რონალდ ნოქსი მე-20 საუკუნის დასაწყისის მწერალია, დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებთა ავტორი, რელიგიური მოღვაწე, წევრი „დეტექტიური კლუბისა“, რომელიც 1920-იან წლებში შექმნეს ისეთმა ლეგენდარულმა მწერლებმა, როგორებიც იყვნენ აგათა კრისტი, დოროთი საიერსი, გ.კ. ჩესტერტონი და ე.კ. ბენტლი. რონალდ ნოქსის რომანებს შორის ცნობილია: „მკვლელობა ვიადუკზე“, „ყალბი მიზნები“, „ჯერ კიდევ მკვდარია“.
ნოქსი კათოლიკე მღვდელიც იყო და, შესაძლოა, სწორედ ამის გამო დაწერა დეტექტიური ლიტერატურის ათი მცნება.
- დეტექტიურ ნაწარმოებში ბოროტმოქმედი უნდა იყოს ის პერსონაჟი, რომელიც მოხსენიებულია რომანის დასაწყისში, მაგრამ არა ის, ვის აზრებსაც აკვირდება მკითხველი.
- ცხადია, ზებუნებრივი, მიღმური ძალების მოქმედება დეტექტიურ რომანში გამორიცხული უნდა იყოს.
- დასაშვებია მხოლოდ ერთი ფარული ოთახის ან ფარული გასასვლელის გამოყენება.
- დაუშვებელია აქამდე უცნობი საწამლავების ან მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს ვრცელ მეცნიერულ განმარტებას რომანის დასასრულს.
- რომანში არ უნდა ფიგურირებდეს ჩინელი პერსონაჟი.
- მაძებარს მის საქმიანობაში დახმარება არასოდეს უნდა გაუწიოს იღბლიანმა შემთხვევამ; მაძებარმა, ასევე, არ უნდა იხელმძღვანელოს ქვეშეცნეული, თუმცა კი სწორი ინტუიციით.
- თვით მაძებარმა ბოროტმოქმედება არ უნდა ჩაიდინოს.
- როდესაც მაძებარი მიაგნებს ამა თუ იმ სამხილს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მკითხველს.
- დეტექტივის ბრიყვმა მეგობარმა, ისეთმა, როგორიც უოტსონია, არ უნდა დამალოს არცერთი აზრი, რომელიც თავში მოუვა; ინტელექტით ის ცოტათი (სულ ოდნავ) უნდა ჩამორჩებოდეს საშუალო დონის მკითხველს.
- დეტექტიურ ნაწარმოებში არ უნდა ფიგურირებდნენ ტყუპი ძმები და, საერთოდ, ორეულები, თუკი მკითხველი სათანადოდ არაა მომზადებული საამისოდ.
Facebook Comments Box