პროზა

რუსუდან რუხაძის ფანჯრიდან

მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.

ამიტომაც დაიწყო არილმა რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.

მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.

***

მოპირდაპირე კორპუსის აივანზე ერთი ხმელი კაცი ეწევა ხოლმე სიგარეტს და არც ისე ცოტას. რახან ჩვენი ბინის ყველა ფანჯარა ქუჩას გაჰყურებს, კინოფირივით თანაბრად დაშორებულ სარკმლებში, თეთრი მაქმანის ფარდის მიღმა, ის კაციც ლანდავს ქალს შავი ხალათით, რომელიც პროზაული კალენდრის შედგენით ირთობს თავს.    

„ჩემი მეზობელი ნახევარ ღერს ეწევა და მალევე ტოვებს აივანს. თოვლის სუნია.“

„ჩემი მეზობელი სიგარეტის მოწევის შემდეგაც შემორჩა აივანს. გაზაფხულია.“

„ჩემი მეზობელი შიშველი ეწევა და კვამლს ხელით ფანტავს. ქალაქი დნება.“   

„ჩემი მეზობელი ნიკაპს მკერდს აბჯენს და ნაფაზით თბება. სევდას იქარვებს.“

ერთ დღესაც ცხოვრება შეიცვალა და მოპირდაპირე კორპუსმა ენა ამოიდგა. აღდგომის ღამეს ყვითელი სახლის ბოლო სართულიდან როხროხა კაცი გადმოდგა და დაიძახა: ქრისტე აღსდგა! პასუხად ყველა ფანჯარა ერთდროულად გაიღო და კომენდანტის საათის ტყვეთა განწირული ხმები გაისმა: ჭეშმარიტად აღსდგა! და ასე სამჯერ, მხოლოდ უფრო მეტი რიხითა და შემართებით. მოულოდნელმა შეხმიანებამ მთელ უბანს სიხარული მოგვიტანა, მაგრამ თითქოს შეგვაკრთო კიდეც, მწეველებიცა და მოთვალთვალეებიც. მივხვდით, რომ ზემოთ ვიღაც ცხოვრობს და ყველას გვხედავს.  

***

გავიქეცით. ქალაქთან ახლოს, ზემო ნიჩბისში, ხევის პირას დავსახლდით. მართალია, კელაპტარას და სატაცურს, ნიბლიას და ჩიტბატონას, გველს და ბოხმეჭას ერთმანეთისგან ჯერ კიდევ ვერ ვასხვავებდით, მაგრამ ვიცოდით, რომ გვინდოდა ფანჯარა, საიდანაც კორპუსების ნაცვლად, დიდგორის მთებს, ციციშვილების ციხე-დარბაზებს, უმზეურასა და თავკაპიწას ტყეებს დავინახავდით. აქაურობა შენი იდეების და ჩემი შეცდომების არისო, ამბობს ლევანი, როდესაც დავიჩივლებ, რომ ეს ყველაფერი გადასარევი, მაგრამ ვარდების ბაღის მხარეს ერთი სარკმელი მაინც გვაკლია.

„არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი

მოსვენებას!“

თუ ასე მპასუხობს, ვიცი, მეთანხმება.

არადა, ვარდები სულ სახელებით ვარჩიეთ: შექსპირი, დონ ჟუანი, გრეჰემ ტომასი, აბრაამ დერბი,  პოეტის ცოლი… ძეგვში რომ იყვავილებენ, ქვემო ნიჩბისში ათ დღეში გაიშლებიან. ქვემო ნიჩბისში რომ გადაიპენტებიან, ზემო ნიჩბისში კიდევ ათი დღის მერე უნდა ველოდოთ წერილების გახსნას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის გაზაფხული მცხეთა-მთიანეთში, რაც იცის ყველამ, ვისაც ეს გზა ამოუვლია.

არის დღეები, ქვემო ნიჩბისში ჯანღი ჩაწვება და ყველაფერი ბურუსში გაეხვევა. ჩვენი სახლი თითქოს ღრუბლებს ზემოთ მოექცევა და ჩემი საყვარელი ფანჯარაც ილუმინატორს დაემსგავსება. ამ დროს ყველა ის სარკმელი მახსენდება, რომლის ხედებსაც წარმოსახვით ალბომში განსაკუთრებით ვუფრთხილდები: ბარნოვის ბინის, საიდანაც პირველად დავინახე ლიკა ქავჟარაძე; იმერეთის სახლის, საიდანაც ჩემი გამზრდელი ჩინარი და კოპიტი მოჩანს; დიდუბის ბინის, საიდანაც საჩაიე „ლილის“ იშვიათ სტუმრებს ვაკვირდებოდი…

სანამ მწვანედ მოციმციმე ფანჯრებში მეგობრებს შევეხმიანები, გამოიდარებს კიდეც, ქარი ნისლს გადაყრის, მტაცებელი ფრინველები სანადიროდ აიშლებიან და დიდგორის მთებიც ხელახლა ამოიზრდება. ჩვენც ისე აღვიქვამთ ამ დიდებულებას, თითქოს პირველად ვხედავდეთ.

შევთანხმდით, ნისლის მერე თავიდან იწყება ცხოვრება.

© არილი

Facebook Comments Box