ახალი ამბები,  რეცენზია

ორიანა ფალაჩის „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს” – ტანჯვა და არარა

ავტორი: თაკო წულაია

ორიანა ფალაჩი, „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“, 2022, გამომცემლობა „დიოგენე“, მთარგმნელი: ნათია აბრამიშვილი

იუსტაინ გორდერის პერსონაჟს სჯერა, რომ „ცხოვრება დიდი ლატარიაა, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს“. მისთვის სიცოცხლის, არსებობის უპირატესობა ტექსტის დასასრულს აშკარაა და ამის გაცნობიერება ამსუბუქებს მისი ყველა წინარე გამოცდილების სიმძიმეს.

ასეთი დარწმუნებულობა უცხოა ორიანა ფალაჩის პერსონაჟისთვის, რომელსაც ვხვდებით რომანში „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“. იტალიელი მწერლის ეს 1975 წელს გამოქვეყნებული წიგნი, რომელიც „დიოგენემ“ გამოსცა და ნათია აბრამიშვილმა თარგმნა, იმ შეკითხვების შესახებაა, რომლებთანაც ორსულ ქალს უწევს თანაცხოვრება ორსულობის აღმოჩენის დღიდან.

„მას, ვისაც არ ეშინია ეჭვების,

მას, ვინც სვამს კითხვებს

დაუღალავად, ტანჯვისა და სიკვდილის ფასად.

მას, ვინც დილემის წინაშეა –

აჩუქოს სიცოცხლე თუ არა.

ამ წიგნს ერთი ქალი უძღვნის

ყველა ქალს“.

„ყველა ქალისთვის“ მიძღვნილ „ამ წიგნში“ ასახულია მტკივნეული გამოცდილება, რომელიც „ერთი ქალის“ მხოლოდ მომავალს კი არ ცვლის, არამედ აიძულებს მას, სხვა თვალით შეხედოს წარსულს, რომელიც, სინამდვილეში, ტკივილების, ჩაგვრის, მორჩილების ხანგრძლივი ისტორიაა, რომლის ანალიზიც მუცლადმყოფ შვილთან ლაპარაკისას იწყება. უსახელო მთხრობლის ვრცელი მონოლოგი, რომელიც სავსეა ეჭვებით, ყოყმანით, გაურკვევლობითა და დაბნეულობით, მიემართება ნაყოფს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი არსებობა სათუოა, რათა თავის თავსაც და მასაც როგორმე აუხსნას ის უსამართლო, მამაკაცების მიერ დადგენილ-განსაზღვრული წესრიგი, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია.

ტექსტი, ძირითადად, რამდენიმე საკითხს ეხება. მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ყოფნისა და არყოფნის იმგვარი შეპირისპირებაა, როცა ყოფნა აუცილებლად ტანჯვას გულისხმობს, დაბადებასა და უბედურების განცდას შორის კი ტოლობის ნიშანია. აქ ჩნდება პირველი შეკითხვა: რა სჯობს, დაიბადო თუ არა? პასუხის ძიებას ართულებს ისიც, რომ არ ვიცით, ვის აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელია უკეთესი და, საერთოდ, როგორ შეიძლება, დაბადება, როგორც აქტი, სამართლიანი იყოს, თუკი მისი მთავარი გმირი, ესე იგი, ის, ვინც იბადება, მხოლოდ პასიურად მონაწილეობს ამ აქტში და არც უარის თქმა შეუძლია, არც დათანხმება? ასე რომ, დაბადება პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ჩვენ გარეშე წყვეტენ და, სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ქალად იბადები და გარე სამყარო მასკულინურია. თუმცა, დაბადებას აქვს მეორე მხარეც: იგი ქალს, რომელიც ხშირად მხოლოდ ინკუბატორად აღიქმება და შინაარსისგან დაცლილი, ცარიელი ფიგურაა კულტურაში, უნიკალური მნიშვნელობით ავსებს, აძლევს ძალაუფლებას, რომელიც მხოლოდ მას და მხოლოდ კონკრეტულ მომენტში, რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს. ესაა დამანგრეველი შესაძლებლობა: გადაწყვიტო სრულიად ახალი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ეს შესაძლებლობა გაფიქრებს: „მამაკაცი არ ორსულდება – ნეტავ ეს უპირატესობაა თუ ნაკლი?“.

ნებისმიერ შემთხვევაში, გარდაუვალია იმის გაცნობიერება, რომ არჩევანის არგაკეთებაც არჩევანია და ორსული ქალი ვერსად გაექცევა იმ ძალას, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა მის ხელში.

წიგნში არა მარტო პასუხებია ბუნდოვანი, არამედ საზღვრებიც. არსებობა და არარსებობა მეტისმეტად ჰგავს ერთმანეთს და გაუგებარია, როდის ცვლიან ადგილებს, უფორმო ნაყოფი როდის იქცევა ადამიანად, რომელ ეტაპზეა მისი მკვლელობა დანაშაული, როდის არსებობს იმდენად, რომ მასთან ლაპარაკს აზრი აქვს და შეუძლია თუ არა დედას ისეთი ენის პოვნა, რომელიც არსებობისა და არარსებობის მიღმაა?

ერთი შეხედვით, ტექსტის ორივე მთავარი გმირისთვის (ერთი მხრივ, მთხრობელი ქალისთვის და, მეორე მხრივ, ნაყოფისთვის, არასოდეს რომ არ იბადება ან, უფრო ზუსტად, იბადება შეკითხვებად, შიშებად, ტკივილებად და არა ადამიანად) მთავარი წინააღმდეგობა სხვები არიან: მამა, ექიმები, მეგობრები, რომლებიც აბორტის გაკეთებას ურჩევენ. პატრიარქატი, რომელიც ორივე სქესისთვის სხვადასხვა, მაგრამ მაინც უსამართლო, მტანჯველ სისტემებს აყალიბებს, რომლებშიც თავისუფლება, ფაქტობრივად, არ არსებობს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, მთავარი დაპირისპირება ქალსა და მის ნაყოფს შორისაა.

„შენ, რომელიც საკუთარ თავს მართმევ, სისხლის მწოვ და ჩემს კუთვნილ ჰაერს სუნთქავ“ – ქალს აქვს განცდა, რომ ნაყოფის არსებობა თავისი არსებობის სრულ გაქრობას თუ არა, საგრძნობლად შემცირებას მაინც ნიშნავს და ბავშვი, რომელიც ჯერ დაბადებულიც კი არაა, მისი პიროვნების, შესაძლებლობების, შანსების ჩაყლაპვას ცდილობს, ითვისებს მის ცხოვრებას და აიძულებს, უარი თქვას საკუთარ თავზე. მას არ შეუძლია, ფიქრი აუკრძალოს საკუთარ თავს, როცა მისგან სწორედ ამას მოითხოვენ. ნაყოფის განვითარების პარალელურად ქალის თავში მწიფდება შიშები, რომლებიც ბავშვის დაბადებასაც მიემართება და იმასაც, რომ, შესაძლოა, არ დაიბადოს. ასეთ დროს განცდილ სიძულვილსა და შიშს კი სწრაფად ანაცვლებს შვილთან მოკავშირეობის განცდა, რომელიც მალევე პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება და ხელახლა იწყება სიძულვილის, შიშის და კვლავ შერიგების, მოლოდინის ციკლი.

რომანში გარდამტეხი მომენტი საფრთხის გაცნობიერებაა, რომელიც ნაყოფს ემუქრება. ექიმი აფრთხილებს, რომ თუკი ცხოვრებას წესს არ შეიცვლის, თუკი კონკრეტულ გეგმაზე უარს არ იტყვის, ეს აბორტის ტოლფასი იქნება. საავადმყოფოდან წასვლა და ძველი ცხოვრების გაგრძელება განაჩენად გადაიქცევა დასუსტებული ნაყოფისთვის, ამიტომაც მთელი პასუხისმგებლობა მასზე, დედაზე გადაინაცვლებს, რომლის საქციელის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ის იქნება, რომ ქვეცნობიერად სულაც არ სურს დედობა.

როგორ იქცევა ფალაჩის პერსონაჟი? ექიმის გაფრთხილების მიუხედავად, საავადმყოფოდან შორს მიმავალი, რას ხედავს, როცა საკუთარ თავს ხედავს? მკვლელს თუ მას, ვინც ახალი სიცოცხლე უნდა შვას? თავისუფალ ადამიანს, რომელიც ჯერ არდაბადებულ ბავშვს არ აძლევს მისი გაკონტროლების უფლებას თუ შეშინებულ ქალს, რომელსაც პირველად ანდეს ასეთი ძალაუფლება და მისი ბოროტად გამოყენების ცდუნებას ვერ გაუძლო?

შესაძლოა, საფრთხეების მიუხედავად, ცხოვრების გაგრძელების მცდელობა საკუთარი თავის დაბრუნების სურვილია. ექიმების მხრიდან ეგოიზმად შერაცხილი, მაგრამ ბუნებრივი და გასაგები სურვილი: ვერდაბადებულმა თუ არდაბადებულმა ბავშვმა არ წაართვას ცხოვრება, რომლის წართმევასაც ისედაც ცდილობს პატრიარქალური სამყარო, რომელსაც ქალისთვის განსაზღვრული ადგილი აქვს რეალურ ცხოვრებაშიც და მითოსშიც (ლეგენდებშიც შეზღუდულია ქალის არსებობის საზღვრები. დაუმორჩილებლობის დაბადების მომენტი, ვაშლის მოწყვეტა, ცოდვის გაჩენის მომენტადაა მიჩნეული, ლეგენდარულ ამბებში მთავარი გმირები კი ყოველთვის მამაკაცები არიან).

ასეთი წნეხისა და დათრგუნულობის დროს დედობრივი ინსტინქტები თავისუფალ ადამიანად ყოფნის სურვილთან ჰარმონიულად ვერ თანაარსებობს. პატრიარქატის აგებულ უზარმაზარ კედელში, რომელშიც ქალები არიან მომწყვდეულნი, ძველი ცხოვრების, სამსახურის გაგრძელება თითქოს ჭუჭრუტანაა, რომლიდანაც გახედვას ცდილობს ქალი და ასეთი ფრაგმენტული და დამახინჯებული ხედვისას იმდენად იცვლება, რომ მისი გავლით თითქოს რამდენიმე სხვადასხვა ქალი რამდენიმე სხვადასხვა ნაყოფს ელაპარაკება. ეს „ქალები“ კი განსხვავდებიან სათქმელით, განწყობით, შეხედულებებით და მხოლოდ შიშებითა და უპასუხო შეკითხვებით ჰგვანან ერთმანეთს.

ბავშვის გაჩენა ინერციაა თუ გააზრებული გადაწყვეტილება? როგორც უნდა შეიცვალოს სამყარო, ქალებისთვის რატომ არაფერი იცვლება? ჩვილი სიცოცხლეა თუ სიცოცხლის შესაძლებლობა? „მარიამი, იესო, იოსები. იოსები რაღა საჭირო იყო?“ ტანჯვა უარესია თუ არარა?

როგორც ჩანს, ორიანა ფალაჩის მიზანი ამ კითხვებზე პასუხების ძიება არაა. სამაგიეროდ, მისი სხვა პასუხები და შეხედულებები პირველივე გვერდებიდან იკვეთება და თითქმის არ იცვლება. მაგალითად, ის, რომ საოცარი სიტყვაა „ადამიანი“, რადგან სქესის დაკონკრეტება არ სჭირდება; კაცები „უშედეგო ძიების სევდიანი მოჩვენებები“ არიან; „ვერსად ნახავ ისეთ წყობილებას, რომელიც ადამიანის გულს შეცვლის და იქიდან ბოროტებას ამოძირკვავს“; „სიყვარული „შიმშილს ჰგავს, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც მოუნელებლობა გემართება. გულისრევა“ (ამიტომაც სძულს ეს სიტყვა, რომელიც ყველგანაა, ყველა ენაში და ის, რასაც გამოხატავს, ყოველთვის ემუქრება თავისუფლებას, უიმედო უმწეობაში გაგდებს და ბრმა მონობაში გამწყვდევს); „სინიორა“ და „სინიორიტას“ შორის განსხვავება ისეთი გადაულახავია, თავიდანვე უნდა შეეგუო „დაუქორწინებელი ორსული ქალის“ იარლიყით ცხოვრებას; „ადამიანის ტანჯვა ასჯერ უფრო მძიმეა, რადგან ის გაცნობიერებული ტანჯვაა“ და სხვ.

ეს პატარა რომანიც, პირველ ყოვლისა, სწორედ გაცნობიერებულ ტანჯვაზეა. ტანჯვაზე, რომელიც დედამ უკვე იგრძნო. ტანჯვაზე, რომელსაც აუცილებლად იგრძნობს შვილიც, თუკი დაიბადება. მიუხედავად ასეთი ფატალიზმისა, ორიანა ფალაჩი მაინც ცდილობს, მკითხველი დააიმედოს: „შენც მკვდარი ხარ. ალბათ, მეც მოვკვდები. არა უშავს, იმიტომ, რომ სიცოცხლე არ კვდება“.

მაგრამ სჯერა თავად, რომ სიცოცხლეს, ზოგადად, კონკრეტული სიკვდილისა და კონკრეტული დანაკარგების ანაზღაურება შეუძლია? და ჩვენ, მკითხველებს თუ გვანუგეშებს სადღაც გაგრძელებულ სიცოცხლეზე ფიქრი, როცა სიკვდილის პირისპირ აღმოვჩნდებით?

© არილი

Facebook Comments Box