თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
უოლტ უიტმენი ერთადერთი დიდი თანამედროვე პოეტია, რომელიც, როგორც ჩანს, არ უპირისპირდება სამყაროს. მას არ ტანჯავს მარტოობა, მისი მონოლოგი – უზარმაზარი ქოროა. უეჭველია, რომ მასში სულ მცირე, ორი ადამიანი შეთვისებია ერთმანეთს: პოეტი-ტრიბუნი და კერძო პირი, თავის ჭეშმარიტ ეროტიულ მიდრეკილებებს რომ ფარავს. მაგრამ დემოკრატიის მეხოტბის ნიღაბი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ნიღაბი, ეს მისი ნამდვილი სახეა. იმის საპირისპიროდ, რასაც აქამდე ამბობდნენ, პოეტური და ისტორიული ზმანებები უიტმენთან სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. მის მრწამსა და გარემო სინამდვილეს შორის არ არსებობს უფსკრული და ეს გარემოება გაცილებით მნიშვნელოვანია, ფართო და დამაჯერებელი, ვიდრე ნებისმიერი ფსიქოლოგიური ნიუანსი. სხვა სიტყვებით, უიტმენის პოეზიის თავისებურება მხოლოდ მეორე, განსხვავებული თავისებურების წყალობით შეიძლება აღვიქვათ, რომელიც კიდევ უფრო ყოვლისმომცველია და თავის თავში ამ პირველსაც მოიცავს – ესაა ამერიკის თავისებურება.
ერთ წიგნში, ედმუნდო ო’გორმანმა დაამტკიცა, რომ ჩვენი კონტინენტი არასდროს აღმოუჩენიათ. მართლაც, შეიძლება თუ არა აღმოაჩინო ის, რაც არ არსებობს, ამერიკა ხომ ამ ე.წ. აღმოჩენამდე არც არსებობდა. და ამ შემთხვევაში ამერიკის აღმოჩენის კი არა, მისი გამოგონების შესახებ უნდა გვესაუბრა. რადგანაც, თუკი ამერიკა ევროპული სულის ქმნილებაა, იგი კოლუმბამდე გაცილებით ადრეც უნდა არსებულიყო. და ევროპელებს, როცა ამ მიწაზე დადგეს ფეხი, სხვა არაფერი აღმოუჩენიათ, გარდა თავიანთი ისტორიული ოცნებისა. რეიესმა შესანიშნავი გვერდები მიუძღვნა ამ თემას: ამერიკა მოულოდნელი განხორციელებაა ევროპული უტოპიისა, ცხადად, აწმყოდქცეული ოცნება. ამერიკა აწმყოა – ძღვენი, ისტორიის წყალობა. მაგრამ ესაა ღია აწმყო, ერთგვარი ახლა, რომელსაც ხვალის ელფერი გადაჰკრავს. ახლანდელი ამერიკა თავისი აწმყოთი, ესაა ხვალინდელი დღე. ჩვენი კონტინენტი ის ადგილია, რომელიც თავისთავად არ არსებობს, მაგრამ იქმნება, მუდმივ ქმნადობაშია. მისი ყოფიერება, მისი რეალური არსებობა ყოველთვის მომავლითაა განსაზღვრული, მისი ისტორია წარსულში კი არა, მომავალში პოულობს გამართლებას. ამერიკა არ არსებობდა და თუკი დღეს იგი რაიმეს წარმოადგენს, მხოლოდ როგორც უტოპია, როგორც ისტორია ოქროს საუკუნისკენ სავალ გზაზე.
მაგრამ შესაძლოა, ეს არ არის ასე. განსაკუთრებით, თუკი ესპანურ-პორტუგალიური ამერიკის კოლონიალურ ეპოქას გავიხსენებთ. თუმცა, საქმე იმაში გახლავთ, რომ როგორც კი კრეოლებმა გააცნობიერეს თავიანთი მდგომარეობა და ესპანელებზე აღმართეს ხელი, მაშინვე დარწმუნდნენ ამერიკის უტოპიურობაში და აითვისეს ფრანგი უტოპისტების გაკვეთილი. დამოუკიდებლობაში ისინი ყველანი წყაროებთან დაბრუნებას ხედავდნენ, იმასთან, რაც სინამდვილეში იყო ამერიკა. დამოუკიდებლობის მოპოვება ცვლის ლათინოამერიკულ ისტორიას და შეიძლება ითქვას, აღადგენს თავდაპირველ ჭეშმარიტებას. ამგვარი რესტავრაციის უჩვეულობა და პარადოქსულობა განსაკუთრებით საგრძნობი მაშინ ხდება, როცა გესმის, რომ ეს მომავლის რესტავრაციაა. ფრანგული რევოლუციის იდეათა წყალობით ამერიკა კვლავ იქცა იმად, რასაც იმთავითვე წარმოადგენდა: მომავლად, ოცნებად; ევროპის ოცნებად, ადგილად, რომელიც სპეციალურად იპოვეს დროსა და სივრცეში და ამ ევროპასაც შეეძლო ასეთი გამხდარიყო, თუკი საკუთარ თავსა და წარსულს უარყოფდა. ამერიკა საკუთარი ისტორიისგან და ტრადიციის სიმძიმისგან გათავისუფლებული ევროპაა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლიბერალური ამერიკის უტოპიური და განყენებული არსი კვლავ გვახსენებს თავს ისეთი მოვლენებით, როგორც, მაგალითად, ფრანგების შეჭრა მექსიკაში. არც ხუარესი და არც მისი ჯარისკაცები არასდროს იფიქრებდნენ – აღნიშნავს კორიო ვილიეგარი – რომ ისინი საფრანგეთს ებრძვიან, ფრანგ უზურპატორებს. ჭეშმარიტი საფრანგეთი საყოველთაო იდეალი იყო, არა იმდენად ერი, რამდენადაც იდეა, აზროვნების წესი. კუესტას სრული საფუძველი ჰქონდა, რათა ფრანგებთან ომი სამოქალაქო ომად მოენათლა. საჭირო გახდა მექსიკური რევოლუცია, რათა ქვეყანას გამოეღვიძა ამ ინტელექტუალური ოცნებიდან – თუმცა მის მიღმა ისტორიული რეალობის სხვა პლასტი იმალებოდა, პლასტი, რომელსაც დამოუკიდებლობა, რეფორმა და დიქტატურა თითქმის არც შეხებია, – და გააცნობიერა თავისი არსება არა როგორც აბსტრაქტული მომავალი, არამედ როგორც გარკვეული დასაბამიერი ფენომენი, თავისთავში რომ სამ დროს მოიცავდა: წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ისტორიამ სხვა დროზე გადაიტანა აქცენტი და სწორედ ამაში მდგომარეობდა მექსიკის რევოლუციის ჭეშმარიტი არსი.
ამერიკის უტოპიურობა უფრო ნათლად ჩანს კონტინენტის ანგლოსაქსურ ნაწილში, იქ ხომ ისე არ იყო განვითარებული ინდიელთა კულტურა და ვერც კათოლიციზმმა გაიდგა ფესვები თავისი ზედროული, გაწაფული განსჯებით. ამერიკა იყო – თუკი ამას ყოფნა შეგვიძლია ვუწოდოთ – გეოგრაფია, სუფთა სივრცე, ღია ადამიანური ქმედებებისათვის. ამერიკაში – სადაც არც ისტორიული რეალიები იყო, არც ძველი გვარ-ტომები, ინსტიტუტები და არც ტრადიციით კურთხეული ჩვეულებები და ნორმები – მხოლოდ ბუნება ჯიუტობდა, არ ნებდებოდა. ადამიანები ისტორიას კი არა, ბუნებას ებრძოდნენ. იქ კი, სადაც ისტორიული დაბრკოლება ჩნდებოდა – მაგალითად, ინდიელთა რომელიმე კულტურა – მას კვეთდნენ ისტორიიდან და ეპყრობოდნენ როგორც წმინდა ბუნებრივ მოვლენას.
ჩრდილოამერიკელთა ქცევა შემდეგ სქემაში ჯდება: ყველაფერი, რაც ამერიკის უტოპიურ არსს არ მიეკუთვნება, არც ეკუთვნის ისტორიას, – იგი ბუნებრივი ფაქტია და ამგვარად, ისტორიისთვის არც არსებობს. მისი არსებობა მხოლოდ მექანიკურ დაბრკოლებად უნდა მივიჩნიოთ და არა უცხო ცნობიერებად.
ბოროტება ბუნების ნაწილია, როგორც ინდიელები, მდინარეები, მთები და სხვა ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც ან უნდა გაანადგურო, ანდა დაიმორჩილო და გამოიყენო. მაგრამ ბოროტება უცხო საწყისის – მაგალითად, ინგლისური ტრადიციის, ესპანური კათოლიციზმის, მონარქიის შემოჭრაც შეიძლება იყოს. აშშ-ს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ამერიკული არსისთვის უცხო ელემენტების მოკვეთას ნიშნავდა. თუკი ამერიკული სინამდვილე საკუთარი თავის მუდმივი გამოგონებით ცოცხლობს, მაშინ ყველაფერი, რაც ხელს უშლის და არ ნებდება მას, არაამერიკულად ცხადდება. სამყაროს სხვა კუთხეებში მომავალი ადამიანის ატრიბუტია: რადგან ადამიანები ვართ, მომავალიც გვაქვს; გასული საუკუნის ანგლოსაქსურ ამერიკაში ყველაფერი პირიქითაა – ადამიანი მომავლითაა განპირობებული. ვართ ადამიანები, რადგან მომავალი ვართ. და ყველა, ვისაც არა აქვს მომავალი, ადამიანი არაა. ასეთ შემთხვევებში ორაზროვნებასა და წინააღმდეგობას ადგილი არა აქვს – ყველაფერი უდავო, უცილობელ ჭეშმარიტებად იქცევა.
უიტმენსაც შეუძლია გულწრფელად და პირუთვნელად შეასხას ხოტბა დემოკრატიას, ამერიკული უტოპია და ამერიკული სინამდვილე ხომ ერთი და იგივეა. უიტმენის პოეზია დიდი წინასწარმეტყველური სიზმარია, მაგრამ ესაა სიზმარი სიზმარში, წინასწარხედვა, რომელიც მეორე, კიდევ უფრო გრანდიოზულ და ყოვლისმომცველ წინასწარმეტყველებაშია მოქცეული. ამერიკა ზმანებებს ეძლევა უიტმენის პოეზიით – რადგანაც იგი თავადაა ზმანება. იგი ცხადლივ ხედავს ამ აჩრდილებს, თითქმის ხელით ეხება მათ, ყველა ამ ადამიანს, მდინარეებს, ქალაქებსა და მთებს. მთელი ეს თვალუწვდენელი მასა ისე მსუბუქად მოძრაობს, თითქოს არაფერს იწონიდეს და მართლაც, მას ისტორიული წონადობა აკლია, ეს ხომ მომავალია, განხორციელებას რომ ესწრაფის. უიტმენის მიერ ხოტბაშესხმული რეალობა უტოპიურია. ამით იმის თქმა კი არ მსურს, რომ იგი ილუზორულია, მხოლოდ იდეაა; უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მისი არსი – მომავალია, იგი მისი მამოძრავებელი ძალა, გამართლება და იგი ანიჭებს მის არსებობას საზრისსა და ქმედებებს კი სადღესასწაულო იერს. როგორც სიზმარი სიზმარში, უიტმენის პოეზია მხოლოდ იმიტომაა რეალისტური, რომ მის სიზმარში რეალობას საკუთარი თავი ეზმანება, რომლის ხვედრიც ოცნება და საკუთარი თავის გამოგონებაა. “როცა გვესიზმრება, რომ სიზმარს ვხედავთ, – ამბობს ნოვალისი, – ეს იმას ნიშნავს, რომ მალე გავიღვიძებთ”. უიტმენს არასდროს უფიქრია, რომ სიზმარში იყო. იგი ყოველთვის რეალისტად მიიჩნევდა თავს, რადგანაც, რეალობას ასხამდა ხოტბას, რეალობას, რომელიც თავიდან ბოლომდე მომავლით იყო განსაზღვრული. ამერიკას უიტმენში საკუთარი თავი ეზმანება, რადგანაც იგი თავად იყო სიზმარი, წარმოსახვის ნაყოფი. იგი არ იყო ერთადერთი, პოეტური სიზმრები მანამდეც და მის შემდეგაც, ხშირი მოვლენა იყო, მაგრამ ყველანი ისინი – პო თუ დარიო, მელვილი თუ დიკინსონი – ცდილობდნენ, გაქცეოდნენ ამერიკულ კოშმარს.
© ”არილი”