შემზარავი ზმანებები
რეცენზია ჰერმან ჰესეს რომანზე “ტრამალის მგელი”
“ტრამალის მგლის” გმირს მოცარტის ლანდი ეუბნება: “თქვენ საკუთარი ცხოვრებიდან ავადმყოფობის ამაზრზენი ისტორია შექმენით, ნიჭიდან კი – უბედურება”. შემდეგ კი ისმის “მოცარტის სარკასტული, უხმო სიცილი”.
ზოგჯერ მკითხველსაც ეცინება, რადგან გერმანელმა რომანისტებმა ზომაზე მეტად გააჯერეს თავიანთი ნაწარმოებები საშინელებებით. გერმანიაში “ტრამალის მგელი” ბესტსელერად იქცა 1927 წელს, ხოლო პოლ ბიუსონის “მელქიორ დრონტის ხელახალი დაბადება” (იმავე ჟანრის რომანი) – რამდენიმე წლით ადრე წარმოადგენდა ბესტსელერს. “ტრამალის მგლის” წარმატება მოწმობს, რომ ომისშემდგომ გერმანია ავადმყოფურად გაიტაცა ინტელექტუალურმა გადახრებმა. ჰესეს აზრით, ისტორიის ამგვარი პერიოდები მაშინ დგება, როდესაც “ორი ეპოქა, ორი კულტურა ან ორი რელიგია ნაწილობრივ გადაფარავს ურთიერთს”.
შესაძლოა, “ტრამალის მგლის” ბრწყინვალე თარგმანი რამდენადმე მაინც განსხვავდება ორიგინალისგან, რადგან ჰარი ჰალერის (ნაწილობრივ ადამიანის, ნაწილობრივ კი – მგლის) გზა, რომელიც ისტერიასა და სიგიჟეზე გადის, უფრო აღგზნებას იწვევს, ვიდრე – აღელვებას, უფრო გროტესკულია, ვიდრე – ავბედითი. ნაწარმოები ემყარება ოსტატურად გააზრებულ სქემას და არა უშუალო მხატვრულ იმპულსს. ეს სქემა საკმარისად თვალსაჩინოა, რათა “ტრამალის მგელი” ლაღად და ინტერესით წავიკითხოთ. ამასთან, რომანის სქემა, საბოლოო ანგარიშში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი თემა, რადგან ჭიდილი ჰალერის ორ “მე”-ს შორის თანდათან ჰკარგავს სიმძაფრეს და, შესაბამისად, თემაც უფერულდება.
არც ჰალერმა-კაცმა და არც ტრამალის მგელმა არ უნდა დაუშვან “სხვისი” ჩარევა, რათა მიღწეულ იქნას ოსტატობა და სრულყოფილება. ჰალერი, ერთდროულად, ადამიანიცაა და მგელიც, თუმცა არ ემთხვევა არც ერთ მათგანს და არც – ორივეს. ის ინტელექტუალური იდეალისტი, სკეპტიკოსი და ნიჰილისტია, რომელიც ქედმაღლურად ეკიდება ადამიანთა მოდგმას, ანუ “მასზე მაღლა დგას”, როგორც თვითონვე აღიარებს – ნაწარმოებში თხრობა პირველი პირის ფორმით წარიმართება – და ირჩევს “შეშლილების გზას”. აქ გმირს ელის გასაოცარი ფანტასმაგორია, რომელიც თანამედროვე ქალაქური ცხოვრების მეშვეობითაა ინტერპრეტირებული. ნაწარმოებში გამოჩნდება არა მარტო მოცარტი, არამედ – ჰალერის მეორე კერპიც, გოეთე.
ავტორი სათანადო სიმაღლეზეა, როდესაც მიმართავს გმირის იდეალიზმის გაცამტვერებას. მის გულწრფელობაში შეინიშნება “შოუიანური” ღვარძლი, ხოლო ევროპული ცივილიზაციის მკაცრი კრიტიკა წარმოგვიდგება საღი აზროვნების გამოვლინებად, რაც ესოდენ იშვიათია ამ მანიაკალურ წიგნში.
Guardian,
1929, 21 ივნისი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
© “წიგნები – 24 საათი”