ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა
შესავალი
ალბერ კამიუსა და რენე შარს შორის მიმოწერა თითქმის ცამეტი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ას ოთხმოცზე მეტი წერილია შემონახული. ,,არის ნაყოფიერი შეხვედრები, განთიადის მსგავსი“, – წერს ერთ-ერთ წერილში კამიუ. ეს არის შეხვედრა ორი ადამიანისა, რომლებიც ერთმანეთს კი არ ეძებენ, უბრალოდ, დარწმუნებულნი არიან, რომ იპოვეს, აღმოაჩინეს ერთურთი, ერთ მშვენიერ დღეს შეხვდნენ და მორჩა. მიუხედავად განსხვავებული კულტურისა, მემკვიდრეობისა, ტემპერამენტისა, ლიტერატურული სივრცისა, ერთნი აღმოჩნდნენ. პირიქითაც კი მოხდა, ეს განსხვავებულობა იქცა საფუძვლად განსაკუთრებული ჰარმონიული ურთიერთობისა და გამორჩეული სულიერი თანაზიარობისა.
კამიუ და შარი ზოგჯერ იშვიათად სწერენ ერთმანეთს, ზოგჯერ კი – უფრო ინტენსიურად, განსაკუთრებით ხშირად მაშინ, როცა რთული და მძიმე დღეები აქვთ. მიმოწერა ძალიან მცირდება 1956 წლიდან, როცა კამიუმ პარიზში ოთახი იქირავა იმავე სახლში, სადაც შარი ცხოვრობდა.
მეგობრები პირველად 1946 წელს შეხვდნენ. იმ პერიოდში კამიუ გალიმარის გამომცემლობაში ერთ-ერთ კოლექციას ამზადებდა, შარს მისწერა და ,,ჰიპნოზის ფურცლების“ დაბეჭდვის ნებართვა სთხოვა. ცოტა მოგვიანებით კი კამიუს ,,შავი ჭირი“ გამოიცა და ამ წიგნმა კიდევ უფრო დააახლოვა ორივე.
მათი მეგობრობა თანდათნობით განსაკუთრებულ, ძმურ და ძალიან ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა. წერილებს კი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღირებულება აქვთ. ისინი ხშირად დიალოგია ერთნაირად მოაზროვნე, ერთი ფიქრით შეპყრობილი ადამიანებისა. ხვდება ორი მსგავსი სული და ერთმანეთს ხვეწენ, ერთმანეთს ათავისუფლებენ. ეს უაღრესად ინტიმური, ღრმა და უფაქიზესი გრძნობებით აღბეჭდილი სიახლოვე ტრანსფორმირდება თავისებურად და შემოქმედებით პროცესს წარმართავს.
,,სანამ თქვენ გაგიცნობდით, პოეზიას გვერდს ვუვლიდი ხოლმე“, – წერს კამიუ, – რაც იყო, ის მე არ მეხებოდა. უკვე ათი წელია, სხვაგვარადაა, როცა ჩემში სიცარიელეს ვგრძნობ, თქვენს ლექსებს ვკითხულობ და პირთამდე ვივსები“.
ხანდახან როცა ბედი და გარკვეული გარემოებანი ერთმანეთს ფიზიკურად აშორებდა მათ, სულიერი თანაზიარობა თითქოს უფრო ცხადი ხდებოდა. ,,დრო ვერ აშორებს, მხოლოდ დუნდება განშორებულთათვის“, – ეს ალბერ კამიუს სიტყვებია. რენე შარი კი ასე ეხმიანება: ,,ძვირფასო ალბერ, სად ხართ? უეცრად ისეთი საშინელი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დაგკარგეთ“.
არაერთხელ დასმულა ასეთი კითხვა: შესაძლებელია თუ არა ორ ხელოვანს შორის თითქმის ძმური და უანგარო სიახლოვე? ალბათ, შესაძლებელია, თუკი ამ შემთხვევაში კამიუსა და შარის სიტყვებს მივადევნებთ თვალსა და ყურს: ,,ლექსი იწერება იმ განსაზღვრულ დროს, როცა ის ნაფიქრია და ნაგრძნობია გამორჩეული მეგობრის გულის გავლით“ (შარი კამიუს). როცა შემოქმედებით პროცესში ეჭვი შეგიპყრობს, შეგიძლია დაეყრდნო ,,მეგობარს, რომელმაც იცის, რომელსაც ესმის, რომელიც ფეხდაფეხ მოგყვება“ (კამიუ შარს).
ალბერ კამიუს გარდაცვალებამდე ვერც ჩვეულებრივმა ადამიანურმა ინტრიგებმა, ვერც დრომ, ვერც მანძილმა ვერ დააშორა ეს ორი, ერთი შეხედვით, ძალიან განსხვავებული, მაგრამ თან ასე მსგავსი ადამიანი.
რენე შარი ალბერ კამიუს
ძვირფასო ალბერ კამიუ!
ვინც სიამოვნებით ამბობს ხოლმე , რომ მომავლის გზები მხოლოდ გისოსებით აჭედილი დახვრეტილი კედლებია და მათი გულია ადამიანის მთავარი არტერია, თქვენი ,,შავი ჭირის“ მერე აღარ ექნება ეს ილუზია. თქვენ ძალიან დიდი წიგნი დაწერეთ. ბავშვები კვლავაც შეძლებენ, გაიზარდონ, ქიმერები კი სულს მოითქვამენ.
ბევრ ,,ბოდიშს“ არავითარი აზრი აღარ ექნება. ჩვენს დროს თქვენ ძალიან სჭირდებით.
მიიღეთ ჩემი გულთბილი სიყვარული.
რენე შარი.
22 ივნისი. 1947 წ.
ალბერ კამიუ რენე შარს
ძვირფასო რენე!
ძალიან გამახარა თქვენმა წერილმა. დღეს ძალიან ცოტა ადამიანია, რომელთა სიტყვაც მომწონს და ქცევაც. თქვენ მათ შორის ხართ. თქვენ ხართ ჩვენი დროის ერთადერთი პოეტი, რომელმაც გაბედა და მშვენიერება დაიცვა, ცხადად და ნათლად გამოთქვა და დაამტკიცა, რომ მისთვის ისევე შეიძლება ბრძოლა, როგორც ყოველდღიური ლუკმაპურისთვის. თქვენ სხვებზე უფრო შორს წახვედით, არაფერი დაგითმიათ. ეს საკმარისია, რომ სიხარულით გითხრათ, გულითადად გიჭერთ მხარს. იმიტომ კი არა, რომ დაინახეთ ,,შავი ჭირის“ ღირსებებიც და ნაკლიც, ეს გაცილებით ღრმა რამაა.
ახლა შეიძლება დახმარება გთხოვოთ, როგორც ძველ მეგობარს? ძალიან დამღალა პარიზმა და აქაურმა ნაძირლობამ. დიდი სურვილი მაქვს, როგორმე მიმაღწევინა ჩემს ქვეყნამდე, ალჟირამდე, ეს არის ადამიანების ქვეყანა, ნამდვილი ქვეყანა, მკაცრი და დაუვიწყარი. მაგრამ ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ეს შეუძლებელია. საფრანგეთში თქვენი მხარე მომწონს, უფრო ზუსტად კი ლუბერონის მასივის ძირი1, ლიურის, ლორის, ლურ-მარენის მთები. და სხვ. აქამდე ლიტერატურას არ გავუმდიდრებივარ. ,,შავი ჭირი“ კი ცოტა ფულს მომიტანს. ამ მხარეში ვიყიდიდი სახლს. ხომ ვერ დამეხმარებით?
ხომ წარმოგიდგენიათ, რაც დამაკმაყოფილებს. ძალიან უბრალო სახლი, თუმცა მოზრდილი (ორი შვილი მყავს, ხანდახან დედაჩემიც იქ მეყოლება), რაც შეიძლება, განცალკევებით იდგეს, ავეჯიც იყოს, თუ შესაძლებელი იქნება, უფრო მოსახერხებელი, ვიდრე კომფორტული, წინ პეიზაჟი იყოს, რომ დიდხანს ვუყურო ხოლმე.
ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხებთ, სხვაგანაც მოვიკითხავ. უბრალოდ, თქვენ გენდობით; თქვენ გამიგებთ, ამიტომ გწერთ ასე უბრალოდ. თუ არაფერი იცით, ნუ შეწუხდებით. ჩვენი მეგობრობა კი გაგრძელდება.
ალბერ კამიუ
30 ივნისი 1947 წ.
რენე შარი ალბერ კამიუს
ძვირფასო ალბერ!
მადლობელი ვარ წერილისა და მეგობრობისთვის. სიტყვები თქვენი მეშვეობით გამორჩეულ მნიშვნელობას იძენენ იმ სურათებივით, გრძნობის გარეშე რომ არაფერია (და სინამდვილის).
თქვენთვის სახლის ძებნას დაუყოვნებლივ შევუდგები და ყველაფერს შეგატყობინებთ. აქედან ცხრა კილომეტრში არის სოფელი კაბრიერი, ერთადერთი სოფელია საუკეთესო ადგილზე. ზამთარ-ზაფხულ უჩვეულო შუქშია გახვეული. მისადგომად ხელსაყრელია. მის მოპირდაპირედ გადაჭიმულია ლუბერონის გრძელი ქედი. იქით მოვძებნი, თუმცა არც სხვაგან გამოვრიცხავ.
ძალიან კმაყოფილი ვიქნები, მეგულებოდეთ ახლობელ ადამიანთა შორის.
გულთბილად თქვენი
რენე შარი.
5 ივლისი. 1947 წ.
რენე შარი ალბერ კამიუს
ჩემო ძვირფასო მეგობარო!
როგორ დამანაღვლიანა თქვენმა წასვლამ. გეტყვით: არის ნაყოფიერი შეხვედრები და ისინი განთიადივითაა; გიადვილებენ და გიმსუბუქებენ საკუთარი თავის გაგებასა და წვდომას. ,,სიზიფეს მითი“ თავის ცისფერ ქვას მიწვდის, ,,უნდა წარმოიდგინო ბედნიერი სიზიფე“. დიახ, ასეა! ეს ფრაზა მაძლევს სუნთქვის საშუალებას, ძალების მოკრების საშუალებას. ეს არის ჩვენი, მოაზროვნე ხალხის, თავსასთუმალი. მთელი მომავალი დღევანდელ დღედ ვაქციოთ და იმედით აღვივსოთ, თუნდ სულაც განუხორციელებელი იყოს.
ყველა წმინდანის ხსენების დღესასწაულის დღეს გაიყიდება ლანში მდებარე სახლი (ამ დროს ოთხივე მემკვიდრე შეიკრიბება). მატიეს ოჯახი უძღვება ამ საქმეს. მალე ფასზე ვილაპარაკებთ და გაცნობებთ.
ფრანსინ კამიუს ჩემი მეგობრული კეთილგანწყობა გადაეცით დ მთელი გულით გჯეროდეთ ჩემი.
რენე შარი.
1947 წ. 4 ოქტომბერი
ალბერ კამიუ რენე შარს
ახლა მაგიდაზე მიდევს ,,თქვენი ,,მძვინვარება და მისტერია“2. მხოლოდ ერთი სიტყვით მინდა, ჩემი სიხარული გამოვხატო და კვლავაც გითხრათ, რომ ეს არის პოეზიის ყველაზე კარგი წიგნი ჩვენს საბრალო ეპოქაში. თქვენი წყალობით ლექსები მხნეობასა და ერთგვარ სიამაყეს იძენენ. ბოლოს და ბოლოს, გვეხმარებიან, ცხოვრებას გვიადვილებენ.
უკმაყოფილო ვიყავი, რომ ასე მალე და მოულოდნელად დაგტოვეთ (რამდენი ხალხია ამ ლიზლში). მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ თქვენთან ცოტა უფრო ახლოს ვცხოვრობდი ამ ზაფხულს. შეიძლება კარგად ვერც გადაგიხადეთ მადლობა წარწერისთვის წიგნზე ,,მძვინვარება და მისტერია“, ისე ამაღელვა, ჩვენს მეგობრობაზე მეტადაც კი, სულ მუდამ რომ გაგრძელდება.
მალე შეხვედრამდე. გამაგებინეთ, როცა დაბრუნდებით, მანამდე კი დარწმუნებული იყავით ჩემს კეთილგანწყობაში.
ალბერ კამიუ.
1948 წ. 21 სექტემბერი
რენე შარი ალბერ კამიუს
ჩემო ძვირფასო მეგობარო!
მადლობელი ვარ ასე რომ ფიქრობთ, გმადლობთ გულთბილი მიღებისთვის. თქვენ ხართ ერთ-ერთი იმათგანი, ვისი მხარდაჭერაც მეხმარება მუშაობაში, წინსვლაში. ,,მძვინვარება და მისტერია“ თქვენი წიგნიცაა. მიგვიანდება თქვენი ნახვა, პარიზში ჩამოსვლა თქვენს სანახავად. მეჯავრება პარიზი, თუმცა რაღაც მაინც მიზიდავს ამ უცნაურ საყვარელთან: თქვენ და ორი-სამი სხვა მეგობარი.
ფილმის სისულელეებიც3 დამთავრდა.
აღარ ვიქავებ, მაგრამ საშინელებაა ეს ეგზემა!
მალე შეხვედრამდე. მუდამ თქვენი
რენე შარი 1948 წ. 27 სექტემბერი
ალბერ კამიუ რენე შარს
სან პაულო
ძვირფასო მეგობარო!
აქ თქვენზე ვფიქრობ და თქვენზე ვლაპარაკობ. უფრო ამის გამოც გწერთ. ქვემოთ ორი ბრაზილიელი მწერლის მისამართებსაც ნახავთ, მათ მშვენივრად იციან თქვენი ნაწარმოები და ამიტომაც აღტაცებულები არიან თქვენით. მათი მონდომება იმდენად ამაღელვებელია, რომ დავპირდი, მათთვის გთხოვდით მაგ. ,,კლერს“4 თქვენი ხელმოწერით. გალიმარს სთხოვეთ, ასევე გამოაგზავნინოს ახლა ,,მძვინვარება და მისტერია“ რიოსა და სან პაულოს წიგნის მაღაზიებისთვის. იმ დღესვე დაიტაცებენ. ამ ქვეეყანაში მნიშვნელოვან ადამიანთა შორის რომ გნახავთ, ამაზე დიდ სიამოვნებას არაფერი არ მომანიჭებს.
ძალიან ცხელი ქვეყანაა. აქ ერთ დღეს ბუნება შთანთქავს წამომართულ მყიფე დეკორებს, რომლებითაც ადამიანი ცდილობს გარემოცვას. ადრე თუ გვიან ტერმიტები გადასანსლავენ ცათამბჯენებს, ზოგს ველური ხვიარები დაფარავს და ბრაზილიის ნამდვილი სახეც გამოვლინდება. ეს თქვენ ჩემი მოგზაურობის შთაბეჭდილებებიდან. თვის ბოლოს ვბრუნდები, მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას. პარიზში
იქნებით? დარწმუნებული იყავით ჩემს ძმობასა და მეგობრობაში.
ალბერ კამიუ
1949 წ. 8 აგვისტო
ალბერ კამიუ რენე შარს
ძვირფასო რენე!
მგონი, ყველფერი გავიგე და გეთანხმებით. ჭეშმარიტება კი ის არის, რომ სანამ მორალის წინაშე აღმოჩნდები, ჯერ სიყვარული უნდა იყოს, სხვაგვარად, ორივე იღუპება. დედამიწა ულმობელია. ერთმანეთი ვისაც უყვართ, ერთად უნდა იბადებოდნენ. სიცოცხლის განმავლობაში უფრო და უფრო გვიყვარს, მაგრამ თავად ცხოვრება გვაშორებს სიყვარულისგან. გამოსავალი არ არსებობს, ბედის ამარა ვართ, ან გაელვებად იქცევა – ან ტკივილად.
,,დილის მოყვარულნი“ თქვენ ჯერ კიდევ გზრდით, დამაჯერებლად მიიწევთ წინ. ამ გზაზე არასდროს წაიფორხილებთ. თქვენთვის, ჩვენი დროის უიშვიათესი შემოქმედისთვის, ყოველივე ნაყოფიერია.
ახლა საწოლიდან გწერთ. ძველი ავადმყოფობა გამირთულდა, ექვსი კვირა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა ვიწვე, მერე კი რამდენიმე თვეს მთაში გავატარებ. ყველასგან მოკვეთა ძნელია. ოცნების ასაკს გადავცდი. მუდმივად ვცდილობდი, როგორმე დამეძლია მარტოობა, უთანხმოებანი, ღრმა განცდები. მინდოდა ვინმესთან ერთად… მაგრამ არსებობს ბედისწერა, ერდადერთი, ამისი მჯერა. ჩემთვის ის სწორედ ამ ბრძოლაშია. აქ კი ადვილი არაფერია.
გწერთ, როგორც მეგობარს და როგორც ძმას. ძალიან ნაღვლიანიც ნუ მოგეჩვენებით, ხომ იცით, ფილოსოფია მშველის. თქვენთვის ლოცვას აღვავლენ, ყველაზე მხურვალე ლოცვას შევთხოვ, იღბალი გქონდეთ…მალე შეხვედრამდე, სიყვარულით.
ალბერ კამიუ
1949 წ. 7 ნოემბერი
რენე შარი ალბერ კამიუს
ძვირფასო ალბერ!
იმედი მაქვს, მანდ ამინდი არ ჭირვეულობს და სასიამოვნოა თქვენთვის. პარიზში ისე კოკისპირულად წვიმს, თითქოს ონკანიდან ასხამენო. ხმელთაშუა ზღვის სიცისფერე აქვს მაინც წვიმას და, ღრუბლიანობის მიუხედავად, შეგიძლია ამის იმედი იქონიო. ცოტა გადავუხვიე და მაინცდამაინც კარგად ვერ გამომივიდა სათქმელი.
მთავარი ის არის, რომ თქვენ მანდ მოხერხებულად დაბინავდეთ6. სულაც არ მინდოდა, ბრაზილიაში რომ წასულიყავით, კურარესა და ყავის, ეკვატორისა და მყინვარების ქვეყანაში.
ძვირფასო ალბერ, ძალიან გამაბედნიერებთ, ერთ-ერთი თქვენგანი კალამს თუ აიღებს სასწრაფოდ და მეტყვის, როგორ ხართ. მოუთმენლად გელოდებით.
გიგზავნით საუკეთესო სურვილებსა და სიყვარულს.
მომიკითხეთ ფრანსინი.
თქვენი რენე შარი
1950 წ. 5 იანვარი
ალბერ კამიუ რენე შარს
ძვირფასო რენე!
აქ მშვენიერი ამინდია, ნამდვილად შეგიყვარდებოდათ ეს ნათელი, მშვიდი სახლი, საიდანაც ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა. აქ ვისვენებ, დრო წყნარად გადის. გული რომ საგულეს მქონდეს, სიმშვიდე მჭირდება. გასული წელი ჩემთვის სასიამოვნო არ იყო და ახლა მის მემკვიდრეობას ვებრძვი.
მაინც ვფიქრობ, რომ ახლანდელი უკეთესი იქნება. ხომ იცით, რომ თქვენ გიკავშირდებათ ჩემი ყველაზე გულთბილი სურვილები – თქვენ და თქვენს ნაწარმოებს. ნახევარი წლის მერე თქვენ თქვენი ადგილი გექნებათ.
ყოველშემთხვევაში, მე კვლავაც გავიხარებ, ,,დილის მოყვარულნი“ რომ მექნება და წავიკითხავ, თანაც ამჯერად ჩემი ფანჯრების წინ გადაშლილი ლამაზი პეიზაჟის წინ. მომწერეთ, რას აკეთებთ, ისევ აპირებთ თუ არა აქ წამოსვლას.
მე და ფრანსინი მეგობრული სიყვარულით მოგიკითხავთ.
ალბერ კამიუ
1950 წ. 10 იანვარი
რენე შარი ალბერ კამიუს
ძალიან ძვირფასო ალბერ!
თქვენმა წერილმა გამახარა. როცა ვრწმუნდები, რომ მკურნალობთ და ეგ ქვეყანა ძალიან გრგებთ, ეს დიდ ,,სიამოვნებას მანიჭებს“ და ძალიან მამშვიდებს, მე სანახავად ჩამოვალ თებერვლის ბოლოს, მერე ლიზლში უნდა წავიდე. წიგნს თვის დასაწყისში ველოდები. იმედი ვიქონიოთ, დროზე გამოვა და ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ.
როგორ მაკლიხართ აქ. დიდი სიცარიელეა ირგვლივ, თქვენს ადგილს ვერავინ დაიჭერს.
თუმცა ეს ხომ ისედაც იცით.
მუდამ არის პატარ-პატარა წყენა. ემპიდოკლესებური7… ბრჭყალს ყოველდღიურად გაგკრავს სამყარო.
ძვირფასო ალბერ, მომავალ შეხვედრამდე.
ფრანსინს მხურვალე მოკითხვა.
სიყვარულითა და მეგობრულად
რენე შარი
1950 წ. პარიზი
რენე შარი ალბერ კამიუს
სებასტიან-ბოტენის ქუჩა თქვენთან ნამდვილად უფრო ახლოა, ვიდრე ჟიულ-შაპლენისა. ,,დილის მოყვარულნის“ პირველი ეგზემპლარი დაიბეჭდება განსაკუთრებულ ქაღალდზე, თქვენთვის იქნება და გამოგზავნაზეც ვიზრუნებ. ახლა მხოლოდ ფესტის ჩვეულებრივი ნიმუში მაქვს. თუ შეიძლება რომ წიგნი ვინმესთვის დაიწეროს, მაშინ ის მხოლოდ თქვენთვისაა (თქვენია დაწერილიც, და გაჯერებულიც თქვენითაა). ეს არის იშვიათი სახება, საყვარელი და გამორჩეული, რომელსაც ფიქრი და გული ეხება წიგნის წიაღში. ამდენად არის თქვენი. ამას ვამბობ ლამის ეგზორცისტული ბოდიშის განცდით.
ჩვენი ერთიანობა რომ ცხადი ხდება, ამაზე მეტად ამაღელვებელი არაფერია.
,,ჰიპნოზის ფურცლები“ და ,,ქრონიკები 1944-1948“ ერთად ხელი ხელს მისცემენ ძმურად.
მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მომწერეთ, იმისთვისაც, რომ დავმეგობრდით.
მიგვიანდება თქვენი ნახვა, პარიზიდან გასვლა, ის ცხელი საფენივით მეკვრის. როგორ სიკვდილივით არის ჩემთვის ეს კულტურული სამყარო! ეს კბილთა ღრჭიალი და ზრიალი…
თანდათან უფრო უკეთესად ხომ ხართ? მეგობრული მოკითხვა ფრანსინს.
მთელი გულით თქვენი
რენე შარი
1950 წ. თებერვალი
ალბერ კამიუ რენე შარს
ჩემო ძვირფასო რენე!
ამ დღეებში გელოდით პოლჟებთან ერთად. იმედიც გვქონდა. კიდევ კარგი, წიგნი მაინც მივიღე, ,,დილის მოყვარულნი“, კიდევ და კიდევ გულთბილი მადლობა.
რომ ჩამოსულიყავით, ნახავდით ერთ ღამეში როგორ დაფარა ყვავილმა მთელი ქვეყნის ნუშის ხეები. გაზაფხული აქ ჯერ კიდევ ნელთბილია, ჯერ კიდევ ბევრ რამეს ეგუები.
ძალიან მომეწონა ბრაკთნ თქვენი დიალოგი. ვხვდები, რომ პატივს სცემთ და მოგწონთ, როგორც მხატვარი და ადამიანი. მისი შემოქმედება განვითარებას არ შეწყვეტს უსიამოვნო ხმაურის მიუხედავად, რადგან განსაკუთრებული და მკაცრი მიდგომა აქვს. თუმცა ეს არ გამორიცხავს სილაღეს, პირიქით. გაიხსენეთ ნიცშეს სიტყვები: ,,საკუთარი თავის მკაცრი სიყვარული…“
ვისურვებდი, მეც ასე მოვეპყრო ჩემს ნაწარმოებებს, იმის თქმა მინდა, რომ ერთგვარად, ასეთი ხელოსნური სიძლიერითა და სიმშვიდით. მაგრამ მე ძალიან ბევრი გავიღე განვლილი ცხოვრებისთვის, ისტორიის სისულეებისთვის, დაპირისპირებებისთვის, შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცებისთვისაც… არა, სიმშვიდე არ არის ასე ადვილი მოსაპოვებელი. ბრაკის ქმნილებები მაგალითია ჩვენთვის. ვიმედოვნებ, ,,დილის მოყვარულნი“ გაკმაყოფილებთ. კიდევ ერთხელ წავიკითხე ერთგვარი ნდობით, არც ვიცი, უფრო კარგად როგორ ვთქვა, ალბათ, უფრო იმედით, რწმენით, რომ მომავლის წიგნია, უეჭველად ასეა. იმუშავეთ, თქვენს თავს მიხედეთ, ის ჩვენ გვჭირდება. რა კარგი და ღრმა რამაა, თანდათანობით მოწყდე ყოველივეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც არაფერს იმსახურებს და ნელ-ნელა წლებისა და საზღვრებს მიღმა შეიცნო და ჩაუღრმავდე შენს გონებას. უცებ, ერთი ხელის დაკვრით ხომ არავინ ხდება პიროვნება.
მე თავაუღებლად ვმუშაობ წიგნზე ,,ამბოხებული ადამიანი“. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ წელს დავამთავრებ. ამის მერე კი ყოფნისა და გამოხატვის თავისუფლება…
იმედია, მალე გნახავთ, ძვირფასო რენე. დამავიწყდა მეთქვა, რომ კარგად ვარ, ასევე ფრანსინიც, მისგან მხურვალე მეგობრული მოკითხვა.
ალბერ კამიუ
1950 წ. 26 თებერვალი.
ალბერ კამიუ რენე შარს
ჩემო ძვირფასო რენე!
რამდენჯერმე დაგირეკეთ, მითხრეს, რომ სოფელში ხართ და ამან ძალიან გამახარა. მინდა, ამ სიტყვამ დაბრუნებისას გაგაგონოთ ჩემი კეთილი სურვილები, გრძნობა მეგობრისა, თქვენთვის ასე ძვირფასის. ეს ნახევარი საუკუნე განთიადი იქნება და არა სიბნელე, ასეთია ჩვენი რწმენა. მაშ გაუმარჯოს განთიადს და დილის მოყვარულთ.
15-დან 20 რიცხვამდე კაბრიში გავემგზავრები ერთი თვით. დამირეკეთ, გამგზავრებამდე მინდა, გნახოთ. გწამდეთ ჩემი ძმური ზრახვები.
ალბერ კამიუ
1951 წ. 1 იანვარი
ალბერ კამიუ რენე შარს
ძვირფასო რენე!
მე არ მავიწყდებით. ოღონდ, ერთი თვეა, ჩაფლული ვარ და განუწყვეტლივ ვმუშაობ. სრული მარტოობა და წიგნის დასრულების სურვილი მაიძულებს, დღეში ათი საათი ვიჯდე მაგიდასთან. ალბათ 15 მარტისთვის დავასრულებ. მშობიარობა ხანგრძლივი და რთული პროცესია, ასე მგონია, ბავშვი ძალიან შეუხედავია. ეს უაღრესად დამქანცველი შრომაა.
აი, შედეგიც: წვეთი ზედმეტი ენერგიაც აღარ შემომრჩა, ამ ფოტოების ტექსტებისთვისაც კი არ შემიძლია ფიქრი, ვუყურებ და მხოლოდ მსიამოვნებს. იმავდროულად კი, ეჭვი მტანჯავს, რომ თქვენს საქმეს ვაგვიანებ. იქნებ სხვაგვარად მოვიქცეთ. თქვენ დაიწყებთ და, როცა გავთავისუფლდები, მეც ჩავერთვები8. ამ ფოტოების ასლები ხომ არ გაქვთ?
სანამ წამოვიდოდი, სწრაფად გადავიკითხე ბერჟეს წიგნი9, მერე ფრანსინისთვის უნდა დამეტოვებინა, მთხოვდა. რა კარგად არის დაწერილი, ლექსებიც მშვენივრადაა შერჩეული. მხოლოდ იმის გამო ვწუხვარ, რომ ბერჟე ნაშრომში თქვენს პერიფრაზს იყენებდა, ნაცვლად იმისა, რომ მკითხველი თქვენს კვალდაკვალ გაეყოლიებინა. ის ცდილობდა თქვენი ლექსის კრიტიკულად თარგმნას, თან ისე, რომ თქვენს ფრაზას არ იმეორებდა. ყველაფრის მიუხედავად, პოეზია თქვენ ხართ, წინასწარმეტყველიც თქვენ ხართ!
თუმცა ჩემთვის გასაგებია. ზოგი ნაწარმოები მართლა რომ ესმოდეთ, შეუძლებელია, თქვენს ტექსტზე უარი ეთქვათ და ის განსხვავებული ენით გადმოეცათ. თქვენი ლექსი გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ენობრივი სამყაროთი და ცხადყოფს, რომ სხვანაირი ვერ იქნება, სხვანაირად ვერ იტყვი.საბოლოოდ კი, ბერჟემ მიაღწია მთავარს, ხალხს გააგებინა თქვენი ნაწარმოებების ნამდვილი მნიშვნელობა დღეს.
იმედია, ცუდი არაფერი ისმის დედათქვენისგან. სამხრეთში თუ მოდიხართ, ერთი სიტყვით მაინც მითხარით, აქ თქვენს ჩამოსვლაზე კარგი რა უნდა იყოს. თუ არა და, ალბათ, 15-ში დავბრუნდები კმაყოფილი, რომ, ბოლოს და ბოლოს, დავამთავრე.
მალე შეხვედრამდე. მანამდე კი დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ.
ალბერ კამიუ
1951 წ. 25 თებერვალი
რენე შარი ალბერ კამიუს
ჩემო ძვირფასო ალბერ!
თქვენმა წერილმა მანუგეშა. დიდი ხანია, თქვენ შესახებ არაფერი ვიცოდი და უჩუმრად ვწუხდი. სენაკმა მაცნობა, გაემგზავრაო. ბოლოს გამოჩნდით და თქვენი მეგობარი გახარებულია. ერთი წუთითაც არ დავუშვებდი, რომ დაგავიწყდით. მე მტკიცე ადამიანი ვარ, წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ეჭვისა და უნდობლობისა, ჩვენს დროში ადამიანურ ურთიერთობებს რომ მართავენ. მხოლოდ ის მაწუხებდა, რამე უსიამოვნება ხომ არ შეგემთხვათ, რამე საწუხარი ხომ არ გქონდათ. ძვირფასო ალბერ, მუშაობთ და ეს ძალიან მამშვიდებს. ძალიან არ გადაიღალოთ. ცოტა ხანი ლიზლში ვიყავი ისევ იმ საძაგელი მიზეზების გამო. საშინელებაა, როცა უყურებ, როგორ იტანჯებიან ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილი ტანჯვა არასოდეს განუცდიათ. სხვაგვარი სიბრალულის გრძნობა გიპყრობს დიდხანს. ნუ წუხხართ იმ წიგნზე და ფოტოებზე. მე მაინც დავიწყებ. როცა დაბრუნდებით, კარგი იქნება, ფოტოებს თუ დამიბრუნებთ, რადგან ორ-ორი ცალი არ მაქვს, მახსოვრობით კი მახსოვს.
მოუთმენლად ველი თქვენს წიგნს ,,ესე ამბოხის შესახებ“, გამომადგება სანუგეშოდ და გაკვეთილად.
გეხვევით გულთბილად.
რენე შარი
1951 წ. 4 მარტი
ალბერ კამიუ რენე შარს
ძვირფასო რენე!
იმედია, ახლა უკვე მიიღეთ ,,ამბოხებული ადამიანი“. მისი გამოსვლა ცოტა დაგვიანდა ბეჭდვის მიზეზით. ბუნებრივია, თქვენი ჩამოსვლისთვის ვინახავ სხვა ეგზემპლარს, საუკეთესოს. წიგნის გამოსვლამდე საკმაოდ ადრე ლოტრეამონზე დაწერილი გვერდები დაიბეჭდა ჟურნალ ,,კაიე დე სიუდში“. ამან განსაკუთრებით ბრიყვული და გულუბრყვილო გამოხმაურება გამოიწვია, განსაკუთრებით ღვარძლიანი იყო ბრეტონისა, როგორც ჩანს, არასდროს დაამთავრებს, მოყოლებული კოლეჯიდან. მე სულ სხვა ტონით ვუპასუხე, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ბრეტონის არგუმენტებს წიგნი შეიძლება სულ სხვაგვარად წარმოეჩინა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ შეგატყობინოთ ზედმეტად პარიზული ახალი ამბები, როგორც ხედავთ, ისევ ისე ძველებურად ფრივოლური და დამქანცველი. საუბედუროდ, მე ამას დღითი დღე მეტად ვგრძნობ. დავწერე ეს წიგნი და ერთგვარი სიცარიელე დამეუფლა, გასაოცარ ,,ჰაეროვან“ დეპრესიაში ვარ. და თან თავისებური მარტოობა… მაგრამ ამას თქვენ ვერ გასწავლით. ბევრი ვიფიქრე ჩვენს ბოლო საუბარზე, თქვენზე, ჩემს სურვილზე, რომ დაგხმარებოდით. არის თქვენში რაღაც, რითიც სამყაროს შეძრავთ. უბრალოდ, თქვენ ეძებთ, ჩვენ, ყველა ვეძებთ საყრდენ წერტილს. ის მაინც იცით, რომ ამ ძიებაში მარტო არ ხართ. შესაძლოა, ცუდად მხოლოდ ის იცით, რამდენად საჭირო ხართ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარხართ, ვისაც თქვენ გარეშე ფასი არ ექნებოდა. უპირველესად ჩემს თავზე ვამბობ, ვერასოდეს შევეგუე იმის დანახვას, რომ ცხოვრება კარგავს აზრს და სისხლისაგან იცლება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ერთადერთი სახეა, ტანჯვას რომ არასდროს სცნობდა. ამბობენ ხოლმე ტკივილი სიცოცხლისაო, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. უნდა ვთქვათ ამ ქვეყნად არყოფნის ტკივილი. როგორ ვიცხოვრო ამ აჩრდილების სამყაროში? თქვენ გარეშე, იმ ორი-სამი ადამიანის გარეშე, რომელთაც პატივს ვცემ და ვაღმერთებ, საგნები სრულიად დაკარგავდნენ სიცხადეს. იქნებ აქამდე ამაზე ბევრი არაფერი მითქვამს, მაგრამ ახლა ვგრძნობ, ცოტა თავგზაარეული ხართ და უნდა გითხრათ. დღეს ისე იშვიათია ნამდვილი მეგობრობა, ადამიანებს ზოგჯერ თითქოს მეტისმეტად რცხვენიათ კიდეც მისი გამოვლენისა. ერთმანეთის დაფასებაში კი არა, ჩვენი სიძლიერე სხვა რამეშია, ერთგულებაშია; ასევე ჩვენს მეგობრებშია და ნაწილ-ნაწილ გვაკლდება, თუ ისინი დაგვაკლდებიან. სწორედ ამიტომ, ძვირფასო რენე, არასოდეს უნდა დაეჭვდეთ თქვენს თავში, არც თქვენს შეუდარებელ ნაწარმოებებში: ეს იგივეა, ეჭვი შეიტანოთ ჩვენშიც და ყოველივე იმაში, რაც გვამაღლებს. ეს უსასრულო ბრძოლა, ეს დამქანცველი წონასწორობა (ხანდახან როგორ ძალიან მღლის) გვაერთიანებს დღეს ზოგიერთებს. ალბათ, ყველაზე ცუდი იქნებოდა, ზიზღით აღსავსე მოკვდე მარტოობაში. თქვენ თავად და ის, რასაც აკეთებთ, ზიზღზე გაცილებით მაღლა დგას.
რაც არ უნდა იყოს, მალე დაბრუნდით. როგორ მშურს თქვენი შემოდგომა, ლანური, სორგული, ატრიდის მხარისა. ზამთარი კარს მოგვადგა. პარიზის ცა მოქუფრულია. ჩამოგვიტანეთ მზე და ჩვენთან ერთად გაინაწილეთ.
მეგობრული სიყვარულით
ალბერ კამიუ
1951 წ. 26 ოქტომბერი
რენე შარი ალბერ კამიუს
ძვირფასო ალბერ!
თქვენი სასიამოვნო წერილი რომ გავხსენი, ამინდიც კარგი იყო ამ დილით და, მიუხედავად ამდენი გამორჩეული საჩუქრისა, მაინც ნაღველი შემომაწვა, თქვენს თავზე ცოტას ლაპარაკობდით. უფრო ზუსტად, თქვენი ინიციალების წინ სიჩუმის მეგობრული ფარდა ეფარა, ხანმოკლე, თითქოს ქუჩიდან შემოფრიალებული. როგორ ხართ? აკეთებთ ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის?
მაპატიეთ, ვიცი, რომ მომაბეზრებელი კითხვაა, მაგრამ როგორ არ ვიფიქრო თქვენზე დარდიანი სიყვარულით, მიამიტური სიყვარულით, რომელსაც ჰგონია, ყველაფერს შეცვლის, ყველაფერს გააქარვებს… ალბერ, თქვენ ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი ხართ, რომელიც მიყვარს, რომელიც მხიბლავს ერთდროულად ინსტინქტურადაც და გაცნობიერებულადაც (ორივე კი როგორ ხშირად აბათილებს ერთმანეთს). არიან ადამიანები, რომელთაც დრო, წუხილი, იმედი, დაღლა, მერე სიცოცხლის სიხარული ყოველდღიურად ზრდის ჩვენს გულებში, მათ რომ უკავიათ. ისინი გვიხატავენ მწვერვალებს, რომლებიც ბუნებას არ უბოძებია, არადა სწორედ ჩვენ გვეკუთვნოდა. ამ ადამიანებს, ჩვენს ძმებს, ძალიან ვაფასებთ, ისინი ყოველ წუთს ზემოდან დაგვნათიან.
მშვენიერია თქვენი წინასიტყვაობა გერმანულ ენაზე მომზადებული ჩემი ლექსებისთვის. ცოტა მეტისმეტი ქებაა, თქვენ რას იტყვით? ვერცერთ ფრაზას, ვერცერთ სიტყვას ვერ ამოვიღებდი. ,,ნიჰილიზმი ამბოხის წინააღმდეგ“ 11ამედევნება ახლა ვოკლუზის მთაზე. იქ გავატარებ ნაშუადღევს. დ ი დი მ ა დ ლ ო ბ ა ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს თ ვ ი ს.
რატომ უნდა მომდიოდეს კურიერთან პოლანის წერილი. ის მთხოვს ნებართვას, რომ თავის ჟურნალში დაბეჭდოს ,,მტვრად ქცეული ლექსის“ წინაისტორია მთლიანად. გიჟია ეს ხალხი! აქ ახალი მხოლოდ მოკლე კომენტარებია. პოლანს უნდა, ყველაფერი ერთად დაბეჭდოს: პოეზიაც და შენიშვნებიც. მხოლოდ გამეორება გამოუვა. შენიშვნა მივეცი: არალოგიკური განზრახვაა-მეთქი; გამოსული წიგნიც მივეცი (თქვა, რომ დიდად არ წუხს, ტირაჟი მხოლოდ ასი ეგზემპლარია).
მივწერე პოლანს, რომ იუგი ენახა, რადგან შეიძლება აზარალოს და ა. შ. რა დღეში ვარ… არ შემიძლია, რადგან ჩემმა გამომცემელმა, გალიმარმა, კატეგორიული უარი თქვა. აქამდე ხელნაწერებს ვინახავდი ჩემთვის… ბალეარის კუნძულების ველური თხებივით ესევიან სტამბას! ნეტავ საით მივდივართ?
ამ დღეებში გამოგიგზავნით ჩემი ახალი ნამუშევრების ხელნაწერებს, რომ იხილონ თქვენმა თვალებმა და თქვენმა უჯრებმა.
გეხვევით ძმურად.
რენე შარი
1953 წ. 6 მაისი
ალბერ კამიუ რენე შარს
ძვირფასო რენე!
ბავშვებთან ერთად ნორმანდიაში ვარ, პარიზთან ახლოს და გულით თქვენთან კიდევ უფრო ახლო. დრო არ აშორებს, მხოლოდ დუნდება ხოლმე განშორებულთათვის, სხვაფრივ კი, მდინარეა, მივყავართ ჩვეული დინებით. ჩვენ ძალიან ვგავრთ ერთმანეთს და ვიცი, ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, გვინდა, ,,გავქრეთ“, გვინდა არ ვიარსებოთ. მაგრამ ათი წელიც რომ გაუჩინარდეთ, ჩემში კვლავაც აღმოაჩენთ ისეთსავე მეგობრობას, ისევ ისე ჭაბუკურს, წლების წინანდელს, თქვენს ნაწარმოებებთან ერთად როცა აღმოგაჩინეთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვგრძნობ, რომ თქვენც იგივე განცდა გაქვთ ჩემ მიმართ. როგორც არ უნდა იყოს, ვისურვებდი, რომ ჩემთან ყოველთვის გრძნობდეთ თავისუფლებას, ნდობით აღსავსე თავისუფლებას.
რაც ასაკი მემატება, მით უფრო ვთვლი, რომ მხოლოდ იმ ადამიანებთან უნდა იცხოვრო, ვინც გათავისუფლებს, ვისაც უყვარხარ ერთგვარი სიმსუბუქით, ვიდრე ძლიერი განცდით. დღევანდელი ყოფა იმდენად მკაცრი, მწარე და სისხლისაგან დაცლილია, რომ ვეღარ ავიტანთ მონურ განცდას, ვისი სიყვარულიც არ უნდა იყოს ეს. ბოლოს ჯავრი მოგვკლავდა, ასეა. უნდა ვიცოცხლოთ, უნდა აღმოვაჩინოთ სიტყვები, სწრაფვა, აზრი სიხარულის მომნიჭებელი, ნამდვილი სიხარულისა. ამიტომ ვარ თქვენი მეგობარი, მიყვარს თქვენი ბედნიერება, თქვენი თავისუფლება, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება. მინდა, ყოველთვის ვიყო თქვენთვის ერთგული ადამიანი.
ერთ კვირაში ვბრუნდები. ამ ზაფხულს არაფერი გამიკეთებია, თუმცა ბევრს კი ვაპირებდი. ეს უნაყოფობა, უგრძნობლად ყოფნა ასე მოულოდნელად და დიდხანს ძალიან მანაღვლებს. მომავალი კვირის ბოლოს თუ გეცლებათ (ხუთშაბათს ან პარასკევს, როცა დავბრუნდები), ვისადილოთ ან ვივახშმოთ. ერთი სიტყვა მომწერეთ და მაშინვე შევთანხმდებით. გულით მახარებს თქვენი ნახვა.
თქვენი მეგობარი
ალბერ კამიუ
1957 წ. 17 სექტემბერი
_____________________________________________
1. ლუბერონის მთის მასივი მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში, პროვანსის მხარეში.
2. რენე შარი. ,,მძვინვარება და მისტერია”. გამომცემლობა ,,გალიმარი”. 1948 წ.
3. რენე შარმა დაწერა სცენარი ,,შადრევანთა მზე”(Le Soleil Des Eaux), რომლის მიხედვით, რეჟისორმა ალენ ტრიუტამ გადაიღო ფილმი (გამოვიდა 1948 წ.).
4. რენე შარი. ,,კლერი”. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ორმაგი პოეტური სახეა, ერთდროულად მდინარეცაა და გოგონაც, ალეგორიაც და რეალობაც.
5. რენე შარი. ,,დილის მოყვარულნი”. გამომცემლობა ,,გალიმარი”. 1949 წ.
6. 1949 წლის ბოლოს ალბერ კამიუ იძულებული იყო, რამდენიმე თვით ბრაზილიაში წასულიყო სამკურნლოდ.
7. ,,ემედოკლე“, ლიტერატურული ჟურნალი, რომლის სარედაქციო კომიტეტის წევრები რამდენიმე ლიტერატორთან ერთად ალბერ კამიუ და რენე შარიც იყვნენ.
8. ალბერ კამიუსა და რენე შარს უნდოდათ, ერთად გამოეცათ წიგნი ,,მზის მემკვიდრეობა”, რომელსაც დართული უნდა ჰქონოდა ფოტოსურათები. მოგვიანებით ეს ფოტოები გამოიყენეს სხვადასხვა გამოცემებში.
9. 1951 წ. გამოიცა პიერ ბერჟეს მონოგრაფია რენე შარზე.
_________
© არილი