წაიკითხეთ სტატია გაბრიელ გარსია მარკესის წიგნების შესახებ, რომლებიც ავტორის გაცნობაში დაგეხმარებათ:
„მარტოობის ასი წელიწადი გამოცემისთანავე არ უღიარებიათ იმ ჟანრის ბიბლიად, რომელსაც ახლა მაგიურ რეალიზმს ვუწოდებთ და რომელიც ფანტასტიკურ მოვლენებს ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებად წარმოაჩენს“.
1967 წელს, როცა ეს რომანი გამოქვეყნდა, გაბრიელ გარსია მარკესი ნაკლებად ცნობილი კოლუმბიელი ავტორი იყო. არც თავად ავტორი და არც მისი გამომცემლები არ ელოდნენ წიგნის ასეთ წარმატებას. როგორც ამბობენ, ზოგიერთი რომანი გამოცემის დღიდანვე მკვდარია – თუმცა, ფაქტია, რომ ბუენდიების ოჯახის შესახებ დაწერილი „მარტოობის ასი წელიწადი“ ასეთი რომანი არ არის. ამ უკვე კლასიკად მიჩნეული წიგნის 45 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული, მარკესი კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ესპანურენოვან მწერლად მიიჩნევა.
საინტერესოა, რას წერდნენ რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა რომანი პირველად გამოიცა:
მაგალითად, 1970 წელს The New York Times-ში გამოქვეყნებულ რეცენზიაში ვკითხულობთ, რომ ადვილი არ არის ამ წიგნის თემისა და ავტორის წერის სტილის ისე აღწერა, რომ მკითხველს აბსურდულად ჩახლართულ და ძნელად საკითხავად არ მოეჩვენოს. სინამდვილეში, წიგნი ასეთი არ არის და როგორი უცნაური ან გროტესკულიც არ უნდა იყოს მისი ცალკეული ნაწილები, მთლიანობაში დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
The Observer-ის თანახმად კი, ამ წიგნში გვხვდება თანამედროვე ლათინური ამერიკული ლიტერატურის ყველა ძირითადი ინგრედიენტი.
როგორც სალმან რუშდი წერს, „პრობლემა ისაა, რომ როდესაც ადამიანები ამბობენ „მაგიურ რეალიზმს“, მათ ესმით მხოლოდ მაგია და არ ესმით რეალიზმი“. ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარკესის ამ წიგნში ორივე სიტყვა გარკვევით „ისმის“.
„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად“ – ასე იწყება თხრობა ბუენდიების ოჯახის რამდენიმე თაობისა და იმ პატარა ქალაქის შესახებ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. თიხისა და ლერწმისგან შეკოწიწებული ოციოდე ქოხისგან შემდგარი მაკონდო მკითხველის თვალწინ იზრდება. მკითხველის თვალწინ იბადებიან, იზრდებიან და იხოცებიან ბუენდიებიც.
როცა გაბრიელ გარსია მარკესი ერთ-ერთ მოთხრობაზე მუშაობდა, რომელშიც მაკონდოსა და მისი პერსონაჟების შესახებ წერდა, თავის ძმას უთხრა, ეს კარგია, მაგრამ ისეთი რამე უნდა დავწერო, დონ კიხოტზე უფრო კითხვადი რომ იყოსო. როგორც აღმოჩნდა, არც ისე არარეალისტური იყო მისი სურვილი.
პოლკოვნიკს არავინ სწერს 1956-57 წლებში დაიწერა, როცა მარკესი პარიზში ცხოვრობდა და პირველად გამოქვეყნდა 1961 წელს. როგორც მარკესი განმარტავდა, მოთხრობის სიუჟეტი ბაბუამისის ამბავმა შთააგონა: ბაბუამისი პოლკოვნიკი იყო, რომელსაც არასოდეს მიუღია დაპირებული პენსია. თუმცა, მკითხველები ვარაუდობდნენ, რომ შთაგონების წყარო არა ბაბუამისის, არამედ თავად მარკესის გამოცდილება იყო. საქმე ისაა, რომ იმ გაზეთის დახურვის შემდეგ, სადაც იგი მუშაობდა, მარკესი სამსახურის გარეშე დარჩა. ასე რომ, მისი ყოველდღიური ცხოვრებაც შეიძლებოდა ყოფილიყო შთამაგონებელი.
ტექსტში ვხვდებით ომის ვეტერან პოლკოვნიკსა და მის ცოლს – წყვილს, რომელიც სიღარიბის ზღვარზეა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავის დასახსნელად იბრძვის. და, რა თქმა უნდა, მოთხრობის მთავარ გმირს – მამალს, რომელიც ერთდროულად იმედისა და უიმედობის სიმბოლოა წყვილისთვის.
„ვფიქრობ, რომ სიყვარულზე დაწერილი რომანი ისეთივე ძალამოსილია, როგორიც ნებისმიერ სხვა თემაზე. რეალურად, მწერლის მოვალეობა ისაა, რომ კარგად წეროს,“ აღნიშნა მარკესმა 1982 წელს, ჟურნალისტთან საუბრისას.
1985 წელს კი გამოქვეყნდა სიყვარული ჟამიანობის დროს – დიდ და უჩვეულო სიყვარულზე დაწერილი რომანი. იგი ინგლისურად 1988 წელს ითარგმნა და მისით აღფრთოვანებულ მკითხველებს შორის იყო მწერალი თომას პინჩონიც, რომელიც წერდა, რომ მარკესმა იმ საფეხურს მიაღწია, როცა ტექსტი ერთდროულად კლასიკური და ნაცნობი, ცრემლებისა და ღიმილისმომგვრელი ხდება.
რომანის მოქმედება 1880-1930 წლებში მიმდინარეობს, ზღვისპირა ქალაქში. მთავარი გმირები ფლორენტინო და ფერმინა არიან. მთავარი ამბავი კი ასეთია: ფერმინაზე შეყვარებული ფლორენტინო მრავალი წელი იცდის, რათა საბოლოოდ დაამტკიცოს თავისი ერთგულება და სიყვარულის უცვლელობა მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი იცვლება, მათ შორის სიყვარულის ობიექტიც კი.
როგორ იზრდება მარკესი ემოციურად და ინტელექტუალურად, როგორ უნდა მამამისს, რომ სამართალი ისწავლოს, როცა მარკესს მწერლობისკენ მიუწევს გული, როგორ ცდილობენ მისი ბავშვობის სახლის გაყიდვას, როგორ აყალიბებენ მის მსოფლმხედველობას ოჯახის წევრები, რომლებიც მის გარშემო არიან – 2002 წელს გამოცემულ წიგნში „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ ყველა ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდია ასახული და იგრძნობა ის ატმოსფერო, რომელიც მკითხველს ბუენდიების ოჯახს მოაგონებს.
კითხვისას ისიც აშკარა ხდება, რამდენად იზოლირებული იყო გაბრიელ გარსია მარკესი პოლიტიკისა თუ იდეოლოგიური დაპირისპირებებისგან 1930-40-იან წლებში, კოლუმბიაში ცხოვრებისას. საკითხები, რომლებიც ახალგაზრდა მარკესს აღელვებს, ლიტერატურულია და არა პოლიტიკური.
უნდა ითქვას ისიც, რომ წიგნში ორი პერსონაჟია ყველაზე მნიშვნელოვანი: პირველი მწერლის დედაა, რომელმაც 1927 წლის 6 მარტს გააჩნია მარკესი და რომელიც არა მარტო მისი ბავშვობის ცენტრალური ფიგურა, არამედ ის ადამიანიც გახლდათ, ვინც მას სამყაროს მაგიური ხედვა „უანდერძა“; მეორე კი მისი ცოლია, მერსედესი.
რაც შეეხება კრიტიკოსებისა და მკითხველების შეფასებებს: საბოლოო ჯამში, გამოხმაურება საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთი კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ წიგნს აკლდა დინამიკა, მარკესის ცხოვრება კი ბევრად უფრო ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მისი გამონაგონი. მეორე მხრივ, წერდნენ იმასაც, რომ წიგნში ძალიან ცოცხლადაა დახატული ახალგაზრდა მწერლის პორტრეტი და იმ პერსონაჟების სახეებიც კი დაუვიწყარია, რომლებსაც სულ მცირე ადგილი ეთმობათ. როგორც ერთ-ერთი მკითხველი წერს, „ეს წიგნი იმ დაკარგული კუნძულის აღმოჩენაა, რომელიც ყოველთვის ვიცოდით, რომ არსებობდა, მაგრამ ვერ ვპოულობდით“.
The complete review-ში კი ვკითხულობთ, რომ მარკესის მოგონებები მეტისმეტად კარგია იმისათვის, რომ სიმართლე იყოს, თუმცა ეს არც არის მთავარი, რადგან, სამაგიეროდ, მარკესმა შეძლო სხვა რამ – წარმოადგინა დამაჯერებელი ავტოპორტრეტი; სურათი იმ კაცისა, რომელიც ჰგონია, რომ არის და აჩვენა ისიც, თუ როგორ იქცა იგი ამ კაცად.
© არილი