რეცენზია

პაატა ნაცვლიშვილის „ნამდვილი ქაღალდის წერო“

მანანა კარტოზია

იაპონია ერთი ხელის გაწვდენაზე

პაატა ნაცვლიშვილის წიგნის: „ნამდვილი ქაღალდის წერო“ წაკითხვის შემდეგ იაპონიაზე უფრო მშობლიური და სამეგობრო ქვეყანა ცოტა მეგულება. რამდენი ისტორიული პარალელით, რამდენი უფაქიზესი მოგონებით ვყოფილვართ დაკავშირებული ქართველები იაპონელებთან. ეს პაატა ნაცვლიშვილიც თითქოს მერვე კლასიდან ამ ერთადერთი წიგნის დასაწერად ემზადებოდა და დაწერა განცდითა და გამოცდილებით ჩაგვირისტებული წიგნი-მეგზური, რომ ხიდად გამოდგეს, გადაივლი და იქა ხარ, მშვენიერ იაპონიაში. მაგრამ ეს მერამდენედ მგონია, რომ პაატა სწორედ იმ საქმეს შეეჭიდა, მის გარდა, რომ ვერავინ გაართმევდა თავს. ეს მერამდენედ მგონია, რომ უნივერსალიზმის მარათონში ჩაბმულმა, სპრინტშიც იპოვნა ის ერთადერთი დისტანცია, სადაც გაიმარჯვებდა. პაატა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით სპორტული ასოციაციების გაჩენა სრულიად ბუნებრივია, რადგან მისი სახასიათო შტრიხია ისიც, რომ შემოქმედებით მომენტშიც, პროფესიულ საქმიანობაშიც სპორტული ჟინითა და აზარტით მოქმედებს და უამრავი არსებული, თუ მის მიერვე მოგონილი, სარეკორდო მიჯნა აქვს გადალახული, პირველობა აქვს მოპოვებული. მისი საქმიანობის გრძელზე გრძელი ჩამონათვალი ამის უტყუარი დასტურია.
წიგნი იაპონიაზე ვირტუოზული ნახელავია. მასში პაატას ბევრი ცოდნა, განცდა, მოგონება და იმედია ჩადებული, მაგრამ როგორი სიმშვიდით, თანმიმდევრულობით, ცალკეული დეტალის დამუშავებით, უამრავი ნიუანსის გათვალისწინებით მიგვიძღვის ჩვენთვის მოულოდნელ სამყაროში, რომ არ დაგვაფრთხოს, შეგვაჩვიოს, შეგვაყვაროს ეს უცხო ტრადიციებიცა და უცხო სიტყვებიც.
პაატა ნაცვლიშვილის თხრობის მანერა ზედმიწევნით ნათელი და ამომწურავია. იგი შეიძლება შევადაროთ იაპონური ნაციონალური თეატრის „კაბუკის“ პრინციპს: „ყველაფერი უნდა იყოს არც ის, რაც არის და არც ის, რაც არ არის“. გულწრფელი, თანმიმდევრული ავტორი ქარაგმებსა და ქვეტექსტებზეც ღიად, უშუალოდ გესაუბრებათ, რადგან მას თავმოყრილი ინფორმაციის ერთი მისხალიც არ ემეტება დასაკარგავად. მას არ სჭირდება კეკლუცობა, დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება არ ენდობოდე, არ გჯეროდეს მისი და ძირისძირობამდე არ მიყვებოდე თითოეული ნიუანსის გასარკვევად. თავად პაატა ასეთი განწყობით მოგზაურობს იაპონიაში:
„რომ დამინახეს
ჩრდილნი დამიგეს ფეხქვეშ.
ბებერი მუხა,
ნორჩი ნაძვი და ფიჭვი,
მელოდებოდნენ თურმე.“
იაპონიაზე დაწერილი წიგნის წაკითხვამდე პაატა ნაცვლიშვილი მის მიერვე გადაღებულ ფოტოებს გვაფურცვლინებს და ტრადიციული იაპონური პოეზიის ქარგაზე შექმნილ მის ლექსებს გვთავაზობს, სადაც ახლადგადატანილი დიდი ადამიანური ტკივილი და განცდაც არის აღბეჭდილი:
„მშვენივრად მესმის,
კიორაი-სან, შენი:
ჩემი დაც, როგორც
ციცინათელა ჩაქრა.
ვარ სიბნელეში მარტო.“
ან აი, ეს:
„მშობლებო ჩვენო,
ვით გადაიტანთ ტკივილს,
რომელსაც შვილის
გარდაცვალება ჰქვია?
რა ვქნა, მე გიხდით ბოდიშს.“
და იქვე, ფოტოხელოვანისა და სიტყვის ოსტატის არაერთი მიგნებაა მარადიული განცდისთვის მარადიული ოპტიმიზმის დასაპირისპირებლად. მე პირადად, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა, ამ სტრიქონების წერისას, თოვლის მომლოდინე თბილისში წვიმს, ეს სტრიქონები ყველაზე მეტად მომეწონა:
„შეფარებული
ქოლგის ქათქათა გუმბათს,
ვერ გაიგებდი,
წვიმდა, სეტყვდა თუ თოვდა.
ქოლგაც ნატრობდა ქოლგას.“
ფოტოგმირებიდან კი ყველაზე მეტად ყარიბი დამამახსოვრდა, რომელიც ჩვენს ფუფალას ჩამოჰგავს თავისი ქოლგითა და გამომეტყველებით: „ყარიბი ჩასთვლემს და გამოჩნდება შორით თეთრი ტაძარი.“
გამიტაცეს ფოტოებმა და ლექსებმა და მათზე ლაპარაკმა, იქნებ იმიტომ, რომ ამ ლექსებში პოეტი პაატა ნაცვლიშვილი გალაკტიონს შეებადალა:
„მთებს მოსდებიათ
ქლიავისფერი ბინდი.
გალაკტიონმა
გამომიწოდა შორით
ლექსის ბალახი ესე.“
ჩემთვის მულოდნელი სწორედ ეს სურათია პოეზიის ველზე ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი ირემი… თორემ საგამომცემლო საქმეში ბროწეულის გვირგვინით შემოსული პაატა ნაცვლიშვილი რომ სტრუქტურულად არაჩვეულებრივად დაალაგებდა წიგნს, სათაური რომ უაღრესად კონცეპტუალური იქნებოდა, ინფორმაციის ნიაღვარი რომ წვრილ-წვრილ შენაკადებად იქნებოდა მოწოდებული და პოლიგრაფიული პეწი რომ თვალს მოჭრიდა მკითხველს, ეს მოსალოდნელი იყო.
მოკლედ, წვრილ-წვრილ შენაკადებს დავუბრუნდეთ.
ფოტოებისა და მინაწერების შემდეგ უთუოდ ვარდისფერი ტიხრები შეგიტყუებთ: „ძალიან იაპონური“ – ასე ჰქვია ამ ტიხრებს, კუნძულებს, რომლებზეც უნდა შევისვენოთ ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის მასტერკლასებისაგან. პაატა ჩვეულებრივი სკრუპულოზურობით გვაცნობს იაპონიის „სავიზიტო ბარათებს“:
საკურა – იაპონური დეკორატიული ალუბალი;
იკებანა – ყვავილების არანჟირების ტრადიციული იაპონური ხელოვნება;
კიმონო – ეროვნული ტანსაცმელი;
უკიო-ე – ხეზე ნაკვეთი გრავიურა;
ორიგამი – ფურცლის დეკორატიული კეცვა;
ჩა-ნო-იუ – ჩაის ცერემონია;
საკე – ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ბრინჯისგან მზადდება;
კარაოკე – არაპროფესიონალთა თავშექცევა მუსიკით;
მანგა და ანიმე – იაპონური პოპკულტურის ორი ნაკადი.
რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი ადამიანს, თან რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი ამდენად გამოწვლილვით? პაატასთან ამ საკითხის დასმა და, მით უფრო, ამდაგვარად, მომაკვდინებელი ცოდვაა. უფრო მეტიც, მას ვერ წარმოუდგენია, არ ეკამათოს, თუნდაც, ათწლეულების შემდეგ კოლეგას ერთი კონკრეტული საკუთარი სახელის ერთი კონკრეტული ასოს დაწერის პრინციპზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, ეს ნიუანსებიც კითხვადია, უფრო მეტიც, პაატა ნაცვლიშვილი-კოლექციონერი გთავაზობთ „წაიკითხოთ“ მის მიერ იაპონიაში მოგზაურობისას საგანგებოდ შეგროვილი ეფემერები: სავიზიტო ბარათები, სავიზო აპლიკაციები, ავიაბილეთების ყუა და ბარგის ნომერი, სასტუმროს ღია ბარათები, მაღაზიებისა და კაფე-რესტორნების ქვითრები,
ბუკლეტები, სხვა ათასი წვრილმანი, რომელიც, საზოგადოდ, პოლიგრაფიულ ნაგვად ითვლება.
პაატა ასეთი მოგზაურია, მას ყველაფერი ხიბლავს, თუნდაც დაიკარგოს დროსა და სივრცეში. არ გეგონოთ, გადატანითი მნიშვნელობით ვლაპარაკობდე. ავსტრალიიდან კუნძულ ტაიტიზე გაემგზავრა და დაიკარგა. 24 საათის განმავლობაში ვეძებდით, ველოდით მის ყოველდღიურ რეპორტაჟს სიდნეის ოლიმპიადიდან, მან მხოლოდ 8-საათიანი პაუზა ითხოვა, მაგრამ დროის ხაზი გადაკვეთა და დაგვეკარგა ჩვენც და საკუთარ თავსაც. ძალიან დაიღალა, მაგრამ… ბედნიერი დაბრუნდა.
პაატას წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემნაირ ტიპს რაღა ესაქმება იაპონიაში. უკვე მიყვარს ეს ხალხი, პაატას კი სჭირდება სხვისი გამოცდილებით შეამოწმოს თავისი თავი, ის ხომ მკვლევარი მეცნიერია. რატომ შეუყვარდა იაპონია? თავად ბევრ არგუმენტზე გველაპარაკება წიგნში, მე კი ერთი მჯერა, იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძისგან იანდერძა ეს ინტერესი, იმიტომ რომ აკაკი წერეთლის „გურული ნანინას“ ქარაგმის ამხსნელი უნდა გამხდარიყო.
რაკი პაატა ნაცვლიშვილზე მისი ერთი წიგნით ვლაპარაკობთ, ამ წიგნის მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ: „იაპონიაში არ არიან დამსახურებული და სახალხო არტისტები, მხატვრები, თუ მუსიკოსები. იაპონიაში ჭეშმარიტად სახალხო და ჭეშმარიტად დამსახურებულ შემოქმედს „იაპონიის ეროვნული საგანძურის“ უნიკალურ ტიტულს ანიჭებენ.“ არ ვიცი, რას ფიქრობენ მხატვრები, პოეტები, მეცნიერები, ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლები, ლიტერატორები, პუბლიცისტები, მაგრამ გამომცემლები უთუოდ შევთანხმდებით, რომ პაატა ნაცვლიშვილი არის უნიკუმი, საგამომცემლო საქმიანობის ვირტუოზი და ის ნამდვილად იმსახურებს საქართველოს საგამომცემლო საქმიანობის ეროვნული საგანძურის ტიტულს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box