ახალი ამბები

რატომ დავიწყე წერა – 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, აბდულრაზაკ გურნა

„ვირჯინია ვულფის მსგავსად, 10 წლის ასაკში არ მიფიქრია, ცხოვრება წერისთვის მიმეძღვნა,“- ამბობს ტანზანიელი ნოველისტი, აბდულრაზაკ გურნა, რომელსაც 2021 წელს ნობელის პრემია გადაეცა კოლონიალიზმის შედეგებისა და ლტოლვილთა ბედის უკომპრომისო და თანაგრძნობით სავსე გააზრებისთვის.

რევოლუციური გადატრიალებისას მშობლიური ზანზიბარიდან დიდ ბრიტანეთში გაქცევის შემდეგ, მწერალმა ახალგაზრდობის წლები სიღარიბისა და გარიყულობის წნეხის ქვეშ გაატარა. უადგილობის განცდით გამოწვეულ ბურუსში გასარკვევად ჩანახატების წერა დაიწყო საკუთარ იდენტობაზე, სახლზე, სამშობლოს ხსოვნასა და ახალ საცხოვრებელთან გამკლავების გზებზე. დროთა განმავლობაში გაანალიზა, თუ როგორ ითხზვებოდა და ვრცელდებოდა მისი კულტურის ირგვლივ დამამცირებელი სტერეოტიპები, გამარტივებული და დამახინჯებული ნარატივები, რამაც ხმის ამაღლების სურვილი გაუძლიერა: „დავუსვი თავს კითხვა, რას ვუპირებდი ჩემს რეფლექსიებს, რის შემდეგაც ჩაწერის ნაცვლად დავიწყე წერა.“

მწერლისათვის ლიტერატურა იქცა გზად ესაუბრა ადამიანებზე, რომელთა ამბებს არქივები არ შემოინახავდა; მიკერებულ იარლიყთა საპირისპიროდ, მოეყოლა მათი ავთენტური და კომპლექსური ისტორიები: „მჯერა, რომ მწერალმა უნდა აჩვენოს შესაძლო რეალობა, რომელიც, სხვათა ზიზღის მიუხედავად, ინდივიდს თავდაჯერებულს გახდის“.

ყოფილ კოლონიებთან ბრიტანეთის ურთიერთობაზე საუბრისას გურნა პოპულარულ დისკურსთა შერჩევითობას უსვამს ხაზს: „ისინი მხოლოდ ინდოეთის მსგავს მომხიბლავ ისტორიებს იცნობენ.“ ამის შესაცვლელად კულტურებმა საკუთარი ვინაობა თავად უნდა გააცნონ მსოფლიოს. „ლიტერატურას კი შეუძლია აკადემიურ წყაროებსა და საზოგადოებრივ ცოდნას შორის უფსკრულის შევსება. ვიმედოვნებ, რომ მკითხველი იფიქრებს – „ეს არ ვიცოდი“ და სურვილი გაუჩნდება, მეტი გაიგოს.“

მივიწყებულთა ისტორიებს გურნამ მრავალი მოთხრობა, ესე და 10 რომანი მიუძღვნა, რომლებიც შეუმჩნეველ კულტურათა გაბმულ, ერთიან ხმად იქცა.

© არილი

Facebook Comments Box