გიორგი ლობჟანიძე – პოეზიის თავშესაფარი პიროვნებად შემდგარი ადამიანების გულებშია.
– გიორგი, ის ადამიანი ხარ, რომელიც ადრეულ ასაკში გაიცნო მკითხველმა თავისი ძალიან საინტერესო ლექსებით. ვუნდერკინდი ბავშვების ბედი, საერთოდ რთულია. შენ თავად როგორ შეაფასებდი იმ პერიოდს და შემდგომ შემოქმედებით ეტაპებს?
– მართალი ხარ, ნაადრევად მოსული წარმატება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ბავშვისათვის, რომელიც რაღაც ნიჭით, ვთქვათ, ლიტერატურული უნარითაა დაჯილდოებული. მით უფრო, იმხანად, როცა ჩემი ლექსები დაიბეჭდა, ამ ყველაფერს ისეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა, იმდენი წერილი მივიღე საქათველოს სხვადასხვა კუთხიდან და დღევანდელ ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე “მაფანატებდა” უამრავი ჩემი თანატოლი, რომ კიდევ კარგი, ვითარებას სერიოზულად არ აღვიქვამდი, თორემ უსათუოდ ფიზიკურად დავიღუპებოდი. დღემდე ძალიან მადლობელი ვარ პაატა ნაცვლიშვილისა, ვინც დამინახა, გამომარჩია და მაშინდელ “ახალგაზრდა კომუნისტში” მთელი გვერდი ლექსებიც დამიბეჭდა. პაატა მაშინ მე თვითონ მოვძებნე, ჩემი თავიცა და ლექსებიც თავს თვითონ მოვახვიე და რაღაც ეტაპზე იმ პუბლიკაციების გამო ძალიანაც ბედნიერი ვიყავი. თუმცა, დღეს რომ ახლიდან ვიწყებდე ცხოვებას, იმავეს არავითარ შემთხვევაში აღარ ჩავიდენდი. 13 წლისა ლექსებს აღარაფრით აღარ დავბეჭდავდი, რადგან ამ პუბლიკაციის მერე რაც დაიწყო, იმის გაძლება დღესაც ძალიან გამიჭირდებოდა და მაშინ ხომ თითქმის მთელი ჩემი სულიერი ძალები ამ უაზრო ვითარებასთან გამკლავებას შეეწირა. ერთი მხრივ, როგორც გითხარით, მომდიოდა უამრავი წერილი. ამ წერილების უკან რეალური ადამიანები იდგნენ, თავიანთი გასაჭირითა და პრობლემებით: მწერდნენ ციხიდან, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, საბავშვო სახლებიდან, მთხოვდნენ რჩევას, ფიზიკურ თუ მორალურ თანადგომას. რახან ჩემი ასაკისათვის შეუფერებლად ჭკვიანურ ლექსებს ვწერდი, ყველამ რატომღაც ყოვლისშემძლედ წარმომიდგინა. მე კი ჩემი გამჭირვებოდა. შინაგანად ისედაც ძალიან დაუცველი ვიყავი და ამას ცოტა ხანში თან უდიდესი ტრაგედიაც დაერთო, რაც კი შეიძლება ცამეტი წლის ბიჭს დაემართოს: ერთი წლის განმავლობაში ჯერ მამა გარდამეცვალა და მერე დედა. დავრჩი მარტო და უცებ მივხვდი, რომ ამ სიმარტოვეში მხოლოდ პოეზია თუ გადამარჩენდა. ახლა ეგებ პათეტიკურად გეჩვენებათ, რასაც ვამბობ, მაგრამ მაშინ პათეტიკისთვის ნამდვილად არ მცხელოდა. თანაც პოეზიაში, მაშინ ყველაფერს ვგულისხმობდი, რაც კი სიფაქიზეს, შინაგან სინამდვილეს უკავშირდებოდა. იმხანად ჩემი ლიტერატურისადმი დამოკიდებულება ლამის სარწმუნოებრივ ფანატიზმს გაუტოლდა. ეს – ჩემში რაც ხდებოდა. გარედან კი უამრავი რამ მეჭრებოდა: სასკოლო და სარაიონო ღონისძიებები, რომლებზე ლექსით გამოსვლაც ხშირად მიხდებოდა. იმდენად მორიდებული ვიყავი, რომ უარს ვერავის ვეუბნებოდი და ამიტომ ძალიან ბევრ ასეთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. თუმცა, ალბათ, ერთი მხრივ, კარგია, რომ ეს ეტაპი ბავშვობაშივე გავიარე. იმიტომ, რომ დღეს უკვე საკუთარი თავისა და შემოქმედების ასეთი იაფფასიანი პრეზენტირების სურვილი ვეღარაფრით ამიყოლიებს. მე ვიცი, რა ფუყეა ხმამაღლა წაკითხული ლექსისათვის დაკრული ტაში, რა უცებ მოდის ასეთი წარმატება და სამაგიეროდ, რამდენი უნდა იშრომო ნამდვილად ფასეული წარმატებისათვის. ღმერთმა დამიფარა, რომ ბავშვობაში მოსულმა პოპულარობამ ხანძარივით არ გადამიარა და ჩემს ადგილას შავად გადღაბნილი ლაქა არ დატოვა.
– მართლაც ასეთია ქართველი მკითხველი? თუ ეს მხოლოდ იმ წლებში იყო ასეთი აქტიური?. საერთოდ როგორია ის? უფრო კომპეტენტური… თუ ფეხის ხმას აყოლილი?
– ძალიან გამიჭირდება ქართველ მკითხველზე ასე ზოგადად ლაპარაკი. ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა. იმ წლებში ვფიქრობ, ხალხი უფრო სერიოზულად კითხულობდა და სააზროვნო სივრცეც უფრო არსებობდა. საერთოდ, ტოტალიტარული სისტემების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, როგორც ჩანს, წიგნის კითხვის მოთხოვნილება და სიყვარულია. მაშინ ლამის ერთადერთი სარკმელი, სულიერი ცხოვრებისაკენ გამოღებული, წიგნი და ლიტერატურა იყო. მეორე საკითხია: მაშინაც ბევრს შეეძლო თუ არა, დამოუკიდებლად გაეკეთებია დასკვნა წაკითხულის შესახებ. ამ გადასახედიდან რომ ვაფასებ, საქართველოში მუდმივად ასე ხდებოდა: ვიღაცას ამოიჩემებდნენ და ყველას ის ამოჩემებული პოეტი თუ მწერალი უყვარდა. მის გვერდით კი ძალზე ნიჭიერი და შეიძლება ასგზის უკეთესი მწერლები შეუმჩნევლები და დაუფასებელნი რჩებოდნენ. არსებითად, კაცმა არ იცის, იმ “შემჩნეულსაც” რაში სჭირდებოდა ასეთი დაფასება: საყოველთაო სიყვარული, რომელსაც ფესვი არცოდნაში, წამხედურობასა და სნობიზმში გაედგა. უბრალოდ, მაშინ საქმეს ის შველოდა, რომ შემფასებლები, ვის სიტყვასაც ხალხი ენდობოდა და ანგარიშს უწევდა, მართლაც გემოვნებიანნი და თავისი საქმის მცოდნე ლიტერატორები იყვნენ, რომელთაც მთელი მსოფლიოს სამწერლობო პროცესები ხელისგულზე ედოთ და, შესაბამისად, არც სიახლის შემჩნევა, გაანალიზება და სხვებისათვის ჩვენება უჭირდათ. მაგალითად, მაშინ ასეთი გზამკვლევები, მაღალი ლიტერატურული მოდის კანონმდებლები, ვთქვათ, აკაკი ბაქრაძე ანდა გურამ ასათიანი ბრძანდებოდნენ. შედარებით უმცროსი თაობიდანაც თეიმურაზ დოიაშვილი და ლევან ბრეგაძე. ეს ისე, მაგალითისათვის, უცებ ვინც გამახსენდა. ახლა კი მონასტერი აირია. ლიტერატრულ ანალიზს, ნაწარმოების ავ-კარგზე მსჯელობას, რაც ისედაც იშვიათად შეგხვდებოდათ, ბოლო ხანს თითქმის მთლიანად ჩაენაცვლა პიარი. და მკითხველიც, თვალსა და ხელს შუა მაყურებლად რომ გარდაიქმნა, იმ მწერალს იწონებს, ვისაც ტელევზორში უფრო ხშირად ხედავს და წიგნის წაკითხვა სულაც აღარ არის საჭირო, რაკიღა ტელევზორში ხედავს, ესე იგი, კარგი მწერალია…
– პოეტი გიორგი ლობჟანიძე და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე. როგორ ცხოვრობს ეს ორი ადამიანი ერთად და როგორ ახერხებ ამ ორი რთული საქმის შეთავსებას..
– ძალიან ძნელია ამ ორი ადამიანის თანარსებობა და მათ შორის ისეთი სიღრმისეული კონფლიქტია, როგორიც შეიძლება მხოლოდ სიამის ტყუპებს შორის ჩამოვარდეს. თარგმნა თავიდან შემოქმედებითი კრიზისის პერიოდში დავიწყე, როცა საკუთარს ვეღარაფერს ვწერდი და ვიფიქრე, თარგმანი დამეხმარება, “ფორმიდან სულ რომ არ ამოვვარდე-მეთქი.” მერე ამ საქმემ ისე გამიტაცა, რომ რაღაც მომენტში სულერთი გახდა, ჩემს სათქმელს რა ფორმით ვიტყოდი: თარგმანის თუ ორიგინალური შემოქმედების მეშვეობით. ხშირად სათარგმნი მასალა და ავტორი, რომელსაც სამუშაოდ ვირჩევ, მხოლოდ საბაბია საკუთარი დამოკიდებულებებისა და ნააზრევის გადმოსაცემად. თუმცა არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს: ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩემეულს ვწერ და თარგმანად ვასაღებ. პირიქით, რასაც დღემდე სხვებთანაც ვერ ვეგუები, დედანთან არაპატიოსანი დამოკიდებულებაა. აქ ტრივიალურ შეცდომებს არ ვგულისხმობ, რაც ყველას ემართება. მე მძაგს ვითარება, როცა მთარგმნელი გატყუებს, რომ რასაც წერს, დედანში სიტყვა სიტყვით ამოიკითხა. და რაც მთავარია, ამ ტყუილს კანით ვგრძნობ. იმ ენებიდან, ვთქვათ, ჩინურიდან თარგმნილი ნაწერების შემთხვევაშიც კი, ორი ღერი სიტყვაც რომ არ მესმის. თარგმანი საერთოდ ადამიანის პატიოსნების ხარისხს საუკეთესოდ ააშკარავებს. მოგეხსენებათ, ისეთი ენებიდან ვთარგმნი, საქართველში კი არა, მსოფლიოშიც რომ ბევრმა არ იცის. შესაბამისად, შემეძლო ამ მართლაც დიდებული პოეტების განწყობილებები ხელაღებით გადმომეტანა და საკუთარ შემოქმედებით ძიებებად გამესაღებინა, მაგრამ ასეთი რამ ფიქრადაც კი არასდროს გამივლია. ეს ხომ იმაზე საშინელი ქურდობაა, ვიდრე რაღაც ნივთების მოპარვა. არადა, ჩემ ირგვლივ იმდენი მოკალმე დაემსგავსა საეჭვოდ უცხოელ პოეტებს, რომ ბევრი მათგანი თავისივე თარგმანის ნაბიჭვარი გეგონება.
წინასწარ ვიცი, ბოლო წინადადება რა აურზაურსაც გამოიწვევს, ამიტომ შემეძლო დამეკონკრეტებია, ამ სიტყვებში რომელი პოეტი არ იგულისხმება, თუმცა არ ღირს. აქ არაიმდენად რომელიმე კონკრეტული ადრესატი, არამედ ზოგადი ტენდენციაა მნიშვნელოვანი, ამიტომაც ჩემი ძვირფსი კოლეგები მაინცდამაინც ნათქვამში საკუთარი თავის აღმოჩენას ნუ დაიწყებენ.
ჩემთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ მე პირიქით მიმივიდა: ყველაფერი, რაც შემეძლო თვითონ დამეწერა, ქართლური ახირებით, ნებითა თუ შემოქმედებითი ბედისწერის ძალით, თარგმანებს მივეცი. ვერ აგიხსნით, რა გრძნობაა, როცა, ვთქვათ, რომელიმე იუზერი ზოგჯერ შენ მიერ თარგმნილ მასალას დაიმოწმებს და იქვე კეკლუცად დასძენს: “როგორც ფორუყი ამბობს”, ან: “რა კარგად თქვა ესა და ეს ხალილ ჯიბრანმაო”. ხოლო მთარგმნელის მითითება ავიწყდება კი არა და, უბრალოდ, აუცილებლადაც არ თვლის.
ერთი სიტყვით, მგონი, ჩემი პასუხიდან ის მაინც არის ცხადი, რომ მთარგმნელსა და პოეტ გიორგი ლობჟანიძეებს თუ ლობჟანიძე გიორგიებს ერთმანეთთან ძალიან რთული, წინააღმდეგობრივი, ვნებიანი შეყვარებულებივით ეჭვიანი ურთიერთობები აკავშირებთ.
– აღმოსავლეთი – პოეტისთვის მას ალბათ განსაკუთრებული ხიბლი აქვს. მახსოვს, ერთგან წერდი, რომ იქ საუბრის დროსაც საოცრად პოეტურები არიანო. ჩვენს საუკუნეში რამდენად ბუნებრივია ეს და კიდევ დიდხანს შეეძლება აღმოსავლეთს ამ ერთგვარი რომანტიზმის შენარჩუნება?..
– აღმოსავლეთი ჩემთვის, სამწუხაროდ, დიდი ხანია გაძარცვულია იმ რომანტიზმისაგან, რაც შორიდან მაცქერალ ადამიანს იქ ეჩვენება და თავისკენ იზიდავს. თავის დროზე ამ პოეტურობამ, ყოფითმა მისტიციზმმა თუ ყოფის მისტიკურობამ თავის შიგნით ისე ჩამიკირა, როგორც მწერი ქარვის თვალმა.
ირანში რომ ჩავედი, ჩემი ერთ-ერთი პირველი გაოცება ცის სიახლოვემ გამოიწვია. იქაურ უდაბნოში ცა საოცარი ფერისაა და საოცრად დაბლაა. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ მოინდომო, ხელითაც შესწვდები. ან კიდევ ერთი ნაბიჯი და მიწიერ ზღურბლს თავისუფლად გადააბიჯებ. აღმოსავლეთი სწორედ ამ ერთი ნაბიჯის კიდეზე ცახცახებს: ცახცახის აქეთ რეალურია, იქით – ირეალური. ეგვიპტეში ექსკურსიაზე წაგვიყვანეს კაიროდან შარმ ელ-შეიხში, გზად უდაბნოზე უნდა გაგვევლო. ავტობუსიდან უცებ შუაგულ უდაბნოში გამწვანებულ ბაღს ვკიდეთ თვალი. გაოცებისაგან ყველანი ფანჯრის მინებს ავეკარით, არაბი გამყოლი კი შორიდან გვაკვირდებოდა და იღიმოდა. ცოტა ხანში კი აგვიხსნა, რომ თურმე იქ არავითარი ბაღი არ ყოფილა და მირაჟი დაგვინახავს. მეცნიერულად როგორც არ უნდა აიხსნას ეს მოვლენა, ამის შემდეგ ვეღარავინ დამაჯერებს, რომ ის ქვეყანა არ არსებობს და სადღაც, ხელის გაწვდენაზე არ არის. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან მხედველობა რამდენიმე განზომილების პროეცირებაზე გვაქვს მომართული.
ეს რელიგიური ადამიანის განცდები იყო. მალე კი თანამედროვე კაცის ჩვეული სკეფსისი მომეძალა და გავიფიქრე: ვინ იცის, ეგებ ეს ქვეყანაც ისევე არ არსებობს, როგორც ის მირაჟი, ავტობუსიდან რომ დავინახეთ. არსებითად ხომ ამ ქვეყანასაც ზუსტად ასე ვხედავთ: წამიერად, თითქოს გაქანებული ავტობუსის ფანჯრიდან მოვკარით თვალი.
– ვიმ ვენდერსმა თქვა კინო ევროპაში დაიბადა და ირანში განაგრძობს სიცოცხლესო (ამ შემთხვევაში ირანელ რეჟისორს და პოეტს აბას ქიაროსთამს გულისხმობდა) პოეზიის თავშესაფარიც უფრო იქით ხომ არ გეგულება?
– ამ შეკითხვის პასუხიც ვგონებ, ზემოთქმულს ბუნებრივად გააგრძელებს. აღმოსავლური კინემატოგრაფის არნახული წარმატება სწორედ ხედვის, როგორც სამყაროს ფილოსოფიურ-პოეტური აღქმის თავისებურებებს უკავშირდება. ამ შემთხვევაშიც აღმოსავლეთმა დასავლური ტექნოკრატიული ცივილიზაციის პროდუქტი – კინოკამერა მარჯვედ გამოიყენა თავისი ბუნებრივი, ღვთით ბოძებული ნიჭის – ხედვის დასაფიქსირებლად. აღმოსავლურმა აზროვნებამ კინოკამერას იმედნად მინიმალური ფუნქცია მიანიჭა, რომ მისი არსებობა ზედმეტი და ზოგჯერ აუტანელიც კი გახადა. ამდენად, ჩემთვის იგივე აბას ქიაროსთამი უპირველსად პოეტია და მერე რეჟისორი. რაც შეეხება “პოეზიის თავშესაფარს”, მე ის კარგა ხანია მიწიერ განზომილებებში აღარ მეგულება, რადგან ერთი დიდი მოაზროვნის სიტყვებით რომ ვთქვათ, “დღეს აღარც დასავლეთია დასავლეთი და არც აღმოსავლეთი აღმოსავლეთი.” პოეზიის თავშესაფარი პიროვნებად შემდგარი ადამიანების გულებშია. ასეთები კი, სამწუხაროდ, უკვე მაშრიყშიც და მაღრიბშიც ძალიან ცოტანი არიან.
– ყურანი – მისი თარგმნის გადაწყვეტილება უკვე გმირობა იყო. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რამდენად რთული იყო მუშაობის პროცესი და რა მოგიტანა ამ წიგნმა წარმატებასთან ერთად.
– თარგმნის გადაწყვეტილება არ ვიცი, რამდენად გმირული იყო, რადგან პრაქტიკულად, ეს ყველაფერი თავიდან ჩემთვის, საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად წამოვიწყე. აი, გამოქვეყნებას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში კი მართლაც შემიძლია მივიღო თქვენი კომპლიმენტი.
თარგმანის გადაწყვეტილება, სპონტანურად, შეიძლება ითქვას, გაუცნობიერებლადაც კი მივიღე. მესამე კურსზე ქალბატონი თინა მარგველაშვილი გვიკითხვდა სპეცკურსს “ყურანის არაბული” და იმედნად მივიხიბლე მუსლიმთა საღვთო წიგნის სტილური და მხატვრული თავისებურებებით, რომ თამაშ-თამაშით მისი ქართულად თარგმნა წამოვიწყე. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ბავშვური გატაცება ჩემი ცხოვრების უმთავრესი საქმე გახდებოდა და ამდენ წელიწადს მიმიჯაჭვავდა.
მუშაობის პროცესი ურთულესიც იყო და ძალიან დაძაბულიც. სირთულეს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ განაპირობებდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაზე რთული მაინც სტილური ადეკვატის მოძებნა გახლდათ, იმ მხატვრული საშუალებების მოძიება, რამაც ქართული თარგმანის სტილისტიკა განსაზღვრა.
სულიერ პლანში ყურანის თარგმანის დასრულება მართლაც იყო ძალიან დიდი წარმატება, რომელმაც უდიდესი სიხარული და შვება მომიტანა, მაგრამ თავს იმდენად დიდი შური, ბოღმა და ისეთი აგრესიული ფორმით გამჟღავნებული ბოროტებაც დამატეხა, რომ თვით უახლოესი ადამიანებიც კი სულ სხვანაირად წარმომიჩინა და დამანახვა. დაიწყეს ათასგვარი მითქმა-მოთქმა, თარგმანის მერკანტილური და იდეოლოგიური მოტივების ძიება, ტექსტში კირკიტი და იქ შეცდომების, ანდა უნებლიე გადაცდენების აღმოჩენა. მადლობა ღმერთს, იმის ძალა რომ მომცა, ამ ყველაფრისთვის მშვიდად და აუმღვრევლად შემეხედა.
მეშურნეთათვის ერთი პასუხი მაქვს: ჰა, ბურთი და ჰა მოედანი, მიბრძანდნენ და თუ ჩემი თარგმანი არ მოსწონთ, უკეთესი თვითონ გააკეთონ! ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ არც თარგმნისას და არც ურთიერთობისას არაფერი შეეშლება, წიწილები მოგვიანებით, “შემოდგომაზე” დაითვალოს.
ყოველ შემთხვევაში ერთი რამით მაინც მინდა დავამშვიდო ჩემი გაავებული მოშურნენი: მერწმუნეთ, ყურანის თარგმნას მატერიალური თვალსაზრისით არაფერი მოაქვს. ისევ საცოდავ ქოხში ვცხოვრობ, ჭერიდან წვიმა ჩამოგვდის და შინ სამუშაო კუთხეც არ გამაჩნია.
– შენი აზრით, როგორია თანამედროვე ლიტერატურული პროცესები? რა ხდება? ან ხდება კი რამე საერთოდ?
– ძალიან საინტერესო ლიტერატურული პროცესები მიდის ჩვენში და მათი შედეგები ხვალ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. საერთოდ, მეჩვენება, რომ ქართული ლიტერატურა განახლების თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. გამოჩნდა ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მწერალი, გამოიკვეთა უამრავი ღირებული პოზიცია. ხვალ კიდევ უფრო საინტერესო ვითარება გველის, რადგან უცხო ენებთან და კულტურებთან სიღრმისეულმა ზიარებამ ჩვენს თანამედროვე მწერლებს საკუთარი შემოქმედებისა და მსოფლიო ლიტერატურული პროდუქციის შედარების საშუალება უნდა მისცეს და ეს უეჭველად საბოლოო შედეგზეც დადებითად აისახება. ბუნებით ოპტიმისტი ადამიანი ვარ და პერსპექტივასაც შეიძლება ასე ამიტომაც ვხედავ. არსებობს სხვა აზრიც. ზოგს რომ ჰკითხო, თანამედროვე ქართული ლიტერატურა დეგრადაციისაკენ წავიდა. ახალი არაფერია და რაც იწერება, იმას ძველი ანუ წინა საუკუნის 70-იანი წლებში დაწერლი გაცილებით სჯობია. მაშინ უამრავი კარგი მწერალი ქმნიდა მაღალ ფასეულობას. ყველა მათგანს თავისი განუმეორებელი სტილი და თხრობის ორიგინალური მანერა ჰქონდა, დღეს კი ჰა და ჰა, ერთი აკა მორჩილაძეა და ისიც წინა თაობის კოლეგების წარმატებებს დიდად ჩამორჩება.
ასეთ აზრზე მდგარმა ადამიანმა, თავს დავდებ, არათუ ღრმად არ იცის დღევანდელი მწერლობა, არამედ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში საერთოდ ვერ ერკვევა. ჯერ ერთი, ის წინა თაობის მწერლები, ვიზეც ასე ხელაღებით ოპერირებენ, უმრავლეს შემთხვევაში დღესაც აქტიურად შრომობენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა მწერლებშიც შემიძლია რამდენიმე ისეთის უცებ დასახელება, რომელთა ასაკშიც წინა თაობის მწერლების ნამუშევარი მათ მოთხრობებთან შედარებით ძალზე უფერულად გამოჩნდება. სწორად გამიგეთ, ამით თაობებს კი არ ვაპირისპირებ; უბრალოდ, შეუძლებელია,Lღვინოზე და მაჭარზე ერთნაირად იმსჯელო. გარდა ამისა, რაც სამსჯელოა, იმაზე ხმას არავინ ამოიღებს. მაგალითად, შარშან ნაირა გელაშვილის ორი ერთმანეთზე უკეთესი რომანი გამოვიდა. მათ შორის ერთ-ერთი წიგნი – “პირველი ორი წრე და ყველა სხვა” – საქართველოს უკანასკნელი პერიოდის ისტორიას თავისებურად აჯამებს. სხვა ქვეყნებში ეს მკითხველისა და სალიტერატურო კრიტიკის ცხოველ ინტერესს გამოიწვევდა. აქ კი, ერთი-ორი ადამიანის გარდა, ხმაც არავის ამოუღია.
– საგამომცემლო პრობლემებზე რას იტყვი? რატომ არის ასე რთული პოეზიის გამოცემა? თუკი ეს საქმე ასეთი კომერციულად წამგებიანია, გამოდის რომ პოეზიის მკითხველი დღეს საერთოდ აღარ გვყავს?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ნამდვილი პოეზიის მკითხველი ყოველთვის და ყველგან, მათ შორის საქართველოშც, ძალიან ცოტა იყო. გარითმული სადღეგრძელოები, რაც ჩვენს ქვეყანაში იწერებოდა და ფასდებოდა, ძირითადად, უბნის, ქალაქისა და სოფლის კოლორიტებს ქეიფისა და სუფრისათვის ლაზათის მისაცემად სჭირდებოდათ, რომ დედმამიშვილების, მშობლების, ნაცნობ-მეგობრებისა და განსაკუთრებით, სამშობლოს სადღეგრძელოები ლექსად დაელიათ. ამიტომ, პოეზიის მკითხველი პრაქტიკულად, დიდი ანგარიშით ჩვენს ქვეყანაში არც არასდროს ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ალბათ ახლაც სამასი კაცი თუ მოიძებნება, ვისაც ლექსის მიმართ პროფესიული თუ ადამიანური ცნობისწადილი ამოძრავებს. ამიტომ, ცხადია, რომ პოეზიის გამოცემა წამგებიანი იქნება. სამას კაცზე ბიზნესს ვერ გაითვლი და ააწყობ. დღევანდელი გამომცემლები კი საქმესა და მოვლენებს სირაჯხანის დახლში მდგარი მიკიტნებივით აფასებენ. მაგალითად, ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში ელა გოჩაიშვილის მსგავსი პოეტი, საერთოდ თუა, ძალიან ცოტაა. ორი წელია, ლექსების ერთი მომცრო კრებულის გამოცემა უნდა, რომელსაც მე პირადად დავატარებ გამომცემლობიდან გამომცემლობაში და ყველა, მათ შორის “მეგობარი გამომცემლებიც” თავაზიან უარს მეუბნებიან.. თავაზიანსაც იმიტომ, რომ მეგობრები არიან, თორემ სხვა შემთხვევაში ჭიტლაყითაც გამომისტუმრებდნენ.
ამ ცოტა ხნის წინათ ჩემი ლექსების გამოცემა მოვინდომე და ერთ-ერთ მოდურ გამომცემლობას მივაკითხე. გამომცემლობის ხელმძღვანელ ქალბატონს ტუჩის აბზუებაზე ეტყობოდა, რომ ჩემი სახელი და გვარი ბევრს არაფერს ეუბნებოდა და ერთი სული ჰქონდა, თავიდან მოვეშორებინე. მითხრა: ჩვენთან პოეზიის ავკარგს კომისია აფასებს და მხოლოდ ამ კომისიის ვიზირების შემდეგ ვიღებთ ლექსების დაბეჭდვის გადაწყვეტილებას, მაგრამ თუნდაც თქვენი ლექსების საკითხი დადებითად გადაწყდეს, ორი წლის საგამომცემლო ლიმიტი წინასწარა გვაქვს შევსებული და კაი დიდი ხნით დაცდა მოგვიწევსო. ხომ იყო ღირსი, მეთქვა, გავკარი შენს კომისიას-მეთქი, მაგრამ იქვე უბრალოდ საკონტროლო კითხვა შევაგებე, თარგმანებს თუ ბეჭდავთ-მეთქი. თვალები წარმტაცად ამიფახურა და შეკითხვაზე შეკითხვით მომიგო: და რა ენიდან თარგმნით? ასეთ შემთხვევებში დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება მშველის ხოლმე და გამომცემელს ზრდილობიანად დავემშვიდობე.
– წინა შეკითხვით ნაწილობრივ ამ შეკითხვასაც გაეცი პასუხი. მაგრამ მინდა ერთი სატელევიზიო გადაცემა გავიხსენო, სადაც დაისვა ასეთი კითხვა, თუ რატომ არსებობს სოციალური სტატუსი გამომცემელი და არ არსებობს სოციალური სტატუსი მწერალი? საერთოდ როგორ შეაფასებ არსებულ ვითარებას, და ჩვენს, ანუ შენი და შენი კოლეგების საზოგადოებრივ და შემოქმედებით გარემოს.
– იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში არც გამომცემლისა და მითუმეტეს, არც მწერლის შრომას არავინ აფასებს, არც სტატუსი გამომცემელი არსებობს და მითუმეტეს, არც სტატუსი მწერალი. თუ მაინცდამაინც, შეიძლება არსებობდეს სტატუსი ბაკურ სულაკაური და სტატუსი ქეთევან კიღურაძე, მაგრამ მათი მაგალითით ზოგადად გამომცემლის მდგომარეობაზე ვერ ვილაპარაკებთ.
მწერლებს ხომ საერთოდ სათვალავშიც არავინ აგდებს და კაცმა რომ თქვას, ღირსებიც არიან…
– ვიცი, რომ აბას ქიაროსთამის პოეტური კრებულის “ქარის მხარდამხარ”
თარგმანზე მუშაობდი? როდის გამოვა ეს წიგნი? კიდევ რას უნდა ველოდოთ გიორგი ლობჟანიძისგან.
– ქიაროსთამის წიგნი გამოვიდა, მაგრამ ისეთი ტრავმირებული ვარ ამ გამოცემის გამო, რომ წიგნისაკენ გახედვაც არ მინდა და ვაპირებ ვუჩივლო გამომცემელს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენა. ჯერ დეტალებზე არ ვილაპარაკებ. უბრალოდ მინდა: ყველა გამომცემლისათვის მაგალითი იყოს ის, რასაც ქიაროსთამის წიგნის გამო დავატრიალებ. რათა მომავალში ვეღარავინ ვეღარ გაბედოს ასე უდიერად მოეპყრას მწერლისა და მთარგმნელის შრომას იმიტომ, რომ არსებობს საავტორო უფლებები და ყველა ვალდებულია, დაიცვას და პატივი სცეს ამ უფლებებს.
რაც შეეხება შემოქმედებით სიახლეეებს. ცოტა ხნის წინათ დავამთავრე XIII საუკუნის დიდი სპარსელი პეოტის საადი შირაზელის გენიალური “გოლესტანის” პირველი სრული ქართული ტარგმანი, რომლის გამოცემაც, ჩემი სხვა მნიშვნელოვანი წიგნების მსგავსად ისევ ევროპულმა ფონდმა “ჰორიზონტმა” დააფინანსა და წლის ბოლომდე დასტამბავს “კავკასიური სახლი”.
© “Weekend”