პროზა

რატი რატიანის ფანჯრიდან

მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.

ამიტომაც დაიწყო არილმა ახალი რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.

მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.

„არილიდან“ თაკო წულაია რომ დამიკავშირდა, ამ რუბრიკისთვის ხომ არ დაწერო, მაშინღა დავფიქრდი. აქამდე არასდროს დამიწერია, რა როლს ასრულებს ფანჯრები ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ ასეა – ჰაერს, წყალს, საჭმელს მარტო მაშინ ვაფასებთ, როცა არ გვაქვს. ზოგიერთი ჩვენგანი – ფანჯრებსაც. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. გადატანით მნიშვნელობაზე ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ ფანჯრებისადმი ჩემს სიყვარულს რაღაც ფუნდამენტურში აქვს ფესვები გადგმული – დამკვირვებლები ყველაზე ხშირად ფანჯრიდან გითვალთვალებენ.

დამკვირვებელი რომ ვიყავი, ეს ძალიან ადრე გავაცნობიერე. 14-15 წლის ასაკში ვინმეს რომ ეკითხა, რა გინდა გამოხვიდე, უყოყმანოდ ვეტყოდი, დამკვირვებელი-მეთქი. მაგრამ არავისთვის მითქვამს თითო-ოროლა ახლო მეგობრის გარდა. ასე უბრალოდ ვერავის გააგებინებ, დამკვირვებელი რა ხილია. რომ საკუთარ ცხოვრებაში მონაწილეობას მარტო გაუთვალისწინებელი შემთხვევები გაიძულებს ან განსაკუთრებული ადამიანები. როგორ გინდა, ასეთი რამე აუხსნა ოჯახის მეგობარს, რომელიც ელოდება, რომ ეტყვი – „მინდა ჟურნალისტი გამოვიდე, ექიმი, კოსმონავტი, მაღაზიის გამყიდველი“. მაგალითად, მამაჩემს ვერაფრით ვერ ვეტყოდი. იმ ერთ თვეში, რომელიც ცხოვრებაში პირველად გავატარეთ ერთად, ყველანაირად სცადა ჩემი დარწმუნება, რომ ბუღალტერია ან იურისპრუდენცია იდეალური პროფესია იყო. მე კიდევ რეჟისორობისკენ ვიქაჩებოდი. მაგრამ ეს სხვა ამბავია.

დამკვირვებლის როლმა განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრება, რომელში მონაწილეობის სურვილიც არასოდეს მქონია (ქათმისა და კვერცხის ამბავს ჰგავს). გამიმართლა, რომ დამკვირვებლად ყოფნის საუკეთესო გზასაც მივაგენი. მწერალი გავხდი. ოღონდ იმ შორეულ წარსულში ამის თქმისაც მრცხვენოდა. გიჟად ჩამთვლიდნენ (არც უამისობა იყო) ან დამცინებდნენ. იმიტომ რომ მწერალი იყო ვაჟა-ფშაველა, რუსთაველი, ჭავჭავაძე, ჯანდაბას, შექსპირიც. მე კი მოზარდი გოგო ვიყავი და არც ისე დალაგებული. რა მწერალი უნდა გამოსულიყო ჩემგან, როცა ბოლო კლასებში სკოლაზე გული ავიცრუე და არც პირდაპირ უნივერსიტეტის ხახაში შემიყვია თავი. ცალკე გადავედი საცხოვრებლად, ვმუშაობდი და რაღაცებს ვწერდი. საოცარია, მაგრამ მიბეჭდავდნენ კიდეც. რა თქმა უნდა, კარგია, როცა მოთხრობას გიბეჭდავენ, მაგრამ… კარგი რა! რა პროფესიაა ეს?! სად მოვა იურისპრუდენციასთან.

შორს წავედი. ფანჯარას დავუბრუნდები.

ერთი მხრივ, ფანჯარა გასაქცევი გზა იყო. მაგალითად, სკოლაში. როცა ყურში მასწავლებლის მონოტონური ხმა ჩაგბზუოდა, თავმობეზრებული კლასელები კი ამთქნარებდნენ და არაფერი ხდებოდა, ფანჯარა ამ მონოტონურობისგან თავის დაღწევის გზა იყო. დარწმუნებული ვარ, მარტო ჩემთვის არა. რა ხედიც არ უნდა ყოფილიყო – აკაციის ტოტები თუ პატარა სახლი ქუჩის გადაღმა, აგურის ღობით – იმ ჟანგბადივით ვისუნთქავდი, რომელიც კლასში აღარ იყო.

მაგრამ ყველაზე ხშირად, ფანჯარა მაინც თავშესაფარია, სადამკვირვებლო პოსტი. შეიძლება, ქვიშისფერ, დაღარულ კედელს უყურებდეს, როგორც ჩემი ძველი სახლის პატარა, მონჯღრეული ფანჯარა და მარტო ცის ნაგლეჯი ჩანდეს. რა მნიშვნელობა აქვს. ფანჯარა ჭუჭრუტანაა იმ სამყაროში, საიდანაც გამოიპარე, რომ გეთვალთვალა. და რა მნიშვნელობა აქვს, წინ ბეტონის კედელი გაქვს თუ თვალუწვდენელი ჰორიზონტები და თოვლიანი მწვერვალები – ეს სამყარო შენს თავშია და იმ ქვიშისფერ კედელზე პროექციით გადის ეს წარმოსახვითი სურათები. გაზაფხულზე ფანჯრიდან მეზობლის ეზოში აყვავებული ტყემლის ხის და სველი მიწის სუნი აღწევს, სხვის სამზარეულოში შემწვარი კარტოფილის, სხვისი ფანჯრიდან გამომავალი სხვისი ცხოვრების ხმები.

ფანჯარასთან ჯდომის მაგივრად, კარტოფილს თუ წვავ, ამდენს ხომ ვერ იფიქრებ?

ბოლოს, მთავარი მაინც ჩარჩოა. ჩარჩოებს მიღმა იდუმალებაა, ქაოსი, ცხოვრება, უმსგავსობა, რომელშიც არაფრით არ გაყოფ თავს, მაგრამ შეგიძლია წარმოიდგინო. წარმოიდგინო, როგორ უკაკუნებს პიანინოს შინაბერა მეზობელი ანტიკვარიატით სავსე სახლში, სადაც ყველაფერი ახლახან გარდაცვლილ დესპოტ დედას აგონებს. იქნებ მერე ამ თავისუფალი ტყვის ფიქრები ცისფერთვალება, ზომიერად ფერხორციან მამაკაცსაც გადასწვდეს, ოდესღაც რომ ეპრანჭებოდა, მაგრამ დედამისისთვის საკმარისად კარგი მაინც არ იყო. ფანტასტიკის ჟანრის მწერლები უცნობ პლანეტებსაც წარმოიდგენენ, მაგრამ მე ასეთ ყოფით სურათებს ვერ გავცდი.

საბოლოოდ ხომ ჩარჩოში აქცევ ყველა წიგნს, ყველა ნაწერს, ძაფებს ჩაჭრი და საქსოვ ჩხირებს გვერდზე დებ. უსასრულოს ასრულებ. 

© არილი

Facebook Comments Box