სტატიაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის საქართველოს პენცენტრს
8-12 ივნისს სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ერევანში პირველი ქართულ-სომხური ლიტერატურული ფესტივალი „მწველი პოეტები“ გაიმართა.
ქართულ-სომხურ-ამერიკული პენცენტრების მიერ ორგანიზებული ლიტერატურული დღეების სახელწოდება ცნობილი სომეხი მხატვრის, გევორგ გრიგორიანის (იგივე ჯოტოს) ქართველი მეუღლის დიანა უკლებას ლექსითაა შთაგონებული, სადაც უკლება „მწველ პოეტად“ მეტაფორულად მზეს იხსენიებს.
ფესტივალზე ქართველ და სომეხ მწერლებს საშუალება მიეცათ ერთმანეთის შემოქმედებას სამ ენაზე: ქართულად, სომხურად და ინგლისურად, გასცნობოდნენ. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში არაერთი ქართული ლექსი თუ პროზაულ ნაწარმოებთა ამონარიდი სომხურ ენაზე პირველად ითარგმნა.
“სამენოვანი სომხურ-ქართულ-ინგლისური ლიტერატურული კრებულები ან არ არსებობს, ან თუ არსებობს – ძალიან ცოტაა (მაგალითად, ამ სამ ენაზე საინტერესო მხატვრული შინაარსის მქონე წიგნს რთულად იპოვით). ადრე ჩვენი დიალოგის ძირითადი ენა იყო რუსული და სომეხი და ქართველი მკითხველი ერთმანეთს რუსულად უკავშირდებოდა,“ – არმენ ოჰანიანი, სომხეთის PEN ცენტრის პრეზიდენტი.
ლიტერატურული დღეები 8 ივნისს Boon club-ში გამართული გახსნითი ღონისძიებით დაიწყო, სადაც ჯერ სიტყვით სომხეთისა და საქართველოს „პენ ცენტრების“ ხელმძღვანელები გამოვიდნენ, შემდეგ კი პანელ-დისკუსიები გაიმართა.
თავდაპირველად პროზაიკოსმა ნანა აბულაძემ და მისმა სომეხმა კოლეგამ არევიკ ასხაროიანმა 2018 წელს პროექტ “Writing in Armenia„-ს ფარგლებში ახალგაზრდა მწერლებისთვის შემოქმედებით წერით ბანაკში მიღებულ გამოცდილებასა და თავიანთ შემოქმედებაზე ისაუბრეს.
შემდეგ დრამატურგმა დათო გაბუნიამ წაიკითხა მოკლე მოხსენება ქართულ თანამედროვე ლიტერატურაზე, 90-იანი წლებიდან დღემდე, რომელსაც მოჰყვა დიკსურსია სომეხი მწერლის ვარჰამ მარტიროსიანის რომან „ბამბის კედლებზე“. ნაწარმოები ერთ-ერთი პირველი ან, შესაძლოა, ერთადერთი სტუდენტური რომანია სომხურ ლიტერატურაში. მისი ნაწილი უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე.
9 ივნისს ერევნის ჯერარდ კაფესჯიანის ცენტრში გაიმართა ლიტერატურული დღეების ცენტრალური, გალა ღონისძიება, სადაც ფესტივალში მონაწილე თითოეული პოეტის შემოქმედება აუდიტორიას ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე გააცნეს . სომხური პოეზიის ქართულ თარგმანს კითხულობდა პოეტი დიანა ანფიმიადი, რომელიც პროექტის ფარგლებში ასია დარბინიანთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა სომეხი კოლეგების შემოქმედების თარგმნის პროცესში.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, აღმოჩნდა, რომ ეს ინტერესი ორმხრივი იყო, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით, რაზე წერენ ჩვენი მეზობლები და მათთვისაც უცხონი ვარ, ურთიერთობის კარგი სტარტი იყო, რომელიც საინტერესო და სასარგებლო შედეგებს მოიტანს“, – დიანა ანფიმიადი.
10 ივლისი უკვე პროზაიკოსთა პანელ დისკუსიებს დაეთმო, რომლის ფარგლებში სომეხ მკითხველს შეხვდნენ ქართველი მწერლები: თამთა მელაშვილი, არჩილ ქიქოძე და ივა ფეზუაშვილი.
თამთა მელაშვილმა კოლეგა ლუსინე ხარატიანთან ერთად საჯარო განხილვაში ქალი მწერალების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ისაუბრა: „ლიტერატურა პირდაპირ კავშირშია სქესთან, კლასთან, ეთნიკურობასთან და ყველაფერთან. არის ქალის ლიტერატურა და არის მამაკაცის ლიტერატურა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვამბობთ „მწერალი კაცს“ და ქალებს „მწერალ ქალებად“ ასახელებენ. და ეს მისაღებია ჩემთვის, რომ საკუთარ თავს „მწერალ ქალად“ ვასახელებ. ყველა თავისი პერსპექტივიდან წერს და ჩემი პერსპექტივა ქალურია“, – აღნიშნა შეხვედრისას. ამჟამად თამთა მელაშვილის რომანი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სომხურად თარგმნის პროცესშია.
გაიმართა არჩილ ქიქოძის “სამხრეთული სპილო”-ს სომხური თარგმანის პრეზენტაცია, რომელსაც „საკმაოდ ბევრი ხალხი ესწრებოდა და კარგი კითხვები ჰქონდა თვითონ მოდერატორსაც და, სხვათა შორის, მსმენელსაც. არჩილმა თქვა, მწერდნენ სანამ ჩამოვიდოდი, შთაბეჭდილებებს მიზიარებდნენო“, – ნანა აბულაძე, პროზაიკოსი.
პრეზენტაციის შემდეგ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატებმა: ივა ფეზუაშვილმა და არამ პაჩიანიმ ამ დაჯილდოების მნიშვნელობასა და თავიან შემოქმედებაზე ისაუბრეს. ფესტივალის მესამე დღე დაგვირგვინდა დათო გაბუნიასა და არმენ ოჰანიანის დისკუსიით მასკულინობაზე ქართულ ლიტერატურაში.
პოეზიის საღამოსა თუ პანელ-დისკუსიების მიღმა ფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა არაერთი კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიება: “მირზოიანის ბიბლიოთეკაში” ხელოვნებათმცოდნე არმან გრიგორიანმა და სირანუშ დვოიანმა ქართველ პოეტებს სომხური ფუტურიზმი, კერძოდ, კარა დარვიშის შემოქმედება გააცნეს; შეკრების მონაწილენი ასევე ესტუმრნენ ფარაჯანოვის მუზეუმს; გაიმართა ფოტოსესია ეროვნულ კოსტიუმებში.
„გავიგეთ რამდენი საერთო გვქონია, აი, ამ ლიტერატურულ პროცესებში. ახლაც და ავანგარდის პერიოდშიც. კარა დარვიშზე ლექციას რომ ვუსმენდით, ძალიან ბევრი საერთო გამოიკვეთა. და აღმოჩნდა, რომ იმ სახლში, სადაც ვუსმენდით ამ ლექციას, იკრიბებოდნენ ჩვენი ავანგარდის წარმომადგენლებიც, რომლებიც შემდეგ თბილისში მოღვაწეობდნენ, ზდანევიჩები მაგალითად“, – ნანა აბულაძე.
„საოცრად მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, ვინაიდან საქმე გვაქვს ორ ყველაზე ახლოს მდგომ ერთან, ორ ყველაზე ახლოს მდგომ ხალხთან, რომლებსაც საერთო კულტურა, საერთო ხასიათი, საერთო თვისებები აქვთ. რაც მთავარია, უამრავი საერთო გვაქვს ლიტერატურაში და აღმოვაჩინე ადამიანები, გასაოცრად ნიჭიერი ადამიანები, რომლებთანაც იმდენი ესთეტიკური საერთო დავინახე, რომ მართლა მგონია, ეს კიდევ უნდა გაგრძელდეს და ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს,“ – PEN საქართველოს ხელმძღვანელი პაატა შამუგია.
პენცენტრთა განცხადებით, ქართულ-სომხურ ლიტერატურულ ფესტივალს სამომავლოდ უკვე თბილისი უმასპინძლებს.
© არილი