პროზა (თარგმანი)

პოლ ბეილი – მესაიდუმლენი

paulbailey

პოლ ბეილი – დაიბადა 1937 წელს. რვა წლის განმავლობაში მუშაობდა პროფესიონალ მსახიობად, ასევე ჟურნალისტად, კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ფორსტერისა და სომერსეტ მოემის ჯილდოები. მისი პირველი რომანი “იერუსალიმში” 1967 წელს გამოქვეყნდა. პოლ ბეილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე “ჭკუისკოლოფა პიტერის აღსარება” (1977) და “გაბრიელის წუხილი” (1986).

 

ინგლისურიდან თარგმნა ნანა პირველმა

როცა ბენჯის თვითმკვლელობის ამბავი შემატყობინეს, პირველი სიტყვა, რაც თავში მომივიდა, “ხმაურიანი” გახლდათ. უცნაურია, არა? ხმაურიანი თვითმკვლელობა კარგად არ ჟღერს. იმას ვგულისხმობ, რომ ვერ იტყვით, ვიღაცამ ეს ხმაურით ჩაიდინაო, მაგრამ ბენჯის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასე იყო. ის ამქვეყნად ყველაზე წყნარი კაცი იყო და ვერც კი წარმოიდგენდით, ასეთი პიროვნება სიცოცხლეს ამგვარი თეატრალურობითა და, როგორც აღვნიშნე, ხმაურით თუ დაასრულებდა. ახლა ეს ამბავი უკვე ისტორიას ჩაბარდა, ისეთ ისტორიას, მხოლოდ რამდენიმე კაცს რომ ააღელვებს. თუმცა უნდა ვაღიარო, ბენჯის ამგვარი აღსასრულით დღემდე გაოცებული ვარ. თვრამეტი წლის უკან, ივნისის ერთ ცხელ დილით, რომელიც ძალიან გავდა დღევანდელ დილას, ბენჯის ქალიშვილმა – ვაილმა მამამისი სამზარეულოში იპოვა ჩამომხრჩვალი. თოკი ჭერში დაჭედებულ იმ კაუჭზე დაემაგრებინა, თავისი საყვარელი სპილენძის მათლაფა რომ ეკიდა ხოლმე. მარილისა და ლიმონის წვენის წყალობით ამ მათლაფას მუდამ კრიალი გაჰქონდა. ბენჯი ბუნებით კოპწია გახლდათ.
ვაილს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ სად იყო იმ დილით დედამისი, ამიტომ მის ნაცვლად მე გადმომირეკა – მამის საუკეთესო მეგობარს.
“ძია ჯო, მამიკო წავიდა და უცნაური რამ ჩაიდინა” – დაიწყო გოგონამ.
“რას ჰქვია უცნაური, ვაილ? აბა, ყურადღებით გისმენ!”
“თავი ჩამოიხრჩო.”
“არა, რაღაც გეშლება. თავი ჩამოიხრჩო? ბენჯიმ?”
“ჰო, ძია ჯო, ასეა.”
მახსოვს არ დავუჯერე და გამეცინა.
“ეს სიმართლეა, ძია ჯო.”
“კი, მაგრამ ბენჯის არ შეეძლო, ვერ ჩაიდენდა ამას ასეთი ხმაურით!”
უამრავი სიტყვა არსებობს, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე – “ხმაურიანი” უფრო შესაბამისი იყო. ვფიქრობ ზუსტად გავარტყი.
“უნდა ჩამოვხსნათ” – განაგრძო ვაილმა, “შეგიძლიათ მოსვლა, ძია ჯო? მე და სები ამას ვერ შევძლებთ.”

სახელის მიუხედავად, ვაილი სულაც არ არის საძაგელი. ის ისეთია, როგორიც არის – ჩემი აზრით, მომხიბვლელი. თუ მას ნამდვილ სახელს – ვიოლას დაუძახებთ, ალბათ არც კი გიპასუხებთ. სები ანუ სებასტიანი მისი ტყუპი ძმაა. ვიოლასა და სებასტიანის დარქმევა კლაუდიას პატარა ახირება გახლდათ, ბენჯი აქ არაფერ შუაშია. ვაილი გოგონას სკოლაში შეარქვეს და არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე ასე მიმართავენ.
ბენჯისა და კლაუდიას სახლისკენ გავემართე, თან წინასწარ ვჭვრეტდი რა სიტუაციაც დამხვდებოდა: ოხვრა და ვაი-ვიში, ცრემლების ღვრა და ერთი ამბავი. თავის ხელში აყვანა გადავწყვიტე, რადგან აქეთ უნდა მენუგეშებინა ჭირისუფალი. არც კი ვიცოდი რა მეფიქრა, იქნებ ტყუპებმა გამაშაყირეს და ეს საზიზღარი ტყუილი მოიგონეს? თხუთმეტი წლის ბავშვისგან გამორიცხული არ იყო – ვაილი და სები ზუსტად ამ ხნისანი იყვნენ. მაგრამ არა, ამას არ ჩაიდენდნენ. გიჟდებიან თავიანთ წყნარ, მოსიყვარულე მამაზე და იმედია ძია ჯოც უყვართ, პატივს სცემენ. ამის ჩადენა არ შეეძლოთ, ამგვარ სიგიჟეზე არ წავიდოდნენ.
როცა კარის ზღურბლთან შევჩერდი და დაკაკუნება დავაპირე, ერთხანს გავიფიქრე, ნეტავ ეს ყველაფერი მართლა ხუმრობა იყოს-მეთქი, თუნდაც ასეთი სასტიკი. “კარგად მოვცხებ ორივეს და ამ სისულელესაც ბოლოს მოვუღებ” – ჩემთვის ჩავიბურტყუნე.
კარი სებმა გამიღო. “მამიკო სამზარეულოშია, ძია ჯო!” – პირდაპირ მომახალა.
“საჭმელს ამზადებს?” – ვკითხე ბიჭს, რომელსაც აუღელვებლობა ეტყობოდა და მეც თითქოს დავრწმუნდი, რომ ეს მართლა ხუმრობა იყო.
“არა, რას ამბობ! ჩემს გამხიარულებას ცდილობ თუ რა?”
“არა, სებ. უბრალოდ ვერ ვიჯერებ” – დავაპირე მეთქვა, რომ უცებ ჭერზე ჩამოკიდული ბენჯი შევნიშნე.
“ახლა რაღას იტყვი, ძია ჯო, ხომ გჯერა უკვე?”
ჩემი თვალით ვნახე და ვირწმუნე. მერე მოვიბოდიშე და სააბაზანოში შევქანდი – გული ამერია.

ტყუპებს ჯერ პოლიციაში დარეკვა სდომებიათ, მაგრამ შემდეგ გადაუწყვეტიათ, ეს “ბინძური საქმე” ჩემთვის მოენდოთ.
“მამიკოს არ ჩამოხსნი, ძია ჯო?”
“არა, ვაილ. ეს მათი საქმეა. მოდი წავიდეთ და სანამ მოვლენ, სხვა ოთახში დავიცადოთ.”
გოგონამ მიპასუხა, რომ ერჩივნა ისევ იქ დარჩენილიყო და სებთან ერთად მამისთვის ეყარაულა. “შეიძლება თოკი ჩამოწყდეს” – ამიხსნა მან.
ასე რომ, სამზარეულოში დავრჩით. მე ზურგით დავდექი, რათა გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი არ დამენახა. ტყუპებიც იქვე ატუზულიყვნენ: “სეირს” უცრემლო თვალებით, წყნარად უყურებდნენ.
მოგვიანებით, როცა ბენჯი მორგში გადაიყვანეს და ბავშვებმაც მამის გონებრივი მდგომარეობის შესახებ რამდენიმე სულელურ კითხვას უპასუხეს, მათ სადმე გასეირნება და გართობა შევთავაზე.
“სად წაგვიყვან, ძია ჯო?”
“სადაც მოისურვებ, ვაილ!”
“მოდი სიურპრიზი მოგვიწყვე!”
ეს გამოწვევა მივიღე. ვუთხარი გამოსასვლელი ტანსაცმელი ჩაეცვათ და შევპირდი, რომ მთელ ღამეს მხიარულად გავატარებინებდი.
რა სიგიჟე ჩავიფიქრე? დარწმუნებით ვერ გეტყოდით, მაგრამ ეს თითქოს ხუმრობის ნაწილი იყო. გიჟური ხასიათით ისედაც ცნობილი ვარ: ამაღელვებელი განწყობიდან შეიძლება საშინელ გუნებაზე დავდგე და პირიქით, მაგრამ ვაილთან და სებთან ივნისის იმ საღამოს რომ გავიგიჟე თავი, ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართვია. სანამ რამეს მოვიმოქმედებდი, ვგრძნობდი რა საშინელებასაც ჩავდიოდი.
მახსოვს, ყველაფერი პიმლიკოში მდებარე ჩემი უბრალო სახლიდან დაიწყო, სადაც მხოლოდ საჭირო ავეჯი მედგა – საწოლი, მაგიდა და ორი სკამი, ერთი გარდერობი და მაცივარი, რომელშიც ყოველთვის ვინახავდი შამპანურის ბოთლს.
“ჩვენი დათრობა ხომ არ გინდა, ძია ჯო?”
“მგონი კი, ვაილ. ნელ-ნელა დაგათრობთ.”
“რატომ?”
“რატომაც არა?”
“მამიკოს გამო ვზეიმობთ?”
“დიახ, მამიკოს გამო ვზეიმობთ!”
(სწორედ მაშინ შევუყვარდი თურმე ვაილს. ამაში მერე გამომიტყდა. რომ მეპასუხა – “არა ვაილ, მამიკოს გამო არ ვზეიმობთ”, ალბათ ტუტუცად ჩამთვლიდა. ამ გულწრფელი პასუხისთვის კი, ძია ჯოდ უკვე აღარ მთვლიდა. შვიდი წლის შემდეგ აღიარა, რომ იმ დღიდან მისი “ოცნების მამაკაცად” ვიქეცი. ამ კლიშეს გამო მოგვიანებით ბევრს იცინოდა. ასე რომ, ჩემს ამჟამინდელ ბედნიერებას ოთხ სპონტანურად წამოცდენილ სიტყვას უნდა ვუმადლოდე: “დიახ, მამიკოს გამო ვზეიმობთ!”).
“კარგი მიზეზია, არა სებ?”
სებმა თავი დამიკრა და ჭიქა გამოსცალა, რომელიც ისევ შესავსებად გამომიწოდა. “ახლა კი ჩემს საყვარელ რესტორანში წაგიყვანთ” – ვუთხარი და აღარ დავამატე, რომ ეს ბენჯის საყვარელი რესტორანიც იყო.

რესტორანს, რომელსაც “პანდორას ყუთი” ერქვა, უკანა მხარეს ბაღი ჰქონდა გაშენებული. იქ ისეთი იშვიათი ჯიშის ხეები ჩაერგოთ, რომ მათ მსგავსს ლონდონში ვერსად იპოვიდით. ამ მხრივ პატრონებს ნამდვილად შეეძლოთ ტრაბახი. ბენჯის სიკვდილის დღეს სწორედ ამ რესტორანში ვისადილეთ.
ოფიციანტმა მშვენივრად იცოდა “ბატონი ჯოზეფი” რასაც სვამს ხოლმე და ამიტომ, ჩვენი დაჯდომა და სასმელის დასხმა ერთი იყო.
ვაილი ხითხითებდა. “სასაცილოა, მართლა ძალიან სასაცილოა!”
“გეთანხმები” – თქვა სებმაც.
“ნეტავ როდემდე გაგრძელდება ასე? როდის მოხდება ის, რასაც ამდენი ხანი ველოდი და წინდაწინ ვვარაუდობდი? კიდევ რამდენ ხანს მომიწევს სიმართლის დამალვა?” – ჩემთვის ვფიქრობდი.
“ძია ჯო, იცი, ამ დილით მოგატყუეთ!”
“მომატყუეთ, სებ?”
“ჰო, როცა ჩვენ, უფრო სწორად ვილმა გითხრათ, რომ არ ვიცოდით დედა სად იმყოფებოდა. ძალიან კარგადაც ვიცოდით. შეგვეძლო მისთვის დაგვერეკა, მაგრამ არ დავურეკეთ.”
“გამოდის, რომ მესაიდუმლენი ვართ. მეც ვიცოდი სად იყო და არ დავურეკე. სასტიკად მოვიქეცით, არა?”
“ჰო, საშინლად, უფრო სწორედ ბოროტად. სებ, რატომ ახსენე დედა? მოდი უბრალოდ სასაცილოები ვიყოთ.”
“მაპატიე ვაილ. ბოდიშს გიხდი.”
“და მოდით ექსტრავაგანტულებიც ვიყოთ” – დავამატე. “ახლა კი ჩვენთვის პურ-მარილს შევუკვეთავ.”

ვიქეიფეთ. ექსტრავაგანტულად ვიქეიფეთ. ჩვენი მენიუ ასეთი გახლდათ: ბაყაყის ბარკლები, ბატის ღვიძლი, თევზის წვნიანი, მწყერი, საქონლის ხორცის ფილე და როქფორის ყველი. სასმელებიდან კი: ატმის კომპოტი, სანსერი, მარგო და ბოლოს შამპანური. მთელი ამ ხანგრძლივი სადილობისას სულ ჩემი ცხოვრების უაზრობასა და მოწყენილობაზე ვლაპარაკობდი. ბავშვებს ვუამბობდი, თუ როგორი წყნარი და კეთილი იყო ბენჯი, როგორი ზომიერი ხასიათი ჰქონდა ჩემთან შედარებით, რომ მხოლოდ ორმოცდაორი წლისაა, უკვე მსოფლიოში ცნობილი მუსიკათმცოდნე იყო, ასევე როგორი შესანიშნავი მზარეული და რა ფაქიზი, დახვეწილი გემოვნების პატრონი გახლდათ. ვიყბედე ჩემს რომანტიკულ, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, საგმირო საქმეებზეც. რა უცებ შემეძლო გოგონას შეყვარება და გადაყვარება. როგორ უცებ მატყვევებდნენ მათი მბრწყინავი თვალები და მომაჯადოვებელი ღიმილი. სერიოზულ გოგოებს კი ვერ ვიტანდი, რადგან ბავშვობაში ფიცი დავდე, სერიოზულობას თანაბარ პირობებში არასდროს დავპირისპირებოდი. ასე ვლაქლაქებდი, სანამ დღე არ ამოიწურა. მერე კი მახსოვს, მთლად გადავირიე, რაც ბენჯის ხმაურიანი სიკვდილით იყო გამოწვეული. ამ სიგიჟეს მანამ ვერ ვაცნობიერებდი, სანამ ჩვენში სიჩუმემ არ დაისადგურა. როგორც უკვე ვახსენე, გიჟური საქციელით ცნობილი ვარ, მაგრამ სახელი უფრო მაშინ გამიტყდა, როცა ჩემი ძვირფასი (ამაში უკვე ეჭვი მეპარება) მეგობრის შვილები იმ საღამოს “პანდორას ყუთში” წავიყვანე. მეგობრისა, რომელიც ცოლმა მიატოვა ვიღაც ჩემნაირი უვარგისის გამო (რა უცნაური სიტყვაა!). ისიც უნდა დავამატო, რომ ის ბიჭი ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა და ტყუპებზე ოდნავ უფროსი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ გადარეულივით ვიქცეოდი, კლაუდიასა და მის საყვარელ ჰენრიზე სიტყვაც არ დამცდენია. ეს ტაბუდადებული თემა გახლავთ.
გვარიანად შეზარხოშებულებმა ტემზის სანაპიროზე ცეკვა-სიმღერაც არ დავიკელით. უკვე თენდებოდა, ერთმანეთს პირზე კოცნით “ძილი ნებისა” რომ ვუსურვეთ.
კლაუდიამ ბენჯის სიკვდილის ამბავი მეორე დღეს შეიტყო, როცა გაზეთ “ტაიმს”-ში მის ნეკროლოგს წააწყდა.
“რატომ არაფერი მითხრეს ბავშვებმა, ჯო? ან შენ რატომ არ დამირეკე?”
“მაინც დაკავებული იყავი და…” – ვუპასუხე. ამას ის კაცი ამბობდა, რომელიც სხვის ცოლებთან კოტრიალის მეტს არაფერს აკეთებდა.
“რით გარდაიცვალა? “ტაიმს”-ში არ იყო მინიშნებული.”
“გულის შეტევით, კლაუდია.”
ქალმა ყურმილი დაკიდა.
მე კი ისევ მესაიდუმლე აღმოვჩნდი.

ბენჯის სურვილის თანახმად, სამოქალაქო დასაფლავება ლონდონის დასავლეთ ნაწილში, კრემატორიუმში ჩატარდა. მე მარკუს ავრელიუსის თხზულებიდან ციტატები წავიკითხე. ცერემონიალზე არავითარი ჰიმნი არ გაჟღერებულა, უბრალოდ, ელენ გერჰარტის სიმღერა დაუკრეს, რომელსაც “სამგლოვიარო მუსიკა” ერქვა და ერთ დანჯღრეულ ფირფიტაზე იყო ჩაწერილი.
ტყუპები დედისგან მოშორებით, ერთად ისხდნენ. როცა კუბო გაიტანეს, კლაუდია წამოდგა და სამრეკლო სწრაფად დატოვა. მისი ამგვარი უცაბედი გაუჩინარებისთვის კომენტარი არავის გაუკეთებია.

მალე საზღვარგარეთ, იტალიაში გავემგზავრე, სადაც ბოლო ქარაფშუტული გატაცება მქონდა. გატაცების ობიექტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ღმერთი გახლდათ, რომელსაც ახსნა-განმარტება შევთხოვე ბენჯის ხმაურიანი თვითმკვლელობის გამო. ამ პატარა საკითხში ერთმანეთს ვერ შევუთანხმდით და ფლორენცია, კაპელა ბრანკაჩი მაშინვე დავტოვე. ასეთი რამ ხომ, არც ისე იშვიათად ხდება ხოლმე.
ლონდონში ჩემი დაბრუნება ვაილისგან მიღებულმა მოულოდნელმა წერილმა განაპირობა. მატყობინებდა, რომ ჩემი ნახვა კვლავ სიგიჟემდე ეწადა, რათა თავისი ოცნებების სისწორეში დარწმუნებულიყო. მისმა შეტყობინებამ ჩემზე არ იმოქმედა, თუმცა გამოძახებას დავმორჩილდი.
“მე შენი ჭაღარა თმა მიყვარს” – ამ სიტყვებით მომეგება.
იმ დღეს, რომელიც სამუდამოდ ნათელ დღედ აღიბეჭდა ჩემს ცხოვრებაში, შევიტყვე, რომ ბენჯის სიკვდილის შემდეგ ვაილი და მისი ძმა დღეებს სიჩუმესა და მოწყენილობაში ატარებდნენ. ამით კლაუდიასთვის გულის მოკვლას ცდილობდნენ – მისი არსებობა ბავშვებისთვის უკვე აუტანელი გამხდარიყო. “იცი ჯო, ის უფრო მკვდარია, ვიდრე მამა” – გამომიტყდა ვაილი.
თერთმეტი წლის შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ, რათა ჩვენი ნეტარება ოფიციალურად დაგვემოწმებინა.
ქორწილი წყნარ ატმოსფეროში შედგა – სარეგისტრაციო ოფისში. ამის გამო სები აფრიკიდან ჩამოფრინდა. წვეულება რესტორანში გადავიხადეთ, რომელიც “პანდორას ყუთის” ნაცვლად გაეხსნათ. ამჯერად მას ეგზოტიკური ხეები აღარ ამშვენებდა და არც საჭმელი აღმოჩნდა გემრიელი, თუმცა ამის საკომპენსაციოდ ბევრი შამპანური დავლიეთ. ბენჯის შესანდობარიც ვთქვით, ვინც ჯერ მწუხარება, შემდეგ კი სიხარული მოგვიტანა. ბოლოს სებმა დასძინა: “აქ თავს უცხოდ ვგრძნობ, ვერ ვიტან ასეთ კმაყოფილ ხალხს”-ო. წამოდგა, გვაკოცა და დააყოლა – “შენგან განსხვავებით, მამას სხვა რამით ვგავარ ვაილ. ისევ შიმშილსა და სიკვდილს უნდა დავუბრუნდე. შევცდი, ტელეგრამა უნდა გამომეგზავნა და იქ დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი. გაგიკვირდება, მაგრამ იქ უფრო ბედნიერი ვარ.”
და დედამისივით სწრაფი ნაბიჯებით გაემართა.
მის ამბავს ხშირად ვგებულობთ ხოლმე. ჩვენც ყველაფერს ვუყვებით, თან ვცდილობთ ბედით კმაყოფილი და ნასიამოვნები არ ვჩანდეთ.

© “ლიტერატურა _ 24 საათი”

Facebook Comments Box

One Comment

  • Anonymous

    ამ მოთხრობის ინგლისური ვარიანტი სად ვნახო?