რეზო გაბრიაძე, ქუთაისი ქალაქია (რომანი). ყდის დიზაინი ლევან გაბრიაძისა. თბ. “სანი”, 2002.
დედაჩემი ქუთაისელია, ბიძაჩემი კი დღესაც ქუთაისში ცხოვრობს და ამიტომ ხშირად გვიწევდა ამ ქალაქში ჩასვლა. ჩავსხდებოდით მამაჩემის წითელ “ნოლ დვა”-ში და გავუყვებოდით ხოლმე დაზეპირებულ გზას. ქუთაისს ბოლო წლებშიც ვესტუმრე რამდენიმეჯერ, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ის 20 წლის წინანდელი ქუთაისი დამამახსოვრდა. მაშინ 7-8 წლისა ვიყავი და იქ ჩასული, ძირითად დროს ბიძაჩემის სამუშაო ოთახში ვატარებდი, უჯრების ამოტრიალებითა და დამტვერილი წიგნების ქექვით ვიყავი დაკავებული. შუალედებში ქალაქში გავდიოდით ხოლმე და დღესაც, შეიძლება ითქვას, მაშინდელი თვალით დანახული ქუთაისი უფრო უკეთ მახსოვს, ვიდრე რამდენიმე წლის წინანდელი. იმდროინდელი მოგონებები დღემდე გაუხუნარია ჩემთვის და ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ერთი უცნაური კაციც იყო, რომელიც თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა. ეს კაცი ბიძაჩემის სიმამრი (ანუ, ბიცოლაჩემის მამა) გახლდათ, ვალიკო მიზანდარი. ვალიკო მოქანდაკე იყო, როდენის მოსწავლის, იაკობ ნიკოლაძის მოსწავლე.
მაშინ მეც ქანდაკებაზე დავდიოდი (უფრო სწორად ძერწვაზე), გადავადნობდი ხოლმე ფერად-ფერად პლასტელინს, დავამაგრებდი ფიცარზე “კარკასს” და ვიწყებდი “ტინტყლაობას”, ხან რას ვძერწავდი, ხან რას. პირველი გაკვეთილები ვალიკომ ჩამიტარა და ჩემგან რომ მოქანდაკე გამოსულიყო, ვიტყოდი, როდენის მოსწავლის მოსწავლის მოსწავლე ვარ მეთქი, მაგრამ ვერ ვივარგე, გატყდა ჩემი საჭრეთელი.
ერთხელ, დიდი ხნის წინ, მახსოვს, ბიცოლაჩემს, მანანას ვკითხე, “მიმინოში” რომ ვალიკო მიზანდარია, ვალიკო ბაბუასთან რა საერთო აქვს მეთქი და სწორედ მაშინ გავარკვიე, რომ რეზო გაბრიაძე ვალიკოს მოსწავლე ყოფილა, ხატვაც მისგან უსწავლია და ა. შ. მოგვიანებით, აგული ერისთავშიც ამოვიცანი ვალიკოს სახე – ფილმში, რომელიც ასევე რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით იყო გადაღებული. როცა ყველაფერი ეს გავარკვიე, ვალიკო მიზანდარი ცოცხალი აღარ იყო, სამაგიეროდ მისგან გაგონილი ამბები შემორჩა მეხსიერებას. თუმცა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც დღემდე მახსოვს მის მიერ მოთხრობილი ვიღაც ტყვეების ისტორია, მოყინული თითებისა და გაქცევის ამბები და ბევრი სხვა.
რეზო გაბრიაძის ამ უჩველო წიგნის კითხვისასაც არაერთხელ გამახსენდა ვალიკო მიზანდარი და ის უცნაური შერწყმა ქუთაისურისა და რაღაც უცხოსი, ევროპულის, რომელიც ასე ახასიათებდა ვალიკოს და გაბრიაძის “ქუთაისსაც” გამსჭვალავს. ამ წიგნს ორი მთავარი გმირი ჰყავს, გერმანელი ტყვე ოტო შულცი (ანუ ქუთაისურად ოტოია) და პატარა ბიჭი ვარლამი.
წიგნში მოთხრობილი ამბავი ვარლამს “ბავშვობის სიბერეში” გადახდენია, ათი წლის რომ იყო მაშინ. ვარლამს დედა მევიოლინე ჰყოლია (აგრეთვე მკერავი და გერმანულის მასწავლებელი), მამის შესახებ კი მხოლოდ ფოსტის ნომერი ვიცით 12\A\89423\6793. ეს რამდენიმე ნიშანია მისი გვარიც, სახელიც და მოკლე ბიოგრაფიაც. ვარლამი ხშირად ავადმყოფობდა – თავდავიწყებით, წიგნებითა და ფანტაზიებით. როცა ავად ხდებოდა, ყოველი შემთხვევისთვის, სხვადასხვა თერმომეტრით უსინჯავდნენ სიცხეს, თუმცა ყველა ერთი და იმავეს, 38 და 5-ს აჩვენებდა, თიკო ღვინიაშვილის თერმომეტრიც და თამარა კიკნაძისაც. ვარლამის შესახებ ბევრ სხვა რამესაც ვიგებთ, მაგრამ მთავარი მოვლენები პირველი მაისის პარადთანაა დაკავშირებული. სიმაღლის ტრადიციული, წინასააღლუმო გაზომვისას ვარლამს ფეხსაცმელში გაზეთებიდან გამოჭრილ ორ-სამ სანტიმეტრიან ქუსლებს უპოვნიან და აღმოჩნდება, რომ “სავალდებულო” 130-ის ნაცვლად იგი 127 სანტიმეტრის სიმაღლისაა. ამიტომ მას პარადზე არ დაუშვებენ, თანაც ყმაწვილს ისიც უღრღნის გულს, რომ ძმებმა ტიკარაძეებმა, სლიპუიამ და ფეზუიამ, სამაკატკა წაართვეს და სწორედ ამ დროს იჭრება მის ცხოვრებაში ოტო შულცი (რომელიც აქამდე კინაღამ შეეწირა ვარლამის ბაბუისთვის ჩეჩმის რეორგანიზების გმირულ საქმეს). იგი პატარა ბიჭს გამოექომაგება და ქუთაისის ანგელოზსაც არ დაინდობს ორი სანტიმეტრისა და სამი პადშიბნიკის გულისთვის. საქმეში ერევიან ინვალიდებიც, რომელთა პროტესტსაც (“მე თუ მეტრიც აღარ დავრჩი, პარადზე აღარ გამესვლება!?”) პარადის ჩაშლა, დაკითხვა და ათასი სხვა უბედურება მოჰყვება, ბოლოს კი ყველაფერ ამას დიდი ბელადის, სტალინის გამოჩენა აგვირგვინებს, რომელიც წყალტუბოშია ჩამოსული დასასვენებლად… და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ხალისიანი სევდით აღსავსე განძისა, რომელიც ამ რომანში ყოველ ნაბიჯზე პოეტურ მარგალიტებადაა მიმოფანტული.
* * *
“ქუთაისი ქალაქია”-ს წაკითხვის შემდეგ რომელიმე ენამახვილი ქუთაისელი იტყოდა: “ეგია უიჯო რომანი? ეგია პოემა. ამას რავა ეძახი უიჯო რომანს!” და მართალიც იქნებოდა, იმიტომ რომ წიგნი მართლაც გრძელი ლექსივით იკითხება და ძალიან უნდა მოინდომო, რომ ერთი ამოსუნთქვით არ წაიკითხო. ისე, კინოსაც გავს ეს უცნაური წიგნი, კარგ, კეთილ კინოს, კერძოდ და ნიშანდობლივ კი ჟაკ ტატის ფილმებს. პირველი გვერდებიდანვე გამახსენდა ის მაგიური კადრები ტატის “ბიძაჩემიდან”, ათი წუთის განმავლობაში რამდენიმე ძუკნა-დვარნიაშკა “სასტაულებს” რომ ახდენს (სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა) და დახლის ქვეშ დამალული ის ფრანგი მურიკელაც დამიდგა თვალწინ, მყიდველის ჩანთაში “ჩასვენებულ” შებოლილ ქარიყლაპიას რომ უყეფს გააფთრებით, აქაოდა არ მიკბინოს ამ შეჩვენებულმაო.
ასეთი სცენები ბევრი მოიძებნება “ქუთაისში”, ეს წიგნი სავსეა ამგვარი პოეტური უცნაურობებით. ბუზებიდან დაწყებული და ქალაქის ანგელოზით დამთავრებული (მთავარი გმირებისა და მეორეხარისხოვანი ინვალიდების გავლით), ყველა პერსონაჟი რაღაც უცხო კანონის მიხედვით მოქმედებს და სწორედ ეს უცხო კანონია საკითხავ სამოთხეს რომ გვიქმნის ამ ერთი შეხედვით ბანალური ისტორიისგან. ამ უცხო კანონს კი “გაბრიაძის წერის კანონი” ჰქვია.
წერის რეზო გაბრიაძისეულ მანერას ბევრი სახელი შეიძლება მოეძებნოს, ოღონდ ერთი რამ ვერ გამიგია, ასეთი სახელდებისას როგორ უნდა შეაჯვარო ერთმანეთთან სტილი და სიკეთე? ეს ორივე ცნება ხომ ძალზე მნიშვნელოვანია რეზო გაბრიაძის ნაწარმოებებისთვის. ამიტომ გავრისკავ და მის წერის მანერას თხრობით გაკეთილშობილებას ვუწოდებ.
ადრე ზოგ-ზოგიერთი პერსონაჟი თხრობით სიცოცხლეს იხანგრძლივებდა (მაგალითად შაჰრაზადა), აქ კი ავტორის თხრობა პერსონაჟებს აკეთილშობილებს, მათ შორის ისეთ მონსტრებსაც, როგორიც სტალინი იყო. ერთ-ერთ ბოლო სცენაში ქუთაისის ანგელოზი სტალინს ეხვეწება, პროფესიონალი მღვდელი ბრძანდებით, ერთი პატარა წირვა ჩაგვიტარეთო, ხალხიც მოინანიებს და თქვენცო. სტალინს ამ დროს ხილვა ეწვევა: დაინახავს, ვითომ ეკლესიიდან გამოდის ანაფორაში ჩაცმული ჯვრით ხელში, “ფეხზე კალოშები აცვია. წინდაში ჩატანებული აქვს შარვალი, ზურგზე ქერტლი აყრია.”
ზემოთ შემთხვევით როდი ვთქვი, ყველა პერსონაჟი ერთ კანონს ემორჩილება, ბუზებიდან დაწყებული მეთქი. გაბრიაძესთან ყოველი საგანი, ყოველი მწერი თუ ცხოველი ერთიან ქმედებაში ერთვება, აქ ყველაფერი სინქრონულია და ყველა თანაბარია ამ ქმედებაში, რადგან მწერალს ერთი უმცირესი დეტალი ჰყოფნის ამ უშნო რწყილების ჰეროიზირებისთვის და ისინიც ერთად გამოეფინებიან ხოლმე სათაფლიიდან ბანოჯამდე: ლომები, ვეფხვები, ბალანჩივაძეები, გურეშიძეები, ბრეგვაძეები, ფარშავანგები, ალავიძის თხა და ა.შ.
მოდით იასამნებით, ბუზებით, ბეღურებითა და სხვადასხვა მეტეოროლოგიური მოვლენებით დავიწყოთ მათი დახასიათება. მაგალითად ერთი სცენა, ვარლამი ქუჩაში გამოდის, ბნელა, ქუჩის საათი 6 და 14 წუთს აჩვენებს. ისარი ძაგძაგით გადახტება წინ, 15 წუთი ხდება. ბუზები ისრიდან აიშლებიან, ისარი წყნარდება, ბუზები ისარს უბრუნდებიან. ზუსტად ერთ წუთში ისარი ისევ გადახტება, ამჯერად უკან, რა თქმა უნდა ბუზებიც აიშლებიან და ასე გრძელდება უსასრულოდ. ამ წიგნში ფლორისა და ფაუნის ბევრი სხვა წარმომადგენელია. მატარებელში, მაგიდის ქვეშ შეკვეტებული თხა რქებისთვის ადგილს ეძებს და ქვევიდან ურტყამს მაგიდას, ბეღურები ხან მარცხენა თვალით ათვალიერებენ ადამიანებს, ხან მარჯვენათი. სადღაც იქვე, კინოთეატრ “კომუნის” უკან, ჩიხში დგას იასამნის ბუჩქიც. ისე, ტყვილად, მისაფსმელად დგას და მორცხვად ხარობს (ამ ბუჩქიდან ერთხელ, სრულიად მოულოდნელად “ავე მარიაც” გაისმება). ქუთაისის მილიციის პირველი განყოფილების ეზოში კი პალმა კვდება უკვე მეორე წელია. ხანდახან გაიელვებს ძროხისა და ველოსიპედის ნაზი სილუეტი, ხან კი ძაღლები ჩაიქროლებენ: ეს საბრალო ცხოველები ყველაფერს ერთნაირი ხალისით მისდევენ, პურის დროგსაც და ფილხაზია მემაროჟნის ლურჯზოლიან თეთრ ურიკასაც.
ნაწარმოებში ოხრადაა მიმოფანტული სხვადასხვა უცნაური ნივთი, ისეთი, ტომ სოირი რომ სიამოვნებით წააპწიალებდა გადასაცვლელად: პატარა ჯაყვა, ტარზე სადაფის ფირფიტით, ნიკელის ბურთულა, მომპასიეს ჟეშტის კოლოფი, გილზებიდან გაკეთებული ზაჟიგალკები, ჭადის გადასაბრუნებელი ნიჩაბი, თითისტარები, კოვზები, ზურგის მოსაფხანი ჯოხები და კბილის საჩიჩქნები, მინერალური წყლის მუშტუკიანი ჭიქა, სიტრო-ლიმონათის იარლიყები, ნიკელირებული ზამბარა, ველოსიპედის ზარი, ამერიკული ღილი არწივითა და წარწერით, საათის ციფერბლატი, წითელი რეზინა და ვინ იცის კიდევ რა.
ერთ პატარა სივრცეზე (ანუ ერთ ქუჩაზე და ერთ აბზაცში) იპოვით მესაათეს, სამკერვალოს, საპარიკმახეროს, სამხატვრო სტუდიას, ღვინის სარდაფს, ყელ-ყურის ექიმს, საზეინკლოს, უტილის ჩაბარების პუნქტს, რენტგენს, მედოლეს, სააკვნე და საკუბოვე ცეხს.
აგერ, ამდენი რამ ჩამოვთვალე და რომ მახსენდება კიდევ რამდენი დარჩა, თავბრუ მესხმის. მაგრამ ახლა ბევრს აღარ გავაგრძელებ და ადამიანისა და სხვა, აბსოლუტურად არაადამიანური მოვლენების სტატუსთა მონაცვლეობის კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან და დავასრულებ (თანაც ისიც მინდა დავსძინო, რომ ამ შემთხვევებს ვერ დარქმევ უბრალოდ მეტაფორებს).
მაგალითად, ვარლამის ბაბუის წამოსვენებისას, გზაში, პროფესიონალი მოტირლები გამოჩნდებიან. გაიკითხავენ მიცვალებულის სახელს, “ისთე”, ცოლისთვის სახელსაც დააზუსტებენ და შემდეგ რიგრიგობით და ხმამაღლა დაუწყებენ გამოკითხვას ცას, მიწას, ხალხს, მთებს, ხეებს და ღრუბლებს: “ვინ დადიოდა შენზე კარგი ამ ქვეყანაზე? რატო წადი?! რატო მიგვატოვე, არ გცხვენია?!”. ასეთი მარიონეტული პანთეიზმი სხვა ადგილებშიც ხშირად გვხვდება და საერთოდაც, რეზო გაბრიაძის მთელ შემოქმედებას ეს თეატრალური თუ ლიტერატურული წარმართობა ახასიათებს. ამ რომანში ადამიანები (კერძოდ ჯარისკაცები) ქვებივით აწყვია მანქანებში, ან აკაციის ფოთოლივით თრთიან, მცენარეები კი ადამიანებივით ხარობენ და კვდებიან. ვასო მილიციონერს სარდაფიდან უფეხო ინვალიდები ამოაქვს და შეშასავით ყრის, შულცს კი სწორედ იმ მომაკვდავ პალმაზე აყუდებენ. გმირებს ხან აჭარის მთები უღიმის, ხანაც სამეგრელოს, ხან სვანეთიდან მოვარდნილი ქარის ტალღა მიაქანებს, ხანაც გაუთავებელი ქარი სამტრედიიდან.
წიგნში ერთ-ერთი უძლიერესი ეპიზოდია ქარსა და უბედურებაში ნიფხავ-პერანგის ამარა ბაბუას მიერ “ჩეჩმის დალაშქვრის” სცენა. წარმოიდგინეთ, ქარი სამტრედიიდან ქუთაისისკენ ზნიქავს ალვის ხეებს, წელში მოკაკული ბაბუა კი ამ დროს სტიქიონს მიაპობს და ზევით მიიწევს, ჩეჩმისკენ: “ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში, დროშასავით ფრიალებდა გეოლოგის პლაშის ნაგლეჯები, რაც ჩეჩმას სიდიადეს მატებდა. ეზოს თავზე მაღალი ძაბვის მავთულები ერთმანეთს ედებოდნენ, ნაპერწკლებს ყრიდნენ, შხამიანი მწვანე შუქით ანათებდნენ ეზოს. ო, რა მრისხანედ გამოიყურებოდა დღისით ასეთი უბრალო და საწყალი ჩეჩმა!” როგორია? თქვენი არ ვიცი და პირადად მე ამ სცენამ “მეფე ლირი” გამახსენა:
“იჭექ-იქუხე, წვიმა ღვარნე, ცეცხლი აფრქვიე!
წვიმა, გრიგალი, ქარი, ცეცხლი, ჭექა, ქუხილი
ჩემი სისხლ-ხორცნი, ჩემი შვილნი როდი არიან!
თქვენ სტიქიონნო, მე არ გწამებთ ულმობელობას,
სამეფო ჩემი მე ხომ თქვენთვის არ მომიცია….”
ჰო მართლა, ამ ქუხილზე გამახსენდა: რომანში განუწყვეტლივ რაღაცის ხმა ისმის და ზოგს ეს ხერხი შესაძლოა კინემატოგრაფის მარაგიდან აღებული მოეჩვენოს, ზოგს კი სხვა, კონტრაპუნქტული ეფექტის საწინდრად. რადიოდან ხან ხარაგოულის მშრომელთა თხოვნით გაშვებული “სისატურა” ისმის, ხან “მე ვარ სიმონა დოლიძე”-ს გადმოსცემენ, ხანაც პავლე ხუჭუა ჰყვება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ბიოგრაფიას მისივე რექვიემის ფონზე. ორკესტრებიც ჩნდებიან – სამხედრო და აბრეშუმკომბინატის, საიდანაც მესაყვირე გამოეყოფა და “შორი გზიდან სატრფოს ველი”-ს ჩააბულბულებს ხოლმე.
ბავშვები მელოდიას ღიღინებენ ფილმიდან “ჯარისკაცის ბედი ამერიკაში”, რომელიც ჩემი დაკვირვებით “My Melancholy Baby” უნდა იყოს, ბერნეტ-ნორტონის ცნობილი (ამ სიმღერას ფილმში პრისცილა ლეინი მღერის) ჯაზ სტანდარტი.
ყველაფერს ვერ ჩამოთვლი, ყველაფერს ვერ გაწვდები. თანაც საქმეს ისიც ართულებს, რომ ძალზე ძნელია ამ ნაწარმოების ჟანრის გარკვევა. თუმცა ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას, წიგნის აურა საოცრად გადამდებია და პირველად წაკითხვის შემდეგ, გარდა გადაკითხვისა, გარეთ გასვლასა და ქადაგებასაც მოგანდომებს. “რის ქადაგებას ბუჯო?”, ისევ იტყვის ის ჩვენი ენამახვილი ქუთაისელი და სწორედ ეს კითხვა იქნება გონებას რომ გაგვინათებს და აღმოგვათქმევინებს: “ეგი წიგნი, ბიძია-ბაბუებო, სახარებასავითაა, აპოკრიფული სახარებასავით და კუ ნუ გაგიკვირდებათ მაგი ამბავი”.
© “წიგნები – 24 საათი”