ესე (თარგმანი),  ლექცია

ჟან ბოდრიარი – ქალაქი და სიძულვილი

jean baudrillard

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

ალბათ იცით, როგორ ასახელა სულ ახლახან ფრანგული კინემატოგრაფი ფილმმა სახელწოდებით „სიძულვილი“. ფილმში საშინელი ვნებები მძვინვარებს, ნაჩვენებია მოვლენები, რომლებიც ქალაქის განაპირა რაიონებში ვითარდება და მსახიობებადაც (შესაძლოა სტატისტებად?!) იქ ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფები გვევლინებიან. ისინი „ზიზღით არიან აღვსილნი“. გამოთქმა „ზიზღით ვარ აღვსილი“ თითქმის უპიროვნოა, იგი არაიმდენად სუბიექტურ ემოციას გამოხატავს, რამდენადაც ქალაქურ უდაბნოში, უპირველეს ყოვლისა კი ნაგავსაყრელად ქცეულ გარეუბნებში შობილ ობიექტურ და უმიზეზო რისხვას გვიჩვენებს. ის ფაქტი, რომ გარეუბნულმა „დამნაშავეობამ“ არნახული მასშტაბი შეიძინა, მეტყველებს, რომ ჩვენს წინაშეა ერთიანი საზოგადოებრივი მოვლენა, რომელშიც საკუთარ გამოხატულებას პოულობს გარკვეული უნივერსალური პროცესი – მოსახლეობის კონცენტრაციისა და ნარჩენთა წარმოების ზრდის პროცესი. საუბარია ნარჩენების, ნაგვის მსოფლიო პრობლემაზე, რადგანაც, თუკი ძალადობას ჩაგვრა შობს, ზიზღი მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანს ნაგავსაყრელისთვის იმეტებენ. ნაგვის ცნება უნდა მოდიფიცირდეს და გაფართოვდეს. მატერიალური, რაოდენობრივი ნარჩენები, რომლებიც დიდ ქალაქებში წარმოებისა და მოსახლეობის კონცენტრაციის შედეგად წარმოიქმნება, მხოლოდ ხარისხობრივი, ადამიანური, სტრუქტურული ნაგვის, ნარჩენების სიმპტომია; და ეს ნაგავი გლობალური მასშტაბის იდეალური პროგრამირებისას, სამყაროს ხელოვნური მოდელირებისას რჩება. სწორედ ფუნქციათა სპეციალიზაცია, ცენტრალიზაცია (თანამედროვე მეტროპოლია ამ პროცესის აშკარა სიმბოლოდ გამოდგება) და მთელ სამყაროში ამ ხელოვნური სისტემების გავრცელება ტოვებს აუარება ნარჩენს.

ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ სულ ნაგავია, არამედ ის, რომ თავად ჩვენც ამ ნაგვად ვიქეცით. მთელი ბუნებრივი გარემო ნარჩენებად იქცა, ანუ გამოუსადეგარ, უსარგებლო სუბსტანციად, რომელსაც, როგორც გვამს, ვერ ვიშორებთ. ამასთან შედარებით ორგანული საწარმოო ნარჩენების უსასრულო მთები არაფერია. მთელი ბიოსფერო შესაძლოა მალე რაღაც არქაულ ნარჩენად იქცეს, რომლის ადგილიც ისტორიის სანაგვეზეა. თუმცა, თავად ისტორია აღმოჩნდა საკუთარ სანაგვეზე გადაგდებული, სადაც თავს იყრიან არა მხოლოდ ჩვენს მიერ განვლილი, არამედ მიმდინარე მოვლენებიც; ისინი დამთავრებას ვერ ასწრებენ, ისე კარგავენ საზრისს და ეს ყველაფერი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დემპინგის შედეგად, რომლებიც ამ მოვლენებს ჯერ უშუალო მოხმარებისთვის მზა სუბსტანციად აქცევენ, შემდეგ კი ნარჩენად. ისტორიის სანაგვე საინფორმაციო სანაგვე გახდა.

როცა სანიმუშო ქალაქებს აშენებენ, ქმნიან სანიმუშო ფუნქციებს ან სანიმუშო ხელოვნურ ანსამბლებს, ყველაფერი დანარჩენი ნაგვად, წარსულის უსარგებლო მემკვიდრეობად იქცევა. ავტოსტრადის გაყვანისას, სუპერმარკეტის ან სუპერქალაქის შენებისას თქვენ ავტომატურად გარემოს (ყველაფერს, რაც ამ ნაგებობებს გარს აკრავს) უდაბნოდ გარდაქმნით. ზეჩქარული, პროგრამირებადი გადაადგილების ავტონომიური ქსელის შექმნით თქვენ ჩვეულებრივი, ტრადიციული ურთიერთობის სივრცეს უდაბურ ზონად აქცევთ. სატრანსპორტო არტერიების გასწვრივ გაუდაბურებული ტერიტორიები წარმოიქმნება და მომავალშიც, საინფორმაციო არტერიებთან ერთად საინფორმაციო უდაბნოებიც გაჩნდება, ერთგვარი საინფორმაციო მეოთხე სამყარო – თავშესაფარი ყველა დევნილისთვის, ვინც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა უარყო. ამას დაემატება უმუშევრად დარჩენილი ტვინებით დასახლებული ინტელექტუალური უდაბნოები და უნდა აღინიშნოს, რომ ის ტვინებიც უკიდურესად გართულებული საინფორმაციო ქსელების „წყალობით“ დარჩნენ უმუშევარნი. ამ სივრცეში დასახლდებიან, აქ ბინას დაიდებს იმ მილიონი უმუშევრის შთამომავალი, რომელიც დღეს გამოდევნილია შრომის სამყაროდან.

სივრცეები, ისევე როგორც ადამიანები, უმუშევრები რჩებიან. ააშენებენ საცხოვრებელი სახლებისა და ოფისების მთელ კვარტლებს, მაგრამ ისინი სამუდამო სიცარიელისთვის იქნებიან განწირულნი, რომლის მიზეზიც ეკონომიკური კრიზისი ან სპეკულაცია იქნება. ისინი ნაგავია, მხოლოდ ნარჩენი და ასეთად დარჩებიან მუდამ. ეს არაა წარსულის კვალი ან ნამუსრევი, ძველი სიდიადის ნანგრევები. ეს სახლები მეწარმე ადამიანის უსულგულობის ძეგლებს წარმოადგენენ. და ჩნდება კითხვა, როგორ უნდა ძულდეს და ეზიზღებოდეს ცივილიზაციას საკუთარი თავი, რომ დასაწყისშივე (თანაც განგებ) ნაგავს ქმნის საკუთარი თავისგან, შრომობს საკუთარ უსარგებლო ნაგებობაზე, ქმნის ქალაქებს და მეტროპოლიებს, უზარმაზარ უვარგის მექანიზმებს, რომლებიც უსასრულოდ გაიმეორებენ საკუთარ თავს; ესენი ფანტომები არიან – Ghost-towns, ghost-people (ქალაქი-აჩრდილები, ადამიანი-აჩრდილები). თავად ადამიანებიც განუწყვეტლივ ქმნიან საკუთარი თავისგან ნარჩენს, ან უბრალო სტატისტებს და მათი ხვედრიც ამ უვარგისი მექანიზმის მომსახურებაა, მექანიზმის, რომელიც წარმოების მანკიერი წრის სიმბოლოს წარმოადგენს მაშინ, როცა ისტორიის მოთხოვნების მიუხედავად, უკვე შრომა კი არ ქმნის კაპიტალს, არამედ პირიქით. მძიმეა ამ მზარდი პერსონალის ხვედრი, ისინი განწირულნი არიან ნაგვად იქცნენ.

მაშ ასე, ჩვენი კულტურა ნაგვის წარმოებად იქცა. სხვა კულტურები – უბრალო გაცვლითი ციკლის შედეგად – ჭარბ პროდუქციას ქმნიდნენ და სიჭარბის კულტურას დაუდეს სათავე, ჩვენი კი აუარება ნაგავს აწარმოებს, რომელსაც ნამდვილი საცვლელი ღირებულება ადევს. ადამიანები საკუთარ ნარჩენთა ნარჩენები ხდებიან – აი, ასეთია საზოგადოება, რომელიც გულგრილია თავის ღირებულებებისადმი, საზოგადოება, რომელიც თავისივე თავს უბიძგებს გულგრილობისა და სიძულვილისკენ.

ჩვენი მეგაპოლისები, ჩვენი კოსმოპოლიტური ქალაქები ერთგვარი აბსცესებია, რომლებიც აჭიანურებენ უფრო დიდი ჩირქოვანების გაჩენას. არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა ყველგან აფათურებს თავის ამბიციურ საცეცებს, მხოლოდ მონსტრებს შობს, არა ესთეტიკური თვალსაზრისით (თუმცა ასეთიც ხშირია ხოლმე), არამედ იმ გაგებით, რომ ეს მონსტრები დანაწევრებულ და არაორგანულ, დეზინტეგრირებულ და დეზორგანიზებულ ქალაქზე მეტყველებენ. ისინი აღარ ემორჩილებიან ქალაქის რიტმს, მის ურთიერთკავშირებს, არამედ გარკვეულ უცხო ორგანიზმს წარმოადგენენ. სიმბოლური მნიშვნელობით აღჭურვილი ქალაქური ანსამბლებიც (ბობური, ფორუმი, ლა დეფანსი, ლა ვილიეტი), მხოლოდ ფსევდოცენტრებია, რომელთა გარშემოც ცრუ, ყალბი ფუსფუსი წარმოიშობა. სინამდვილეში ისინი ქალაქური ყოფიერების სატელიზაციაზე მოწმობენ. მათი გარეგნული მომხიბლაობა თითქოს იმისთვის შეიქმნა, რომ ტურისტი გააოგნოს, მათი ფუნქცია კი საყოველთაო კომუნიკაციის ცენტრისას წააგავს (აეროპორტი, მეტრო, დიდი სუპერმარკეტი), ანუ ესაა ადგილი, სადაც ადამიანები თავიანთ მოქალაქეობას, თავიანთ ტერიტორიებს კარგავენ. თუმცა, სწორედ აქ გადმოინაცვლებენ სხვადასხვა ტიპის მარგინალები და სუბკულტურის წარმომადგენლები, რომლებიც გამაცამტვერებელი ექსტაზის საძიებლად დახეტიალობენ და ამ ექსტაზს სწორედ ამ პარაზიტარულ წარმონაქმნში პოულობენ. როცა ასეთი ანსამბლები კულტურული მიზნებით იქმნება, ისინი რადიაციის ცენტრებად კი არა, შთანთქმისა და გამოყოფის ცენტრებად იქცევიან; ისინი მხოლოდ ნაკადთა გარდამქმნელები არიან. შესასვლელითა და გასასვლელით აღჭურვილი მექანიზმები. რჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი მსოფლიო გამოფენიდან გამოპარული ექსპონატები კი არა, ქალაქის ახალი ნაწილია; ისინი ჩვენი საზოგადოების განვითარების კოსმოპოლიტურ და დეზორგანიზებულ ხასიათზე მეტყველებენ.

ურბანისტულ პრობლემატიკას, კონცენტრაციისა და გაუდაბურების ცნებების გავლით, სხვა ცნებამდე მივყავართ, რომელსაც, ჩემი აზრით, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს – ესაა კრიტიკული მასის ცნება.

ეს ცნება მატერიიდან და მისი შემსწავლელი მეცნიერებებიდან, ფიზიკიდან და ქიმიიდან მოდის, ანუ კოსმოლოგიიდანაც, რომელიც ნებისმიერ ჰუმანიტარულ მეცნიერებასთან შეიძლება გამოიყენო. ჩნდება კითხვა, მართლაც არის თუ არა ადამიანი სოციალური არსება. ამას დარწმუნებით ვერ იტყვი; ყოველ შემთხვევაში, ადამიანის სოციალურ არსებას თავისი საზღვრები გააჩნია. მოსახლეობის შემჭიდროვებას, მილიონობით ადამიანის თავმოყრას ქალაქის ტერიტორიებზე, მათ თანაცხოვრებას აუცილებლად მივყავართ ძალადობის ექსპონენციალურ ზრდამდე და ეს იმითაა განპირობებული, რომ იძულებითი პრომისკუიტეტის პირობებში ადამიანები თითქოს ურთიერთანულირდებიან. ეს კი უკვე რაღაც საწინააღმდეგოა სოციალური ყოფიერებისა ან პირიქით, სოციალურობის პიკია, მისი უკიდურესი გამოვლინება. თანამედროვე ისტორიის ჰორიზონტზე მასების გამოჩენა სოციალურობის ხანის დადგომასა და ამავე დროს მისი კატასტროფული ნგრევის შესახებ გვაუწყებს. ამაში მდგომარეობს კრიტიკული მასის პრობლემა. ცნობილია მისი კოსმოლოგიური გადაწყვეტა: თუკი სამყაროს მასა რაღაც ზღვარზე დაბალია, სამყარო აგრძელებს გაფართოებას და big bang (დიდი აფეთქება) უსასრულოდ გრძელდება. თუკი ზღვარი გადალახულია, იწყება იმპლოზია და სამყარო იკუმშება. ეს უკვე big crunch-ია (დიდი შეკუმშვა). ჩვენი საინფორმაციო არტერიები, ინტერნეტი და ახლო მომავალში მოსალოდნელი მსოფლიო კავშირგაბმულობა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ სწორედ ახლა ვლახავთ ინფორმაციის გლობალობის ზღვარს, როცა ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ადგილას იქნება შესაძლებელი ინფორმაციის მოპოვება. ამას კი მოჰყვება ავტომატური შეკუმშვის, მკვეთრი რევერსიის საშიშროება, საინფორმაციო big crunch-ი. შესაძლოა უკვე გადავაბიჯეთ ამ ზღვარს, შესაძლოა კატასტროფა უკვე მოხდა, თუკი ინფორმაციის სიუხვე (მასობრივი საშუალებების მიერ მოწოდებული) თავისთავად ანულირდება და თუკი ობიექტური ინფორმაციის ტერმინებში გამოხატული ბალანსი გარკვეული თვალსაზრისით უარყოფითი აღმოჩნდება (ინფორმაციით გადატვირთვის დამახინჯებული ეფექტი). ყოველ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გადავლახეთ ეს ზღვარი სოციალურის სფეროში, თუკი გავითვალისწინებთ მოსახლეობის არნახულ ზრდას, კონტროლის ქსელის, უშიშროების ორგანოების, კომუნიკაციებისა და ურთიერთკავშირის სისტემების გაფართოებას.

მეგაპოლისში სოციალურობის ყველა ელემენტია წარმოდგენილი, ისინი იდეალურ კომპლექსში არიან თავმოყრილნი: სივრცითი სიახლოვე, ურთიერთქმედებისა და ურთიერთგაცვლის სიადვილე, ნებისმიერ დროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მაგრამ აი, რა ხდება: ყველა ამ პროცესის დაჩქარება და ინტენსიფიკაცია ინდივიდებში გულგრილობასა და დაბნეულობას შობს. ამ მეორადი მდგომარეობის მოდელად (როცა საყოველთაო გულგრილობის ატმოსფეროში ყველა თავის ორბიტაზე მოძრაობს, როგორც თანამგზავრი) ტრანსპორტის მაგალითი გამოდგება. სამოძრაო გზები აქ არასდროს კვეთენ ერთმანეთს, თქვენ აღარავის ხვდებით, რადგანაც ყველას მოძრაობას ერთიდაიგივე მიმართულება აქვს; ასე, მანქანის საქარე მინიდან მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრავი მანქანები ჩანს. შესაძლოა სწორედ ამაში მდგომარეობს კომუნიკაციის არსი? – ესაა ცალმხრივი თანაცხოვრება. მისი ფასადის მიღმა სულ უფრო მზარდი გულგრილობა და ნებისმიერი სახის სოციალური კავშირის უარყოფაა დაფარული.

ხარისხობრივი ცვლილებების შედეგად, რომელიც კრიტიკული მასის გადაჭარბების წყალობით ჩნდება, ყველა ეს ინფორმაციითა და ტექნიკით გადატვირთული და ზედმეტად დაცული საზოგადოება ერთგვარ უკუენერგიას შობს, ინერციას, რომელიც მომავალში გრავიტაციულ კოლაფსს გვიქადის. რადგანაც ხდება ყველანაირი სწრაფვის სრული ინვერსია.

ყველა დადებითი სწრაფვა, მათ შორის სოციალურობისკენ ლტოლვა, ინვერტირდება და უარყოფით „ლტოლვად“, ანუ გულგრილობად იქცევა. ლტოლვა ზიზღით იცვლება. საყოველთაო კომუნიკაციის ატმოსფეროში, ინფორმაციული სიჭარბის, ყოფიერების გამჭვირვალობისა და გამჭოლობის, პრომისკუიტეტის პირობებში, ადამიანის დამცავ ძალებს საშიშროება ემუქრებათ. სიმბოლური სივრცე უკვე აღარაფრითაა დაცული. როცა ტექნიკისთვის ხელმისაწვდომი ხდება აბსოლუტურად ყველაფერი. მე უკვე ვეღარ ვარჩევ, რა არის სასარგებლო და რა არა; არადიფერენცირებულ სამყაროში მე ვერ გადავწყვეტ, სადაა მშვენიერება და სად სიმახინჯე, ცუდი და კარგი, ორიგინალური და მოძველებული. ჩემი ორგანიზმიც კი ვერ არკვევს, რაა მისთვის კარგი და ცუდი. რაღაც გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა ნებისმიერ საგანს უვარგისს ხდის და დაცვის ერთადერთ ფორმად უკურეაქცია რჩება (ორიგინალში ბოდრიარი იყენებს ფსიქოანალიტიკურ ტერმინს abreaction, „რეაგირება“ (ფრ.) – მთარგმნ.შენ.), სიძულვილი და ზიზღი. ეს ორგანიზმის იმუნური რეაქციაა, რომლის დახმარებითაც იგი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სიმბოლური ერთიანობა, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც. აი, ამიტომ მგონია, რომ სიძულვილი, როგორც გულგრილობისა და ამ არადიფერენცირებული სამყაროს უარყოფის უკიდურესი ფორმა, ორგანიზმის ცხოვრებისეული რეაქციის უკიდურესი გამოვლინებაა.

გაქრნენ ძლიერი მისწრაფებები და დადებითი, არჩევითი, ატრაქტიული ხასიათის აღტყინება. რაღაც იდუმალი ფაქტორის მოქმედების შედეგად გაქრა გემოვნება, სურვილები, ისევე როგორც ნება. პირიქით, ბოროტი ნება კრისტალიზდა, უარყოფისა და ზიზღის გრძნობა კი საგრძნობლად გაიზარდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს ვითარება წარმოადგენს უარყოფითი ენერგიის წყაროს, იგი იწვევს ჩვენში ალერგიულ რეაქციას, რომელიც სურვილის ადგილს იკავებს; აქედან მოდის ჩვენი ცხოვრებით განპირობებული უკურეაქცია ყველაფერზე, რაც გარშემოა; ადამიანს აღარა აქვს რაიმეს შეცვლის სურვილი. ესაა სუფთა, წმინდა წყლის უარყოფა. ჩვენს დროში სიმპათიებმა დაკარგა თავისი კონკრეტულობა, გარკვეული და ცხადი მხოლოდ ზიზღის გრძნობაა. აღარ ვიცით, თუ რა გვსურს, სამაგიეროდ, შესანიშნავად ვუწყით, რა აღარ გვინდა. ადამიანის საქციელი (და ავადმყოფობაც) სულ უფრო კარგავს „ობიექტურ“ მოტივაციას; ყველაზე ხშირად ისინი უარყოფის ამა თუ იმ ფორმიდან მომდინარეობენ, რომელიც გვაიძულებს უარი ვთქვათ საკუთარ თავსა და ენერგიაზე ნებისმიერი საშუალებით. შესაბამისად, მათ საფუძველში ერთგვარი ეკზორციზმი დევს და არა მოღვაწეობის ესა თუ ის პრინციპი. ეკზორციზმის ამგვარი ახალი ფორმა (რომელსაც მაგიური კონოტაცია ახლავს) საკუთარ თავზეა მიმართული და ამავე დროს სხვებზეც, ანუ „სხვაზე“. იგი შელოცვის ახალი ნაირსახეობაა და შესაძლოა ბოროტების პრინციპის სრულიად ახალ ფორმასაც წარმოადგენს?!

მოდით ისევ მასებს დავუბრუნდეთ. იგი ერთგვარ სოციალურ შავ ყუთს წარმოადგენს, რომელშიც ყველა მიზანი და ამოცანა, ყველა მისწრაფება ინვერტირებულია; იგი უარყოფითი სტატიკური ელექტრობის თავისებური წყაროა. სწორედ მასებში უნდა ეძიო სოციალური სიძულვილის, უარყოფის და პოლიტიკური გულგრილობის ფესვები. რადგანაც, როგორც ზიმელი ამბობს, „არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე უარყოფა… და ფართო მასები – რომელთაც არ ყოფნით ძალა, რათა საკუთარ თავს საერთო მიზანი დაუსახონ – უარყოფაში აცნობიერებენ თავიანთ არსებას“. აზრი არა აქვს შეკითხვას, რას ფიქრობენ ისინი, ან როგორია მათი ნება. მათ ნება უბრალოდ არ გააჩნიათ. ისინი უარყოფის უკუნში ცხოვრობენ და თავიანთ მიზანს ნეგატიურობაში ხედავენ. ისინი გაურკვეველი პოტენციით ხასიათდებიან, მხოლოდ ზიზღი და უარყოფაა მათი ძალა, უპირველეს ყოვლისა კი კულტურისა და ორგანიზაციის ყველა იმ ფორმის უარყოფა, რომელიც მათ არ ესმით. მათ ეზიზღებათ პოლიტიკური რეჟიმი (რაც კონფორმიზმსაც არ გამორიცხავს), პოლიტიკური ამბიციები და ძალაუფლების ტრანსცენდენტულობა. თუკი პოლიტიკურ არჩევანსა და პოლიტიკურ განსჯებს ვნება ახასიათებს, პოლიტიკისადმი ზიზღი ძალადობას შობს. სწორედ ამაში მდგომარეობს ზიზღის საფუძველი, რომელიც თავის გამოხატულებას არა მხოლოდ დანაშაულსა და რასიზმში პოულობს, არამედ ჩვეულებრივ გულგრილობაშიც, რადგანაც ზემოთქმული ეხება არამხოლოდ მასას, არამედ ყოველ ინდივიდსაც იმდენად, რამდენადაც იგი, საკუთარ ნიჟარაში გამოკეტილი, თავის თავზე ორიენტირდება და დესოციალიზირდება და ამიტომ იქცევა მასად. ტრადიციული ძალადობის მიზეზი ჩაგვრა და კონფლიქტი იყო, ზიზღი კი მჭიდრო ურთიერთობასა და კონსენსუსის ატმოსფეროში იშვება. ჩვენი ეკლექტური კულტურა – ესაა დაპირისპირებულ საწყისთა პრომისკუიტეტის კულტურა, კულტურულ melting – pot (ტიგელი)-ში არსებული ყველა შესაძლო განსხვავების თანაარსებობა. მაგრამ მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ: სწორედ ასეთი კულტურული მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა და სინერგია ახდენს გლობალური უკურეაქციის პროვოცირებას. სინერგია ალერგიას იწვევს. ზედმეტ ზრუნვას დამცავი საშუალებების დასუსტებასა და იმუნიტეტის გაქრობამდე მივყავართ; უსაქმოდ დარჩენილი ანტისხეულები თავად ორგანიზმს უჯანყდებიან. ასევეა ზიზღის ბუნებაც: როგორც სხვა თანამედროვე ავადმყოფობა, იგი თვითაგრესიისგან და ავტოიმუნური პათოლოგიიდან მოდის. ჩვენ უკვე გვიჭირს მეტროპოლიებში გამეფებული ხელოვნური იმუნიტეტის ატმოსფეროში ცხოვრება. რაღაც ცხოველს დავემსგავსეთ, რომელსაც ბუნებრივი მტერი აღარ ჰყავს და ამიტომ იგი გაქრობისთვის, ან თვითგანადგურებისთვის არის განწირული. იმისათვის, რათა როგორმე ავიცილოთ თავიდან „სხვის“, მტრის, არასახარბიელო ვითარების გაქრობა, ჩვენ სიძულვილს მივმართავთ, რომელიც გარკვეული სახის ხელოვნური, უსაგნო, უშინაარსო გასაჭირის გაჩენას უწყობს ხელს. ამგვარად, სიძულვილი თავისებური ფატალური სტრატეგიაა, რომელიც მშვიდი არსებობის წინააღმდეგაა მიმართული. იგი მთელი თავისი ორაზროვნების მიუხედავად, ჩვენი სამყაროს გულგრილობის წინააღმდეგ მიმართულ თავგანწირულ პროტესტს წარმოადგენს. და თავისი ამ თვისებით, ცხადია, მეტად აკავშირებს ადამიანებს, ვიდრე კონსენსუსი ან მჭიდრო ურთიერთობა.

სიძულვილსა და ძალადობას შორის მკვეთრი განსხვავება არსებობს. ისტორიულ ძალადობას ან ვნებებითა და გარკვეული მისწრაფებებით გამოწვეულ ძალადობას თავისი საგანი ანუ მიზანი აქვს, ერთი სიტყვით მას მტერი ჰყავს. სიძულვილს კი არაფერი ამდაგვარი არ გააჩნია, იგი სავსებით სხვა მოვლენაა. გადასვლა ძალადობიდან ზიზღისკენ მოასწავებს კონკრეტული ვნებებიდან უსაგნო, უშინაარსო ვნებებზე გადასვლას.

კოლექტიური მისწრაფებების, კოლექტიური ძალადობის ძირითადი ფორმები შეიძლება შემდეგნაირად დალაგდეს: საკრალური, სამსხვერპლო რისხვა – ისტორიული ძალადობა – სიძულვილი როგორც ძალადობის წმინდა და არადიფერენცირებული, ვირტუალური ფორმა. უკანასკნელი, შეიძლება ითქვას, მესამე ტიპის ძალადობას წარმოადგენს, რომელიც ამჟამად მეორე სახის ძალადობასთან, ტერორიზმთან თანაარსებობს, ისევე როგორც ყველა სახის ვირუსულ ინფექციებსა და ეპიდემიურ ფორმებთან თუ ჯაჭვურ რეაქციებთან ერთად. სიძულვილი უფრო ირეალურია, უფრო მოუხელთებელია თავის გამოვლინებებში, ვიდრე უბრალო ძალადობა; ეს კარგად ჩანს რასიზმისა და დამნაშავეობის მაგალითზე. აი რატომაა ძნელი მასთან ბრძოლა როგორც პროფილაქტიკური, ისევე რეპრესიული ხერხებით. შეუძლებელია ზიზღის მიზეზის მოსპობა, რადგანაც შეუძლებელია მასში რაიმე ექსპლიციტური მოტივაცია იპოვო. მას ვერ უძრავჰყოფ, რადგანაც არაფერია სიძულვილის მამოძრავებელი ძალა. ვერ დასჯი, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში მას საკუთარი თავისთვის გამოაქვს განაჩენი.

რამდენადაც ჩვენს საზოგადოებაში აღარაა რეალური ძალადობა – გარკვეულ ობიექტზე მიმართული ისტორიული, კლასობრივი ძალადობა – მასში ვირტუალური, რეაქტიული ძალადობა იქმნება. პარადოქსულია, მაგრამ სიძულვილი, რომელიც არქაული, პირველადი მისწრაფება შეიძლება მოგვეჩვენოს, სინამდვილეში მოწყვეტილია თავის საგანსა და მიზანს (დღეს მიღებულია კულტურის „ქსეროქსულ” დონეებზე საუბარი, იგივე შეიძლება ითქვას „ქსეროქსულ” ძალადობაზეც). ამიტომაა სიძულვილი დიდი მეტროპოლების თანადროული მოვლენა. თუმცა, იგი თავისებური სიცივით გამოირჩევა. ეს გულგრილობის პირმშო (გულგრილობის, რომელსაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ) ასევე განურჩევლად შეიძლება ნებისმიერს გადაედოს. მასში არაა დამაჯერებლობა, აღტყინება, acting out (გათამაშება)-ით ამოწურავს თავს და ხშირად საკუთარი ხატის შექმნით კმაყოფილდება, ძალადობის ხანმოკლე აფეთქებით; თანამედროვე გარეუბნული დამნაშვეობა ამის მაგალითად გამოდგება.

სიძულვილი, როგორც დამცავი უკურეაქცია, თავად სისტემიდან წამოსული ძალადობის ახალი ფორმის საპასუხოა. ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყოს ძალადობის პირველადი ფორმა: ესაა აგრესიასთან, დათრგუნვასთან, თვითნებობასთან, ძალის დემონსტრირებასთან, დამცირებასთან და ძარცვასთან დაკავშირებული ძალადობა – ერთი სიტყვით, ცალმხრივი ძალადობა, რომელსაც ძლიერი ახორციელებს სუსტზე. ამგვარ ძალადობაზე პასუხი შესაძლებელია საპირისპირო ძალადობა იყოს: ისტორიული, კრიტიკული ძალადობა, ნეგატიურობის ძალადობა. იქნება სისტემასთან ურთიერთობის გაწყვეტა, ტრანსგრესია (ანუ ანალიზის, ინტერპრეტაციის, საზრისის ძალადობა). ყველაფერი ეს გარკვეული მიმართულების ძალადობაა, მისი ნაირსახეობები და მათ თავისი დასაწყისი და დასასრული , მიზნები და შედეგები აქვს და გარკვეულ შეფარდებაში იმყოფება ძალაუფლების, ისტორიის, საზრისის ტრანსცენდენტურობასთან. ყველაფერ ამას უპირისპირდება ძალადობის ამჟამინდელი ფორმა. იგი უფრო დახვეწილია, ვიდრე აგრესიის ძალადობა; ესაა გადარწმუნების, დაშოშმინების, ნეიტრალიზაციის, კონტროლის ძალადობა – მას უმტკივნეულო განადგურებისკენ მივყავართ. ესაა თერაპიული, გენეტიკური, კომუნიკატიური ძალადობა – ძალადობა, რომელიც კონსენსუსიდან და იძულებითი თანაცხოვრებიდან იშვება, ესაა გარკვეულწილად სოციალურობის კოსმეტიკური ქირურგია. ესაა გამჭვირვალე და უვნებელი ძალადობა; სხვადასხვა საშუალებით, პროფილაქტიკური ზომების მიღებით (ფსიქიკური რეგულაცია იქნება ეს თუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ განხორციელებული რეგულაცია) იგი ცდილობს ამოძირკვოს ბოროტების ფესვები და ამით ნებისმიერი სახის რადიკალიზმიც აღმოფხვრას. ესაა სისტემის ძალადობა, რომელიც ნეგატიურობის გამოვლინებას ახშობს (მათ შორის, ნეგატიურობის უკიდურეს ფორმას, სიკვდილს). ესაა საზოგადოების ძალადობა, სადაც ნეგატიურობას, კონფლიქტურობას, სიკვდილს უარი ეთქვა. ესაა ძალადობა, რომელიც გარკვეულწილად თავად ძალადობასაც კლავს, ამიტომაც ამგვარ ძალადობაზე ვერ უპასუხებ იგივეთი, იძულებული ხარ სიძულვილით უპასუხო.

თუმცა ყველაზე უფრო მკაცრი აკრძალვა, განსხვავებულობის აკრძალვაა. „სხვის“ ფუნდამენტური პრობლემისათვის ერთგვარი „საბოლოო გადაწყვეტილება“ (განადგურება იგულისხმება) მოიძებნა: კომუნიკაციის უნივერსალურ ქსელში ჩართვა. ამ ტრანსპოლიტიკურ ახალ წესრიგში გვემუქრება არაიმდენად საკუთარი თავის დაკარგვის (Verfremdung „გასხვისება“), არამედ ყველაფერ დანარჩენის, ნებისმიერი სახის განსხვავების (Entremdung „განდგომა“) გაქრობის საშიშროება. ჩვენ უკვე აღარ განვიცდით გასხვისების პროცესს, არ ვიქცევით სხვად, უკვე აღარ გვართმევენ ჩვენს თავს „სხვის“ სასარგებლოდ, არამედ „სხვას“ გვართმევენ „იგივესთვის“; სხვა სიტყვებით, ჩვენ გვართმევენ ნებისმიერ განსხვავებულობას, უჩვეულობას და გაიგივების უსასრულო პროცესში „ერთსა და იმავეს“ გამეორებისათვის გვწირავენ; ესაა უკვე იგივეობის უნივერსალური კულტურა.

აქედან ჩნდება გაბოროტების საშინელი გრძნობა, საკუთარი თავის სიძულვილი. ეს არაა „სხვის“ მიმართ სიძულვილი (რასიზმის სტერეოტიპიდან და მისი ზედაპირული ინტერპრეტაციიდან გამომდინარე), არამედ სხვაობის გაქრობის გამო გაჩენილი ზიზღი.

სიძულვილი (რასიზმი და ა.შ.) უფრო განსხვავებულობის ფანატიზმია, ვიდრე „სხვის“ უგულვებელყოფა. იგი ცდილობს დაკარგული „სხვის“ კომპენსირებას, მიმართავს ეკზორციზმს და ქმნის ხელოვნურ „სხვას“. ლობოტომირებულ სამყაროში, სადაც კონფლიქტები მყისვე ლოკალიზდებიან, სიძულვილი ცდილობს ააღორძინოს განსხვავებულობა თუნდაც იმიტომ, რათა იგი გაანადგუროს, ცდილობს თავიდან აიცილოს ფატალური იგივეობა, აუტისტური თავკერძობა, არადა, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ სიტუაციაში ვიცხოვროთ. სხვა გამოსავალი არც არსებობს (მსოფლიო კულტურის განვითარების თანამედროვე ეტაპიდან გამომდინარე). რა თქმა უნდა, ესაა გაბოროტების კულტურა, მაგრამ „სხვაზე“ გაბოროტების მიღმა, უნდა დავინახოთ საკუთარ თავზე, თვითების დიქტატურაზე და იგივეობაზე გაბოროტებაც და ეს გაბოროტება შესაძლოა დამანგრეველიც აღმოჩნდეს.

სიძულვილი ანორმალური გრძნობაა (იგი უნდა განვასხვავოთ ძალადობისგან, როგორც საპირისპირო აქტისგან, რადგანაც ძალადობა სოციალურობისა და ისტორიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს). სიძულვილს არა აქვს ისტორია. იგი სოციალურობისა და ისტორიის დასასრულისთვისაა დამახასიათებელი. როცა სისტემა აღვსების სტადიას, უნივერსალობას მიაღწევს (ანუ მიაღწევს თავისი ყველა შესაძლებლობის ამოწურვის ვირტუალურ სტადიას), იგი ავტომატურად გადაიქცევა ანორმალურ სისტემად და ჩნდება მძაფრი რევერსიის საშიშროება. როცა თავად სისტემა აღმოჩნდება განდგომილ-განკერძოებული, უმტროდ დარჩენილი, მას უკვე გრავიტაციული კოლაფსი ემუქრება. სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა ჩვენ და სიძულვილი ერთდროულად წარმოადგენს ამ კრახის სიმპტომსაც და აგენტსაც; იგია სოციალურობის, განსხვავებულობისა და თავად სისტემის დასასრულის ოპერატორი, რადგანაც, ფაქტობრივად, სისტემის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სისტემის წინააღმდეგვე შემობრუნდება.

ამგვარად, სიძულვილი, მთელი თავისი ორაზროვნებით უნდა განვიხილოთ, როგორც თანამედროვე სამყაროსა და ზოგადად კონფლიქტურობის დასასრულისთვის დამახასიათებელი ბუნდოვანი გრძნობა. ეს თითქოს ისტორიის დასასრულიცაა; თუმცა პარადოქსია, მაგრამ ისტორია არასდროს დასრულებულა, რადგანაც მის მიერ დასმული პრობლემები საბოლოოდ არასდროს გადამწყდარა. უფრო ისტორიის დასასრულს იცილებენ თავიდან, როცა არცერთ პრობლემას არ წყვეტენ. თანამედროვე სიძულვილშიც სწორედ ამის გამო იგრძნობა წუხილი.

ჩვენ ყველას გვძულს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენზე არაფერი არაა დამოკიდებული. გვინდა, ეს სამყარო, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სასრული გავხადოთ, მიზანი დავუსახოთ მას. სიძულვილს ემატება სისტემის დანგრევის სურვილიც, ამით თითქოს გზას გავუკაფავთ რაღაცას, რაც გარედან მოდის; ეს რაღაცა კი „სხვაა“. ეს გულცივი ფანატიზმი გამოწვევისა და იმედის მილენარულ ფორმას მოიცავს. მახსენდება კოლოქვიუმი სამყაროს დასასრულის შესახებ, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ გაიმართა ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუზე. ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო: რა შესანიშნავი იდეაა კოლოქვიუმისათვის ნიუ-იორკის არჩევა, იგი ხომ სამყაროს დასასრულის იდეალური ეპიცენტრია. მეორე რეაქცია: აბსურდულია, რომ თემას აქ, ნიუ-იორკში ვარჩევთ. მსოფლიო მეტროპოლია ხომ სწორედ სამყაროს დასასრულის რეალურ განხორციელებას წარმოადგენს. ეს პროცესი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, რა აზრი აქვს განსჯებს მის შესახებ…?! მაგრამ ბოლოს და ბოლოს გაირკვა, რომ ინტელექტუალთა ეს შეკრება, სამყაროს დასასრულის ბანალური რეალობის მიუხედავად, მიზნად ისახავდა სწორედ სამყაროს დასასრულის „იდეა“ ეხსნა, სამყაროს დასასრულის უტოპია ეხსნა. დღესაც ამას ვაკეთებთ აქ, ახლა, საუკუნის დასასრულს.

აპოკალიფსის ავტორები მეთოდური ადამიანები იყვნენ. ისინი ეპისტოლეებს უგზავნიდნენ ერთმანეთს, იმის ნაცვლად, რომ თავად ანტიქრისტეს აზრი გაერკვიათ.

© “არილი

Facebook Comments Box