ლაურეატს ესაუბრება სტეფან ესბერგი, საუბარი ჩაწერილია ტელეკომპანია SVT-ს მიერ, 2013 წლის 12-13 ნოემბერს.
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
– კითხვა ადრე შემიყვარდა. ზღაპარი, რომელიც წამაკითხეს – ჰანს ქრისტიან ანდერსენის “პატარა ქალთევზა” (გახსოვთ ეს ზღაპარი?) – მეტისმეტად ნაღვლიანია. პატარა ქალთევზას შეუყვარდება უფლისწული, მაგრამ არ შეუძლია უფლისწულზე გათხოვება – ის ხომ ქალთევზაა. ზღაპარი იმდენად სევდიანია, რომ დეტალების მოყოლა არ შემიძლია. როგორც კი წავიკითხე, შინიდან გავედი და დიდხანს დავდიოდი ჩვენი აგურის სახლის გარშემო. შემდეგ მოვიგონე ზღაპარი ბედნიერი დასასრულით, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს სჭირდებოდა პატარა ქალთევზას. არ ვფიქრობდი იმის შესახებ, რომ ეს იყო სრულიად სხვა ზღაპარი, რომელიც ამქვეყნად არავისთვის იყო ცნობილი. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყველაფერი, რაც შემეძლო, გავაკეთე – ამიერიდან პატარა ქალთევზა ცოლად უნდა გაჰყოლოდა უფლისწულს და ბედნიერად ეცხოვრა, რასაც ის, უეჭველად, იმსახურებდა – ბევრი იტანჯა, რათა უზრუნველეყო უფლისწულის ბედნიერი ცხოვრება. მან მიაღწია იმას, რომ კუდის ნაცვლად ფეხები გაუჩნდა, მაგრამ ყოველი ნაბიჯი აუტანელ ტკივილს აყენებდა! სწორედ ეს სურდა – სიარული შეძლებოდა და უფლისწულის გულში სიყვარული გაეღვიძებინა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ პატარა ქალთევზა არ იმსახურებდა სიკვდილს. და არ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ჩემ გარდა, არავინ არ იცნობდა ამ ახალ ზღაპარს. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მაშინვე გამოქვეყნდა, როგორც კი გავიფიქრე ამის შესახებ. სწორედ ასე იყო. ეს იყო ჩემი ლიტერატურული შემოქმედების დასაწყისი.
– როგორ დაეუფლეთ თხრობისა და წერის ხელოვნებას?
– ზღაპრებს განუწყვეტლივ ვიგონებდი. სკოლამდე დიდხანს უნდა მევლო და ამ ხნის განმავლობაში ძირითადად ზღაპრებს ვთხზავდი. როდესაც ცოტათი წამოვიზარდე, ამ ზღაპრების მთავარი პერსონაჟად მე ვიქეცი და არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს ზღაპრები დაუყოვნებლივ გამეცნო სხვებისთვის. საერთოდ, არ ვიცი, ვფიქრობდი თუ არა სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც გაეცნობოდნენ ან წაიკითხავდნენ მათ. ჩემთვის, ძირითადად, მთავარი იყო თვით ზღაპარი, ჩემი თვალსაზრისით – ძალზე ლამაზი ზღაპარი პატარა, ჭკვიანი, მამაცი ქალთევზას შესახებ, რომელსაც შეეძლო, შეექმნა უკეთესი სამყარო, შეეძლო ზღვის ქაფად ქცეულიყო, ჯადოსნური შესაძლებლობები ჰქონდა და ასე შემდეგ.
– არსებითი იყო თუ არა, რომ ამბავი ქალის თვალსაზრისით იყო მოთხრობილი?
– ამისთვის არსებითი მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია, მაგრამ მე ხომ ქალი ვიყავი! გარდა ამისა, არსებობდა უამრავი კარგი მოთხრობა პატარა გოგონებისა და ქალების შესახებ. შესაძლოა მოზარდობის ასაკში გრძნობ, რომ შენი ძირითადი ფუნქციააDდახმარება გაუწიო მამაკაცს მისი მიზნების მიღწევაში, მაგრამ ბავშვობისას სულაც არ მეგონა, რომ ქალი არასრულფასოვანი არსებაა. ეს, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ ვცხოვრობდი ონტარიოს იმ ნაწილში, სადაც უმეტესად ქალები კითხულობენ, ჰყვებიან წაკითხულის შინაარსს და ა.შ., მამაკაცები კი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან გართულნი. მათ არ აინტერესებთ ლიტერატურა. ამიტომ საკმაოდ ლაღი ვიყავი.
– ეს გარემო თქვენი შთაგონების წყარო იყო?
– არა მგონია, რომ რაიმენაირი შთაგონება მჭირდებოდა. ვფიქრობდი, რომ მოთხრობების თხზვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა ამქვეყნად. მინდოდა, ეს პროცესი დიდხანს გაგრძელებულიყო და სულაც არ მაინტერესებდა სხვა ადამიანები. მათთვის ჩემი მოთხრობების გაცნობის მოთხოვნილება არ მქონდა და მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი საინტერესო უნდა ყოფილიყო ფართო საზოგადოებისთვისაც.
– რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბის გადმოცემისას?
– რა თქმა უნდა, იმ შორეულ დროში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბედნიერი დასასრული. ტრაგიკული დასასრული, ყოველ შემთხვევაში, ჩემი პერსონაჟი ქალებისთვის, მიუღებლად მიმაჩნდა. მოგვიანებით, “ქარიშხლიანი უღელტეხილის” წაკითხვის შემდეგ, რომელსაც ძალიან, ძალიან ტრაგიკული დასასრული აქვს, წარმოდგენები შემეცვალა და ტრაგიკულისკენ გადავინაცვლე, რითაც კმაყოფილი დავრჩი.
– რატომ დაგაინტერესათ კანადის პატარა ქალაქის ცხოვრების აღწერამ?
– კარგი იქნებოდა, უბრალოდ, გენახათ ეს ქალაქი. ჩემი აზრით, ცხოვრება ყველგან საინტერესოა. საინტერესოა ნებისმიერი გარემო. გამბედაობა არ მეყოფოდა, მეცხოვრა უფრო მაღალი კულტურული დონის მქონე ქალაქში. ამას ვერ ავიტანდი. ჩემ გარდა, იქ მოთხრობებს არავინ წერდა, თუმცა მათ არავის ვუყვებოდი, და რამდენადაც ვიცი (ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში), ამქვეყნად ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც შეეძლო ეწერა და დაწერილი არავისთვის გაენდო.
– ყოველთვის გჯეროდათ თუ არა, რომ თქვენი მოწოდება ლიტერატურაა?
– დიდი ხნის განმავლობაში ასე ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც სხვა მწერლები გავიცანი, საკუთარი თავის რწმენა შემერყა. მივხვდი, რომ ეს პროფესია უფრო რთული იყო, ვიდრე მეგონა. მაგრამ ფარ-ხმალი არასოდეს დამიყრია, მუშაობას ვაგრძელებდი.
– მოთხრობაზე მუშაობის დაწყებისას სიუჟეტი ყოველთვის მოფიქრებული გაქვთ?
– დიახ, მაგრამ შემდეგ ის ხშირად იცვლება. თავდაპირველად მივყვები სიუჟეტს, შემდეგ კი ვამჩნევ, რომ ის სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდება და თვისებრივად იცვლება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად სრულიად მკაფიო წარმოდგენა უნდა მქონდეს ნაწარმოების შესახებ.
– რამდენად გატაცებული ხართ მოთხრობით, როდესაც წერას იწყებთ?
– ოჰ, უზომოდ. მაგრამ სადილიც უნდა დავამზადო ჩემი შვილებისთვის, ხომ ასეა? დიასახლისი ვიყავი. ამიტომ თავისუფალ დროს ვწერდი და ეს საქმიანობა არასოდეს შემიწყვეტია, თუმცა იყო პერიოდები, როდესაც ძალზე იმედგაცრუებული გახლდით – ვხვდებოდი, რომ ჩემი მოთხრობები არც ისე კარგი იყო, კიდევ ბევრ რამეში უნდა დავოსტატებულიყავი და ეს იყო გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე სამუშაო, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. მაგრამ ლიტერატურულ საქმიანობას მაინც ვაგრძელებდი.
– ნაწარმოებზე მუშაობის რომელი ეტაპია ყველაზე რთული?
– ვფიქრობ, ის ეტაპი, როდესაც გადაიკითხავ მოთხრობას და ხვდები, რომ უხეირო რამ დაგიწერია. პირველი ეტაპზე აღტაცებული ხარ, მეორეზე ფიქრობ, რომ ნაწარმოები საკმაოდ კარგია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაიფიქრებ, რა სისულელე დამიწერიაო, და სწორედ ამ დროს უნდა მოჰკიდო ხელი მასზე მუშაობას. ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ მოთხრობა არ ვარგა, და არა – თვით მოთხრობას.
– როგორ მიმდინარეობს ნაწარმოების გადაკეთების პროცესი?
– ძალიან მძიმე სამუშაოა. ახლავე აგიხსნით. შესაძლოა თქვენს პერსონაჟებს არ მიეცით სრული თვითგამოვლენის შესაძლებლობა. ეს ხარვეზი უნდა გამოასწოროთ ან ახალი პერსონაჟები შემოიყვანოთ (ისიც უნდა ვთქვა, რომ თავდაპირველად ფერადოვანი და მაღალფარდოვანი ენით ვწერდი, მაგრამ შემდეგ უფრო სადა სტილი ვარჩიე); უბრალოდ, ბევრი უნდა იფიქროთ და ჩასწვდეთ მოთხრობის ფარულ დედააზრს, რომელიც, როგორც ჩანს, თავდაპირველად სრულად არ გქონდათ გაცნობიერებული. ამგვარი მუშაობის პროცესში ძალზე ბევრ რაიმეს სწავლობთ.
– რამდენი მოთხრობა გადაყარეთ სანაგვეში?
– ჰმ, ახალგაზრდობისას ყველას ვყრიდი, ბოლო წლებში კი ამას უფრო იშვიათად ვაკეთებ. ძირითადად, ვიცი, როგორ უნდა “გავაცოცხლო” პერსონაჟები. ხოლო როდესაც საკუთარ ნაწერებში მაინც ვპოულობ ხარვეზებს, უბრალოდ, ვივიწყებ მათ შესახებ.
– გინანიათ, რომ მოთხრობა გადააგდეთ?
– არა, რადგან ამ ეტაპზე უაღრესად გაბეზრებული ვარ ხოლმე მასზე მუშაობით, მით უმეტეს, თუ თავიდანვე ვიცოდი, რომ არ ვარგოდა. მაგრამ, როგორც გითხარით, ეს ხშირად როდი ხდება.
– როგორ აისახა თქვენი პიროვნული განვითარება თქვენსავე შემოქმედებაზე?
– ოჰ, უჩვეულო არაფერი მომხდარა. თავდაპირველად ვწერდი მშვენიერ ახალგაზრდა პრინცესებზე, შემდეგ – დიასახლისებსა და ბავშვებზე, მოგვიანებით კი – ხანდაზმულ ქალებზე. და ეს პროცესი გრძელდება, ჩემი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. უბრალოდ, იცვლება სამყაროს ჩემეული აღქმა.
– ალბათ, სანიმუშო პიროვნება ბრძანდებით სხვა ქალი-მწერლებისთვის იმით, რომ თქვენ – დიასახლისი – ერთმანეთს უთავსებთ საოჯახო საქმეებსა და შემოქმედებას.
– ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ასეა. ახალგაზრდობისას სხვა ქალი-მწერლების არსებობა ჩემთვის მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენდა, მაგრამ სანიმუშო ვარ თუ არა სხვებისთვის, არ ვიცი. ვფიქრობ, ქალებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ და სჯობს მნიშვნელოვან საქმიანობაში ჩაერთვნენ, ვიდრე, უბრალოდ, თავი შეიქციონ სხვადასხვაგვარი თამაშებით, როდესაც შინ მარტონი რჩებიან. კერძოდ, სერიოზულად მოეკიდონ შემოქმედებით მუშაობას, ისე, როგორც ამას მამაკაცები სჩადიან.
– თქვენი აზრით, რა ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, განსაკუთრებით კი – ქალებზე, თქვენი მოთხრობების კითხვა?
– მინდა, რომ ჩემმა მოთხრობებმა ააღელვოს ნებისმიერი მკითხველი, სულ ერთია, ქალი იქნება ის, მამაკაცი თუ ბავშვი. რომ ჩემი მოთხრობები იყოს ცხოვრებისეული, დამაჯერებელი. რომ მკითხველებს სიხარული მივანიჭო. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ნაწარმოებებს ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონდეს. უბრალოდ, მათ სულიერად უნდა გაამდიდრონ და გადაახალისონ ადამიანები.
– რას ფიქრობთ საკუთარი თავის შესახებ? რას ნიშნავს თქვენთვის ეს თვითგამოხატვა?
– სოფლად გავიზარდე, ძირითადად, შოტლანდიელთა და ირლანდიელთა გარემოცვაში. მათი შეხედულებით, სხვებისგან არ უნდა გამოირჩეოდე, არ უნდა გეგონოს, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ. იქ ხშირად გაიგონებდი: “შენ რა, გგონია, სხვებზე ჭკვიანი ხარ?” ლიტერატურული საქმიანობა კი სწორედ იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი თავი ჭკვიანი გეგონა. მაგრამ მე, უბრალოდ, ექსცენტრიკულ ადამიანად მივაჩნდი მათ.
– უწინ ფემინისტი ხომ არ იყავით?
– ვერაფერს ვიტყვი “ფემინიზმის” შესახებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფემინისტი ვიყავი, იმ გაგებით, რადგან იქ, სადაც გავიზარდე, ქალებს უფრო ადვილად პატიობდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ვიდრე – მამაკაცებს. მამაკაცები მხოლოდ გამოჩენილი მწერლები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ზოგადად კი, ლიტერატურული საქმიანობა მამაკაცისთვის შეუფერებელ პროფესიად მიაჩნდათ. დიახ, ასე იყო ჩემს ახალგაზრდობაში, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა.
– სხვაგვარი ხომ არ იქნებოდა თქვენი შემოქმედება, უნივერსიტეტში სწავლა რომ დაგესრულებინათ?
– შესაძლოა, მართლაც ასე ყოფილიყო. შესაძლოა, გაცილებით უფრო გაუბედავი ვყოფილიყავი და გაცილებით უფრო მშინებოდა სამწერლო მოღვაწეობისა, რადგან უფრო მეტი ცოდნა მექნებოდა ადამიანების შესახებ. შესაძლოა, მეფიქრა, რომ თავს ვერ გავართმევდი ამ საქმეს, თუმცა, არა მგონია, ასე მომხდარიყო. შესაძლოა, ხანმოკლე სულიერი კრიზისი განმეცადა, მაგრამ იმხანად ისე მოწყურებული ვიყავი წერას, რომ მაინც გავაგრძელებდი ჩემს ლიტერატურულ შემოქმედებას ან, ყოველ შემთხვევაში, ვეცდებოდი მაინც.
– ეჭვი შეგპარვიათ თუ არა საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებში?
– გამუდმებით, გამუდმებით! გაცილებით მეტი ხელნაწერი მაქვს გადაყრილი, ვიდრე გამიგზავნია ან დამისრულებია. ასე გრძელდებოდა, სანამ ოცდაათისა არ შევსრულდი. მაგრამ ამის შემდეგაც დიდხანს ვცდილობდი საკუთარი შემოქმედებითი ხელწერის გამომუშავებას. ასე რომ, ნურავის ეგონება, რომ ეს იოლი საქმეა.
– რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში დედათქვენმა?
– რთული დამოკიდებულება მქონდა დედის მიმართ, რადგან მას პარკინსონის დაავადება აწუხებდა, მოვლა სჭირდებოდა, მეტყველება უჭირდა, და, ამასთან, გულღია და ადამიანების მოყვარული პიროვნება იყო. სურდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიეღო, ეს კი, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახლდათ. ამდენად, მის გამო შებოჭილი ვიყავი. მიყვარდა დედა, მაგრამ მისი ზეგავლენისგან გათავისუფლებასაც ვცდილობდი. არ მსურდა, ისეთი ურთიერთობა მქონოდა ადამიანებთან, როგორსაც დედაჩემი მკარნახობდა. ასეთსავე გრძნობებს განიცდის ნებისმიერი ახალგაზრდა მშობლის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი ხეიბარია. საჭიროა დრო, რათა ადამიანი მთლიანად გათავისუფლდეს ამგვარი ზეგავლენისგან.
– იყო თუ არა დედათქვენი თქვენი შთაგონების წყარო?
– ვფიქრობ, რომ იყო, მაგრამ ეს არ შემიმჩნევია და არ გამიცნობიერებია. რაც მახსოვს, მოთხრობებს ყოველთვის ვთხზავდი. არ ვიწერდი, მაგრამ არც ვუყვებოდი მათ არავის, მათ შორის – დედაჩემს. დედაც და მამაც წიგნის მოყვარული ადამიანები გახლდნენ… დედაჩემისთვის, ალბათ, სასიამოვნო უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ მწერლობა მინდოდა, მაგრამ, ზოგადად, ჩემს გარემომცველ ადამიანებს ვუმალავდი საკუთარ მიზნებს: მათ შესაძლოა, ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნოდათ, რადგან არაფერს კითხულობდნენ და უკიდურესი პრაქტიციზმით გამოირჩეოდნენ. ამიტომ ჩემი წარმოდგენა ცხოვრების შესახებ არ უნდა გამემჟღავნებინა ახლობლებისთვის.
– ძნელია თუ არა ამბის გადმოცემა ქალის თვალსაზრისით?
– არა, სულაც არა, რადგან ქალი ვარ და ისე ვაზროვნებ, როგორც ქალს შეეფერება. იქ, სადაც გავიზარდე, წიგნებს მხოლოდ ქალები კითხულობდნენ; განათლებულ ადამიანთა უმრავლესობას ქალები – მაგალითად, მასწავლებლები – შეადგენდნენ. და ლიტერატურა გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იყო ქალებისათვის, ვიდრე მამაკაცებისთვის, რომლებიც ფერმერები გახლდნენ ან ამ ტიპის სხვა სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი.
– თქვენი ოჯახი მუშათა კლასს მიეკუთვნებოდა?
– დიახ.
– და შემოქმედებითი საქმიანობა იქ დაიწყეთ?
– დიახ. ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემი ოჯახი მუშათა კლასს მიეკუთვნებოდა. ვაკვირდებოდი გარემოს, სადაც ვცხოვრობდი და ვწერდი მის შესახებ.
– მისაღებია თუ არა თქვენთვის ის ფაქტი, რომ ლიტერატურულ შემოქმედებას მხოლოდ განსაზღვრული დრო უნდა დაუთმოთ, დღის სხვა მონაკვეთებში კი ბავშვებზე უნდა იზრუნოთ და სადილები ამზადოთ?
– ვწერდი ყოველთვის, როდესაც ამის საშუალება მქონდა. ჩემი პირველი მეუღლე ძალიან მიწყობდა ხელს. შემოქმედებით საქმიანობას დიდ პატივს სცემდა. არ ფიქრობდა, რომ ეს ქალის საქმე არ იყო, თუმცა ასე ფიქრობს მრავალი მამაკაცი, რომლებიც შემდგომ გავიცანი. მას სურდა, რომ მეწერა და არასოდეს ღიზიანდებოდა ამის გამო.
წიგნის მაღაზიაში
– როდესაც წიგნის მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ, ყველა ფიქრობდა, რომ ჭკუიდან შევიშალეთ და გავკოტრდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალიან ბევრს ვმუშაობდით.
– რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა წიგნის მაღაზიამ თქვენთვის?
– ეს იყო ჩვენი საარსებო წყარო. ეს იყო ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა. არავითარი სხვა შემოსავალი არ გვქონია. პირველ დღეს, როდესაც მაღაზია გაიხსნა, გამოვიმუშავეთ 175 დოლარი – რაც, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანი თანხა იყო. – დიახ, რადგან მან დიდხანს გაგვაძლებინა.
დახლს უკან ვიჯექი ხოლმე, კლიენტებს წიგნებს ვთავაზობდი და, საერთოდ, ყველა აუცილებელ მოვალეობას ვასრულებდი. უამრავი ადამიანი შემოდიოდა მაღაზიაში და მესაუბრებოდა წიგნების შესახებ. აუცილებელი არ იყო, რაიმე ეყიდათ, ეს იყო, უბრალოდ, ადგილი, სადაც ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ყოველ საღამოს მოდიოდნენ და მესაუბრებოდნენ სხვადასხვა თემაზე. ეს შესანიშნავი იყო, ძალიან მსიამოვნებდა. მანამდე დიასახლისი ვიყავი, მთელ დროს შინ ვატარებდი, ვწერდი კიდეც, მაგრამ ახლა შესაძლებლობა მომეცა, გავსულიყავი სამყაროში. ვფიქრობ, არც ისე ბევრი ფული ვიშოვეთ, ალბათ, უფრო იმის გამო, რომ დროს ადამიანებთან საუბრებში ვატარებდი, ნაცვლად იმისა, რომ წიგნებით მევაჭრა. მაგრამ ეს იყო არაჩვეულებრივი, საუკეთესო დრო ჩემს ცხოვრებაში.
– გსურთ თუ არა, რომ თქვენმა წიგნებმა წაახალისონ ახალგაზრდა ქალები და უბიძგონ შემოქმედებითი მუშაობისკენ?
– ჩემთვის ეს არაა მთავარი. უფრო არსებითია, ჩემმა წიგნებმა მათ სიამოვნება მიანიჭონ, მკითხველების წახალისება კი ჩემი მიზანი სულაც არაა. მსურს, ჩემმა ნაწარმოებებმა დააფიქრონ ისინი საკუთარ ცხოვრებაზე. მაგრამ ესეც არაა მთავარი. ყველაზე არსებითია, რომ პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არა მაქვს.
– სამაგიეროდ, კულტურასთან გაქვთ.
– ალბათ. დარწმუნებული არა ვარ, რას ნიშნავს ეს, მაგრამ, ალბათ, მაქვს.
– მგონი, იოლად უყურებთ ყველაფერს?
– მე? დიახ, ასეა.
– სადღაც წავიკითხე, რომ მოვლენების მარტივად ახსნას ცდილობთ.
– ასეა, მაგრამ არასოდეს მომინდომებია მოვლენების მარტივად ახსნა. უბრალოდ, ასე ვწერ. ჩემთვის ეს წერის ბუნებრივი მანერაა, მაგრამ წინასწარგანზრახულ ხერხს სულაც არ წარმოადგენს.
– იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც წერა არ შეგეძლოთ?
– რა თქმა უნდა. დაახლოებით ერთი წლის წინ შევწყვიტე წერა. ეს შეგნებული გადაწყვეტილების შედეგად მოხდა. მსურდა ისე მეცხოვრა, როგორც სხვა ადამიანები ცხოვრობენ, რადგან ლიტერატურულმა შემოქმედებამ – ლიტერატურის იდუმალ სამყაროში საკუთარი მხატვრული გზებისა და თემების ძიებამ, ერთგვარად, გამმიჯნა სხვა ადამიანებისგან, რომელთაც ვერ ვუხსნიდი ჩემს პრობლემებს, და, ამასთან, რეალურ სამყაროშიც უნდა მეცხოვრა და ჩემი მოვალეობები შემესრულებინა. ყოველივე ამან ძალზე დამღალა, რადგან ასე ვიქცეოდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გარდა ამისა, როდესაც გავიცანი უფრო აკადემიური ტიპის მწერლები, რამდენადმე შევშფოთდი – ვიცოდი, რომ მათნაირად წერა არ შემეძლო, ამის უნარი არ მაქვს.
– ალბათ, თხრობის განსხვავებულ ხერხს გულისხმობთ?
– დიახ. თხრობის ჩემეული სტილი შეგნებულად როდი გამომიმუშავებია. თუმცა, არა, ვცდები. რა თქმა უნდა, შეგნებულად ვწერდი იმ მანერით, რომელიც უფრო იოლი და სასიამოვნო იყო ჩემთვის, ვიდრე – გარკვეული იდეით ნაკარნახევი სტილი.
– ოდესმე გიფიქრიათ, რომ ნობელის პრემიას მიიღებდით?
– ო, არა, არასოდეს! მე ხომ ქალი ვიყავი! თუმცა, რამდენადაც ვიცი, ნობელის პრემიით რამდენიმე ქალიც დააჯილდოვეს. მსიამოვნებს, როდესაც მაფასებენ, მაგრამ ნობელის პრემიაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან მწერალთა უმრავლესობა ვერ ამჩნევს საკუთარი თხზულებების Fღირსებებს, განსაკუთრებით – მათზე მუშაობის დამთავრების შემდეგ. მეგობრებსაც ვერ გავანდობდი, რომ ნობელის პრემიის მიღებაზე ვოცნებობდი.
– იხსენებთ თუ არა წარსულს? კითხულობთ თქვენს ძველ წიგნებს?
– არა! არა! ამის არავითარი სურვილი არა მაქვს. აუცილებლად მოვინდომებდი, გადამეკეთებინა ბევრი რამ. უწინ კარადიდან ვიღებდი ჩემს წიგნებს და რაღაცებს ვასწორებდი მათში, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ამ ცვლილებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს – უკვე ვეღარაფერს გამოვასწორებ.
– რას ეტყოდით სტოკჰოლმელებს?
– მინდა ვუთხრა, რომ მადლობელი ვარ ამ უდიდესი პატივისთვის, რომ არაფერი, არაფერი მომანიჭებდა ამქვეყნად უფრო დიდ ბედნიერებას! გმადლობთ!
© Sveriges Utbildningsradio AB & Sveriges Television AB 2013
© “არილი”