ახალი ამბები,  ესე (თარგმანი),  კულტურა/ლიტ.თეორია

საბჭოთა საბავშვო ლიტერატურით თანამედროვე ავტოკრატიულ რეჟიმს გაიგებთ

სტატია გაზეთიდან The Economist

ცივი ომის მიწურულს, როცა პეტერბურგი ჯერ კიდევ ლენინგრადად იწოდებოდა, ჰერცენის უნივერსიტეტში უცხო ენების ინსტიტუტმა უცხოელთათვის რუსულის სასწავლებლად ევგენი შვარცის მოკლე პიესა გამოიყენა. შვარცი დიდი მწერალი და ჭკვიანი კაცი იყო – რეპრესიების დროს თავი საბავშვო ლიტერატურას შეაფარა. ზღაპრის სიუჟეტს ამოფარებულმა, 1944 წელს დასრულებულ „დრაკონში“, ავტორიტარული მმართველობის დეკონსტრუქციაც მოახერხა. რამაც დღეს, ავტოკრატთა დაბრუნების ხანაში, მისი აქტუალურობა განაპირობა.

გმირი ლანსელოტი ჩადის ქვეყანაში, რომელსაც საუკუნეებია სამთავა დრაკონი დაჰპატრონებია. გველეშაპი მოსახლეობისგან ყოველწლიურად ითხოვს ქალწულის, აუარებელი რაოდენობის პირუტყვისა და დელიკატესების შეწირვას. ლანსელოტი ურჩხულის განგმირვას განიზრახავს, რაც, მისდა გასაკვირად, ქვეყნის მაცხოვრებლებს სულ არ გაახარებთ, პირიქით, დრაკონის შენდობას შეევედრებიან. „ის არც ისე ცუდია,“ – უპროტესტებენ; თავის ქვეშევრდომებზე ზრუნავს – 82 წლის წინ ეპიდემიის გასაქრობად ტბა აადუღა; სხვა რაინდებმა, რომლებმაც მისი მოკვლა სცადეს, შეიბრაწნენ და სიტუაცია სხვებისთვისაც გააუარესეს. ესეც რომ არ იყოს, სხვა დრაკონებისგან ვინღა დაგვიცავს? ლანსელოტი ცდილობს აუხსნას, რომ სხვა გველეშაპები არ არსებობენ, მაგრამ მისი არავის სჯერა.

შეშინდება რაინდი, მაგრამ მაინც არ დანებდება. დრაკონი თავის ლაქია მერთან ერთად კი მის მოშორებას განიზრახავს და მოსახლეობის უმეტესობაც მათ შეეკვრება. ხოლო პატარა მიწისქვეშა დაჯგუფება მხსნელს მფრინავი ხალიჩითა და იარაღებით მოამარაგებს.

ორთაბრძოლის დასაწყისში ხალხი დრაკონს ერთგულობს. პირველი ორი თავი მიწაზე რომ გაგორდება, პროპაგანდისტები მაშინაც გაიძახიან, ყველაფერი რიგზეა, გეგმას მივყვებითო. და როგორც კი მოჭრის ლანსელოტი მესამე თავსაც, ცვალებადი მოსახლეობა სიხარულით შესძახებს, გამარჯვების ყიჟინას მორთავს.

ერთი წლის შემდეგ, რაინდი ქვეყანაში დაბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მერმა მცხოვრებლები იძულებით დააჯერა ტყუილი, თითქოს, მან მოკლა დრაკონი. ჯაშუშების, ციხეებისა და მოსახლეობის მანკიერი თვისებების გამოყენებით ტირანის ადგილიც დაიკავა. იმედგაცრუებულმა რაინდმა დაასკვნა – თავის მოჭრა საკმარისი არა ყოფილა, რადგან ქვეწარმავალს უკვე მოესწრო ქვეშევრდომების გულში დაბუდება, ახლა კი „მოგვიწევს დრაკონი თითოეულ მათგანში მოვკლათ“.

შვარცი გულაგს გადაურჩა – ამტკიცებდა, დრაკონში ჰიტლერი ვიგულისხმეო. თუმცა, ცხადია, ერთი თავი მაინც სტალინს რომ განასახიერებდა.

გლასნოსტის პერიოდში, „დრაკონი“ მკითხველმა გაიაზრა, როგორც ტოტალიტარული რეჟიმის მანკიერებათა ბრწყინვალე აღწერა, რომლის სიუჟეტმა რეალურ ცხოვრებაშიც გამოჟონა – საბჭოთა ბლოკის ქვეყნების მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა საკუთარი დრაკონების დასამარცხებლად.

30 წლის შემდეგ კი გველეშაპის გვამს ახალი თავი წამოეზარდა – ისიც არწმუნებს ქვეშევრდომებს, (არარსებული) საფრთხისგან გიცავთო. ზოგი ითმენს, ზოგი ეთანხმება, ზოგს უხარია. ევგენი შვარცმა უკვე აღწერა, სცენარი როგორც განვითარდება: პატრიოტულ მიზნებს ამოფარებული ტირანი მოითხოვს მსხვერპლს და ცინიკური დამაჯერებლობით განაცხადებს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს. მოსახლეობის უმეტესობა კი თავიანთი თავის ჩაგვრაში სიხარულით დაეხმარება.

© არილი

Facebook Comments Box