გამომცემლობა ,,ინტელექტმა’’ გაბრიელ გარსია მარკესის საკულტო რომანი ,,პატრიარქის შემოდგომა’’ დაბეჭდა. რომანი ესპანურიდან ელზა ახვლედიანმა თარგმნა.
ქართველი მკითხველისთვის ელზა ახვლედიანი ესპანურენოვანი მწერლების გენიალური თარგმანებითაა ცნობილი. ესენია: მარკესის ,,მარტოობის ასი წელიწადი’’, ,,პატრიარქის შემოდგომა’’, ,,გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა’’, ხუან გოიტისოლის ,,ცირკი’’ და ,,კუნძული’’, ,,ანა-მარია მატუტეს ,,ჯარისკაცები ტირიან ღამით’’ და ა.შ.
ერთ-ერთ გადაცემაში ელზა ახვლედიანი თარგმანის პროცესზე საუბრობს:,,მე საერთოდ ნელა ვთარგმნი. მუსიკას ვეძებ. (…) ვიღაცის წერილი იყო ჩემზე, სადაც ეწერა, რომ მუსიკა ჩანს მარკესის წიგნშიო. ,,მარტოობის ასი წელიწადი’’ მართლაც რიტმული პროზაა. ასე გგონია, თუ ამოიღებ რომელიმე სიტყვას – ჩამოიშლება სულ.’’
რიტმული პროზის შედევრია ,,პატრიარქის შემოდგომაც’’. ამასთან დაკავშირებით, ლიტერატორი ანდრო ბუაჩიძე აღნიშნავს: ,,მარკესის ნარატივი ნიაღვარია, ერთი გაბმული, უწყვეტი ნაკადი, წარსულის პერიფრაზია, მომავლის პროვიდენციული ჭვრეტაა, წარღვნაა, რომელსაც მოაქვს მოვლენები, საგნები, ადამიანები, წვრილმანი თუ მსხვილმანი ნივთები. ეს არის მდინარე, რომლის დინების რიტმი ყველგან ერთნაირია, სწრაფია, უპაუზო და უაბზაცო. აქ თავისებურ ინტერვალს თხრობითი მორევები ქმნის, სადაც უკვე ნათქვამი ხელახლა მეორდება და ამით იძენს განახლებულ აზრს. ლამის გამქრალია ზღვარი პროზასა და პოეზიას შორის, ოღონდ ისე, მკითხველი ამ გაქრობას ვერ ამჩნევს. (…),,პატრიარქის შემოდგომა’’ – რომანი – მეტაფორაა. მეტაფორულობას აქ, უპირველეს ყოვლისა, თვითონ პატრიარქის სახე ქმნის. რეალურად არსებული სხვადასხვა დროის დიქტატორები ყოველთვის გარკვეული ნიშნებით ჰგავდნენ ერთმანეთს. (…) პრეზიდენტს ორეული ჰყავს – პატრისიო არაგონესი. გარეგნული მსგავსება საბედისწერო გამოდგა არაგონესისთვის – სასახლის მესვეურები შეეცადნენ ეს მსგავსება აბსოლუტური ყოფილიყო, ამიტომ მას საკვერცხეები გაუხვრიტეს, რომ თიაქარი ჩამოსიებოდა, მერე კი სკიპიდარი შეასვეს, რომ არა მარტო წერა- კითხვა, არამედ ყველაფერი დავიწყებოდა, რაც კი ოდესმე ესწავლა. სიკვდილის წინ არაგონესი პრეზიდენტს გულისნადებს უზიარებს და ეუბნება, მძულხარ, რადგან სიცოცხლე დამიმახინჯეო.
(…) მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და, როგორც იქნა, დასრულდა პრეზიდენტის დაუსრულებელი დიქტატურის ხანა, დადგა იმ პატრიარქის შემოდგომა, რომელიც ,,უკანასკნელი დამჭკნარი ფოთლების შრიალით გაემართა მოუსავლეთისკენ, ჩალუსკუმებული დავიწყებისკენ. შეშინებული ჩაბღაუჭებოდა სიკვდილის ნავის დაძონძილ იალქანს, სიცოცხლის ნიშანი აღარ ეტყობოდა. აღრ ესმოდა ზარების ამაღლებული, ზარზეიმური გუგუნი, რომელიც ხალხსა და მთელ ქვეყანას ამცნობდა, რომ უსასრულო დრო, როგორც იქნა, დასრულდა.’’
© არილი