თარგმანი მანანა ბოსტოღანაშვილისა
პიერ მიშონი დაიბადა 1945 წელს საფრანგეთში, კარდში, შატლუ-ლე-მარშესთან ახლოს. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ კლერმონ-ფერანში ლიტერატურას სწავლობდა. მერე პატარა თეატრთან ერთად მთელ საფრანგეთში მოგზაურობდა. ოცდათხუთმეტი წლისამ, “ბეჩავთა ცხოვრების” გამოქვეყნების მერე, ლიტერატურულ სამყაროში თავი დაიმკვიდრა და “ფრანს კულტურის” პრემია მიიღო. ამ წიგნს მოჰყვა “რემბო შვილი”. შემდეგ შეიქმნა: “ჟოზეფ რულენის ცხოვრება” (1988 წ.), “დასავლეთის იმპერატორი” (1989 წ), “ბატონები და მსახურები” (1990 წ.), “ტყის მეფე” (1992 წ.), “დიდი ბენი” (1996 წ.), “სამი ავტორი” და “ზამთრის მითოლოგია” (1997 წ.). 1997 წელს მან მიიღო გულიუს პრიზი რომანისთვის “დიდი ბენი”. “მეფე მოდის მაშინ, როდესაც სურს”, ესეები ლიტერატურაზე (1997 წ.).
1993 წელს გამოვიდა “მიშონის კომპანიონები”, რამდენიმე მწერლის ერთობლივი ნაშრომი, მიძღვნილი პიერ მიშონისადმი.
“მეფის სხეული” და “აბე” გამოვიდა 2002 წელს. ამ ორივე წიგნისთვის პიერ მიშონმა “დეკემბრის” პრიზი დაიმსახურა. 2009 წელს მიშონმა გამოაქვეყნა რომანი “თერთმეტი”, რომლისთვისაც საფრანგეთის აკადემიამ გრან-პრი მიანიჭა. 2012 წელს ან-ლიზ ბროიერთან ერთად გამოაქვეყნა რომანი “ვერმიონი”.
2010 წელს მან პეტრარკას პრემია მიიღო შემოქმედებისთვის.
“ბეჩავთა ცხოვრება” (1984 წ.) ნოველების, ანდა “ცხოვრებათა” კრებულია იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც ავტორს უცხოვრია ბავშვობა გაუტარებია, ანდა ვისაც მოგვიანებით, აღმა-დაღმა ხეტიალისას შეხვედრია. მხატვრობის სიყვარულმა საოცარი ფერები და ბუნებისა და ადამიანების აღქმის უნარი შესძინა წერის მისეულ მანერას. მან შექმნა აქამდე არარსებული ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ესოდენ პოპულარულია თანამედროვე ლიტერატურაში – ე.წ. “ბიოგრაფიული ფიქცია”.
პიერ ბერგუნიუ, მიშონისთვის ახლობელი მწერალი, წიგნს ასე ახასიათებს: “ბეჩავთა ცხოვრება” ახორციელებს იმას, რაც შეუძლებელია, და ამასთან, განხორციელების შეუძლებლობასაც გამოსახავს”.
ბეჩავთა ცხოვრება
გარდაცვლილი გოგონას ცხოვრება
ამას ბოლო უნდა მოეღოს. ზამთარია; შუადღე; ცა ეს-ესაა თანაბრად გადაფარა შავმა ღრუბლებმა; სულ ახლოს ყმუის ძაღლი, თითქმის გაბმულად, ფრთხილად, თვალთმაქცურად და მოგუდულად, ისე ყმუის, რომ გათქმევინებს, სიკვდილს მოასწავებს ასეთი ყმუილიო. შესაძლოა მოთოვოს კიდეც. მაგონდება იმავე ძაღლების მხიარული წკავწკავი ზაფხულობით, შებინდებისას, როდესაც ნახირს აბრუნებდნენ ბოლო სხივებით აქა-იქ განათებულ ადგილებში. Mმაშინ მე ბავშვიც ვიყავი და შუქიც. იქნებ ამაოდ ვირჯები: მაინც ვერ ავხსნი იმას, რაც წარსულს ჩაბარდა და ჩემში ღრმად გაიდგა ფესვი. კიდევ ერთხელ: – წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც გიამბობთ.
ჩემი პატარაობის მოგონებებში ხშირად ავად ვარ. დედაჩემი გვერდით მიწვენდა თავის ოთახში; კრძალვით მივლიდნენ; სკოლის ეზოდან მოისმოდა ბავშვთა არარეალური ჟრიამული, ხმები მერცხალებივით კრავდნენ კამარას და უკვალოდ ქრებოდნენ; ბუხარში შეგდებული ნაპობი ტკაცატკუცით იწვოდა; თანდათან უჩინარდებოდა; მოწითალო, მიმქრალებული ნათებისას გამოისახებოდა ჯერ თეატრალურად მკაფიო ჩრდილები, რომლებსაც გაეთამაშებოდი კიდეც, მერე კი ისეთი უფორმო ლანდები, რომ სახელის დარქმევისას ვყოყმანობდით, ამიტომ რჩებოდნენ ისევე უსახელონი და უშინაარსონი, როგორც სიბნელე, რომელიც ჩვენს თავს ზემოთ, ჭერს იყო შეფენილი. გარიჟრაჟზე ახალი ალი იბადებოდა დახრილი ელიზას შავი ქვედაკაბებიდან – ნაცარს უნიავებდა, მერე კი ალერსიანად მიღიმოდა გაჩენილ შუქზე. ვიმედოვნებ, მეც ვუღიმოდი. გადიოდა; და მაშინ აღმოცენების დრო დგებოდა; ვამჩნევდი ფანჯრიდან სივრცეს, შორს, სეირუს გზაზე ჩამოწოლილ ცას, უზარმაზარ ცას, ის ეფარა სეირუსაც, რომელსაც ვერ ვხედავდი, და მიუხედავად ამისა, დილაადრიან, ტყეების ჩამუქებული ჰორიზონტის მიღმა, კვლავ ჯიუტად ინარჩუნებდა მცირეოდენ ინტერესს სახურავებისა და ცოცხლებისადმი. მე ვიწვევდი უხილავ და დასახელებულ ადგილებს. ვპოულობდი წიგნებს, სადაც ისევე კარგად შეგვიძლია დამალვა, როგორც ცის უკიდეგანო კაბადონის ქვეშ. ვიგებდი, რომ ცა და წიგნები გასევდიანებენ და გხიბლავენ. მლიქვნელობისგან შორსმყოფმა, აღმოვაჩინე, რომ შეგიძლია სამყაროს არ მიბაძო, სულაც არ ჩაერიო, მალულად უცქირო, როგორ იქმნება და ინგრევა, და სიამოვნებას ნაზიარები გულისტკივილით აღგაფრთოვანოს იმან, რაშიც არ მონაწილეობ და იმან უფრო, რომ არ მონაწილეობ: სივრცისა და წიგნების გადაკვეთაზე, იბადებოდა უძრავი სხეული, რომელიც ჯერ ისევ მე ვიყავი და რომელიც უსასრულოდ თრთოდა, რაკი ნატრობდა შეუძლებელს – წაკითხული მოერგო შთამბეჭდავი ხილულისთვის. წარსულის მოგონებები სივრცესავით თავბრუდამხვევია, და მათი ნაკვალევი მეხსიერებაში სიტყვებივით უკმარია: აღმოვაჩინე, რომ გვახსოვს.
ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს; სიჭარბეს ჯერ არ გავეზულუქებინე.Mმქონდა ყულაბა, კლასიკური ვარდისფერი გოჭი, გულისამაჩუყებელი და სასაცილო, მისით მოხიბლული დიდხანს ფრთხილად ვთამაშობდი ზეწარზე. რამდენიმე ასსუიანი მონეტა ჩაეგდოთ: ის უხილავი სიმდიდრე, რაღაც ბუნდოვანი კანონით მე რომ მეკუთვნოდა და ფაიფურის კედლებს ეწკარუნებოდა, სასაცილოდ მცირე იყო და იქნებ, მოულოდნელიც? მით უფრო იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ტანსაცმლის კარადაში მეორე ყულაბაც იდო, გაცილებით მეტი ყურადღების ღირსი, აკრძალული და საოცარი: პატარა თევზი, მუქ-ლურჯი თუ ზამბახისფერი, ცურვისას აფართხალებული და ლაღი, ამობურცული ქერცლებით, რასაც თითებით შევიგრძნობდი, როდესაც მალულად მივეპარებოდი ხოლმე. “ათას ერთ ღამეში” ცბიერი და უკარება, მოლაპარაკე თევზები არიან, ოქროსად რომ იქცევიან, და ულვაშები კი ჯადოსნური აქვთ; ხაოიანი ზეწრების შუქჩრდილიდან ეს თევზი დიდხანს მეძახდა დაბალი ხმით, როგორც ეძახიან თავზე ჩალმაშემოხვეულ ღარიბ მეთევზეს ძველთაძველ სპარსეთის ზღვაზე, საიდანაც ლაჟვარდოვანი ტალღა რიყავს ჯინებს, და კენჭები ირევა. არ უნდა მივკარებოდი. ის ჩემს პაწია დას ეკუთვნოდა. ჩემი დაიკო გარდაცვლილი იყო.
ერთხელ – არ ვიცი, ავად უფრო ვიყავი თუ მაცდუნებლად გაჟინიანებული, მაგრამ ქანცგაწყვეტილმა დედაჩემმა გადაწყვიტა, მნდობოდა – თევზით თამაშის უფლება მომცა. მისი მოპოვების სიხარული ჯერ შეშფოთებამ და მერე დაბნეულობამ ჩაანაცვლა: ეს ყულაბა ჩემი ყულაბისაგან განსხვავდებოდა. ჩემი დაიკო ცის პაწია ანგელოზად იქცა და მე აქ, დაბლა მიმატოვა, ამ თითქმის უსარგებლო სამყაროში; თვითონ არსებობდა მხოლოდ ათრთოლებულ ბაგეებსა და ერთადერთ უფერულ ფოტოზე – იტალიელ მხატვართა სურათებზე გამოხატული ამურივით უდრტვინველი და დიდლოყება, მე კი უნდა მეცოცხლა.Aგარეთ მოწმენდილი ცა ზეობდა, მე სადღაც გავფრინდი, ცალი ხელი გამეშვა; პატარა თევზი იატაკზე დაეცა და დაიმსხვრა. დედა ქვითინებდა, თან ლურჯი ფაიფურის ნამტვრევებს გვიდა, რომელებიც ფორმას ამიერიდან მხოლოდ დედაჩემისა და ჩემს მეხსიერებაში თუ შეინარჩუნებდნენ.
მოგვიანებით დედაჩემის ოთახში, სხვა ავადმყოფობისას, ამჯერად უეჭველი ზამთარია, იმ დროს, როდესაც თავს ვეკამათებით, უნდა ავანთოთ თუ არა ლამფები, განვაგრძოთ რამის კეთება თუ შევწყვიტოთ, თუ კიდევ გადავდოთ, მე არტურ რემბო შევიცანი. მგონი, ღმერთი მომიტევებს, რომ “ვერმოს ალმანახში” წავიკითხე, რომელსაც ფელიქსი ყოველ წელს იძენდა და რომელიც მაშინ უბადრუკი, მაგრამ საკმაოდ პოპულარული იუმორისტული ილუსტრაციების გარდა გვთავაზობდა ლიტერატურისა თუ პოლიტიკის, გეოგრაფიის ზერელე ქრონიკას, ათასგვარ რამეს, რასაც მალე, თვით ქოხების მობინადრეებიც კი, კულტურად შერაცხავდნენ. სტატია გაეფორმებინათ რემბოს სიყმაწვილის დროინდელი ცუდი ფოტოთი, რომელზეც რემბო, როგორც ყოველთვის, იბღვირებოდა, მაგრამ იქ მაინც უფრო თავშეკავებული ჩანდა, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, ჩლუნგი და ტლანქი, საგულდაგულოდ გამოწყობილი და მოუხეშავი, როგორებიც იყვნენ ფოტოებზე ჩემი კლასელები, გამთენიისას მოსულნი შორეული სოფლებიდან, ლეიშამოდან ან სარაცინიდან, ამ წარმოუდგენლად მიკარგული ადგილებიდან, სადაც ურვა ყველაზე უშედეგოა, სივრცე ყველაზე უკაცრიელი და თვით ყინვაც კი უფრო მეტად გისუსხავს მუდამ წითელ, გახეშეშებულ ხელებს. ვიცნობდი ამ სულელურ უდრტვინველობას და მოჟამულობას, ერთ მერხზე ვისხედით. მიმიზიდა სათაურმაც, რომელიც შეცდომით ამოვიკითხე: “არტურ რემბო, მარადი ბავშვი”, არადა, “მარადი მოხეტიალე” უნდა წამეკითხა; ეს უნებური შეცდომა ძალიან დიდხანს გამყვა, ძლივს აღმოვფხვერი; მაგრამ ამას გავანებოთ თავი. არა, ეს ბუზღუნა ადამიანური ბუნება არანაკლებ ნაცნობი იყო, ვიდრე არდენში გატარებული მძიმე ბავშვობა, რომელსაც ჰონორარისთვის მომუშავე მწერალი რომანში აღწერდა.Mმე სხვა არდენებს ვხედავდი ფანჯრიდან, და მამაჩემი, თუმცა კაპიტანი არ ყოფილა, კაპიტან ფრედერიკ რემბოსავით გაუჩინარდა; მურიუს წისქვილში, რომელიც უფრო ღრმადაა მიწაში ჩამალული, ვიდრე მეზისა (Meuse – მდინარე, დეპარტამენტი, მთარგმნ. შენ.), მაისში მეც ვუშვებდი ხოლმე ფარატინა ნავებს, შესაძლოა ჩემი ცხოვრებაც მაშინ გავუშვი; უძრავი ჰაერი ცრემლებს მტაცებდა, სიბრალული და სირცხვილი მქენჯნიდა. სტატიის სხვა საკითხებმა შემაცბუნა, მაგრამ აღფრთოვანებით განვიზრახე, ოდესმე ამომეხსნა ეს გამოცანები და გავმხდარიყავი ამ სანიმუშო, პირუთვნელი ადამიანის ღირსი, რომელიც აგერ ახლა გამომიმჟღავნეს: რა იყო ეს მკაცრი პოეზია, რომელიც არ შეესაბამებოდა შინაურულ ლუღლუღით თხრობას განთიადზე, ეს პოეზია, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, მისდა სავალალოდ, შორდებოდნენ ოჯახს, ხალხს, ბოლოს საკუთარ თავსაც, და თვით პოეზიასაც კი თავიდან იშორებდნენ მისივე სიყვარულით, რომელიც გამსგავსებდათ გარდაცვლილებსაც და მეტისმეტად ცოცხალსაც? თანაც, რემბოს ჰყავდა და, ვისაც იგი, ყველაფრის მიუხედავად, უყვარდა, მეურვესავით ზრუნავდა მასზე შარლევილიდან ძალზე შორს, ოფლის უკანასკნელი წვეთებითურთ და უკანასკნელი განდგომით შორიდან ემსახურებოდა; მაგრამ მაინც, ანგელოზი თვითონ რემბო იყო. მხოლოდ მას, დიდ ბიჭს, თუმცა კი ყველაფერს მოკლებულს, ავტორმა, სხვათა შორის, ეპითეტი “ანგელოზისებრი” მიანიჭა, რაც იქამდე მხოლოდ ჩვილობაში გარდაცვლილების – პაწია გოგონების კუთვნილი მეგონა, სეპიით დახატული გაცვეთილი სურათისა, რაღაც გულგანმგმირავისა და საშინელისა მიწისქვეშ, იმისა, რასაც ყვავილები აცხრობდნენ იქ, შატლუში.
ესეც ახალი ამბავი – ერთ დღესაც ანგელოზი უნდა გამხდარიყავი, რომ სხვებს ისევე ჰყვარებოდი, როგორც გარდაცვლილები. მაგრამ თუ ძალზე დავაყოვნებდი, ვიღას ვეყვარებოდი? ცეცხლს ვუცქერდი აქვითინებული, დედას ვეძახდი, ვაფიცებდი, რომ ჩემი ბებია და პაპა არ მოკვდებოდნენ. მოხუცებულთა გვამები ახლა წყნარად განისვენებენ თავის პატარა ყუთში მწოლიარე ანგელოზის გვერდით, შატლუსთან ახლოს, მათ აღარა აქვთ თვალები, რათა დაინახონ, როგორ ამომდის ფრთები; ჩემი ხელით დადებული ყვავილები ოდნავ თუ აწყნარებთ, წლის დროები, რომლებიც ბებერ ძვლებს უმახინჯებენ, მიმძაფრებს წადილს, დაწყებითი სკოლის მოსწავლე ვარ, გაკვეთილს ვწერ და ვიცი, რომ ზამთრის ერთ საღამოს, ოთახში, რომელიც მეხსიერებაში იშლება, “ვერმოს ალმანახის” თხელ ფურცლებს შორის, რომელთაც ისინიც კითხულობდნენ, გავები მახეში, რომლის მარწუხებიც მიჭერს.
ბავშვობაში შევიტყვე, რომ სხვა ბავშვები კვდებოდნენ; მაგრამ მათ დიადი ცადაფრენა კი არ დაუსწრიათ ჩემთვის, ისინი მხოლოდ ლეგენდები იყვნენ, მათ გვერდით ვცხოვრობდი და ვიცოდი, ერთი ცომისგან ვიყავით მოზელილი; მეეჭვებოდა, რომ ისინი, როგორც მარწმუნებდნენ, სრულუფლებიან ანგელოზებად გადაიქცეოდნენ. თუმცა ყველაფერი მართლა იცვლებოდა, როგორც კი სიკვდილის პირას გარდაუვალად დგებოდნენ ხოლმე. მეორე დღიდანვე, აგონიაში მყოფის – (აგონია გარდაუვალია) ჯერ კიდევ ცოცხალის სულისშემძვრელი ხმები გვესმოდა; ელიზა და ანდრეა მათ შესაბრალისი სიტყვებით, ხმადაბლა იხსენიებდნენ, მე თავს ვიკატუნებდი, ვითომ ვთამაშობდი, ვაკვირდებოდი: რაოდენ დიდი იყო ეს უეცარი პატივისცემა? – ჯერ კიდევ გუშინ უმნიშვნელონი ჩანდნენ, დღეს კი, მივუახლოვდებოდი თუ არა, ხმას დაუწევდნენ, მათზე თითქმის ჩურჩულით საუბრობდნენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე, გადაუხდელ ვალებზე, ქარაფშუტა და მოვალეობებს თავგარიდებულ მამაჩემზე. მერე, სამზარეულოში, მეზობელი შემოდიოდა ჩვეულებრივზე უფრო ნელა ან თეატრალურად, თითქოს რაღაცას მიგვანიშნებდა დაჟინებული მზერით, ანდა ფელიქსი, დროებით სიდიადემინიჭებული, ბისტროში აშრობდა ახალ ჭეშმარიტებებს, ზამთარი უფრო ვრცელი გვეჩვენებოდა, ზაფხული კი – უფრო ლაჟვარდოვანი, ბავშვი აღარ იყო. იასამანთა მოლურჯო თრთოლაში, თოვლში, რომელიც არსაიდან ცვიოდა, მე უეჭველ ფრენას ვეძიებდი.
სარაცინის ბავშვი დიფტერიით გარდაიცვალა. საკვირველი იყო, ეს წითური, წყნარი და არქაული, სოფლური ძილით აღვსილი, ზღვარის აღმნიშვნელი გათლილი ქვა, რომელსაც სევდიანად სილას ვაწნავდი ხოლმე, ამიერიდან ფრთოსანთა დასს მიეკუთვნებოდა და გამკვრივებული ჰაერის სხეული ებოძა. ნუთუ სულ ეს იყო საკმარისი, რათა სიკვდილის მიერ უკვე სამუდამოდ გაბრიყვებული, გაფრენილიყო? პატარა ბერნადეტი, ჩემი ბიძაშვილი ფორჟეტიდან, საშინლად დაიტანჯა; ხშირად მითამაშია მასთან და მის დასთან უზარმაზარი ხის ქვეშ, რომლის ფოთლები ცხაურივით ალიცლიცებდა ათინათებს მათ დაბნეულ სახეებსა და ღია ფერის კაბებზე, მათი უკიდეგანო ფერმის განაპირას, უღრანი ტყის პირდაპირ, და ეს ნაყალბევი მოგონება მათ ახლაც პატარა ბიძაშვილების მსგავსად წარმომიდგენს, ხან ხალისიანებად, ხან კი მკაცრებად, და შერბიან “ვიწრო კარიბჭეში”, ვითომ დამალობანას მეთამაშებიან. ზაფხულის ვეღარანაირი ჩრდილი ვეღარ დააოკებთ; გოგონა სისხლისგან იცლებოდა, ჩიოდა, იცოდა, რომ კვდებოდა. ელიზა ფეხით მიდიოდა მასთან ღამის სათევად და როგორღაც იტანდა ამ დაზაფრული მზერის ვედრებას, ეს სხვანაირი და დაუძლურებული ხელი დაყრდნობოდა მის ხელს და ერთ დაბერებულ, მაგრამ ცოცხალ ხელად ქცეულიყო. ელიზა დილაობით ბრუნდებოდა გულდათუთქული და დამუნჯებული, ბედს დამორჩილებული. ავბედითი დასასრული მოახლოვდა, ბავშვი აუტანელ ჭრილობად იქცა, რომელიც მდუმარედ უნდა დაგეცხრო; საღამოს ელიზა შეგვევედრა, სამზარეულოდან გავსულიყავით და მაშინვე დავწოლილიყავით, მას საქმე ჰქონდა: მართლაც იცოდა ოდინდელი მისნობა – ქალებისთვის სისხლდენის შეჩერება ან შეყოვნება ღრუბელისა, საიდანაც მეხი ეცემა დოლაბს, გაბრიყვება რქიანი ღმერთების ქაჯისა, რომელიც უამრავ ძროხას ხოცავს და ცხვრებს აბზრიალებს, სანამ არ მოკლავს; გარდაუვალის დაყოვნება – საერთოდ, შეეძლო, რამე ეღონა ნებისმიერ საბედისწერო ვითარებაში, როდესაც, როგორც ამბობენ, ვეღარაფერს იზამდი; ეს ცოდნა, რასაც ქალები საუკუნეების განმავლობაში გადასცემდნენ ერთმანეთს, ელიზამ კი, კეთილგონივრულად, არავის გადასცა, შედგებოდა უწყინარი და ძალადაკარგული ლოცვებისგან; ლურდის მონასტრის წყალს ასხურებდა, მარტივ პანტომიმას მიმართავდა, რაც სხვაგან არ მინახავს, მაგრამ მასში მოკუზული და ჯიუტი, სუსტი, ურწმუნო ელიზას კეთილ ნებას ვხედავდი. ვიცოდი, რომ სისხლდენის გამოსალოცად ბებიაჩემს ბევრი წყალი სჭირდებოდა, როგორც უნდოდა, იმდენს და ისე ღვრიდა, თუმცა მაინცდამაინც არ სჯეროდა, რომ ასე სისხლდენასაც დაიმორჩილებდა, მაგრამ მეტაფორას მტკიცედ იცავდა, ისე, მოვალეობას რომ ასრულებენ ხოლმე; ამრიგად, იმ საღამოს, სამზარეულოს ონკანსა და მუშამბაგადაფარებულ მაგიდას შორის, იდუმალი სითხე შესწირა დრომოჭმულ და ქოთანში ჩარგულ წმინდანებს. ლეიკემიას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, უკურნებელია და მორჩა, და ელიზამ ეს კარგად იცოდა: ბავშვი ყვირილით გარდაიცვალა ფორჟეტში ერთ დილას, როდესაც მზე დასთამაშებდა უზარმაზარ ფასადს. ისიც იქცა ანგელოზად, ანდა დამუნჯებულ კუნძად სენ-პარდუს სასაფლაოზე, სადაც კურდღლისცოცხას – ოქროს წვიმის ბუჩქებს ზაფხულის მზე შეტრუსავდა.
“საბრალო გოგონა” – იტყოდნენ მასზე ამიერიდან, როგორც მეუბნებოდნენ “შენი საბრალო დაიკოო”. მართლაც, როგორც ამ თანაგრძნობით სავსე გვერდებზე ხედავთ, მოკრძალებული ადამიანები მურიუში, და ალბათ ყველგან, გაურბიან სიტყვებს “სიკვდილი”, “მკვდარი”, “გარდაცვლილი”; “ახლად შესვენებულსაც” კი იშვიათად ამბობენ; არა, ყველა გარდაცვლილი “საბრალოა”, სადღაც ცახცახებს სიცივის, გაურკვეველი შიმშილისა და უდიდესი მარტოსულობისგან, “გარდაცვლილები, საბრალო გარდაცვლილები”, უფრო გაღატაკებულები, ვიდრე მათხოვრები და უფრო შეცბუნებულები, ვიდრე იდიოტები, სრულიად თავგზააბნეულები, უსიტყვოდ შებოჭილები ცუდი სიზმრის დავიდარაბაში გაბმისას, ასე საშინლად რომ გამოიყურებიან ძველ სურათებზე; არადა, ასე სათუთები, სათნოები და ცეროდენასავით გზაარეულები არიან წყვდიადში, სამუდამოდ უკანასკნელნი უკანასკნელთა შორის, ყველაზე პაწაწინები პატარა ადამიანთა შორის. ამას სიამოვნებით წარმოვიდგენდი ხოლმე: შატლუს სასაფლაოზე მისვლისას კარგად ვგრძნობდი, ქალების გულდამძიმებული იერით, – მძიმედ რომ საყვედურობდნენ ფელიქსს, ის კი კეპიან ქუდს იხდიდა, – რომ ალბათ ვიღაცას, იქ, ქვემოთ, სამარეში, ძალიან უჭირდა; იმას, ვინც ისურვებდა აქ ყოფნას და ეს არ ძალუძდა, ვისაც ის რაღაცა გააფთრებით აკავებდა, შორეული ბიძაშვილებივით, ყოველ წელს რომ გწერენ, თუ რა ძლიერ სურთ თქვენი ნახვა, მაგრამ მგზავრობას იმდენი ხანი სჭირდება, საკმარისი თანხის უქონლობა აყოვნებთ, მათი ცხოვრების წისქვილის ქვა და საჩეჩელი სულ უფრო და უფრო მტკიცედ აფერხებს მათ და ბოლოს დარცხვენილნი დუმდებიან, მათ კვალს ვკარგავთ. მე ვფუსფუსებდი; ყვავილებისთვის წყლის მოსატანად მივდიოდი, ქოთნებს ჩემი ხელით ვავსებდი მიწით, მალულად ვრგავდი სახეს ქრიზანთემების მარადისობის მტვერში; ეს ხშირად ზამთრობით ხდებოდა; ეკლესია სასაფლაოს ზემოთ, ბორცვზე იდგა, ერთნაირად რუხი ზარი და ზეცა გულში მეჭრებოდნენ და რამდენადაც უხვი იყო მინდორ-ველები ჩემს თვალში, იმდენად ცქვიტად ვისწრაფოდი წარმოსახვით მათკენ, გულიანად ვკისკისებდი ფეხდადგმული ტოტის ჭიხვინზე, გუბეებში არეკლილი უამრავი რამის დანახვაზე; ძალიან მინდოდა სიცოცხლე. Gგანცდილი და აწ გამქრალი მეგებებოდა, როდესაც ვბრუნდებოდი ტოლჩა წყლით ხელგაწვდილი, საკვირაო შარვალზე რომ არ დამწუწვოდა, წესრიგისკენ მომიწოდებდნენ გზახრეშილზე, რომელსაც ყვავილებით ფარავდნენ, მუჭით მარილს აფრქვევდნენ თითქოსდა მკვდრების ქალაქს, ყვავის შემზარავი ჩხავილის თანხლებით, იქ, მარილისა და ყვავილების ქვეშ, რითაც ის გაუგებრად საზრდოობდა, სიბნელეში იწვა ჩემი დამუნჯებული, დამარხული დაიკო. მაგრამ რა, ისიც ანგელოზი იყო? დიახ, ანგელოზის ცხოვრება იყო ეს უბედურება. სასწაული იყო დარდ-ვარამი.
სინანულით გულდამძიმებულები დავდიოდით სამარეებს შორის, ციცაბო ბილიკებით თავქვე ვეშვებოდით. ქვემოთ, ჩემ თვალწინ, მთელი სოფელი გადაშლილიყო, ფერდობებზე გაშენებული მშვენიერი შატლუ ძველი, დიდი, ხავსმოკიდებული სახლებით, მშვიდი, მოჩრდილული; მაგრამ ეს შატლუ თვალის სატყუარა იყო, ნამდვილი ჩვენს უკან მდებარეობდა. ის იყო ჭეშმარიტი, ის, რომელსაც მურიუში ნატრობდა ხოლმე გასავათებული და მცონარე, ოდნავ იმედგაცრუებული ფელიქსი: “შატლუში რომ ვიქნები…” ხელზე დავწვდებოდი, მისი სქელი ხავერდის პიჯაკის სურნელი მამშვიდებდა, და თუ გადმოიხრებოდა, ლოყაზე მის ღრმა ამოსუნთქვას ვგრძნობდი. დედა და ბებია ყოველ ჯერზე მაჩვენებდნენ სკოლას, სადაც წერა-კითხვა ისწავლეს; ბევრი რამ აგონდებოდათ, მათთან ერთად ცოცხლდებოდნენ გარდაცვლილები – გოგონები, ვისაც ნაწნავს ქაჩავდნენ და ანცი ბიჭუნები, ვისთან ერთადაც ეზოში თამაშობდნენ, საკვირველი გარდაცვლილები ცოცხლობდნენ; მათაც ნაღველი მორეოდათ, ჩვენ უკან. ხშირად იმავე დღეს მივდიოდით კარდში, და თუ კარგი დარი იდგა, ჩიტების ბილიკებზე ფეხით მივსეირნობდით შემოდგომის დახუნძლული წაბლის ხეივანში ან ზაფხულის ოქროსფრად გავარვარებულ მინდვრებში. მოულოდნელად მივადგებოდით უფრო წმინდა ალაგს, კარდის მიწებს, რომლებიც ჩემი გახდებოდა ოდესმე, ამას სიყვარულით და ერთგვარი წარმავალი სიბრალულით მიმტკიცებდნენ, და ფელიქსის ემოცია მიდასტურებდა, რომ ეს მინდვრები სხვაგვარი იყო, ამიტომ ცხადად უნდა დამენახა კურდღლისცოცხას ხასხასი, ბალახის მეტი მოუთმენლობა. სწრაფი მუსიკა აცეკვდებოდა ჩემში, ჩემი ჩრდილი მხიბლავდა, ჩნდებოდა კორომში, იასამნებში ჩაფლული სახლი, უკვე ნაამბობი წარსულით, ის უკვე ნელ-ნელა ეფლობოდა უსარგებლო მოუსავლიან სეზონებში და ცარიელ კედლებში მხოლოდ მღრღნელ დროსღა იფარავდა; მერე რა! მე გავიზრდებოდი და მექნებოდა ფული მის აღსადგენად. ამოვძირკვავდი გლიცინიებს; მომცრო ბაღში, სადაც ელიზა უსიამოვნებებზე წუწუნებდა, ჩემს მომავალს წინასწარმეტყველებდნენ ლევკოიონები და ჰორტენზიები; აქ ბავშვები ითამაშებდნენ და მომავალი იზეიმებდა: შვებულების დროს ჩამოვიდოდი და თავს შევიქებდი ოდესღაც გარდაცვლილთა გასახარებლად. ფელიქსი არ მატყუებდა: ის მართლაც შატლუშია; სეჯუსკენ მიმავალი გზის გადაკვეთაზე, მძინარე დაბის პირდაპირ, აღარაფერი მიგვითითებს გეოდონის მიწებზე, სადაც ბალახი მოთმინებით აღვსილა: მამული იაფად გაიყიდა, რათა ჩემი უნდილი არსებობა გაგრძელებულიყო. სახლი მე დამრჩა; ჩემი სიყვარული მისდამი არ შემცირებულა. დამჭკნარ გლიცინიას იმედი გადაუწურავს; ქარიშხალმა და ჩემმა დაუდევრობამ ყველაფერი გააჩანაგა; იშვიათი ჯიშის ხეები, რომლებიც ფელიქსმა საგანგებოდ ჩემთვის დარგო, ერთიმეორის მიყოლებით აწვებიან ბეღელს, უეცრად გაიტკაცუნებს რაღაც, თითქოს გადატყდა და გადაინგრაო. თანდათან ინგრევა კიდეც; გრიგალი ფიქალის გაბრუებულ ნამსხვრევებს წაბლის ხეებს ახლის, მკვდარი წყალი გუბდება იქ, სადაც ადრე ცოცხლებს ეძინათ, პორტრეტები ცვივა და ტანსაცმლის კარადების სიღრმეში სხვები იღიმებიან სიბნელეში მივიწყებით კმაყოფილნი, იხოცებიან თაგვები და მათ სხვები ენაცვლებიან, თანდათანობით იშლება ყველაფერი. კარგით, რა, ყველაფერი კარგად არის; გულმოწყალე ანგელოზები ლაჟვარდში ფრენენ, ქრებიან და კვლავ იბადებიან ცისფერ ჰაერში; ისინი ღამეს აშორებენ აბლაბუდებს, გატეხილ ფანჯრებთან უმზერენ მთვარიდან მთვარემდე იმ წინაპართა ფოტოებს, ვისი სახელებიც იციან, ერთმანეთს საამურად ეჩურჩულებიან და შესაძლოა კისკისებენ, ღამესავით ლილისფერნი და უღრმესნი, მაგრამ ვარსკვლავივით გამჭვირვალენი; დაე, ისარგებლონ ჩემი საცხოვრებლად უვარგისი მემკვიდრეობით; სასწაული საზრდოობს.
ჩემი და 1941 წელს, მგონი შემოდგომაზე დაიბადა მარსაკში, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ; მარსაკში ერთი პატარა სადგური და დიდი წისქვილია, მდინარე არდური მიედინება მურიუსკენ, იქ ცხოვრობენ შატენდოების, სენეჟუების, ჟაკემინების ოჯახები, ვაშლებს რომ ჩუქნიან ერთმანეთს და პაწია ბაღებში ბერდებიან; პატარაობაში იქ დედაჩემთან ერთად მივდიოდი ველოსიპედით, დედა მაშინ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, ანდა, შესაძლოა, ჩემმა მეხსიერებამ შემოინახა ასე, ნაზად რომ ატრიალებდა პედლებს დილით, ღია ფერის კაბით, შუა ზაფხულის ოქროსფერი ჭორფლით დაწინწკლული, მარტოხელა, მისეირნობს თავის ენაჭარტალა ვაჟთან ერთად, სწრაფად რომ მიაქროლებს ველოსიპედს. იქ, იმ ადგილას ჩასახეს გოგონა მათ: შუშისთვალა კაცმა – ისე შექმნილმა, რომ შეიძლება შეცდეს და ამ ამბავს შეგუებულმა, ცალთვალა იდუმალმა შეფმა დავიწყებულთა ლეგიონიდან, რომელიც იქნებ ჯერ კიდევ ცოცხალია, ანდა, შესაძლოა, აღარ არის, და გლეხის ქალმა კარდიდან, სხვაგვარად რომ შეიძლება შეცდეს, რომელსაც არ სჯერა, რომ რამე მართებულია, შემკრთალი და ხალისიანია – ბავშვია მუდამ და სამუდამოდ. ეს ომის დროს მოხდა, გზის ბოლოს შემზარავ და პირქუშ გერმანელთა კოლონები ზლაზვნით მიგორავდნენ, სოფლელები ზუსტად იმნაირი თვალებით უმზერდნენ, როგორც მათი წინაპრები ცხენით მიმავალ ბატალიონებს, “შავი პრინცის” ფეოდალურ არმიას, ძველთაძველი, მიამიტური და წარმოსახვითის რეალურად მიმჩნევთა თვალებით. პარტიზანთა ახალგაზრდა აჩრდილები დარბოდნენ ტყეში, ისრებს სწევდნენ რკინიგზაზე, აფეთქებდნენ ეშელონებს და განგაშის ასატეხ ზარებს იპარავდნენ, მარსაკის სიახლოვეს ღამეს აფორიაქებდნენ. დედაჩემს სხვაც ბევრი სადარდებელი ჰქონდა ამ გაუგებარი და ხმაურიანი ომის გარდა, რომელშიც არ ვიცოდით, თუ ვინ ტყუოდა: ცალთვალა შეფი ხან ვის ეარშიყებოდა, ხან – ვის, ცრუობდა და მაინც უდავოდ, უყვარდა იგი, ბოლომდე სვამდა; ქალი როგორღაც უნდოდ ელოდა პირველ ბავშვს, თავი მუდამ კარდში, პატარა მომკელი გოგო ეგონა, გული რომ უჩუყდებოდა და ეცინებოდა ენაკვიმატურ ნათქვამებსა და ოინებზე, რაც თვით ცხოვრებაა: ნახშირით მიიხატავ ულვაშებს სანდომიან სახეზე და უკვე ვეღარ გცნობენ, სამხარი მდელოზე, ნაკადულთან უფრო გემრიელია, ანდა დიდი პაპა, ლეონარი, მისი ფეხმოქცეული და მოუღლელი ფაშატი, გალეშილი რომ მოჰყავს ბაზრობიდან, და ღმერთო ჩემო, რა სასაცილოდ ტორტმანებს თხის ბეწვის ქურთუკში გახვეული, და რა ვიცი, კიდევ რა. მშობიარობის დრო მოახლოებულიყო და კარდში, დაძველებულ ზღურბლზე გამოვიდა ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი ქალი, გზა მოკლედ მოჭრა, ტყის გავლით მივიდა შატენში, სადაც ანტუანის დისწულის გაფურჩქვნის ასაკში მყოფმა, მოღიმარმა ქალიშვილმა სარდინების კონსერვი გაუხსნა, მერე სენ-გუსო და არენის დაჩრდილული ციცაბო ფერდობი ჩაიარა, ჯიბეში ედო რელიქვია – პელუშეების ოჯახის ანდერძით დატოვებული მიუკარებელი ქონება, მათი უძლურების ტვირთი, მათი მეანის თილისმა; და რაკი შემოდგომა იდგა, ელიზა ფეხით თელავდა მანანის ახალ ძირებს, მედიდურ ფუტკარებს (ფუტკარა, შხამიანი ბალახი – მთარგმნ. შენ.), იისფერსა და ეპისკოპოსის კვერთხისებრს, და რაკი მხიარული იყო და ილუზიები არ ჰქონდა, ნაზად იღიმებოდა. ბავშვი ელიზას, თილისმისა და ბებერი საფრანგეთის სოფლის ექიმის თანდასწრებით დაიბადა, მარსაკის სკოლაში. გოგონას მადლენი დაარქვეს.
Mდიდი, მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა – უეჭველად კლარა მიშონს დაემსგავსა, ქალიშვილობაში ჟუმოს, და ამბობდნენ, როგორც ყოველთვის ამბობენ, ლამაზი იყოო. მარსაკში წაიყვანეს პატარა ბაღში, სადაც სხვადასხვაგვარ სურნელებებში გამოირჩეოდა ვაშლის არომატი, გამვლელი ლოკომოტივი ეხმიანებოდა, იგი ხელებს შორეთისკენ იწვდიდა და არ იცოდა, როგორ მოეწყვიტა უახლოესი; კარდში წაიყვანეს, წაბლოვანის მუქ ბურუსში გაეხვია, წამით ძველთაძველ ზღურბლზე დააწვინეს და გლიცინიების ნათელ ცასთან შერეული რაღაც ადგილობრივი შელოცვა წაიდუდუნეს მის თავს ზემოთ, მისდა გასაკვირად, ანგელოზურ ენაზე, რომელსაც შორიდან ირეკლავდა სეზანისეული ჩრდილები, შუქიანი, ძახილებით სავსე, მეჩხერი ტყე ნაშუადღევის 5 საათზე; პრიმიტიულად წოდებულმა სცენებმა ვერ მოასწრეს ამ საოცარი ჰარმონიის შებღალვა. იქნებ ერთხელ მურიუშიც გაიარა, მაგრამ ავტობუსში ჩაძინებულმა, ანდა პაწაწინა ლოყა დედის ლოყაზე მიედო და იცინოდა, და არ დაუნახავს გადაღრეცილი სამრეკლო, მოოქრული გერბები და მარადიული ცაცხვები, მოუნანიებელი და სწორედ აქ მიწას მიბარებული ბავშვობა მეტოქისა, რომელსაც ვერასდროს გაიცნობს – საკუთარი ძმისა. ფელიქსს მეტისმეტად დიდი და ტლანქი ხელები ჰქონდა, გოგონა ფრთხებოდა და სახეზე მოსიყვარულე სუნთქვის კვალი რჩებოდა; ეჟენი უბერავდა ასე და მასაც დიდი ხელები ჰქონდა; ხელში აყვანისას ემე ერთი თვალით იცინოდა, მეორე კი მუქი, უმეტყველო და მკაცრი, ფირუზისფერი იყო: მან ალბათ მოასწრო შეემჩნია, რომ მამრები უღონონი არიან, მუშტშეკრულნი, მაგრამ შიგ მხოლოდ შორეულს იქცევდნენ, ბავშვის სახვევებს კი არა, სახელს, და რომ მათ აღიზიანებთ სხეული, მოსხმარტალე სხეული, რომელსაც მაინც აკვირდებიან და ცდილობენ, გულწრფელად უყვარდეთ, მუდამ შებოჭილნი ესწრაფვიან, შეათანხმონ ხილული თავიანთ ოცნებებთან და ამ შესაბამისობით დათვრნენ, მაგრამ მერე გარდაუვალად ფხიზლდებიან, ბაია ტირის და დედას მოთმინება ეკარგება, ისინი გამოდიან და ნაზად გაიხურავენ კარს, გახუნებულ ზღურბლზე გამოფხიზლებულები ცოტას წაიტრაბახებენ დინჯად, ოლიმპიური სიმშვიდით და დაბნეულნი შეაცქერდებიან თავიანთ ზეცასა და ტყეს, კიდევ ერთხელ მოგვაჩვენებენ თავს ანგელოზებად და დასალევად მიდიან. როდესაც ბრუნდებიან, ბავშვს სძინავს.
გოგონამ არ იცოდა თავისი სახელი და უკმარობის მონსტრი, რაც არის სახელი, და მისი სახე ჯერ არ გარიდებოდა სამყაროს, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ გარდერობია, სადაც სახეებს ვირგებთ; უეცრად რაღაც ეტკინა და ვერ გამოხატა: თვით ეს ტკივილი არ ეჩვენებოდა უნივერსალური ჰარმონიისგან განსხვავებულად, რომლის ერთ-ერთი ფერმატა (მუს. პაუზა – მთარგმნ. შენ.) თვითონაც იყო, როგორც ლაჟვარდოვანი ზეცა, დედა, რომელიც კუნაპეტ ღამეში მოდის, ოღონდ უფრო მთრთოლვარე, უფრო გაფაციცებული და ახლომყოფი აუტანელ წყაროსთან, ჩვილი ბავშვის ციებ-ცხელებაში, რომლის უსიტყვო და ცხარე ცრემლიანი ბოდვა ჩვენთვის სამუდამოდ გაუგებარია, ისევე უარყოფილი და, შესაძლოა, სასწაულებრივიც, როგორც ანგელოზთა დასი მამაღმერთის ტახტის გარშემო. ივნისის თაკარა მზე აცხუნებდა; “ტორპედო” (ღია ავტომობილი – მთარგმნ. შენ.) მოგრიალდა ბენევენიდან და იქიდან ექიმი ჟან დეზე გადმოვიდა, ორფეროვან ფეხსაცმელსა და ღია ფერის კოსტიუმში გამოწყობილი, მღვდელივით გამოუსადეგარი და მშვენიერი; როგორც მამობრივმა და ძველმა საფრანგეთმა, მან აკვნისკენ გადმოხარა თავისი პეპელა-ყელსახვევი, გასინჯა ეს მოუსვენარი სხეული და პირდაპირ დაუსვა კითხვები, მას მხოლოდ ოდინდელმა, ამოუხსნელმა, გულგრილმა მტერმა უპასუხა, რომლის ხმაც მისი სმენისთვის მიუწვდომელი იყო; ისე, ზრდილობის გულისთვის გამოუწერა წამალი; დედაჩემის მჭმუნვარე გულში, მბზინვარე “ტორპედომ” ნახევარწრე შემოხაზა ეზოში და წინ გაიჭრა. ხანგრძლივი პაუზა დაირღვა, შესაძლოა ვინმემ დაასლოკინა ან უსიცოცხლო თვალები აფრინდნენ, აღტაცებით ან გაუგებარი, დაუფიქრებელი შიშით სხეული მოგვშორდა ზაფხულში, რაღაც უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ზაფხულს: მადლენი გარდაიცვალა 1942 წლის 24 ივნისის დილას, იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე, მარსაკში, პაპანაქება სიცხეში, როდესაც გამჭვირვალე ჰაერი ტირანივით მეფობს მამლების ყელში, მბრწყინავ ცრემლებად იფანტება, წვერს შროშანის ოქროსფერ გულში ჰყოფს და იქიდან სამჯერ ამოშხეფდება წმინდა მზისკენ.
ისევ მოვიდნენ მოხუცები კარდიდან, და მაზირადან – სხვა მოხუცები, პირველნი ორთვალათი და მეორენი “როზალითი” (პატარა, ღია, ველოსიპედის მსგავსი პედლებიანი მანქანა – მთარგმნ. შენ.); და ალბათ, უნებურად ეკითხებოდნენ ერთმანეთს, რომელი შავი სისხლი აჯანყდა, რომელმა სამართლიანმა შურისძიებამ აქცია ეს პაწაწინა სხეული ერთ ლუკმად, გლეხი ატრევსის რომელი ქალიშვილი შეჭამეს. და ვილმომის ციცაბო მხარეს, ფელიქსი, აღვირით ხელში თავის შავ შლაპასთან ერთად, ცხენს რომ ლანძღავდა, ფიქრობდა, რომ სწორედ აქ ინანიებდნენ გეიოდონები, და მისი ფუქსავატობა, ძველი კავალერიის ჯარისკაცის ენამჭევრობა, ქურანის, ტყავის აღჭურვილობის, ვარდების, უცნაური აგრონომიის სიყვარული უკვე ანადგურებდა კარდს; მოხუცი მურიკოების სიცოცხლე გრძელდებოდა ელიზაში, წინაპარი ლეონარი წელგამართული დგებოდა ფოთლების ჩრდილში, უამრავი ოქროსფერი ბუზი გარს ეხვეოდა და შურისძიების წყურვილით ბუტბუტებდა; გულქვა დამფუძნებელი, რომელმაც კაპიკ-კაპიკ შეგროვილი ფულით შეიძინა კარდი, კაცი, რომელიც პორტფელში ინახავდა თავის ერთადერთ პორტრეტს, მასზე იგუანასავით მოთმინებით იჯდა, ულვაშა, პოლ-ალექსისი, ვაჟიშვილი და მარი კანსიანი, მეუღლე, აქეთ-იქიდან ედგნენ, სადიდებლად ერთადერთი ტირანისა, რომელიც პოზირებდა, მოღიმარნი, არასანდო და მერყევნი, ლეონარს ოქრო და თავისი ფაშატი უყვარდა, ადამიანები კი სძულდა; და სხვა ჩრდილები უეცრად შუქში აგდებდნენ ბედოვლათ შვილებს და დახეთ, მდუმარე დუფურნო და მამის მკვლელი პელუშე, იოანე ნათლისმცემელივით აჩეჩილი, და მწვანე ერინიები (ერინიები, (ბერძნ.) მართლმსაჯულების და შურისძიების სულები – მთარგმნ. შენ.) მდელოდან უბერავდნენ მათ იმქვეყნიურ თმას. იქ, ჩემთვის უკვე ნაცნობი, დანჯღრეული, დახეთქილი ავტომანქანის მეორე ბოლოში, შამბონისკენ, კარიბჭის გავლით, რომლის ჯუჯა კედლის საყრდენი მოკრძალებით უჭირავთ აპოკალიფსის მოხუცებს, კლარამ იცოდა, რომ ბებერი ჟუმო, კომენტრის მეტალურგიული ქარხნის უკარება პატრონი, ვინც ხალხი აშიმშილა და მაინც გაკოტრდა, იდუმალი და მეტალურგიული ქარხნის მოხუცი, რომელმაც ვაჟიშვილს უკვე ამოაცალა ცალი თვალი, გარდაცვალების მერე ვალად იღებდა ამ პაწია გვამს, რათა კიდევ უფრო ჩაებნელებინა ჯოჯოხეთი, სადაც უკვე მეოთხედი საუკუნე იყო, მოთქვამდა და ღრიალებდა; და ეჟენი ტიროდა და ყველაზე მეტად უკვირდა, არ ვიცი, რაზე ფიქრობდა: იმ გაუბედავ მცხოვრებლებზე, ვის გვარსაც ვატარებ, თუმცა მათ შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ისინი ღატაკნი და მოუცლელნი იყვნენ, მთვარეული ქალები ალაგებდნენ სახლს, უგერგილო კაცები კი თავს აფარებდნენ ყბედობასა და ბისტროებს – სამუდამოდ. ჰოდა ეჟენი, მთვრალი და თვინიერი, ფანჯრიდან უცქერდა, როგორ ყვითლდებოდა ხორბალი, იხსენებდა, და ისიც უერთდებოდა თავის საკმაოდ მდიდარ ოჯახს, რათა გამოეწვიათ ბალახის სიკვდილი. ამგვარად ადამის ეს მოხუცი შვილები ჩამოვიდნენ მარსაკში, და შესაძლოა, იმავდროულად მწუხარენი, ბარბაცით გადაეხვივნენ ერთმანეთს, უხეში ხავერდი უხეშ ხავერდს, ფელიქსის პატარა ცრემლმორეული ცისფერი თვალი კლარას მწველი ლურჯი და ცრემლგამშრალი თვალის პირისპირ, დიდ ლანჩებქვეშ ეზოს ცხელი ხრეში აახრაშუნეს, აი, შემოვიდნენ, ქალი დუმს ყოველი მათგანისთვის ცნობილ საიდუმლოსა და ტლანქად გამოხატულ მწუხარებაზე – უსუსური მისნები გარდაცვლილი ბავშვის გარშემო. ზაფხული იცინის ცაცხვებში, ჩრდილი იხრება დახურულ კარზე, ყველაფერი წყნარად იცვლება.
მერე, რაკი შროშანების სეზონია, სკოლის ბავშვები შროშანების გვირგვინებს წნავენ და მარსაკის ეკლესიაში დგება მხუთავი სურნელი, ზაფხულივით არანორმალური და საამო, სასულიერო, ძველთაძველი ობმოდებული კედლების სუნთან შეზავებული; ამ unda maris-ზე (ორგანის რეგისტრი, სიტყვასიტყვით “ზღვის ტალღა” – მთარგმნ. შენ.) მოლივლივე პაწია კუბო, ნორჩი გლეხის ქალი ცალთვალა შეფთან მკლავგაყრილი, ძალაგამოლეული; ელიზა სულმთლად მოკაკვული; კიურეს საუბარი, ბოსტნეულის ბოლქვების მჭამელთა აუდიტორია, ყველაფერი უკვე ნათქვამია; და ორთვალაში ისევ შროშანით შემკობილი აჩრდილი, რომელიც ჯაყჯაყით მიგორავს მიკარგული გზებით თავის მსგავსთა მოსაძებნად, ზაფხული უღიმის მას, ოქროსფერი ბუზების გუნდები ხმას ათხოვებენ, და ფოთლების ჩერო არენისკენ, სენ-კრუზოსკენ მიიწევს, ჯერ ისევ დგას ტყრუშული ღობე შემქმნელთა, მავნებელთა, იმათი, ვინც ხორცი შეისხა და იღვაწა, ლეონარი წყნარად ზის ლავოს მუხის ქვეშ, რაღაცას ითვლის და თვალებს არ სწევს, პელუშები გაქვავებულან და თავიანთი ცოცხალი ქვებიდან შატენის ჯვრად ქცეულან, დანარჩენები შექუჩებულან და გაფითრებულან კარდის შროშანებივით, იქ, ფაქიზი სახლის წინ რომ ვხედავთ, საითაც გზას მივყავართ.
თუ რამენაირად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სახელს დავწერ, ლეონარი გადაირბენს ღამეულ გზებზე, ქისის ჩხარუნით თხის ტყავის ქურქში, ლავოს მუხასა და პლანშას დაბლობამდე; თუკი ის ურთიერთობას დაამყარებს “უდრტვინველ მშვენიერ არსებებებთან”, რომლებიც ანცობენ დანგრეულ კარდში, რომლებმაც ყველაფერი იციან და ყველაფრით ხარობენ ისე, რომ სიმღერის ხასიათზე დგებიან; თუკი იგი მათ თავაზიანად გადაუყრის ოცფრანკიანებს, რომლებიც ზღურბლზე წკრიალით გაგორდება, როგორც ამ წამს ვუგდებ ამ სტრიქონებს; თუკი ის ჩემში გადარჩება, როგორც ზღაპრები ნათესაობაზე გვარწმუნებენ, მან იცის, რა მოხდება მერე: შროშანების უხვი ყვავილობიდან სამი წლის შემდეგ, ანდრეამ და ემემ მე მშვეს; ორი წლის მერე მეკობრესავით ცალთვალა შეფმა მოკურცხლა, და ამიერიდან არყოფნაში, იმათზე უფრო შორეული, ვის მარცხსაც “შატლუში” ვამოწმებთ, ციური, საოცრად მამობრივი, იგი ერთპიროვნულად მეფობდა, ჩემს უაზრო ცხოვრებას მკაფიოდ თან სდევდა, აწოწილი, ხისფეხა ჯონ სილვერივით სცემდა ბოლთას ყალბი გემის გემბანზე “განძის კუნძულში”; 1948 წელს კარდის კარი მოიხურა დაბნეული ფელიქსის ზურგსუკან, ძველ ხომალდს ლპობა შეეპარა, მასში შარიშურმა დაივანა; ელიზა და ფელიქსი დაახლოებით 1970 წელს გარდაიცვალნენ: შატლუს სასაფლაო შევსებულია, დახავსებული საფლავის ქვა მხოლოდ უკანასკნელი სამსჯავროს დღეს გაიღება, და მსურს მჯეროდეს, რომ იქიდან გამოვა ახალგაზრდა და უკუზო ელიზა, ხელში ახალშობილი გოგონათი; შესაძლოა იმავე დროს სენ-კრუსოში, მე, გაახალგაზრდავებული, პალადების, პელუშების და სხვა უცნობ აჩრდილთა შორის, შევიტყობ, სიცოცხლეში როგორ უნდა მეწერა, რათა ამაო სიტყვაკაზმულობაში ცოტაოდენი ჭეშმარიტებაც გამომზეურებულიყო. იქამდე კი თითქმის განვიცადე უსიტყვოდ გარდაცვლილი ბავშვის განცდები: მაგრამ მე არ ვურთიერთობ ანგელოზებთან.
თუმცა, ის დავინახე ერთხელ, პალისოში, 1963 წლის ივლისში. ინგლისში გამგზავრებას ვაპირებდი, სადაც ერთი მეგობარი, უამრავი საოცნებო გოგო და უფრო საამო მომავალი მელოდებოდა, ვიდრე აქ. მე მიმიწვიეს მხიარული, მედგარი, შორეული ბიძაშვილების პატარა სახლში, ისინი საუზმობდნენ ბალახზე, გზატკეცილებს და ორლის ახლომდებარე აეროპორტის გამაყრუებელ ფრენებს შორის; ვიმედოვნებდი; მსურდა ყველაფერი შემეცნო. ნაშუადღევს, პატარა ბაღში, მარტოდმარტო, გაბრუებული ვიყავი სიხარულის მომგვრელი მოვლენებით: ეს-ესაა დაწყებული ახალგაზრდობითა და ჯერ კიდევ განუზომელი, ჩემთვის ახალი გამოცოცხლებით ღვინისა და ქალების გამო, ზაფხულის ცა გახსნილიყო ჩემი სურვილისთვის და თითქოს მას წვავდა, და ჩემი სურვილის ობიექტები იყვნენ – ნაღდად ასეთივე ნამდვილნი, სურნელოვანნი, უშურველნი და თან წყენიები გარეუბნის ყვავილებივით, ხელით რომ ვგლეჯდი; ცარგვალი, რომელსაც კალთაზე მინდოდა მივწდომოდი, ამეღო და ჩემკენ ჩამომექაჩა, თავისი ქორფა ყვავილებით და შენობათა მირაჟებით, ცვალებადი სილურჯით, თვითმფრინავებით იქ, ზემოთ და ღრუბლის ქულები, რომლებსაც ისინი იტოვებენ უკან, რათა საღამოს თვალებში ცოცხლად ამითამაშდნენ, ცა მასის მხრიდან ივეტამდე, სადაც მუქდება, ვისურვებდი პერგამენტივით დამეგრაგნა, როგორც თვით განკითხვის ბიბლიოფილი ანგელოზი გრაგნის, როდესაც ყველაფერი დაწერილია, როდესაც სამყაროს შესაქმე იხურება, ყოველი მათი ქმედება უკვე განკითხულია: მაინც აღფრთოვანდე ყველაფრით და ყველაფერი დაწერო – ასე მინდოდა, და ამას შევძლებდი. მერცხლები მიფრინავდნენ. გაბრუებული ვტრიალებდი, თვალები შემიჩერდა: მეზობელი ბაღიდან, ძალიან ახლოს, ხელის გაწვდენაზე, პირდაპირ, ყურადღებით და მტკიცედ, მაგრამ ნიავს მინდობილი, ლევკოიონებს და სურნელოვან ბარდას შორის შეჩერებული ჩრდილის კიდეზე, თუმცა შატლუდან ძალიან შორს – ის მაკვირდებოდა. ნამდვილად ის იყო, “პატარა გარდაცვლილი გოგონა, ვარდის ბუჩქებს უკან”. იქ იყო, ჩემ თვალწინ. ბუნებრივად ეჭირა თავი, მზეს ეფიცხებოდა. ათი მიწიერი წლის იყო, გაზრდილიყო, მართალია, ჩემზე ნელა, მაგრამ გარდაცვლილებს აქვთ შეყოვნების დრო, თავიანთი აღსასრულის არცერთი თავაშვებული სურვილი აღარ ექაჩებათ უკან. დაჟინებით მივაჩერდი, და მისმა მზერამ წამით ამიტაცა; მერე ზურგი მომაქცია და მოკლე კაბა აცეკვდა შუქზე, დინჯად, გამოზომილი ნაბიჯებით გაემართა ვერანდიანი პავილიონისკენ; პატარა ფეხებს ხეივნის ქვიშაზე დინჯად ადგამდა, ისე ქრებოდა, რომ არც მესმოდა ესპადრილების დაბიჯების ხმა აფრენილი თვითმფრინავის გამაყრუებელ გრიალში, მის ქვეშ ჰაერის ყველა ტიხარი ირწეოდა, ზაფხული მის ვერცხლისფერ გვერდებს ეხვეოდა, უხილავ და ციური მანქანებით გატაცებულ ვაჟებს მაღლა აჰყავდათ უკანმოუხედავად, ძალიან ზემოთ მდებარე და ბუნდოვანი სამოთხისკენ, მაღალსართულიანი შენობების უკან. ამ გრუხუნში გოგონამ კარი მიიხურა. ალმურავარდნილი ვარდის ბუჩქები არ შერხეულან. M
მე მანჩესტერისკენ გავფრინდი; მნიშვნელოვანი არაფერი წამიღია; ჩემი პირველი ბლოკნოტი მეჭირა, და პირველად ეს მოვლენა ჩავიწერე. საფრთხილო ასაკი სავსეა ბაქიაობით, მაგრამ ეს არ არის მონაჭორი: ჩემი დაიკო, დიახ, ეს ბავშვი სწორედ ასეთი მომელანდა იმ წამს, როდესაც დავინახე; ვიცანი იგი და დავუძახე იმავე მშვიდი რწმენით, როგორითაც დავანამდვილე ლევკოიონები მის ფეხებთან და შუქი მის გარშემო; და ვერ ვიტყოდი, რომელი ცდომილებით, თვალწინ დამიდგა კიდევ ერთი მტკიცებულება, გარეუბნის მუშათა გოგონამ ზაფხულის კაბაში სხეული ათხოვა ყველანაირი გაუჩინარების პარადიგმას, ზოგჯერ მათ უეცარ გამოჩენას ჰაერში, რომელსაც ასქელებენ, იმათ გულებში, ვისაც გულს სტკენენ, წიგნის გვერდზე, რომელზეც ჯიუტები და მუდამ მოტყუებულნი, გოგონები ფრთებს აფართქუნებენ და კარებზე აკაკუნებენ, მათ სურთ შემოსვლა, არსებობა და სიცილი, ისინი სუნთქვას იკრავენ და თრთოლით უგდებენ ყურს ყოველ ფრაზას, რომლის ბოლოშიც, შესაძლოა, მათი სხეულია, მაგრამ იქაც კი მეტისმეტად მსუბუქია მათი ფრთები, მოუხეშავი ზედსართავი სახელი ეხამუშებათ, უვარგისი რიტმი ღალატივით ხვდებათ გულზე, მიწას დანარცხებულნი უსასრულოდ ეცემიან და არსად არიან, თითქმის მუდმივად მოსვლა კლავს მათ, წუხან და გადაიხვეწებიან, და ხელახლა უმცირესად, არარად იქცევიან.
დაე, მართებულმა სტილმა შეანელოს მათი დაცემა, და ამის გამო ჩემიც, შესაძლოა, უფრო შენელდეს; დაე, ჩემმა ხელმა ისინი გაუშვას, რათა ჰაერში შეერწყან მსწრაფლწარმავალ ფორმას, გამოწვეულს მხოლოდ ჩემი დაძაბულობით; რათა ჩემი დანარცხების გადატანის მერე, უფრო მაღლა და ნათლად ვცხოვრობდეთ, ისინი, ვისაც ოდნავ თუ გვიარსებია და ასე მცირედად ვქცეულვართ. და იქნებ ისინიც გამოჩნდნენ, ჩვენდა გასაოცრად. არაფერი მიტაცებს ისე, როგორც სასწაული.
ნუთუ მართლა მოხდა? მართალია: ეს მიდრეკილება არქაიზმისკენ, ეს სენტიმენტალური გადახვევები, როდესაც სტილი ვერ გამოხატავს მოძველებულ წადილს კეთილხმოვანებისა, ასე არ მეტყველებენ გარდაცვლილნი, როდესაც მათ ფრთები აქვთ, როდესაც ისინი წმინდა სიტყვას უბრუნდებიან ნათელში. გული მისკდება – იქ უფრო მეტად არ დანაღვლიანდნენ. დემონი, როგორც ვიცით, ჰაერის ძალებსაც განაგებს; ანგელოზობანას თამაშობს. ეს კარგია; ოდესმე სხვაგვარად ვცდი. თუ მათ გავედევნები, უარს ვიტყვი ამ მკვდარ ენაზე, რომელშიც, შესაძლოა, საკუთარ თავს ვერ ცნობენ.
თუმცა მათი ძებნისას, მათ დიალოგში, რომელიც სიჩუმე არ არის, სიამოვნება მივიღე, და იქნებ ეს მათი სიხარულიც იყო; კინაღამ მათი შეწყვეტილი განსხეულებისას დავიბადე და მათთან ერთად მოვკვდი; ნეტავ შემეძლოს, დავწერო ამ თავბრუდამხვევი მომენტის სიმაღლეზე, ამ შფოთვაზე, ლხენასა თუ გაურკვეველ შიშზე, დავწერო, როგორ კვდება ბავშვი უსიტყვოდ, განზავდება ზაფხულში: უდიდეს, გამოუთქმელ მღელვარებაში. ვერცერთი ძალა ვერ გადაწყვეტს, რომ ვერაფერს მივაღწიე. ვერცერთი ძალა ვერ გადაწყვეტს, რომ ჩემი მღელვარება არ გაბრწყინებულა მათ გულში. როდესაც უკანასკნელი დილის სიცილი მთვრალ ბენდის ანცვიფრებს, როდესაც ყალბი ირმები ერთბაშად გაიტაცებენ, მე ნამდვილად იქ ვიყავი, და იქნებ სამაგიეროდ მომეჩვენოს იგი მუდმივად, ეს ფურცლები იქნებ სამუდამოდ დაიმალონ, პურში, რომელსაც აქვე აკურთხებენ, მტკიცე მოძრაობაში, რომლითაც Aანაფორის კალთას აიწევს მოტოციკლეტზე შეჯდომამდე, უნუგეშო, მაგრამ მოღიმარი, ტკაცატკუცით მიქრის თაკარა მზეზე, ქარით თმააწეწილი, და გაიხსენებს? მგონი, თოვლით დათოვლილი ნაზი ცაცხვები გადაიხარნენ უტყვი მოხუცი ფუკოს უკანასკნელი მზერით, ასე მწამს და, შესაძლოა, მასაც ასე სურდეს. დაე, მარსაკში მუდამ იბადებოდნენ გოგონები. დაე, დუფურნოს სიკვდილი არც ისე საბოლოო იყოს, რადგან ელიზას ახსოვს ან გამოიგონა; თუნდაც ელიზას გარდაცვალება შეამსუბუქოს ამ სტრიქონებმა. დაე, ჩემს გამოგონილ ზაფხულებში მათი ზამთარი შეყოვნდეს. დაე, ფრთოსანთა კონკლავში, კარდში რომ ტარდება ხოლმე იმ ყველაფრის ნანგრევებზე, რაც მართლა შეიძლება ყოფილიყო – მათ იარსებონ. დაე.
© “არილი”