ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

რეზო გეთიაშვილი – სიცოცხლე ხანგრძლივად რომ მოგეჩვენოს

WWF-ის კავკასიის ოფისი, მივლინებები, კონფერენციები, რადიოშიც შევხვდით, ერთხელ – აეროპორტშიც… მარტო სივრცეებს თუ ავიღებთ, შეიძლება ჩვენს ურთიერთობას საქმიანიც დაერქვას, მაგრამ ეს „საქმიანი“ რა უხერხული სიტყვაა, როცა ნუგზარ ზაზანაშვილზე წერ.

საქმეს, რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ – იმდენი აკეთა, თან ბოლომდე გამოუვიდა, დიდი და დაუჯერებელი იდეები რეალობად აქცია და მემკვიდრეობა დატოვა, ერთ ქვეყანას კი არა, ხუთს ეყოფა… მაგრამ სხვანაირი იყო, გამჭვირვალე, შენც გხსნიდა, ფიქრს გაწყებინებდა, რომ რა კარგია, თან რა რთული ამბავია, თან კომიკური, მაგრამ დააკვირდი, ზაფხულია, დრო გადის, დაბლა ვულკანური კლდეა, წინ პრომეთეს კარიკატურული ძეგლი დადგეს და შენ კი არა, ეს ძეგლიც დროებითია, რაღაც უმცირეს დროში არსებობს, თუნდაც იმ კლდესთან შედარებით, რის წინაც დადგეს და ამ კლდესაც თავისი დრო აქვს, ჰოდა, ამითაა განსაკუთრებული, ამდენი რამ ხდება, ყველაფერი ერთად, კარგია, ეს დრო, ეს ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, შენს თავს კი არა, შენში ხდება და რა დროს საქმიანი გამომეტყველება და საჭირბოროტო თემებია…

„კარგია მარტო რომ წევხარ აგვისტოში

ღამის მდელოზე

და ვარსკვლავებს შესცქერი

კარგია მარტო რომ არ წევხარ აგვისტოში

ღამის მდელოზე

და ვარსკვლავებს შესცქერით“.

ასე იყო, რაღაც პირადზე მეტისთვის, ურთიერთობაზე მეტისთვის გიწვევდა. ჩემთვის ამას ერთი სახელი დავარქვი: ფილოსოფოსი, ოღონდ მთლად პირდაპირი გაგებითაც არა.

მოკლედ, მე და ნუგზარი მეგობრები ვიყავით. ყველა და ნუგზარი, ვინც იმ ოფისში, იმ მივლინებაში, თუნდაც იმ კონფერენციაზე და ფილოსოფიურად, იმ აეროპორტშიც იყო და თუნდაც იმ რადიოს უსმენდა. ეს დამეგობრება თვითონ გადაწყვიტა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო იმ აეროპორტში და ვინ უსმენდა რადიოს („მწვანე ტალღას“).

მეც თვითონ დამიმეგობრდა. ჩემი ჟამიდან ჟამზე დაწერილ-გადაწერილი მოთხრობები მკითხველს კი არა, მეგობრებს და ჩემს თავსაც ვერ მოვაწონე, მაგრამ ნუგზარს სადღაც წაეკითხა და შემხვდა თუ არა, „საქმეზე“ გადავიდა – ახალგაზრდა კაცი ხარ, შემოსავალი გჭირდებაო და ხელშეკრულება გამიფორმა, მგონი, იმავე დღეს. მისგან წამოსვლის მერეც მგულშემატკივრობდა და დავდიოდი წელგამართული. ზურგს რომ ნუგზარ ზაზანაშვილი გიმაგრებს, რა უნდა გაგიჭირდეს, მთავარია, შენს თავთან იყო მართალი და ესეც რა მარტივია.

ჩემი მასწავლებელიც იყო. ვიტყოდი, რომ ჩემი თაობის, რადგან სხვისგანაც ბევრჯერ მაქვს ეს მოსმენილი და ზოგჯერ – ყველაზე აღმატებულ ფორმაშიც: „მამასავით“.

მის პოეზიაზე ჯერ იმას ვიტყვი, რომ ხშირად უნდა იკითხო, რადგან უკეთესს გხდის, ზუსტად ისევე, როგორც მასთან ურთიერთობა. და მარტო უკეთესს კი არა, კარგად გხდის – ეს კიდევ სხვა განზომილებაა. ამიტომ, ნურაფერს დაელოდებით, განმარტოვდით და გადაშალეთ.

შეიძლება ზოგს გაეცინოს კიდეც ბევრისთვის საყვარელი პოეტის ჩემგან წარდგენაზე, მაგრამ ისეთიც რამდენია, ვინც ეს ჯერ კიდევ არ იცის: თქვენი მარტოობა ხუთ წუთში განათდება და მეგობრის პოვნის ძალიან კარგი გრძნობა გაგიჩნდებათ. მეტიც, მიხვდებით, რომ უყვარხართ და გული გაგითბებათ, რომ თქვენზე ზრუნავს, ათას რამეზე შეუძლია ლაპარაკი, მნიშვნელოვან ამბებს გიყვებათ, დამაჯერებელად, გულწრფელად და ძალიან საინტერესოდ. კითხვისას მოგეჩვენებათ, რომ სადღაც საკუთარი ცოდნაც აღმოაჩინეთ, რომ ეს ყველაფერი ისედაც იცოდით, მაგრამ ამას ვერასდროს გაიგებდით, ეს წიგნი რომ არ გადაგეშლათ. მოკლედ, ყველაფერს თქვენივე გულში და თავში იპოვით:

„კარგია მარტო რომ დგახარ

სასტუმროს ნომრის ფანჯარასთან

და ღამის შუქით განათებულ

უცხო ქალაქს გასცქერი

კარგია მარტო რომ არ დგახარ

სასტუმროს ნომრის ფანჯარასთან

და ღამის შუქით განათებულ

უცხო ქალაქს გასცქერით“.

მეგობრები და მასწავლებლები სხვებიც წავიდნენ, მაგრამ ნუგზართან დაკავშირებით ცოტა სხვანაირადაა – არ წასულა, თავისი თავი დატოვა, მატერიალიზებული. იმის თქმა მინდა, რომ მისი წიგნები არაა „არტ-ხელოვნება“, რომელიც შთაბეჭდილების მოხდენას მხატვრული საშუალებებით ცდილობს. არც ამ მიმართულებას ვაკნინებ, პირიქით, პოეზიაში არტისტიზმი უბრალო შთაბეჭდილებას კი არა, აღფრთოვანებასაც იწვევს ხოლმე, მაგრამ წარმოიდგინეთ და გვერდზე გადადეთ მხატვრული ხერხები, ერთ მეტაფორასაც ნუ გამოიყენებთ და დაწერეთ, თქვით, რისი თქმაც გინდოდათ. შავი ფანქრით წითელი ზოლის გავლებასავითაა. გასაგებია, რომ სიტყვებით ეს ადვილად გამოდის, სიტყვები სიზმრებივით არიან, ვიზუალური ხელოვნებისგან ამით განსხვავდებიან – არა მარტო უყურებ, მათი ნაწილი ხდები.

ასეც წერენ, როლში შესვლის გარეშე, ნუგზარ ზაზანაშვილის სტილში. თავის თავს წერენ, ყვებიან, არ მსახიობობენ, არავის ასახიერებენ, მით უმეტეს, ისეთს, ვინც კიდევ სხვას ასახიერებს. თითქოს რა მარტივია, საკუთარი თავი უნდა იყო, უნდა გადაწერო.

გაციფრულებასავითაა: „მე ცეკვა არ ვიცი, პლასტიკა არ მივარგა, მაგრამ მაინც ვიცეკვებ, რადგან ახლა საუკეთესო დროა ცეკვისთვის“.

მოკლედ, ყველას ძალიან გაგვიმართლა – „წავა, წავა, წავა, წავაო“ – ყდაზე დაგვიწერა და არსად წასულა, დარჩა. ნებისმიერ დროს „მოვა, მოვა, მოვა, მოვა“ და ზუსტად იმას გელაპარაკებათ, რასაც სიცოცხლეში ლაპარაკობდა. იქით გთვლის პოეტად, ფილოსოფოსად თუ პროფესიონალად. ფასს ადებს შენს ყოფნას, შენს სიტყვებს, შენთვის მოსმენას. ახლობელია, ყველაზე პირდაპირი გაგებით. შენ ხომ კარგად ხდები და ათი კაცი რომ იყოს შენს გარდა, ყველა კარგად ხდება. უკეთესი ხდება მასთან.

მასთან საქმიანი შეხვედრა არ იყო საქმიანი, ადამიანური იყო. მისი ხმა, სიტყვები, ენერგია – ყველაფერი შენს სასარგებლოდ იყო მომართული. საქმეც უკეთესად გამოდიოდა. საქმეს რაც შეეხება, ერთი სფეროთი ნუ შემოვიფარგლებით – მგონი, ამდენი სარგებელი ქვეყნისთვისაც ძალიან ცოტას თუ მოუტანია. დარდით და სიყვარულით აკეთებდა. ხელის ჩაქნევაც იცოდა, ოღონდ საჭირო დროს, სწორი და დროული დასკვნებისთვის, თუნდაც სწორი გეზის ასაღებად.

ზღაპრის გმირივით დადიოდა და დაცულ ტერიტორიებს ქმნიდა, ათეულობით წლის განმავლობაში ამისთვის დადიოდა, მთელს ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში. მსოფლიო გამოახედა საქართველოსკენ და კავკასიისკენ, ბევრი ცოდნა და ფული ჩაადებინა, ძალიან კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა, ქვეყნისთვისაც და მსოფლიოსთვისაც. და მიუხედავად იმისა, რომ ამდენს აკეთებდა, ყველაფერს თითქმის უჩინრად აკეთებდა.

უჩინრადაც წერდა. და ეს ბუნებრივიც უნდა ყოფილიყო – სად ეცალა ამდენ ამბებში თავისი თავისთვისაც ედევნა ან რაში სჭირდებოდა. შეიძლება ამ მიზეზით ჩვენამდეც ოდნავ გვიან მოვიდა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიდა და ამ დაგვიანების გამო ჩვენც არაფერი გვიჭირს.

ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიას გასულ წელს ნუგზარ ზაზანაშვილის სახელი მიენიჭა. პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიაა საქართველოში და ალბათ ესეც ნიშნავს რაღაცას. სამინისტროს ახსნა-განმარტებაც აქვს გამოქვეყნებული: „დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებასა და განვითარებაში და, ზოგადად, ქვეყნის გარემოს დაცვაში ნუგზარ ზაზანაშვილის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“.

ბარემ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ამ დაცული ტერიტორიის დაარსების ძირითადი მიზანი საქართველოში რეინტროდუცირებული ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და შენარჩუნებაა. ეს ამბავიც თვითონ წამოიწყო.

ადამიანებში მიმართლებს. როცა ადამიანებში გიმართლებს, ყველაფერში გიმართლებს – ქალაქში და ქვეყანაში, დროში და ეპოქაში. მე მაინც – განსაკუთრებით. რაღაცა მოსწონდა, რაღაცა არ მოსწონდა, მაგრამ მაინც ისე აკეთებდა, რომ შენს ჭკუაზე გაგევლო. მასთან ერთად რომ იყავი, ეს უკვე „საქმე“ იყო და მისგან რომ მოდიოდი – ესეც. ახლაც, როცა „წავიდა“, ოდესღაც ხომ იყო და ესეც უკვე მაგარია. თან მისი წიგნებია, როცა გინდა, მაშინ გადმოიღებ, ჩამოგიჯდება და ძველებურად გაგიბამს ლაპარაკს. მაგის მოსმენას არაფერი სჯობია:

„კარგია მარტო რომ რჩები შინ

და შეჰყურებ ფერად-ფერადი აფეთქებებით

გაცისკროვნებულ ახალწლის ღამეს

კარგია მარტო რომ არ რჩები შინ

და შეჰყურებთ ფერად-ფერადი აფეთქებებით

გაცისკროვნებულ ახალწლის ღამეს

კარგია“.

დილის ხუთზე მესამედ გამეღვიძა, ასაკში ასეა, ძლივს იძინებ და დილამდე რამდენჯერმე დგები სხვადასხვა მიზეზითო. სამზარეულოში გადის, მაცივარში ნაყინი ეგულება და ვერ უძლებს ცდუნებას, მერე სიგარეტს უკიდებს და ღია ფანჯრიდან რეანომობილის გამწარებული, წყვეტილი სირენა მოისმის – ვიღაც კვდება დილის 5-ზეო.

გელაპარაკება. იმაზე, რაც ხდება და იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია. ისეთი ამბებია, ვერაფერს დაამატებ, თვითკმარია, მეტი რაღა. ერთი კონკრეტული ადამიანისთვის კი არა, ზოგადად, ერთი ადამიანისთვის, ერთი ცხოვრებისთვის, ერთი სამყაროსთვის. გაციფრულებული, პირადული, ახლა უკვე თითქმის საყოველთაო, თითქმის მარადიული.

„ვინც აქ თამაშობს – აღარავინ აღარ არი,

ფაფუ!

თან ფოკუს-მოკუს! –

აღარ არი,

მაგრამ მაინც თამაშობს,

ანუ არ არი,

მაგრამ მაინც არი“.

ზუსტად ასეა – ყველაფერი „წავა“, მაგრამ ისევ ყველაფერი იქნება.

ისიც კარგია, რომ ახლა სამუხის ველზეც ქურციკები დარბიან. ბოლო ქურციკი, იგივე ჯეირანი, საქართველოში სულ რაღაც 50 წლის წინ მოკლეს. ამის მერე ეს სახეობა გაქრა. ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა: ნადირობიდან დაბრუნებულმა მამამ შვილებს სიურპრიზი მოუწყო, მერე მეზობლებიც გადმოიპატიჟეს და საქართველოს ველური ბუნების ქელეხზე გვარიანად მოულხინეს. ამეებზე ნუგზართან ვწერდი, სტატიას „ქართული ბუნების ნეკროლოგი“ ერქვა. რაღაც რუბრიკაც იყო – „პანდა-ფართი“. ეს „პანდა-ფართი“ საშინლად არ მოსწონდა, მითხრა კიდეც, გაიცინა კიდეც, მაგრამ აღარ ჩარეულა, ჩემს ნებაზე მიმიშვა.

ახლა, ამ ყველაფრის შედეგზე რომ ვფიქრობ, სამუხის ველზე დაბრუნებულ ჯეირნებზე, ვხვდები, რომ შედეგობრივად არაფერს ცვლიდა, რუბრიკას მართლა იმ სულელურ სახელს დავარქმევდით, თუ რამე უფრო უკეთესს. ნუგზარმა მაშინვე იცოდა, ამიტომ არ მაწყენინა და დროც დაზოგა. მარტო იმაზე უნდა ეხარჯა დრო, რაც მნიშვნელოვანი იყო. ტყეებს იცავდა – ხან ენერგეტიკის, ხან ეკონომიკის, ხან რეგიონული განვითარების, მაგრამ, პირველ რიგში, გარემოს დაცვის სამინისტროსგან. წლები შეალია, მაგრამ ბოლომდე არ სჯეროდა ამ საქმის (ყოველ ჯერზე ახალი იმედგაცრუება). ერთხელ მითხრა, რასაც დაცულ ტერიტორიებში შევიტანთ, იმას თუ გადავარჩენთ, დანარჩენს, სამწუხაროდ, ვერ დავიცავთო. ჰოდა, ბევრის შეტანა მოასწრო.

ჯეირნებიც დაბრუნდნენ და ამისთვისაც ღირდა ცხოვრება. მათ სამუხის ველზე 800 000 წელი გაატარეს. ჯერ კიდევ 100 წლის მათი გავრცელების არეალი თბილისამდე აღწევდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში იმდენ ჯეირანს მოიპოვებდნენ, რომ თბილისის ბაზრებში საქონლის ხორცზე მეტი იყიდებოდა…  15-20 წლის წინ მხოლოდ თეორიებზე ვწერდით, როგორ უნდა დაგვებრუნებინა ბუნებისთვის. იყო ტრანსლოცირების მეთოდი, რეინტროდუცირების მეთოდი, მარტო თეორიები და მეთოდები იყო, ბოლომდე არც გვჯეროდა.

ახლა ეს რეალობაა, სამუხის ველზე ჯეირნები დაბრუნდნენ. მათ სანახავად ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის დაცულ ტერიტორიაზე უნდა წახვდიეთ. წიგნიც გაიყოლეთ: უცნაური გრძნობა მიპყრობს, როცა გარდაცვლილი მეგობრის ფეისბუქ-გვერდზე მოვხვდები ხოლმეო… ულოცავენ დაბადების დღეს… გეგონება, ისევ გრძელდებოდეს მისი არსებობაო.

ახლა დავფიქრდი, ხომ შეიძლება მისი გვერდი ისევ აქტიურია. შევედი. ბოლო პოსტი ჯიმშერ რეხვიაშვილს დაუდია, 11 მარტს, ნუგზარის დაბადების დღეს, მისი „რუსოფობი“ გაუზიარებია – თუ გინდათ ვერაფერი დაგაკლოთ ფორმით ქართულმა და შინაარსით რუსულმა პროპაგანდამ, წაიკითხეთ ნუგზარის ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი წიგნიო.

ძნელია, ასე იფიქრო, ასე აკეთო, ასე წერო… მით უმეტეს, როცა საქმე ლიტერატურულ კრიტიკას ეხება. ნუგზარი კი ჩაუჯდა და მთელი „გენიალური რუსები“ „პოეტურ იმპერიალიზმში“ ამხილა, მათი „დერჟავულ-დამყრობლური და ნაციონალურ-იმპერიალისტური“, ანუ ნამდვილი სახე დაგვანახა, „ლომონოსოვიდან ევტუშენკომდე“: „უდიდესი პოეტი, ჩემი აზრით, უდიდესი რუსი ლირიკოსი, მაგრამ მეორე მხარე აქვს ამას. მან ასევე შექმნა რუსეთის იმპერიის და იმპერიალიზმის სიწმინდის მეტამითი, რუსეთის, როგორც ღვთის საიდუმლოსი. აქედან დაიწყო ყველაფერი და დღემდე გრძელდება. ფაქტობრივად, ყველა დიდი რუსი პოეტის შემოქმედებას აქვს ორი სახე… ორსახოვანი იანუსივითაა: ერთი – ნამდვილად დიდი პოეტური მხარე და მეორე – იმპერიალისტური სახე… პრიმიტიული და უცვლელი – დერჟავული იდეოლოგია თუ დერჟავულობის კომპლექსი, რომლისგანაც რუსეთი, აგერ უკვე ხუთ საუკუნეზე მეტია, ვერა და ვერ განიკურნა. ამდენად, რუსეთის კავკასიისადმი და, კერძოდ, საქართველოსადმი „სიყვარულის“ განელების იმედი ახლო მომავალში არ უნდა გვქონდეს“.

იცოდა, რომ საშიში მეზობლის კულტურულ სივრცეში ყოფნაც საშიშია. და თუ ცოტა ღირებულიცაა, მით უფრო საშიშია, რადგან უფრო მეტად ბეტონდება და იღობება ყველაფერი. რომ ეს საბედისწერო ლტოლვა რუსეთისკენ კიდევ დიდხანს არ გაგვივლის და ერთხელაც შეიძლება ყველაფერი ჩაყლაპოს: „ჩვენ გვაბრალებენ რუსოფობიას იმ თვალსაზრისით, რომ გვძულს რუსი ერი. ამ დროს ეს აბსოლუტურად ასე არ არის. შეიძლება პირიქით ტენდენციაც კი არის. საქართველოს ბევრ ადგილზე რუსოფობია კი არა, რუსოფილია სჭირთ“.

ბოლოს მისი ლექსი 15 თებერვალს დაუდიათ. ბათუმელი გოგო აქვეყნებს, მეც ვიცნობ:

„ლექსი იმისთვის არ იწერება,

რომ იხსენებდნენ პოეტის სახელს…

ქრებიან:

შუქი,

ღამის პეპლები,

და – არეკლილი – მინაზე სახე“.

ბერლინი, ბაქო, ნახჭევანი… ისევ სხვები წერენ: საქართველოს დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდაო. „განსაკუთრებულია ნუგზარის წვლილი ამ უდიდეს საქმეში, მისი მხარდაჭერა ნამდვილად განსაკუთრებული იყო, მადლობა მას ამისთვის“. ქობულეთი, კინტრიში, მტირალა, კოლხეთი – მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში, როგორი ამბავია… რამდენი რამ გადარჩა, მსოფლიო მემკვიდრეობა…

ეს „წასვლაც“ რა მაგარი რამეა. ესეც ინსტიქტია, ჩვენი და ყველა ცოცხალი ორგანიზმის რეფლექსი, ჩვენი თანდაყოლილი, გენეტიკურად დაპროგრამებული ქცევა. ცხოველთა მიგრაციასავითაა – არავის უსწავლებია, მაგრამ ზუსტად ვიცით, სად უნდა წავიდეთ. მგონი ეს უფრო მძაფრი ინსტიქტია, ვიდრე თუნდაც თავდაცვა, მესაკუთრეობა თუ თანაარსებობა. რაც ფეხი ავიდგით, სულ მივდივართ. გინდა რელიგიურად შევხედოთ და გინდა ევოლუციურად – რაც მცენარეებს ფარფლები გამოუვიდათ, მერე ფესვებიდან მოწყდნენ და გაცურდნენ, მერე ნაპირზე გამოირიყნენ და ბოლოს ადამიანებადაც იქცნენ, სულ მიდიან. ყველამ კარგად ვიცით, საითაც, მარა მაინც მიდიან, მივდივართ, ადგილზე ვერ ვჩერდებით. კარგი ჭაჭა მაქვს, დაძველებული. ნუგზარს უფრო ვისკი უყვარდა. წავალ და დავისხამ.

რამდენიმე სტრიქონს კიდევ დავტოვებ:

„და ყველაფერი საკვირველია

რაც თავს გადამხდა

დაბადებით დაწყებული

და რაც კიდევ გადამხდება

სიკვდილით დამთავრებული“…

„და, აი, კიდევ რას ვფიქრობ:

სიცოცხლე ხანგრძლივად რომ მოგეჩვენოს,

არაფერი უნდა აკეთო კაცმა“.

© არილი

Facebook Comments Box