პროზა (თარგმანი)

რეიჩელ კასკი – დუბლიორი

ინგლისურიდან თარგმნა გური თევზაძემ

ბრიტანელი მწერალი რეიჩელ კასკი დაიბადა 1967 წელს. განათლება მიიღო კემბრიჯსა და ოქსფორდში. მის კალამს ეკუთვნის თერთმეტი რომანი და ოთხი სამეცნიერო-პოპულარული თხზულება. მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია. 2003 წელს ჟურნალმა „Granta“ კასკი დაასახელა 20 საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელ მწერალთა შორის, ხოლო რომანი „კონტური“ (2015) აღიარებულია ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად. მოთხრობა „დუბლიორი“ ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორებიცაა ქალისა და შემოქმედი მამაკაცის ურთიერთობათა ნიუანსები, სამყაროს მხატვრული ასახვის თავისებურებები ექსპერიმენტულ ფერწერაში და ა.შ.

თავისი კარიერის გარკვეულ ეტაპზე მხატვარმა დ.-მ საგნების თავდაყირა ხატვა დაიწყო – ალბათ, იმის გამო, რომ ვერ მოძებნა სხვა ხერხი, რათა გაეაზრებინა თავისი დრო და საკუთარი ადგილი ისტორიაში. ასე წარმომიდგენია. ერთი შეხედვით, მისი ნახატები თითქოს შეცდომით არასწორად იყო დაკიდებული, მაგრამ წარწერა მარჯვენა ქვედა კუთხეში აშკარად მოასწავებდა ახალი რეალობის შემოჭრას ხელოვნებაში. დ.-ს ცოლი ფიქრობდა, რომ ამ გზით მხატვარს ქვეშეცნეულად სურდა, გამოეთქვა რაღაც მნიშვნელოვანი ქალის შესახებ და თავს ეკითხებოდა, ხომ არ იმოქმედებდა ეს დ.-ს ნახატების წარმატებაზე, მაგრამ კრიტიკოსები აღაფრთოვანა თავდაყირა დახატულმა ტილოებმა. მხატვარმა უამრავი ახალი ჯილდო მიიღო და პატივისცემა დაიმსახურა, თითქმის იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას და როგორ ხატავდა.

ცოლ-ქმარი ტყიან ადგილას ცხოვრობდა, ქალაქისგან მოშორებით, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ახლა აღიარებით სარგებლობდა, უწინდელი ბოღმა და წყენა გულში ჩარჩენოდა და თავი ვერ აიძულა, რომ ამ განცდების მიზეზი დაევიწყებინა. ასე წარმომიდგენია. მის ადრეულ ნამუშევრებს მკაცრად აკრიტიკებდნენ და თუმცა, ზოგიერთის აზრით, კრიტიკა უმჯობესია, ვიდრე სრული უგულებელყოფა, დ.-ს მაინც გამუდმებით ახსოვდა კრიტიკოსთა თავდასხმები. იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან მათი გუნება-განწყობილების მოშხამვის მცდელობებს, არამედ ისრუტავენ ამ შხამს და მისი ზეგავლენით იცვლებიან. ასე რომ, დ.-ს გადარჩენა, უბრალოდ, შინაგანი მოქნილობის შედეგი კი არ იყო, არამედ უფრო ერთგვარი გაჭიანურებული ტანჯვა გახლდათ, რომელმაც, საბოლოოდ, აიძულა სამყარო, დასჯილიყო თავისი ნამოქმედარის გამო. სწორედ ტყეების წყალობით შეძლო დ.-მ შემოქმედებითი ჩიხისგან თავის დაღწევა და, მისი აზრით, ჩასწვდა შუალედს სიუჟეტურ ფერწერასა და აბსტრაქციის უგულებელყოფას შორის. დიდხანს აკვირდებოდა ხოლმე ადგილობრივი მეტყევეების საქმიანობას და ყოველთვის, როდესაც ხე ძირს ეცემოდა, უფიქრდებოდა ვერტიკალური განზომილების საკითხს.

 თავდაპირველად დ. ხატავდა ადამიანებსა და ხეებს არსებობის იმ დაუნაწევრებელ მდგომარეობაში, რომელშიც მცენარეები და სხეულები ურთიერთშენაცვლებადი იყო. შემდეგ იაზრა, რომ შესაძლებელი იყო ადამიანთა სხეულების მოჭრაც, ფესვების მოკვეთა, გაგორება ან დაჩეხა. ინვერსიის, თავდაყირა ხატვის იდეა დ.-მ ამ ძალმომრეობის აღკვეთისა და მთლიანობის პრინციპის აღდგენად მიიჩნია, ისე, რომ სამყარომ დაიბრუნა დასაბამიერი მთლიანობა, მაგრამ თავდაყირა გადაბრუნებული და, ამგვარად, რეალობით განპირობებული შეზღუდვებისგან თავისუფალი აღმოჩნდა.

როდესაც დ.-ს ცოლმა პირველად იხილა თავდაყირა დახატული სურათები, გაოგნდა. ასე წარმომიდგენია. ქალი მკაფიოდ გრძნობდა, რომ ის, რაც აქამდე მართებული ეგონა, არსებითად, უმართებულო იყო. ქმრის ნახატების ზეგავლენით ქალი თავს უბედურად გრძნობდა ან, უფრო ზუსტად, თავს აიძულებდა, ეღიარებინა უბედურების გრძნობა, რომელიც თითქოს ყოველთვის მასში ბუდობდა. ამასთან, ქმრის ერთი ნახატი ძალიან მოეწონა: მზით განათებული კოხტა არყის ხეები და მათი საოცარი სიმშვიდე და უბიწოება თითქოს გულისხმობდა შეშლილობის, როგორც ერთგვარი თავშესაფრის არსებობას. სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, დ. არ ხატავდა საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობიდან გამომდინარე და არასოდეს დაუშვია არავითარი თავისუფლება, რომელსაც თითქოს აკანონებდა მისი თვალთახედვის საზოგადოებრივი ფასეულობა. ასე რომ, დ.-მ ამ მარგინალურ პერსპექტივას თითქოს შემთხვევით მიაგნო და ეზიარა მის უუფლებობას, მის უსიტყვო და უძლურ არსს, თუმცა შეძლო, ის ხმით აღეჭურვა.

 ადრეული ნახატები ნაცნობ-მეგობრების დიდი, გამჭვირვალე და რამდენადმე ნაივური პორტრეტები იყო. მათი სისადავე და სიმეტრიულობა თითქოს მოწმობდა, რომ დ.-მ გულწრფელად ხატვა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც სამყარო თავდაყირა შეატრიალა. შეიძლებოდა ვინმეს ეკითხა, რატომ ხატავდა დ. თავდაყირა პორტრეტებს, მაგრამ პასუხი იმდენად აშკარა იყო, რომ ნებისმიერი ბავშვისთვისაც უეჭველი გახლდათ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ნახატებში ასახულ ცოდნას უკვე ფლობდა ადამიანი, რომელიც მათ უყურებდა. შემდგომ დ.-მ დაიწყო ხატვა რთული პეიზაჟების, რომლებშიც ბუნება თითქოს ყვაოდა, თითქოს მეტყველებდა ადამიანის ძალმომრეობისგან თავისი განთავისუფლების შესახებ, იმის შესახებ, რომ ფხიზლობდა ურთიერთმონაცვლე რიჟრაჟების განმავლობაში, რათა თანდათან უფრო საჩინო გამხდარიყო. ეს უბიწო ბუნება, თავისი მდუმარე ზნეობრივი სისრულით, ვერ იცნობიერებდა თავის სრულ ინვერსიას და სწორედ ეს უბიწოება და სრული ინვერსიის გაუცნობიერებლობა იძლეოდა საშუალებას, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულიყო სურათების გამომსახველობითი ფასეულობა იმისგან, რაც მათზე იყო თითქოს ასახული.

არავინ ლაპარაკობდა იმაზე, მართლაც ხატავდა თუ არა დ. თავდაყირა შეტრიალებულ სამყაროს თუ, უბრალოდ, თავდაყირა ატრიალებდა თავის სურათებს და დასრულებისას ხელს აწერდა. პირველი ვარიანტი ადასტურებდა საოცარ ტექნიკურ ოსტატობას, მეორე უფრო წააგავდა აბსურდულ ფანდს, რომლის ხორცშესხმას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა. მაგრამ დ.-ს არ ეკითხებოდნენ ამის შესახებ არც საჯაროდ და არც კრიტიკულ სტატიებში, რომლებიც ეძღვნებოდა მისი შემოქმედების ამ რადიკალურ ეტაპს. თუმცა, ზოგჯერ დ.-ს ცოლს ეკითხებოდნენ, რადგან მისთვის სულელური კითხვების დასმისა არ ეშინოდათ. შედეგად, ქალი მიხვდა, რომ ხელოვნებაში (და არა მარტო ხელოვნებაში) ჭეშმარიტებისთვის შეიძლებოდა მდუმარედ აევლოთ გვერდი. არ ბრაზობდა, რადგან ამ გზით გაცილებით მეტს იგებდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ სწორედ ასე ნადგურდებოდა ყოველივე ღირსეული. დ. მთელი არსებით ეთანხმებოდა მას. ქალი ხვდებოდა, რომ ქმარი გულწრფელად ელაპარაკებოდა თავისი მხატვრული მანერის შესახებ; განუმარტავდა თავდაყირა ხატვის სიძნელეებს, რომლებიც შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო მხოლოდ ფოტოგრაფირების მეშვეობით. მოგვიანებით დ.-მ უარი თქვა ფოტოგრაფირებაზე და მისი სურათები კიდევ უფრო დიდი, უფრო ფანტასტიკური და უფრო აბსტრაქტული გახდა. საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის სინამდვილეში ადამიანის ცხოვრება, ესოდენ რთულად არავის დაუსვამს. დ. ხშირად ხატავდა საწოლში, უზარმაზარ შავ ზეწარზე მოკუნტულ ადამიანს, ხოლო სურათის ზედა ნაწილში, ჩარჩოსთან, მგლოვიარე კაცის პატარა ფიგურა მოჩანდა.

დ. ფიქრობდა, რომ მხატვრობა ქალების საქმე არ იყო. ასე წარმომიდგენია. მისმა ცოლმა იცოდა, რომ ამ აზრს ადამიანთა უმრავლესობა იზიარებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დ. თავის შეხედულებას აშკარად გამოთქვამდა. ქალი ფიქრობდა, იქნებ ჩემმა მუდმივმა ერთგულებამ და მხარდაჭერამ მიიყვანა ამგვარ აზრამდეო. ცოლის გარეშე დ., რა თქმა უნდა, მხატვარი მაინც იქნებოდა, მაგრამ ვერ იქნებოდა მამაკაცი. გაუჭირდებოდა ცხოვრება ოჯახის, ბავშვების გარეშე, არ ექნებოდა შემოქმედებითი მუშაობისგან დასვენების საშუალება, უფრო სწორად, ამ დასვენების მავნე შედეგებისგან მალევე დაიღუპებოდა. ამიტომ დ.-ს ცოლი ფიქრობდა, რომ სინამდვილეში, მისი ქმრის აზრით, ქალები ვერ იქნებიან მხატვრები, თუკი მხატვრობას მამაკაცები აირჩევენ თავიანთ საქმიანობად. ერთხელ დ.-ს ცოლი თავისი ქმრის სახელოსნოს ეწვია სტუმართან, მწერალ ქალთან ერთად და ორივე გააოგნა თავდაყირა დახატულმა ტილოებმა. მომინდა, თავდაყირა ვწეროო, მღელვარებით წამოიძახა მწერალმა. რასაკვირველია, დ.-მ ეს ახირებად მიიჩნია, მაგრამ მისმა ცოლმა ფარული კმაყოფილება იგრძნო, რადგან, მისი აზრით, ის რეალობა, რომელიც დ.-მ ესოდენ ბრწყინვალედ ასახა თავის სურათებში და რომელიც სრულად შეესაბამებოდა ქალის თანმხლების რეალობას (გარდა მისი მორალური ძალის სრული ინვერსიისა), გამოხატავდა ქალთა სქესის საიდუმლოსა და ტრაგედიას. მწერლის კილოში თითქოს წყენა იგრძნობოდა – შესაძლოა, მინიშნება უსამართლობაზე – ისე, თითქოს ის სწორედ ახლა მიხვდა, რომ რაღაც წაართვეს. დ. არ გახლდათ პირველი მამაკაცი მხატვარი, რომელმაც ქალები უკეთ ასახა, ვიდრე, ალბათ, მათ შეეძლოთ საკუთარი თავის ასახვა.

ბინის მფლობელმა ქალბატონმა გვთხოვა, სხვაგან გადავსახლებულიყავით, რადგან უეცრად მოუნდა თავისი ბინის დაბრუნება. ეს სურვილი დაუყოვნებლივ უნდა დაგვეკმაყოფილებინა, თუმცა არ გვეგულებოდა სხვა ბინა, სადაც დასახლებას შევძლებდით. იმ ბინაში ერთ წელზე მეტი ხანი გავატარეთ და ჩვენი სასწრაფო გასახლების შემდეგ ქალბატონი ზოგჯერ მოულოდნელად გვირეკავდა, რათა ეკითხა, როგორ ხართო. ცდილობდა, ლაღად და მეგობრული კილოთი ელაპარაკა, მაგრამ თვით ეს დარეკვები მოწმობდა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა.

ბინაში ეკიდა მდიდრული სამშვენისებით მორთული და მოოქრული სარკე, იმდენად დიდი, რომ ირეკლავდა არა უბრალოდ ადამიანს, რომელიც მასში იხედებოდა, არამედ ამ ადამიანს, როგორც დიდი სურათის ნაწილს. ეს სარკე ძალზე მოგვაკლდა. მისი დაკარგვა კომპასის დაკარგვის ტოლფასი იყო. საოცარია, ორიენტაციის რამდენად ღრმა შეგრძნებას ბადებდა. ზოგჯერ მცირეოდენ ცვლილებას შეუძლია დაარღვიოს ვეება სტრუქტურა, ისე, როგორც ეს მოხდა ამ ქალბატონის ბინაში. ჩვენი გამგზავრების შემდეგ შეგვატყობინეს, რომ ქალბატონი დიდხანს არ დარჩენილა თავის ბინაში. როგორც ჩანს, იმედგაცრუება იგრძნო და ამიტომ დაბრუნდა ახალ სამყოფელში. ახლა ბინა ცარიელი იყო. შესაძლოა, ქალბატონი ეძებდა თავისი უწინდელი ცხოვრების ნაკვალევს ამ ბინაში – სურდა, დავიწყებოდა ახალი ცხოვრება, რომელსაც ახალ ადგილას ეწეოდა. მაგრამ ძველ ბინაში, როდესაც ქალბატონი იქ მოხვდა, უწინდელი ცხოვრების ნიშან-წყალი აღარ დარჩენილიყო. ძველი ცხოვრების წესს შეენაცვლა ახალი ცხოვრება, რომელსაც ქალბატონი ახლა უნდა შეჰგუებოდა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა ბინაში ვცხოვრობდით. ჩემოდნები არც კი გაგვიხსნია. ჩვენთვის უცნობი იყო ეს ქალაქი, ეს ქვეყანა, ეს ენა. ქალბატონის ბინა წააგავდა ნავს უკიდეგანო ოკეანეში, ახლა კი ამ ოკეანეში ვტივტივებდით. ძველ ბინაში, სადაც ქალბატონის უამრავი ნივთი იყო, თავს სრულიად უხიფათოდ ვგრძნობდი ამ ნივთებს შორის; ისინი დიდად არ მომწონდა, მაგრამ შვებას მგვრიდა არა მარტო საკუთარი გემოვნების უგულებელყოფა, არამედ სხვა ადამიანის მგრძნობელობაში ჩაძირვაც. მაგრამ ასეთივე თვითუარყოფა სხვა ბინებში მზარდ მშფოთვარებას მაგრძნობინებდა. დიდხანს ვცხოვრობდით პატარა ცარიელ ბინაში, სადაც ჩვენი ზედა მეზობელი სწრაფად და განუწყვეტლივ ბოლთას სცემდა მთელი ღამეების განმავლობაში და ერთგვარად ვიზიარებდი ამ უხილავი უცნობის მღელვარებას, რომელიც თითქოს ჩემი საკუთარი – გასული წლის განმავლობაში დათრგუნული – მღელვარება იყო. ერთადერთი მართკუთხა სარკე ეკიდა სააბაზანოში, ნიჟარის თავზე, ხოლო შემოსასვლელი კარი ფოლადის რამდენიმე მძიმე კლიტით იკეტებოდა: „მე“-ს განცდა მაშინვე უფრო შეზღუდული და უფრო მოწყვლადი გახდა. ხშირად ვფიქრობდი ჩვენ მიერ დატოვებულ სამშობლოზე, ჩვენს საკუთარ სამშობლოზე, რომელიც ნებაყოფლობით დავტოვეთ.

რამდენიმე ღამე გავატარეთ სახლში, სადაც საქვაბე დაზიანებული იყო და პალტოებს ვერ ვიხდიდით. გარეთ წვიმდა. შინ ისე ციოდა, თითქოს კვლავ ზამთარი დაბრუნდა. ადამიანებს ეძინათ სადარბაზოებში, ხიდებქვეშ და მიწისქვეშა გადასასვლელებში, ზოგჯერ კი – კარვებში, რომლებსაც ტროტუარებზე შლიდნენ. გამვლელები არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ მათი ეგოიზმისადმი მიმართულ ამ „საყვედურებს“. ჩვენ, უცხონი ამ ქვეყანაში, შესაძლოა, სხვაგვარად აღვიქვამდით მათ. ჩვენს სამშობლოშიც ეძინათ სადარბაზო შესასვლელებში; აქ მეტი დრო გვჭირდებოდა, რათა არ გვეფიქრა მათზე.

ბინებს ვიცვლიდით, სანამ გაზაფხული დაბრუნდებოდა, ხეები შეიფოთლებოდა და ქუჩები კვლავ გამოცოცხლდებოდა. როდესაც ქალაქში გაზაფხულის კაშკაშა მზის ქვეშ ვსეირნობდით, მიუსაფრობასთან ერთად დროდადრო თავისუფლებასაც ვგრძნობდით. ბოლოს და ბოლოს, ვიპოვეთ საცხოვრებელი – შევიძინეთ საკუთარი ბინა, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა გაეთავისუფლებინათ ძველ პატრონებს. ახლა, როდესაც გვქონდა ნავსაყუდელი, ჩვენი ჭეშმარიტი გრძნობები, რომლებზე ზეგავლენა მოახდინა გამოცდილებამ, უფრო აშკარა, უფრო თვალსაჩინო და მძაფრი გახდა. ერთგვარი ბრკე – უბიწოება ან, შესაძლოა, უბრალოდ, უმეცრება – ჩამოგვცილდა. წარმოვიდგენდით ხოლმე ცხოვრებას აქ, ამ ქალაქში, შემდეგ კი ამ ხილვის ხორცშესხმას ვცდილობდით. და აქ წარმოსახვამ თითქოს გააშიშვლა ის, რაც არ ვიცოდით რეალობისადმი ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. წარმოსახვით შექმნილი ეს ხატები დროდადრო გაიელვებდა ხოლმე ჩვენ თვალწინ იმ პერიოდებში, როდესაც ჩვენივე გეგმების რეალიზაციისას ირღვეოდა თანმიმდევრობა ან ლოგიკა.

ერთ დილას, როდესაც წყნარ მზიან ქუჩაში მივდიოდი, სადაც მაგიდებთან მიმსხდარი ადამიანები ყავას შეექცეოდნენ, ვიღაც უცნობი მომვარდა და თავში ღონივრად ჩამარტყა. თავდამსხმელი ქალი იყო, რომელიც შეურაცხად მდგომარეობაში იყო შეშლილობის ან ნარკომანიის გამო. ის, რომ თავდამსხმელი ქალი იყო, მაბნევდა, როდესაც შემდგომ ამ ამბავს ვყვებოდი და ზეგავლენა მოახდინა ჩემს რეაქციაზეც: ავაზაკის მოახლოება ვერ შევამჩნიე და თავის დასაცავად ვერ მოვემზადე. გონდაკარგული, დასისხლიანებული, ძირს დავეცი. მყისვე ბრბო შეგროვდა: ქუჩაში, მაგიდებთან მჯდომი ადამიანები ფეხზე წამოხტნენ, ყვიროდნენ და ხელებს იქნევდნენ; ქალმა ამ აურზაურით ისარგებლა და გაიპარა. ქუჩის კუთხეში შეჩერდა და მოტრიალდა – ასე იქცევა ხოლმე მხატვარი, როდესაც რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს, რათა დატკბეს თავისი ქმნილებით. შემდეგ მუშტი მოგვიღერა და გაუჩინარდა.

            გავიფიქრე, თავდამსხმელმა მომკლა-მეთქი, მაგრამ ცოცხალი გადავრჩი და აღმოვაჩინე, რომ შემეძლო დამეკავშირებინა ეს ფაქტი სხვა მოვლენებთან და განცდებთან, რომელთა უმრავლესობა, ასე თუ ისე, ჩემი ბიოლოგიური (მდედრობითი) სქესიდან გამომდინარეობდა. ჩვეულებრივ, ამ ქალურ განცდებს მივაკუთვნებდი ალტერნატიულ ან მეორე „მეს“, რომლის როლი მდგომარეობდა მათ დათრგუნვასა და დაოკებაში, რომ ზეგავლენა არ მოეხდინათ ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებაზე. დუბლიორის მსგავსად, ამ მეორე „მე“-მ თავის თავზე აიღო გამოგონილი, ფიქციური არსების შექმნის რეალური რისკი და მის მოწყვლადობას, სავარაუდოდ, ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ იმ მოულოდნელ თავდასხმას ჩემი დუბლიორი არ მოელოდა.

            თვით ჩვენს ახალ ბინაში გადასვლის შემდეგაც ვერაფერი დავივიწყე და გონს ვერ მოვეგე იმის გამო, რაც მოხდა. მწუხარება, რომელსაც განვიცდიდი, თითქოს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მარცხის, გადამწყვეტი დარტყმის შედეგი იყო. ვერაფრით მოვინელე თავდასხმა, რომელიც ერთდროულად მეხსიერებაშიც ჩამრჩა და მის გარეთაც იყო: თითქოს ყელში გამეჩხირა და შეუძლებელი იყო მისი გადაყლაპვა ან ამონთხევა. ის რამდენიმე წამი განუწყვეტლივ წარმოუდგებოდა ხოლმე ჩემს შინაგან თვალთახედვას, რომელიც თითქოს ხაფანგში იყო გაბმული და იქიდან თავს ვერ აღწევდა. საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იყო ჩემი მკვლელი, რატომ დამესხა თავს, რის განადგურება სურდა ჩემში, თანდათან უთმობდა ადგილს აზრს იმის შესახებ, რომ ის, რასაც განვიცდიდი, სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა წარმოსახვის დამარცხება ძალმომრეობის მეშვეობით.

            როდესაც ბინის მფლობელმა ქალბატონმა კიდევ ერთხელ დაგვირეკა, ერთგვარი ავადმყოფური სიამოვნებით ვუამბე ყველაფერი. რა საშინელებააო, წამოიძახა. შევნიშნე, რომ საუბარი ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად დაასრულა და მივხვდი, რომ მეტად აღარ დაგვირეკავდა.

            დ.-მ გადაწყვიტა, თავისი ცოლი თითქმის კლასიკური მანერით, შიშველი ნატურის სახით დაეხატა, მაგრამ ნახატები ქაოსური და ბნელი იყო: ინვერსიამ არა მარტო არ გაათავისუფლა დ. სუბიექტურობისგან, არამედ თითქოს გააშიშვლა მისი შინაგანი უკეთურება, კრისტალიზებული სიძულვილი, რომელიც მიმართული იყო ცოლისადმი და, იმავდროულად, ანადგურებდა მას. ქალის დანახვა შეუძლებელი იყო, ყოველ შემთხვევაში, ქმრისთვის; მათ ქორწინებაში იყო ერთგვარი სისასტიკე, რომელმაც გაანადგურა აღქმის უნარი. უჩვეულო არ გახლდა ის, რომ თავდაყირა ნახატებში ძალმომრეობა იყო ხორცშესხმული, მაგრამ ეს იყო ძალმომრეობა, რომლის შესახებ დ.-მ უკვე იცოდა: მან მემკვიდრეობით მიიღო ის, შეეძლო ეპასუხა მასზე, ზოგჯერ კი მისი მსხვერპლი ხდებოდა; მაგრამ ნამდვილად არ სურდა, რომ მსხვერპლად ქცეულიყო.

            დ. და მისი ცოლი სტუმრად ეწვივნენ მხატვრის მამას, რომელიც სოფლად, მოხუცებულთა თავშესაფრის პატარა ჩახუთულ ოთახში ცხოვრობდა. ძნელი იყო მისი მონახულების მიზეზის მოძიება, რადგან თავშესაფარი ახლოს არ მდებარეობდა არც მათ სახლთან და არც იმ ადგილებთან, სადაც დ.-ს და მის ცოლი ხშირად დადიოდნენ. მაგრამ ოდესღაც მამის გავლენა დ.-ზე იმდენად ძლიერი იყო, რომ ბედისწერას წააგავდა. წლების განმავლობაში დ. და მამამისი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ამ გაუცხოებაში მამა მთლიანად დ.-ს ადანაშაულებდა, მაგრამ ამით თითქოს სავსებით კმაყოფილი იყო. ეს თვითკმაყოფილება დ.-ს ყველაზე მეტად აწამებდა. მას გაგონილი ჰქონდა ისტორიები ადამიანების შესახებ, რომლებმაც დანაშაული გამოისყიდეს სიკვდილის მოახლოებისას ჭეშმარიტების გაცხადებით. დ. ფიქრობდა, რომ მამამისი არასოდეს მოკვდებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში თავის დანაშაულს ვერ გამოისყიდდა. და, აი, მამამ მიიწვია დ. თავის ჩახუთულ ოთახში, თითქოს საცაა, მოკვდებოდა. დ.-ს იქ მისვლისა ეშინოდა. სჯეროდა, რომ მამას შეეძლო მოეკლა ის, გაენადგურებინა, ისევე, როგორც ოდესღაც შექმნა. მაშინ დ.-ს ცოლმა თქვა, მე მივალ და ვინახულებო. საოცარი იყო ცოლქმრული სიყვარულის ამგვარი დადასტურება, რის იმედიც დ.-ს უწინ არასოდეს ჰქონია. ახლა ქალი ყოველთვის თან ახლდა ხოლმე ქმარს ამგვარი ვიზიტების დროს.

            სახეაწითლებული მამა იდგა ფანჯარასთან, რომელიც გადაჰყურებდა მომცრო მრგვალ მდელობს, ამოსასვლელ ბილიკსა და კლაკნილ გზას, რომელიც კვეთდა სახლის წინ გადაშლილ ველს. მდელობის ცენტრში ფოთლებდაცვენილი ტირიფი იდგა. როდესაც მამამ შვილი და რძალი დაინახა, მოშორდა ფანჯარას, სადაც ზამთრის მზე მინაზე გეომეტრიულ ფიგურებს ხატავდა. მამის მრისხანე აწითლებული სახე თითქოს ამ ფიგურების მიღმა იყო ჩაკეტილი, მაგრამ ახლა ის გაუჩინარდა. მინა ლაპლაპებდა. მოგვიანებით, მათი ვიზიტის დროს, მამა რამდენჯერმე მივიდა ამ ფანჯარასთან, რათა გარეთ გაეხედა. ეს თითქოს ერთგვარი ინსტინქტი ან მეხსიერებით ნაკარნახევი იძულებითი ქცევა იყო, ისე, თითქოს იძულებით მიჰქონდა მოგონებათა ტვირთი ფანჯარასთან.

            ოთახი მეორე სართულზე იყო. იატაკზე დაფენილი ბაცი ყავისფერი ხალიჩა ქიმიური სუნით ყარდა. ოთახში, ასევე, სიბერის მომჟავო სუნი იგრძნობოდა. წყნარი ამინდი იყო. ფანჯრის მიღმა, ერთგვარი უძრავი სცენის ცენტრში, დაცვენილ ფოთლებში იდგა შიშველი ტირიფი, რომელიც ახლა ზემოდან ჩანდა. ჩახუთულ ოთახს ზამთრის მზის სხივები ანათებდა. მამა ტყავის სავარძელში, პირით ფანჯრისკენ იჯდა. ოთახის კუთხეში იდგა ტელევიზორი, მაგრამ სავარძელი მისკენ ზურგით იყო მიბრუნებული. მამა არ უყურებდა ტელევიზორს. სავარძლის გვერდით, პრიალა ხის მაგიდაზე დაკეცილი გაზეთი იდო. მამას გამხდარ სხეულზე ეცვა რუხი პერანგი, რომელიც ხავერდის შარვალში ჰქონდა ჩატანებული. წელზე ქამარი ეკეთა. ტანსაცმელი სხეულზე ეკიდა, მაგრამ სხეული ჯერ კიდევ მკვრივი ჰქონდა. ერთთავად გაოცებული გამომეტყველებით იყურებოდა. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული რამდენიმე ბოროტმოქმედებაში და დ.-სთვის მხოლოდ მათი ნაწილი იყო ცნობილი. შვილს ხშირად ეჩხუბებოდა, რაც დ.-ს მეხსიერებამ შემოინახა. ეს მოგონებები არ შეცვლილა და არ წაშლილა მეხსიერებიდან – შეიცვალა მხოლოდ მამა, რომელიც დრომ გაანადგურა. ახლა დ. მზად იყო ეპატიებინა მამისთვის ის, რასაც ეს უკანასკნელი ოდესღაც ეუბნებოდა და ისიც, რასაც ის სჩადიოდა, თუმცა მოგონებები პირადი მეხსიერების სფეროში იყო, ნამოქმედარი კი – ყველასათვის ხელმისაწვდომი ჩანაწერების სფეროში. მაგრამ მათი ურთიერთგამიჯვნა დ.-მ ვერ შეძლო და ორივემ ერთად მისი სული ისეთი წყვდიადით აავსო, რომ ინსტინქტურად სურდა, ისინი თავიდან ამოეგლიჯა და შორს მოესროლა.

            დ.-ს ცოლი უხმაუროდ მოძრაობდა ოთახის მეორე ბოლოში – ყავას ხარშავდა. იქ უფრო ბნელოდა და ქალის ფიგურა უცნაურად ციმციმებდა ფანჯრიდან ირიბად შემოჭრილ შუქზე. ზამთრის მზე ცაზე დაბლა იდგა და მისი უძრავი თეთრი სხივები ზოლებად ეცემოდა კარადებს, კედლებსა და თვით ქალსაც. აქ, ამ პირქუშ ოთახში უეცრად თავი იჩინა ისეთივე გაუცხოებამ, როგორიც იგრძნობოდა დ.-ს სურათებში შიშველი ნატურით. ცოლის თავისუფლებამ, რომელიც ესოდენ არასრული და უსიამოვნო იყო, დ.-ზე დამთრგუნველი ზეგავლენა მოახდინა.

ქალი დ.-სგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იმყოფებოდა და დამოუკიდებლად მოქმედებდა, რაც მხატვარს თავის არასრულფასოვნებას აგრძნობინებდა. მაგრამ ცოლი არ იყო არც დ.-ს ლტოლვის საგანი, არც მეტოქე და ვერც ძალით გაუტოლდებოდა. ის, უბრალოდ, დ.-ს თანამგზავრი იყო; ის იდგა იქ, სულ რამდენიმე ფუტის მანძილზე, მიდრეკილებების, საჭიროებების, მარტივი ყოველდღიური მოთხოვნილებების ტერიტორიაზე. და მაინც, ქალი შეიძლებოდა სასურველი ყოფილიყო – მაგალითად, მამა მოწკურული თვალებით ათვალიერებდა რძლის სხეულს, რომელიც შუქისა და წყვდიადის ალერსიან ზოლებს შორის მოძრაობდა. რატომ არ იყენებდა ქალი თავის ძალას საჭიროებისამებრ? როდესაც დ. ცდილობდა ცოლის დანახვას, ის ხედავდა, უბრალოდ, იმას, თუ რა გავლენას ახდენდა მასზე, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავის თავს ხედავდა. სხვა მამაკაცი ამ ქალის შეხედვისას რაღაც სხვას დაინახავდა – რაც ქმრისთვის აუტანელი იქნებოდა. აუტანელი იყო, რომ ქალს შეეძლო, მხედველობის უნარი წაერთმია ქმრისთვის, ყველა დანარჩენისთვის კი ხილული ყოფილიყო. როდესაც დ. ცოლს უყურებდა, ხედავდა თავის სექსუალურ მარცხს, რომელიც მათი სხეულების ძალასა და უნარებში საზოგადოების, თვით ცივილიზაციის ჩარევით იყო გამოწვეული. შესაძლოა, მამაკაცები ყოველთვის ხატავდნენ შიშველ სხეულებს ისევე, როგორც ძალმომრეობით ქმედებებს სჩადიოდნენ – იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ: მათი გაბედულება გადაურჩა მორალისა და კანონების ზეგავლენას.

მამა მონოტონური კილოთი ლაპარაკობდა, რომელიც სიბერეში გაითავისა. ეს იყო მარტოობის უნდილი კილო. დ.-ს ცოლი მამამთილს მარტივ შეკითხვებს უსვამდა, პასუხი კი შეიძლებოდა თხუთმეტი წუთის განმავლობაში გაჭიანურებულიყო. მოხუცი თანაბარი ინტონაციით ლაპარაკობდა. მისი ხმა უწყვეტად მოძრაობდა საგანთა ზედაპირზე და ისე ათანაბრებდა მათ, როგორც ტანკი აბრტყელებს და მტვრად აქცევს ხოლმე მიწას. ახალგაზრდობისდროინდელი კუთხური კილო, რომელიც ენერგიული მოწიფულობის ასაკში გაქრა, ახლა მის ხმაში კვლავ ისმოდა. ამ კილოში დ.-ს ესმოდა თვით ისტორიის პრობლემა, მისი ბნელი დანატოვარი, რომელიც მზაკვრულად ეანდერძა მიამიტ ახალ თაობას.

დ.-ს ცოლმა ყავით სავსე ფინჯნები მოიტანა და დაბალ მაგიდაზე დადგა, შემდეგ დ.-ს გვერდით ჩამოჯდა პატარა მკვრივ სავარძელზე. საშუალებას აძლევდა თუ არა მისი ამაზრზენი თავისუფლება, თავისუფალი ყოფილიყო ისტორიისგან და წარსულის გამო პასუხისმგებლობისგან? რა იმემკვიდრა წარსულისგან, რაც მას დროის მდინარებასთან აკავშირებდა? მამა უყურებდა მათ, გვერდიგვერდ მსხდართ. დ. და მისი ცოლი ახლა თხზავდნენ რეალობას, რომელიც ადვილად წასაკითხი იქნებოდა, განსხვავებით მისი ცოლის ხატისგან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სამზარეულოს კარადებს შორის, ველური ცხოველივით ზოლებიანი იყო. საკითხმა ქალის არასაკმარისი თვითრეალიზაციის შესახებ – ასე ვთქვათ, არასაკმარის მცდელობათა შესახებ – ახლა კიდევ უფრო აშკარად იჩინა თავი, ისევე, როგორც დ.-ს არასაკმარისმა გაბედულებამ. ასეთი იყო ინვერსიის აღმოჩენის მისეული საფუძვლები, რადგან სინამდვილე ყოველთვის უკეთესი იყო, ვიდრე მისი ასახვის მცდელობა და ჭეშმარიტებას, რომელიც მთლიანად მდგომარეობდა აღქმის აქტში, შეეძლო გაეძლო ამ მცდელობისთვის. დ.-მ უდიდესი შვება იგრძნო. ხვალ, როდესაც შინ ვიქნებით, ახალ სურათს დავხატავო, აღუთქვა მან საკუთარ თავს.

მას შემდეგ, რაც თავში დამარტყეს, რამდენიმე კვირის განმავლობაში მინდოდა, საპასუხოდ მეც დამერტყა. ისე, თითქოს ძალმომრეობა რეალური ობიექტი იყო, რომელიც გადმომცეს და რომელიც სხვისთვის უნდა გადამეცა. რაც გადავეცი, მეტ-ნაკლებად ზუსტად ის იყო, რაც თვითონ განვიცადე. დარტყმა თითქოს სრულიად არ შეცვლილა, მას შემდეგ, რაც ჩემში გაიარა. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ არ ვგრძნობდი, არ მაინტერესებდა ჩემი საქციელის შედეგები. გამახსენდა, რომ ჩემი მკვლელი შემობრუნდა, როდესაც უხიფათო მანძილზე აღმოჩნდა, რათა დაენახა ის, რაც მოიმოქმედა.

შაბათ-კვირას ბერლინში გავემგზავრეთ, მხატვარ ლუიზ ბურჟუას ბოლო ნამუშევრების გამოფენის სანახავად. მუზეუმის მაღალი, ღია კარების მიღმა, სადაც დარაჯი იჯდა და ბილეთებს ამოწმებდა, ჩანდა მხატვრის ერთ-ერთი უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც ჭერქვეშ ეკიდა – ადამიანის უპიროვნო ფიგურა, სახის გარეშე. ეს ჰაერში დაკიდებული უსქესო ფიგურა თითქოს დაჰბრუნებოდა თავდაპირველი უბიწოების მდგომარეობას, რომელიც ასევე ტრაგიკული იყო, თითქოს ამ დაკიდებულ, მთვლემარე მდგომარეობაში ვიწმინდებით სქესის ძალმომრეობისგან, ვთავისუფლდებით მისი შეცოდებებისა და უსამართლობებისგან, იმისგან, რომ ცხოვრებისეული ისტორია ამ დიაბოლური ძალით იმართება. მხატვრის ქალურობას თითქოს შეეძლო ადამიანი სქესისგან განეძარცვა.

თავდასხმის შემდეგ სულიერ და ფიზიკურ სისუსტეს ვგრძნობდი. შესაძლებლის საზღვრები გადაადგილდა და სამყარო ახლა სხვა ადგილად იქცა. მისი თვისებები ინვერსირებული იყო: „მე“ და მისი ლტოლვები შეიკვეცა და ძალა დაკარგა, ხოლო გარე სამყარო, რომელიც გარდაუვალ საშიშროებასა და ქაოსს მიქადდა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ვხედავდი, როგორ უდარდელად ცხოვრობდნენ ადამიანები და არც კი ვარაუდობდნენ, რა შეიძლებოდა შემთხვეოდათ ნებისმიერ წუთს. შესაძლოა, ამ ტრანსიდან მათი გამოყვანის იმპულსის ზეგავლენით გამიჩნდა დარტყმის სურვილი. მრავალი წლის განმავლობაში პირველად გავიფიქრე დაბადების სისასტიკის შესახებ, როდესაც თითქოს სარკეში შევედი და მოვხვდი ახალწარმოქმნილი სიცოცხლის ადგილას, იმ ადგილას, სადაც სიტყვები არ არსებობდა. ვხედავდი, რომ ჩემი ნაწილი – დუბლიორის როლი – იქ დარჩა, მაგრამ ახლა ჩემი დუბლიორი დღის სინათლეზე გამოვიდა. ახლა მე კი არა, ის ატარებდა საკუთარი თავის ნიღაბს.

რა თქმა უნდა, ასეა-მეთქი, გავიფიქრე, როდესაც გონს მოვედი და მივხვდი, რომ ქუჩაში ვეგდე, ტკივილისგან თვალთ მიბნელდებოდა და ვერ ვხვდებოდი, როგორ აღმოვჩნდი იქ. მექანიკურად ვცდილობდი გამეგო, რა მოხდა, სად ვიყავი, ისე, თითქოს სრულ სიბნელეში, უცნობ ოთახში გამეღვიძა – თითქოს სამყარო, რომელსაც ვერ აღვიქვამდი, თავდაყირა გადაბრუნდა და ჩემი ცნობიერების ამოცანას წარმოადგენდა ამის გამოსწორება. ეს აუტანელი ძალისხმევა, ეს აუცილებლობა, დამედგინა ჩემი ადგილი სივრცესა და დროში, შემეტანა ლოგიკა ჩემს რთულ მდგომარეობაში, ძალზე უბადრუკი იყო. ბრბო შეგროვდა და თავდაპირველად თითქოს უბრალოდ მათვალიერებდნენ, ისე, როგორც ათვალიერებენ სურათს მუზეუმში. ჩემს რეაქციას ელოდებოდნენ: მათ სჭირდებოდათ ეს, რათა შემდეგ თვითონ დაეწყოთ მოქმედება. ინსტინქტურად უგულებელყოფდნენ ძალმომრეობას, თავს იკატუნებდნენ, თითქოს არაფერი დაენახათ. რეალობას უნდა დავბრუნებოდი. გავიფიქრე, რომ, შესაძლოა, ავტომანქანა დამეჯახა ან ზედა სართულებიდან გადმოვარდნილი რაღაც მძიმე საგანი დამეცა. მაგრამ ქუჩა ქვეითად მოსიარულეებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო ქვაფენილი ცარიელი და სუფთა იყო. შემდეგ გამახსენდა ქალი, რომელსაც თვალი მოვკარი მანამ, სანამ მივტრიალდებოდი, რომ მეორე მხარეს გადავსულიყავი. ის ჩემ წინ იდგა ტროტუარზე, დროებითი მოაჯირის გვერდით, რომელიც წინ წასვლის საშუალებას არ იძლეოდა. წამიერად შევხედე, შემდეგ კი ინსტინქტურად შევტრიალდი, თავაზიანობის გამო, რათა უხერხულობა არ ეგრძნო და როდესაც ეს გამახსენდა, გავიფიქრე, ჰო, რასაკვირველია-მეთქი.

 მჯეროდა თუ არა, რომ ქალის საქციელი – დარტყმა – ჩემი ბრალი იყო, მამაკაცის ამგვარივე საქციელისგან განსხვავებით? გაუგებარი იქნებოდა, რატომ უნდა დაერტყა ჩემთვის მამაკაცს, ვერ ვიპოვიდი მიზეზს, რომლის გამოც უნდა დაერტყა და ამ მიზეზის პოვნა ჩემი მოვალეობა იქნებოდა, ისევე, როგორც ახლა ჩემ მოვალეობა იყო ნელ-ნელა წამოდგომა. მაგრამ რატომ დამარტყა იმ ქალმა? ალბათ, ქალის ბუნებისთვის დამახასიათებელმა აგრესიამ დამარტყა. ეს იყო დუბლიორის სფერო – აგრესია, რომელიც ჩემში დაიბადა და ახლა დუბლიორმა თითქოს რეალურ ადამიანურ არსებაში შეისხა ხორცი.

ლუიზ ბურჟუას გამოფენაზე ეს აზრი სხვადასხვაგვარად იყო ხორცშესხმული. იქ, ჭერზე დამაგრებული ნათურების მქრქალ შუქზე, სიჩუმეში, ოთახებში, რომელთა კარები ერთიმეორის მიყოლებით იღებოდა, სულ უფრო ღრმად ვწვდებოდი ხელოვანის ფარულ არსს, შემოქმედების კავშირს ცხოვრებასთან, რომელიც ერთდროულად ბავშვურიც იყო და ველურიც. აქ საღი აზროვნება და შეშლილობა ერთმანეთს არ უპირისპირდებოდა. ეს იყო გასულიერებული მატერიის ორი მხარე, წერტილი, რომელშიც ცნობიერების არსებობა სხეულის, სუბსტანციის განადგურებას ნიშნავს. ხელოვნება, რომლის საფუძველი შეშლილობაა, საღ აზროვნებად გადაიქცევა; ეს მატერიაა, სხეულია შეშლილი. მინის ვიტრინის მიღმა ორი უთავო მოქსოვილი თოჯინა ერთმანეთს ეხვეოდა; სხეული, რომელიც ინსტინქტისა და მოთხოვნილების ზეგავლენით მოქმედებს, ვერ აცნობიერებს საკუთარ მორალურ აბსურდულობას. მაგრამ ქალის სხეულს სჩვევია საგანგებო შეშლილობა, ობობას შეშლილობა, რომლისთვისაც არ არსებობს ზღვარი მატერიალურ და არამატერიალურ „მე“-ს შორის. პატარა მოქსოვილი თოჯინა მისი პაწაწინა ვარდისფერი „შვილით“, უბრალოდ, ევოლუციის შედეგად, გარდაისახება შავ ობობად, რომელიც მოლოდინში გაშეშებულა. ეს საზარელი და მდუმარე ობობა თითქმის გამონაგონია, მეტამორფოზის პროდუქტი, ისე, თითქოს უჩინრად გამოიჩეკა კიდევ უფრო დიდი გამონაგონის შიგნით და მოთმინებით იკვებება მისი ილუზიებით. ის განასახიერებს ყველაფერს, რასაც უარყოფს და უკუაგდებს ქალურობა, ყველაფერს, რად კვლავინდებურად ბნელი და განგრძობითია მისი ცვლილების ვულკანური ციკლის მიღმა და მაინც უცნობი რჩება.

გამოფენა წარმოადგენდა ძაფებისა და ქსოვილების მემორიალს, ნაქსოვ ტაძარს. როგორ შეიძლება, ქვაში უკვდავყო ქალურობა, ქალის სქესი, რომლის საფუძველი განმეორებაა, ოღონდ არა მუდმივი განმეორება. მისი ელემენტები დროებითია, მაგრამ მარადიულია თავიანთ განმეორებაში, ისევე, როგორც – თვით ძალმომრეობა. ამ აზრის ფონზე ნათელი გახდა, რომ ჩემი მკვლელის საქციელში შემოქმედების ელემენტი მონაწილეობდა. სანამ ვიჯექი პოლიციელის გვერდით, რომელმაც მიმიყვანა ტროტუარზე დადგმულ ერთ-ერთ სკამთან, კაფეს პატრონი გამოვიდა და ჭიქით წყალი მომაწოდა. ეს ქალი გულისხმიერი და კეთილი იყო, წუწუნებდა, ქუჩებში უამრავი არანორმალური, სულით ავადმყოფი, ნარკომანი დადისო. მითხრა, რომ ჩემი მკვლელი სამი დღის განმავლობაში ყიალებდა იქ და წინა დღეს ვიღაც ქალს ზუსტად იმ ადგილას და ზუსტად ისევე დაარტყა, როგორც – მე. ტროტუარის ეს კვადრატი, სადაც დროებითი მოაჯირი იდგა, ჩემი მკვლელის სტუდია იყო – ის აქ განუწყვეტლივ ამზადებდა რაღაცას და რამდენიმე მცდელობა დასჭირდა, რომ სწორად დაემზადებინა. მის ქცევას არავითარი აზრი არ ჰქონდა – შეშლილის ქცევა იყო – მაგრამ ჩემთვის სავსებით გასაგები გახლდათ.

დ.-ს ცოლს სტკივა მუცელი, სტკივა ზურგი. სკამიდან სწრაფად ადგომისას თეძოში გამჭოლ ტკივილს გრძნობს. ზოგჯერ, დილაობით, ხელები უკანკალებს, როდესაც ყავის ფინჯანი უჭირავს. ასე წარმომიდგენია. თავისი სხეულის ჩივილებს მშვიდად, შიშის გარეშე აღიქვამს. საპასუხოდ, თავს აიძულებს, ყოველდღე სწრაფად იაროს სახლის მახლობელ მინდვრებსა და ტყეებში; ვარჯიშობს და საგანგებო დიეტას იცავს; ყიდულობს ტანსაცმელს, რომელიც ათბობს და ამშვიდებს, წვება ხოლმე თბილი წყლით გავსებულ აბაზანაში; სადილის შემდეგ ისვენებს. ხშირად ის და დ. მოგზაურობენ სამხრეთში და ქალი ისრუტავს მზის შუქს, ზღვის სურნელს, სანამ თვითონაც სხივმფინარე გახდებოდეს. ნებისყოფისა და თვითდაჯილდოების წყალობით მისი სხეული ატარებს დღეებს. მათი აკუმულაცია ერთგვარი ფარული ისტორიაა, დღიურია: ქალი შეუმჩნევლად მეტ-ნაკლებად მუდმივ ყურადღებას უთმობს საკუთარ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ღირებულება უმნიშვნელოა. შვილები ახლა დიდები არიან და ქალი იხსენებს მათ ისტორიას დაღლილობის გრძნობითა და გაოცებით, ისე, როგორც გადამდგარი გენერალი იხსენებს ხოლმე თავს გადამხდარ ბრძოლებს. ის კვლავ ქალად რჩება, მაგრამ ბოლო დროს ეს ფაქტი ერთგვარ იძულებას ან წინააღმდეგობას აწყდება: დამშვენებისა და გაფურჩქნის ნაცვლად მისი ხიბლი თავის თავში იკეტება. მისი სხეული უკვე არავითარ საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

ქალი დიდხანს უსხლტებოდა დ.-ს მიერ მისი შეცნობის მცდელობებს. ერთგვარი უძლურება – შესაძლოა, თავაზიანობის ან ყურადღებიანობის ფორმა – ხელს უშლიდა დ.-ს, სრულად დაუფლებოდა ქალს, რომელიც თავს არიდებდა ამ მცდელობებს, თუმცა, არსებითად, უნდოდა, რომ ქმარი მართლაც დაუფლებოდა მას. თითქოს ქალის ბრალი იყო, რომ ქმარი ვერ ეუფლებოდა მას; შესაძლოა, დ.-ს ცოლს ქალური მომხიბვლელობა აკლდა. მაგრამ დაუფლების არსი ისეთი არ იყო, როგორც ქალი ფიქრობდა. საერთოდაც, ძნელია ცხოვრება ადამიანთან, რომელიც ესოდენ ბევრს ხედავს იმაში, რასაც უყურებს. ქმრის მზერას თითქოს ბოლომდე უნდა შთაენთქა ქალი. ამგვარად, ის ფაქტი, რომ დ. არ და ვერ ეუფლებოდა ცოლს, აღაშფოთებდა ქალს. სურათები შიშველი ნატურით ამ ორთაბრძოლის ერთგვარ ასახვას წარმოადგენდა. ქალის გაუცხოება, რომელიც მას მიჯნავდა ქმრისგან, ერთგვარ შავ სივრცეს წარმოქმნიდა მათ შორის: ქალს თითქოს ღირსება აკლდებოდა. და მაინც, სურათებში იყო მიჯნა, რომელსაც დ. თვითონ ვერ გადააბიჯებდა. ზოგჯერ, როდესაც ძილმორეული ქალი ქმრის გვერდით იწვა, ფიქრობდა თავისი თავის ხატზე, რომელიც შეეძლო შეეთავაზებინა დ.-ს. მხატვარს სურდა ქალის ასახვა თავის ტილოებზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს საშიში, სარისკო იყო თვით მისთვის.

როდესაც ქალმა პირველად გაიგონა ორმაგი პორტრეტის შესახებ, დიდად არ შეშფოთებულა. პირიქით. ქმარი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობდა. სურდა, დაეხატა ცოლი, რომელიც სავარძელში მის გვერდით იჯდა. ქალს აინტერესებდა, რას უამბობდა დ., როდესაც მის გვერდით იჯდებოდა. ვარაუდობდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ნაკარნახევი იყო გულწრფელობისადმი მისწრაფებით და ამიტომ ქმრის გვერდით თავისი ადგილი დაიკავა სავარძელში. მაგრამ მალე აშკარა გახდა, რომ დ.-ს არ ესმოდა, როგორ მოექცა ცოლს თავისი შიშველი ნატურის სურათებით, არ იცოდა, რომ რაღაც მოჰპარა ცოლს. სურათზე ქალი საკმაოდ შეუხედავი იყო და დ.-მ არ იცოდა, როგორ სტკიოდა გული ქალს, როდესაც მას ულამაზოდ მიიჩნევდნენ და რომ ქმარი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მოვალე იყო, ცოლი ლამაზ არსებად მიეჩნია. ორმაგ პორტრეტზე ასახული იყო მათი მზით განათებული სასტუმრო ოთახი. კედლებზე გაკრულ შპალერზე თეთრი და ცისფერი ყვავილები ეხატა – ქალი დარწმუნებული არ იყო, რომ ჭეშმარიტად ხედავდა ამ ყვავილებს, სანამ მათ თავდაყირა დაინახავდა და შეამჩნევდა მათ მკრთალ და შემაშფოთებელ სილამაზეს. ავეჯი ცოტათი გამოხუნებული და ბინძური იყო. სავარძლის ბალიშები – დაჭმუჭნილი. მზე თითქოს ისრუტავდა ენერგიას ამ ოთახიდან, თუმცა კი ანათებდა მას. უკანა პლანზე მოჩანდა მაღალი, მქრქალი ფანჯრები. ცენტრში იყო ორთავიანი ურჩხული: დ. და მისი ცოლი – ისეთივე მოჭმუჭნილები და გამოხუნებულები, როგორებიც იყო ბალიშები, რომლებზეც ისინი ისხდნენ. ხელიხელჩაკიდებულები ისხდნენ. თმაგაჩეჩილნი და ულაზათოდ ჩაცმულნი. ქალი თითქოს დატყვევებული იყო.

დ.-მ ცოლს შესთავაზა, მეორე პორტრეტისთვის გაშიშვლებულიყვნენ. ქალს შეეძლო, უარი ეთქვა, მაგრამ მისი მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევდა. იმ დროისთვის დ.-მ მნიშვნელოვანი ქონება დააგროვა, სახელი და დიდება მოიპოვა, ხოლო ქალის, როგორც დ.-ს ცოლისა და თანამგზავრის სტატუსი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მის მოვალეობას წარმოადგენდა ქმრის დახმარება – არაფერი, თვით შვილებისადმი სიყვარულიც კი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც მოვალეობის გრძნობა, რომელსაც ის ქმრის წინაშე განიცდიდა. დ.-ს წარმატება – მისი მონაპოვარი – ცოლის წარმატებაც იყო ან, უფრო სწორად, ქალმა უარი თქვა საკუთარ წარმატებებზე, საკუთარ ცხოვრებაზე. მთელი თავისი სიცოცხლე და ენერგია ქმარს მიუძღვნა და ამიტომ მისი ნაწილი – მისი ძალა – თავისთვის მოითხოვა. ამ მხრივ, ის თითქოს არ განსხვავდებოდა ნებისმიერი სხვა დიასახლისისგან: ახლა მიხვდა, რომ ჭეშმარიტი განსხვავება მასა და სხვა დიასახლისებს შორის ქმრის დამსახურება იყო.

დ. ხატავს ორმაგი შიშველი პორტრეტების რიგს და როდესაც მათ უყურებს, ქალი ხედავს თავისი წარუმატებელი ცხოვრების ხატს. ზუსტად ისევე, როგორც ცოლი წარმოადგენდა დ.-სთვის გარე სამყაროს წვდომის საშუალებას, ახლაც ის იყენებს ცოლს ერთგვარ ფარად, რომლითაც დროის თავდასხმას უმკლავდება. მიუხედავად ამისა, იგულისხმება, რომ მათი თანაცხოვრება ბოჭავდა დ.-ს სულს. რაღაც კომიკური შეიმჩნევა დ.-ს მზაობაში, თავი ამ წყვილის ნახევრად წარმოიდგინოს. მაგრამ სასაცილო – ქალია. ქმრის გვერდით მჯდომი, ის თავდაყირაა დახატული.

 პორტრეტები სულ უფრო დიდი და აბსტრაქტული ხდება: ორი მომიჯნავე ფიგურა ნაწევრდება ფორმებად, ჩრდილებად, რომლებიც ხან ქრება, ხან კი კვლავ თავს იყრის სურათის სიბრტყეზე. ქალს ესმის, რომ, შესაძლოა, დ.-მ სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელოს ამ ორმაგი პორტრეტების ხატვა. ესაა მისი გვიანდელი ნამუშევრები, სიბერის დროინდელი მელანქოლიური სიმღერა და საზოგადოება მათ უფრო მეტი ენთუზიაზმით ხვდება, ვიდრე ოდესმე. რადგან ეს გულახდილობა დროისა და სიკვდილის წინაშე – ისაა, რაც მისთვის ყველაზე უფრო ძვირფასია. ის ფაქტი, რომ ქალი თვითონაც აღბეჭდილია ამ სურათებში – დ.-ს ორიგინალურობის უტყუარი ნიშანია. ალბათ, დ. რაღაცას უგულებელყოფს, როდესაც ცოლს თავის გვერდით ხატავს – სიამაყეს თავისი მამაკაცურობის, მამაკაცური იდენტობის ეგოისტური საფუძვლის გამო. ეს ხანდაზმული ბურჟუაზიული წყვილი, რომელიც სამუდამოდ განწირულია ნებაყოფლობითი მონობისთვის – ისტორიის რიგითი მსხვერპლია.

ზოგჯერ ქალაქში თითქოს ყველა ბავშვი ყვიროდა, ლურჯი სიკვდილიო[1] – ქუჩაში, პარკში, ავტომანქანების ფანჯრებიდან. ეს არ იყო ბავშვური ყვირილი, არამედ შემზარავი ყვირილი დახრჩობისა და წამების შესახებ, წინასწარმეტყველთა ყვირილი, რომლებიც ჭვრეტენ აუწერელ შიშს, რომელიც საცაა შეგვიპყრობს. ძნელი იყო ამ მოთქმის ბგერების წყაროს დადგენა, რომლებიც ყველგან ისმოდა. როგორ შეეძლოთ პატარა არსებებს, ასე ეხმაურათ?

ხშირად ყვირილი აღწევდა ჩემს ფანჯრამდე ახალ ბინაში, სადაც ვწერდი მხატვარი ქალის, პაულა მოდერზონ-ბეკერის შესახებ, რომელიც ოცდათერთმეტი წლის ასაკში მშობიარობას გადაჰყვა. მის შიშველ ავტოპორტრეტებში შეინიშნება გაბედულება, რომელიც ახლა თითქოს მიუწვდომელია. არა იმის გამო, რომ ამჟამად დედებისთვის უფრო ადვილია შემოქმედებითი საქმიანობა, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებამ უჩუმრად მიატოვა ეს არენა და უცნობია, დაბრუნდება თუ არა, და როდის დაბრუნდება. საგნის ჭეშმარიტი შინაარსი გარდაუვალ იდუმალებასა და სიზუსტეს უკავშირდება. შეიძლება თუ არა, ოდესმე წარმოვიდგინოთ მარადიულის ელემენტი ქალურობის განცდაში როგორც უფრო მეტი, ვიდრე ინტერნალიზებული მდგომარეობაა? ეს შესაძლებლობა უნდა მდგომარეობდეს თვით ქალის სხეულში, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ქალი-მხატვრის წინაშე მკაფიო არჩევანი დგას: ან დაეთანხმოს მამაკაცურ ობიექტურობას და აღიარებულ იქნას „საპატიო“ მამაკაცად, ან იმთავითვე განაცხადოს თავისი ქალურობისა და შესაბამისი თემების შესახებ. გასაოცარია სიცხადე, რომლითაც მოდერზონ-ბეკერი ირჩევს მეორე გზას და განიცდის მის შედეგებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას სრულად არ ესმის, სახელდობრ, რას ირჩევს: ინსტინქტით ხელმძღვანელობს. ინსტინქტისადმი დამორჩილება – საგანგებო თავისუფლებაა, რომელსაც მივაწერთ ხოლმე მამაკაც მხატვრებს და თვით ხელოვნების ქმნილებას. ამ ინსტინქტსა და შემოქმედებით აქტში შეიმჩნევა თვითგანადგურების ელემენტი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ყველაფერი წინასწარ ცნობილია: ქალი თავს აღწევს შეფარდებით უსაფრთხოებას და გამოდის თავისი უკანონობის სამყაროში.

The New Yorker, 17 აპრილი, 2023


[1] „ლურჯი სიკვდილი“ – ასე უწოდებდნენ ე.წ. „ესპანურ გრიპს“, რომელიც 1918 წელს გავრცელდა მთელ მსოფლიოში და იმსხვერპლა ოცი მილიონი ადამიანი.

© არილი

Facebook Comments Box