“კორიერე დელა სერა”, 1974 წლის 14 ნოემბერი
მე ვიცი მათი სახელები, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფო გადატრიალებაზე (თუმცა, სინამდვილეში ეს “სახელმწიფო გადატრიალებათა” მთელი სერიაა, რომელიც ხელისუფლების დაცვის ერთგვარ სისტემადაც კი ჩამოყალიბდა).
მე ვიცი, ვისი ნახელავია 1969 წლის 12 დეკემბრის აფეთქება მილანში.
მე ვიცი 1974 წლის დასაწყისში ბრეშასა და ბოლონიაში მომხდარი ტერაქტების ავტორთა სახელები.
მე ვიცი მათი სახელები, ვინც ამ ყველაფერს მართავდა. ყველას სახელი ვიცი: ძველი ფაშისტების, სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელების, პირველი ტერაქტების მომწყობი ნეო-ფაშისტებისაც და ბოლოდროინდელი აფეთქებების ფიზიკური შემსრულებლებისაც.
მე ვიცი მათი სახელები, ვინც დაძაბულობის ორ განსხვავებულ, უფრო სწორად, ურთიერთდაპირისპირებულ ფაზას მართავდა: ანტიკომუნისტურს (მილანი, 1969) და ანტიფაშისტურს (ბრეშა და ბოლონია, 1974).
მე ვიცი მათი სახელები, ვისაც ძალაუფლების სადავეები უჭირავს, ვინც, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელშეწყობით (შემდეგ კი მაფიოზი ბერძენი პოლკოვნიკების დახმარებით) ჯერ ანტიკომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო (რომელშიც სამარცხვინოდ დამარცხდა) 1968 წლის ტალღის შესაკავებლად, შემდეგ კი, კვლავ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შთაგონებითა და შემწეობით, ანტიფაშისტური უმანკოება აღიდგინა, რომ როგორმე დაეხშო რეფერენდუმზე (იგულისხმება 1974 წლის 12 მაისის ცნობილი რეფერენდუმი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისა და მემარჯვენე ძალების ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ ჩატარდა 1970 წელს მიღებული “განქორწინების კანონის” გაუქმების მიზნით. რეფერენდუმი ჩავარდა: იტალიის მოსახლეობამ უარი კანონის გაუქმებაზე. – მთარგმ. შენ.) მომხდარი კატასტროფა.
მე ვიცი მათი სახელები, ვინც, წირვასა და წირვას შორის სახელდახელოდ გამომცხვარი განკარგულებებით პრაქტიკულად უზრუნველყოფდა ძველი გენერლების პოლიტიკურ უსაფრთხოებას (ისე, ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგოდ, პოტენციური სახელმწიფო გადატრიალების საყრდენი ბირთვის შესანარჩუნებლად); ვინც ხელს აფარებდა ახალგაზრდა ნეოფაშისტებს, უფრო სწორად, ნეონაცისტებს (ანტიკომუნისტური დაძაბულობის შესაქმნელად კონკრეტულ მომენტში) და ბოლოს, ვინც მფარველობდა ჩვეულებრივ, უსახელო კრიმინალებს, ვინც დღესაც იცავს მათ და ალბათ მუდამ დაიცავს (ანტიფაშისტური დაძაბულობის შესაქმნელად მომავალში). მე ვიცი მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, რომლებიც ისეთ უსუსურ, კომიკურ ტიპებს ეფარებიან, როგორიც სატყეო პოლიციის გენერალი იყო, ოპერეტის პერსონაჟივით რომ ფაციფუცობდა ჩიტადუკალეში (მაშინ, როცა იტალიის ტყეებს ცეცხლი ეკიდა), ან ისეთ უსახურ, არაფრისმთქმელ, წმინდად ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე ტიპებს, როგორიცაა გენერალი მიჩელი.
მე ვიცი იმ მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, ტრაგიკული ახალგაზრდების ზურგს რომ ეფარებოდნენ, ნორჩ გოგო-ბიჭებს, რომლებმაც შემზარავი ფაშისტური თვითმკვლელობა არჩიეს სიცოცხლეს; ვიცი, ვინც იმალება ჩვეულებრივი კრიმინალების, სიცილიელებისა თუ სხვების, უკან, წვრილფეხა ავაზაკების, დაქირავებული მკვლელების უკან.
ყველას ვინაობა ვიცი, ვიცი მათი სახელები, ვიცი ფაქტები (თავდასხმებსა და ტერორისტულ აქტებზე), რომლებშიც მათ მიუძღვით ბრალი.
ვიცი. მაგრამ ვერ ვამტკიცებ. სამხილებიც კი არ მაქვს.
ვიცი, რადგან ინტელექტუალი ვარ, მწერალი, რომელიც ცდილობს, თვალი ადევნოს ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, იცოდეს ყველაფერი, რაზეც წერს, წარმოიდგინოს ის, რაც საზოგადოებისთვის უცნობია, რაზეც არავინ ლაპარაკობს; ინტელექტუალი, რომელიც ცდილობს, ძველი მოვლენები დაუკავშიროს ერთმანეთს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტებით შეაკოწიწოს ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკური სურათი; ლოგიკა შეიტანოს იქ, სადაც ბუნდოვანება, სიგიჟე, გაუგებრობა გამეფებულა.
ეს ყველაფერი ჩემი ხელობის, ჩემი პროფესიული ინსტინქტის ნაწილია. და არა მგონია, ვცდებოდე. არა მგონია, ჩემი მოსაზრებები “რომანის სიუჟეტი” იყოს და მეტი არაფერი, არა მგონია, შორს იყოს რეალობისგან. არ მგონია, ჩემი ეჭვები კონკრეტულ ფაქტებსა და ადამიანებზე უსაფუძვლო იყოს. მჯერა, რომ ბევრმა სხვა ინტელექტუალმა და მწერალმაც იცის ის, რაც მე ვიცი, როგორც ინტელექტუალმა და მწერალმა. არც ისეთი რთულია სიმართლის დადგენა იმაზე, რაც 1968 წლის შემდეგ მოხდა იტალიაში.
ეს სიმართლე მხოლოდ წარმოსახვასა და ფიქციაში როდი აისახება, ისეთში, როგორიც ჩემი პროფესიაა: ეს სიმართლე – და ეს აბსოლუტური სიზუსტით იგრძნობა – კონკრეტულ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ ქმედებებში ირეკლება. უკანასკნელი მაგალითი: ცხადია, რომ სიმართლე უნდა თქმულიყო კორიერე დელა სერას რედაქტორის სვეტში 1974 წლის 1 ნოემბერს. იქნებ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მაინც ჰქონდეთ მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არა – სამხილები მაინც.
პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს და სამხილებს ალბათ, ალბათ კი არა, უეჭველად, ფლობენ, დამნაშავეებს არ ასახელებენ.
მაშ, ვისი მოვალეობაა სახელების თქმა? ალბათ მისი, ვისაც გამბედაობაც ჰყოფნის და არც ხელისუფლებასთან ალიანსით გაუსვრია საკუთარი თავი, ვინც სუფთაა და თან დასაკარგიც არაფერი აქვს: ინტელექტუალს.
ინტელექტუალს თავისუფლად შეუძლია დამნაშავეთა დასახელება, მაგრამ მას არც მტკიცებულებები გააჩნია და არც სამხილები.
ხელისუფლებამ, მისმა მოკავშირეებმა და მათაც კი, ვინც უშუალოდ არ ზის ხელისუფლებაში, თავისუფალ ინტელექტუალს არანაირი საშუალება არ მისცეს, რომ მტკიცებულებები და სამხილები ჰქონოდა.
შეიძლება ვინმე შემედავოს, მითხრას, რომ როგორც ინტელექტუალსა და მწერალს, მეც შემეძლო, შემეღწია პოლიტიკის სამყაროში (ხელისუფლებაში, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში), გავრეულიყავი მასში და ასე მომეპოვებინა საკუთარი უფლება (ალბათ ამის დიდი შანსიც მექნებოდა), მეც მქონოდა მტკიცებულებები და სამხილები.
ვუპასუხებდი, რომ ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან სწორედ ეს – რომ პოლიტიკის სამყაროში გარევაა ჩემთვის მიუღებელი – მაძლევს პოტენციურ ინტელექტუალურ გამბედაობას, სიმართლე ვთქვა, ანუ დამნაშავეები დავასახელო.
ინტელექტუალური გამბედაობა და პოლიტიკური საქმიანობა იტალიაში ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებებია.
ჩვენში ინტელექტუალს – რომელიც სულით ხორცამდე სძულს მთელ იტალიურ ბურჟუაზიას – ძალად აწებებენ ვითომ ამაღლებულ და კეთილშობილ, სინამდვილეში კი დამამცირებელ მოვალეობას: ილაპარაკოს მხოლოდ მორალურ და იდეოლოგიურ პრობლემებზე.
და თუ ის ამ ფუნქციას გაემიჯნება, საკუთარი მოვალეობის ღალატს აბრალებენ: მაშინვე აყვირდებიან (თითქოს სწორედ ამას ელოდნენ) “მრწამსის ღალატზე”. პოლიტიკოსებსა და ხელისუფალთ ხომ მეტიც არ უნდათ.
მაგრამ არსებობს არა მხოლოდ ხელისუფლება: არსებობს ხელისუფლების ოპოზიციაც. იტალიაში ეს ოპოზიცია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერია, რომ თავადაც სერიოზულ ძალას წარმოადგენს: ცხადია, იტალიის კომუნისტურ პარტიას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციაში ასეთი მასშტაბის პარტიის არსებობა იტალიისა და მისი უსუსური დემოკრატიული ინსტიტუტების ხსნაა.
იტალიის კომუნისტური პარტია სუფთა ადგილია ბინძურ სამყაროში, პატიოსანი – უნამუსოში, გონიერი – რეგვენებში, განათლებული – უბირთა შორის, ჰუმანისტური სივრცე კონსუმერიზმის მორევში. ამ ბოლო წლებში იტალიის კომუნისტურ პარტიას (ვგულისხმობ “მმართველების, უბრალო წევრებისა და ამომრჩევლების კომპაქტურ ერთიანობას”) და დანარჩენ იტალიას შორის ერთგვარი ორმხრივი ურთიერთობა დამყარდა. იტალიური კომუნისტური პარტია მართლა იზოლირებულ ქვეყნად, კუნძულად იქცა და სწორედ ამიტომ მას დღეს (ისე, როგორც არასდროს აქამდე) შეუძლია, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რეალურ ხელისუფლებასთან: კორუმპირებულთან, გახრწნილთან, დეგრადირებულთან. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას უფრო ჰგავს. სინამდვილეში ეს ორი მორალი სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, ზოგადადაც და კონკრეტულ გამოვლინებებშიც. სწორედ ამ საძირკველზე შეიძლება იმ რეალური “კომპრომისის” წარმოდგენა, რომელიც ალბათ სრული გახრწნისაგან იხსნიდა იტალიას: “კომპრომისი”, რომელიც სინამდვილეში ორი მოსაზღვრე ქვეყნის “მოკავშირეობა” იქნებოდა; უფრო სწორად, ორი ქვეყნისა, რომელთაგან ერთი მეორეში მდებარეობს.
მაგრამ რაც კომუნისტურ პარტიაზე დადებითი ვთქვი, სწორედ ისაა მისი უარყოფითი მხარეც. ქვეყნის ორ ქვეყნად გახლეჩა, რომელთაგან ერთი კისრამდე ჩაფლულია ხრწნასა და დეგრადაციაში, მეორე კი სუფთაა და არაკომპრომეტირებული, მშვიდობისა და კონსტრუქციულობის საწინდარი ვერ იქნება. გარდა ამისა, ისეთ სივრცეში, როგორიც მე აღვწერე (ვფიქრობ, ობიექტურად), ქვეყანა ქვეყანაში, ოპოზიციაც ძალაუფლებასთან იდენტიფიცირდება, სხვაგვართან, მაგრამ მაინც ძალაუფლებასთან. შესაბამისად, ამგვარი ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურებიც ისევე იქცევიან, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. სხვაგვარად შეუძლებელიცაა.
დღეს უკვე (და ეს უაღრესად დრამატულად ეხება თითოეულ ჩვენგანს) მათაც მიაკრეს ინტელექტუალს მათ მიერვე შეთითხნილი ფუნქცია და დანიშნულება. და თუ ინტელექტუალი ამ როლს – წმინდად მორალურსა და იდეოლოგიურს – არ შეასრულებს, აი ისიც (და ყველა რა ბედნიერია, როცა ამ სიტყვას ყვირის): მოღალატე!
რატომ ხდება, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურები, თუ მათ აქვთ – და ალბათ აქვთ – მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც, არ ასახელებენ ნამდვილ დამნაშავეებს, ანუ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო გადატრიალებისა და ბოლო წლების შემზარავი ტერაქტების მომწყობებს? პასუხი მარტივია: ისინი იმიტომ არ ამბობენ სახელებს, რომ მიჯნავენ – ინტელექტუალისაგან განსხვავებით – პოლიტიკურ სიმართლეს პოლიტიკური ქმედებებისგან. და, მაშასადამე, ცხადია, ისინიც არასოდეს ჩაუგდებენ ხელთ მტკიცებულებებსა და სამხილებს ინტელექტუალს, რომელიც ხელისუფლების სამსახურში არ დგას: არც კი გაივლებენ ამას გონებაში, და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ კონკრეტულ ობიექტურ სიტუაციას გავითვალისწინებთ.
ინტელექტუალმა უნდა განაგრძოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება და საკუთარი, კოდიფიცირებული საშუალებებით იმოქმედოს.
კარგად ვიცი, ახლა იმის დრო არაა – ახლა, როცა იტალიის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული მომენტი დგას – საჯაროდ გამოვუცხადო უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს. არც დიპლომატიური იქნება და არც მართებული. დიახ, დიპლომატიურობა და მართებულობა: უძლური ინტელექტუალი იძულებულია, სწორედ პოლიტიკის ამ კატეგორიებს ემსახუროს და არა – პოლიტიკურ სიმართლეს.
და ვინაიდან დამნაშავეთა დასახელება არ შემიძლია, ვერ ვამბობ მათ სახელებს, ვისაც ბრალი მიუძღვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერორისტულ აქტებში (სწორედ ამიტომ და არა ამის სანაცვლოდ) არ შემიძლია, საჯაროდ გამოვუცხადო ჩემი უსუსური, მაგრამ სრული უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს, საჯაროდ დავდო მას ბრალი.
იმიტომ, რომ მე მწამს პოლიტიკის, მწამს დემოკრატიის ზოგადი პრინციპების, მწამს პარლამენტის, მწამს პარტიების. ცხადია, ჩემებურ, განსხვავებულ ჭრილში, რომელიც არსებითად კომუნისტურია.
მზად ვარ, უკან წავიღო საკუთარი ბრალდება (მეტსაც გეტყვით, ერთი სული მაქვს, როდის გავაკეთებ ამას), თუკი ერთი პოლიტიკოსი მაინც – არა იმიტომ, რომ “საჭიროა”, ანუ “ამის დრო დადგა”, არამედ იმიტომ, რომ გადაწყვეტს, თავად შექმნას ასეთი შანსი – ხმამაღლა წარმოთქვამს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერაქტებში დამნაშავეთა სახელებს, რომლებიც უეჭველად იცის, ისევე, როგორც მე; მაგრამ მას ხომ, ჩემგან განსხვავებით, შეუძლებელია, არ ჰქონდეს მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც.
შესაძლებელია – თუ ამერიკა დაუშვებს ამას და ერთ მშვენიერ დღეს “დიპლომატიურად” გადაწყვიტს, სხვა დემოკრატიებსაც მისცეს იმის უფლება, რისი უფლებაც ამერიკულმა დემოკრატიამ მისცა საკუთარ თავს ნიქსონთან დაკავშირებით – ადრე თუ გვიან მაინც ითქვას დამნაშავეთა სახელები. და მაშინ გამოჩნდება, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან იყოფდნენ ძალაუფლების ბერკეტებს: ნაკლებად დამნაშავეები მეტად დამნაშავეებთან (და ისინი არაფრით იქნებიან მათ მიერ დასახელებულ დამნაშავეებზე უკეთესები). აი, ეს კი საბოლოო, ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება იქნება.
იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ
© “არილი”
One Comment
Pingback: