს მოსაყოლი და ამას აკეთებს, ქვეყანასაც ის განაგებს.
ჩანს, ჩვენი პრობლემა დღეს ისაა, რომ გამზადებული მოსათხრობი ჯერჯერობით არათუ წარსულზე, კონკრეტულ „აწმყოზე“ – დღევანდელი სამყაროს ზესწრაფ ცვლილებებზეც კი არ გაგვაჩნია. არ გვაქვს სათანადო ენა, ჭვრეტის უნარი, მეტაფორები, მითები თუ ახალ-ახალი ლეგენდები. სამაგიეროდ ცოცხალი მოწმეები ვართ იმისა, თუ როგორ ცდილობენ მავანნი ჩვენ თვალწინ შეუსაბამო, ყავლგასული ანაქრონული ნარაციების სამომავლო ხედვაში ჩართვას. ეგებ იმ მოსაზრებით, რომ „ახალ არაფერს სჯობს ძველი რაღაცა“, ან ამ გზით თავიანთი ვიწრო თვალსაწიერის დამალვას ცდილობენ? ასეა თუ ისე, ჩვენ დღეს გვაკლია სამყაროზე თხრობის ახალი შესაძლებლობები.
ჩვენ პირველ პირში მთხრობელთა მრავალხმიანი ნარაციის რეალობაში ვცხოვრობთ და ამ ხმებით ვართ გარემოცული. როდესაც პირველ პირში მთხრობელებზე ვლაპარაკობ, თხრობის ისეთ ფორმას ვგულისხმობ, შემოქმედის „მე“-ს ვიწრო წრეში რომ მოაქცევს, როდესაც შემოქმედი ან ნაწილობრივ წერს თავის თავის შესახებ, ან მთელი მისი შემოქმედება მხოლოდ საკუთარი მე-დან მომდინარეობს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ მხედველობის ინდივიდუალიზებული პუნქტის ეს სახეობა, „მე“-ს ხმა, ყველაზე ბუნებრივი, ადამიანური და გულწრფელია მაშინაც კი,როდესაც ფართო პერსპექტივაზე ვამბობთ უარს. ესოდენ კარგად და იოლად გასაგები პირველ პირში თხრობა ერთადერთი და განუმეორებელი ორნამენტის გამოყვანას ჰგავს, ის ერთეულს ავტონომიურობის შეგრძნებას უღვივებს, აძლევს საკუთარი თავისა და ხვედრის გაცნობიერების საშუალებას, მაგრამ ასევე გულისხმობს საპირისპიროს – „მე“ და „გარესამყარო“-ს არსებობასაც, რაც გაუცხოებას იწვევს.
ვფიქრობ, პირველ პირში თხრობა თანამედროვე ხედვის მკვეთრი მახასიათებელი ნიშანია, რომელშიც ის ერთეული სამყაროს სუბიექტური ცენტრის როლს ასრულებს. დასავლური ცივილიზაცია დიდწილად სწორედ ამ „მეს“ ახლად აღმოჩენაზეა დაფუძნებული, რომელიც თავის მხრივ, რეალობის ერთ-ერთი უმთავრესი საზომია. აქ მთავარი მოქმედი პირი ადამიანია, მის აზრს კი, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთადერთი არ გახლავთ, ყოველთვის გულდასმით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან. პირველ პირში მონათხრობს, რაც კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეგვიძლია მივიჩნიოთ, კრძალვით კითხულობენ და მის მიმართ ნდობით იმსჭვალებიან. თხრობის ეს ტიპი, როდესაც სამყაროს ვინმეს „მე“-ს თვალით ვუყურებთ და მის ხმასაც მისივე ყურით ვისმენთ, მთხრობელთან ყველაზე მჭიდროდ გვაკავშირებს და თითქოს გვაიძულებს კიდეც მის ადგილას მოვიაზროთ თავი.
ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ჩვენ ვერასოდეს უგულებელვყოფთ იმ ღვაწლს, რომელიც პირველ პირში თხრობას მიუძღვის ლიტერატურისა და მთლიანად კაცობრიობის წინაშე – მან ღმერთებისა და გმირების სამყაროზე თხრობის ნაცვლად, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, ჩვენი პირადი ამბების თხრობის საშუალება მოგვცა და სცენა ჩვენნაირ ადამიანებს, უბრალო მოკვდავთ დაუთმო. თანაც, ჩვენნაირებთან თავის გაიგივება ბევრად ადვილია და მკითხველი თუ მსმენელი თანაგანცდის მეშვეობით მალე ამყარებს ემოცურ კავშირს მთხრობელთან. ეს უკანასკნელი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, აახლოებს, აუქმებს საზღვრებს – სულაც არ არის ძნელი მთხრობლის „მე“-სა და მკითხველის „მე“-ს შორის მიჯნის მოშლა, ხოლო ამბავი, რომელიც „გითრევს“, სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ბარიერი გაქრება და ემპათიის წყალობით გარკვეული დროით მკითხველი მთხრობლად გადაიქცევა. ლიტერატურა გამოცდილების გაზიარების პლატფორმად იქცა, ერთგვარ აგორად, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მოჰყვეს საკუთარ ხვედრზე ან ამის უფლება თავის ალტერ ეგოს მიანიჭოს. ეს არის სრულიად დემოკრატიული პლატფორმა – ყველასთვის თანაბარად მიცემული უფლება საკუთარი აზრის გამოსათქმელად, ან იმ „ხმის“ შესაქმნელად, „რომელიც ჰყვება“. კაცობრიობის ისტორიაში ალბათ პირველად ხდება, რომ წერითა და თხრობით ამდენი ადამიანია დაკავებული. ამაში დასარწმუნებლად ნებისმიერ სტატისტიკური მონაცემებისთვის თვალის გადავლებაც იკმარებდა.
წიგნის ფესტივალებზე სიარულისას ბევრ ახალგამოცემულ წიგნში მინახავს ავტორისეული „მე“. თვითგამოხატვის ინსტინქტი, ალბათ, ისეთივე ძლიერი, როგორიც დანარჩენი ინსტინქტებია, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ჩარხავენ, ყველაზე უკეთ ხელოვნებაში რეალიზდება. ჩვენ გვინდა რომ გვამჩნევდნენ, გვინდა რომ განსაკუთრებული გვეგონოს თავი. თანამედროვე ლიტერატურაში ყველაზე პოპულარული „გიამბობ ჩემს ამბავს“, „გიამბობ ჩემი ოჯახის ამბავს“ ან სულაც „გიამბობ სად ვიყავი და რა ვნახე“ ტიპის თხზულებებია. დღეს ეს ძალზე გავრცელებული ფენომენია თუნდაც იმიტომ, რომ ახლა თითოეულ ჩვენგანს მიუწვდება წერაზე ხელი და ოდესღაც სიტყვისა და თხრობის მეშვეობით ერთეულებისთვის არსებული თვითგამოხატვის შესაძლებლობა ახლა უკვე ბევრს მიეცა. პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მომღერალთა გუნდს, სადაც მხოლოდ სოლისტებს მოუყრიათ თავი, სადაც ერთმანეთში არეული ყველა ხმა ყურის გდებას ითხოვს, სადაც ყველა მათგანი ერთსა და იმავე ტრაექტორიას შემოწერს და ხშირად ერთმანეთს ახშობენ კიდეც. ჩვენ მათ შესახებ ყველაფერი ვიცით, მთხრობელთან თავს ვაიგივებთ და მათ ცხოვრებას ისე ვცხოვრობთ და განვიცდით, როგორც ჩვენსას. გასაოცარია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში მკითხველი მაინც უკმაყოფილო და გულგატეხილი რჩება. როგორც ჩანს, ავტორისეული „მე“-ს გადმოცემა უნივერსალურობის გარანტიას არ იძლევა. სავარაუდოდ, ის, რაც ჩვენ გვაკლია, თხზულების პარაბოლური განზომილებაა, რადგან გარკვეულ ისტორიულ თუ გეოგრაფიულ გარემოში მცხოვრები ადამიანი თვითონაც პარაბოლას გმირია. თუმცა ამავე დროს ის ტოვებს ამ კონტექსტს და ხდება „ყველა“ და „ყველგან“. როდესაც მკითხველი სხვის მიერ მოთხრობილ ამბავს მიადევნებს თვალს, შეუძლია მასში აღწერილ გმირთან გააიგივოს თავი, მისი ხვედრი კი ისე აღიქვას, როგორც საკუთარი, მაგრამ პარაბოლაში მან მთლიანად უნდა უარყოს თავისი თვითმყოფადობა და გახდეს „ყველა“. ამ რთულ ფსიქოლოგიურ პროცესში უამრავი და ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრებისთვის საერთო გამყოფის პოვნით, პარაბოლა ჩვენ უნივერსალურ გამოცდილებას გვძენს, მისი არარსებობა კი მხოლოდ ჩვენს უმწეობას უსვამს ხაზს.
ალბათ იმიტომ, რომ გვარ-სახელების მორევში არ ჩავძირულიყავით, ლიტერატურის უზარმაზარი ლევიათანური სხეულის ჟანრებად დაყოფას მივყავით ხელი, სადაც ჟანრებს სპორტის სახეობებად მივიჩნევთ, მწერლებს კი კარგად გაწვრთნილ სპორტსმენებად.
მას შემდეგ, რაც ლიტერატურული ბაზრის საყოველთაო კომერციალიზაციამ ლიტერატურა დარგებად დაყო, ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ტარდება არაერთი სხვადასხვა სახის ლიტერატურული ფესტივალი. ისინი იზიდავენ მომხმარებელთა, მკითხველთა ჯგუფებს, რომლებიც სურვილისდა მიხედვით შემოიფარგლებიან დეტექტიური, ფანტასტიკური თუ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრით. ამ პროცესმა ერთი ყველაზე მთავარი რამ დაგვანახა: ის, რასაც, წესით, ხელი უნდა შეეწყო წიგნებით მოვაჭრეებისა და ბიბლიოთეკარებისთვის, რათა უამრავი ახლად გამოცემული წიგნი მათ სწორად განელაგებინათ თაროებზე და ამით მკითხველსაც დახმარებოდნენ აურაცხელ შეთავაზებათა არჩევანში, იქცა აბსტრაქტულ კატეგორიებად, რომლებშიც არათუ დასრულებული ნაწარმოებები იყრის თავს, არამედ თვითონ მწერალიც ამ კატეგორიების მიხედვით იწყებს წერას. ასეთი ჟანრი ხშირად კექსის ფორმას ჰგავს, სადაც ერთმანეთის მსგავსი თხზულებები „ცხვება“, მათი პროგნოზირებადობა ქებას იმსახურებს, მათი ბანალურობა კი წარმატებად მიიჩნევა. მკითხველმა წინასწარ იცის, რას უნდა ელოდოს არჩეული წიგნისგან და წიგნიც უმართლებს ამ მოლოდინს. შინაგანად ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ასეთ დაყოფას, რადგან ის ზღუდავს მწერლის თავისუფლებას და უარყოფს შემოქმედებითი პროცესის უმთავრეს მახასიათებელებს – ექსპერიმენტირებას და ტრანსგრესიას. გარდა ამისა, ლიტერატურის მსგავსი სახით დანაწევრება გამორიცხავს ყოველგვარ ექსცენტრულობას, რომლის გარეშეც ხელოვნების არსებობა წარმოუდგენელია. არ არის აუცილებელი, რომ კარგი წიგნი ჟანრობრივ დაყოფას ექვემდებარებოდეს. ლიტერატურის ჟანრებად დაყოფა მისი კომერციალიზაციის, მასთან, როგორც გასაყიდ პროდუქტთან დამოკიდებულების შედეგია, რომელიც ბრენდისა და მიზნობრივი აუდიტორიის მთელ ფილოსოფიას და თანამედროვე კაპიტალიზმის სხვა გამონაგონებსაც მოიცავს.
დღეს ჩვენ მშვიდად ვადევნებთ თვალს, თუ როგორ იბადება გარე სამყაროს შესახებ თხრობის ახალი ფორმა, კერძოდ კი სერიალი, რომლის შეფარული მიზანი ჩვენი ტრანსში ჩაგდებაა. თხრობის ეს ფორმა, რა თქმა უნდა, ახალი არაა, ის ჯერ კიდევ მითოლოგიასა და ჰომეროსის თხზულებებში არსებობდა, ჰერკულესი, აქილევსი და ოდისევსი კი უდავოდ პირველი სერიალის გმირები არიან. მაგრამ დღევანდლამდე მას ამხელა მასშტაბი არ ჰქონია და არც ჯგუფურ ცნობიერებაზე მოუხდენია ასეთი ზეგავლენა. XXI საუკუნის პირველი ორი ათწლეული ჭეშმარიტად სერიალებისაა. მათი გავლენა სამყაროს აღწერის (და შესაბამისად მისი აღქმის) ფორმებზე აბსოლუტურად რევოლუციურია.
სერიალმა თავისი ახლანდელი ფორმით არათუ თხრობის დროში გაწელვა მოახერხა განსხვავებული ტემპის, განშტოებებისა და ასპექტების ფორმირებით, არამედ მასში ახალი წესებიც შემოიტანა. რადგან ხშირ შემთხვევაში სერიალის მიზანი ის არის, რაც შეიძლება დიდხანს მიიქციოს მაყურებლის ყურადღება, ის ერთდროულად რამდენიმე თემაზე მოგვითხრობს და ამ თემებს ისე წარმოუდგენლად ხლართავს ერთმანეთში, რომ ძველი, ჩიხში შესული ჯერ კიდევ კლასიკური ოპერის მიერ კომპრომეტირებული თხრობის მანერას მიმართავს, რაც მისთვის არის deus ex machina. მომდევნო ეპიზოდების დაწერისას ხშირად ad hoc იცვლება ამა თუ იმ გმირის მთლიანი ფსიქოლოგიური პორტრეტი, რათა ის კიდევ უფრო კარგად მოერგოს სერიალში მოვლენების მსვლელობას. თავიდან მშვიდი და თავდაჭერილი მოქმედი პირი ბოლოსკენ ფიცხი და შურისმაძიებელი ხდება, მეორეხარისხოვანი გმირი მთავარ გმირად გადაიქცევა, ყოფილი მთავარი გმირი კი, რომლის შეყვარებაც უკვე მოვასწარით, სრულიად კარგავს მნიშვნელობას, ან საერთოდ ქრება ეკრანიდან და გულს გვწყვეტს.
მომდევნო სეზონის გადაღების პოტენციალი ღია დასასრულს მოითხოვს, რომელიც არ იძლევა საშუალებას, დაიწყოს და ბოლომდე შენარჩუნდეს ის ფარული კათარზისი, შინაგანი გარდაქმნის განცდას, საწადელის ასრულებას, თხრობის აქტში მონაწილეობას რომ უნდა მოეტანა. გართულებული და დაუსრულებელი სახით იმ საჩუქრის მუდმივად სახვალიოდ გადადება, რასაც კათარზისი ჰქვია, მაყურებელს დამოკიდებულს ხდის და აჰიპნოზებს. დიდი ხნის წინ შეთხზული და შეჰერაზადას მონათხრობით კარგად ცნობილი Fabula interrupta[1] სერიალებში დიდი ზარზეიმით დაბრუნდა, შეცვალა ჩვენი მგრძნობელობა, თან მოიყოლა ათასი უცნაური ფსიქოლოგიური დასკვნა, მოგვწყვიტა ჩვეულ ცხოვრებას და ისე გაგვაბრუა, როგორც ნარკოტიკმა. ამავე დროს სერიალმა მსოფლიოს ახალ, გაწელილ და მოუწესრიგებელ რიტმს აუწყო ფეხი, მისი ქაოტური ურთიერთობები, მისი არამდგრადობა და ცვალებადობა გაიზიარა. თხრობის ეს ფორმა ალბათ ახალი ფორმულის ყველაზე უფრო შემოქმედებით ძიებაშია. ამ მიმართულებით სერიალში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს მომავლის თხრობასა და თხრობის ახალ რეალობაზე მოსარგებად.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვცხოვრობთ მოზღვავებული, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცის ხანაში.
ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ცოდნის ხელისმიწვდომა ადამიანებს არა მარტო ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას მოუტანდა, არამედ თანასწორი უფლებების მქონე სამართლიან საზოგადოებასაც ჩამოაყალიბებდა. ის, რისი დეფიციტიც, მათი აზრით, მსოფლიოს ჰქონდა, იყო საყოველთაოდ გავრცელებული სიბრძნე, რომელიც ცოდნიდან იღებდა სათავეს.
უნივერსალური ცოდნის იდეით შთაგონებულმა იან ამოს კომენსკიმ (კომენიუსი), XVII საუკუნის უდიდესმა პედაგოგმა, შექმნა ტერმინი „პანსოფია“, რომელიც ყველა შესაძლო შემეცნებას დაიტევდა. პირველ რიგში, ეს იყო ოცნება ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოდნაზე. განა ინფორმაციასთან წვდომას არ შეუძლია წერა-კითხვის უცოდინარი გლეხი რეფლექსიურ, საკუთარი თავისა და სამყაროს მცოდნე ერთეულად გადააქციოს? განა ცოდნა, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა, ვერ შეძლებს იმას, რომ ადამიანები უფრო წინდახედულნი გახდნენ და თავიანთ ცხოვრებასაც გაცილებით გონივრულად წარუძღვნენ?
ჩვენ ვფიქრობდით, რომ ინტერნეტის შექმნით ამ იდეის განხორციელება სრულიად შესაძლებელი იქნებოდა. ვიკიპედია, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ და თავადაც ვეხმარები, კომენსკის, ისევე როგორც ამ მიმდინარეობის ბევრ სხვა მოაზროვნეს, ადამიანთა ოცნების ახდენად მოეჩვენებოდა – აი, ჩვენ ვქმნით და ვღებულობთ ცოდნის უზარმაზარ წყაროს, რომელიც გამუდმებით ივსება, იხვეწება და დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან კანონიერად არის ხელმისაწვდომი.
ასრულებული ოცნებები ხშირად გულს გვიტეხს. აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ არ შეგვიძლია ამხელა ინფორმაციის ატანა, რომელიც ნაცვლად გაერთიანებისა და გათავისუფლებისა, გვყოფს, გვანაწევრებს, ჰერმეტულ ჭურჭელში გვათავსებს, ერთი და იმავე ამბის გადმოცემის მრავალნაირ ვერსიას გვაწვდის, რომლებიც ან ვერ ეთავსებიან ერთმანეთს, ან მტრულად, ანტაგონისტურად არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ.
გარდა ამისა, ინტერნეტი დაუფიქრებლად ექვემდებარება საბაზრო პროცესებს და მოთამაშე-მონოპოლისტების ხელში მოხვედრილი, ფლობს გიგანტური მოცულობის მონაცემებს, რომლებსაც სრულიად არაპანსოფიურად იყენებს – იმისთვის კი არა, რომ ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, არამედ მომხმარებელთა ქცევის დასაპროგრამებლად, რაც ჩვენ „კემბრიჯ ანალიტიკასთან“ დაკავშირებული სკანდალის შემდგ შევიტყვეთ.
სამყაროს ჰარმონიული ხმების ნაცვლად ჩვენ ბგერათა კაკაფონიას ვისმენთ, აუტანელ ხმაურს, და მისგან სასოწარკვეთილები ვცდილობთ, იქნებ სადმე ყური მოვკრათ ხმადაბალ მელოდიას, თუნდაც ყველაზე სუსტ რიტმს. შექსპირის ციტატის პარაფრაზი დღეს ყველაზე ზუსტად ასახავს ამ კაკაფონიურ რეალობას: ინტერნეტი დიდწილად იდიოტის მიერ ხმაურითა და მძვინვარებით სავსე მონათხრობია.
პოლიტოლოგების მიერ ჩატარებული კვლევებიც, რომელიც ემყარება მოსაზრებას, რომ რაც უფრო საყოველთაო გახდება ცოდნა მთელ მსოფლიოში, მით უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ პოლიტიკოსებიც, ამოს კომენსკის ინტუიციის საპირისპიროს ამტკიცებენ. როგორც ჩანს, ასე მარტივად არც აქ არის საქმე. ცოდნამ შეიძლება დაგთრგუნოს, მისი სირთულე და მრავალმნიშვნელოვნება კი ათასგვარ დამცავ მექანიზმს წარმოქმნის – დაწყებული უარყოფითა და არაღიარებით, დამთავრებული გამარტივებული, იდეოლოგიური, პარტიული აზროვნებით.
ფეიკნიუსებისა და ფეიკაპების არსებობა და სიმრავლე აჩენს ახალ კითხვებს იმაზე, თუ რა არის ფიქცია. მკითხველებს, რომლებიც მრავალჯერ აღმოჩნდნენ მათ ხაფანგში, შეცდნენ და მოტყუვდნენ, თანდათანობით ნევროზული იდიოსინკრაზია უყალიბდებათ. ფიქციით ასეთ დაღლაზე რეაქცია შესაძლოა ნონფიქშენზე დამყარებული ლიტერატურის დიდ წარმატებად იქცეს, რომელიც უსასრულო საინფორმაციო ქაოსში ხმამაღლა დაგვყვირის: „მე გიამბობთ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა“, „ჩემი მონათხრობი მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს ეფუძნება!“
ფიქციამ მკითხველთა ნდობა მას შემდეგ დაკარგა, რაც სიცრუე მასობრივი განადგურების იარაღად იქცა, მერე რა, რომ ის ძველებურად მარტივია. მკითხველები ხშირად დაეჭვებულები მეკითხებიან: „რაც დაწერეთ, სიმართლეა?“ ასეთ დროს ყოველთვის მგონია, რომ ლიტერატურის აღსასრულის დრო დადგა.
მკითხველის აზრით, ეს უბოროტო კითხვა, მწერლის ყურს აპოკალიფსივით ჩაესმის. რა ვუპასუხო? განა შეგვიძლია ავხსნათ ჰანს კასტორპის, ანა კარენინას ან ვინი პუჰის ონტოლოგიური სტატუსი?
მკითხველთა ასეთ ცნობისმოყვარეობას მე ცივილიზაციის რეგრესად მივიჩნევ. ეს ჩვენს ცხოვრებად წოდებულ მოვლენათა ჯაჭვში მრავალგანზომილებიანი (კონკრეტული, ისტორიული, მაგრამ ამავდროულად სიმბოლური, მითოლოგიური) მონაწილეობის შესუსტებაზე მიუთითებს. ცხოვრებას მოვლენები ქმნიან, მაგრამ, თუ ჩვენ ამ მოვლენების ინტერპრეტაციას, მათში ჩაწვდომას, მათთვის აზრის მიცემას მოვახერხებთ, ისინი ჩვენს გამოცდილებად გადაიქცევიან. მოვლენები ეს არის ფაქტები, ხოლო გამოცდილება სრულიად განსხვავებული რამაა. სწორედ მისგან, და არა მოვლენებისგან იქსოვება ჩვენი ცხოვრება. გამოცდილება ინტერპრეტაციას დაქვემდებარებული და მეხსიერებაში ჩადებული ფაქტია. ის ფეხს იკიდებს გარკვეულ საფუძველზე, მნიშვნელობათა ღრმა სტრუქტურაზე, რომელიც ჩვენს გონებაში უკვე არსებობს და რომელზეც ჩვენს ცხოვრებას ვჭიმავთ და გულმოდგინედ ვაკვირდებით. მე მჯერა, რომ ასეთ სტრუქტურას ქმნის მითი. მითი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ რეალობად არასოდეს ქცეულა, მაგრამ მაინც ყოველთვის არსებობს. დღესდღეობით ის მხოლოდ ანტიკური გმირების თავგადასავლებში კი არ ცოცხლდება, არამედ თანამედროვე კინოს, თამაშების, ლიტერატურის ყველგან გავრცელებულ და ძალიან პოპულარულ ნაწარმოებებშიც აღწევს. ოლიმპოს ბინადართა ცხოვრებამ „დინასტიაში“ გადაინაცვლა, ანტიკური ლიტერატურიდან ცნობილი გმირობების ჩამდენად კი ახლა ლარა კროფტი მოგვევლინა.
– ჩვენი გამოცდილების ლიტერატურულად გადმოცემის დროს, სიმართლე და სიცრუე მკვეთრად არ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. მე ლიტერატურის მარტივად – ფიქციად და ნონფიქშენად – დაყოფას ენთუზიაზმით არასდროს შევხვედრივარ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ჩვენ მათ განვმარტავთ როგორც ცნებას. ფიქციის ზღვა განმარტებებიდან მე ყველაზე მეტად უძველესი, არისტოტელესეული მომწონს: ფიქცია ყოველთვის სიმართლის რომელიღაც ნაირსახეობაა.
ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გადმოცემა და ფიქცია სრულიად სხვადასხვა რამეა, რაშიც დავიმოწმებ მწერალსა და ესეისტს ედუარდ მორგან ფორსტერს. ის წერდა, რომ როდესაც ვამბობთ: „ჯერ ქმარი გარდაიცვალა, შემდეგ კი ცოლი“ – ეს არის გადმოცემა, ხოლო როდესაც ვამბობთ: „ჯერ ქმარი გარდაიცვალა, შემდეგ კი მწუხარებისგან გარდაიცვალა მისი ცოლიც“ – აქ უკვე ფიქციასთან გვაქვს საქმეო. ნებისმიერი ფაბულირება კითხვის – „შემდეგ რა მოხდა?“, მომდევნო ნაბიჯია, ჩვენი, ადამიანური გამოცდილების საფუძველზე მისი ამოცნობის მცდელობა: „რატომ მოხდა ასე?“
ლიტერატურაც იწყება სწორედ ამ კითხვით: „რატომ?“, და ეს ასეა, თუნდაც მასზე მუდამ ერთი და იგივე პასუხი გვქონდეს: „არ ვიცი“. ლიტერატურა სვამს ისეთ კითხვებს, რომელთაც ვიკიპედიის დახმარებით ვერ გავცემთ პასუხს, რადგან ის სცდება ფაქტებსა და მოვლენებს და პასუხის მოსაძებნად ჩვენს გამოცდილებას მოითხოვს.
იმასაც ვხედავთ, რომ რომანი და მთლიანად ლიტერატურა თხრობის სხვა საშუალებებთან შედარებით თვალსა და ხელს შუა ხდება პერიფერიული, რომ სურათის როლი და გამოცდილების პირდაპირი გზით გადაცემის ახალი ფორმები – კინემატოგრაფი, ფოტოგრაფია, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა – ტრადიციული წაკითხვის სერიოზული ალტერნატივა ხდება. კითხვა აღქმის საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური პროცესია. მარტივად რომ ვთქვათ, თავდაპირველად ხდება ყველაზე მოუხელთებელი შინაარისის კონცეპტუალიზება და ვერბალიზება, მისი ნიშნებად და სიმბოლებად გარდაქმნა, მერე კი მისთვის „კოდის მოხსნა“ და ენიდან გამოცდილებად გადაქცევა. ეს პროცესი გარკვეულ ინტელექტუალურ კომპეტენციას ითხოვს. უპირველეს ყოვლისა კი ყურადღებას და კონცენტრაციას, ანუ უნარებს, რომლებიც ჩვენს დღევანდელ, ყურადღების საშინლად გამფანტავ სამყაროში საკმაოდ გაიშვიათდა.
კაცობრიობამ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობათა ძებნის გრძელი გზა გაიარა, ცოცხალ სიტყვიდან და ადამიანის მეხსიერებაზე დამოკიდებული ზეპირსიტყვიერებიდან, გუტენბერგის რევოლუციურ გამოგონებამდე, რის შემდეგაც მონათხრობის წერილობითი გადმოცემა და მისი შენახვა-გადამრავლება გახდა შესაძლებელი. ამ ცვლილების ყველაზე დიდი მიღწევა გახლდათ მომენტი, როდესაც ფიქრი წერასთან, ანუ კონკრეტული იდეების, კატეგორიებისა და სიმბოლოების გამოყენებასთან გავაიგივეთ. ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანი რევოლუციის წინაშე ვდგავართ დღესაც, როდესაც გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი გამოცდილება სხვებს ნაბეჭდი სიტყვის გარეშეც გადავცეთ.
დღეს, როდესაც შეგვიძლია გადავიღოთ ფოტოები და შემდეგ სოციალური პორტალების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ყველგან და ყველასთან ერთდროულად გავგზავნოთ, აღარ არის საჭირო მოგზაურის დღიურის წარმოება. რა საჭიროა წერილის დაწერა, როდესაც დარეკვა ბევრად იოლია? რისთვის ვიკითხოთ სქელტანიანი რომანები, როდესაც შეგვიძლია სერიალში ჩავიძიროთ? მეგობრებთან შეხვედრას და სასაუბროდ ქალაქში გასვლასაც, გვიჯობს, რაიმე თამაშით შევიქციოთ თავი. ბიოგრაფიების კითხვა დავიწყოთ? არც ამას აქვს აზრი, რადგან ინსტაგრამზე ცნობილი სახეების ცხოვრებას მუდმივად ვადევნებთ თვალს და მათ შესახებ ყველაფერი ვიცით.
დღეს ტექსტის ყველაზე დიდი მეტოქე სურათი კი არ არის, როგორც ამას XX საუკუნეში ვფიქრობდით და გვეშინოდა, კინემატოგრაფიამ და ტელევიზიის ზეგავლენამ არ გვშთანთქასო, ეს გახლავთ სამყაროს აღქმის სულ სხვა განზომილება, რომელიც უშუალო ზემოქმედებას ახდენს ჩვენს გრძნობებზე.
3.
მე არ მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოში თხრობის მასობრივი კრიზისია. მაგრამ ხშირად შემომაწვება ხოლმე სევდა იმის გამო, რომ როდესაც სამყაროს ეკრანებიდან, აპლიკაციებიდან აღვიქვამთ, ის არარეალური, შორი, ორგანზომილებიანი, უცნაურად განუსაზღვრელი ხდება, რომ მას რაღაც აკლია, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება ძალიან მარტივია. დამღლელი „ვიღაც“, „რაღაც“, „სადღაც“, „ოდესღაც“ დღეს შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც სრული თავდაჯერებულობით კონკრეტული და განსაზღვრული იდეების გამოცხადება –დედამიწა ბრტყელია, აცრა კლავს, გლობალური დათბობა სისულელეა, უმეტეს ქვეყანებში დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება. „სადღაც“ ადამიანები იხრჩობიან, რომლებიც ზღვის გადალახვას ცდილობენ. „სადღაც“ „რამდენიმეღაცა“ ხნის განმავლობაში „რაღაცა“ ომი მძვინვარებს. ინფორმაციის ამ სიჭარბეში ცალკეული განაცხადის კონტურები იშლება, ის ჩვენს მეხსიერებაში იფანტება, არარეალური ხდება და ბოლოს საერთოდაც ქრება.
ძალადობის, სიბრიყვის, დაუნდობლობის სურათების უწყვეტი ნაკადი, სიძულვილით აღსავსე გამოსვლები, და მერე „სასიხარულო ინფორმაციებით“ ვითომდა მათი გადაფარვის სასოწარკვეთილი მცდელობა… შეუძლებელია გაექცე შეგრძნებას, რომლის გამოხატვა სიტყვებითაც ძალიან ძნელია: მსოფლიოს რაღაც სჭირს. ოდესღაც მხოლოდ ნევროტული პოეტებისთვის დაჯავშნილი ეს შეგრძნება, დღეს გაურკვევლობის ეპიდემიად იქცა, რომელიც ფორიაქისა და მოუსვენრობის ფორმით ყოველი მხრიდან ჟონავს.
იმ მცირე დარგებიდან, რომლებიც მსოფლიოს კონტექსტთან გვაკავშირებენ, ლიტერატურა ერთ-ერთია, რადგან თავისი ბუნებით ის ყოველთვის „ფსიქოლოგიურია“. ის ემყარება ლიტერატურული გმირის შინაგან ინტერესებსა და მოტივაციას, სააშკარაოზე გამოაქვს მისი გამოცდილება, რომელიც სხვა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ან, უბრალოდ, იწვევს მკითხველს თავისი ქმედებების ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციით. მხოლოდ ლიტერატურას ხელეწიფება ღრმად ჩაგვახედოს სხვა სხვა არსების ცხოვრებაში, გაგვაგებინოს მისი ინტერესები, გაგვიზიაროს მისი გრძნობები, განგვაცდევინოს მისი ხვედრი.
მონათხრობი ყოველთვის არსის ირგვლივ მიმოდის. მაშინაც კი, როდესაც ის მას პირდაპირ არ გადმოსცემს, როდესაც უარს ამბობს მის ძიებასა და ფორმაზე; მას მთელი დატვირთვა ექსპერიმენტზე გადააქვს, როდესაც ფორმას უჯანყდება და გამოხატვის ახალ საშუალებებს დაეძებს. თუნდაც ყველაზე ბეჰავიორულად და სიტყვაძუნწად დაწერილი ამბის კითხვისას, თავს ვერ ვიკავებთ და ვსვამთ შემდეგ კითხვებს: „რატომ ხდება ასე?“, „რას ნიშნავს ეს?“, „რა აზრი აქვს ამას?“, „საით მივყავართ ამ ყველაფერს?“. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა გონებამ ევოლუცია განიცადა და მონათხრობს ის მილიონობით იმპულსისთვის აზრის მიცემის პროცესად აღიქვამს, იმპულსებისა, რომლებიც გარს გვარტყია და ძილშიც კი განუწყვეტლივ და დაუღალავად აგრძელებენ თავიანთი ამბების თხრობას. მაშასადამე თხრობა დაუსრულებელი რაოდენობის ინფორმაციის დროში მოწესრიგება, მათი წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან კავშირის, მათი განმეორებადობის განსაზღვრა და მათი მიზეზებისა და შედეგების კატეგორიებად დაყოფა და დალაგებაა, და ამ საქმეში ჩვენი გონება და გრძნობები მონაწილეობს.
არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ-ერთი უძველესი აღმოჩენა თხრობისა, იყო ბედისწერა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის დაუნდობელი და საშინელი სახით ატყდებოდა თავს, მათ რეალობას აწესრიგებდა და გარდაუვალს ხდიდა.
4.
პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო,
ფოტოზე აღბეჭდილი ქალი, დედაჩემი, რომელსაც დაბადებამდე ვენატრებოდი, ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ზღაპრებს მიკითხავდა.
ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ჰანს ქრისტიან ანდერსენის ეკუთვნის, ნაგავში გადაგდებული ჩაიდანი ჩიოდა, რომ მას ადამიანები უსულგულოდ მოეპყრნენ – როგორც კი ყური მოსტყდა, მაშინვე თავიდან მოიშორეს. არადა, ხომ შეეძლო კიდევ დიდხანს გამოსდგომოდა მათ, ასეთი მომთხოვნები და სრულყოფილების მოყვარულები რომ არ ყოფილიყვნენ. ჩაიდანს სხვა ნივთებიც აჰყვნენ თავიანთი პატარა, უმნიშვნელო ცხოვრებიდან ეპიკური ამბების მოყოლით.
ბავშვობაში აალებული სახითა და ცრემლჩამდგარი თვალებით ვუსმენდი ამ ზღაპარს, რადგან მჯეროდა, რომ ნივთებსაც ჰქონდათ თავიანთი გასაჭირი, გრძნობები და როგორც ჩვენ, ადამიანებს, გარკვეული საზოგადოებრივი ცხოვრებაც კი. ბუფეტში ჩამწკრივებულ თეფშებს ერთმანეთთან საუბარი შეეძლოთ, უჯრაში ჩაწყობილი დანა-ჩანგალი დიდი ოჯახივით ცხოვრობდა. ჩემთვის ცხოველები იდუმალი, ბრძენი და თავისთავში ჩახედული არსებები იყვნენ, რომლებსაც ჩვენ სულიერად ვენათესავებოდით. თავისი ყოფა ჰქონდათ მდინარეებს, ტყეებს და გზებსაც – ისინიც სულიერი არსებები გახლსნენ, რომლებიც ჩვენს რუკებს ადგენდენ და ამა თუ იმ ადგილს მიგვაკუთვნებდნენ, ანუ იდუმალ Raumgeist-ს, ადგილის სულს გვიღვიძებდნენ. ცოცხალი გახლდათ ლანდშაფტიც, რომელიც ჩვენ წინაშე იშლება, მზე და მთვარეც და ყველა დანარჩენი ციური სხეულიც. ერთი სიტყვით, მთელი ხილული და უხილავი სამყარო.
როდის დავეჭვდი ამაში? მე ჩემს ცხოვრებაში იმ მომენტს დავეძებ, რომელშიც თითქოს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადასხვაფერდა, ნაკლებად დეტალიზებული გახდა, გამარტივდა. სამყაროს ჩურჩული მიწყდა, ის ქალაქების გუგუნმა, კომპიუტერების შიშინმა, თვითმფრინავების გრუხუნმა და ინფორმაციათა ოკეანეების დამღლელმა თეთრმა ხმაურმა ჩაანაცვლა.
ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპიდან ვიწყებთ სამყაროს ფრაგმენტებში ჩაწვდომას. ყველაფერს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან გალაქტიკებივით დაშორებულ ნატეხებად აღვიქვამთ, და სინამდვილე რომელშიც ვცხოვრობთ, გვარწმუნებს, რომ: ექიმები გვმკურნალობენ თავიანთი სპეციალობების მიხედვით, რომ გადასახადებს იმ ქუჩის გადათოვლასთან, რომლითაც სამსახურში დავდივართ, არაფერი ესაქმებათ, რომ ჩვენს სადილს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის უზარმაზარ ფერმებთან არანაირ კავშირი არა აქვთ, და არც ჩვენს ახალ ზედატანს აქვს რაიმე საერთო აზიის რომელიმე ამაზრზენ ფაბრიკასთან. ყველაფერი აკურატულადაა ერთმანეთისგან გამოცალკევებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს.
ეს რომ იოლად გადავიტანოთ, ამისათვის ვიღებთ ნომრებს, იდენტიფიკატორებს, ბარათებს, მოუქნელ პლასტმასის პირადობებს, რომლებიც ცდილობენ, ჩვენი მთლიანობა, რომელსაც ვეღარ ვხედავთ, რომელიღაც ნაწილაკის მომხმარებლის დონეზე დაიყვანონ.
სამყარო კვდება, და ჩვენ ამას ვეღარც კი ვამჩნევთ. ვერ ვამჩნევთ, რომ სამყარო ემსგავსება ნივთებისა და მოვლენების გროვას, ის მკვდარ სივრცედ გარდაიქმნება, რომელშიც ვიღაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მოტაცებულნი, გაუგებარი ბედისწერით შეპყრობილნი, ისტორიის ან შემთხვევის ხელში ჩავარდნილი სათამაშოების განცდით, მარტოები და გზააბნეულები გადავადგილდებით. ჩვენი სულიერება ქრება ან ზედაპირული და რიტუალური ხდება, ან კიდევ, უბრალო ძალების – ფიზიკური ძალა იქნება ეს, საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური, თაყვანისმცემლები ვხდებით, რომლებიც ისე გვამოძრავებენ, თითქოს ზომბები ვიყოთ.
5.
მთელი ცხოვრება მაინტერესებდა სამყაროში მიმდინარე მოვლენების ურთიერთკავშირი და ურთიერთზეგაგავლენა, რასაც ძალიან ხშირად ვერც ვაცნობიერებთ და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე როგორც უცნაურ დამთხვევებს, გადაკვეთებს, ხიდებს, ჭანჭიკებს, მაკავშირებლებს, რაზეც მე „დევნილებში“ გავამახვილე ყურადღება. მიტაცებს ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, მათში ფარული წესრიგის ძებნა. მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მწერლის გონება არის სინთეზური, რომელიც ჯიუტად აგროვებს ყველა ნამცეცს, რათა სამყარო ხელახლა შეაწებოს და გაამთლიანოს.
როგორ ვწეროთ, როგორ ავაგოთ ჩვენი თხზულება, რომ მან სამყაროს ამ ვეებერთელა კონსტელაციური ფორმის ზიდვა შეძლოს?
რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ სამყაროს შესახებ ისეთ თხრობას, რომელსაც მითოლოგიიდან, ზღაპრებიდან, ლეგენდებიდან ვიცნობთ, როდესაც ის, თაობიდან თაობისთვის ზეპირად გადაცემული სიტყვით ქმნიდა სამყაროს ამბავს, ვეღარ დავუბრუნდებით. დღეს ასეთი თხრობა გაცილებით რთული და მრავალგანზომილებიანი უნდა ყოფილიყო. ახლა ხომ მაშინდელზე ბევრად მეტი ვიცით და ერთმანეთისგან ვითომდა წარმოუდგენლად შორს მყოფი მოვლენების დაუჯერებელ ურთიერთკავშირზეც საკმაოდ ბევრი გვსმენია.
მოდით, მსოფლიო ისტორიიდან ერთ კონკრეტულ მომენტზე შევაჩეროთ ყურადღება:
ეს ის დღეა, როდესაც ესპანეთში, პორტპალოსიდან 1492 წლის 3 აგვისტოს ზღვაში პატარა კარაველა „სანტა მარია“ შეცურდება, რომლის კაპიტანიც ქრისტოფერ კოლუმბია. მზიანი დღეა. მეზღვაურები სანაპიროზე გამოშლილან. პორტის მუშები გემზე სურსათით სავსე უკანასკნელ ყუთებს ეზიდებიან. ცხელა, მაგრამ დასავლეთიდან მონაბერი მსუბუქი ნიავი ახლობლებთან გამოსამშვიდებლად მოსულ ოჯახის წევრებს გულის წასვლას არ ანებებს. ჩასატვირთ ბაქანზე თოლიები დააბიჯებენ და ინტერესით შესცქერიან მოფუსფუსე ადამიანებს.
დროის მიღმა დანახულ ამ მომენტს 56-დან 60 მილიონამდე მკვიდრი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა. მათი პოპულაცია მაშინ დედამიწის საერთო მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენდა. ევროპელებმა მათ გაუფრთხილებლობით მომაკვდინებელი საჩუქრები – სნეულებები და ბაქტერიები ჩაუტანეს, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკის კონტინენტის ძირძველ მცხოვრებლებს იმუნიტეტი არ ჰქონდათ. ამას დაემატა მათი უბოდიშო დამონება და ამოხოცვა. ეს პროცესი მრავალი წელი გრძელდებოდა და ცვლიდა ქვეყანას. იქ სადაც ადრე გონივრულად მოწყობილი სარწყავი სისტემით დატენიანებულ მინდვრებში ლობიო და სიმინდი, პამიდორი და კარტოფილი იზრდებოდა, ველური მცენარეული საფარი დაბრუნდა. თითქმის 60 მილიონი ჰექტარი დამუშავებული მიწა თანდათანობით გაუვალ ჯუნგლებად გადაიქცა.
მცენარეული საფარის მიერ დიდი ოდენობით ნახშირორჟანგის შთანთქმამ სათბურის ეფექტი შეასუსტა, ამან კი, თავის მხრივ, გლობალური ტემპერატურის ვარდნა გამოიწვია.
ეს გახლავთ ერთ-ერთი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომელიც ცდილობს დაადგინოს ევროპაში მომხდარი მცირე გამყინვარების მიზეზები, რასაც XVI საუკუნის მიწურულს კლიმატის გრძელვადიანი გაცივება მოჰყვა.
მცირე გამყინვარების ეპოქამ, ბუნებრივია, ევროპის სოფლის მეურნეობაზეც იქონია გავლენა. გრძელმა და ყინვიანმა ზამთრებმა, გრილმა ზაფხულებმა და ინტენსიურმა ნალექებმა, რომელიც რამდენიმე დეკადა გრძელდებოდა, მოსავალი შეამცირა. დასავლეთ ევროპაში მცირე საოჯახო ფერმებს, რომლებიც აქამდე ოჯახისთვის სამყოფ მოსავალს იღებდნენ, ახლა უკვე გაუჭირდათ თავის გატანა. ყველგან შიმშილი მძვინვარებდა. აუცილებელი გახდა პროდუქციის სპეციალიზება. ინგლისმა და ჰოლანდიამ, რომლებმაც ყველაზე მეტად იწვნიეს კლიმატური ცვლილებების „სიკეთე“, სასოფლო-სამეურნეო დარგებს რომ ვეღარ გაართვეს თავი, ვაჭრობას და წარმოების განვითარებას მიჰყვეს ხელი. ქარიშხლებისგან თავის დასაცავად ჰოლანდიელებს ჭაობებისა და ზღვის წყალმარჩხი ადგილების პოლდერებად გადაქცევა დასჭირდათ. ვირთევზების სამხრეთისკენ გადანაცვლება და იქ დამკვიდრება, რამაც სკანდინავიის ქვეყნები კატასტროფის წინაშე დააყენა, ინგლისისა და ჰოლანდიისთვის საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა და სულ მალე ეს სახელმწიფოები საზღვაო და სავაჭრო იმპერიებად გადაიქცნენ. ტემპერატურის კლება განსაკუთრებული სიმწვავით აისახა სკანდინავიის ქვეყნებზეც. გაწყდა კავშირი მწვანე გრენლანდიასა და ისლანდიასთან. მკაცრმა ზამთრებმა მოსავალი მკვეთრად შეამცირა და ამ ქვეყნებში წლობით დაისადგურა შიმშილმა და მატერიალურმა სიდუხჭირემ. შვედეთმა ხარბი მზერა მიაპყრო სამხრეთს და თავს დაესხა პოლონეთს (ამ დროს ბალტიის ზღვა მთლიანად იყინებოდა და იოლი იყო მასზე ჯარების გატარება), ევროპასთან კი ოცდაათწლიან ომში ჩაება.
მეცნიერები, რომლებიც ცდილობენ უკეთესად ახსნან ჩვენი რეალობა, მას ერთიან გამტარად, გადატვირთულ ქსელად მოიხსენიებენ. ეს არა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი „პეპლის ეფქტია“, რომელიც, როგორც მოგვეხსენებათ, იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი პროცესის დასაწყისში მინიმალურმა ცვლილებებმა ბოლოს შეიძლება კოლოსალური გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიღოს, არამედ მას შეუძლია შვას უსასრულოდ ბევრი პეპელა მათი მუდმივად მოფართქალე ფრთებით – ცხოვრების მძლავრი ტალღა, რომელიც დროიდან დროში ინაცვლებს.
„პეპლის ეფექტის“ აღმოჩენა, ჩემი აზრით, არის ადამიანთა უზენაესობის შეგრძნების, მათი ურყევი რწმენის დასასრული, რომ ისინი ამ სამყაროს ბატონ-პატრონები, მმართველები არიან. ეს ადამიანს სრულებითაც არ ართმევს უფლებას იყოს მშენებლი, დამპყრობელი ან გამომგონებელი, სამაგიეროდ თვალს უხელს რეალობაზე, რომელიც იმაზე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მას წარმოუდგენია. და რომ თვით ადამიანი სამყაროში მიმდინარე პროცესების ციცქნა ნაწილაკია. თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება გვიგროვდება მთლიანი გლობუსის სკალაზე სპექტაკულარული და ზოგჯერ მართლაც ზედმეტად განსაცვიფრებელი ურთიერთდამოკიდებულებებისა.
ჩვენ ყველანი – ადამიანები, მცენარეები, ცხოველები, საგნები – ერთსა და იმავე სივრცეში ვართ ჩაძირულები, რომელსაც ფიზიკის კანონები განაგებენ. ამ ერთიან სივრცეს გააჩნია თავისი ფორმა, ფიზიკის კანონები კი მასში უამრავ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფორმებს ქმნიან. ჩვენი სისხლის მიმოქცევის სისტემა მდინარის შენაკადებს ჰგავს, ფოთლის აგებულება ადამიანთა საკომუნიკაციო სისტემებს გვაგონებს, გალაქტიკების გადაადგილება – ჩვენს ნიჟარებში წყლის ჩასვლისას წარმოქმნილ მორევს, ადამიანთა საზოგადოებრიობების განვითარება – ბაქტერიების კოლონიებს. ჩვენი მეტყველება, ფიქრის უნარი, შემოქმედება, აბსტრაქტული და სამყაროსგან მოწყვეტილი არგახლავთ, ის არის მასში განუწყვეტლივ მიმდინარე ცვლილებების სხვა სიბრტყეში განვრცობა.
6.
დიდი ხანია ვფიქრობ, შესაძლებელია თუ არა საძირკვლის ჩაყრა ახალი, უნივერსალური, ერთიანი, დაუნაწევრებელი, ბუნებაში ფესვგადგმული, კონტექსტებით სავსე და ამავდროულად ყველასთვის თანაბრად გასაგები თხრობისთვის.
არის თუ არა შესაძლებელი ისეთი თხრობა, რომელიც „მე“-ს არაკომუნიკაბელურ საპყრობილეს გაექცეოდა, რეალობის დიდ არეალს გააშიშვლებდა და მასში არსებულ ურთიერთკავშირებს აღწერდა? რომელიც უარს იტყოდა კარგად გატკეპნილ ცხადსა და „საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებების“ ბანალურ ცენტრზე და ექსცენტრულ, ცენტრიდან დაშორებულ ამბებს მიაპყრობდა ყურადღებას?
მოხარული ვარ, რომ ლიტერატურამ საუკეთესოდ შეინარჩუნა უფლება, ყოფილიყო ყოვლად უცნაური, ფანტასმაგორიული, პროვოკაციული, გროტესკული და შეშლილი. ვოცნებობ თვალსაწიერის გაფართოებასა და შეუზღუდავ შესაძლებლობებზე, სადაც კონტექსტი ბევრად სცილდება მოსალოდნელს; ვოცნებობ ენაზე, რომელიც გასცდება კულტურათაშორის განსხვავებებს, ისევე როგორც ტევად, ტრანსგრესიულ ჟანრზე, რომელსაც მკითხველი შეიყვარებს; ვოცნებობ ახალი სახის – „მეოთხე პირის“ მთხრობელზე, რომელიც მხოლოდ გრამატიკული კონსტრუქცია კი არ იქნება, მას შეეძლება ერთად მოაქციოს ყველა მოქმედი პირის პერსპექტივა და, ამასთან, მაშინ დატოვოს თითოული მათგანის სივრცე, როცა მოუნდება; რომელიც ბევრად მასშტაბურად და განსხვავებული თვალით შეხედავს ყველაფერს; რომელსაც შეეძლება დროის უარყოფა. დიახ, მისი არსებობა სავსებით შესაძლებელია.
ოდესმე იმაზე თუ დაფიქრებულხართ, ვინ არის ის საოცარი მთხრობელი, რომელიც ბიბლიაში ყველას გასაგონად ამბობს, „პირველად იყო სიტყვა“? ვინც სამყაროს შექმნის პირველ დღეს აღწერს, როდესაც ქაოსი გამოეყო წესრიგს? ვინც კოსმოსის შექმნის სერიალს თვალს ადევნებს? ვინც იცის, რაზე ფიქრობს, ეჭვობს თუ ჭოჭმანობს ღმერთი და ხელის აუკანკალებლად გადააქვს ქაღალდზე წარმოუდგენელი წინადადება: „და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო“. ვინ არის ის, ვინც იცის, რას ფიქრობდა ღმერთი?
თუ ყოველგვარ თეოლოგიურ ეჭვს გამოვრიცხავთ, შეგვიძლია ეს იდუმალი და მგრძნობიარე მთხრობელი შესანიშნავ და სახასიათო მთხრობლად მივიჩნიოთ. ეს არის წერტილი, პერსპექტივა, საიდანაც ყველაფერი ხელისგულივით მოჩანს. ხედავდე ყველაფერს, ნიშნავს აღიარო და ფაქტად მიიჩნიო ერთიანობაში მყოფთა ურთიერთკავშირი თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ჯერ შეუცნობელია. ის ასევე ნიშნავს სამყაროზე აღებულ სრულიად სხვაგვარ პასუხისმგებლობასაც, რადგან შენთვის ცხადი ხდება, რომ თითოეული „აქ“ გაკეთებული მოძრაობა დაკავშირებულია „იქ“ გაკეთებულ მოძრაობასთან, რომ მსოფლიოს ერთ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოს სულ სხვა ნაწილზეც მოახდენს გავლენას, რომ „ჩემად“ და „სხვისად“ დაყოფის მართებულობა უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
აუცილებელია, რომ ჩვენმა გულწრფელმა მონათხრობმა მკითხველს ერთიანობის განცდა გაუჩინოს, ფრაგმენტებისგან მთლიანი, დასრულებული სურათი დაანახოს, წვრილმანებში მთლიან კონსტელაციაში მიმდინარე მოვლენები აღმოაჩენინოს. უნდა ვყვებოდეთ, რათა ნათელი გახდეს, რომ ის ყველა და ყველაფერი, რასაც დედამიწის ყოველ შემობრუნებაზე ბეჯითად ვქმნით ჩვენს გონებაში, ერთ საყოველთაო წარმოსახვაში სუფევს.
ლიტერატურას შესწევს ამის ძალა. საკმარისია, უარი ვთქვათ მის მაღალ და დაბალ კატეგორიებად, პოპულარობისა და რაიმე სხვა ნიშნით მის დახარისხებაზე, სერიოზულად არ აღვიქვათ მისი ჟანრებად დაყოფა, უარი ვთქვათ განსაზღვრებაზე – „ეროვნული ლიტერატურა“, რადგან კარგად მოგვეხსენება, რომ ლიტერატურული კოსმოსი ერთიანი და განუყოფელია, ისევე როგორც იდეა unus mundus[2], საერთო ფსიქიკური რეალობისა, რომელიც ჩვენს ადამიანურ გამოცდილებას აერთიანებს, სადაც ავტორისა და მკითხველის როლები თანაბრად არის გადანაწილებული – პირველი ქმნის, ხოლო მეორე შექმნილის ინტერპრეტაციას ახდენს.
იქნებ საჭიროა, ვენდოთ ფრაგმენტს, რადგანაც ფრაგმენტები ისეთ კონსტელაციებს ქმნიან, რომელთაც ბევრად მეტის და გაცილებით კომპლექსური, მრავალგანზომილებიანი აღწერა ხელეწიფებათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი მონათხრობებს უწყვეტი კავშირი ექნებოდათ ერთმანეთთან, ისევე როგორც მათი გმირებს.
ვფიქრობ, რომ დროა, დავივიწყოთ დღევანდელი გაგებით რეალიზმის ცნების მნიშვნელობა და მის ნაცვლად მოვძებნოთ ისეთი სახელი, რომელიც ჩვენი „ეგოს“ საზღვრების გადაკვეთის და იმ ეკრანს მიღმა გასვლის საშუალებას მოგვცემს, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ვხედავთ და აღვიქვამთ. რეალობის მოთხოვნილებას დღეს ხომ მასმედიის, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტში პირადი ურთიერთობების მეშვეობით ვიკმაყოფილებთ. იქნებ ის, რაც ჩვენთვის გარდაუვალია, რაღაც ნეოსიურრეალიზმია, განახლებული მსოფლმხედველობა, რომელიც პარადოქსის წინაშე უკან არ დაიხევს და მარტივი მიზეზ-შედეგობრივი წესრიგის საპირისპირო მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. დიახ, ჩვენი რეალობა სიურრეალობად გადაიქცა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საჭიროა ახალი სამეცნიერო თეორიებით შთაგონებულებმა ბევრი მონათხრობი სულ სხვა ინტელექტუალურ კონტექსტში გადავწეროთ. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია მითთან და ზოგადსაკაცობრიო წარმოსახვასთან მუდმივ კავშირში დარჩენაც. მითოლოგიის მჭიდრო სტრუქტურასთან მსგავსი დაბრუნება ამ განუსაზღვრელობაში, სადაც ჩვენ ცხოვრება გვიწევს, მცირეოდენი მდგრადობის განცდას შემოიტანდა. მე მწამს, რომ მითები ჩვენი ფსიქიკის საშენ მასალას წარმოადგენენ და მათი უარყოფა შეუძლებელია (უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანი ვერ აცნობიერებდეს მათ ზეგავლენას).
დარწმუნებული ვარ, მალე გამოჩნდება ვინმე გენიოსი, რომელიც შეძლებს სრულიად განსხვავებული, დღესდღეობით წარმოუდგენელი თხრობის კონსტრუირებას, რომელშიც თავს მოიყრის ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია. თხრობის ასეთი სტილი უადავოდ მოახერხებს ჩვენს შეცვლას. ჩვენ მივატოვებთ ძველ, შემბოჭველ პერსპექტივებს და ახლებს გავუღებთ კარს, რომლებიც სადღაც ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვამჩნევდით.
თომას მანი „დოქტორ ფაუსტუსში“ წერდა კომპოზიტორზე, რომელსაც თავისი გამოგონილი მუსიკის ახალი სახეობით ადამიანის აზროვნების შეცვლა შეეძლო. მაგრამ მწერალს არ აღუწერია, როგორი უნდა ყოფილიყო ეს მუსიკა, მან შექმნა მხოლოდ წარმოსახვითი სურათი, თუ როგორ შეიძლებოდა გაეჟღერა მას. იქნებ ხელოვანთა დანიშნულებაც სწორედ ეს არის – გვიჩვენონ პირველსახე იმისა, რისი არსებობაც შესაძლებელია, და ამ გზით დაბადონ ის ადამიანის წარმოსახვაში? წარმოსახული კი, მოგეხსენებათ, უკვე ყოფნაში არსებობის პირველ სტადიაა.
7.
მე ფიქციას ვწერ, მაგრამ მათში თითიდან გამოწოვილი არაფერია. როდესაც ვწერ, შინაგანად ყველაფერი უნდა ვიგრძნო. ჩემში უნდა გავატარო წიგნში არსებული თითოეული არსება, ნივთი, ყველაფერი ის, რაც ადამიანურია და რაც ადამიანის მიღმაა, სულიერიც და უსულოც. თითოეულ ნივთსა და პიროვნებას გაფაციცებიით უნდა დავაკვირდე ახლოდან, მერე კი ჩემში განვასახიერო.
ამაში მგრძნობიარობა მეხმარება, რადგან მგრძნობიარობა განსახიერებისა და თანაგრძნობის, აქედან გამომდინარე კი მსგავსებათა მუდმივი ძიებისა და პოვნის ხელოვნებაა.
თხზულების წერა დაუსრულებელი გაცოცხლების პროცესია, ყოფის მინიჭებაა სამყაროს ისეთი ნამცეცებისთვის, როგორიც ადამიანური გამოცდილება, განცდა და მოგონება გახლავთ. მგრძნობიარობა რასაც ეხება, ყველაფრის გაპიროვნებას ახდენს, ხმას, სივრცესა და დროს ანიჭებს მას და სძენს ექსპრესიას. სწორედ მგრძნობიარობა განაპირობებს იმას, რომ ჩაიდანი ლაპარაკს იწყებს.
მგრძნობიარობა სიყვარულის ყველაზე თავმდაბალი გამოხატულებაა. ის მისი ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც წერილებსა და სახარებაში არ გვხვდება, მას არც არავინ იფიცებს და არც იმოწმებენ. მგრძნობიარობას ემბლემაში არანაირი სიმბოლო არ გააჩნია, ის არც დანაშაულისკენ და არც ეჭვიანობისკენ უბიძგებს ვინმეს.
მგრძნობიარობა ჩნდება იქ, სადაც დაკვირვებით და ინტერესით ვიხედებით სხვის ყოფაში, იქ, სადაც არ არის „მე“.
მგრძნობიარობა სპონტანური და უანგაროა, ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ემპათიური თანაგრძნობა. ის შეგნებული, თუმცა ალბათ, ცოტა მელანქოლიური გაზიარებაა ხვედრისა. მგრძნობიარობა სხვისი ყოფის ღრმა განცდაა, მისი სიმყიფის, განუმეორებლობის, ტკივილისა და დროის ზემოქმედების წინაშე არამდგრადობის განცდა.
მგრძნობიარობა ამჩნევს ჩვენს შორის არსებულ კავშირებს, მსგავსებას, თვითმყოფადობას. ის ხედვის ერთგვარი წესია, რომელიც სამყაროს როგორც ცოცხალს, როგორც ცხოველს, ერთმანეთზე გადაჯაჭვულ, ერთმანეთთან მოთანამშრომლე და ერთმანეთზე დამოკიდებული ნაწილებისგან შემდგარ ერთიანობას განიხილავს.
ლიტერატურაც ჩვენგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ყოფის მიმართ მგრძნობიარობას ემყარება. თხზულების ძირითადი ფსიქოლოგიური მექანიზმიც სწორედ ეს გახლავთ. ამ გასაოცარი იარაღის, ადამიანთა შორის ურთიერთობის ამ ყველაზე დახვეწილი ფორმის წყალობით ჩვენი გამოცდილება დროში მოგზაურობს და იმათთანაც მიაღწევს, ვინც ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ ვინც ერთ მშვენიერ დღეს ხელში აიღებს და გადაფურცლავს ჩვენს დაწერილს, იმას, რაც საკუთარი თავებისა და სამყაროს შესახებ ჩვენ მოვუთხრეთ მათ.
წარმოდგენა არა მაქვს, ვინ იქნებიან ისინი და როგორი იქნება მათი ცხოვრება, თუმცა მე მათზე ხშირად ვფიქრობ და დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა მეუფლება.
ის კლიმატური და პოლიტიკური კრიზისი, რომლის დაძლევასაც დღეს ასე მონდომებით ვცდილობთ სამყაროს გადასარჩენად, თავისით არ მოსულა. ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ბედისწერა და ბედის ჩარხის უკუღმა ტრიალი კი არ არის, კონკრეტული ქმედებებისა და ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგია. სიხარბემ, ბუნებისადმი უდიერმა მოპყრობამ, ეგოიზმმა, წინდაუხედაობამ, დაუსრულებელმა შეჯიბრმა და უპასუხისმგებლობამ სამყარო აქცია ნივთად, რომელიც შეიძლება დავანაწევროთ, მოვიხმაროთ, გავანადგუროთ.
ამიტომ მგონია, რომ ისე უნდა მოგითხროთ სამყაროზე, როგორც ერთიან ცოცხალ ორგანიზმზე, რომელიც უწყვეტად ყალიბდება ჩვენ თვალწინ და რომლის პატარა, მაგრამ იმავდროულად ძლევამოსილი ნაწილი ჩვენც ვართ.
[1] შეწყვეტილი თხრობა
[2]ერთი სამყარო