პროზა (თარგმანი)

ოსამუ დაძაი – მოლოდინი

თარგმნა ირინა ნოზაძემ

მე ყოველდღე მივდივარ რკინიგზის სადგურზე, რომ ვინმეს შევხვდე. ვის? — თვითონაც არ ვიცი, ვის.

მას შემდეგ, რაც ბაზარში მოვივაჭრებ, გზად, სახლისკენ მიმავალი, სადგურზე შევივლი და გაყინულ მოსაცდელ სკამზე ჩამოვჯდები ხოლმე. სავაჭრო კალათს მუხლებზე ვიდებ და მბორგავი, მოუსვენარი გამომეტყველებით გასასვლელის მხარეს ვიხედები. ყოველ ჯერზე, როცა ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი მატარებლები ბაქანზე ჩამოდგებიან, მათი წიაღიდან ხალხის ტალღა გამოედინება და ეს უკანასკნელი ბრბოსავით მიემართება გასასვლელისკენ. მეყსეულად ყველა, სათითაოდ სახეზე გაღიზიანებული გამომეტყველებით უმატებს ნაბიჯს და შემდეგ კონტროლიორს ბილეთს აწვდის.

ხალხი, მთლიანად თავის ფიქრებში ჩაფლული, თავპირისმტვრევით მიიჩქარის; გვერდით ჩაუვლის მოსაცდელ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, გადის მოედანზე და ისევ ისე, ფიქრებში ჩაძირული გარბის სხვადასხვა მიმართულებით. მე კვლავ მშფოთვარედ მიჯაჭვული ვარ იმავე ადგილს. ხშირად ვაწყდები დამცინავად მომღიმარ სახეებს, რაც შიშის გრძნობას აღმიძრავს და ამ დროს უბრალოდ ჩემს თავში ვიკარგები. გული გამალებით მიწყებს ცემას, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზურგზე ცივი წყალი გადამასხეს; შიშისაგან ჟრუანტელი მივლის და სუნთქვა მეკვრის.

მე მაინც ვიღაცის მოლოდინში ვარ. ვის ვუცდი აქ ყოველდღე? ვიღაც ახალ ადამიანს? ალბათ, არა. მე ხომ ადამიანები არ მიყვარს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მათი მეშინია. როცა ეს შეხვედრა შეხედვით შემოიფარგლება, ზოგჯერ შემხვედრს ვესალმები, მიუხედავად იმისა, რომ დავალებული არ ვარ, არაფრისმთქმელი სიტყვებით მივმართავ: „ხომ კარგად ხართ?“, „ხომ არ გცივათ?“ სევდა მომიცავს ხოლმე, როცა ვუფიქრდები და ვხვდები, რომ ისეთი მატყუარა, როგორიც მე ვარ, ქვეყანაზე არ დაიარება. ასეთ მომენტში სიკვდილი მწყურია. ისინიც, ვისაც ამგვარი ფრაზებით მივმართავ, მსგავსად, დაუფიქრებლად წარმოთქვამენ სხვადასხვა უმნიშველო კომპლიმენტს, ისეთივე სერიოზული სახით თვალთმაქცისა, როგორიც თავად მე ვარ. ამის გამგონეს, მწირი შორსმჭვრეტელობით აღვსილ გამვლელთა შემხედვარეს, დარდი მიპყრობს, უსიამოვნებით შემოსილი მსოფლიო კი თანდათან საზიზღრობის უმაღლეს წერტილს აღწევს. როგორც ჩანს, ვისაც მუდმივი საცხოვრებელი აქვს ამ მსოფლიოში, მისთვის წინასწარაა განსაზღვრული ცხოვრების ამგვარად გალევა, თანდაყოლილი ეჭვის გრძნობით. ერთმანეთის მიმართ დაძაბულობით, გამუდმებული მოკრძალებით წარმოთქმული მისალმებებისგან კი სულში დაუცხრომელი დაღლილობა იჩენს თავს. დიდად არ მსიამოვნებს ხალხთან შეხვედრა. სწორედ ამიტომ, ადრე, თუკი გადაუდებელი საქმე არ მქონდა, მეგობრებთან არასდროს მივდიოდი სტუმრად. ჩემთვის უფრო მეტად სასიამოვნო სახლში დარჩენა და დედასთან ერთად ქსოვაა. თუმცა, იმის შეცნობამ, რომ ომი დაიწყო, თანდათან უკვე ჩვენს სახლშიც შემოაღწია. გარშემომყოფთ დაძაბულობა ეტყობათ, ამიტომ, გამუდმებით მეჩვენება, რომ მეზობლებისგან განმარტოებით ყოფნა, როცა არაფერს ვაკეთებ, მათში ეჭვს იწვევს. თავს შეწუხებულად ვგრძნობ, რაც ჩემს ნერვებზე ზემოქმედებს. სულის მდგომარეობა ისეთია, თითქოს არავის ვჭირდები, თითქოს იმ ხალხთა რიგებში არ ვარ, რომელთაც შესწევთ ძალა, ნამსხვრევებად ქცევისა საერთო კეთილდღეობისათვის; და აი, საკუთარ თავში რწმენის გრძნობაც დამეკარგა, რომელიც აქამდე სწორედ თავდაჯერებულობას მმატებდა.

იმ დაკვნამდე მივედი, რომ უკვე აღარ შეიძლებოდა სახლში ყოფნა, მაგრამ გარეთ რომც გავსულიყავი, წასასვლელი არსად მქონდა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ როცა მოვივაჭრებდი, გზად სადგურისკენ გავემართებოდი და დაბნეული გამომეტყველებით ჩამოვჯდებოდი სკამზე. მოლოდინის გრძნობით ვივსები — „იქნებ, ვინმეს დაველოდო?“ მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ ვინმე მართლაც გამოჩნდა, შიშის შეგრძნება — „რა უნდა გავაკეთო შემდეგ?“— მიპყრობს. მაინც ხომ მოვა ის, ვისაც ველოდები?! მაშინ როგორ მოვიქცე? ვიტანჯები ამ გამაწამებელი ფიქრებით და სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფი ყველაზე გაბედული ფანტაზიები მაცამტვერებს — შემდეგ მომიწევს საკუთარი ცხოვრების შეწირვა ამ ადამიანისთვის და სწორედ ამ მომენტიდან, ჩემი ბედ-იღბალი წინასწარ იქნება განსაზღვრული. ყველა ეს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი და გრძნობა ჩემს სულშია გადახლართული, გული მევსება უსწორმასწორო აღელვებით და სუნთქვა მიჭირს. განწყობა ამ ფონზე ისეთია, თითქოს არც ცოცხალი ვარ, არც მკვდარი, არავის იმედი არ მაქვს და გაუგებარია, ეს სიზმარია მზიანი დღის შუაგულში, თუ არა. ის მოჩქარე ადამიანები, რომლებიც აქეთ-იქით სწრაფი ნაბიჯებით დადიან სადგურის წინ, თანდათან პატარავდებიან, ბურუსში ეხვევიან, თითქოს მათ ტელესკოპის მეორე მხრიდან ვუყურებ და მთელი მსოფლიო ჩემს მდუმრებაში იძირება.

ღმერთო, ბოლოს და ბოლოს, ვის ან რას ველოდები? ალბათ, სხვა მხრივ რომ შემომხედოთ, ისე გამოვიყურები, როგორც წუნიანი. ახლახანს გავიფიქრე, თითქოს არავის ვჭირდები, რომ მე იმ ხალხთა რიგებში არ ვარ, რომელთაც შეუძლიათ ნამსხვრევებად ქცევა, ოღონდ საერთო კეთილდღეობას მიაღწიონ, ეს ყველაფერი კი, რეალურად, აშკარა ტყუილია. სინამდვილეში, ალბათ, იმიტომ მოვიფიქრე ასეთი შესანიშნავი საბაბი, რომ ხელსაყრელი შემთხვევით მესარგებლა და საკუთარი ახირებული იდეები გამეანალიზებინა. მიუხედავად იმისა, რომ სკამზე მბორგავი გამომეტყველებით ვზივარ, გულში ერთმანეთის მონაცვლეობით აღმოცენდება სულმდაბლური ზრახვები.

ვის ვუცდი? მე ხომ რაიმე განსაზღვრული გეგმაც არ მაქვს? ჩემს თვალწინ მხოლოდ კვამლი დგას; მაგრამ მაინც შეუპოვრად ველოდები. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ყოველდღე მივდივარ სადგურზე, ერთსა და იმავე ცივ სკამზე ვჯდები და ვიცდი. ზოგჯერ ვინმე გამომელაპარაკება, სიცილით, მაგრამ ამ დროს მხოლოდ ჟრუანტელი მივლის ტანში. აუტანლად უხერხულად ვგრძნობ თავს და მინდა, ვთქვა: „თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვისაც ვუცდი.“ ასეთ შემთხვევაში ვის ველოდები? ქმარს? — არა, მას არა…შეყვარებულს? — არა, რა თქმა უნდა, არც მას… მეგობარს? — არ მჭირდება მეგობარი… ფულს? — საეჭვოა… ადამიან-მოჩვენებას? — ო, მეტად საშინელ სახეს იღებს ყოველივე!

მინდა, შევხვდე რაიმე მშვიდობიანს, გასხივოსნებულსა და მშვენიერს. რა იქნება ეს? მე თვითონაც არ ვიცი, რა… მაგალითად, რაიმე მსგავსი გაზაფხულისა… არა, ეს არა. იქნებ, მაისის მწვანე ფოთლები ან თავთუხიან ველზე გადაფენილი წმინდა წყალი? არა, სავარაუდოდ, არც ერთი, არც მეორე. თუმცა, მაინც ვაგრძელებ ლოდინს. ისე ვიცდი, რომ სულში სასიამოვნო შეგრძნება იღვრება. ჩემს თვალწინ ხალხის ბრბო ჩაივლის. არა, მათ შორის არ არის ის, ვინც დამჭირდებოდა. აკანკალებულს, ხელში კალათა მიჭირავს, სული კი კვლავაც აგრძელებს უცნობის მოლოდინში ყოფნას. გთხოვთ, არ დამივიწყოთ! გეთაყვა, გახსოვდეთ, ყოველგვარი ირონიის გარეშე გახსოვდეთ ოცი წლის გოგონა, რომელიც ყოველდღე მოდის სადგურზე, რათა ვინმეს შეხვდეს და განადგურებული სახით ბრუნდება შინ. მაგრამ მე გამიზნულად არ გეტყვით, რა ჰქვია ამ პატარა სადგურს. არ არის აუცილებელი ამ სადგურის დასახელება, ვინაიდან, მჯერა, რომ თქვენ ოდესმე სწორედ იქ მიპოვით…

© არილი

Facebook Comments Box