პოეზია

რატი ქართველიშვილი – ლექსები

rati karvtvel-232

* * *
ღმერთი ზღვასა ჰგავს
სიზმრად რომ ვნახე
და გაღვიძებულს გადამავიწყდა,
მერე კი ცრემლი წამომივიდა
და მისმა გემომ კვლავ გამახსენა:
ბავშვობა, ცირკი და ის კლოუნი
ჩემს გაცინებას რომ შეეცადა,
მე კი შემრცხვა და ჩუმად ავტირდი.

 

დედას

მინდა ხელში აგიტაცო
და მზედ გაქციო,
რომ შენი სხივით განათდეს ზეცა,
რომ შენი ნათლით ამენთოს თვალი,
რომ ჩვენი ძველი ზაფხულის სახლი
ისევ აივსოს ჭრელი ფუტკრებით
და სურნელებით მაისის თაფლის;
რომ გაბზარული ფანჯრების მინებს
აზანზარებდეს მტრედის ღუღუნი,
როგორც ბუზღუნი დილით მოხუცის –
ძვირფასი ექო ჩვენი წარსულის.
მინდა, რომ ისევ შემოგვესმოდეს
ჩუმი ჭრიჭინი მარწყვივით ტკბილი ძველი ბაღისა,
როგორც ჭრიალი ჩვენი ბოხვერა კაკლის კარადის
და მისი სარკის ცისარტყელები
ზანზალაკივით აწკრიალებდეს
უცნობი ბავშვის სულის კივილებს;
მტვრიან ლამპასთან ვიღაც ფურცლავდეს
ნაცნობი წიგნის ძვირფას სიმღერებს:
შორი ტყიდან მონაბერი
სიო ფარდას კვლავ არხევდეს
და მის კალთის აწევისას
შენი კაბის ჩრდილს აჩენდეს…
მინდა ხელში აგიყვანო,
როგორც პატარა,
და მზის კოცონში, როგორც კოცნაში დაგწვა,
რომ შენი ფერფლის მსუბუქი ფიფქით
გადაიპენტოს მთელი სამყარო,
რომ შენი სული, თეთრი კვამლივით,
ამ ცოდვილ მიწას გადაეფაროს.

 

* * *
საოცნებო ზღვა და ცაა,
ბინდი უყვართ ლიანებს,
გათენდება სადაცაა,
შენ კი სულ იგვიანებ.

დაფნისა და პალმის ჩეროს
ფანტომები გროვდება,
სიყვარული, დავიჯერო,
ახლა არ გაგონდება?

ღამით ზღვა და არა დღისით,
ჩრდილი ცისფერ აფრისა,
დასასრული, დასაწყისი
უშორესი ზღაპრისა.

საოცნებო ზღვა და ცაა,
მთვარე ეტყვის ლიანებს:
გათენდება სადაცაა,
ის კი – დაიგვიანებს.

 

* * *
ო, როგორ მიყვარდა
ძვირფასი ტუჩები,
ვნების გახელება
და კოცნა ურჯულო,
ნაცნობი სოფელი,
ბაღი ალუჩებით
და ტყეთა სიხშირე
უხმო, უჩურჩულო.
მახსოვს ადგილები
ხეთა საყვარელი,
დგანან იქ ცაცხვები
ტოტებგაჩურჩული,
ბაღის ბილიკებზე
არც ხმა, არც ჩურჩული,
ფოთლები დამათოვს
ყვითელი, ყვითელი.

 

* * *

ხშირად ვიხსენებ ამ ბოლო დროს, რა ძვირფასია
ხანა გრძნობების მოგიზგიზესი,
რომ სიყვარული ერთადერთი სილამაზეა,
სილამაზეთა  კიდევ მიზეზი.

და ახლა,როცა მე ვიგონებ გულს ცეცხლის ალთა
და რევას იმგვარს თუ რას არქმევდა,
დაეცა ბაღებს შუქი მკრთალი და აკანკალდა;
ო, რა მოწყენით ვდგავარ სარკმელთან.

ზამთრის ბნელ ღამეს მოგონებას დაეწვეთება
ვარდი ნაზარდი წყლებით ლეთისა,
და სიზმრისაა ყვავილები, როცა ედება
მზე ჩამავალი დასავლეთისა.

* * *
მამა, ძვირფასო, მე შენ გიპოვე,
ვით ძველი წიგნი წაუკითხავი
და მის გვერდებზე შემორჩენილი
ვარდის გამხმარი ერთი ფურცელი,
როგორც სარჩევი, თითქოსდა ჩემთვის
იქ საგანგებოდ დატოვებული.

* * *

მაშინ როდესაც ყველას ეძინა
გულს უცნაურად რად გაეცინა?
ალბათ ვერხვი და მწუხარე ხვია
ჩემს მოგონებებს გადაეხვია.

© არილი

Facebook Comments Box