პოეზია

ოტო კლემენსი – ლექსები

ოტო კლემენსი
* * *
ღამის ზღვა იყო მშვიდი,
სასწაულებით სავსე –
ჩემი ნაპირთან უმნიშვნელო დგომით
კი მთელი სურათი იკვრება
ისტორიის – დასასრულის გარეშე;
რადგან არ ვიცი არც დასაწყისი.
ცხადია მხოლოდ –
ზევით ასეთ არაფრისმთქმელ
ამბებს არავინ აკვირდება.
იქიდან მხოლოდ
ერთ სულელს ხედავენ, –
ნაწვიმარზე
გუბეს რომ ჩაჰყურებს
და ამავე გუბესთან სენდვიჩს
ისე მიირთმევს, თითქოს
მთელ წყალობას ირგებდეს ამ
სურათისა – რომლის შესახებ
მხოლოდ ხუმრობა შეიძლება.
* * *

გუშინ ღამით
მეც ვნახე ჩემი წილი სიზმარი.

რა კარგი იქნებოდა,
სიზმრებს ყავდეს თავისი
დამხარისხებელი.

რა კარგი იქნებოდა,
ძილს მიღმა არსებობდეს
სიზმრების საწყობი.

რა კარგი იქნებოდა, ერთხელ,
დამხარისხებელს
შეშლოდა –
არქივის ნაცვლად
ჩემს ძილში ჩაელაგებინა
ბატონი ფარადეის

სიზმრები.

ასეთი სიზმრების შემდეგ,
დილით

სამსახურისკენ მიმავალი
ავტობუსის ხანგრძლივი ლოდინიც
ნეტარება იქნებოდა.

* * *
ძვირფასო
ღმერთო,
ამ საუბრის შემდეგ

აუცილებლად იქნება ქარი –
რადგან შორს ვარ,
იქნებ, სახლის სურნელი
ასე მოვიდეს ჩემამდე.

ძვირფასო
ღმერთო,
ჩვენი საუბრის შემდეგ,
ძლიერ იწვიმა –
ყველა გაზეთი ამაზე წერს.

ძვირფასო,
ჩვენი საუბრის
არავის სჯერა…

ჩვენ მაინც დავდგათ
ორი სკამი –
ერთზე შენ მოკალათდი,
მე ფეხზე ვიდგები;
მოვიწვიოთ სტუმრად
ბატონი გოდელი.

უტყუარობისთვის
შევუკვეთოთ
დიდი ზომის პიცა,
აუცილებლად – ოთხნაჭრად

დაჭრილი.

* * *

ის ხეები, –
ბავშვობაში
ჩვენს ჩრდილებში
გამოკეტილები, –
თუ გახსოვს…
გაზრდილან,
შემოსილან
ფერადი ჩიტების
ხმაურით;
ნაყოფი მოუსხამთ.
თუმცა,
არ შეცვლილან –
ისევ
ისეთი უსიტყვოები არიან –
ისევ გამოკეტილნი
მურაბაში ამოვლებული
ბავშვების სევდით სავსე
თვალებში.

ყველანი
გავზრდილვართ;
ხეები – ჩემზე მაღლები…
მიყვარდა თუ არა მურაბა
ბავშობაში?

არ ვიცი,

აღარც კი მახოვს.

საუზმე

ჩემს გაღვიძებას
მშრალი ივლისის
დილით

მეტად უხდება

ოდნავ შესამჩნევი კვამლი

ოთახში –

გამოხედვა
ცალი თვალიდან;
უხდება
სხვადასხვა ოთახიდან

მომავალი

რამოდენიმე
ხმა:
ბეკონი
იწვის,

ადამიანები
საუბრობენ.

სიტყვებს ვერ ვარჩევ
და თავი იმ
მატარებელში მგონია,
მონატრებული
სახლისკენ რომ
მიემართება…

* * *

ამ სურათის
ყველა რთული და
ერთი შეხედვით,
შემზარავი დეტალი
სავსებით მარტივი
მნიშვნელობის გახლავთ:
გოგო –
მდინარის გოგო,
მკრთალი და თეთრი;
თმაში ჩაღვრია
ლორწოვანი
მთვარის ნათება;
გამტყდარი ქილიდან
კაბაზე
დაღვრილი ატმის
კომპოტი
საოცრად კომფორტულ
სურნელს აფრქვევს…

ასი,
ათასი,
მილიონი
ფუტკარი.

მაისი –
სულ ტყუილად
ყვავის მინდორში ყვავილი.

* * *

ცარიელი ფანჯრები –
ცარიელი ქოთნების
სევდიანი
და მოძრავი ჩრდილებით –
იატაკზე.

ქოთნები –

სავსე
განთიადის

გაუხარელი თესლით.

რაზე მეტყველებს
განთიადი,
სახეს რომ გინათებს, –
იქ, სადაც შენი გული
არც კი ძგერს?..

ნაწილაკები

ეზოში,
ხის ძირას,
სავარძელზე –
მოხუცი
ქალი;
ფერმკრთალი ხელებით,
ოქროსფერი
ძაფით ამოქარგული
ღიმილით,

მზის

ყოველი ჩასვლის წინ

ფრინველებს
საკენკს უყრის და
დროდადრო,

ჯიბეში

საოცარი სინაზით

და ჩიტებისთვის
შეუმჩნევლად
საკენკის მარაგს

ამოწმებს…

რომ არა საკენკი
და ჩიტები,
რა სევდიანი იქნებოდა

ამ ყველაფრის მოყოლა.

* * *

ძილი ვიყავი –
მშვიდი და ღრმა;
სინათლე ამოსულიყო
იატაკის
მცირე ნაწილზე –
ჩემს ტენიან შუბლს
აგრილებდა
ზამთრის დილა – ვრცელი
და ვერცხლისფერი.
შორს,
დილის მთვარის მინდვრებში
მწყემსებთან ანგელოზები
ჩემს სიზმრებს ყვებოდნენ –
სიამოვნებით მიირთმევდნენ

ბროწეულის მწიფე ნაყოფს…

ძილი ვიყავი –
მშვიდი და ღრმა.
მოწყენილი ღმერთის
მძიმე გულივით

მზე
ჩემს სასთუმალთან

მწუხარებაში იძირებოდა.
 

ძველი ხე

უცნაური დღეები –
როცა ალუბლის ხეების
ტოტებზე
არ სხედან

ტუჩებდაწითლებული ბავშვები;

სახლში
უფოთლო ტოტებით ხელში

დაბრუნებული მშიერი ბავშვები
მხოლოდ შემოდგომის

მოსვლას ნიშნავს…

უცნაური დღეები.
ავტობუსის ლოდინი გაჩერებაზე –
ზამთრისპირის უძრავი სიცივე
მანქანების და ლამპიონების ნათებით
კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება.

გზები გადატვირთულია
შორს მიმავალი
მზეების ჩასვლით –
მათი სილამაზე მხოლოდ ჩრდილია

შენი მძინარე სახის.

უცნაური დღეები –
გაჩერებული საათების რიგი.

 

 

ცისარტყელა

 

სიცივე.

სიჩუმე –

კედელს მიღმა,
ტალღები,
ნაპირისკენ მომართულნი,
ისევ უკუიქცნენ –
გვშორდებიან,
როგორც დღე, რომელმაც
ჩვენი საუბარი

ფირზე ჩაწერა.
სასოწარკვეთას მაშინ

ჯერ კიდევ
სალბუნად ედებოდა
სუნელებში ამოვლებული
ხელებით
ჰაერში გახაზული ცისარტყელა,
ცაში დაკარგული ფრინველების
გზამკვლევი…

ხმაური –

კედელს მიღმა

ტალღები
უბრუნდებიან ნაპირს

ისევ.

ცაზე არის ერთადერთი ცისრტყელა –
ღმერთმა ენის გამოყოფით
და დაცივნით
გვითხრა:
სიგნალი არ არის!
* * *

აღარ ვიცი,
გიყვარვარ კი ისევ ისე ძლიერ.
თვალნათლივ გხედავ –
კვლავ იმ ზმანებებს აჰყოლიხარ,

ხელისგულზე რომ გაკვალეს სიცოცხლის გზა.
სად გამოგაღვიძებს ძილი,
ახლოს ვისთან –
მკვდრებთან თუ ცოცხლებთან.

თუ გახსოვს მაინც
ისინი, ვინც გარშემო არიან;
ვინაც შორს დაივანეს შენგან…
შემოდგომის სხეულო,
დაცვენილ ფოთლებში გახვეულო –
ამაღლდი

ამ კანონზომიერ
მდუმარებაზე.
 

* * *

საოცარია ეს მთლიანობა;

როცა ყველანი ერთმანეთნი ვართ,

სანგრებში ჩახოცილი ჯარისკაცების მსგავსად –

სახისა და სახელის გარეშე;  დანომრილნი

გადამფრენი იშვიათი ფრინველებივით; არეკლილნი

მინდორში მოხეტიალე ბავშვის თვალებში.

 

ეს სურათი გზაა –
დახვეწილად გაკვალული – ჩიხისკენ.

იქ მოგვამწყვდევს მოწყენილობა.

იქ ვიქნებით გასრესილნი,

როგორც ფოსტალიონის მიერ – ზანტი,

უჩინარი მწერი…

Facebook Comments Box