თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
ამ სტრიქონებს შიშითა და მღელვარებით ვწერ. აღელვებული ვარ, რადგანაც ყოველთვის აღტაცებული ვიყავი ორტეგა ი გასეტით; შიში მიპყრობს, რადგანაც არა მხოლოდ მე, უღირსს, არამედ არც სხვას, ვინმეს, ძალუძს მოკლე ნარკვევში მიმოიხილოს და შეაფასოს ისეთი ფართო და მრავალფეროვანი ლიტერატურული და ფილოსოფიური მემკვიდრეობა, როგორიც ორტეგა ი გასეტისაა.
ფილოსოფია, რომელიც ერთ ფრაზაში ეტევა – რელიგიაა და არა ფილოსოფია, ან მისი ნაყალბევი – იდეოლოგია. ბუდიზმი ერთ-ერთი ყველაზე გონებისმიერი რელიგიაა; და მაინც, სუტრას შეუძლია მთელი მოძღვრება ერთ მარცვალში დაიტიოს – ყოვლისმომცველი უარყოფის ნაწილაკში. ქრისტიანობის არსიც ასევე ერთი ან ორი ფრაზით შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად: “გიყვარდეს მოყვასი შენი”, ან “ჩემი მეუფება არა ამ სოფლისგან არს”. იგივე, ოღონდ უფრო დაბალ დონეზე, შეიძლება ითქვას იდეოლოგიის შესახებაც. მაგალითად, “მსოფლიო ისტორია კლასობრივი ბრძოლის ისტორიაა”, ან, ლიბერალურ ბანაკში გავრცელებული: “პროგრესი – საზოგადოების განვითარების კანონია”. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ იდეოლოგია ცდილობს მეცნიერების ენაზე გამოთქვას აზრები. როგორც ალენ ბეზანსონმა თქვა, რელიგიურმა ადამიანმა იცის, რომ სწამს, მაშინ, როცა იდეოლოგს სწამს, რომ იცის. მაქსიმები, სენტენციები, რწმენის დოგმატი არ ამცრობს რელიგიას: ამგვარი თესლი ყლორტებს გამოიყრის, რომელიც მორწმუნეთა გულებში გამოიღებს ნაყოფს. ხოლო ფილოსოფია კი არაფერია, თუკი არ იქცევა იდეის ან ზეშთაგონების დემონსტრაციად და გამართლებად. განმარტების გარეშე არ არსებობს ფილოსოფია, ე. ი. ფილოსოფიური ნაშრომებიც.
ორტეგა ი გასეტის რთული მსოფლმხედველობის რამდენიმე გვერდზე დაყვანის სირთულეს კიდევ ერთი პრობლემა უნდა მივუმატოთ: მისი ნაწარმოებების ხასიათი. ორტეგა ი გასეტი ნამდვილი ესეისტი იყო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესეისტი, რომელიც კი ჩვენს ენაზე წერდა. იგი იყო ოსტატი ჟანრისა, რომელიც ვერ იტანს გამარტივებას – ასე რომაა დამახასიათებელი მიმოხილვებისთვის. ესეისტი მრავალფეროვანი უნდა იყოს, გამჭრიახი, ენამახვილი, საინტერესო და კიდევ, იგი უნდა ფლობდეს მრავალწერტილის დასმის ურთულეს ხელოვნებას. იგი არ ამოწურავს თემას, რომელზედაც წერს, არ ახდენს კომპილირებას, არც სისტემატიზებას… იგი იკვლევს. და თუკი იგი მაინც აჰყვება ცდუნებას და კატეგორიულობას გამოავლენს – რაც ორტეგა ი გასეტსაც დამართნია – მაინც იძულებული გახდება შემდეგ რამდენიმე წვეთი ეჭვიც გაურიოს, ყოველი შემთხვევისთვის. თხრობა ესეში სწორხაზოვნად არ მიჰქრის, არამედ თავისუფლად მიედინება, ორ უკიდურესობას შორის ლავირებს. ეს ორი უკიდურესობა, ორი გაქვავებული ფორმა, ტრაქტატი და აფორიზმია.
ესეისტი ორტეგა ი გასეტი ყოველი თავისი ექსპედიციიდან საოცარი ნადავლით ბრუნდებოდა, ოღონდ მას თან არ მოჰქონდა ხოლმე ახალი მიწების რუკები. იგი კოლონიზატორი არ იყო, არამედ – აღმომჩენი. ამიტომაც ჩემთვის გაუგებარია, რატომ წუხან, რომ მან თხზულებათა კრებული (ანუ სამეცნიერო ნაშრომები, სისტემა) არ დაგვიტოვა?! ნუთუ იგივე არ შეიძლება ითქვას მონტენზე, თომას ბრაუნზე, რენანზე, კარლეილზე? შოპენჰაუერის ესეისტიკაც არაფრით ჩამოუვარდება მის დიდ ფილოსოფიურ თხზულებებს. ჩვენს საუკუნეში იგივე შეიძლება ითქვას ბერტრან რასელის შესახებაც. ვიტგენშტაინმაც კი, ახალი დროის ყველაზე მოწესრიგებული, მკაცრი გეომეტრიული ფილოსოფიური ნაშრომის ავტორმა, მოგვიანებით იგრძნო მოთხოვნილება, ესეს მაგვარი რაღაც დაეწერა, რომელიც აღსავსე იყო არასისტემატიზებული განსჯებით. დიდი წარმატებაა, რომ ორტეგა არ აჰყვა სისტემატიზებისა და სუმირების ცდუნებას. მისი ნიჭი არც განსაზღვრაზე იყო მიმართული და არც რაიმეს აგებაზე. იგი არ იყო თავისი ბუნებით არც გეომეტრი, არც არქიტექტორი. მის შემოქმედებას ვხედავ არა როგორც არქიტექტურულ ნაგებობას, არამედ როგორც გზებისა და მდინარეების ქსელს. მის ნაწარმოებებში უკეთესია ვიმოგზაუროთ, ვიდრე ვიცხოვროთ, იგი მოძრაობისკენ მოგვიწოდებს.
განსაცვიფრებელია თემათა მრავალფეროვნება. თანაც ხშირად, მართლაც რომ საოცარ მიგნებებთან გვაქვს საქმე. ბევრი მათგანი დღესაც განსჯის საგანია და დიდ ყურადღებას იმსახურებს. მე უკვე ვახსენე მისი აზრის არაჩვეულებრივი მოძრავი ბუნების შესახებ. ორტეგა ი გასეტის კითხვა იგივეა, რაც რთულ გზაზე, ბუნდოვანი მიზნისკენ სიარული; ზოგჯერ აღწევ დანიშნულების პუნქტამდე, ზოგჯერ კი მხოლოდ მიდამოებამდე მიდიხარ. მნიშვნელობა არა აქვს, მიაღწევ თუ არა მიზანს, მთავარია, ახალი გზები აღმოაჩინო. მაგრამ ორტეგა ი გასეტის კითხვა ასევე ნიშნავს, შეჩერდე რომელიმე აზრზე, გადადო წიგნი და გაბედო დამოუკიდებლად იფიქრო. მისი პროზა ასოცირდება ზმნებთან – “ბიძგება”, “შეგულიანება”, “აღძვრა”. მას ხშირად უხეშობასა და ქედმაღლობაში ადანაშაულებდნენ. მეც მწუხარებით აღვნიშნავდი მის ღვარძლს, გესლიანობას. მაგრამ იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მცონარა ქვეყნები აშკარად საჭიროებენ დეზებსა და ეკლით ჩხვლეტას. ბევრი საყვედურობდა ორტეგა ი გასეტს, რომ მას არ შეეძლო დაბალ ხმაზე ელაპარაკა. ესეც მართალია, მაგრამ საკუთარ თავს ვეკითხები: როგორ არ ავიმაღლოთ ხმა, როცა გარშემო შეშლილები და ლეთარგიულ ძილში ჩაფლული ადამიანები ცხოვრობენ – ვიღაცამ ხომ უნდა გაიგონოს ჩვენი? მისი საუკეთესო ტექსტები არა იმდენად აღვიძებენ, რამდენადაც ნათელს ჰფენენ. ესპანურ ენაზე ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება: ვარჯიში სიცხადისა და იმავდროულად სიზუსტის მისაღწევად. ორტეგა ი გასეტმა დიდი საჩუქარი უძღვნა ესპანურ სიტყვიერებას: მან ამ ენაზე დაამტკიცა, რომ წერდე გასაგებად, ნიშნავს იყო ინტელექტუალურად სუფთა.
მიჭირს სწორი სახელწოდება მოვუძებნო მის ესეებს: სოციალური ფსიქოლოგია თუ კოლექტიური არაცნობიერის, იდეის ან რწმენის ისტორია – რევოლუციური და ტრადიციული; განსჯები სიყვარულის, მოდის, სინაზისა და ვაჟკაცობის, სიბერისა და ახალგაზრდობის, ცხოვრებისა და ისტორიის რიტმების შესახებ – უფრო მონტენს გაგვახსენებენ, ვიდრე კანტს, უფრო სტენდალს, ვიდრე ფროიდს. იმას ვგულისხმობ, რომ იგი იყო ფილოსოფოსი – დაჯილდოებული ადამიანის ფსიქიკის სიღრმეებში შეღწევის უნარით, მაგრამ არა ფსიქოლოგი-პროფესიონალის, არამედ რომანისტისა და ისტორიკოსისთვის დამახასიათებელი უნარით, რომელიც ადამიანს აფასებს არა როგორც განზოგადებულ არსებას, ან კერძო შემთხვევას, არამედ როგორც ნაწილს ამ სამყაროსას. რომანისტისთვისა და ისტორიკოსისთვის ყოველი ადამიანი უკვე ხალხია. ორტეგა ი გასეტმა შესანიშნავი ესეები დაგვიტოვა ისტორიულ თემებზე, მაგრამ სამწუხაროა, რომ მას არასდროს მოსვლია აზრად, იუმის მსგავსად, საკუთარი ქვეყნის ისტორია დაეწერა. წიგნი “ესპანეთი მალების გარეშე” შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა. რატომ აღარ გააგრძელა? მამხილებლის ნიჭს, ფსიქოლოგიური თვალისახელის უნარს იგი არასდროს მიმართავდა საკუთარ თავზე. იგი არ იყო ინტრავერტული, ამიტომაც შეუძლებელი იყო მას დღიური ეწარმოებინა. რაღაც აკლია მის შემოქმედებას: ესაა აღსარება. არა პირდაპირი, არამედ ისეთი, როგორიც სტერნთანაა. შესაძლოა “ვითარებების” სიყვარულმა – ღერძმა, რომლის გარშემოც ბრუნავდა მისი აზრი – შეუშალა ორტეგას ხელი, საკუთარი თავი დაენახა.
საკუთარი თავი კი მას ისტორიულად ესმოდა არა როგორც ჭვრეტითი “მე”, მოწყვეტილი გარესამყაროს, არამედ ადამიანი ურთიერთობისას, უფრო სწორად, ბრძოლისას – საგნებთან და სხვა ადამიანებთან. სამყარო და “მე” განუყოფელია, – აღნიშნავდა იგი. ადამიანური არსებობის საზრისი, მისი “მე”, ესაა მჭიდრო კავშირი: დროსა და სივრცეს, ისტორიასა და ქმედებას შორის. არაა გასაკვირი, რომ მისი საუკეთესო ესეები ისტორიულ და პოლიტიკურ საკითხებს ეხება, როგორც, მაგალითად, “მასების ამბოხი”, “რევოლუციური დაისი” (ამ ესემ წინასწარ განჭვრიტა დღევანდელი მოვლენები, თუმცა ისტორიის ციკლური გაგებით გაბუნდოვანების გამო, მან ვერ მოახერხა დაენახა რევოლუციური მითის უნიკალურობა), “განსჯები ტექნიკის შესახებ” და სხვა. ორტეგა ი გასეტი, ისევე როგორც ტოკვილი, მომავლის ჭვრეტის უნარით იყო დაჯილდოებული და ბევრი ჩვენი წინასწარმეტყველის სიბრმავესთან შედარებით, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუკი თანამედროვე ისტორიისა და პოლიტიკის პრობლემებზე დაწერილ მის ესეებს სარტრის ნაწარმოებებს შევადარებთ, მაშინვე შევამჩნევთ, რომ ორტეგა ი გასეტი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ფრანგი ფილოსოფოსი. იგი უფრო იშვიათად ცდება, უფრო საფუძვლიანია და დაზღვეულია ჩასწორებებისგან და დაზუსტებებისგან, რომლებიც სულაც არ უხდება სარტრს და რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მისი დაგვიანებული mea culpa-თი მთავრდება. ბერტრან რასელთან შედარებაც ორტეგა ი გასეტის სასარგებლოდ დასრულდება: მისი პოლიტიკური შეხედულებების ევოლუცია, შესაძლოა არც ისე თანამიმდევრულია, მაგრამ სამაგიეროდ, მას არაფერი სცხია რასელის პირუეტებისა, უკიდურესობიდან უკიდურესობაში რომ ვარდებოდა. შეგვიძლია გავამართლოთ ან არ გავამართლოთ ორტეგა ი გასეტის პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ძნელია, იგი შეუსაბამობასა და სიბრიყვეში დაადანაშაულო.
როცა ორტეგა ი გასეტის აზროვნებაზე ვსაუბრობთ, უკეთესია მრავლობით რიცხვს მივმართოთ: არა აზროვნება, არამედ აზროვნებები. მრავლობითი რიცხვი იმით კი არაა გამართლებული, რომ ორტეგა ი გასეტის აზრებს წყობა და მთლიანობა აკლია, არამედ იმიტომ, რომ საუბარია გარკვეულ წესრიგზე, მაგრამ არა სისტემაზე, კავშირზე, რომელიც არ შეიძლება დაამყარო არგუმენტებისა და თეზისების დახმარებით. ორტეგა ი გასეტის მიერ დასმული თემის მრავალფეროვნების მიუხედავად, მისი ნაწერი არ ტოვებს ქაოსურის შთაბეჭდილებას. პირიქით. თუმცა მისთვის უცხოა როგორც წმინდა თეორეტიზება, ასევე ზედმეტი ილუსტრაციულობა.
ზოგჯერ ორტეგა ი გასეტი იყენებს სიტყვა “განსჯას”. ესაა სწორი, მაგრამ ძალზე ზოგადი სახელწოდება იმისა, რითაც იგი იყო დაკავებული. არსებობს უფრო ზუსტი სიტყვაც: “ნარკვევი”, უფრო სწორად, “ნარკვევები”, რადგანაც ამ ჟანრს არ უყვარს მხოლობითი რიცხვი. თუმცა ორტეგა ი გასეტის ნარკვევები აზრით არიან გაერთიანებული, ისინი მაინც რეალურ ცხოვრებაზე არიან დაფესვებულნი, მის, გავბედავ ვთქვა, ესთეტიკაზე. ესაა ფიქრის გარკვეული საშუალება, რომელიც, ალბათ მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. სწორედ აზროვნების ამ რეჟიმში – რომელიც სიმკაცრესა და სიზუსტეს ესთეტიკური თვითგამოხატვის სურვილთან აერთიანებს – მდგომარეობს მისი საიდუმლო. იგი არამხოლოდ ფიქრობდა ამა თუ იმ საკითხზე: მას იმთავითვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ეს აზრები – მათ შორის მასწავლებელთაგან მემკვიდრეობით მიღებული და ტრადიციაში დამკვიდრებული – მისი პიროვნების ნიშნით იქნებოდა აღბეჭდილი. ორტეგა ი გასეტისთვის “ფიქრი” ნიშნავდა “გამოხატვას”. ამით განსხვავდებოდა იგი, მაგალითად, სპინოზასაგან, რომელსაც სურდა, რომ მისი გამონათქვამი გაწმენდილიყო შეცდომებისაგან, “მე”-ს შემთხვევითობათაგან და რაღაც მათემატიკურად ზუსტ, სიტყვებად გადამდნარი უნივერსალური ხასიათის ფენომენად ქცეულიყო. ამ თვალსაზრისით, ორტეგა ი გასეტი ცოტა რამით თუ განსხვავდება ესეისტიკის ფუძემდებლისგან, მონტენისგან. მონტენის ბევრი იდეა ანტიკურობაში იღებს სათავეს, მაგრამ მისი უეჭველი ორიგინალობა იმაშია, რომ სწორედ მან, მონტენმა განიცადა და გაიაზრა ახლიდან სექსტუს ემპირიკოსის აზრები, გადაიაზრა ისინი, გაითავისა და შემდეგ ჩვენ გვაზიარა მათ.
იდეათა რიცხვი უსასრულო როდია. უკვე ათას ხუთასი წელია ფილოსოფია აგემოვნებს ისეთ ცნებებს, როგორიცაა მოძრაობა და იგივეობა, სუბსტანცია და ცვალებადობა, ყოფიერება და არსი, ერთი და მრავალი, პირველმიზეზი და არარა. ბუნებრივია, ასეთ კომბინაციაში თავისი ლოგიკა და აუცილებლობა იყო. ორტეგა ი გასეტმა, თავისი ეპოქის ფილოსოფიური ტრადიციისა და შეხედულებების გადააზრებისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკითხზე: რას და როგორ ემსახურება იდეები. მან ეს იდეები ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებაში შემოიყვანა და მათაც შეიცვალეს თავიანთი ბუნება, ისინი უკვე აღარ არიან ცის კაბადონზე მიმოფანტული მნათობები, არამედ ინსტრუმენტებად, ხელსაწყოებად, მენტალურ ობიექტებად გადაიქცნენ, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ. კითხვებმა – “რისთვის” და “როგორ” იგი ასევე აიძულეს გამოეკვლია, თუ რა იმალება იდეებს მიღმა და რა წარმოადგენდა მის საფუძველს: რომ ეს გონება კი არა, გაურკვეველი, ბუნდოვანი რწმენაა, ის ელემენტარული ფსიქიკური სტრუქტურები, რომლებიც ენაშიც არსებობენ და ადამიანის წარმოდგენებშიც – საიქიოს თუ თავად ადამიანის ბუნების შესახებ. ორტეგა ი გასეტის ესპანურენოვანი ქვეყნების ინტელექტუალურ ცხოვრებაზე უზარმაზარი გავლენის მიზეზი იდეებისა და ცნებების სწორედ ამგვარ გაგებაშია: რისთვის და როგორ. ისინი უკვე აღარ არიან რაღაც გარეგანი ფენომენები და არსებობის პარამეტრებად იქცნენ. მან გვაჩვენა, რას ემსახურებიან იდეები და როგორ შეგვიძლია ისინი გამოვიყენოთ არა იმისათვის, რომ თავი შევიმეცნოთ ან ჭეშმარიტებას ვეზიაროთ, არამედ იმისთვის, რათა გზას მივაგნოთ, დიალოგი გავმართოთ სამყაროსთან, წარსულთან, ადამიანებთან.
ორტეგა ი გასეტი მონოლოგისტია. ბევრი ამას ნაკლად მიიჩნევს და არცთუ უსაფუძვლოდ. მაგრამ სწორედ ამ მონოლოგმა გვასწავლა ფიქრი. მან გვასწავლა, რომ პეიზაჟი სულიერი მდგომარეობა არაა და თავად ჩვენც არ წარმოვადგენთ პეიზაჟის მხოლოდ დეტალებს. ადამიანისა და ლანდშაფტის ურთიერთობები უფრო რთულია, ვიდრე უძველესი ურთიერთობა სუბიექტსა და ობიექტს შორის. პეიზაჟი ესაა “ჩემი თვალით დანახული”. “აქ” და ამ “ჩემი თვალით დანახულს” ყოველთვის “აქედან” ვუყურებ. ორ პოლუსს შორის ურთიერთობა უფრო ურთიერთქმედებაა, ვიდრე დიალოგი. იდეები – ესაა მოქმედებები, რეაქციები, აქტები. ადამიანური არსებობის ასეთ საკამათო, გარკვეულწილად ეროტიკულ ხედვას უკვე აღარსად მივყავართ. ქმედებაში რეალიზებული აზრი ამოწურავს თავს. და სრული გაქრობის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის ახლიდან უნდა დავიწყოთ. ადამიანი არის არსება, რომელიც განუწყვეტლივ ახლიდან ქმნის და გარდაქმნის საკუთარ თავს. ადამიანის ყველაზე დიდი გამოგონება თავად ადამიანია.
ეს ძალზე ტრაგიკული წარმოდგენაა სამყაროს შესახებ: თუკი მუდამ აღვადგენთ და განვაახლებთ თავს, მაშინ მარადიული დასაწყისისთვის ვართ განწირულნი. მოსვენება არაა: დასაწყისი და დასასრული ერთი და იგივეა. არ არსებობს ე. წ. ადამიანური ბუნებაც: იგი მხოლოდ ქმნადობაში არსებობს, მისი მხოლოდ გამოგონება შეიძლება. საკუთარი თავიდან, ბუნებიდან და გარემოდან განდევნილი, ადამიანი “გამოკიდულია” და ყველაფერი, რასაც ისტორიასა და კულტურას ვუწოდებთ, მხოლოდ ხელს გვიწყობს იმაში, რათა გამოკიდულნი დავრჩეთ, არ დავეშვათ ცხოველურ ინერციამდე. მაგრამ ხომ არსებობს ისტორია – ჩვენი არსებობის წესი და თავისუფლება, სადაც ვმყოფობთ და რასაც ვქმნით. და ისტორია, საბოლოოდ, არ დაიყვანება ჰაერში გამოკიდებაზე, ფესვების, ბუნების გარეშე არსებობაზე. მე ყოველთვის მაკვირვებდა წარმოდგენა ადამიანზე, როგორც არსებაზე, რომელიც განუწყვეტლივ ებრძვის მსოფლიო მიზიდულობის კანონს. თანაც, უშედეგოდ, რადგანაც ამ კონცეფციის ფარგლებში, რეალობა ვერ შეიცვლის სახეს. ისტორია კი განუწყვეტელი ნგრევა, დაცემა და განადგურებაა. ვშიშობ, რომ ორტეგა ი გასეტის ფილოსოფიას მიზიდულობის ძალა აკლდა, სიკვდილისკენ მიზიდულობის ძალა. მის ნაშრომებში ორი გიგანტის კვალი არ ჩანს: ეპიქტეტესი და ნეტარი ავგუსტინესი.
მისი მოღვაწეობა სამ ნაწილად გაიყო: წიგნები, კათედრა და “რევისტა დე ოქსიდენტე” (Revista de Occidente – საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველთვიური ჟურნალი, რომელსაც ორტეგა ი გასეტი 1923-1936 წლებში გამოსცემდა). მისი გავლენითაა აღბეჭდილი ესპანეთისა და ესპანურენოვანი ამერიკის მთელი კულტურული ცხოვრება. პირველად, ორსაუკუნოვანი დუმილის შემდეგ, ესპანურმა აზრმა ამერიკამდეც მიაღწია. არამხოლოდ ჩვენი ინფორმირებულობა და აზროვნების სტილი განახლდა – მთელ ჩვენს ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მსოფლაღქმაში ორტეგა ი გასეტისა და მისი წრის ადამიანთა კვალი დარჩა. 1920 და 1935 წლებს შორის განათლებულ წრეებში, როგორც XIX საუკუნეში იტყოდნენ, “რევისტა დე ოქსიდენტეს” სტილი ბატონობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ორტეგა ი გასეტის აზრებს ძალიან მალე აღმოაჩენენ ესპანელთა ახალი თაობები. ვერ წარმომიდგენია ჯანმრთელი ესპანურენოვანი კულტურა მის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, ის ორტეგა ი გასეტი ვერ იქნება, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით და ვკითხულობდით: ყოველი თაობა ახლიდან გამოიგონებს ხოლმე მწერლებს. ტრადიცია, რომელსაც ორტეგა ი გასეტი მიეკუთვნებოდა, თანამედროვე ესპანეთთან უფრო ახლოა, რადგანაც ეს ტრადიცია ყოველთვის ევროპაზე იყო ორიენტირებული. მაგრამ ევროპულ კულტურას ძნელბედობის ჟამი უდგას და აღარ ძალუძს იყოს შთაგონების წყარო – როგორც საუკუნის დასაწყისში. გარდა ამისა, ესპანეთზე გავლენას ახდენს ლათინური ამერიკა და ეს იგრძნო ვალე-ინკლანმა, მაგრამ არა უნამუნომ, მაჩადომ ან თავად ორტეგა ი გასეტმა. და 1927 წლის პოეტების თაობამ, მიუხედავად იმისა, რომ ნერუდა აღმოაჩინეს, ვერ გაიგეს ესპანურენოვანი ამერიკა. ორტეგა ი გასეტის დაბრუნება ნიშნავს არა მის გამეორებას, არამედ მის გაგრძელებას.
იმ უზარმაზარ, მდიდარ და მრავალფეროვან მემკვიდრეობაში, რომელიც მან ჩვენ დაგვიტოვა, სამ ნაკლს ვხედავ. ორის შესახებ უკვე მოგახსენეთ. პირველი ის, რომ იგი ინტროსპექტული არაა, ამას კი ყოველთვის თვითირონიისკენ მივყავართ – იგი ვერ ხედავდა თავს და ამიტომ ვერც საკუთარ ანარეკლს ამჩნევდა სარკეში. მეორე, რაც გამოეპარა ორტეგა ი გასეტს, სიკვდილია, რღვევა, რომელიც ნებისმიერ შენებას თან სდევს. ორტეგა ი გასეტის ადამიანი უშიშარი არსებაა, მისი ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანია; მას შეუძლია მიაშტერდეს მზეს, მაგრამ სიკვდილს იგი ვერ ხედავს. მესამე ნაკლი – უვარსკვლავობაა. ორტეგა ი გასეტის ზეციდან მნათობები გაქრა, ცოცხალი და გონიერი მნათობები; თბილი და ნათელი სიმრავლე, ანთებული სულები, რომლებიც იპყრობდა და აღაფრთოვანებდა პლოტინესა და პორფირიუსს. ორტეგა ი გასეტის ფილოსოფია ესაა აზრის, როგორც ქმედების ფილოსოფია; აზროვნება ნიშნავს ქმნას, მოძრაობას, გზის გაკვალვას, სამყაროსთან თანაარსებობას და არა მის ჭვრეტას. მისი პროზა ვნებიანი ფიქრია ამ სამყაროს შესახებ. სხვა სამყაროები, როგორც სიკვდილი და არარა, სიცოცხლის შიდაპირი, შიდასამყარო – აკრძალული ზონა, რომელიც სტოიკოსებმა აღმოაჩინეს და ყველაზე ადრე ქრისტიანმა მისტიკოსებმა შეისწავლეს – მასთან არ გვხვდება.
ორტეგა ი გასეტი გვათავისუფლებს ვარსკვლავთა წინაშე მოწიწებისგან, ანუ მეტაფიზიკისგან; აზრები იმთავითვე არ მყოფობენ მენტალურ ზეცაში: ჩვენ მათ ჩვენივე აზროვნებით ვქმნით. ისინი კოსმიური ჰარმონიის ხატს არ წარმოადგენენ და არც მსოფლიო წესრიგის ნიშნები არიან, არამედ ცრუ სინათლე, რომელიც სიბნელეში მიგვიძღვება, სიგნალები, ერთმანეთს რომ ვაგონებთ, ხიდები – ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად. მაგრამ სწორედ ეს მეორე ნაპირი, სხვა მხარე აკლია ორტეგა ი გასეტის ნაწერებს. რაციონალური ვიტალიზმი სოლიფსიზმია, შესახვევი, რომელსაც ჩიხში მივყავართ.
არსებობს წერტილი, სადაც თავს იყრიან დასავლური და აღმოსავლური ტრადიციები, პლოტინე და ნაგარჯუნა, ჯუან-ძი და შოპენჰაუერი: უკანასკნელი მიზანი, უზენაესი სიკეთე – ჭვრეტაა. მაგრამ ორტეგა ი გასეტი ამტკიცებს, რომ ფიქრი ცხოვრებას ნიშნავს და ცხოვრებისგან მოწყვეტილი აზრი კი კერპად იქცევაო. იგი მართალია, მაგრამ ამ სიმართლით ორტეგა ცხოვრების ნახევარსაც გვართმევს და აზროვნებისასაც. ასევე ცხოვრებაა, როცა ნისლში არჩევ სხვა ნაპირს, როცა გგონია, რომ ყოველივე არსებული თანაბარზომიერი და თანაშეწონილია.
ორტეგა ი გასეტის განსჯები ისტორიის, პოლიტიკის, შემეცნების, იდეების, სიყვარულის შესახებ – ცოდნაა და არა სიბრძნე.
ეს სტატია, რომელიც ტექსტების დამოწმების გარეშეა დაწერილი, არაა ორტეგა ი გასეტის ფილოსოფიის ანალიზი, არამედ უფრო შთაბეჭდილებები. ისევე როგორც ჩემი ასაკის მრავალი ესპანურენოვანი ამერიკელი, სიყმაწვილისას მეც ვნებით ვკითხულობდი მის წიგნებს, სწორედ ამით გავიზარდე. იგი წარმართავდა ჩემს გზას და პირველ ინტელექტუალურ სიხარულსაც მას უნდა ვუმადლოდე. მისი წიგნების კითხვა თითქმის ფიზიკური სიამოვნება იყო, როგორც ცურვა, ან ტყეში სეირნობა. შემდეგ დავშორდი მას, სხვა ქვეყნები, სხვა მატერიკები აღმოვაჩინე. როცა ომი დამთავრდა, პარიზში დავსახლდი. მაშინ ჟენევაში საერთაშორისო შეხვედრები იმართებოდა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც წესი, იგი ექვსი საჯარო ლექციისგან შედგებოდა, რომელსაც ექვსი ევროპელი მოაზროვნე კითხულობდა და ყოველი ლექციის შემდეგ განხილვები იმართებოდა ხოლმე. 1951 წელს ამ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. დავთანხმდი: ერთ-ერთი იმ ექვსთაგან ორტეგა ი გასეტი იყო. მის ლექციას აღელვებული ვუსმენდი, მაგრამ აღშფოთებასაც ვერ ვმალავდი: ჩემს გვერდით ვიღაც პროვინციელი მასწავლებლები – ფრანგები თუ შვეიცარიელები – ორტეგა ი გასეტის ფრანგულ აქცენტს დასცინოდნენ. ყველანაირად ცდილობდნენ, დაემცირებინათ და აბუჩად აეგდოთ იგი. არ ვიცი, რა დაემართათ, რამ გადარიათ! განხილვა, რომელიც მეორე დღეს გაიმართა, იმავე მიზეზის გამო ჩიხში მოექცა, მაგრამ საბედნიეროდ, მერლო-პონტიმ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ეს კულუარული პერიპეტიები სულაც არ მაინტერესებდა, მინდოდა უბრალოდ, დავახლოვებოდი ორტეგა ი გასეტს, გამესაუბრა მასთან და მეორე დღეს უკვე ოტელ დუ რონში მივაკითხე. ბარში შემხვდა: ვრცელ ოთახში, მოკრძალებული ავეჯითა და უზარმაზარი ფანჯრით, რომელიც მდინარეზე გადიოდა. უცნაური გრძნობაა: ხედავ, როგორ ეცემა მაღალი შლუზიდან აქაფებული, “გაცოფებული” წყალი, მაგრამ წყლის ხმა საერთოდ არ ისმის სქელი მინის გამო…
მიუხედავად გერმანული სამყაროსკენ მიდრეკილებისა, მთელი თავისი ბუნდოვანებით – ორტეგა ი გასეტი, ფიზიკურად და სულიერად, ხმელთაშუაზღვისპირეთის ადამიანი იყო. არა მგელი და ნაძვი, არამედ ხარი და ზეთისხილი. სიმაღლით, ტანადობით, ჟესტებით, თმებისა და თვალების ფერით ორტეგა პიკასოს ჰგავდა…
მტაცებელი ფრინველის მზერა ჰქონდა – არ ვიცი, არწივის თუ ძერასი. მივხვდი, რომ ეს ადამიანი, როგორც მშრალი აბედი, ადვილად აენთებოდა, მაგრამ დიდი ხნით არა: ქოლერიკი და მელანქოლიკი – არისტოტელეს მიხედვით, ორი საპირისპირო ტემპერამენტია, ორი უკიდურესობა. ორტეგა ი გასეტმა ამაყი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, ოღონდ ამ სიამაყეს არ ახლდა ზიზღი; ჩემი აზრით, ეს სიამაყის საუკეთესო სახეობაა. იგი გულღია, მოყვასის ბედით დაინტერესებული ადამიანი იყო. მშვიდად, აუღელვებლად შემხვდა და ოფიციანტს ორი ვისკი მოატანინა. კითხვები დამისვა და მეც ვპასუხობდი, რომ პარიზში ვცხოვრობ და ლექსებს ვწერ. თავი საყვედურით გადააქნია, თითქოს ამბობდა: ამ ესპანოამერიკელებს არაფერი ეშველებათო. შემდეგ ლაპარაკი დაიწყო: მახვილგონივრულად, თავისუფლად, დახვეწილად (საინტერესოა, რატომ არასდროს არ გადადიოდა თავის წიგნებში სალაპარაკო ტონზე?), თავისი ასაკისა და გარეგნობის (ტორერო, რომელსაც დალალი მოაჭრეს), არგენტინელი ქალების (მათში უფრო მეტია იუნონასეული, ვიდრე ათენასი), შეერთებული შტატების (შესაძლოა იქ რაღაც ღვივდება, მაგრამ ეს საზოგადოება ძალზე “ჰორიზონტალურია”), ალფონსო რეიესისა და მისი აზიური თვალების (მან ცოტა რამ იცოდა მექსიკაზე და ეს ცოდნა მას საკმარისად მიაჩნდა), ევროპის დაისისა და მისი აღორძინების, ლიტერატურის კრახის შესახებ; შემდეგ ისევ ასაკს დაუბრუნდა (ისეთი რაღაც თქვა, რაც პლოტინეს შეაძრწუნებდა: “აზრი – ერექციაა, მე კი ჯერ კიდევ ვაზროვნებ”) და კიდევ მრავალი რამ გაიხსენა. მაგრამ ყოველთვის იგი მასწავლებლად რჩებოდა: გამოთქვამდა აზრს და მყისვე მაგალითი მოჰყავდა! იდეებისადმი მისი სიყვარული მსმენელზეც ვრცელდებოდა. მის გვერდით ჩემი არსებობა იყო მხოლოდ ექო, მხოლოდ დასტური. მე მივხვდი, რომ ყველაფერი მის მიერ დაწერილი, მის მიერვე თქმულის გაგრძელება იყო. რა განასხვავებს პოეტს ფილოსოფოსისგან? მიუხედავად იმისა, რომ ლექსი შედგება ნიშნებისაგან (სიტყვებისაგან), ნიშნები ვერ განსაზღვრავს მის არსს – ისინი მხოლოდ სახეების შესაქმნელად გამოყენებული ფორმაა. ფილოსოფოსის ხელში კი ნიშნები და სახეები თანასწორუფლებიანია. ფილოსოფიური გამონათქვამები თვითრეალიზაციისკენ მოწოდებაა (ღირსებისკენ, სამართლიანობისკენ, წონასწორობისა და არ ვიცი, კიდევ რისკენ). როდესაც ორტეგა ი გასეტისგან გამოვედი, თავი სკასავით მიზუზუნებდა.
მას მეორე საღამოსაც შევხვდი. იქ იყო ნიჭიერი ახალგაზრდა რობერტო ვერნეგო, რომელიც ორტეგას გიდობას უწევდა შვეიცარიაში. რობერტო გერმანული და ფრანგული ფილოსოფიის შესანიშნავი მცოდნე იყო. ერთხანს სამნი ვსეირნობდით ქალაქის ქუჩებში, შემდეგ რობერტომ დაგვტოვა და მე და ორტეგა გავუყევით სასტუმროსკენ მიმავალ მდინარის სანაპიროს. მდინარის ხმაურს მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის ხმაც დაერთო. ორტეგა ი გასეტმა მითხრა, რომ თანამედროვე სამყაროში მოღვაწეობის ერთადერთი შესაძლებელი სახე ფიქრია (“ლიტერატურა მოკვდა, მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგეს”). იმისთვის კი, რომ იფიქრო, საჭიროა ძველი ბერძნულის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გერმანულის ცოდნა. იგი წამიერად შეჩერდა, შეწყვიტა თავისი მონოლოგი, ხელი ჩამავლო, თვალებში იმგვარად ჩამხედა, რომ ეს მზერა დღესაც მაკრთობს და მითხრა: – ისწავლეთ გერმანული და დაიწყეთ ფიქრი. სხვა ყველაფერი დაივიწყეთ.
აღვუთქვი, რომ მის რჩევას უსათუოდ გავითვალისწინებდი და მივაცილე კიდეც სასტუმროს კარებამდე. მეორე დღეს პარიზში დავბრუნდი. გერმანული ვერ ვისწავლე, ვერც “სხვა დანარჩენი” დავივიწყე, მაგრამ ერთ რამეში კი გავითვალისწინე მის მიერ თქმული, რომ: არ არსებობს “აზრი თავისთავად”, რომ ნებისმიერი აზრი მიმართულია “სხვაზე”, “დანარჩენზე”. ეს სხვა, თუ დანარჩენი – როგორც არ უნდა უწოდო – არის ჩვენი არსებობის გამოხატულება. პირადად ჩემთვის იგი ისტორიაა. იმ რაღაცას, რაც ისტორიაზე “მეტია”, პოეზია ეწოდება. ჩვენ უკანასკნელ ხანაში ვცხოვრობთ. საქმიანობის ღირსეულად დასრულება არანაკლებ საპატიოა, ვიდრე მისი კარგად დაწყება. თავი და ბოლო ერთმანეთს ემთხვევა: ამოსავალში პოეზია და ფილოსოფია ერთ მთელს შეადგენდნენ. შემდეგ მოხდა მათი გათიშვა. ახლა ისინი ხელისცეცებით ეძებენ ერთმანეთს, რომ კვლავ შეერთდნენ. რაც შეეხება მის მთავარ რჩევას: “დაიწყე ფიქრი”, მისმა წიგნებმა სიყმაწვილეშივე მაიძულეს, მეფიქრა. მთელი სიცოცხლის მანძილზე ვცდილობდი მისი პირველივე გაკვეთილებიდან შეთვისებული ჭეშმარიტების დაცვას. საეჭვოა, მე ისე ვფიქრობდე ახლა, როგორც იგი ფიქრობდა თავის დროზე, მაგრამ ერთი რამის თქმა კი დაბეჯითებით შემიძლია: მისი მაშინდელი აზრების გარეშე მე დღეს ვერ შევძლებდი ფიქრს.
მეხიკო, 13 ოქტომბერი, 1980 წ.
© არილი