რუსუდან ბეჟაშვილი
ამ წიგნს უკანა ყდაზე ეწერა: ,,წიგნის შესახებ იმსჯელეთ ფორუმზე…”. მე ინტერნეტი არა მაქვს და ჩემთვის გავაკეთე შთაბეჭდილების პატარა მონახაზი. ახლა კი რედაქტორის მოწოდებას ვეხმიანები, იქნებ თქვენთვისაც საინტერესო იყოს. თავად ორჰან ფამუკის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: ,,…წერა სწორედ შინაგანი მზერის სიტყვებად ქცევა, იმ სამყაროს შესწავლაა, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავთან განმარტოებისას ხვდება და ამ ყველაფრის მოთმინებით, სიჯიუტითა და სიხარულით აღსრულებაა.” ენა მარტივი, სიტუაციები ნაცნობი… ამ წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველები არც აღმოსავლელები ვართ და არც დასავლელები, მაგრამ ორივესი კარგად გვესმის. მეგობრული ურთიერთობა, ფეხბურთის სიყვარული – სტამბოლში თითქმის იგივეა, რაც თბილისში. იქაც, დაახლოებით, ისევე ხდება ამ ორი ცივილიზაციის თანხვედრა, როგორც ჩვენს სამშობლოში, თუმცა ჩვენ ჩვენი ქრისტიანობის გამო, უფრო მეტად ევროპელებად მოგვაქვს თავი.
წიგნში, მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების გზაა ასახული; უხვად შეხვდებით სახეთა მრავალფეროვნებას და იდეების ათასგვარ შეხლა-შემოხლას. რევოლუციურ იდეას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეს ალბათ ოდესღაც პროგრესული იყო, მაგრამ ახლა უკვე დრომოჭმულია და ყავლგასულიც, თუ გნებავთ. თუმცა ამ წიგნში ძველის, სწორედაც რომ დრომოჭმულის ახლით შეცვლის მსურველებს ჰქვიათ რევოლუციონერები. ზნეობრივ ღირებულებეზეც ბევრს კამათობენ ჯევდეთ ბეის ვაჟები და წიგნის სხვა გმირებიც. საინტერესოა პანთურქიზმის მიმდევარი პედაგოგის ქადაგება ევროპული იდეებით შეპყრობილი პოეტის წინაშე; იგი ეუბნება პოეტს, რომ მას არა აქვს იდეა და ამიტომაა უბედური, ამიტომაც საერთო თურქული იდეის ქვეშ გაერთიანებას ურჩევს. ეუბნება, რომ გონების გარდა, გრძნობაც მოგვცა ღმერთმა და გულანთებული მიმართავს: ,,თურქეთის დროშის დანახვაზე, ჰათაის მოვლენებზე გული არ გიჩქროლდებათ? …აენთეთ, ირწმუნეთ, საზოგადოებას შეუერთდით… ცოტა ხნით გონება ჩააჩუმეთ, აი მაშინ იქნებით ბედნიერი…”
ჯევდეთ ბეის ვაჟები: ოსმანი და რეფიქი.
ერთი – ტრადიციული, ვაჭარი (მამის მსგავსად), მეოჯახე;
მეორე – განათლებით ინჟინერი, მოწოდებით რევოლუციონერი.
ქალიშვილი აიშე – შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ (მანამდე მშობლების მორჩილი, უენო), სულ სხვა ქალად იქცა, დაიწყო თავისუფლად აზროვნება, უჩნდება პიროვნულობის ნიშნები.
უნდა ვაღიარო, რომ აღმოსავლური წიგნების კითხვა არ მიყვარს დიდხანს, მბეზრდება, არადა ეს წიგნი 600 გვერდზე მეტია და ძალიანაც გამიჯანჯლდა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავასრულო. თან ვგრძნობ, რომ აქტუალურია.
პოეტი მუჰითთინი მართლაც მოექცევა ნაციონალური იდეების გავლენის ქვეშ და მოგვიანებით რეფიქს, მის სახლში წიგნს რომ შენიშნავს, ეუბნება: ,,ჰოლდერლინს კითხულობ? ერთ დროს მეც მაინტერესებდა, როგორც პოეტი, მაგრამ გული ვერ დავუდე. ამ ევროპელების სული ჩვენთვის ძალიან უცხოა. თანაც ის ბერძნების თაყვანისმცემელია… ისინი ჩვენგან შორს არიან, მათთან ერთად ფონს ვერ გავალთ. ადამიანს გონებას ურევენ.”
ჯევდეთ ბეის ვაჟი კი პირიქით ფიქრობს: – მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთო, – ეუბნება. ,,გონების სხივი გვჭირდება, რომ ჩვენში ბარბაროსობა და დესპოტიზმი დავამარცხოთ.”
ასეთი დიდი ოჯახური საგა კარგა ხანია არ წამიკითხავს, მგონი, ,,ბუდენბროკების” შემდეგ… თაობათა ცვლასთან ერთად იცვლება ცხოვრებისეული შეხედულებები, თუმცა იმ წარმომადგენლებში, რომლებსაც შემოქმედებითი მიდრეკილებები აქვთ; არა იმ კონსერვატორულ ხაზში, რომელსაც ამ დიდი ოჯახის ნაწილი გამუდმებით მისდევს; ვაჭარი ყველა საუკუნეში ვაჭარია, ხიბლავს კეთილდღეობა და ოჯახური მყუდროება, მათ ძნელად ესმით თავიანთი თავზეხელაღებული და გაუცხოებული ,,ძმებისა”.
მკითხველის სიმპათიას იმსახურებს ჯევდეთ ბეის შვილიშვილი, მხატვარი აჰმედი. მამამისი ფერიქიც ხომ მეტად საინტერესო ადამიანი იყო, არ აკმაყოფილებდა ბიურგერული სიმშვიდე, ნიადაგ რაღაცის შეცვლაზე ფიქრობდა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა მეუღლე, ოჯახური ყოველდღიურობის რუტინას გაექცა, რის გამოც კიდევ უფრო გაუცხოვდა ნაცნობ-მეგობრებისაგან (აჰმედი და მისი მეგობარი გოგონა ძველი თურქულით დაწერილ მის დღიურებს მოგვიანებით ეცნობიან და იქ ბევრ საინტერესოსა თუ სახალისოს პოულობენ. ფერიქის დღიურები ხომ კიდევ ცალკე თემაა). ეს ორი ადამიანი მარადიულ ღირებულებებს ესწრაფვის და ჭეშმარიტების ძიებაშია. მოცემულ სოციუმში მათი ცხოვრების წესი გაუგებარია. სიტყვა გამიგრძელდა, შესაბამისად კითხვაც… ფინალი: ჯევდეთ ბეის მეუღლე, მრავლის მომსწრე და ყველას დამმოძღვრავი ბებია, – უნებურად მარკესის ურსულას რომ მოგვაგონებს, – ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა; ,,ჭირი იქა, ლხინი აქა…” დავასრულეთ კიდევ ერთი წიგნი და გავხდით ალბათ, ცოტათი ,,უფრო უკეთესები” ვიდრე ვიყავით. ორჰან ფამუკისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერლობაზე რომ ამბობს სანობელო სიტყვაში: ,,… გამოვიკეტებით თუ არა, უმალვე აღმოვაჩენთ, რომ არც ისე მარტოები ვართ, როგორც გვეგონა. გარემოცულნი ვიმყოფებით მათი სიტყვებით, ვინც ჩვენამდე დაიბადა – სხვა ხალხის ამბებით, სხვა ხალხის წიგნებით, სხვა ხალხის სიტყვებით – იმით, რასაც ტრადიციას ვუწოდებთ. მჯერა, რომ ლიტერატურა ყველაზე ღირებული განძია, რაც კი კაცობრიობამ საკუთარი ძიების გზაზე დააგროვა.”
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“