პროზა

სანდრო წერეთელი – მევიოლინე

ერთ-ერთ შაბათს, პატარა კაფეში გამართულ ჯაზის ყოველკვირეულ საღამოზე უცნაური რამ მოხდა. საღამო უკვე დასასრულისკენ მიდიოდა და ბენდს ბოლო კომპოზიცია უნდა დაეკრა. მევიოლინემ, რომელიც უკვე საკმაოდ შეზარხოშებულიყო, ვიოლინო მოიმარჯვა, რათა ჯგუფს შეერთებოდა. თავიდან, სანამ ხუთივენი ერთად უკრავდნენ, მუსიკოსებსაც კი არაფერი შეუმჩნევიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც საქსოფონის სოლოს დრო მოვიდა და დანარჩენმა ინსტრუმენტებმა ფონზე გადაინაცვლეს, საქსოფონისტმა რამდენჯერმე მევიოლინესკენ თვალი გააპარა, რომელიც თვალდახუჭული უკრავდა და მუსიკაში მთელი სხეულით იყო ჩართული.

საქსოფონისტს ასეთი რამ არასოდეს დამართნია – მთელი ყურადღება ვიოლინოსკენ მიმართა, მაგრამ რამდენსაც არ ეცადა, ვიოლინოს ხმა ვერაფრით გამოარჩია დანარჩენ ინსტრუმენტებში. სხვა მუსიკოსებსაც გადახედა და ცოტა დამშვიდდა, რადგან მიხვდა, რომ თვითონ კი არა, მევიოლინეს დამართნოდა რაღაც – დრამერმა თვალით მევიოლინეზე მიანიშნა, ხოლო ბასისტი და თვით გიტარისტიც კი გამალებით ეძებდნენ ხარვეზის მიზეზს იმპროვიზებული სცენის განაპირას მოთავსებული აპარატურის ერთმანეთში გადახლართულ მავთულებში.

რაც მთავარია, მსმენელებს არაფერი შეუნიშნავთ ან თუ შენიშნეს, არ გამოუხატავთ. მაგიდების უმეტესობასთან, ნაკლულ ჭიქებისა და მოსვრილი თეფშების გროვებიდან ამოზრდილები, ერთმანეთისკენ გადახრილიყვნენ, რათა თანამოსაუბრისთვის უკეთ გაეგონებინათ. დანარჩენები კი ჩამომდგარ ჯანღში სკამის საზურგეებზე მიწოლილიყვნენ  და სახეზე კმაყოფილებასთან ერთად მაღალი ჭერიდან ჩამოშვებული სუსტი ნათურების შუქი ეფინათ.

იმპროვიზაცია დაასრულეს. ხალხმა ტაში დასცხო. მევიოლინემ მუსიკოსებისთვის განკუთვნილი მაგიდიდან თავისი ჭიქა აიღო და ბოლომდე გამოსცალა.

ტაში რომ ჩაცხრა და კომპლიმენტის სათქმელად მოსულ რამდენიმე ნაცნობს გამოელაპარაკა, საქსოფონისტი მევიოლინეს მიუახლოვდა – მას ჯერ კიდევ ჭიქა ეჭირა ხელში, ვერ გადაეწყვიტა, კიდევ ერთიც დაელია თუ არა.

– რა მოხდა? – უთხრა საქსოფონისტმა.

– როდის? – ჰკითხა მევიოლინემ.

– ბოლოს რა.

– რა მოხდა? არ ვიცი. მოხდა რამე? – ჭიქას დახედა – ბევრი გავმაზე?

საქსოფონისტმა ნიკაპი შესწია გაკვირვების ნიშნად.

– გამაზე? – ყოყმანით უთხრა – საერთოდ არაფერი ისმოდა.

მევიოლინემ კაფეს მეორე ბოლოსკენ გაიხედა, სასმელების ბარისკენ. ჯერ კიდევ ყოყმანობდა, კიდევ დაელია თუ არა.

– როგორ თუ საერთოდ? – გაუღიმა საქსოფონისტს – ვაბშე არაფერი?

– ხო, ვაბშე-ვაბშე.

– მიდი რა! – თქვა მევიოლინემ და საბოლოოდ გადაწყვიტა – საქსოფონისტს დაემშვიდობა და ბარისკენ გაემართა დასალევად.

ჭიქა უკვე ნახევრამდე ჰქონდა დაყვანილი, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო. შემოტრიალდა და ძველი ნაცნობი შერჩა ხელში – ხუთი წლის უნახავი კურსელი. ჭიქა დახლის სიღრმეში შეაცურა, რათა მეგობართან გადახვევისას შემთხვევით არ გადაებრუნებინა.

გულითადი მისალმების შემდეგ სასაუბროს მოძებნა გაუჭირდათ.

– სახლში როგორ ხართ? – ჰკითხა მევიოლინემ.

– კარგად, კარგად, ძველებურად. ისე, შენ საღოლ – მეგობარმა ხელი სცენისკენ აიქნია.

– ხო – თქვა მევიოლინემ – შენ უკრავ სადმე?

– არა, ცოტა ხანი ვისვენებ. ახლა მელიორაციაში ვარ.

ორივეს გაეცინა.

– მანდ რა გინდა?

– რა ვიცი ძმაო. გრძელი ამბავია.

– ხო – თქვა მევიოლინემ და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა – სხვა რას შვები? ცოლი ხო არ მოგიყვანია?

– ჯერ არა, მაგრამ მომყავს. შენ? ის გოგო სად არის? რა ერქვა – ანა, თუ ნინა თუ ნანა?

– მაიცა რა. რაღა დროს ეგ არის.

ასე ილაპარაკეს რამდენიმე წუთი. კიდევ ერთი ჭიქა დალია მეგობართან ერთად. ჯგუფის წევრები უკვე წასულიყვნენ. წამოდგნენ და კარებისკენ გაემართნენ. კაფედან გამოსულებმა ქურთუკები შეიკრეს და ნიკაპები საყელოებში ჩამალეს. დამშვიდობების წინ კიდევ ცოტა ხნით შეყოვნდნენ.

– მართლა, ვიოლინოს ვყიდი – უთხრა მეგობარმა – ვინმე ხომ არ იცი, რომ უნდოდეს?

– ვა, ეგრეა საქმე?

– მთლად ეგრეც არ არის – მეორეც მაქვს, მაჩუქეს. მაგრამ ყოველდღე ხომ არ ვუკრავ. და თან ორი ვიოლინო რად მინდა.

– ვინ გაჩუქა?

– მელიორაციამ.

– ვაა – გაიცინეს. უნდოდა ეკითხა, რატომ აჩუქეს მელიორაციაში ვიოლინო, მაგრამ დაეზარა. უცებ ძალიან შესცივდა – არა, არავინ მახსენდება. ნომერი ჩამაწერინე, დაგირეკავ თუ რამეა.

ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

სახლამდე, სიცივის მიუხედავად, ფეხით მივიდა. პატარა, ერთოთახიან ბინაში, რომელიც მოსახერხებელი მდებარების გამო ჰქონდა ნაქირავები, ჩახუთული ჰაერი იდგა. ფანჯარა გამოაღო და საწოლზე გაუხდელად მიეგდო.

 

* * *

დილას თავის ტკივილმა გააღვიძა. ფანჯრიდან ქალაქის ზუზუნი იჭრებოდა. ყავისთვის წყალი დაადგა, ფანჯარა დახურა, მაგრამ სანამ წყალი დუღდებოდა სული შეეხუთა და ისევ გააღო.

სწრაფ-სწრაფად ჩაიცვა, ფანჯარა საბოლოოდ დახურა და ისე, რომ ყავა არ დაულევია, სახლიდან გამოვიდა. უკვე აგვიანდებოდა, მაგრამ ავტობუსში ასვლა არ უნდოდა.

თავიდან ცენტრალურ ქუჩაზე მიდიოდა. ჩვეულების საწინააღმდეგოდ არავისთვის შეუხედავს, არავის დაკვირვებია – თავის ტკივილს გულგრილი გაეხადა. შემდეგ პარალელურ ქუჩაზე შეუხვია. ქალაქის ხმაური თითქოს სქელი კედლის მიღმა დარჩა – ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს კარები მოიკეტა და თავის ტკივილმაც კი უკლო. პატარა ბართან შეჩერდა, სადაც რეპეტიცია ჰქონდათ დანიშნული. საათზე დაიხედა – მხოლოდ 20 წუთით დააგვიანდა. ეგ არაფერი, შეიძლებოდა მეტითაც დაეგვიანა.

მართლაც, არავის არაფერი უთქვამს. ვიოლინო ფუტლიარიდან ამოიღო, დანარჩენები უკვე მზად იყვნენ. ერთი კომპოზიცია უკვე მის გარეშეც დაეკრათ.

დრამერმა ჯოხები შეათამაშა.

საქსოფონისტმა თავი დაუქნია – მათი ურთიერთობა, მით უმეტეს პროფესიული, ამ ბოლო დროს მოკლე ჟესტებით შემოიფარგლებოდა.

ბარში, რომელსაც საქსოფონისტის ახლობელი მელომანი უთმობდა ხოლმე ჯგუფს სარეპეტიციოდ, აკუსტიკა არ ვარგოდა, მაგრამ სულ არაფერს სჯობდა. კორპუსებში ნაქირავებ ბოლო სართულის ბინებსაც სჯობდა, სივრცეც იყო და სასმელის ბარიც, საიდანაც შესვენებისას, ბარის მეპატრონის კურთხევით, შეეძლოთ თითო ჭიქა ჩამოესხათ და კუთხეებში მიყრილ პუფებში ჩაშვებულიყვნენ.

დაკვრა დაიწყეს და თავის ტკივილი, რომელიც დავიწყებული ჰქონდა, პირველი ბგერისთანავე დაბრუნდა. მისი კვლავ განეიტრალება მუსიკაზე სრული კონცენტრირებით სცადა; თუმცა თავიდან, ერთმანეთში აზელილი ხმების უფორმო მასამ ბარი გაავსო და ყურებიც გამოუგლისა, მაგრამ მერე ნელ-ნელა შეეჩვია, ინსტრუმენტები ერთმანეთისგან გაარჩია და მალე პირველი, მსუბუქი ჟრჟოლაც იგრძნო. ახლა ისღა რჩებოდა, დალოდებოდა, გიტარისა და საქსოფონის სოლოების შემდეგ მისი ჯერი იყო.

დაკვრა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა, რომ მოულოდნელად გიტარა გაჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ ამან ინერცია დააკარგვინა, შეეცადა ყურადღება არ მიექცია და გაეგრძელებინა, რადგან ბოლოს და ბოლოს, ასეთი რამე უჩვეულო არ იყო რეპეტიციისთვის და მალე ალბათ შეძლებდა კიდეც წონასწორობის აღდგენას, დრამერიც რომ არ გაჩერებულიყო.

გაღიზიანებულმა თვალები გაახილა და დარბაზს თვალი მოავლო. ყველა მას მისჩერებოდა. იფიქრა, რომ ეკაიფებოდნენ.

– მეკაიფებით?

ხმა არავის გაუღია. ოდნავ მოქანავე თეფშის უკნიდან დრამერი უცნაური სახით მისჩერებოდა, თითქმის ეჭვით. გიტარისტის სახეზე ვერაფერი ამოიკითხა და მზერა საქსოფონისტზე გადაიტანა, რომელიც თავისი სოლოს შემდეგ პატარა მაგიდასთან მიმჯდარიყო. ის ახლა ნაკლულ ჭიქას ატრიალებდა ხელში და თითქოს ვერ გადაეწყვიტა, რა განაჩენი გამოეტანა.

– მაგარი სტრანნია – თქვა საქსოფონისტმა და დრამერს შეხედა.

– ძაან – თქვა დრამერმა.

– გუშინ მეგონა მომეჩვენა.

– ე-ბიჭო რას ატრაკებთ? – თქვა მევიოლინემ – რატომ გავჩერდით?

– ეგეთი სახე რომ არ გქონდეს, ვიფიქრებდი, რომ შენ გვეკაიფები – თქვა საქსოფონისტმა

მევიოლინემ გადაწყვიტა დალოდებოდა როდის გაიბზარებოდა მუსიკოსების ნიღბები (გიტარისტის გამოკლებით) და ამ ხუმრობის აზრს როდის გაანდობდნენ, მაგრამ რამდენიმე წამმა სრულ სიჩუმეში ჩაიარა და ჯგუფის წევრებს არაფერი ეტყობოდათ, რომ გამოტყდომას აპირებდნენ. მევიოლინე ოდნავ აღელდა, თვითონაც ვერ გაეგო რატომ.  ვერასოდეს იფიქრებდა, როლის მორგებას თუ ამდენი ხანი შეძლებდნენ დრამერი და საქსოფონისტი.

– ჰე, რა ხდება? რა იყო? თქვით! რატომ გავჩერდით? – დაიძახა კიდევ უფრო გაღიზიანებულმა.

– ჩვენ კი არა, შენ რატომ გაჩერდი? – თქვა საქსოფონისტმა – უფრო სწორად, კი არ გაჩერდი, არც დაგიწყია. ვიცი, ვიცი, ვხედავდი რომ უკრავდი, ბექაც ხედავდა, გაგაც ხედავდა, არა? – გიტარისტმა და დრამერმა თავი დააქნიეს – ყველანი ვხედავდით, მაგრამ არაფერი გვესმოდა.

მევიოლინემ გაიღიმა. საკმაოდ სულელური ხუმრობა მოეფიქრებინათ. იმიტომ სჯიდნენ, რომ მუდმივად აგვიანებდა. საქსოფონისტის მაგიდას მიუჯდა და კედელს მიეყრდნო. ამ თამაშში აყოლას არ აპირებდა.

– ეგ გუშინ მოიფიქრე? ექსპრომტად? – უთხრა საქსოფონისტს – საღოლ. დაკვრა თუ არ გინდოდათ, პირდაპირ გეთქვათ, მეც რაღაც ვერა ვარ კარგად.

წამით შეჩერდა, მათ რეაქციას დააკვირდა, ელოდა, რომ ვინმე უპასუხებდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია.

ვიოლინო და ხემი მაგიდაზე დატოვა, წამოდგა და სასმელების ბარისკენ გაემართა.

– ისე, ეს კაცი რომ არა, რა გვეშველეობდა – თქვა ნაძალადევი უდარდელობით და ერთ-ერთ ბოთლს მოჰკიდა ხელი, დახლს ზემოთ, თავდაღმა დაკიდებული ჭიქაც ჩამოხსნა – უფასო სარეპეტიციო… უფასო სასმელი… როცა დაკვრა აღარ მოგვინდება – ცოტას მოვწრუპავთ.

ჭიქის შევსება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კარი ზანზალაკის წკრიალის თანხლებით გაიღო და ბარში შუა ხნის, შავ პალტოში გამოწყობილი, წარმოსადეგი კაცი შემოვიდა, ზღურბლს ენერგიულად გადმოაბიჯა და შემცბარი მუსიკოსებისკენ წამოვიდა.

– აჰა, ბიჭებო, აქა ხართ? – მხიარულად დაიძახა შორიდანვე – იმედია უკვე არ მორჩენილხართ, არა?

– ჯერ არც დაგვიწყია – თქვა საქსოფონისტმა ყალბი ღიმილით და მისასალმებლად წამოიწია. ბექა და გაგა, რომლებიც აქამდე თავიანთ ინსტრუმენტებს უტრიალებდნენ, მასპინძლის შესახვედრად დაიძრნენ.

მევიოლინე, ისე რომ დახლს უკნიდან ფეხი არ მოუცვლია, ბარის მეპატრონეს გაფანტულად, მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა და ის იყო პირველი ყლუპი უნდა მოესვა, რომ ჭიქა ხელში გაუშეშდა. არაჩვეულებრივმა აზრმა გაუელვა. ახლა მაინც შეძლებდა მათ გამოტეხვას. უცნაურად გაღიზიანებულმა ჭიქა ისე დადგა, რომ არც კი მოუსვამს, დახლს შემოუარა და მაგიდასთან შეკრებილ ჯგუფს მიუახლოვდა. მათ შეუმჩნევლად დასწვდა ვიოლინოს და ბარის მეპატრონეს, რომელიც მუსიკოსებთან საუბარში გართულიყო, ზურგიდან ამოუდგა. არც უფიქრია, რომ ასეთ საქციელს ბარის მეპატრონე უკეთეს შემთხვევაში ექსცენტრულობად, უარესში კი უზრდელობად ჩაუთვლიდა, მასთან რაც შეიძლება ახლოს მივიდა და ხემი მთელი ძალით გაუსვა სიმებს და შემდეგ საზეიმოდ აღმართა ჰაერში.

საქსოფონისტს, რომელმაც ყველაფერი დაინახა, სიტყვა გაუწყდა.

ბარის მეპატრონე არ შემობრუნებულა.

უხერხული სიჩუმე ჩამოვრდა და მევიოლინესთვის წამი უსასრულოდ გაიწელა, ხემი, რომელიც დანარჩენების თავებზე ჰქონდა შემართული, ასე მძიმედ არასოდეს მოსჩვენებია.

– აბა?! – დაიძახა მხნედ, რათა საკუთარი პოზა გაემართლებინა, მაგრამ მაშინვე ინანა, მიხვდა, რომ  ამ შეძახილით სიტუაცია კიდევ უფრო აბსურდული გახადა.

ბარის მეპატრონე შემობრუნდა და მას გაკვირვებული მიაშტერდა; სახეზე უხერხული ღიმილი გადაჰფენოდა, თავიც კი დაუქნია მევიოლინეს, თითქოს შესაძლო რეაქციებიდან ერთ-ერთი შეარჩია და მოსინჯა, სიტუაციას მოერგებოდა თუ არა და შემდეგ ირგვლივ უმწეოდ მიმოიხედა.

ბოლოს ისევ საქსოფონისტმა იმარჯვა, ხმამაღლა გაიცინა და ბარის მეპატრონეს დახლზე დადგმულ ჭიქაზე მიანიშნა, თვალიც ჩაუკრა, რათა მიეხვედრებინა, რომ მევიოლინეს უცნაური საქციელი მხოლოდ ზედმეტი ალკოჰოლის ბრალი იყო.

თავად მევიოლინე კი ამ ხნის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა, სახეზე ღიმილშეყინული და ნელ-ნელა ეკარგებოდა გარეგნული მხნეობა. მხრები ჩამოყარა, წელშიც კი მოიხარა, აღარაფერი დარჩენილიყო მისი თავდაჯერებიდან. იგრძნო, რომ მარცხდებოდა. შეიძლება უკვე დამარცხებულიყო კიდეც, ოღონდ არ იცოდა, სახელდობრ რაში. განგაშის შეგრძნება, რომელიც დაეუფლა, უკბილო ხუმრობისადმი უბრალო რეაქცია ვერ იქნებოდა, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე გაღიზიანება, ზიზღი და იმედგაცრუება, რომელსაც ყოველდღიური პრობლემები აღძრავდნენ მასში. მისმა სხეულმა უკვე იცოდა ის, რაშიც თავს ჯერ არ გამოტყდომოდა.

როდესაც უხარხულობა გაიფანტა და საუბარი განახლდა, თავი აიძულა რამდენიმე სიტყვა ამოეღერღა. შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, ბარის მეპატრონესა და ჯგუფის წევრებს დაემშვიდობა – ვიოლინო ფუტლიარში დააბრუნა და ბარიდან გამოვიდა.

 

* * *

როგორც კი გარეთ აღმოჩნდა, გაჩერდა. მის ზურგს უკან კარი ხმაურით დაიხურა. ცოტა ხანი ასე იდგა და ვერ გადაეწყვიტა, საით წასულიყო. არც უნდოდა სადმე წასვლა და ფეხის მოსაცვლელად ძალა არც ეყოფოდა, ბარში დაკვრა რომ არ განახლებულიყო – მაილს დევისს უკრავდნენ – „მწვანე დელფინის ქუჩაზე“.

თითქოს ამას ელოდა, ბარის კარს მაშინვე მოშორდა. მთავარი ქუჩისკენ აუხვია, ქალაქის ხმაურს შეერია და ცენტრალურ ქუჩას ჩქარი ნაბიჯით გაუყვა. ხალხის უწყვეტმა ნაკადმა მალე გაიტაცა და მევიოლინემ საკუთარი თავიცა და საზრუნავიც დროებით ქუჩის დინებას მიანდო, სანამ მან ნაცნობ ადგილას არ გამორიყა.

ქალაქის მუსიკალური კონსერვატორიის წინ იდგა, სადაც სტუდენტობის წლები ჰქონდა გატარებული და საკუთარ თავზე მოუვიდა გული, რომ თვითონ ვერ მოიფიქრა აქ მოსვლა. მის მასწავლებელს, რომლის ხელშიც მუსიკოსთა თაობები იყო გამოზრდილი, აუცილებლად ეცოდინებოდა რამე მისი პრობლემის შესახებ.

მისაღებში დაცვა დახვდა, რომელიც ერთადერთი იყო, რაც ახლანდელ კონსერვატორიის მისაღებს, ხუთი წლის წინანდელისგან განასხვავებდა. დაცვამ არაფრისმთქმელი მზერით შეხედა მევიოლინეს და ნახევარწრის ფორმის ბარიკადზე, რომლის უკანაც მოკალათებულიყო, სამი თითი აათამაშა.

მევიოლინე ამ ჟესტმა გააღიზიანა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია, ბარიკადთან ჩავლისას დაცვას მოკლე თავის დაკვრით მიესალმა და დერეფანში გამავალი კარისკენ გაეშურა. იქ, ორივე მხარეს ჩარიგებულ კლასებში, იმედი ჰქონდა, რომ მასწავლებელს ადვილად იპოვიდა.

მაგრამ მისმა მოჩვენებითმა თავდაჯერებულობამ, რითაც უნდოდა ეჩვენებინა, რომ შინაური იყო, არ გაჭრა.

– ვისთან მიდიხართ? – დააწია დაცვამ.

– ჩემ მასწავლებელთან.

– სტუდენტი ხართ?

მევიოლინემ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ვიოლინოს ფუტლიარი დაანახვა ორაზროვანად.

– ვისთან მიდიხართ? – არ მოეშვა ის მაინც.

– ჩემს მასწავლებელთან – დარია იანტბელიძესთან.

დაცვას ეტყობა სახელი ეცნო, მცირე ყოყმანის შემდეგ მევიოლინეს, რომელსაც უკვე მოთმინება ელეოდა, უთხრა დამიცადეთო და მასწავლებლის მოსაძებნად წავიდა.

მევიოლინე კარს მოშორდა და ბარიკადს მიეყრდნო. მასწავლებელი ხუთი წელია არ ენახა, არც დალაპარაკებოდა. ამ ხნის განმავლობაში მისი მოკითხვის სურვილი არ გასჩენია და მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როდესაც მუსიკალურ წრეებში ახლად გამოჩენილი ტალანტი დიდი მომავლით, მისი მოსწავლე აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ნეტა მასწავლებელს თუ ახსენდებოდა მევიოლინე?

კედლის საათს ახედა. მოუთმენლობა ემატებოდა და რაც უფრო დიდი ხანი იდგა უკაცრიელ მისაღებში, რომელშიც ზემო სართულების კლასებიდან ჩამოღვრილი, ერთმანეთში არეული სხვადასხვა სტილის მუსიკა გუბდებოდა, მით უფრო კარგავდა იმედს, რომ შეძლებდა მასწავლებლისთვის აეხსნა, თუ რა დაემართა.

როგორც იქნა კარი გაიღო და დაცვას შუა ხნის ქალი შემოჰყვა, რომლის ყვითელი ფერის პიჯაკმა პირქუში ჰოლი მაშინვე გამოაცოცხლა.

– ოოჰ? – წამოიძახა მან – ამას ვის ვხედავ.

მევიოლინემ შვება იგრძნო – ამ შეხვედრამ თითქოს სტუდენტობის უსაფრთხო წლებში დააბრუნა – მასწავლებელს გადაეხვია, რომელიც მას თავის კლასში შეუძღვა, სადაც როიალის თავზე, გაშლილ ვარდისფერზოლიან ხელსახოცზე ნახევარი სენდვიჩი იდო – დანარჩენი ყველაფერი ისევე იყო, როგორც მევიოლინეს ახსოვდა:

რამდენიმე მორყეული სკამი, როიალი და ფანჯარა, საიდანაც ზამთრის სუსტი შუქი შემოდოდა და ფრთხილად ეხებოდა როიალის შავ ზედაპირს.

მასწავლებელი ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელები მუხლს შემოაჭდო – ღიმილით მიაჩერდა მევიოლინეს, მას კი ვერაფერით მოეფიქრებინა, როგორ უნდა აეხსნა მასწავლებლისთვის თავისი გასაჭირი და იმასაც ვერ ახერხებდა, უხერხულობის გასაფანტად მასწავლებლის დასმულ  წვრილმან შეკითხვებზე აზრიანი პასუხები გაეცა. ხშირ-ხშირად გაურბოდა თვალი ფუტლიარისკენ და დარია მასწავლებელმაც, როგორც იქნა ვიოლინო და თავისი ყოფილი მოსწავლის გაფანტულობა ერთმანეთს ბუნდოვნად დააკავშირა.

– აბა, რა დაგვატყდა თავს, რომ შენი ფეხით გამოცხადდი? – ჰკითხა მასწავლებელმა როდესაც ერთმანეთის მოკითხვა დაასრულეს.

– არ ვიცი მას… მემგონი რაღაც დამემართა.

– რა დაგემართა? – მასწავლებელი ახლა უფრო ყურადღებით დააკვირდა მევიოლინეს, მის საგრძნობლად შეწითლებულ ცხვირს და ჩასისხლიანებულ თვალებს, აჩეჩილ თმებს – ხომ არ გაცივდი?

მევიოლინე ჩაფიქრდა – გაახსენდა დილას რომ თავი სტკიოდა. თავი ახლაც სტკიოდა. სკამიდან წამოდგა და ფუტლიარს მიუახლოვდა, რომელიც დროებით როიალის თავზე შემოედო.

– შეიძლება… მემგონი გავცივდი, კი… ოღონდ… – ამბობდა და თან ფუტლიარს ხსნიდა. ახსნის თავი არ ჰქონდა და კარგად არც იცოდა რა უნდა აეხსნა, ამიტომ ვიოლინო მოიმარჯვა და რამდენიმე ნოტი აიღო – ხედავთ? გესმით?

თქვა და იმედიანად მიაჩერდა თავის მასწავლებელს, რომელსაც გაკვირვება არ გამოუხატავს, მხოლოდ კეთილმოსურნედ უღიმოდა, როგორც საუბრის დასაწყისში.

– მერე? – თქვა ბოლოს მასწავლებელმა – ისე, კაი დღეში კი ჩავარდნილხარ. შეიძლება თავი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანო?

– თავი მივიყვანო? – გაიმეორა მევიოლინემ უაზროდ. შემდეგ კიდევ რამდენიმე ბგერა დაუკრა – მას, გესმით თუ არ გესმით?

– რა თქმა უნდა, არ მესმის, საერთოდ არ ისმის არაფერი, აი, საერთოდ, როგორ უნდა მესმოდეს? და იცი რატომ? ძალიან კარგად იცი რატომაც – თქვა მასწავლებელმა და სკამიდან წამოდგა. გამარჯვებულის იერი ჰქონდა.

– და რატომ? – თქვა გამოცოცხლებულმა მევიოლინემ.

– რატომ? მეკითხები კიდევაც! – თქვა მასწავლებელმა და შემწყნარებლურად გაუღიმა – არ გრცხვენია ხომ? მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ შენც იცი, რატომაც. სხვა შემთხვევაში ჩემთან არ მოხვიდოდი – იგი სკამიდან წამოდგა, მის მზერაში ახლა მშობლიური სითბო იგრძნობოდა, უძღები შვილი კი სარგადაყლაპულივით იდგა და ცდილობდა, მასწავლებლის სიტყვებში აზრი ეპოვა. მასწავლებელი თავისას აგრძელებდა – იმიტომ, რომ ყოველთვის გაუგონარი მოსწავლე იყავი. ხომ გაფრთხილებდი ყოველთვის? აი, აგიხდა კიდეც! ყოველთვის ასე ხდება, ყოველთვის! მე როდესაც რაღაცას გასწავლი, იმას ჩემთვის ხომ არ გასწავლი? ასე ბრუნდება ყველა, რომ იცოდე, ბრუნდებიან და ჩივიან. მე კი ყველას უკლებლივ გაფრთხილებდით და გასწავლიდით როგორ უნდა იმეცადინო, თუ გინდა, რომ ბგერა არ გაგიფუჭდეს, მთავარი ბგერაა, ბგერა, ბგერა, ბგერა! – ამ ბოლო სიტყვებთან ერთად ხელი რიტმულად დაჰკრა როიალს.

შემდეგ შეჩერდა. კმაყოფილება ემჩნეოდა. მევიოლინეს დააკვირდა და შეეცადა გამოეცნო, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ძალიან უმწეო მოეჩვენა – ასეთი არასოდეს ახსოვდა.

– ესე იგი მე ვერაფრით დაგეხმარები – გააგრძელა კიდევ უფრო თბილად – იმიტომ რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული! ეს ათასჯერ მაინც გაგვიმეორებია – თქვა მან და თავისი სკამის გვერდით დადებულ ჩანთასთან მივიდა, იქიდან ბლოკნოტი ამოიღო, ერთი ფურცელი ამოხია და ზედ რაღაცის ჯღაბნას შეუდგა – დარწმუნებული ვარ კარგად გახსოვს ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგიწერ.

წერა რომ დაამთავრა, მევიოლინეს, რომელიც ადგილიდან არ განძრეულა და ფანჯარაში იყურებოდა, მიუახლოვდა და ფურცელი გადასცა.

ზედ გაურკვეველი ხელით იყო დაჯღაბნილი ტონალობების აღნიშვნელი სიმბოლოები და გამების დასახელებები.

– ბგერას მოვლა უნდა – თქვა მასწავლებელმა, რადგან შეამჩნია მევიოლინეს სახეზე გამოხატული სასოწარკვეთა – არპეჯიოებიც არ დაგავიწყდეს. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტს ივარჯიშებ, მით უკეთესი. ოღონდ ხომ იცი, ძალიანაც ნუ მოიკლავ თავს. ეგეც მნიშვნელოვანია, ხომ გახსოვს?

და რადგან მოსწავლისგან პასუხი ვერ მიიღო, ჩათვალა, რაღაც ვერ გაიგო კარგადო და ვიოლინოს დასწვდა. მევიოლინეს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

– აი ასე, აი ასე, აი ასე – ამბობდა მასწავლებელი და თან უკრავდა – ხედავ? ხედავ? ადვილია? ხომ გესმის? აი ასე, ნელა, რაც შეიძლება ნელა, შემდეგ აუჩქარე, შემდეგ უკუღმა, თავიდან, ერთი-ორი-სამი! ერთი-ორი-სამი! ხომ ხედავ? ადვილია.

შემდეგ დაკვრას მორჩა და ვიოლინო დაუბრუნა. საათზე დაიხედა, თვალი კი სენდვიჩისკენ გააპარა, საიდანაც კიტრის თხელი ნაჭერი გადმოვარდნილიყო.

– დიდი მადლობა მას – თქვა მევიოლინემ.

მასწავლებელი დაიჭყანა და ხელი აიქნია, ეგ რაღა სათქმელი იყოო.

– სისულელე! როცა გინდა მოდი. გამეხარდა შენი ნახვა. ისე, ერთი არ უნდა დარეკო ხოლმე?

– დავრეკავ მას – თქვა მევიოლინემ და კლასიდან გამოვიდა.

 

* * *

კონსერვატორიიდან გამოსული აფიშებთან შეჩერდა და მათ თვალიერებას შეუდგა. შემსრულებლების, კომპოზიტორებისა და კომპოზიციების დასახელებებმა მასში გამოძახილი ვერ ჰპოვეს. ქუჩა გადაჭრა და მთავარი ქუჩისკენ უნდა დაშვებულიყო, რომ შემოტრიალდა, რათა თვალი კიდევ ერთხელ შეევლო  მუსიკის ტაძრის გაყვითლებული კედლებისთვის. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ კონსერვატორიის პირდაპირ ახლად გახსნილ „ათას წვრილმანთან“ ათასი წვრილმანით გულგაწვრილებული გამყიდველი ეწეოდა სიგარეტს.

გადახრილი მზის უძლურ სინათლეში გახვეულ კონსერვატორიას უყურებდა და ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს რაღაცას თუ ვიღაცას ემშვიდობებოდა და როდესაც კედელში დატანებული ბეთჰოვენის პირქუში ბიუსტი მოხვდა თვალში, კინაღამ გატეხა უცებ აფეთქებულმა სევდამ. თითქოს მათხოვარი, რომელიც ათასჯერ ენახა ქუჩაში, მისი დაკარგული ძმა აღმოჩნდა.

გადაწყვიტა რამე დაელია.

ერთ-ერთ პარალელურ ქუჩაზე, პირველივე ბარში, სადაც ჩათვალა, რომ ნაკლები შანსი იყო ვინმე ნაცნობს გადაჰყროდა, იაფფასიანი ლუდი შეუკვეთა. რამე უფრო სპირტიანზეც არ იტყოდა უარს, მაგრამ გაახსენდა, რომ დღეიდან შემოსავლის წყარო გადაკეტილი ჰქონდა და ქამარი უნდა შემოეჭირა, რაც უფრო და უფრო რთული ხდებოდა ყოველი მომდევნო ბოთლის შემდეგ.

ბარიდან გამოსულს მზე კორპუსებს უკან ჩამალული დახვდა. ღრუბლებს, რომლებიც ქალაქის თავზე ერთ მკვრივ, უსასრულო ლეიბად გადაჭიმულიყვნენ, ჭუჭყიანი ვარდისფერი დაჰკრავდა და სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდა სახლში წასვლას, სანამ ცენტრალურ ქუჩაზე გამოვიდოდა, უკანასკნელი სინათლეც დაიწრიტა, ციდან ვარდისფერი გაქრა და ქუჩის ლამპიონები აინთო.

აუჩქარებლად გაემართა სახლისკენ. ისე ძალიან აღარ ადარდებდა თავს დამტყდარი დაავადება. აღარც იყო დარწმუნებული, რომ დილას გადახდენილი ნამდვილად მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ქუჩას ამისი არაფერი ეტყობოდა. ხალხის დინება, რომელსაც შუადღეზე საქმიანი და თანაბარი ხასიათი ჰქონდა, ახლა ნამდვილ სტიქიად გადაქცეულიყო და ტროტუარებიდან  სავალ ნაწილზე გადასკდომას ლამობდა, ჩახჩახა მაღაზიებისა და სწრაფი კვების ობიექტებთან მორევებს ქმნიდა, თურქულ რესტორნებსა და მიწისქვეშა ბარებს ტბორავდა.

ქუჩაზე ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილს მიადგა, სადაც როკ-ჯგუფი knoking on heaven’s doors უკრავდა. მათ ირგვლივ მჭირდროდა შემოკრებილ, ჭრელ, ტელეფონმომარჯვებულ პუბლიკას გაჭირვებით აუარა გვერდი, ხოლო გოგონას, რომელმაც ღიმილით გაუწოდა ხურდის შესაგროვებელი ქუდი, ვიოლინოს ფუტლიარი დაანახვა, თუმცა შემდეგ ეს ჟესტი უაზროდ ეჩვენა.

ერთ-ერთ მაღაზიასთან შეჩერდა, რომლის უზარმაზარი ვიტრინებიდან ცივად მბრწყინავი შუქი ეცემოდა ტროტუარს. აქაც, როგორც წესი, ყოველთვის უკრავდა ვიღაც, მაგრამ ახლა, ბედად ადგილი თავისუფალი იყო. ამ ადგილას ტროტუარი ფართოვდებოდა და შავ რკინის მოაჯირთან, რომელიც სავალ ნაწილს ესაზღვრებოდა, შედარებით თავისუფლება იყო. ხელს არავის შეუშლიდა გავლაში. ალბათ არც წელში მოხრილ, იასამნისპალტოიან ბებოს, რომელიც იებს ყიდდა ზედ მაღაზიის შესასვლელთან, ექნებოდა რამე საწინააღმდეგო.

სახლში წასვლა უცებ გადაიფიქრა. მოაჯირთან მივიდა, სადაც ვიტრინის შუქი ვერ მისწვდებოდა. ვიოლინო მოიმარჯვა და გახსნილი ფუტლიარი ფეხებთან დაიდო. წამით შეყოყმანდა, მაგრამ მერე გაიფიქრა, რომ დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა თუ რას დაუკრავდა. დაკვრა დაიწყო.

ცუდად უკრავდა, გამუდმებით ეშლებოდა, რადგან გაყინული და ალკოჰოლის ზემოქმედებისგან გატლანქებული თითები არ ემორჩილებოდნენ. თან ყურადღება ახლა სულ სხვა რამისკენ ჰქონდა მიქცეული. ცდილობდა გამვლელთა სახეები წაეკითხა, მაგრამ გავიდა რამდენიმე წუთი და არც თანამგრძნობი უნახავს ვინე, არც დამცინავი მზერა დაუჭერია უხეში შეცდომებისას და არც გაკვირვება, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა. ამასობაში გათამამდა და დაკვირს ეშხში შევიდა. მსუბუქმა მღელვარებამაც კი გაუარა.

აი, ორმოცდაათს გადაცილებული მამაკაცი მოახლოვდა, ნელა მოაბიჯებდა და ლამპიონების შუქში მელოტი თავი უბრწყინავდა. ყვავილების გამყიდველ ქალს რომ გაუთანაბრდა, გრძელი, ხაკისფერი ქურთუკის ჯიბეებში დაიწყო ქექვა. იების კონა იყიდა და შემდეგ მევიოლინეც შეამჩნია. ცარიელ ფუტლიარს ღიმილით შეავლო მზერა, შიგ ხურდა ჩააგდო, ხელები ზურგზე დაიწყო და გზა გააგრძელა. ფუტლიარს სინათლე არ ეცემოდა მაგრამ მასში ჩაგდებული დუნე ვერცხლისფერი მონეტა იმედისმომცემად აელვარდა მევიოლინესთვის.

შორიახლოს ვიღაც ტიპი გაჩერდა. ამინდისთვის ზედმეტად თხელ პალტოში ხელებჩაწყობილი, ყურადღებით დააკვირდა მევიოლინეს, მხრებამდე დაშვებული, გაზეთილი თმა თვალებიდან გადაიწია და ქვედა ტუჩის ქვემოთ ამოსული მეჩხერი წვერი მოისინჯა. შემდეგ მევიოლინესთან უფრო ახლოს მოიწია და თავის ქნევას მოყვა.

მაღაზიიდან ბღლარძუნით გამოვიდა სამი ბიჭი და ამ სანახაობამ მაშინვე მიიპყრო მათი ყურადღება, მოვიდნენ და დადგნენ. კევებს აღლაჭუნებდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ და მერე თითქოს სიცილისგან ძალაგამოცლილები, თავის შესამაგრებლად ეჭიდებოდნენ გვერდზე მდგომს. ხაკისფერქურთუკიანი, მელოტი კაცი ისევ გამოჩნდა იქიდან, სადაც ცოტა ხნის წინ თვალს მიეფარა, ისევ ისე აუჩქარებლად მოახლოვდა და ჯგუფს შეუერთდა. საკუთარ შენაწირს კიდევ ერთი ოცთეთრიანი დაუმატა და ყურადღებით მოავლო თვალი მუსიკოსსა და ყველა დამსწრეს, შემდეგ თითქოს წასვლა დააპირა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და ცოტა ხნით დარჩენა გადაწყვიტა. გრძელთმიან ტიპს ამოუდგა გვერდში და ხელი მხარზე შეახო. იმან ამოხედა, ისე, რომ თავის ქნევა არ შეუწყვეტია. მელოტი ფილანტროპის თვალებში დაბნეულობა გაკრთა, მაგრამ შეკითხვის დასმა ვეღარ გაბედა, მხოლოდ გამამხნევებლად გაიღიმა.

მევიოლინეს კი ყველაფერი დავიწყებოდა, საბოლოოდ წაეღო მუსიკას. თვალდახუჭულს მხოლოდ საკუთარი მუსიკის ხმა ესმოდა, თორემ აუცილებლად შეამჩნევდა თუ რა უჩვეულო სისწრაფით იცვლებოდა მის ირგვლივ გარემო, სხვა თუ არაფერი, ფუტლიარში ხურდის გახშირებული წკრიალი მაინც დააეჭვებდა. სულ უფრო მეტი ხალხი ემატებოდა სანახაობას. ახალმოსულებს უკვე ფეხის წვერებზე უწევდათ შედგომა, რათა უფრო იღბლიანთა ზურგებს ზემოდან შეევლოთ თვალი უცნაური მუსიკოსისთვის. წინა რიგი კი ახალ სახეებს შეევსოთ – მათ შორის ახალგაზრდა, ლამაზი წყვილი გამოირჩეოდა: გოგონა, რომელსაც შავ, შეხსნილ პალტოში წითელი, მუხლებამდე კაბა მოუჩანდა, დროდადრო ღიმილით ახედავდა ხოლმე თავის ათლეტურ შეყვარებულს და ისიც მაშინვე მოაშორებდა სულ ცოტათი დაბნეულ მზერას მევიოლინეს და ღიმილს უბრუნებდა.

მათი ყურადღების ობიექტი კი სასიამოვნო დაღლილობას მოეცვა. გახურებულიყო, იღლიები და ზურგი ოფლით გაჟღენთოდა, მაგრამ სიცივეს მაინც ვერ გრძნობდა. კიდევ ერთი კომპოზიციის დაკვრა დაასრულა და ახლა ბოშური ჯაზის სწრაფი ტემპებიდან რამე უფრო მელოდიურზე ან თუნდაც სენტიმენტალურზე გადასვლა მოუნდა.

წამის მეასედით გაახილა თვალები და ისევ დახუჭა. ეს მექანიკურად გააკეთა, რათა გარესამყაროსთან მომენტალური დაკავშირებით აღენიშნა ახალი მელოდიის დასაწყისი. გონებაში ჯერ კიდევ უშინაარსო გამოსახულებად აღებეჭდა ირგვლივ შემოკრებილი ხალხის ჩრდილში მოქცეული სახეები, მათ კინკრიხოებზე შარავანდედად დადგმული ვიტრინის შუქი, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ მოგვიანებით, რამდენიმე სევდიანი ტაქტის შემდეგ გაიაზრა. სურათის პარადოქსულობამ ერთბაშად გამოაფხიზლა; განგაშით გაუმძაფრდა ყველა შეგრძნება და თვალები ინსტინქტურად კიდევ უფრო მაგრად დახუჭა; შეეცადა დანახულის უჩვეულობა მუსიკითა და ალკოჰოლით აღგზნებული გონებისთვის დაებრალებინა, მაგრამ ერთი წამით თვალმოკრულს დანარჩენი შეგრძნებები უდასტურებდნენ. ახლაღა გაარჩია ხმები, რომლებიც აქამდე ყურადღების მიღმა რჩებოდა. სხეულით იგრძნო შემოჯარული ხალხის უსიამოვნო სიახლოვე და ჩოჩქოლი – მასზე მიბჯენილი მზერები. ცივი ოფლი მოასკდა და თავს ძალა დაატანა, რომ დაკვრა არ შეეწყვიტა მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო – თვალები გაახილა ისეთი რამის დანახვის იმედით, რაც მის მღელვარებას დააცხრობდა, მაგრამ იმას, რაც დაინახა, ვერასოდეს წარმოიდგენდა.

წინა რიგს ცოტა უკან დაეხია, რათა მეტი სივრცე მიეცა სახელდახელო სცენისთვის, სადაც ახლა რამდენიმე ადამიანი ცეკვავდა. სულ პირველად მოსულ თხელპალტოიან ტიპს სცენის მარცხენა ნაწილი დაეკავებინა (ხალხში, მის უკან, ხაკისფერქურთუკიანი კაცი მოჩანდა, რომლისთვისაც კმაყოფილებას, სახიდან სრულიად გადაეშალა დაბნეული გამომეტყველება), ხელები ჯიბეებიდან ამოეღო და თავს ზემოთ აეტანა, წარმოსახვითი მუსიკის რიტმში იქნევდა და ტანს აყოლებდა, დროდადრო კი ცალ ფეხზე დაბჯენილი, ფარგალივით ხაზავდა წრეს საკუთარი თავის ირგვლივ.

მოხითხითე ბიჭებიდან ერთ-ერთიც შემოსულიყო სცენაზე. ცალი ხელით ჯიბეში, მეორე ხელის ცერა და შუა თითს რიტმულად ატკაცუნებდა და ფეხსაც აყოლებდა, ოღონდ ცოტა არ იყოს მოუქნელად, მისი მეგობრები კი, რომელთაც ეტყობა გამბედაობა არ ეყოთ თავის გამოსაჩენად, პირველ რიგში იდგნენ და სიცილისგან მუცლები ხელით ეჭირათ, მაგრამ სცენის ძირითადი ნაწილი ლამაზ წყვილს დაეკავებინა. მევიოლინეს სხვა გარემოებაში ალბათ აღაფრთოვანებდა კიდეც აფრიალებული წითელი კაბის ქვეშ გაელვებული, თხელი კოლგოტით დაფარული ბარძაყები, როდესაც გოგონა მოხდენილად დატრიალდა – მისი ხელებგაშლილი შეყვარებული კი ფეხების მარჯვე გასმებით, უკანსვლით დაშორდა გოგონას და სცენის მარჯვენა კიდეს რომ მიუახლოვდა, რამდენიმე წამი თითქოს ჰაერში გაჩერდა, როგორც კოლიბრი, რითაც დამსწრეთა სამართლიანი აღტაცება დაიმსახურა და შემდეგ ისევ ნელა, ყელმოღერებული დაიძრა პარტნიორისკენ.

მევიოლინემ ერთბაშად შეწყვიტა დაკვრა და მოცეკვავეებს მიაშტერდა, მაგრამ მათ ის დავიწყებოდათ და ცეკვას აგრძელებდნენ, სანამ თხელპალტოიანმა კიდევ ერთი წრე არ მოხაზა საკუთარი თავის ირგვლივ და მევიოლინის გაოგნებული სახე და ჩამოყრილი ხელები არ მოხვდა თვალში. იგი გაჩერდა და წამიერი დაბნეულობის შემდეგ ტაში დასცხო, თან თეატრალურად გაიშვირა ხელი მევიოლინისკენ და თვალიც კი ჩაუკრა, როგორც თანამოაზრეს. ცეკვა მაშინვე შეწყდა და მცირე პაუზის შემდეგ ვიღაც ტაშისცემას აჰყვა რაც მალევე გადაიქცა დამსწრეთა ერთსულოვან აპლოდისმენტად.

მევიოლინეს კი ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაჰქონდა მზერა. ზოგი უღიმოდა, ზოგნი კი ბოლომდე ვერ გარკვეულიყვნენ სიტუაციაში და მზერას არიდებდნენ, რადგან მევიოლინეს სულაც არ ჰქონდა ისეთი ადამიანის გამომეტყველება, რომელიც დამსახურებული ტაშით ტკბება.

სახე გაკვირვებისა და უხერხულობისგან მოქცეოდა. ტაშისგან თავის დასახსნელად, უნდოდა  ხალხისთვის როგორმე მიენიშნებინა, რომ სწორად ვერ გაუგეს, მაგრამ არაფერი აფიქრდებოდა და ხანგრძლივი დაკვრის, ხმაურისა და თავის ტკივილისაგან ღონემიხდილს უმწეობის განცდასთან ერთად გარემოების წინააღმდეგ ბუნდოვნად მიმართული ბრაზიც ემატებოდა. ყოველისშემძლე ტაშს დამორჩილებულს, სახე როგორც იქნა ნაძალადევი ღიმილით მოეღრიცა და ეს მცირე კომპრომისიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო ძლიერი ტაში გამოეწვია, რომელიც საბოლოოდ მიიღო, როგორც ქრთამი, როდესაც ვიოლინო ასწია ჰაერში ყველას დასანახად, წლების მანძილზე ჩვევად ქცეული მადლიერების ჟესტით, თითქოს ეს ტაში მე კი არა, მუსიკას უფრო ეკუთვნისო და ბოლო წვეთიც ეს იყო, რამაც წყობიდან გამოიყვანა. იმ ღალატის ატანა, რომელიც ამ პირმოთნე ჟესტმა დააგვირგვინა, აღარ შეეძლო და დაუოკობელმა სურვილმა, ამ ყველაფრისგან განთავისუფლებულიყო, გონება გაუნათა.

ხალხს ზურგი შეაქცია, შეტყუპებული ვიოლინო და ხემი ორივე ხელით თავს ზემოთ აღმართა და მთელი ძალით დასცხო რკინის მოაჯირს.

ვიოლინოს კორპუსი ჟღრიალით დაიმსხვრა და ნაფოტები ასფალტზე მიმოიფანტა. მევიოლინეს ხელში ტარი შერჩა, საიდანაც უსიცოცხლოდ გადმოეშვა სიმები. გაოგნებულ პუბლიკას კი საზარელი ეჭვის ჩრდილმა გადაურბინა, როგორც ხალხს, რომელიც აღარ არის დარწმუნებული, რომ ილუზიონისტის ყუთში ჩაწვენილი მსახიობის კივილი, როდესაც მას შუაზე ხერხავენ – შოუს ნაწილია.

პირველად ვინ დასძლია ეს ეჭვი, მევიოლინეს არ დაუნახავს. იგი ვიოლინოს მიმოფანტულ ნამსხვრევებს დასჩერებოდა და ახალი ძალით აფეთქებული ტაშის ხმა ზურგში დაეტაკა. ყურებისთვის რომ დაეჯერებინა, შეიძლება არც შებრუნებულიყო ხალხისკენ და მაშინვე გასცლოდა იქაურობას, მაგრამ შებრუნდა და მათ სახეებზე ამჯერად გულწრფელი აღფრთოვანება ამოიკითხა. შემდეგ რაც ქნა არა იმდენად ბრაზმა ან გაკვირვებამ ჩაადენინა, რამდენადაც შიშმა, რომ ვეღარასოდეს დააღწევდა თავს ამ გაუგებრობას, რომელიც მისი ყოველი ჟესტით კიდევ უფრო ღრმავდებოდა. მახეში გაბმულმა, თითქოს თავდამსხმელის მოსაგერიებლად, ის ხელი აიქნია, რომელშიც ვიოლინოს ტარი ჰქონდა ჩაბღუჯული და უფუნქციოდ დარჩენილმა ერთ-ერთმა სიმმა, ლამაზი, წითელკაბიანი გოგონას ლოყაზე გაიტკაცუნა.

ალბათ ყველაფერი გაცილებით მძიმე შედეგით დასრულდებოდა, ამ ყველასთვის მოულოდნელ თავდასხმას სულ მცირე კვალიც რომ დაემჩნია გოგონას სახეზე, რომელმაც წამოიკივლა და ხელები სახეზე აიფარა, გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით კი, რომელშიც იმ ადამიანის წყენა ჩაუდგა, ვისაც ტკივლი დაუმსახურებლად მიაყენეს, მევიოლინეს მიაჩერდა.

ხალხი ერთხმად შეძრწუნდა და გაჩუმდა.

უკანა რიგებში ფეხის წვერებზე შედგნენ.

– ეე, ეეეე – დაიძახეს ვიღაცეებმა.

– შენ, ბიჭო – თქვა სამი ბიჭიდან ერთ-ერთმა და უკვე მართლა შეშინებული მევიოლინისკენ წაიწია.

მაგრამ ყველას წითელკაბიანი გოგონას შეყვარებულმა დაასწრო. ერთი ნახტომით გაჩნდა მევიოლინესთან და ხელები საყელოში ჩაავლო. მათ ირგვლივ ხალხი შეიკუმშა, რამდენიმე წყვილი ხელი ერთდროულად ჩაეჭიდა ორივეს.

– ჰა, ჰააა – დაიძახეს ხალხში ფეხის წვერებზე აწეულებმა.

მაგრამ შეყვარებულს მევიოლინესთვის არ დაურტყამს, ეტყობა ბოლო წამს გადააფიქრებინა მისმა სიტუაციისთვის შეუფერებლად დაბნეულმა გამომეტყველებამ, შეიძლება ბრაზიც კი გაუნელა სიბრალულმა, რომელიც ამ ცირკის მასხარისადმი იგრძნო, მაგრამ იმდენადაც არა, რომ ყოველგვარი სასჯელის გარეშე დაეტოვებინა მისი საქციელი – ღონივრად მოიქნია და შემდეგ ხელი გაუშვა, რითაც არა მარტო მევიოლინეს, არამედ მასზე ჩაჭიდებულ გამშველებლებსაც დააკარგვინა წონასწორობა.

მევიოლინე წაბორძიკდა, შეეცადა ვინმეს მოსჭიდებოდა, მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ასფალტზე გულაღმა გაგორდა რამდენიმე ადამიანთან ერთად; ხალხი აირია, ატყდა ძიძგილაობა. მევიოლინე შეეცადა წამომდგარიყო, მაგრამ ვიღაცამ ხელი ჰკრა და ისევ ძირს აღმოჩნდა. ამჯერად იდაყვებს დაეყრდნო, მაგრამ წამოდგომა აღარ უცდია – ხურდა ფულით სავსე ფუტლიარისკენ გახოხდა. ვიოლინოს ტარი ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და სიმებს, რომელიც უკან მოსთრევდა, ვიღაცამ რამდენჯერმე ფეხი დააბიჯა. ხალხი არ დამშვიდებულიყო, ერთმანეთს აშველებდნენ, თუმცა როგორც ჩანს აღარავინ აპირებდა მხოხავ მევიოლინეზე თავდასხმას. თანდათან ბღლარძუნი შეწყდა და ძირს გართხმული მევიოლინე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. პალტო ნაწვიმარი ასფალტის წვირში ამოგანგვლოდა და ვიღაცეებმა ზიზღით აარიდეს თვალი, რამდენიმე კი შეეცადა მიახლოვებოდა და წამოდგომაში დახმარებოდა, მაგრამ მევიოლინე აღარავის აქცევდა ყურადღებას, არავინ მიიკარა. როგორც იქნა გააღწია ფეხების ტყეში, ფუტლიარამდე მიხოხდა და მუხლებზე წამოჯდა.

ყველა მიხვდა, რომ სანახაობა დასრულებულიყო. პირველი რიგების ხალხი უკვე აღარსად ჩანდა და დანარჩენებიც ნელ-ნელა შემოეცალნენ შემთხვევის ადგილს. მაინცდამაინც აღარავინ შეყოვნებულა, მხოლოდ რამდენიმემ მოიხედა უკან, სანამ საბოლოოდ მიეფარებოდა თვალს.

მევიოლინე ცოტა ხანი ფუტლიართან ჩამუხლული იჯდა, ფიქრში წასულს თვალები გაშტერებოდა, შემდეგ ნელ-ნელა გამოძრავდა. ჯერ კიდევ ბურუსში იყო და თავბრუ ესხმოდა. ფუტლიარი პირდაპირ ასფალტზე გადმოაპირქვავა და ვიოლინოს ტარი და სიმები შიგ ჩადო. ირგვლივ მიმოიხედა – ვიოლინოს ნამსხვრევებს ეძებდა, რომელთაგან ზოგი საკმაოდ მოშორებითაც წაეღო ცოტა ხნის წინ მომხდარ არეულობას, რამდენიმე წითელი ნატეხი სავალ ნაწილზეც შეამჩნია, მანქანების ბორბლებქვეშ, და მათზე ხელი ჩაიქნია, მაგრამ დანარჩენების შეგროვებას შეუდგა, გულდასმით ეძებდა ყველა ნამცეცს და შეგროვებულ ნაწილებს ფრთხილად ასვენებდა ფუტლიარში. ქუჩა უკვე თავის ჩვეულებრივ რიტმს დაბრუნებოდა, გამვლელები გაკვირვებულ მზერას შეავლებდნენ ხოლმე უცნაურ, ტალახში ამოგანგლულ კაცს, რომელიც წელში მოხრილი ეძებდა რაღაცას, მაგრამ არავინ გაჩერებულა.

მევიოლინემ ყველა ნაწილი, რისი მოძებნაც შეძლო, შეაგროვა და ფუტლიარი დახურა. შემდეგ პალტო გაიხადა, რათა შეძლებისდაგვარად ტალახისგან გაეწმინდა. ამასაც რომ მორჩა, ქუჩის ორივე მხარეს გააყოლა თვალი, ვერ გადაეწყვიტა საით წასულიყო.

ბოლოს, მიმართულება შემთხვევით აირჩია. სახლში დაბრუნება ჯერ ისევ არ უნდოდა და გასეირნება კი არ აწყენდა. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ თავბრუსხვევა იგრძნო, უცებ ქუჩა დასაღუპი გემივით დაირწა და ფუტლიარი, რომელიც ახლა კუბოსავით ამძიმებდა, გულში მაგრად ჩაიხუტა, თითქოს ასე უფრო გაუადვილდებოდა წონასწორობის შენარჩუნება.

© არილი

Facebook Comments Box